* * * ყველა ცოცხლდება სიკვდილის დროს,
მაგრამ დაბრუნება არ არის შვება.
სულთან გაყრა გადამფრენი ფრინველების მოლოდინია,
როცა ბალახში ჩამალული, თოფით ხელში
შეჰყურებ ზეცას.
ჭაობის თავზე გაიწელება
ჯერ არ მოსული ფრინველების სამკუთხა მწკრივი.
ქალაქში
შენ მიხვდი ჩემში ყველაფერს,
როცა მე გზა გავაგრძელე.
რძისფერი ლამპიონების ქვეშ ეძინა ქალაქს,
რომელსაც მთელი ჩემი სხეული და ფიქრი ებარა.
ყველაფერი ისე მარტივად მდინარი იყო,
რომ მე მაფიქრებდა, სირთულის არარსებობა.
ვიდექით ყველანი იმ ერთ წერტილში
და ადგილიდან ვერ ვიძროდით.
შენ მიხვდი ჩემში ყველაფერს, როცა მე მოძრაობა დავიწყე.
ქალაქში კი უძრაობა იყო.
ფილოსოფოსი ცხოვრობდა ამ ქალაქში,
ამ ქალაქში უფრო მეტი მათემატიკოსი,
ისტორიკოსი და ფილოლოგი ცხოვრობდა,
ხანდახან მათგან ცხოვრებისგან ჩაკლული პოეტიც გამოყოფდა თავს,
მაგრამ ეს ხანდახან იყო და მილიონში ერთხელ.
პოეტი ცხოვრობდა ერთი. რომელსაც საკუთარ თავში
გადაერჩინა ლექსის ობოლი ბიჭუნა,
გაეზარდა და დაჰყავდა ახლა ხელჩაკიდებული.
ზოგჯერ არც ჩანდა მისი არსებობა...
ბაზრისკენ აივლიდა ყოველდღე.
დახლზე დაყრიდა ხურდა ფულს,
ერთს გემრიელად შეუკურთხებდა ცხოვრებას
და არყით სავსე ჭიქაში თავის ღვიძლს ჩაახატავდა.
ღამით უცნაურად იცვლებოდა, თითქოს სიბნელის ხორცი შეესხა
ღამეც არ უშვებდა თავის თავიდან...
ყოველ აღდგომა დილას ნაცნობ საფლავებს მიაკითხავდა.
იმ წუთში სანთელიც ის იყო
და ბოთლიდან გადმოსხმული ღვინის ნაკადიც...
პოეტი ცხოვრობდა ერთი და ერთი გიჟიც.
ისინი ნამდვილები იყვნენ
და ავსებდნენ ცხოვრებასაც და ერთმანეთსაც....
თანამედროვე ადამიანი
1.
კიდევ ერთხელ ჩემს სახლში დაბომბეს სამყარო.
კიდევ ერთხელ ლოგინზე დაღლილი მივეგდე.
კიდევ ერთხელ არ ჩამეძინა.
ღია დარჩენილ პირში თვითმფრინავები მწარედ ზმუიან.
ღია დარჩენილ თვალებში მეტია ცხადზეც.
ღია დარჩენილ ჭრილობაში ტყვია ისვენებს,
ბომბი შიშინებს ღია ხსოვნაში.
დღიური ლუკმა ისევ გამოყვეს.
მოფრინდებიან თვითმფრინავები
და საზრისის გარეშე მერამდენე ქალაქი იქცევა ნაცრად.
ჩვენსავე ჩრდილში ჩავარდნილებს,
წარმოსახვით ხორცში არაფერი დაგვრჩება მოსაკვეთი.
ამ სახლებიდან მძიმედ გადის მძაფრი ყვირილი...
ნატუსალის სუნი ცრემლებსაც უდით...
აქ მარტივად არაფერია.
ჩვენი ცხოვრების რეკვიზიტებს ვიღაც არჩევს,
ვიღაც ალაგებს ხშირად თავდაცვის კაბინეტებშიც.
მე და შენ ახლა სხვადასხვა წერტილში,
თუნდაც დროშიც სულ სხვადასხვაში
ნაწილი და მთლიანობა ვართ ვრცელი ომების.
არა არის ადგილი, სადაც თავს ვიგრძნობთ მშვიდად
ჩვენ
ამიტომაც, სადაც წავალთ, სადაც მოვხვდებით,
მშვიდობის პაროდიას ვატრიალებთ მძიმე ჰაერში.
ღმერთო, შენს გარდა ჩვენში ყველაფერს შემოახედე...
იმდენი თვალია, თოვლი მოგიყოლებს, თუ ღამე,
ესეც სულ ერთია.
უჭერო სახლის ბინადარი,
დანაყილი ემოციებით შეგროვებული ადამიანების გუმბათზე...
ყველაფერი დავიწყებისკენ მიდის...
2.
ბრაკის კომპოზიციასავით ოთხკუთხოვან გარემოში ვდგავარ.
ცივი ბეტონის კორპუსები ზედ ნერვებზე მაწვებიან,
როგორც ოსტეოფიტის ფირფიტები წელის არეში.
აი, ლამპიონების მკვეთრი ნათება
ჭიკჭიკა მერცხლის სილუეტს აჩენს,
რომლის ფრთებზეც გადაბმული ჩემი ბავშვობა ჩამოსრიალდა...
ანარეკლები იძენენ წონას და მძიმე ვარდნით
ეხეთქებიან სველ ტროტუარებს.
სხეულებისთვის ჩვეულებრივი,
ნუთუ სულებმა დაიდეს ცხიმი და დღის მანძილზე იწყეს ნათება.
ჩემს თავს ზემოთ ღრუბელი არ მტკივა.
ჩემს ქვემოთ ფეხებთან მიწა არ მეძვრის.
მე ამათ შუა მოვექეცი, მაინც ორივეს, ათასჯერ ვყავარ გასინჯული.
*
ჩემი მობრუნების ელვაზე
განათებული ბაღები
ჩანან.
მე მათ ენაზე ვლაპარაკობ,
მათი მესმის,
მათ გამო ვარ სულიერი.
მე, ღრუბელი, და ყვავილების ნაკადული.
გამწყდარ სხივზე
შიში და მზერა...
ვარსკვლავების ფერხული
ჩემს ხელისგულებზე.
მოაგორებენ ღამეებს ქარიშხლები
და ცა თვალებიდან
ფანტელებს ისვრის.
ვარ ადამიანი-
ადამიანს ქვემოთ,
ფსკერზე.
სად დავშორდი ღმერთს,
ცაში თუ მიწაზე?!
გამოაღწიო ცხოვრებიდან
და შორეულ მომავალში
დადგე,
ეს ხომ დაბადების დასაწყისი
იქნება?!
შენ იტყვი- არ გაზრდილა
ადამი,
არ გაზრდილა ევა.
მე ვიტყვი-
ბავშვის ტერფები უადრესი
იყო მიწაზე...
*
ცხოვრება ჩამთავრდაო
რამ გათქმევინა?
ჯერ შენს თავთან წლების
ჩრდილი არ შერხეულა.
სიმწიფით პირი
არ ავსებულა.
ნამიან ტანზე არ გადაგსვლია ოქროვანი
ტალღების ჩქერი,
როგორც
სამრეკლოს მაღალ გუმბათს
მზის მრწემი სხივი.
შენი ცხოვრების ფარტენა დილას
იალკიალით ჯერ ღამეები არ შეუცვლია.
გაცრილ ზეცაში დარწეული შენი ფიქრები,
სამყაროს გულის ამოძახილს
,,გახსოვს"? - ეტყოდა.
შენი ბაგიდან ამოსული მზიანი ბგერა
სულაწეწილი იწკრიალებს ალვის
რტოებზე.
ხეთა ფოთლები- დაგორგლილი თითქოს ჟამია,
სად შემოდგომამ ვერ შეაბიჯა.
ღია კართან როცა დადექი,
არ მიგიხურეს.
მცირედ აჩვენე თავი ყველას
და შეგიყვარეს.
თვალში არავის მოხვედრიხარ,
სულ ცოტაობდი...
* * *
ხიდან გადმოვედი,
ფოთლიდან გადმოვედი,
ღამიდან გადმოვედი
სიბნელის ვარდნის ხმა მთელ სამყაროში როცა გაისმა.
წყალი არ დგას წყალში,
მზე არ ანათებს მზეში
და მე თითოეული მათგანიდან გადმოვედი.
ხანგრძლივი წვიმების შემდეგ დაბადებული ცისარტყელა
გულში ძარღვის მაგივრობას მიწევს,
დრო კი მასში სისხლად გაედინება.
პირზე რძეშეუმშრალ ქარებს ძუძუს აწოვებს
მკვეთრი და პირდაპირი, ციმციმა სინათლე.
ჩემი სიზმარი დღეს ყველა მიმართულებით
ვითარდება,
ჩემი ცხადი კი ერთ ადგილას გაიყინა.
მე ორივეგან ფესვები ჩამრჩა, ნედლი ფესვები,
რომლისგანაც ახალი ნერგი ამოვა
და სინათლის ნაყოფს გაჭმევს.
ხეები ტოვებენ სამკვიდროს, ნაბიჯებში უჩინარდებიან.
მე გარდაცვლილ საგნებში გარდავიცვალე,
შეშინებულ მოვლენებში შევშინდი.
როცა ვწევარ,
ჩემსა და ჩემ სასთუმალს შორის მუდმივი დაშორებაა
განუსაზღვრელი მანძილით.
მე სიზმრისთვის არ მცალია,
მე ცხადისთვის არ მცალია.
მე ომებისთვის არ მცალია.
მე მშვიდობისთვის არ მცალია
ამ მოუცლელობამ გამიჩინა ღრმა ჭრილობა,
რომელიც თითქოს მორჩა... არ ჩანს,
ჩემი იარა არ ჩანს, მაგრამ იხსნება.
ფრანებს და თვითმფრინავებს ერთი საერთო აქვთ,
ორივეს ცისკენ უშვებენ,
მაგრამ ფრანებს მუდამ გულწრფელი ტაშით
აცილებენ,
ვიდრე თვითმფრინავებს.
ჩემს სიტყვაში ჩემი გონება ჩავარდა
და ახალი განზომილების ფრთები კრავენ ირაოს ცაში.
მხოლოდ ფრთები, ფრინველები ამჯერადაც არ ჩანან.
ჩემი ტანის ზედაპირზე დაყარეს ვარსკვლავების
ნამსხვრევები,
სარკის ნამსხვრევები მეხსიერების ბნელ ოთახებში
ისედაც იყო.
ამოვაბრუნოთ მარტოსულობის მიწა,
დავახატოთ ზედ სიჩუმე, სიცხადე, გულისნადები და
გაფიქრება,
ისე, როგორც გვესმის, როგორც ვიცით.
გამოვსახოთ ისინი ახალი ბგერით,
ახალი ნიშნით,
ჩვენც გავხდეთ ამოსავალი და დასაწყისი, დასრულების მერეც,
რომ არ დავსრულდეთ.
ეს შეგვიძლია, ეს ჩვენს ხელთაა.
ვინც მოგვქსოვა იმასთან კი ნუ დავიშლებით,
ვინც დაგვშალა ის მოვქსოვოთ.
დაიბზაროს ყველა კედელი, რომელიც გვაბრკოლებს.
მე მღვიძავს გაღვიძებაში.
და შეუცნობლობას საკუთარი სისავსიდან
ვეკარგები,
რომ ჩავისუნთქო,
სამყაროს
ბოლო საიდუმლოს გავამხელ,
რომელიც
ახლაც არავინ იცის.
ბაგეზე რძეშეუმშრალ ქარის დაბერებას
ის ბაბუაწვერა მოესწრო.
ღამიდან გადმოსულ ღამეს.
რამდენიმე ღმერთის შესაყართან, რომ დახვდა.
ჰო, ის იყო, ის ბაბუაწვერა.
* * *
მკვდარი მიწიდან
თეთრი სულივით
ამოდის ფურისულა,
რათა ყველაფერი
ახლიდან დაიწყოს.
რტოებში ყოველთვის ღამეა,
ჩემი დილა რომ გათენდეს.
ერთი ფრთის მოქნევით
ჩამოაგდო ქარმა ცა.
დაამსხვრია ნაწილებად.
ორივე სოფლისთვის
ერთი ნაჭერი ავიღე.
* * *
მე დავდიოდი,
მე ვკვდებოდი,
მე ვცოცხლობდი,
მე მშორდებოდნენ.
და მაინც ის ვერ გავიგე, თუ სად ვიყავი,
რატომ დამაკრეს ტანზე გზა
რომელიც არსაით მიდის.
ამ გზაზე მინახავს სისხლის გუბე,
ადამიანთა შეხვედრები,
განშორებები.
ეს გზა უსასრულოდ გრძელდება.
და როდესაც ქალაქს შევეხიზნე,
ქვაფენილებიც,
ტანზე მომეკრო.
ყოველდღე მონაწილე ვიყავი
იმისა, თუ როგორ რეკავდა საათი,
რას კიოდნენ
მანქანები.
მხოლოდ ის ვერ გავიგე,
თუ რატომ ხდებოდა
ეს ყველაფერი ჩემს ტანზე.
სიკვდილს, მოგონებებს ვსესხულობდი,
სიცოცხლე არასოდეს,
არავისთვის მითხოვია,
რადგან მინდვრებიდან
ყვავილები მაწოდებდნენ,
ზეციდან - ვარსკვლავები.
მე კი უკვდავებას, უანგაროდ - ორივეს
ვაძლევდი.
. . .
ღრუბელს ვთევზაობ
და მზე კიდია
სიტყვის ანკესზე.
გარემოებამ ჭირხლივით გაადნო
ადამიანი.
ჩემი ტანი დღეში რამდენიმეჯერ
დარეკავს.
მე ბუნდოვანების პალიტრაზე შევაზავებ
საკუთარ სახეს,
სამყაროსგაჩენამდელ მუდმივობას
ავინთებ ცეცხლად
და გაჟონვამდე
შესატყვისი გავხდები ყველაფრისა,
თბილი როგორც ბალახის თვალი,
მორგებული როგორც კომპოზიცია,
გარდაუვალი როგორც აღდგომა.
* * *
მომბეზრდა ,,შიგნით" ყოფნა.
კარადა,ტელევიზორი,მაგიდა.
სიხარული, მოგონება, სევდა,
იმედი,უამრავი რამ, რაც ასევე არ ჩანს,
და არ იგრძნობა.
სული გარეთ გამოვახედე.
ლამინარიების მთელი წყება
წყალში ტივტივებს.
კონტექსტიდან ამოვარდნილობა
ფუძის ძვლის სახსრიდან ამოვარდნილობას
არ უტოლდება.
ეს არის წინაპირობა სიახლისა,
როცა ,,პროცესი" გადამწყვეტ ფაზაში
შედის
და უკვე სიტყვა ,როგორც ,ძაღლს"
გაურკვევლობაში არ ირხევა.
ჰაერი ზომიერია,და სუნთქვაც შეიძლება.
ასევე გარკვევით ჩანს მიზეზი და შედეგის
აუცილებლობაც.
ყველაფერმობეზრებულმა
უსიყვარულო სამყაროდან
ლექსებში გადავინაცვლე,
ერთი ოთახიდან მეორემდე,
ერთი მატარებლიდან-მეორეში.
რამდენიმე სადგურის გავლით
მივაღწიე
სურვილიდან- წიგნამდე,
ხელიდან წიგნამდე
და მზერიდან -წიგნამდე.
ლექსი
ყველაფრისგან
ცალკე დგას,
არ იკარებს თავის თავს,
და უკან დახეული მომავლით
ცდილობს დაგვშორდეს.
მასთან მხოლოდ მაშინ მიდიან,
როცა ,,ყოველგვარი შიგნიდან" გამოსვლას მოისურვებენ.
როდესაც შესძულდებათ ყველაფერი ,,გარეთ"
და ცდილობენ სამყარო
თავიდან შეიყვარონ.
* * *
როცა ვფიქრობ - თავად ვარ ფიქრი.
როცა ვსევდიანობ - თავად ვარ სევდა.
როცა ვმხიარულობ - თავად ვარ სიხარული.
მაგრამ როცა მოვკვდები,
მე აღარ ვიქნები სიკვდილი.
ორგან ვარსებობ.
შეჩერებულ დროში ჩემი მეორე მე
ამოძრავდება.
პარარელურად კი, ამოძრავებულ დროში
ვჩერდები მე.
მე ვარ პერსონაჟი იმ წიგნისა,
რომელიც არ დაწერილა.
ოღონდ მთელი არსებით ვგრძნობ
ამ წიგნში ჩემს არსებობას.
ცდუნება სხვებივით მეც შემიყვანდა
ერთსა და იმავე მდინარეში,
მაგრამ შესვლამდე მდინარე დაშრა.
მე მყარზე გავიარე.
მაინც მიხარია მიწაზე დგომა,
თუ ჩემთან არა, სადღაც მაინც
გაზაფხულია.
ცნობიერების ძაფებით წრიულად მოვქსოვე
საკუთარი დრო
და ამ ნაქსოვში უსასრულოდ ვმოძრაობ.
ნაფლეთ-ნაფლეთ სიცხადეში,
წვეთ-წვეთ სიზმრებში და
მოკლე-მოკლე სიკვდილებში
გაფანტული
შეგროვდა ადამიანი..
სამყარო ჯერ შექმნილი არ არის...
რაბი
მე სანთელი ვარ,
შენს ხელებში მიბჟუტავს ტანი.
ლილისფერია ცაში ღრუბელი
და განშორება უფრო ცივია.
ვინემ თვალი კაიაფასი.
გაბმულად კივის შენი სიცხადე,
ჩემში და ყველგან,
არსად და ჩემში...
მე მტკივა რაბი,
მე მიხარია რაბი.
მდინარე ჩვენში მოედინება.
შენს მერე ფეთქავს,
თევზივით ფეთქავს ყველა საფლავი.
მიწაზე ცეცხლი როცა ინთება,
და ყველა ტანი ნაცარტუტად ქცეული ოდეს
გროვდება ქარში.
ო,რაბი, მაშინ ყველა ნაყოფში შენ სახეს ვხედავ,
წვიმაში სულის ბზარებს ვხედავ,
ფიქრის აბლაბუდაში ვიბლანდები.
ჩემი გახურებული შუბლიდან ყვავილი
ამოდის.
მე მიწა არ ვარ,
მაგრამ მიწისგან ვიქმენ
და ყველა ფესვი ჩემში თბება გაღვიძების ჟამს.
მე ელვაში შენს სიყვარულს ვხედავ, რომელიც
მღუპავს, მაგრამ
სწორედ ჩემს გამანადგურებელს
გეტრფი,
რადგან ცეცხლი ვარ შენით,
და არასოდეს შთავინთქმები
შენს გარდა სხვაში.
წყალი ვერ დამშრიტავს,
რადგან შენა ხარ წყალი
ჩემს არსებაში რომ ჩაედინება.
და მე შენით ცეცხლი, შენით წყალი,
ვათანხმებ სტიქიებს
და ისინიც ჩვეულებრივად ერწყმიან
უცხო ელემენტებს ჩემსას.
მე ყოველღამე ბოსელში შენთან ერთად
ვინთები,
მე ყოველ დღე ჯვარზე ვქრები
და ყოველი ჩემი სიტყვით ისევ შენკენ აღვედინები.
სიმღერით ვყვები მარადიულ ჭრილობებს ჩემსას,
უსმინე რაბი,
თევზი ავახმიანე, რომელშიც სიჩუმე იდგა.
მე მტკივა რაბი,
მე მიხარია რაბი.
მდინარე ჩვენში მოედინება.
შენს მერე ფეთქავს,
თევზივით ფეთქავს ყველა საფლავი.
Leave a Reply