პოეზია

ილია ჭანტურია – ლექსები


***
ყველაფერი დაიწყო ისე,
როგორც უნდა დაწყებულიყო.
ამ ამბავს არ ექნება ბოლო. 
ბოლო ექნება მხოლოდ მაშინ, როცა
ჩვენს მოგონებებს გამოივლებ პირში და
გადმოაფურთხებ.
რა უნდა ქნა იმისთვის, რომ გადარჩე?
რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იცხოვრო?
იცხოვრო და გადარჩე,
იცხოვრო და არ მოკვდე,
იცხოვრო და არ მოგკლან.
ორი ბილეთი იყიდე ტიბეტამდე და
მერე თავი ჩამოიხრჩვე,
ასე მთავრდება ყველა ამბავი,
რადგან არ ასდის ჰეფი ენდის სუნი, 
იმეორე!
კარგად ივლე პირში ეგ მოგოგნებები და ამოაფურთხე.
სხვა რა უნდა გითხრა?
როცა შენი სახლის აივანზე მდგარს გიყურებდი 
და შენ არ გავდი თუთიყუშს,
არც სირაქლემას,
საღამო იყო,
ქალაქში -  გაზაფხული,
ქუჩაში მუშები ასფალტს აგებდნენ.


***
უთხარი ყველას, 
გააგებინე, 
ჩემი სახელია წვიმა. 
უთხარი ყველას,
რომ ახლა, ამ წუთას 
ისინი წვანან სველ ასფალტზე,
აფარიათ საბანი და
უყურებენ ცას 
და მღერიან სიმღერებს
ომიდან ვერ დაბრუნებულ შშვილებზე. 
უთხარი ყველას,
როცა სახლიდან გამოვდივარ 
მხვდება ქალაქი, 
რომელიც მე შეიძლება ვყოფილიყავი,
რომელიც მე არ ვარ.
გააგებინე 
მე დავიღალე 
შენ დაიღალე
ჩვენ დავიღალეთ ამდენი ბრძოლისგან 
და დროა დავსხდეთ სკამებზე და 
მოვუსმინოთ შოპენს ან შოსტაკოვიჩს.
უთხარი ყველას 
მე ვდგავარ ჩემივე კარის ზღრუბლთან და ვარახუნებ კარზე
სანამ არ ჩატყდება,
სანამ მიწა არ ჩაყლაპავს არე მარეს,
მე მანდ ვიდგები, 
სანამ ვარსკვლავები არ გადაწყვეტენ მოგზაურობას სხვა შორი გალაკტიკებისკენ.
უთხარი ყველას 
მე დავიღალე,
ჩემი სახელია წვიმა.

დედაჩემის საყიდლების სია
საჭმელი პროდუქტები:
კარტოფილი, ხახვი, ნიორი,
ყველი(სულგუნის).
სარეცხი საშუალებები:
„ფეირი“, სარეცხი ფხვნილი.
წამლები მოხუცებისთვის:
სენადე, ვალიდოლი, კაპტოპრილი
და პარაცეტამოლი(ბაბუაჩემის ტკივილების გასაყუჩებლად)
პამპერსი ბებიასთვის.
სახატავი ფანქრები ჩემი პატარა დისთვის,
და დიაზეპამი მამაჩემისთვის (უძილობა დასჩემდა ამდენი ღამის თენებისგან)
და ბევრი დამამშვიდებელი თავისთვის,
ბევრი, ბევრზე ბევრი.
(რომ ღამით ამდენი სტრესისგან დამძიმებულმა
დადოს თავი ბალიშზე და მშვიდად მიიძინოს, 
მომავალ სტრესულ და სახლის საქმეებით დახუნძლულ დილამდე).



***
კოსმონავტობაზე ოცნებობდა პაპაჩემი ბავშვობიდან.
მაგრამ მიწის ჯურღმულში დარჩა, მაღაროელად.

და როცა კვდებოდა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნახვა სურდა მხოლოდ,
მაგრამ მიწის ჯურღმულში მოკვდა პაპაჩემი, მაღაროელად.



თუნუქის სახურავი
მაშინ, როცა მე სიცხიანი საწოლში ვიწექი
და მაკანკალებდა, 
გარეთ კი საშინელი თქეში იყო
და წვიმის წვეთები ეხეთქებოდნენ 
ჩვენს ჟანგისფერ თუნუქის სახურავს,
მამა გვერდით მომიჯდა და მითხრა,
რომ წვიმა თავისი წვეთების სახურავზე წკარუნით
გვესაუბრებოდა.
მე არაფერი მითქვამს.
დედაჩემს ცხელი წყლით სავსე ბოთლი გამოვართვი
და ტანზე მივიკარი.
„წამალი დავალევინე და დაუწევს“ –
უთხრა დედამ, მერე შემომხედა და გამიღიმა.
იმ საღამოს იწვიმა.
ბევრი იწვიმა.
მე კი სიცხიანი და აკანკალებული
ვიწექი და ვუსმენდი როგორ გვესაუბრებოდა
წვიმა თავისი წვეთებით 
ჩვენ ჟანგისფერ თუნუქის სახურავზე.
თითქოს ჩურჩულით ამბავს ყვებოდა
მებადურზე, რომელსაც თევზაობისას 
კოკისპირულმა წვიმამ მოუსწრო
და მთელი ღამე
აღელვებულლ ტალღებს ებრძოდა.



ბრტყელტუჩა 
როგორ იწყენს ხოლმე, 
როცა მარტო დევს. 
დევს კარადაში,
ან სკივრში 
და იშვიათად თუ გამოვიყენებ. 
მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.
რომელსაც მავანნი მოიხსენიებენ როგორც პლოსკოს.
ცხონებული, ჩემი მეზობელი, 
გიჟი კუკურიც სულ პლოსკოს ეძახდა.
ჩამოჯდებოდა ქუჩაში და 
გამვლელ პატარა ბიჭუნებს
თავისი პლოსკოთი კუტუს გაწელვით აშინებდა.
ბავშვები გარდბოდნენ. 
კუკური ხარხარებდა. 
მაგრამ ეს ლექსი არ არის კუკურიზე,
ეს ლექსი ბრტყელტუჩაზეა,
ჩემ ბრტყელტუჩაზე,
რომელიც დიდი ხანია მარტო დევს
ხან კარადაში,
ხან სკივრში,
და იშვიათად თუ გამოვიყენებ.
მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.