ღია გაკვეთილები
არადა ცეცხლის სუნი ჰქონდა მაშინ ყველაფერს,
თვალებსაც, ხელზე ნაოჭებსაც, გზებსაც, ჩრდილებსაც,
თუმცა ვამჩნევდი, მომავლიდან როგორ მზვერავდნენ
ცხოვრების გრძელი, ხშირად ღია გაკვეთილები,
მომწონდა ცეცხლი, და ამიტომ ხელის კანკალით
ვიწვავდი ხელებს და ნაოჭებს ხელისგულებზე
სულს ვუბერავდი და ვეძებდი ჩვენს ღრმა ნაკვალევს
თითებზე, გულზე, ნაოჭებზე, თვალის გუგებში.
აცრილი იყო მომავალი ცეცხლის ალებით,
მზეს ვინახავდი პერანგებზე, გულის ღილებზე
და არ ვამხელდი, რომ ფეხები მიკანკალებდა
ცხოვრების ღია, დაუნდობელ გაკვეთილებზე.
ხეები
ეს ხეები, აი ეს ხეები
როგორ შეიძლება ვერ დაინახოს კაცმა,
როგორ შეიძლება ბრმად ჩაყლაპოს სიმწვანე,
იაროს და არ უკვირდეს,
თავი ასწიოს და არ უკვირდეს,
თვალებში სიხასხასე აიყვავოს და
ჩვეულებრივი ეჩვენებოდეს სამყარო.
მეც ამ ხეებივით ავიყარე ტანი
ჩვენი სახლის წინ რომ დარგე,
ამ ხეებივით მინდა
მთელი დღე ცისკენ მეჭიროს თვალი,
მიხდებოდეს მწვანე ფერი ბეჭებზე
და ოდნავი ყავისფერი ფეხებთან.
ფეხებზე ბელტები მეცვას,
მიწისგან გავრბოდე და არც გავრბოდე,
გარშემო ბალახები დავიმეგობრო
და მიწიანი პირით მოვუთხრობდე
სიყვარულმა როგორ გამზარდა.
ზღვა
აი ჩემი სიყვარული,
სამშობლოდ დაბადებული სიყვარული,
წინაპრის ძვლებით შემოღობილი სიყვარული,
წინაპრის ლეგენდებით ნაკვები სიყვარული,
მუხის ფოთლებით ავსებული სიყვარული
მუხის ფოთლებივით მოშრიალე სიყვარული,
ორ დიდ მუჭაში ჩავტიე და ტალღებს მივანდე.
აი, გულიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი, ბაგიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი, ხსოვნიდან გამოვდევნე ყველა მდინარე
და ზღვისაკენ ვუკარი პირი!
ზღვა იქცა ჩემი მოთმინების უხმო მსაჯულად
და დიდ მეგობრად, მენდობა და გულამდე მიშვებს,
მეც, ასე სადა, ცარიელი და გარუჯული
ვკოცნი მის კაბას და ტუჩებზე მეკრობა ქვიშა,
და ვწვები მისი გულის ფსკერზე, და ვეძებ ჩემი
სამშობლოს ღობეს და ვიბრუნებ წართმეულ სასჯელს
ნიჟარის სუნთქვად, ხავსის სუნთქვად, და ასე თხემით
ტერფამდე მტკივა ჩემი ქვეყნის დამწვარი მაჯა.
აი ჩემი სიყვარული.
აი ჩემი მოთმინება.
ზღვას ქვიშად ჰქონდეს.
პარიზი. ლუვრი. მისალმება.
ჩვეულებრივი შემოდგომა იყო.
შენ იდექი ცნობილი მუზეუმის კიბეზე
ჭრელი ზურგჩანთით და მსუბუქი ჭაღარით,
ორმოცი წლის სტუდენტს ჰგავდი და... ქართველს ჰგავდი!
და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,
„გამარჯობა“- მეთქი, გითხარი.
ვიცი, იმ წუთას უმნიშვნელო კაპილარი გაეჭრა აღმოსავლეთს.
ვიცი, იმ წუთას მნიშვნელოვანი კაპილარი გაეჭრა წარსულს
და შენი წინაპრების სისხლი გადმოდინდა.
მე ვხედავდი, როგორ იდექი ხუთი საუკუნის
წინ ტრიალ მინდორზე,
მამელუქად გაყიდული საჯიშე ქართველი,
კუნთები გითრთოდა და
შენს მოძმეებს ელოდებოდი.
ხუთი საუკუნის წინ შენ იყავი ქართველი მუსლიმანი,
ზუსტად ასეთი მსუბუქი ჭაღარით და
ცხოვრების ზურგჩანთაში ჭრელი მოგონებები გეტეოდა.
ახლა ევროპის ძველ ქალაქში,
სადაც წარსული მხოლოდ მუზეუმებში ახსენდებათ,
შეგხვდი შენ - ჩემი ქვეყნის უმოწყალოდ გაყიდულ წარსულს
და გითხარი „გამარჯობა“...
შენ კი ვერაფერს მიხვდი და დაბნეულმა მიპასუხე:
„სალამი მადამ“!
და მხოლოდ მე დავინახე, როგორ აბღავლდა
„სალამს“ გამოკერებული ხუთი საუკუნე,
რომელმაც შენი გენები და გაყიდული სული ჩაყლაპა!
თითები
-დაჯექი ინსტრუმენტთან!
მეტყოდა ჩემი ახალგაზრდა მუსიკის მასწავლებელი,
თავადაც გვერდით დამიჯდებოდა
და თვალებით მიხვრეტდა თითებს.
-სწორად აიღე აკორდები,
სწორი თითებით!
ხმას უწევდა ხანდახან და
მშვენიერი სახე უშნოდ უწითლდებოდა.
ჩემი ბავშვური თითები კი,
ჯოხებივით წვრილი თითები,
ისე რბილად მოძრაობდნენ სითეთრიდან სიშავეში,
როგორც მერე , დიდობაში ვხეტიალობდი
დღესა და ღამეს შორის გადებულ ყოველდღიურობაში,
დღესა და ღამეს შორის გადებულ
ჩემი ქალაქის შესახვევებში,
რომლებიც ხან დღეს ჰკოცნიდნენ,
ხანაც ღამის იდუმალებას!
ჩემი თითებიც ასე ჰკოცნიდნენ
კლავიშების სუფთა გულმკერდს,
კოცნიდნენ, გრძნობდნენ, უყვარდათ და
შიგადაშიგ გზა ერეოდათ.
-სწორი თითებით!
მიყვიროდა მასწავლებელი,
ხელში ეჭირა წვრილი ჯოხი
და ჩემს ჯოხივით თითებს
ჯოხით ემუქრებოდა…
ისინი კი იბნეოდნენ,
ხეტიალობდნენ სითეთრიდან სიშავეში,
ეშინოდათ, უყვარდათ, სძულდათ.
ამსტერდამი
როცა ძალიან გამიჭირდა, შენი სიყვარული დავიჯერე,
გავხსენი წარსულისკენ ამოჭრილი ფანჯარა და
ნახევრად სიბნელეში დაგიწყე ძებნა,
თან დუმილით გიყვებოდი, როგორ მინდოდა
ვყოფილიყავი ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში
სადაც შენს სიყვარულში შემეპარა ეჭვი...
ნეტავ გადამიყვანა ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში
რაღას არ შევცვლდი:
შენს ნათქვამ „მაცადეს“ არ დავიმახსოვრებდი,
შენს ნათქვამ „ბევრი ხარ“ არ დავიჯერებდი,
არც ჩემს სანთლის ქალობას დავიჯერებდი,
არც ჩემს აკანკალებულ მუხლებს...
ამოვჭრიდი იმ წუთს, როცა მითხარ
„მაცადე, ახლა ამ მუზეომივით ხელოვნური იქნება ჩემი სიყვარული,
ამ ქუჩებივით ვიწრო იქნება ჩემი სიყვარული,
ამ მდინარესავით წარმავალი იქნება ჩემი სიყვარული,
ახლა მზად არ ვარ რომ ხელი ჩაგკიდო...“
ნეტავი გადამიყვანა ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში
ხელზე ხელს მოგიჭერდი და გეტყოდი
ამდენს ნუ ფიქრობ ბიჭო!
***
მაგარი რამეა პატიება,
როცა ძველ მტერს ხელს გაუწვდი და
ყველაფერს დაივიწყებ.
რაღაცნაირი მოდიხარ სახლში_
შავღვინოდალეულივით,
გაბრუებული ბედნიერებით,
გაბრუებული ხელის სიდიდით,
რომელიც მას გაუწოდე
და ამ ჟესტით გამოხატე
რომ დამთავრდა მდუმარე ომი.
მეგობრის ბუდე
რა არის ღალატი თუ არა ამოყირავებული სიყვარული
რომელსაც ერთ დროს შუა გზაზე ხელი გაუშვეს
და წაიქცა, და ვერასდროს ვეღარ წამოდგა,
ვერ გაიმთელა გატეხილი ხერხემლის მალა.
არადა ისე საწყალია, უსიტყვოდ ხავის
სიმღერებს ჯერაც არარსებულ სურვილებზე,
სიმღერებს ჯერაც არარსებულ საყრდენებზე
და გადაყვლეფილ ხელისგულებს
გულდაგულ მალავს.
არადა მისი ხელისგულები
ჰგვანან დამჭკნარი ყვავილის ბოტკოს _
გულის გულში იტოვებენ იმედის სხივებს.
თუმცა მაინც უცნაურად იმზირებიან_
სევდიანად _ვერშემდგარი სურვილივით
ვერშემდგარი საქორწილო ღამესავით
რომელშიც საქმრომ უღალატა ჩემს მეგობარს
ძველ სიყვარულთან და ბნელ გულში ეკლად ჩაირგო
წარსულისაგან დაყვლეფილი ხელისგულები.
მეც ვდგავარ და ცხოვრებაზე გულაყრილი
ისე ვიღიმი როგორც ჩემი მეგობარი,
რომელსაც ხელში უდნებოდა
თავისი ამოყირავებული სიყვარული,
თავისი წაქცეული სიყვარული,
თავისი ხელისგულებგადაყვლეფილი სიყვარული
იდგა ორპირ ქარში და
ვერ ხვდებოდა
რომ ღალატისგან იშენებდა ხელებში ბუდეს.
ომი. აგვისტო. იტალია.
-დაიწყევლოს ყველა ომი-ვეუბნები ჩემს ცხოვრებას
რომელიც სწორედ აგვისტოში მამოგზაურებს
იტალიის ძველ ქალაქებში,
თავგზას მიბნევს და
Santa Marias ბაზილიკის მეტყველ კედლებზე
მოზაიკით მიჭრელებს თვალებს.
-დაიწყევლოს ყველა ომი !-
ვამბობ ქალაქ აქვილეიას ჯარისკაცთა სასაფლაოზე,
სადაც ჭაბუკ ჯარისკაცის ძეგლით ცდილობენ
შეამსუბუქონ ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლის სევდა,
სადაც კედელზე ამოტვიფრულ ლექსით ცდილობენ
უამბონ დედებს,
რომ მათ შვილებს ჭრილობები ღმერთმა მობანა.
მე კი ვფიქრობ,_
ნეტავ სად დგას ღმერთი ომში,
სად იმალება,
ჭაბუკების მხრების უკან?
სიკვდილის უკან?
რომელი თვალით იხედება,
ან რომელი თვალით ამოწმებს
სიკვდილის სასწორს,
ან ჩამომწყდარ სიკვდილის ლოდებს.
სად არის ღმერთი ომის ცეცხლში, რატომ არ იყვანს
ხელში ჭაბუკებს, როცა საწყლად იწყებენ ბოდვას
დედაზე, ღმერთზე, სიყვარულზე, თავდადებაზე
და იმ მიწაზე, რომლის მხარზეც თავები უდევთ.
სად არის ღმერთი, რატომ იცდის,
რატომ არ მოჰბანს ჭრილობებს შვილებს სააქაოს,
იქ რატომ უცდის...
დაიწყევლოს ყველა ომი_
ვეშაპივით გაწოლილი დედამიწაზე
აქვილეიას საუკუნის სასაფლაოდან
მუხათგვერდის თერთმეტწლიან სასაფლაომდე.