პოეზია

ომარ გულუა-ლექსები

***

ბავშვობიდან გაქცეულო ცრემლო,
ახლაც ხომ სადღაც მიედინები?
იქნებ, გზადაგზა აცოცხლებ
უმწეო ბალახებს,
იქნებ, წვეთი ხარ უსასრულო ოკეანისა,
იქნებ,
სიბერის ნისლი,
ან
ღრუბლებში მოქცეული
თვალსაწიერი,
რომელსაც დიდი ხანია,
ვერ წვდებიან
მჭკნარი ფოთლები…

***

სამყაროს ხმა
მიკარგულა სადღაც…
ვერაფერი გავიგე…
არაფერი მესმის..
ან მოსვლა რა იყო,
ან წასვლა რა არის…
გაოგნებას ჩამოჰგავს მთვარე…
ღამეში ვიხრჩობი,
როგორც მოვარდნილ მეწყერში
და გაურკვევლობის
ლაბირინთში
ვიკარგებით
მე და შენ,
თავო ჩემო!

***

პარიზის ღამე.
ქვაფენილზე
მძიმედ მივაბიჯებთ
მე და ჩემი სიმარტოვე…
ამ ქვაფენილივით
უხმო და მდუმარეა
შორეული ტკივილი,
ამ ცივი ქვებივით,
მომრავლებულა
სევდიანი მეტასტაზები…
ერთ რამეში
როგორ ჰგვანან დრო და ადამიანები:
არასდროს გაპატიებენ სილამაზეს.
მივდივართ…
კედლიდან მოცოცავენ
მიტოვებული ფიქრები,
სადღაც მბჟუტავ შუქთან
იკარგებიან
აჩრდილები,
ორთქლდებიან ღამის ქუჩები…
საკუთარი სხეულის მტვერი
მეყრება დანისლულ თვალებში,
სადაც შენი მზერა გამხდარა ჩემი სასახლე.

***

აქ ხარ და სხვაგან გეძებ.
აქ გესაუბრები
და ხმა სხვაგან ისმის…
გარეთ ჩუმად ვტიროდი,
მაგრამ შიგნით
საშინლად ისმოდა ყვირილის ხმა…
შენ ყველაფერი გესმოდა,
რადგან გულში
დიდი ხანია, გამოგზაურე…
რა კარგია, ლექსებს რომ ვწერ,
აქ ვმალავ, ფარდის მიღმა,
ჩემს ტკივილებს,
ზოგჯერ ნელა ავწევ, რომ მზედ გიხილო,
ცრემლიანი თვალები
ამომიშრო და წამიკითხო…

***

სიბრძნესა და სიგიჟეს
შორის
ბეწვის ხიდია პოეზია,
ორივეგან გადასავარდნ
უფსკრულს ავსებს
ჩემი აჩრდილი,
მივდივარ მარადიულობისკენ,
უცხო სხეულით,
საკუთარ თავთან
გაურკვეველი…

***

უკანასკნელ შეხვედრაზე
მსურს გესაუბრო…
მე არ დამრჩა
ამაზე უფრო
მწარე მოსაგონარი…
ზღვა ღელავდი
და დაისი დავეშვი,
სადაც სამუდამოდ
ჩაძირული გემივით
ვწევარ შენს უფსკრულში.
მე რა მომარჩენს,
რაც დრო გადის,
მეტი და მეტი
ჟანგი აჰკიდებია
ჩემს უსუსურ სხეულს…
უსიტყვო ვარ,
მაგრამ ამ ლექსს
უსიტყვოდ და მდუმარებით
მაინც გეტყვიან
ირგვლივ მცურავი
პატარა ლიფსიტები,
რომლებიც ცოცხლობენ,
როგორც ჩვენი
მემატიანე ფიქრები…
შენ მარადიულ
და უსასრულო ზღვად დარჩი,
და იქ ვარ მეც, _
სამუდამო თანამგზავრი…

***

ცრემლით დალბობილ
თიხიდან ვყვავილობ
და ცას ეკვრიან
მდუმარე ღრუბლები,
ღია ჭრილობიდან სიყვარული
მოჩანს,
ხოლო დაისის სილამაზით
ივსება ჟამის სიცარიელე…
არსად ჩანან მშობლები,
დაკარგულთ
კეთილთვისებიანი მეტასტაზივით დავეძებ
საკუთარ სხეულში…
მატარებელს ჰგვანან ფიქრები.
უკანასკნელი მგზავრი ვარ, თითქოს, და
უმისამართოდ მიმაქროლებს
უცნობი მესაჭე…

***

ჩემი სახლი.
იქ წინ პატარა მდინარეა…
თითქოს, ვიღაცამ
ბოთლივით მომისროლა
ვრცელ ოკეანეში
და მეც ამ პატარა მდინარეში
მრავალი წლის მერე
ამოვყავი თავი…
ბოთლივით დამსხვრეული სხეულიდან
პატარა წერილი ამოფარფატდა,
სადაც მხოლოდ მივიწყებული
ჩემი სახელი ეწერა _ ემიგრანტი…
ძლივს ავკრიფე სხეული
და მივუახლოვდი ოთახს,
სადაც დედ-მამას ეძინა…
აკლდამად ქცეულ სახლში
მხოლოდ სიზმარი ვიპოვე
გარდაცვლილ აჩრდილების…
მეორე დღეს ქუჩაზე
სიჭაბუკის ანარეკლი გავედი,
რომელიც ვერც ანათებდა,
მდუმარებაშეპარულს ხმა არ გამაჩნდა,
დაჭაობებულ გულში
ხმა ცრემლს დაელბო,
რამდენსაც დავიძახებდი
ნაცნობ სახელს,
იმდენად ვიძირებოდი…

***

რა არის ლექსი ან პოეზია? _
იქნებ, სიყვარული,
სადაც სიტყვა ყვავილობს…
აი რომ თვრები,
მთავარი ხომ
ლაბირინთიდან
გამოღწევაა,
რომლითაც შენი ზღაპრები
დაიწერა
და რომელშიც სინამდვილე იყავი…

***

მკითხველს ჩემს ლექსში
მზერა ჩაეყინა…
ვერაფრით ვალღობ
გაყინულ გულს,
გადამფრენი ფრინველებივით
მტოვებს ყველა
და
სიმარტოვის სიცივე მზარავს…
ვწევარ და მაინც ვწერ,
ჩამომდნარ სანთელს ვგავარ,
სევდით ჩამოღვენთილს…
გაქცეული ფიქრები
ჩამქრალ სიყვარულს
მოშიებული დაეძებენ,
და არც იციან,
რომ თავად
მე ვარ…
სიყვარული ვარ,
მკვდარი სიყვარული
ლექსის სასახლეში დასვენებული,
რომელსაც მალე
ღია სარკმლიდან
შემოჭრილი
მტირალა ქარი
გააქროლებს ღრუბლებისაკენ…

***

მიყვარს ნიავი,
ამ დროს
ხეები იწყებენ ლოცვას…

***

არაფერი მეჩვენება.
არც ეს ლექსია
პოეზიის მირაჟი…
უნდა წაგეკითხა
ჩემი აქ ყოფნა
არყოფნის შემდეგ…

***

საკუთარ სხეულში
ჩასვენებულ
ბავშვს
დავტირი
დაღლილი მამა!

***

რა ხარ,
სიბერევ,
ტალახადქცეულ
ჩემს სხეულში
მისხლტება
ფეხი!!!

***

ჩვენი განშორების
მანძილზე
უფრო
გრძელია
ჩვენი
სიყვარული…

***

როცა
გარდავიცვლები,
მე
ვიქნები,
პირველი
ყვავილი,
რომელსაც
ნახავ…

Leave a Reply