პოეზია

არჩილ ფირცხალავა

გადაჭრილ ვენაზე შეხსნილი სახვევი 

(პოემის I ნაწილი)
არავითარი დედაჩემი! მზე წითელი ტარაკანაა.
ისევ მივათრევ დაეჭვების უმძიმეს გორგალს.
სხეულში ჰყინავს,
სულში ჰყინავს,
არავითარი პაპანება!
ივლისის სიცხით არ დაჟანგულა შუბლი ჩემი.
ღამეღა ტირის– მარტოსული მგოსნის ორღანო.
მზე წითელი ტარაკანაა.
***
წუხელ, ასე საათის სამზე,
გადაიჭრა მარცხენა ვენა პოეტმა ლოთმა.
,,საფერავის” მოყვარული იგი პოეტი
ახლაც ცოცხლობს და მაგიდაზე ნაფხვენებს ითვლის.
ჭრილობა ერთობ საიმედოა.
გიხაროდეთ!
იგი მოკვდება, უსათულოდ მოკვდება იგი.
საიმედოდ მოჟონავს სისხლი–”საფერავი”,
წვეთი პირველი: გარდაცვლილი ოცნებებისთვის,
წვეთი მეორე: მოპარული სარეცლებისთვის,
ბრმად დაბადებულ ლექსებისთვის – მესამე წვეთი.
ნუ გეშინიათ, საიმედოდ მოჟონავს სისხლი.
***
რას გვანიშნებენ პაწაწინა სემაფორები
ამ ივლისის სიცხიან ღამით?
რა კვდება ჩემში,
რაა ცოცხალი,
რა გადარჩება,
უპირველეს ლოთის სახელი?
ღამე აღრენილ ნაგაზივით დაბმულია ჩემს ფანჯარასთან,
სადღეგრძელოში გაყიდული ვეება ნიჭის
ბღავილი მესმის.
ვარ დაკბენილი,
მორიელი–წუთისოფელი და ორიოდე თამამი ლექსის
საწიერი ანთია ირგვლივ.
***
ფრანსუა ვიიონ– ჩემო საცოდავო უფროსო ძმავ,
ჩემო კეთილო ძმავ,
ჩემო ღმერთივით კაცო,
დავსხდეთ და ერთად ვიღრიალოთ ამაღამ მაინც.
იქნება ღამე გავაღვიძოთ.
ფრანსუა ვიიონ, ჩემო დაჩაგრულო ძმავ,
ჩემო დატანჯულო ძმავ,
ამაღამ მაინც,
ამაღამ მაინც ერთად ვიღრიალოთ.
***
იცი შენ, პაწაწინა ქალბატონო, რაა სამარეში გაღვიძება?
სამყარო ჩემთვის სამარეა,–ღია სამარე.
ვერ იპოვეს ღირსეული მესაფლავე ბატონმა ინტელიგენტებმა.
ჩემი კუბო ცეცხლისფერია,
მზე წითელი ტარაკანაა.
შენ?
შენ ვინ ხარ?
***
გადაჭრილ ვენით ვერ მოხერხდა რითმიანი ლექსის დაწერა.
ღმერთო ჩემო, რა უბრალოდ ღამდება თურმე.
რობინზონ ჩოქური–
ჩემი უმცროსი მეგობარი, თანაც პოეტი, მარიგებს ჭკუას, 
რომ
კახპა ქალთა ერთგულებით ტვინი წავიღე
და
სხვა რომ არა,
პოეტის სახელიც კი ვანაცვალე ლოთისა და თაღლითის სახელს.
ოჰ, იზეიმეთ, იზეიმეთ, ბატონებო!
მე მათხოვრების მათხოვარი ვარ ამიერიდან.
რობინზონ ჩოქური!
შენს ბინასთან ახლოს მოკვდება შენი ძმაკაცი.
***
მზე წითელი ტარაკანაა.
ჩემი ანდერძი– ერთგულების საშინელი პროსტიტუცია.
ახალი კონსტიტუციის პროექტს
კითხულობენ მეგრელები გვერდით ბინაში.
გუშინწინ ალბათ მე ვიქნებოდი
პასუხისმგებელი მორიგე ტექსტის დაბეჭდვისთვის.
მზე წითელი ტარაკანაა.
***
გათავდა “ პრიმაც”,
“კომუნისტში” შეხვეულ თუთუნს მწარე გემო აქვს.
დიდი ბოდიში, მეზობელო– შეგაწუხათ ჩემმა ხველებამ.
ჭლექიანი კი ნუ გგონივართ, მე ჯალათი ვარ,
საკუთარი ფილტვების და გულის ჯალათი.
***
ფრანსია ვიიონ, ჩემო კეთილო ძმავ, მომაწევინე სიგარეტი,
შუქიც ამინთე, –შენი შუქი, ფრანსუა ვიიონ.
ელექტრომრიცხველები ახლა გაცილებით სწრაფად მუშაობენ.
ჩემო კეთილო ძმავ.
ამინთე შუქი, შენეული შუქი ამინთე.
***
ელდარ ფერაძემ– ვაჟკაცმა ძმამ და მეგობარმა შემახსენა
სამი კვირის წინ გაბახებულ ქალის წერილი.
საოცარია,
ღმერთო ჩემო,
ვის რად უნდა ჩემი ცოლობა?
***
მზე წითელი ტარაკანაა.
მთვარესაც კი არაფერი შერჩა მამრული.
ლამის არის და...
სიფილისიც კი აჰკიდონ დედამიწიდან წარგზავნილმა
მამათმავლებმა.
მზე წითელი ტარაკანაა.
***
დაიგვიანეს ჩემმა წიგნებმა.
(ლინოტიპისტი სურენას წყალობაა, როგორც ეტყობა)
არასოდეს არ გამოვა ჩემგან პოეტი–გამომცემელი.
არც ხულიგანი გამოვა ჩემგან.
(წამომახველა სიგარეტმა).
***
მოწყენილია რუსთაველის გამზირი დილით.
მე ახლაც მესმის
როგორ მღერის ქურთი ვარდუა “ჩემო თბილისოს.”
აქ,
სომხის გოგოს დავუნიშნე პაემანი გუშინ საღამოს.
***
ღვინოს მაძალებს ვიღაც უჯიშო ტაკიმასხარა,
თან
მიდღეგრძელებს ჯიშსა და ჯილაგს.
აგერ, ბატონო, ჩემი ცხედარი,
დაინაწილეთ, როგორც გენებოთ.
***
საუკუნის შიშველი ცოდვა– ორდენოსანი ინვალიდი
ხურდა ფულს ითვლის სამიკიტნოსთან.
ახლა ბურახიც წყალობაა, არათუ ლუდი.
მზე წითელი ტარაკანაა.
***
ლექსი კი არა,
კახპა ქალის დონდლო ძუძუდან ჩამოვწურე რძე– გათენება.
ჩემო კეთილო დულცინეა,
ხვალ იღბალი ვის გაუცინებს, არავინ იცის.
ჩემო კეთილო დულცინეა,
ეს ორი ბორცვი სასაკლაოა ჩემი ზნეობის.
ლოთობა ჩემთვის ნიღაბია,
პოეტობა სულია თავად,
“პრიმა”– ხველების მანიფესტი,
ქალი–დროებითი თავშესაფარი.
მზე წითელი ტარაკანაა.
საშინელია, შვილო ჩემო, მამაშენის ბიოგრაფია.
***
საკუთარ საფლავს ყიდის თურმე ლოთი მიტუა,
თან იღიმება–
მერე თუნდაც ხეზე ჩამომდეთ, რას გავიგებო.
ჩემი ჭკვიანი, ლოთი მიტუა
მეოთხე ცოლმაც პანღურის კვრით გამოაძევა.
***
მენანება, რომ ხულიგანი არასოდეს გამოვა ჩემგან
და
მეცოდება, მეცოდება ლოთი მიტყუა.
“ზემელზე” შევხვდი კაჩალოვის ძაღლს.
მერვე პოლკის
უწვერ–ულვაშო ბიჭუნებმა არ დამანებეს და დამენანა.
***
ეპილეფსიით დაავადებულ მთვარეს
მთაწმინდასთან ფეხი დაუცდა–
აი, ბატონო, ჩემი ცხედარი, 
დაინაწილეთ, როგორც გენებოთ.
სამი დღის წინათ,
დაახლოებით საათის სამზე სასფლაოზე გამომეღვიძა.
დავაკვირდი და კაცებივით იდგნენ ნაძვები.
***
თამუნია თუშიშვილის ჩიკორა ძუძუმ
იცის ყველაზე ხელშესახებად ჩემი მზერის საშინელება.
ჩაინიშნეთ,
ახლავე ჩაინიშნეთ, პატივცემულო ბიოგრაფებო.
ოცდაცამეტი წლის იყო ქრისტე, ჯვარზე რომ აცვეს,
ჩემთვის რატომღაც დააგვიანდა ბატონ იუდას.
(ლურსმნები ვერ იშოვა, ალბათ, რეაქტივების საუკუნეში)
სხვა არაფერი,
ყველაფერი ნიღაბი იყო,
მე პოეტი ვარ მთელი არსებით.
მზე წითელი ტარაკანაა.
***
ვერ მოვიშალე დონორობა:
ათი წელია სისხლს ვუნაწილებ ლექსს, კახპას, ღვინოს.
მართლაც ბევრი სისხლი მქონია.
მე ისევ მზად ვარ!
კახპა ქალო– სასტუმროში რაღაც სამ თუმნად მორიგებულო,
ლექსო– შენ თავად სისხლი ხარ ჩემი,
გულის ყველაზე საუკეთესო ნაწილიდან გამოწურული.
ღვინოვ, მე არ მომელის სისხლის გათეთრებით სიკვდილი,
სისხლის გაღვინება გაცილებით მოსალოდნელი დასასრულია.
...
1977 წელი