პოეზია

ქეთი ნაჭყებია – ლექსები

                              

. . .

...და იშვა ევა, როგორც ადამი,
როგორც სიყვარული
და როგორც მანძილი,
როგორც არსებობა, გათანაბრებული გამძლეობასთან
და მოთმენა -  სიძლიერესთან.
და დავიბადეთ ისე,
როგორც ქუჩის ფინია ძაღლები,
დაბადებამდე გაშვილებული ჩვილები
ან გზაარეული მკვლევარები კომპასით ხელში.
სიგარეტის ბოლო ღერივით მალე დასრულდა ჩვენთვის ცხოვრება
და გადავიტანეთ ბევრი
აგვისტო - სიცხიანი და ფერებდაცლილი.
გადავიტანეთ ბევრი ღალატი - სხვისი და ჩვენი.
და მაშინ, როცა ვფიქრდებოდით ყველა იმ დღეზე,
რომელიც კაენის ცოდვას უტოლდებოდა,
ვამბობდით, რომ სულ არ უნდა გავჩენილიყავით,
არ უნდა გვეჭამა
და ჩაგვეცვა არც ისე მოდური ტანსაცმელი.
ჩვენ უბრალოდ უნდა ვყოფილიყავით,
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მსხვერპლნი
ან ქუჩის ბოლოში, ლურჯი განათების ფონზე ჩაკლული ახალშობილები,
მაგრამ გაგვიმართლა და იშვა ევა,
როგორც ადამი
და როგორც სიყვარული - მანძილი ჩემიდან შენამდე,
ან პირიქით.
დავიბადეთ ჩვენ.
არც ისე იღბლიანი ადამიანები,
რომლებიც ერთმანეთს შეეფეთნენ ვიწრო ქუჩის ფართო დერეფანში.
რამდენიმე საიდუმლო უნდა გაგიმხილო ამ მურუჟ ღამეს :
მე არ ვარ კარგი მონადირე
და მეტიც, არასდროს გამჩენია ამის სურვილი.
უბრალოდ ვიდექი და ვხედავდი, როგორ მიფრინავდა თოლიების გუნდი
სევდისფერ ცაზე.
მაშინ თავს ვკითხე,
რა მსურდა,
რა იყო ჩემში.
ფიქრი ვიყავი,
თუ სურვილი გაფიქრებისა.
რა მინდოდა იმ თოლიისგან,
რომელიც ალბათ ოქროსფერი პლაჟიდან მოათრევდა დაღლილ ფრთებს.
და მიყვიროდნენ : ესროლე, მიდი. ნუთუ ამდენად მშიშარა ხარ. შენ ალბათ საკუთარი თავიც გაშინებს.
და მართლაც, მუდამ მაშინებდა ისეთი ადამიანები, როგორიც ახლა მე ვარ -
ვამბობ,
კბილებს ვილესავ და სანადიროდ გავდივარ,
რათა  მოვინადირო ყველა ფიქრი,
რომელიც ღამეებს გიფრთხობს.



. . .

მე რომ ვიღაც საიმონ დუგლასი ვიყო,
დავწერდი გემზე,
გემთმშენებლობაზე,
კაპიტულაციაზე,
რელიგიებზე,
ბანძ მოდურ ჟურნალებზე და მის ბანძ ძვირადღირებულ მოდელებზე,
ბანძ წარწერებზე ყველა კედელზე
და მიწისქვეშა გადასასვლელებზე,
რომლებშიც ჩასვლისას მგონია მამაჩემს
კიდევ უფრო ვუახლოვდები.
ამ დროს მინდა ხელები გავშალო და
ვთქვა, რომ არაფერია კარგად
და რომ არაფერი ზუსტად იმიტომ შეიქმნა
რომ კარგად არ ყოფილიყო;
რომ ეს რომ და და კავშირი ისეთივე
ზედმეტია, როგორც მანძილი ჩემიდან
შენამდე
და რომ ჩიტები იმიტომ არ იკლავენ თავს,
რადგან მათ არც კი იციან ამის შესახებ
და რომ მე ვიცი, მაგრამ პირიქით,
დავიწყებას ვცდილობ
და ვცდილობ ეს აზრი ისეთივე უაზრო იყოს,
როგორც ცხოვრება, რომელშიც ვინმე
საიმონ დუგლასი ვიქნებოდი
და ახლა, როცა დამიანი ვარ და როცა
წარმოდგენაც კი არ მაქვს დუგლასები
საერთოდ არსებობენ თუ არა,
მინდა დაბრუნდე,
რათა  გიამბო, თუ როგორ არ იციან
სულელმა ჩიტებმა თვითმკვლელობის
შესახებ ...
და როგორ ვიცი მე,
და როგორ ვკარგავ ცოდნას,
რადგან ვწერო გემებზე,
გემთმშენებლობაზე,
კაპიტულაციაზე
და რელიგიებზე.



. . .
როცა სარიტუალო სახლებს ვუყურებ
და  როცა მახსენდება,
რომ მუხის კუბო მიცვალებულებს ყველაზე უკეთ ინახავს,
და საშუალოდ,  ეს ყველაზე უკეთ,  6 წელი გამოდის,
ღრმად ვისუნთქავ ( თითქოს შვებაც არის ამაში )
და მახსენდება, 
 რომ სამი წელი ჯერ კიდევ დაგვრჩა მე და მამაჩემს,
რომელსაც არ ვიცი,  საერთოდ უარსებია თუ არა.
როცა ღამდება და სახლები იკეტავენ ფანჯრებს,
როცა ყველაზე ბინძური უბნების სანაგვეები თავისუფლდებიან
და როცა სარიტუალო სახლები რჩებიან მარტო
 და მათი მინები, რომლებიც კლიენტების მოსაზიდად
 სპეციალურადაა გამჭვირვალე, 
მინდება შევინიღბო ( ჩავიცვა ისეთი შავები, როგორიც მეცვა მამის დაკარგვისას)
 და ყველა კუბო დავლეწო,
დავულეწო ლამაზად ამოყვანილი ჩუქურთმები,
რათა  მათში არ მოხვდეს არავის მამა,
დედა,
ან არ მოხვდნენ თვითონ.
და როცა მოვა პოლიცია,
და როცა ბრალს არარსებული მუხლით წამიყენებენ,
 როგორიც დაახლოებით ჟღერს ასე :
- " სარიტუალო სახლში შევარდნა და ყველა კუბოს დალეწვა "
და როცა მოსახლეობა გამოვარდება გარეთ,
და მეპატრონეები მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას,
იმედია, ერთი ადამიანი მაინც მიმიხვდება ჩანაფიქრს,
 რომელსაც აღარ ჰყავს მამა, ან დედა,
ან მალე თავად უნდა წავიდეს იმ ქვეყანაში...
როცა ქალაქის ყველაზე ბინძური უბნები
 ნაგვისაგან სუფთავდებიან
და ადამიანები, რომლებიც თავს 
 სანაგვე ყუთიდან  მოპოვებული ნამცეცებით ირჩენენ,
 აგვიანებენ და იმ დღის ულუფას ვეღარ იღებენ,
მინდება მოვკვდე.
მინდება,  ვინმემ ჩატეხოს ყველა გამჭვირვალე მინა
 იმ სარიტუალო სახლებისა,
რომლებიც კლიენტების მოსაზიდ  არის გაკეთებული.
დალეწოს ყველა კუბო -
მე კი დავრჩე ჩემი ახალი საცხოვრებლის გარეშე, 
რომელიც მგონი არც ისე მოსახერხებელია, 
რადგან იქ ვერ ჩავატევ იმას, რაც მე მჭირდება.
- შენ როგორ ფიქრობ, მამა, 
- არის მოსახერხებელი ჩუქურთმიანი კუბოები ?
პასუხი არ არის.
ალბათ,  იმ ქარმა წაიღო, რომელსაც არც არაფერი მოუტანია...


. . .

პანდორას ყუთი - ჩემი თავი შენგან წასული...
და დაბრუნების ყველა ცდაზე ჩაფიქრებული.
ჩვევაა,  თურმე,   გიყვარდეს, მაგრამ ითმენდე ისე, 
როგორც ღმერთი - მათხოვრების ლოცვისას, 
საგალობლებს რომ აყვირებს ბოლო ხმაზე.
ძველი დროის დაბრუნების სურვილი,
ეტლს მიჯაჭვული ბავშვის სიარულის ოცნებასავით მიზის იმ სისხლში,
რომელსაც თრომბოციტები ისე მოაკლდა,
როგორც ამ ლექსს ყველაფერი,
რაც საჭიროა,  იმისთვის რომ პოეტი გერქვას.
რატომ ვერასდროს ვერ ვიპოვე დიდი ქამარი,
მიწიდან ცაზე რომ დავკიდო და თავი მოვიკლა.
მივატოვო ყველა პრობლემა - გამოუცდელი
და მითუმეტეს, დავტოვო ის, რაც
ჩასახვიდანვე მიტოვებისთვის იყო შექმნილი.
სად მიდის გზები, რომლის ბოლოსაც ვერაფერს ხედავ,
ან სად ჩერდება ტყვია, რომელსაც გრძელ ველზე ისვრი?
რატომ არასდროს გვიამბობენ მათ ისტორიებს,
ვინც ტერორისტმა უაზროდ და ფუჭად გაწირა?
სად მიდიან თოლიები, 
ოქროსფერი პლაჟის მტვრით და
 დაღლილი ფრთებით რომ მიფრინავენ ქალაქის თავზე,
სადაც არავინ ვიცით, 
რატომ ვერასდროს ვერ აღმოვჩნდით იქ,
სადაც გვინდა.
სხვას როდი  ტკივა ის ტკივილი, რასაც ატარებ.
მკვდარი ხომ მხოლოდ მაშინაა გარდაცვლილი, როცა უყურებ,
და ის ციფრები იმ ხალხისა, რომელიც ომმა იმსხვერპლა
ისეთივე უბრალოა, როგორც 9 x 2 ან 2 x 17.
ჩვენ, ყველანი, გაზეთიდან ამოჭრილი სიტყვები ვართ,
რომლებსაც გაგრძელება ისე დაეკარგა,
როგორც ამბავს,
რომელიც ჩვენ დავიწყეთ.
მაგრამ ყველაფერი გრძელდება ძველებურად.
ჩიტები ისევ აფრიკისკენ მიფრინავენ.
ადამიანები  ნახულობენ პარიზს, პიზას, პორტოფრანკოს,
მე კი კვლავ მიკვირს,
რატომ ვერც ერთხელ ვერ ამისრულა ნატვრა ღმერთმა,
რომელსაც საგალობლების სმენისგან ჩასძინებია.
რა თქმა უნდა,
ისიც იღლება, როგორც მუშა ან სატელიტი,
ან აღმრიცხველი - შუქისა და გარდაცვლილების.
ამ ქალაქში ყველას ღმერთივით სძინავს
და სიფხიზლე ფართო ქუჩის
ვიწრო დერეფნებით ბნელში   იპარება.

...
მე მომბეზრდა წერა სიყვარულზე.
იმაზე, რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება,
რომ ოდესმე ჩიტები სიცივემდე დაახვევენ ჩვენი ქვეყნიდან,
რომ აუცილებლად ვიქნებით ადამიანები,
რომლებიც მსოფლიოს თუ არა,
ჩვენს რუტინას მაინც შეცვლიან,
რომელსაც გვიწესებენ მშობლები,
რადგან მათ ასე უნდათ.
მომბეზრდა წერა იმაზე როგორ ვერ გამიმართლა,
როგორ ვერც ერთხელ მოვხვდი იქ, სადაც მინდოდა,
როგორ ვერასდროს დაგეხმარე, როცა მეძახდი
და როგორ გავხდი ჩვენი სიყვარულის ანტიგმირი.
თავი მომაბეზრა ტელევიზიამ, სტატიებმა, სიმღერებმა,
რომლებიც ახალს არაფერს იუწყებიან.
ისინი გამუდმებით წუწუნებენ ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე
და, სამწუხაროდ, ამით ვერაფერს ცვლიან.
მომბეზრდა ღამე,
რომელიც იწყება საღამოს 6 -ზე და არასოდეს აღარ სრულდება.
ეს გათენება,
ახლა ასე რომ იგვიანებს
მოსაბეზრებლად კიდევ ერთ მიზეზს მიმატებს
და ზუსტად ვიცი,
აურაცხელი საბაბი მაქვს ვერგადარჩენის   და მაინც ვცოცხლობ,
გამაქვს დღეები,
როგორც დაჭრილ ბეღურებს -  ნესტიან ღრეში
და ბრძოლის ველზე უმისამართოდ გასროლილ ტყვიას ჰგავს ჩემი ცხოვრება.
იწელება ამინდები - დაუმორჩილებელი, მაგარი საღეჭი რეზინებივით
და ჩვენც,
ხორცისგასატარებელ მანქანაში ვყვებით, მივცოცავთ.
მომბეზრდა წერა წმინდა აბოზე,
შუშანიკზე და მამაჩემზე,
რომელმაც წასვლით გადაირჩინა თავი.
ვერ მახარებენ ათიანები (რომლებსაც არავინ მიწერს),
ვერც მოსალოცი წერილების უხვი დასტები,
არც სასაცილო შოუებზე მეღიმება უკვე  რატომღაც.
ჩვენ ნელ-ნელა ვფლავდებით, ვიძირებით არსებობის ჭაობში.
არარსებობა უფრო გვიღებს ბოლოს, ვიდრე სხვა რამე.
და დღეებიც მირბიან,
როგორც სარეკლამო ჭრები,
ბანერები
და პოსტერები,
რომლებსაც საქარე მინიდან ვაკვირდებით.
მე მომბეზრდა წერა ამ ყველაფერზე.
იმაზე, რომ ვერც ერთხელ დაგეხმარე, როცა დაგჭირდი...




*****

დღეს,
ამ დამპალ ღამეს
მე გადავწყვიტე მოვიშორო ყველა მოგონება,
რომლებიც ღამით, დაძინებამდე
მწუხრის ბინდში მახვევენ და საძილე არტერიებს არ ასვენებენ.
დღეს,
ამ დამპალ ღამეს,
მაშინ, როდესაც
ცაზე ვარსკვლავები არ ჩანან და მეტიც, ვერც ვერასდროს იფიქრებდით
რომ ამ ცაზე, რომლის ქვეშაც ახლა დამპალი ღამეა, ოდესმე იყო ვარსკვლავები,
ვალაგებ მოგონებებს, სახელწოდებით : ვერ შეველევი.
ვერ შეველიე სევდას,
ვერც „ ვერ შეველიეს “
და ახლა,
ამ დამპალ ღამეს,
ისინი მწუხრის ბინდში მახვევენ
და საძილე არტერიებში გზავნიან შეტყობინებას.
ისინი მხოლოდ მის სახელს მიმეორებენ
და მახსენებენ,
რომ არსებობენ ადამიანები,
რომლებსაც, უბრალოდ,
ვერასდროს შეელევი.
სულ ესაა.
ვერ შეელევი და მორჩა.




*****
ახლა
ქუჩაში გამოიარა ერთმა ქალმა
და
ცხოვრების მთელი ტკივილები ჩამოატარა.
წამით შეჩერდა,
საკუთარ თავს დაუწყო ძებნა,
რომელიც უკვე სახლში იყო
და პურს უჭრიდა შვილებს,
მიმოყრილს
და შიმშილისგან ერთ გუნდად  შეკრულს.
მერე კი უცებ,
ჯიბისკენ წაიღო ფაქიზად ხელი
და მძიმედ დახედა
ცხოვრების ნადავლს -
ხურდებს,
რომელსაც ჩვენ დახლში ვტოვებთ,
რადგან გვრცხვენია მისი აღების.
მუჭა გაშალა,
ამოიხვნეშა
და 5 თეთრი დააკლდა თითქოს
პურის ფულისთვის.
და ჩვენც ასე ვართ,
სწორედ ასე,
როცა გვტკივა
და ვამჩნევთ,
რომ სიყვარული გვაკლდება მხოლოდ, 
სიცოცხლისათვის.




*********

ჩვენ  როდესაც იმედების გაცრუებულ კუნძულზე ერთად აღმოვჩნდით
და ირგვლივ არავინ იყო,
ვინც მოვიდოდა და ჩვენს გვამებს მწუხრის ბინდში გახვევდა,
მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა, ერთმანეთი დაგვესამარებინა.
და ჩვენც,
როგორც შესანიშნავმა ადამიანებმა,
არაშესანიშნავი ცხოვრებით,
ერთმანეთის სხეული იქ ჩავმარხეთ,
საიდანაც ვეღარ ამოვედით.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი იყო მშვიდი
და ჩვენც გვეგონა,
ტკივილი ისე მალე დასრულდებოდა,
როგორც უსიყვარულო წყვილის ერთი ღამე,
მაგრამ შევცდით და ერთმანეთის სხეულში გამოვირიყეთ.
გამოვირიყეთ : არეულ გზებად,
ღებინების გრძნობად, რომელიც ორივეს ცალ-ცალკე და ერთად გვერგებოდა,
გამოვირიყეთ ლეშებად, გვამებად, არაყის გატეხილ ბოთლად,
სიმღერებად, რომელიც ჩვენს ტელეფონში არასასურველად იცვლება.
ისინი გვახვედრებენ,
რომ ცხოვრება არც ისე ადვილია
და ეს ტელეფონის კაბელები,
რომლითაც ჩვენ ვურეკავთ ერთმანეთს,
მაგრამ არაფერს ვეუბნებით,
ჩიტების დროებითი ბინაა.
ისინი იქ სხდებიან სულის მოსათქმელად.
ჩვენ ვიყავით ცხოვრებისგან ამოჭრილი დღეები,
რომლებსაც ვიღაც თავის კედელზე იმ იმედით აწებებდა,
რომ ოდესღაც ვინმე სტუმარს მოეწონებოდა.
მე და შენ ვიყავით გარდაცვლილი ადამიანები უიმედოდ დარჩენილთა კუნძულიდან
და არც ერთი უიმედო აღმოჩნდა იქ ჩვენ გარდა,
რომელიც მოვიდოდა,
დაგვხედავდა და იტყოდა : ღმერთო, ისინი ცხოვრებამ ზედმეტად დატანჯა.
მე და შენ ერთმანეთი დავასამარეთ
და ახლა,
უიმედობის კუნძულიდან გვინდა გაღწევა.
ჩვენ ყველაფერი ვიცით,
მაგრამ არაფერს ვლაპარაკობთ.
უბრალოდ ვხვდებით,
რომ ვართ ადამიანები,
რომლებსაც  გარდაცვალების შემდეგაც არ შეიყვარებენ ...




*****

და მაშინ როცა დედაჩემის ვერც ერთმა რჩევამ გაიდგა ჩემში ფესვი
და ვერ მოეჭიდა სიცოცხლისთვის აუცილებელ ტოტს,
მივხვდი რომ ისინი უბრალოდ ვერ მეხმარებოდნენ.
მისი ჭკუისდარიგებები, რომელიც სტანდარტულად 15 წუთში ეტეოდა,
მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა,
როცა მარტოობა ჩემს ცხოვრებას სევდისფრად აათამაშებდა
და ყველა გზა გადაკეტილი მხვდებოდა.
და მეც, როგორც კი დამტოვებდნენ,
ვიფარებდი საბანს,
გრძნობების მხარეს ვწვებოდი ლოგინში
და ვაკვირდებოდი როგორ ვრჩებოდი,
როგორ არ მქონდა არსად წასასვლელი.
ვიფარებდი სევდას, როგორც სამოსს - შეუსაბამოს ყველა კოლექციასთან
და ნერვების ძაფზე თამაშობდნენ ლამპიონები.
იყო დღეები,
როცა კითხვებზე, რა მჭირდა, როგორ ვიყავი -
პასუხის გაცემას მთელი კვირა უჭმელი ყოფნა მიჯობდა,
მაგრამ იყო უარესი დღეებიც,
როდესაც ამ შეკითხვების დასმას
ჩემს ოთახში უმისამართოდ ჩამოწოლილი სიჩუმე აყუჩებდა.
მე ვგრძნობდი : ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა ირგვლივ
და ადამიანები,
რომლებმაც ჩემი ცხოვრებიდან გაქცევით უშველეს თავებს -
ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, ეწეოდნენ
და მეტროს ბოლო გზობას  ელოდებოდნენ სახლში დასაბრუნებლად.
მათ ოთახებში არც ერთი წამით ჩამოწოლილა მარტოობა
და ოთხივე კედელი ერთმანეთის ყურებით თავს იტყუებდა.
პურის ნამცეცებივით, დოზის გარეშე მიმობნეული სევდა მიჭამდა სხეულს
და რა თქმა უნდა,
მეც მივყვებოდი დღეებს - არა მოვლენებად,
არამედ რიცხვებად,
რომლებმაც კედლებზე ამოკაწვრით გადაირჩინეს თავები.
მაშინ, როდესაც მიდიან ჩემგან -
ვიფარებ საბანს,
გრძნობების მხარეს ვწვები ლოგინში
და ვაკვირდები, როგორ ვრჩები,
როგორ ვერსად მივდივარ.
ნერვების ძაფზე თამაშობენ ლამპიონები
და მახსენდება მამაჩემი,
რომელმაც იცოდა ჩემი დარჩენილი ცხოვრების სევდა.
და ის რჩევებიც,
წყალს რომ გავაყოლე ( როგორც ცუდი სიზმარი, სადაც გადავრჩი ),
ისევ დამჭირდა,
ისევ ითხოვა ჩემში შემოსვლა.
და მეც,
როგორც ქარხანამ,
რომლიდანაც მხოლოდ ის მიაქვთ, რაც სჭირდებათ
და ბოლოს ტრიალ მინდორზე ტოვებენ უმოწყალოდ -
გადავწყვიტე მეცხოვრა,
რადგან ის ტკივილი,
რომელიც დამაქვს მხრებით და მტკივა,
სხვას ვუწილადო,
გავუყო,
როგორც სიცოცხლე,
რომელიც ორს თავისუფლად ყოფნიდა - ყოფნის.