პოეზია

ელენე ამყოლაძე – ლექსები


 
 
. . .
სიკვდილი კეთილი არაა, ანდრე.
მე გატყუებდი,
გატყუებდი, რომ არ გეტკინება,
რომ ფრთები გექნება და იფრენ,
ან იქნებ ასეც არის...
და მაინც,
მე გატყუებდი,
რომ რამე გამეგებოდა ბავშვების სამოთხის...
მოხუცი მეთევზე ვინსენტი 
არაა კეთილი კაცი
და ვერც ოქროს თევზს იპოვის,
ის არ ჩაიფიქრებს შენს სიცოცხლეს...
ვინსენტი არ არსებობს, გესმის?
სურვილები ვერ ახდება.
მე არ ვარ კეთილი ფერია
და არც იასამნისფერი სული მაქვს.
შენ კვდები, ანდრე
შენ ყოველდღე კვდებოდი
და ყოველთვის,
როცა თავზე გკოცნიდი, 
იცინოდი ჩემს ლურჯ ტუჩებზე...
მე გიმტკიცებდი,
რომ თავი ლურჯი საღებავით დაგიხატე,
რომ ცას ჰგავს შენი თავი...
მტკივაო, მეტყოდი,
გაწვიმდა ცაზე,
ალბათ, ჭექა-ქუხილია და იმიტომ,
ანგელოზები ბრაზობენ ცაში,
ვილოცოთ- მეთქი,
ხელს გკიდებდი და ტირილი მინდებოდა.
შენი ხელები ისეთი გამხდარია...
თვალები უნდა დახუჭო...
იქნებ მართლაც არსებობს ბავშვების სამოთხე...
მაპატიე, რომ გატყუებდი,
ან იქნებ არც...
მაპატიე,
რომ სიკვდილი კეთილი არაა, ანდრე..






***
ამ ქარს ვერაფრით დავემალე- 
ყველგან მეწევა, 
წელშიც ათასჯერ გადამჭრეს და მერე გავმთელდი..
კაცი არ იყო ქვეყანაზე-
მივკედლებოდი
და ქარის ხმაზე შიშით გული არ გამსკდომოდა. 
კაცი არ იყო ქვეყანაზე - 
შემყვარებოდა, 
თავსაც ვერაფრით ვინუგეშებ- 
ზამთრის პირია
და ფანჯარასთან მიმობნეულ პურის ნამცეცებს, 
ჩვენს იმ საცოდავ ერთად ყოფნის დღეებს ვადარებ, 
როცა გაქვს რაღაც, 
მაგრამ არ გყოფნის..
ჩვენ ხომ ვერასდროს ვიძინებდით მაძღარი სულით, 
რადგანაც- 
კაცი არ იყო ქვეყანაზე- 
შემყვარებოდა 
და ხე ვერ ნახე, 
რომ შენს სულში ამოზრდილიყო, 
წელში არასდროს გადაჭრილი, 
ნედლი ტოტებით..
ამ ქარს აღარსად ვემალები, 
მაინც მეწევა..

***
რა მაწერინებს ისეთ ლექსებს,
სადაც ქალები-
ნაფტალინით ივსებენ მუცლებს. . 
სადაც შვილები არ გვიჩნდებიან,
სადაც სხვა მიყვარს,
ან არც გიცნობდი..
რა მამღერებდა ძილისპირულს,
როცა კვდებოდი..
არც გამიჩნდა და არც გამიზრდია..
არც ღამეები გავუთენე აკვნის რწევაში.
ღმერთის როგორღა დავიჯერე,
ან თუ გიყვარდი-
როცა ნოემბრის საღამოებს ლექსებში ვცვლიდი
და ერთი ხელის გაწვდენაზე მყავდი,
მთელი ცხოვრების სიყვარული..
ცრურწმენასავითაა ლექსები-
სადაც სხვა მიყვარს
და შვილები არ გვიჩნდებიან..

***
მეზობლის ძაღლი
ბოლო დღეებია ჩემს კარს არ შორდება.
ყოველთვის ვძულდი,
თუ შეიძლება სიძულვილი დავარქვა ძაღლურ ღრენას
და საკბენად აწყვეტილ საყელურებს.
ჰო,
ალბათ ვძულდი-
როგორც იმ ქალებს,
ქუჩაში რომ მიღრენდნენ ჩუმად
და ძარღვებისგან ასკდებოდათ ყელსაბამები. .
მათი ყელი არ იყო ბროლის,
არც მარმარილო-
და აკლდათ კოცნა,
და დაუგროვდათ ბრაზი. .
რას დასტირის ეს ძაღლი ჩემს კართან,
არ ვაპირებ მოვკვდე. .
კარადას ვაღებ,
ზედა თაროდან იყრებიან წერილები-
ოქროს თევზები.
ყველა სურვილი ჩავიფიქრე
რაც არსებობდა
და როცა ზღვაში გავუშვებ ამისრულდება.
ჯერ მეშინია.
არ ვარ მზად,
რომ ყველაფერი კარგად იყოს. .
ჯერ ზღვას მინდა ვუყურო
და ყველა გამვლელს,
დავაჯერო რომ ქმარს ველოდები,
რომ ჩემი ქმარი მეზღვაურია
და ისე ძლიერად უყვარს ცოლი,
თუ ჩაიძირა გემი
ჩემი ღმერთი ხელში აიყვანს და დამიბრუნებს.
ჩვენს ქოხში სადაც-
ყველაფერს მისი ხელი ეტყობა-
რომელიც არასოდეს შეხებია ჩემს მხრებს-
მზესუმზირებს. .
ვდგვარ ნაპირთან
და ისევ შორიდან მესმის როგორ უყეფს მეზობლის ძაღლი-
ჩემი საძინებლის ფანჯრებს
და ვფიქრობ,
რომ აღარ ღირს გავიღვიძო-
რადგან არასოდეს ვიქნები მზად-
რომ ყველაფერი კარგად იყოს. .
ზედა თაროზე წერილებია-
ოქროს თევზები. .

***
შენზე არასდროს ვწერდი- 
მხოლოდ ვფიქრობდი 
და ამ ფიქრებში სისხლი მიდუღდა..
ჯერაც არ ვიცი, 
წლების მერეც, 
შენზე ისეთი რა დავწერო, 
რომ გამყოფინო?!
გახსოვს საღამოს, 
ხიდის ქვეშ რომ წამომეწიე.. 
არ მქონდა სახლი, 
არც სიმშვიდე, 
იმედიც აღარ.. 
შენ სულში ჩამისვი და გამომაძინე. 
სიზმრისპირული ცხვრებიც მითვალე
და სიზმრებიც ბალიშის ქვეშ ჩუმად დამიწყე. 
პირველი მზის სხივებით თბილი 
და საიმედო, 
შენი სულივით სუფთა სიზმრები..
არ ვიცი შენზე როგორ დავწერო.. 
ვინ არ მტკენია, 
ვინ არ მომიკვდა.. 
მაგრამ ყოველთვის, 
შენ ისეთი ტკივილი მყავდი, 
ამაზე სიტყვაც არ დამიძრავს 
და შენს საფლავსაც, 
მასზე დადგმული ქვით და იმ სახით- 
მე რომ მიღიმის, 
სულ აჩქარებით ჩავუვლი ხოლმე
და წლების მერეც, 
წუთზე დიდხანს ვერა ვჩერდები..
ხომ გახსოვს მეთქი ხიდები და 
სუიციდები.. 
შემიფარე და გადამარჩინე.. 
მერე ჩემივე თავის დარდმა გადამიყოლა
და ყველაფერი უკან დავტოვე, 
იმ დღეებიდან.. 
შენც იქ დამირჩი..
როცა მოგძებნე, 
გაზაფხულის დღეები იდგა. 
მინდოდა გულში ჩამეკარი, 
მინდოდა მეთქვა- 
რომ გავიზარდე, 
თანაც იმხელა გავიზარდე, 
ვერ მაშინებდნენ ძველი მუქარით..
და შენს თონეში შეწითლებულ ხელებს ვნატრობდი.. 
მე რომ შუაგულს მიტეხავდნენ-
ის დამწვარი, 
თხელი თითები..
ვერსად გიპოვე იმ გაზაფხულზე. . 
ჩვენი ხის ქვეშაც დიდხანს ვიდექი
და იმ ხიდებთან..
მერე ამბავი მომივიდა, 
რომ შენ აღარ ხარ.. 
იმ ხეზე ნახეს დაკიდებული, 
მკვდარი იყოო.. 
კიდევ რაღაცას მიყვებოდნენ-
ლურჯ მაისურში გიპოვნეს 
და რაღაც მასეთი..
მე რომ გეძებდი, 
უკვე მაშინ, 
აღარ ყოფილხარ.. 
და იმ ხეს შევეფარე, 
სადაც დამთავრდი..
დღემდე არ ვიცი რა დავწერო, 
რომ გამყოფინო..
და მაინც, 
თუ ღმერთი საჩემოდ, 
ერთხელ მაინც ჩამოვიდა დედამიწაზე, 
ეს შენ იყავი 
და სხვა ვერავინ..