აუტიზმი.
ამეტყველება
როგორ სათითაოდ ჩამოხოცა
მავთულზე ჩამომსხდარი სიმღერები
ყინვამ.
ყურებზე ხელი ავიფარე,
ვისმენ - სიტყვა სად იბადება,
ვინ ვარ.
დავდივარ თვალებით - ღია გალიებით-
რომ შიგნით მოვიმწყვდიო
ჭრელი თუთიყუში - ქვეყანა.
ჩემ წინ და ჩემ უკან სამიოდ ნაბიჯი
და მერე ხელახლა
და მერე თავიდან
მსოფლიოს გარშემო რკინიგზა გამეყვანა
მსურდა.
და ვტრიალებ, ვტრიალებ,
ვტრიალებ,
ვიწევი. ვმუსუბუქდები, ვმჩატდები, ვვარდები...
ღრუბლების ხაო და ნოტიო შეხება -
დედამ ჩამოკიდა ახალი ფარდები.
პირში მიწის ოდნავ მომჟავო გემო აქვს
ბიჭს, ჩემში რომ უდგას საწოლთან ტორშერი
და თბილი ხელების დამთრგუნველ შეხებას
ძვირფასი თვალების ალესილ შეხედვას
კაშკაშა პროჟექტორებს, თოფივით მოშვერილს,
იშორებს...
ცაში კი სიტყვები ჩხავიან
როგორც თოფის სროლით დამფრთხალი ყვავები.
გაჩუმდი, გეყოფათ!
ერთს მოვდე ანკესი -
და თავზე
და თავში
მთელი ცა მემხობა!
ვიწყებ -
დავაწერე ყვავების გუნდები
სანოტო ხაზებს, ტელეფონის მავთულებს-
პირში მიჩხავიან მარტივი სიტყვები-
რომელთაც თან და ქვე ვაწყობ
და
ვართულებ.
ცეკვის გაკვეთილები
( რიტმი 3/4)
ანტარქტიდაზე ყინული
ჯერ დატყდა, მერე შეწებდა -
სწორედ ასევე ფეხი ფეხს
მიადგი,
ვითომ იპოვნე -
ეძებდი.
წესი : მიეყრდნო საკუთარ
მხრებს
- ნიშნავს მხრებში გამართვას,
მწვერვალზე ასობ ხერხემალს
თითქოს და
მერე დაეშვი
დაღმართი.
პა: შენი ხელი მის მხარზე
როგორც სიტყვაზე მახვილი,
მისი მარცხენა შენს წელთან
და თითქოს
მცენარის ბოლქვი
გაღვივდა.
ახლა
ნაბიჯი - მოქცევა,
მერე
ნაბიჯი - მიქცევა
და მერე თითქოს წყალი ხარ
და მწყურვალის თვალწინ
იქცევი.
წესი: უყურე თვალებში,
რომც იყოს სარკე - გორგონა,
მორგება მისი ნაბიჯის,
როგორც ახალი ფეხსაცმლის
მორგება.
პა: თითქოს მთვარე აფეთქდა
და ნამსხვრევებად ფეხები.
და ბრუნვა ღერძის გარშემო
და თავბრუ,
როგორც შლეიფი
გეხვევა.
გამოიყვანე სხვა რიტმი
შენი და მისი პულსიდან
ჯამით.
და ახლა ყველაფერს
გავიმეორებთ
თავიდან.
მუსიკა!
კასიოპეა
( სამი უკუღმა სიმღერა)
“ ნეტავ რით ფიქრობ, გაფანტულო,
თავით იფიქრე,
ამბობს დედა და თეთრ ზეწარზე
ცხელი უთოს კვალს,
ამბობს დედა და
იატაკზე რძის მოზრდილ გუბეს
ამბობს დედა და
რკინის კარში ჩაყოლილ თითებს
ათვალიერებს დანანებით.
მე კიდევ
მუხლისთავით ვფიქრობ,
მე კიდევ
ძუძუსთავით ვფიქრობ,
დღეს უნდა შეგხვდე.”
ეს ჩემი ძველი სიმღერაა.
ვმღეროდი მანამ,
სანამ სიმღერა სარჩულად არ გამოვაკარი
ჩვენს არაფრისმთქმელ მისალმებებს,
ასე გავჩუმდი –
ეს ნიშნავს რომ პირიქით ვმღერი.
“ჩააქრეთ ყველა ბრა და ჭაღი
აბაჟურები, ტორშერები,
მთვარე და მზე და ვარსკვლავები
დამარხეთ გზიდან მოშორებით
დაკეტეთ ყველა ხმა და წყალი
კარი, წიგნი და ჩემოდანი,
დღესასწაულის ვერცხლის სინზე
საკუთარ თავის შემოტანა
პირველ კერძად და დაყოლება
სხვისი, ყლუპ - ყლუპად, დაყოვნებით,
პურის კი არა, ოქროს ზოდის
უნდა ვისწავლო გამოზოგვა.”
ეს ჩემი ძველი სიმღერაა
ვმღეროდი მანამ,
სანამ სიმღერა სარჩულად არ გამოვაკარი
ჩვენს არაფრისმთქმელ მისალმებებს,
ასე გავჩუმდი –
ეს ნიშნავს რომ პირიქით ვმღერი.
“მაინც ვერ მოვკვდი,
ცას უკუღმა გამოვეკერე,
და გადამფრენი ფრინველები
ჭორფლებს მიჭამენ,
ხელი დამიცდა
ცივი ოფლით მოლიპულ ცაზე
ბგერა კი არა,
სუნთქვაც აღარ დამყვა მიწამდე,
თითქოს
ბამბაზე ამოღერილ თავთავებს ვმკიდე
ისე ახლო და მარტივია
სამყაროს კიდე.”
ეს ჩემი ძველი სიმღერაა
ვმღეროდი მანამ,
სანამ სიმღერა სარჩულად არ გამოვაკარი
ჩვენს არაფრისმთქმელ მისალმებებს,
ასე გავჩუმდი –
ეს ნიშნავს რომ პირიქით ვმღერი.
.
ჩვენი ბრაილი
იასამნისფერ,
წითელ,
ყვითელ,
მწვანე, ოქროსფერ
ფერებს ითხოვდეს,
მეტრო - მეტრო დამათხოვრობდეს
(ჩემი ძველი ლექსიდან)
(ზაზას, რომელიც ხედავს
და ყველა უსინათლოს)
თეთრი - ეს უფრო ბგერა არის - ალბათ ფლეიტა,
ფლატეა, ფრთხილად, ციცაბოა, არ გადაქანდე
- სუსხის ბგერები გვესობიან -
განა ბეღურებს - ჭრელ თუთიყუშებს გვიქანავებს
ყინვის ქანდარა -
ჩემი მეზობლის ოცი კატა - მთელი ორკესტრი
კნავის - ეს უკვე ყვითელია, მთვარე სავსეა
ჩვენი ელექტროყვავილებით - სახლების შუქით.
როგორ თენდება -
ცა ალუბლის მუსით დასვარეს.
შავი - არც ერთი ხმა არ ისმის,
გვძინავს ან ვკვდებით,
ფრთხილად ჭრიალებს იატაკი -
ჩანს - განაცრისფრდა,
ცისფერი - ტალღა ცხელ ტერფებზე,
დამშვიდდა სუნთქვა,
ქარმაც სამოსში შეინახა მტვრის და ნაცრის ფრთა.
წითელი - ლავა და ასოცი ვოლტი, ვოლტორნებს
ტრომბონებს, ტუბებს
ყველას ერთად უკრავს ორკესტრი,
შენი თითები ჩემს მუცელთან - მწვანე,
ლურჯი კი -
სანამ ოქროსფრად ინათებდა კოცნა მოგვესწრო…
შენ მეკითხები - სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს
დავყრუვდეთ
მე გეკითხები სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს
დავყრუვდეთ
მპასუხობ: შენი ათასფერი ტბები ამოშრა
გპასუხობ - შენი ათასფერი ყანა გადახმა
და მაშინ მზერაც კოცონივით გადაბრიალდა.
ჩემი ბრალია ეს ბრაილი
შენი ბრალია.
ახლომხედველის ტრაექტორია
ბედნიერება - ახლოხედვის ტრაექტორია...
ზედაპირი გლუვი, უნაკლო,
ფორმა - რბილი და არამკვეთრი -
(რაც ნიშნავს ლამაზს),
ფერები - ბაცი და ლიცლიცა -
მაძინებს ლამის
მოსიარულე შუქ-ჩრდილების უწყვეტ დენაში -
მე ასე ვხედავ ადამიანებს.
ბედნიერება - ახლოხედვის ტრაექტორია -
სწორედ ეს ჩემი მინუს ხუთი -
მზერის მანძილი -
მაძლევს უფლებას სულ სხვაგვარად გესიყვარულო -
ვთქვა - შენი ტკბილი, ტკბილი კანი,
ვთქვა შენი სუნი - რძიანი ბრინჯი -
შენი ხმა - თითქოს ორთქლი ასდის მოცხარის ჩაის -
ისე ვთქვა,
თითქოს გეფერები თვალახვეული.
ჭიანჭველებად გაცოცდება ბრაილი კანზე.
ბედნიერება - უფლებაა ვეღარ ვარჩევდე
ჩემს თავს სარკეში -
სილუეტი ძალიან მომწონს -
შეირხევა და უკვე პაა
და პასადობლი...
ბედნიერება - ახლოხედვის ტრაექტორია,
როცა ბოლომდე დავბრმავდები -
ალბათ სამოთხე.
მედუზა-გორგონა
როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ მოგატყუე.
ხდება, ყოველდღე ხდება
ხიდები, ხედები...
რადგან სიყვარულს დავმორჩილდი,
დავდივარ, ვისთვის – თავმოჭრილი,
ვისთვის კი – სარკე – შეხედვისას
ქვავდები,
ხევდები.
როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან
ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი
ჩემს სახელს,
(სახელს თავმოჭრილის)
ატარებს ფარად...
თუ ქვას მესვრიან,
იბრუნებენ პასუხს ქვებითვე...
რომ გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ მოგატყუე.
არაფერიც კი აღარ ხდება, ვსუნთქავ, ვარსებობ,
გული – მხუთავი სიმსივნეა მკერდში, ძუძუსთან,
მელოდიები ამოვჭერი, მუსიკის ავი თვისებები, მეტასტაზები,
რომელთაც მოაქვთ დაკარგული დღეების ხმები
გული – ქრისტესისხლას ბუჩქია,
ხმება.
ეჰ, ღირდეს მაინც – ღამით კისერს ჰკიდია ბეწვით
თავი – დილით კი მორჩენილი ჭრილობა მეწვის,
მერე, თავიდან...