თარგმანი

სერგო წურწუმია


გიორგის პავლოპულოსი Γιώργης Παυλόπουλος
ბერძენი პოეტი და მხატვარი.
1924-2008 
ავტორია პოეტური კრებულებისა: `სარდაფი~ , `ტომარა~, `ნაჭდევები~, `ოცდაცამეტი ჰაიკუ~, `ბოშა ქალს~, `ცოტაოდენი ქვიშა~, `საით გაფრინდნენ ჩიტები?~, `რჩეული ლექსები 1943-2001~.
 (თარგმნა სერგო წურწუმიამ)

დაბზარული სარკე

მას შემდეგ წლები გავიდა. ის კი ჯერ კიდევ იჯდა მარტო
სახლში
კედელს უმზერდა, იქ, სადაც სურათი ეკიდა.
თითქოსდა ხომალდს ჩამოჰგავდა _ მას არ შეეძლო
გაერჩია
ზედ რა ეხატა. ოთახში იდგა სიბნელე და არ არისო
არავითარი სურათი წარმოთქვა იმან.
ის, რომელსაც შენ ხედავ, წლობით არის შენგან შექმნილი
გონებაში
უცვალებელ სიბნელეში სადაც სიზმრები იბადებიან.

ის მშვიდად წამოდგა და აანთო შუქი. მაშინ ნახა
რომ კედელზე
ჰკიდია მისი სიყმაწვილის დაბზარული სარკე.
გაქვავებული ოქროვანი ცეცხლიდან ქალი გამოდიოდა
გაშიშვლებული წყვდიადამდე და ბიჭი თვალებს დაბლა ხრიდა
საკუთარი ნდომის დანახვის შიშით. მაგრამ ქალმა იგრძნო და აკისკისდა
  ურცხვად
თან ნებისმიერ მიზეზს ეძებდა ბიჭის შესახებად რათა მეტად აღეგზნო იგი.
მანამდე, სანამ ის არ გახელდა და თითები მისი თმების არ შერთო ჩქერალს
არ ამოაძრო სარჭები და კულულები მხრებს არ მოჰფინა.

ახლა ის მთელი ტანით თრთოდა და მისი დამფრთხალი მზერიდან
სწრაფად გაცურა ნამცეცა ნავმა
რომლის ბორტზეც წაწერილი იყო დახლის სახელი
სადაც ისინი ერწყმოდნენ ერთურთს იმგვარი ტრფობით. იმგვარი ტრფობით
და უცებ ვაჟმა იცნო ქალი.
და თქვა `რატომ~. ქალმა მწარედ გააწნა სილა `თავადაც იცი,
რაღას კითხულობ~.
და ვაჟს უჩვენა უკანასკნელად
ბზარდაჩენილი სარკე მისი სიყმაწვილისა.


ქანდაკება და შემოქმედი

ისმენე და სტელიოს ტრიანდისებს

როცა მუზუმი იკეტებოდა
გვიანი ღამით დეიდამია*
ეშვებოდა ფრონტონიდან.

დღისით ტურისტებისგან გადაღლილი
ის ნებივრობდა ცხელ აბაზანაში და შემდეგ
დიდხანს-დიდხანს ივარცხნიდა თავის ოქროვან
თმას სარკის წინ
მისი სიტურფე სამუდამოდ
გაიყინა დროთა დენაში.

მაშინ ის ხელახლა ამჩნევდა როგორ
უჭვრეტდა იგი მალულად სადმე ბნელ კუთხეში.
იგი ჩუმად მიეპარებოდა
წელზე სტაცებდა ხელს და ძუძუზე
ერთი ფეხით რომ მუცელს იკრავდა
მძლავრი ქუსლით
მის უმშვენიერეს თეძოს ბურჯნიდა.

მას სულაც არ აკვირვებდა
რომ კაცი ისევ და ისევ ესხმოდა თავს.
ის კიდეც ელოდა და ამასაც შეეჩვია.
ეურჩებოდა მოჩვენებითად და იშორებდა
იდაყვის კვრით კაცის ვნებისაღმძვრელ თავს
და ერთიანად იმქვრეოდა
მის მტაცებლურ ტანში
და გრძნობდა იგი ნელ-ნელა კაცი
კენტავრად როგორ იქცეოდა.
ახლა მამრის ცხენის ჩლიქი
მას ტკივილს აყენებდა ტკბილს
ძვლებისძვლებამდე გამმსჭვალავს
და როცა იმას ეძლეოდა
საკუთარ შიშსა და მის ნდომას შორის
წარმოისახავდა
რომ კაცი მას ჯერ კიდევ ქმნიდა.

*დეიდამია (უფრო ხშირად ჰიპოდამია) _ ლაპითების მეფის პირითოსის საცოლე: მათ ქორწილში გათამაშდა ცნობილი `კენტავრომაქია~ _ ბრძოლა ლაპითებსა და შეზახორშებულ კენტავრებს შორის, რომელთაც მოინდომეს ლაპითი ქალების, მათ შორის პატარძლის მოტაცება. კენტავრომაქია ანტიკური ხელოვნების მრავალი ნაწარმოების სიუჟეტია, მათ შორის _ ზევსის ტაძრის ერთ-ერთი ფრონტონისა ოლიმპიაში.


ეროსი

წყვდიადს

მე დამესიზმრა რომ ტყისმჭრელი ვარ დავიღალე და გამოვდივარ
  ტყიდან
მარტოხელა ხე ქვეყანაზე მოჩეხ იმას დრო რომ მოუვა
  და ხვალისთვის კი დაივიწყებ
სადაც მივწექი იმის ფესვებთან იქ დავიძინე და მესიზმრა
  ჩემი ნაჯახი
გველად იქცა შემოეჭდო მერქანს და გასრიალდა
  კენწეროსკენ
და ხე ყვავილით გაიფურჩქნა დამფარა და ჩრდილი დადგა
  ნედლი
როგორც ქალი რომ მომეხვია და დამაბრუნა
  ჩემს უპირველეს სიცოცხლეში
სახეს არა და მხოლოდ ყვავილს ჟასმინისა იმის მუქ
  ნაწნავებში მე ვისუნთქავდი
კოცნათა და ცრემლებს შორის ღამედ შესვლისას ახლა
  სიზმარში
ხე იყო გემი და ნაჯახი იყო ანძა იმისა
  თოკის სანაცვლოდ მასზე გველით გადანასკვული
მე და ქალი და ჩვენ შიშველ სხეულებს ქარი გვიჩეხდა
სანამ უზარმაზარი ხომალდის ჭვინტი
წყნარად უხვევდა უდიადეს წყვდიადისაკენ.

ზარდახშა

მისი თმების სიბნელის მწიკვი და ჟასმინის ყვავილი.
ჩემგან შეთხზული წერილი ვინმე ვლადიმირის სახელით რომლის დაწერაც
  მე რუსულად დავაძალე ვალია ნელავიცკაიას რათა იგი გამემწარებინა.
შუშის ლოკოკინა შოტლანდიიდან და მეფე დემეტრიოს პოლიორკეტის მონეტა
  პიტერის საჩუქრები მისი მოგზაურობების დროიდან.
ქვის ნატეხი ლექსით: Eტ ჯამაის ჯე ნე პლეურე ეტ ჯამაის ჯე ნერის.*
კალეიდოსკოპი ბავშვობისას რომ მინდოდა და ვიპოვე ჩინური დახლის გვერდით
  ორლანდოსთან.
სუროს ფოთოლი მისი საფლავიდან ოვერ-სიურ-უაზზე
  ზუსტად მისი მოჭრილი ყური.
ელენის ერთი საყურე.
ნაცრისფერი ჰალსტუხი რომელიც მაჩუქა სტოპაკი პაპეგნუსმა მახრჩობს
  როგორც კი მოვინდომებ მის გაკეთებას.
სიგარეტის კოლოფის მონახევი პელიას ტელეფონის ნომრით რომელზეც
  მე არასოდეს დავრეკავ.
აი რაც დევს ფლორენციული ზარდახშის ფსკერზე.
და აგრეთვე _ პოეტის კრიალოსანი: ოთხმოცდაცხრამეტი მძივი, ხუთი მარჯანი
  და ლურჯი ფუნჯი.
  ოცდაცამეტი მსოფლიოსათვის
  ოცდაცამეტი ზეცისათვის
  ოცდაცამეტი ჯოჯოხეთისთვის
  მარჯანი ხუთი გრძნობათა რაოდენობის მიხედვით.
  და ლურჯი ფუნჯი უსასრულო ლექსების ტალღა.

* მე არასოდეს ვტირი და არასოდეს ვიცინი (ფრანგ.).


ფერფლი

მიცას

ქარი გრგვინავდა
როცა მათი ფერფლი აჰქონდა
ზეცის თაღამდე
ქალს ეშინოდა ეშინოდა
ჰეი მშიშარავ უყვიროდა ვაჟი მას

მორჩი სულელო გასძახოდა ქალი პასუხად
მიწაზე კი აღარა ვართ
აღარ გვაქვს კანი
და არც თმები
თვალებიც კი აღარ გვაქვს მეტად
ფერფლად ვიქეცით ეუბნებოდა იგი ქალს
მაგრამ ხომ მხედავ და მეც გხედავ შენაც ასევე
და სიყვარულიც გრძელდება ჯერაც
არ შეიძლება ის ფერფლად იქცეს
და სიყვარული გრძელდება ჯერაც

ჩემი ფერფლი ხარ ამბობდა ქალი
და მე კი _ შენი
მაგრამ საით მივიწევთ საით
მიგვაქანებს ქარის კვეთება
შენ მეკარგები თვალთახედვიდან
ჰეი მშიშარავ უყვიროდა ვაჟი მას

მორჩი სულელო გასძახოდა ქალი პასუხად

სიზმრის თეატრი

გიორგის მიხაილიდისს

მე მართლაც დავივიწყე იგი
სახეც დავივიწყე და ხმაც
აღარ მახსოვდა
არც სახლი არც ქუჩა არც საფეხურები

უცებ შავ კაბაში
ფეხშიშველი როგორაც მაშინ
შემოვიდა ჩემს ბნელ სიზმარში
წამოდიო თქვა

ჩვენ ჩავყევით კიბეს მაშინ ხელისცეცებით
ისევ ჩამოვსხედით საფეხურზე და მოვეხვიე
და ვკითხე საით აპირებ-მეთქი აქედან წასვლას
სულერთიაო მან მიპასუხა
მე ის მომინდა
და ვუთხარი მინდიხარ-მეთქი
მან თქვა ომია
და ნუ იზამ ამას ძვირფასო
ერთხელ იქნება ჩვენ ხელახლა
შევხვდეთ ერთმანეთს
ამიჩეჩა ხელით ქოჩორი
თქვა შენ პატარა ხარო ჯერაც
ნახავ სხვა ვინმეს და უმალვე დაგავიწყდები
რომ დამივიწყე ისიც კი არ გაგახსენდება

დანარჩენები კი ჯერაც იქ ზემოთ ცეკვავდნენ
გადმოეყუდა ვიღაც სანთლით ხელში აივანს
და დაიძახა
მანდ კიბეზე თუ ხართო ვინმე
ჩვენ გავისუსეთ
და მისი სუნთქვა სუნთქვას ჩემსას შეერწყა
ისე როგორც ოდესღაც

მაგრამ ვიცოდით რომ თამაში უნუგეშოა
ეს თამაში სიყვარულისა
ჩვენს გარდასულ ცხოვრებაში
ჩემს ბნელ სიზმარში
და ჩვენ ვიყავით როგორც ორი
უხერხულობით შებორკილი აქტიორი
რეჟისორის წინ ძრწოლით წარმდგარი


გასინჯვა

ზემოთ მაგიდის საქორწილოდ მიდის მზადება
მე და პატარძლის დაიკო კი
სარდაფში ყველის მოსატანად ერთად ჩავედით
მე კასრს მოვხადე თავი და შიგ თითი ჩავკარი

იქ მძაფრსუნიან რბილობს შევეხე.

ის ერთიანად მარილწყალში იყო ჩამბალი
გოგომ აიღო ჩემი თითი ხელში და მერე
პირში ჩაიდო
რომ პირველად მას გაესინჯა.

ღამის წიაღში

ნაშუაღამევს ჩამესმა უცებ
ქალის ჩურჩული: `მოდი ჩემთან~
მე ვკითხე: `ვინ ხარ?~
`მოდი ჩემთანო~ _ გამიმეორა და
ყურმილი დაკიდა მერე.

`კვლავ შეეშალათ~, _ გავიფიქრე
და რვეულზე დავხარე თავი.


ფოტოგრაფია

ყმაწვილი ქალი
ათვალიერებს ფოტოს
რომელზეც კაცი
ცხრამეტიოდე წლის თუ იქნება
და კითხულობს: `რა ლამაზია,
თვალები კი ნაღვლიანი აქვს...
ვინ არის იგი?~

კაცს ისე უნდა
ისე მძაფრად ეს ქალი ახლა
_ თუმც ბებერია _
და გაურკვევლად ეუბნება:
`იყო ერთი, ვმეგობრობდით
და მერე მოკვდა,~ _
და იმავე დროს მზერას არიდებს.

მე ისევ მოვალ

იგი შეყოვნდა სახლის უკან
ყორეს მიმდგარი
დაინახა გასაშრობი თეთრეული,
ველოსიპედი, თოხი, რეზინის მილი,
აყირავებული გაზონზე კასრი.

შემდეგ იგი ბაღში შევიდა.
შეიჭვრიტა სამზარეულოს ფანჯარაში
და დაინახა თავისი ცოლის ქმარი
ბავშვებთან მოთამაშე.
ქალი სამზადისს შესდგომოდა
ვახშმისათვის
და თან იმათ
შეჰხაროდა გაღიმებული.

მე მათ უკვე აღარ ვახსოვარ,
რაღას ვიზამ, წარმოთქვა ჩუმად,
მე მაინც მოვალ,
რომ ისინი კვლავ და კვლავ ვნახო.
მინდა ხშირად ვხედავდე იმათ.
ვერა და ვეღარ შევეჩვიე
ბნელში დარჩენას.


ჩივილი

თითეულ ჯერზე როცა ვცდილობ
გარდაცვლილი მეგობრის სულს ველაპარაკო,
მახსენდება აქილევსის სულის ჩივილი:
`რამ მოგიყვანა ჰადესის მხარეს, სადაც მკვდარ სულებს
თუ შეხვდები აღსრულებულთა, უგრძნობელები
უსიცოცხლოდ რომ ფარფატებენ?~