პიესა

კობა ცხაკაია

იქ, სადაც სინათლეა

მოწიწებით ეძღვნება ბატონ ალექსანდრე ქუთათელის ხსოვნას და მის რომანს „პირისპირ”.

„ჩემი მომავალი ჩემს უკანაა, ჩემი ცხოვრება კი ჩემს წინაა _ გაშლილ სუფრაზე”.


მოქმედი პირნი:
პაატა
ვიტალი
თომა (მედეას მეზობელი)
მედეა (პაატას დედა, დემენციის ნიშნებით, რომელიც სპექტაკლის მსვლელობის დროს
სულ უფრო და უფრო იკვეთება)
გიაია (მედეას ნათლული და მეზობლის შვილი) ჯაბა (რუსუდანის მეზობელი და საყვარელი)
რუსუდანი (ლუარსაბის ცოლი)
ლუარსაბი (მედეას ძმა)
ანთიმოზი (მჭევრმეტყველი, კონფორმისტი, პროფესიონალი თამადა)
შესაძლებელია, სცენაზე გამოჩნდნენ ფოტოგრაფი, სუფრის წევრები _ სტუმრები,
სოფლის ლამაზმანები, მომსახურე პერსონალი.

პირველი მოქმედება

ისმის სიმღერა _ „მოდი, მოდი, გაზაფხულო”. სცენაზე პაატა და ვიტალი გამოდიან და უახლოვდებიან უზარმაზარ ხეს, რომლის ძირში, ხის წნულ სავარძელში, თომა ზის. მოშორებით გორაკზე ფართოაივნიანი მაღალი სახლი მოჩანს.

პაატა: _ ის ჩემი სახლია. აგერ, ძელქვებთან მდგარი ქოხი კი თომა ჩხეიძეს ეკუთვნის. ჯერ თომას ეზოში შევიდეთ.

ვიტალი: _ ქანცი გამძვრა ამ გზაზე.

პაატა: _ რა ვიცი, ხედები კი მოგეწონა, იჩემებდი უნდა დავხატოო?

ვიტალი: _ დასახატად კაია, გასავლელადაა ძნელი.

მათგან ზურგშექცევით მჯდარი თომა გაზეთს კიხულობს. ძაღლი ყეფას იწყებს. თომა მობრუნდება და მომხვდურებს დაინახავს. გაკვირვებული გასძახებს.

თომა: _ რომელი ხარ მანდ! პაატა?

თომა გადაეხვევა და გადაკოცნის პაატას.

თომა: _ საიდან სადაო, წმინდა საბაო! ასე შეუმჩნევლად როგორ მოიპარე?

პაატა: _ იცნობდე, ვიტალი წერეთელი, ელო ანჩაბაძის ქმარია.

თომა: _ ქვისლები ყოფილხართ. აგაშენათ ღმერთმა, ამ მიყრუებულ სოფელში დარჩენილი ბერიკაცი რომ მოინახულეთ, თუმცა, წელს ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგა: შენი ძმა და მისი ცოლი, დეიდაშენი და ბიძაშენი, ბიცოლაშენი ახალშენში გვესტუმრნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, შენი მეორე ძმა, ევგენი არის ახლა ჩვენგან შორს _ პარიზში; გუშინწინ ჩვენები ყველანი ბიძაშენთან _ ლუარსაბთან ზემოფხაში გაემგზავრნენ.

პაატა: _ დედაჩემიც ზემოფხაში წავიდა?

თომა: _ არა. ხომ იცი დედაშენის ამბავი, ახალშენის მიტოვება არ უყვარს. თანაც შემოდგომაა, რთველი კარზე მოგვადგა. ქალაქის ხალხის აყოლა სოფლელებს არ გვარგია. (იცინის. ვიტალის შეხედავს და აფუსუფუსდება). დაიცა, ეს ნამგზავრი სტუმარი ეზოში რად გაგიჩერებია?! შინ შემობრძანდით.

პაატა: _ არა, ჯერ დედა უნდა ვნახოთ, თორემ ეწყინება.

თომა: _ ჰო, ეს სიმართლეა. წავიდეთ თქვენსას. მადლობა ღმერთს, ქალები ზემოფხაში არიან, თორემ შენს ჩამოსვლაზე წივილ-კივილს ასტეხდნენ. მეზარება ქალების ლაქლაქი, ფლიდობა და ფოლორცობა. სამი მინუტი მადროვეთ და აქ გავჩნდები.

თომა გადის.

პაატა: _ აი, ეს არის ჩემი… ჩემ…

ვიტალია: _ (ხუმრობს) ესაა შენეთი.

პაატა: _ ჰოო, ჩემეთი.

ვიტალი: _ სადღაც არის კიდევ შეჩემეთი და თქვეჩემეთი.

პაატა: _ კი, დაუკრეფავებიც არის… იქ, არ გადავარდე.

თომა გამოცვლილი ტანსაცმელით სტუმრებთან გამოდის. მას ახალი მოხდენილი კოსტუმი და ჩაბალახიანი მოსასხამი აცვია. თავზე ელეგანტური შლიაპა ახურავს. ასეთ ტანისამოსში იგი უფრო ახოვანი ჩანს.

თომა ღობეზე გადასვლას არ კადრულობს და რიკულიანი პატარა ჭიშკარს აღებს. სტუმარს თავისი მეზობლის მედეას ეზოში შეუშვებს. ძაღლი ყეფას ატეხს.

ძაღლის ყეფაზე გიაია შემორბის და მოსულებს შორიდანვე მოჰკრავს თვალს.

გიაია: _ (გახარებული და გაოგნებული) დედაია!

თავქუდმოგლეჯილი გამოიქცევა, მაგრამ სათვალეებიან უცნობ კაცს და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ თომას რომ დაინახავს, დაირცხვენს და გაჩერდება.

პაატა: _ გამარჯობა, გიაია! რამხელა გაზრდილხარ. ახლა თითქმის მხრებამდე მწვდები!

პაატა ხელს ჩამოართმევს და გადაკოცნის. მერე ვიტალის გააცნობს.

პაატა: _ ეს ჩემი ძველი მეგობარია, გიაია ხვედელიძე, განთქმული მეველე, ცხენოსანი, მეთევზე, მოცურავე და ქრისტესფეხიმჭამელი.

გიაიას პაატა ჯიუტ და ხეშეშ ქოჩორზე ხელს გადაუსვამს.

თომა: _ გიაიას ვეღარ იცნობ. ეს უკვე ჭკუაში ჩავარდნილი, მუყაითი და მშრომელი ბიჭია!

გიაია თავს ჩაჰკიდებს. პაატა ნიკაპში ამოსდებს ხელს, თავს ააწევინებს და ბიჭს ჰკითხავს.

პაატა: _ ვითომ, დავიჯერო ყოველივე ეს?

გიაია პაატას ხელს შეიპყრობს, მოუჭერს და, პასუხის ნაცვლად, ეშმაკურად გაუცინებს.

პაატა: _ დედა სად არის?

გიაია: _ ბოსტანში?

ეზოს ჩქარი ნაბიჯით მომავალი დედა კვეთს. მედეა გაცისკროვნებული და მომღიმარი სახით მორბის შვილისაკენ, მაგრამ უცნობ კაცს, ვიტალის რომ დაინახავს, შედგება, წინსაფარს და თმას გაისწორებს და მერე ნელი ნაბიჯით მიუახლოვდება მოსულებს.

თომა: _ ქვისლები მოვიდნენ, მედეა, ქვისლები!

მედეა: _ ძალიან სასიამოვნია, ახალშენში ჩამოსვლა რომ გადაგიწყვეტიათ, მაგრამ მიკვირს, ქალები რად არ ჩამოიყვანეთ?

პაატა გვერდზე გაიხედავს. უხერხულ სიჩუმეს ვიტალი დაარღვევს.

ვიტალი: _ საქმე ჰქონდათ… ვერ წამოვიდნენ…

თომა: _ რაღა მაინცდამაინც ახლა წავიდნენ ჩვენები ზემოფხაში! რა გაეწყობა, ნუ გეშინიათ: ჩვენ აქ უკეთეს დროს გავატარებთ. მართალი გითხრათ, ცოტა მწყდება გული. ეჰ, ზოგიერთს რას დავეძებ, მით უმეტეს ქალებს. მათ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი პოეზია და მხატვრობა. ოღონდ აჭამე და ასვი, ჩააცვი და დაახურე და ბინა კარგი მოუწყვე, ეგ არის დაეგ… ხვალ ზემოფხაში ახვალთ და თვითონ დარწმუნდებით.

მედეა: _ არა, ხვალ პაატას და მის მეგობარს ზემოფხაში არ გავუშვებ. (თომას) შენ გაართობ აქ პოეზიით და სიმღერებით. ზეგ კი ყველანი გავწევთ ზემოფხასკენ. კვირას ლუარსაბის ბავშვის _ კონსტანტინეს ნათლობაა დანიშნული, ენაცვალოს მამიდა.

თომა: _ ჩინებულია! მაშ, დღეს აქ, მედეასთან ვქეიფობთ, ხვალ _ ჩემთან, ზეგ კი _ ლუარსაბთან, ზემოფხაში! (მღერის) Накинув плащ, с гитарой под полою… (ხარხარებს) ლხინი და სიმღერა თუ იცის შენმა ქვისლმა?

პაატა: _ ვიტალის კონსერვატორია აქვს დამთავრებული. მხატვარიც არის, ამის სურათები გამოფენაზე იყო. თანაც ოპერის თეატრის დეკორატორია.

თომა: _ ბიჭოს! რა ქვისლი გყოლია! ისე, მართალი გითხრა, შენი მწერლობა მეეჭვებოდა, მაგრამ ეს ბოლო მოთხრობა ძალიან მომეწონა `გოჩა ესებუას უკვდავება”. ამ მოთხრობისთვის ტყუილად არ გიწოდებენ ზვიადისტს და ნაციონალისტს. მოთხრობაში მეც რომ გამომჭიმე, მადლობას გიძღვნი. ჩემი სახელი და გვარი თუმცა შეგიცვლია, მაგრამ ყველამ, ვინც კი შენი მოთხრობა წაიკითხა, მაშინვე მიცნო. სამშვიდობო მისიაში რომ ყოფილხარ და თალიბი მოგიკლავს, გავიგეთ. მერე ტელევიზორში ვნახე შენი ვარჯიში სტადიონზე. ნიჭიერი და მაგარი ხალხი ეზრდება, მედეა, ჩვენს ქვეყანას, ნიჭიერი!

მედეა: _ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორ არის უნივერსიტეტში საქმე?

პაატა: _ მეორე კურსზე გადავედი. ვფიქრობ, სამ წელიწადში დავამთავრო.

თომა: _ ყოჩაღ! (ვიტალის) მაშ თქვენ მხატვარი ბრძანდებით? მე მიყვარს ფერწერა, მაგრამ პოეზიასა და მუსიკას უფრო მაღლა ვაყენებ.

ვიტალი: _ ლეონარდო დავინჩი ამბობს: _ ფერწერა მუნჯი პოეზიაა, პოეზია კი ბრმა ფერწერაო.

თომა: _ რა კარგად და მოხდენილად უთქვამს. რა ღრმა აზრია! ფერწერა მუნჯი პოეზიაა, პოეზია კი ბრმა ფერწერა! _ ეს უსათუოდ უბის წიგნაკში უნდა ჩავიწერო.

(მღერის) Накинув плащ, с гитарой под полою…

მას სხვებიც აჰყვებიან. ყველანი აივანზე გაშლილი მაგიდისკენ მიემართებიან, სადაც სტუმრები იყრიან თავს. სასწრაფოდ შემოაქვთ ღვინო და კერძები. მედეა პაატას და ვიტალის მიუახლოვდება.

მედეა: _ მე ამას წინათ გკითხეთ, თქვენ კი არ მიპასუხეთ: რად არ ჩამოიყვანეთ თქვენ დაპაატამ ახალშენში ელო და ნინო?

ვიტალი ხმას ვერ იღებს, ის პაატას უყურებს. პაატა თავს ჩაქინდრავს და ხმას არ იღებს.

მედეა: _ (პაატას) რად არ ჩამოიყვანე ნინო?

პაატა:_ (დარცხვენით) ნინო ავად არის. მგონი, ციება შეეყარა ქობულეთში.

მედეა: _ ციება?!

პაატა: _ (გაღიზიანებული) რა ვიცი, დედაჩემო, რა შეეყარა _ ციება თუ უჟმური!

მედეა რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ამ დროს საუბარში თომა ერთვება.

თომა: _ ახირებული ქალი ხარ, მედეა. ასტამურ და ვარდო ანჩაბაძეები პაატას ანდობდნენ ქალს? ვერ ხედავ, კუდამოძუებული რომ ჩამობრძანდა ახალშენში? (სიცილით) ვიტალი, პანღური ხომ არ ჰკრეს და გამოაძევეს ზიაპშიპებმა ქობულეთიდან ეს ბიჭი?

ვიტალი: _ (ნაძალადევად იცინის) რასა ბრძანებთ?!

თომა:_ (პაატას) აბა, მაშინ რად მოიწყინე?

პაატა შეხედავს თომას, ნაღვლიანად გაიცინებს და ცოტა ხნის მერე მიუგებს.

პაატა: _ გზად თრუსოს ხეობა ვინახულეთ, იქ დარჩენილი ნასახლარები და ტაძრები და ის მომაგონდა.

თომა: _ ო, თრუსოს ხეობა დიდებული რამ არის!

პაატა: _ ახლა რაღაა! აბა, გონების თვალით წარმოიდგინე ეგ მხარე, დაუნგრეველი და გაუვერანებელი რომ იყოს, რა ბუმბერაზი და მართლაც დიდებული სანახავი იქნებოდა!

თომა; _ გაბრიელ ეპისკოპოსი განათლებული და მორწმუნე კაცი იყო. მან დაწერა „ქადაგებანი” და მეცნიერული შრომა „ფსიქოლოგია”. მე მისი შორეული ნათესავი ვარ.

ქალაქში სწავლის დროს მასთან ვცხოვრობდი. იგი მზრდიდა. გაბრიელი წინათ საერო კაცი იყო და უბედურება შეემთხვა: უეცრად ცოლ-შვილი გარდაეცვალა და ამის შემდეგ გულმოკლული ბერად აღიკვეცა, მერე ეპისკოპოსად აკურთხეს. თქვენ უთუოდ ნახავდით ხეობის შესასვლელში, ხოხის ქედზე წინ საეპისკოპოსო სახლს. გაბრიელი იქ ცხოვრობდა. ცოლ-შვილის გარდაცვალების გამო იგი დასნეულდა კიდეც და სულით დაავადების ნიშნებიც დაეტყო. მისი ნათელი სახე ახლაც თვალწინ მიდგას. ბურმასიგის მაღლობზე დაჯდებოდა საღამო ჟამს, ხეობის დიდებულ ხედს გასცქეროდა საათობით და რაზე ფიქრობდა ის ბრძენი კაცი, ვინ იცის? იქნებ, დაკარგულ ცოლ-შვილზე? იქნებ, საქართველოს წარსულ დიდებას მისტიროდა! არასოდეს დამავიწყდება მისი ცხოვრების უკანასკნელი წუთები. იგი კიდევ უფრო დასნეულდა და ბოლოს ლოგინდა ჩავარდა. ხშირად მივდიოდი სანახავად. სიკვდილის ჟამს არ მოვშორებულვარ მის სასთუმალს, თუმცა ძალიან ძნელი იყო ნახევრად მკვდარი კაცის შექცევა, მით უფრო ყმაწვილისთვის. ჰოდა, მისი აღსასრულის ჟამიც დადგა. ერთხელ ცნობადაკარგულმა მოხუცმა შემომხედა და ვერ მიცნო. საწოლზე წამოიწია და აღელვებით მკითხა: `მითხარი, სად არის ჩემი ცოლ-შვილი?” ცოლ-შვილის დარდი სტანჯავდა და არ ასვენებდა უბედურს. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივუგე: `სამოთხეში არის, ბატონო-მეთქი”. უნდა გენახათ, როგორ გაბრწყინდა მანამდე შეძრწუნებული მისი სახე. თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო და მითხრა: იცოცხლე და იხარე, რა კეთილი და ღვთისნიერი კაცი ყოფილხარ, შენგან ნამდვილი ადამიანი გამოვა.

პაატა: _ რა საინტერესო ამბავია!.. ამ თემაზე შეიძლება შესანიშნავი მოთხრობა დაიწეროს! (თომას) ნეტავ, ღმერთი, ქრისტეს აღდგომა, სამოთხე და უკვდავება ნამდვილად თუ სწამდა გაბრიელს?

მედეა: _ შე კაცო, გაბრიელ ეპისკოპოსს ქრისტე ღმერთი, უკვდავება და სამოთხე რომ ეწამებოდა, ნუთუ გეეჭვება?

პაატა: _ არა, დედა, აქ მეტად საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გაბრიელი ხომ განათლებული, ფსიქოლოგიის განხრით მომუშავე კაცი იყო. შეუძლებელია, ღრმად არ ეფიქრა მას სიცოცხლისა და სიკვდილის, სიზმრების, ხორცისა და სულის შესახებ. ბოლოს და ბოლოს ამ საკითხებზე ფიქრმა მიიყვანა ამქვეყნად არსებული ყველა ხალხი ღმერთის, იმქვეყნიური ცხოვრებისა და ადამიანის სულის უკვდავების იდეამდე. შეუძლებელია ისეთ მეცნიერ კაცს, როგორიც გაბრიელი იყო, სწამებოდა ის, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს: ადამიანის აღდგომა და სამარადჟამო ცხოვრება, სულის უკვდავება და სამოთხე. ანატომიასა და ფიზიოლოგიას ვინც კი გასცნობია, მან კარგად იცის, რომ მკვდრის გაცოცხლება შეუძლებელია, ადამიანის სიკვდილთან ერთად კვდება არა მარტო ყველა ფიზიოლოგიური სიცოცხლის ფუნქცია, არამედ ქრება სულიც, რადგან სული, რაგინდ მაღალი და საოცარი არ უნდა იყოს, ადამიანის სხეულში მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესების შედეგია, ცოცხალი სხეულის სასიცოცხლო პროცესების გამოვლენა, ტვინიერი ფუნქციების ჯამია და სხვა არაფერი. ჰოდა, როგორ შეიძლება გაბრიელს, მეცნიერ, ფსიქოლოგ კაცს, სულის უკვდავება, მკვდართა აღდგომა და სამოთხეში მათი გადასახლება ერწმუნებინა?

თომა: _ მართალი გითხრა, მე ამ საკითხზე ასე დაწვრილებით არ მიფიქრია და ვერ გეტყვი, გაბრიელ ეპისკოპოსს მართლა სწამდა თუ არა ღმერთი, ადამიანის სულის უკვდავება და სამოთხე. `შენი ცოლ-შვილი სამოთხეში არისო, დასამშვიდებლად ვუთხარი მოკვდავს”. განა, მართლა მწამდა?! ალბათ, მაშინ ზღაპრად მიმაჩნდა ქრისტეს აღდგომა, ადამიანის სულის უკვდავება და სამოთხეც. დასამშვიდებლად ვუთხარი მოკვდავს. ესეც, ხომ კარგი რამეა?

პაატა: _ მეც მანდა ვარ! დასამშვიდებლად უთხარი მოკვდავს… მაგრამ საკითხავია: ეს, მართლა კარგი რამეა, როცა არ ხარ დარწმუნებული და მომაკვდავს ატყუებ? საერთოდ, სიკეთე, ან კარგი _ რა არის, ვიცით?

მედეა: _ არ ვიცით და მაშინ გვირჩიე, რა გზას დავადგეთ?

ვიტალი: _ სანამ გზას დავადგებით, მიზანი უნდა გვქონდეს, აბა ისე გზაზე ხეტიალს რა აზრი აქვს?

პაატა: _ მთავარი მიზანი კი არა, გზაა.

თომა: _ შენ ისე მოგეწონა და გაგიტაცა ამ ამბავმა, რომ შეიძლება მოთხრობაც დაწერო.

პაატა: _ გაბრიელის უკანასკნელი დღეები, და განსაკუთრებით ეს შემთხვევა, მართლაც საინტერესო თემაა, მაგრამ იგი დიდად ნიჭიერ და ფართო გონების მქონე მწერალს მოითხოვს.

შემოაქვთ ახალი კერძი, აღფრთოვანებული სუფრის წევრების ყურადღება გადადის ამ კულინარიულ საოცრებაზე. `ვინ შეჭამა ვენახი” _ წამოიწყებენ და საუბრის თემა ამით იწურება. პაატა ყურადღებას მიაქცევს მდუმარე და მძიმე ფიქრებში წასულ დედას.

პაატა: _ დიდი ხანია, ამგვარად ჩაცმული და მოკაზმული არ მინახავხარ, დედაჩემო. ალბათ, ვიღაც დიდ, წარჩინებულ და პატივსაცემ სტუმარს მოელი?!

მედეა: _ არავის არ მოველი, შვილო, მაგრამ დახეულ-დაგლეჯილი რისთვის უნდა ვეჩვენო ვიტალი წერეთელს? იცოდეს, რა ოჯახის შვილი ხარ.

პაატა: _ ვიტალი წერეთელი ასეთ საზეიმო დახვედრის ღირსი არ არის.

მედეა _ როგორ? იგი მალე შენი ქვისლი გახდება, თანაც მხატვარი და მომღერალი ყოფილა. მისი თვალი ყველაფერს ამჩნევს… არ მინდა, ძიაფშიპებს ჩემზე რამე ცუდი უთხრას.

პაატა: _ რაც სათქმელი იყო, უკვე უთხრა. ახლა გვიანღაა.

მედეა: _ როგორ?

პაატა: _ მას ენაზე არაფერი არ ამაგრდება. იგი ერთი ბედოვლათი, უნებისყოფო, ლოთი, უზნეო და ავადმყოფი კაცია.

მედეა: _ რა ჭირს?

პაატა: _ ცუდი ზნე ჭირს: ბულემია, ვერ ძღება, რასაც უკვე ხედავ და კიდევ _ კლეპტომანია. მეშინია, არ გაიღვიძოს და სასტუმროში რაიმე არ აცანცლოს.

მედეა: _ საცოდავი, როგორი განათლებული, კულტურული და წესიერი კაცი ჩანს!

პაატა: _ ჩანს მხოლოდ, სხვა კი არა, მშობლებს პარავს ფულსა და ნივთებს. მიკვირს, რად დაჰყვა ასეთი ზნე! მამამისი დეპუტატია, მაგრამ წესიერი კაცია, დედა კი კეთილი, გულმართალი, ღვთისნიერი სლავი ქალია.

მედეა: _ რად მოათრევდი ახალშენში ქურდსა და უზნეო კაცს?

პაატა: _ რა ვუყო? ამეკიდა და არ მომეშვა…

ვიტალი „დაიგვიანეს” იწყებს, მისი შესრულება ყველას აჯადოებს. მედეა აღფრთოვანებით შესცქერის მას.

მედეა: _ მართალი გითხრა, ძალიან მიკვირს შენი ლაპარაკი. მან ჩემზე ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იგი შენს გულითად მეგობრად ჩავთვალე. ძმადნაფიცი და ძმაკაცი მეგონა. შენ კი რას ამბობ?

პაატა: _ საქმეც ეგ არის. განა უნიჭოა და უჭკუო! მას შეუძლია, იყოს ვისიმე მეგობარი, უყვარდეს კიდეც იგი და, ამავე დროს, უღალატოს მას. ვიტალი შინაგანად დაცლილი, განწირული კაცია.

მედეა ჩაფიქრდება. პაატას აკვირდება.

მედეა: _ რა ბოროტება ჩაიდინა მან შენ წინაშე?

პაატა: _ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვი: იგი შურიანი კაცია, ცოლი დასცინის და მონასავით მბრძანებლობს.

მედეა: _ რა ცუდი ქალი ყოფილა.

პაატა: _ ელო? ელო ისტერიით დაავადებული ქალია.

მედეა: _ მიკვირს.

პაატა: _ ხომ იცი, ქალაქში ბევრი გადაგვარებული შეგხვდება. ელო ხან გაეყრება და ხანაც შეურიგდება ქმარს. როდესაც ვიტალის უთანხმოება მოსდის ცოლთან და საქმე გაყრაზე მიდგება, მაშინ იგი ცდილობს, ნინოსაც შეაძულოს ჩემი თავი და ჩემსა და ნინოს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს.

მედეა: _ რა ანგარიშია მისთვის?

პაატა: _ თუ მე არ ვიქნები ანჩაბაძეების სიძე, დაე, ჩემი მეგობარიც ნუ იქნებაო, ფიქრობს. ასე უხდის იგი ელოსა და ძიაპშიპებს სამაგიეროს შეურაცხყოფისთვის.

მედეა: _ რა უცნაური კაცი ყოფილა! შენ ასეთ კაცთან მეგობრობას არ გირჩევ (ჩაფიქრდება და ამოიოხრებს). ყველაფერი რიგზე არ ყოფილა შენსა და ნინოს შორის. მე ვიგრძენი ეს. არ მომეწონა შენი ნათქვამი: რა ვიცი, ნინოს ციება თუ უჟმური შეეყარაო. საყვარელ ქალზე ასე არ ამბობენ. იქნებ, არც კი არის ავად და ახალშენში წამოსვლა არ ისურვა, რადგან შენით არის უკმაყოფილო. მითხარი რა მოხდა?

პაატა: _ არაფერი ისეთი არ მომხდარა.

მედეა: _ მიდი, სტუმრებს მიხედე, თუ დაპატიჟე, მასპინძლობაც უნდა გაუწიო.

პაატა სიმღერით გართულ თანამესუფრეებს მიუბრუნდება.

თომა: _ მოვახტებოდი მამაჩემის ლურჯას, გავინავარდებდი საგინეთის ტყეში, ბზიფისწყალში, რიწაზე და მერე შევიჭრებოდი ქალაქში, სადაც მელოდნენ მეგობრები, თეატრი, მუზეუმები და ათასი სანახაობა. თვალწინ მიდგას ეროსი, ოთარი, რამაზი, სერგო, იპოლიტე, მათი _ ყვარყვარე, აზდაკი, გიორგი მეფე, დევი, ფეოლა… ბარაქალა მათ დედებს დაიმ ოჯახებში დარწეულ აკვნებს, სადაც ისინი გაიზარდნენ. როგორ გვატკბობდნენ ისინი თავისი ჯადოსნური და ღვთიური თამაშით?! მერე, ნაქეიფარი, დაღლილი და დაქანცული ვბრუნდებოდი ქალაქიდან სოფელში. თან მომქონდა გაუმაძღარი სურვილები. არ მაკმაყოფილებდა უზრუნველი ცხოვრება, სიმდიდრე, ფუფუნება, კომფორტი, ეზო-გარემო, სახლი, არც ეს წარმტაცი აივანი, საიდანაც ასე ნათლად მოჩანს თეთნულდი, უშბა, იალბუზი. სევდიანი თვალი იღლებოდა კავკასიონის ქედებისა და მწვერვალების ცქერით. მაგონდებოდა ნაცნობი სიტყვები: „И НАД РАВНИНАМИ КАВКАЗА, ИЗГНАННИК РАЯ ПРОЛЕТАЛ…” პაატაზე ცოტა უფროსი ვიქნებოდი, როს დავუკარგე მშვიდობა სულსა და ის, რაც დემონსა და სატანაზე იყო თქმული: `Собранье зол -его стихия”, ადამიანზე ზედგამოჭრილი მიმაჩნდა. ამ სახლის აივანს ვიზეპირებდი კაეშნით მოცულ ბარათაშვილის „სულო ბოროტოს”, ლერმონტოვის „დემონს”, ბაირონის „მანფრედს”, უნებისყოფო და ეჭვით შეპყრობილი დანიის პრინცის _ ჰამლეტის მონოლოგს „ყოფნა-არყოფნას”. სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების ახალგაზრდაში რა იწვევდა სასოწარკვეთილებასა და პესიმიზმს, დღეს კი ვიცი. ნუ გავიწყდებათ, რომ მე გარს მერტყნენ კორუფციონერები, უქნარები, კომბინატორები, კარიერისტები, სხვისი ტანჯვითა და შრომით გამაძღარნი. შევიგნე ყოველივე ეს და ხმაც ავიმაღლე: გავექეცი ამ წრეს და მოვედი იქ, სადაც ახლა ვარ. ეს ყველაფერი _ გარემო, აქაურობა _ უფრო დიდი მკურნალია პიროვნების და მისი სულისა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ამ ბედუკუღმართი გზის გავლა, რადგან ჩემზე უფრო ბედნიერი თაობის, რევოლუციის და თავისუფლების შვილები ხართ!

მედეა: _ ვინ იცის, საბოლოოდ რომელი თაობა აღმოჩნდება უფრო ბედნიერი!

თომა: _ ჰოდა, გვირჩიე, რა გზას დავადგეთ, ბედნიერი თაობა რომ გვყავდეს. დაგვანახე გზა ჩვენი საერთო მიზნის _ აფხაზეთის დასაბრუნებლად?

მედეა: ის გზაა სწორი, რომელსაც მიმდევრები გამოუჩნდება და არა ის, რომელიც მიზანთან მიგვიყვანს. მიზანი გზაზე უფრო მეტი ვერასოდეს გახდება.

თომა: _ რატომ ართულებ ცხოვრებას, ნუთუ, ასე გეეჭვება ყველაფერი? მასე თუ ვიფიქრეთ, პროგრესი და წინსვლაც აღარ კი იქნება.

მედეა: _ რა მოგვიტანა რევოლუციამ და თავისუფლებამ? წარსული და თანამედროვე ერთმანეთს შეაჯახა. უამრავი რამ დაანგრია და გაანადგურა. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად გვაქცია, უფრო სწორედ, „იძულებულ გადაადგილებულებად”. თაობა დაასახიჩრა და უამრავი გულანთებული იმსხვერპლა. ნუთუ ეს წინსვლა გგონია?

თომა: _ ცინიკურია, სასტიკია, მაგრამ მაინც ვიტყვი ამ სიმართლეს _ „განა შეიძლება გამოიჩეკოს წიწილა, თუ არ გატეხა კვერცხის ნაჭუჭი?!”

მედეა: _ კომუნისტებიც იგივეს ამბობდნენ: _ „ტყეს ჩეხენ, ნაფოტი ცვივა!” მაინც სესერეკა ხარ, ჩემო თომა, სესერეკა.

თომა: _ ვერ გავექცევი მაგ სიმართლეს ვერსად _ „დაე მუდამ იყოს მზეზე” გაზრდილები ვართ ორივე.

ვიტალი იწყებს სიმღერას „დაე მუდამ იყოს მზე”. მას ყველა აჰყვება.

პაატა: _ გიაია, მოდი, ბიჭო. ქეიფის მერე სათევზაოდ არ წავიდეთ?

ვიტალი: _ სათევზაოდ? წავიდეთ!

გიაია: _ კი, აბა რა!

პაატა: _ ბადე რა დღეშია?

გიაია: _ ჯერ კიდევ გვემსახურება!

პაატა: _ მაშ, წადი, გამართე.

მედეა:_ (პაატას) ხვალ კონსტანტინეს ნათლობაზე მივდივართ და არ დააგვიანოთ.

პაატა: _ (დედას) დედა! (ვიტალის) რომ იცოდე, რამდენი თევზი ამოჰყავს ბადეს! კალმახები! კალმახები!

ვიტალი: _ ლაქებიანი კალმახები?

პაატა: _ წინწკლებიანი! წინწკლებიანი!

გახალისებული ვიტალი პაატას დაეტაკება და ჭიდაობაში იწვევს. ვიტალი ღონიერია, მაღალი, ზორბა, ძვალმსხვილი, მხრებში ოდნავ მოხრილი, პაატა _ წელში წვრილი, ბეჭებგანიერი და მკერდმაღალი, გავარჯიშებული და დაკუნთული. ვიტალი ხელს წაავლებს კისერში და ძალუმად შეარყევს. პაატა მარჯვენა ხელს ჩასჭიდებს მარცხენა ხელის მაჯაში, მარცხენას კი კავივით ამოსდებს იღლიაში. სწრაფად მოიზიდავს, ვიტალის შეაბრუნებს, ზურგზე მოაქცევს და მიწაზე დადებს. ვიტალი წამოიჭრება, ბეც, უსათვალო, ბრაზიან თვალებს დააცეცებს და პაატას კვლავ ეცემა. ახლა მარჯვენა ხელის მაჯაში ჩასჭიდებს მარცხენა ხელს პაატა, ზურგით შემოაბრუნებს, დაჭერილ ხელს ტანის მთელი სიმძიმით დააწვება და მიწაზე დაეშვება. ვიტალი გადაჰყვება და პაატას ქვეშ მოხვდება. ახლა უფროგამწარდება ვიტალი, მოულოდნელად შეუვარდება წელში პაატას, მაგრამ პაატა ფეხზე მაგრად დგას, ხელისგულებით მიაწვება ნიკაპზე ვიტალის და წელზე შემოხვეული ხელებით სალტეს აწყვეტინებს. შებრუნდება, ზურგით მოექცევა მოწინააღმდეგეს, კისერში წაავლებს ხელებს, წამოიკიდებს, წამოიღებს და ამოდენა კაცს უმოწყალოდ დააგდებს ძირს. დაგდებისგან ვიტალი ჰაერს აფუჭებს და უფრო მეტად ცხარდება. თომა, სტუმრის შერცხვენა რომ გადაფაროს, მოჭიდავეებს მიაძახებს.

თომა: _ რიყეზე ჭიდაობა ვის გაუგონია, რამეს იტკენთ!

ვიტალი: _ ეგ ხერხით მჯობნის და არა ღონით. აბა, მოდი, ლოდები ავწიოთ.

ვიტალი იქვე ღობესთან დადებულ დიდ ლოდს დაეჭიდება და თავისუფლად აწევს. პაატას გაუჭირდება. ვიტალი ახლა უფრო დიდ ლოდს შეარჩევს, მკერდამდე მიიტანს, ფეხები აუძაგძაგდება და გაჭირვებით, მაგრამ მაინც ასწევს. დააგდებს ლოდს, მოიდრიკება წელში და იწყებს ქოშინს. პაატა მკერდამდეც ვერ მიიტანს ლოდს. თომა ვიტალის შეაქებს.

თომა: _ ჰერკულესი ყოფილხარ, ვიტალი ბატონო! პაატა, შენ კი გენაცვალე მოხერხებულობასა და სიმარდეში!

“ჩემო ტკბილო მეგობარო” _ იწყებს თომა და მას სხვებიც აჰყვებიან. ჩაბნელება.

პირველი მოქმედების დასარული.

მეორე მოქმედება

ისმის სიმღერა „მე და ჩემი ლურჯა ცხენი”. მედეა, თომა, პაატა, ვიტალი და გიაია ლუარსაბის ჭიშკარს მოადგნენ. ძაღლები ყეფას ატეხენ. ორსართულიანი გაჩირაღდნებული აივნიდან ლუარსაბის მეუღლე რუსუდანი და მეზობელი ჯაბა გადმოდგებიან და დაიძახებენ.

ჯაბა: _ რომელი ხარ?

თომა: _ ყაჩაღები ვართ, ჭიშკარი გაგვიღე, მალე!

რუსუდანი: _ უიმე, ეს ნამდვილად შეჩვენებული თომა არის! (მედეას) მედეა, გენაცვალე, ამ შუაღამით რამ ამოგიყვანათ ზემოფხაში? ადრე ვერ წამოხვედით ახალშენიდან?

მედეა: _ ხომ იცი, თომას ამბავი! მწერალი და მხატვარი ხელთ იგდო და, სანამ ლაპარაკით გული არ იჯერა, ახალშენიდან ვერ გამოეტია და დაგვაგვიანა.

რუსუდანი: _ (პაატას) ნინო სად არის, ბიჭო?

პაატა: _ ავად არის, ვერ წამოვიდა.

რუსუდანი: _ უი, საცოდავი! რა მოუვიდა? იმას ენაცვალოს ბიცოლა. (ვიტალის) ნინო, რომ კარგად ყოფილიყო და წამოსვლა შესძლებოდა, ალბათ, თქვენი მეუღლე, ქალბატონი ელოც წამობრძანდებოდა! დიდად დამწყვიტა გული ნინოს და ელოს მოუსვლელობამ, მაგრამ თქვენ რომ გვიკადრეთ და მთაში მივარდნილ, ამ ყრუ სოფელში ჩამობრძანდით, ეგეც დიდი საჩუქარია ჩვენთვის, ჩემო ბატონო.

ვიტალი: _ დიდი მადლობა.

ყავარჯნებმომარჯვებული ლუარსაბი ძლივს ჩამოდის კიბეზე. მას ფეხები დასიებია ლოთობისგან, უზომო ჭამისა და უძრაობისგან. იგი საგრძნობლად დაბერებულა. სვანური ნაბდის ქუდი ახურავს. შავი სატინის გრძელ ხალათზე თხელი პიჯაკი მოუსხამს. გაუპარსავი წვერ-ულვაში მოხეტიალე მეწვრილმანესავით გაბურძგვნია. უზომოდ გაზრდილ ღიპზე პერანგი არ წვდება.

ლუარსაბი: _ რა ამბავია, ბოშო? არ მეტყვით, ვინ ჩამოვიდა?

სალომე: _ მედეა, პაატა და თომა.

ლუარსაბი:_ რომელი, ბოშო? ჩემი საყვარელი დაია და ჩემი საყვარელი ძმისწული?

სალომე:_ დიახ, ბატონო.

ლუარსაბი: _ უი, საყვარელო!

ლუარსაბის უკან ბავშვის ტირილი მოისმის. ლუარსაბი ბავშვის ხმის გაგონებაზე ბრაზდება.

ლუარსაბი: _ გაგიჟდით, ბოშო! რამ გამოგასულელათ? სად მოაპორწიალებთ ამ ნამძინარევ თოთო ბავშვს?! ცა გამეხსნა, ღმერთმა მისმინა, შვილი მაღირსა და გინდა ახლა გამიცივოთ და დამღუპოთ? შეიყვანეთ ახლავე ოთახში! (ბავშვს) ალა, ალა, ნუ იტილებ, ჩემო სულო, ჩემო გულო, ჩემო ტკბილო კონსტანტინე! (პირჯვარს იწერს). აწი თუ მოვკვდები, ანასუნ ჩემს საქმეს!

ლუარსაბი ამ სიტყვებით ბავშვის ოთახში გადის. ისმის სიმღერა “სიყვარულმან მოგიყვანა”. სუფრის წინ დგას ანთიმოზი და სივრცეს გაჰყურებს.

ანთიმოზი: _ თვალის მსგავსი ადამიანს არა გააჩნია რა! ქვეყანას, რომელსაც ვხედავთ, ვერ აღვიქვამდით და შევიცნობდით უმისოდ. თვალის საშუალებით გადავცემთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენს განცდას, აზრს, სიყვარულის გრძნობას. თვალის საშუალებით ვწვდებით სილამაზეს. გოეთე ერთ თავის ელეგიაში ამბობს: განა ყველაზე უკეთ მაშინ არ ვწვდებით სილამაზეს, როდესაც ლამაზი ასულის აღნაგობას თვალხილული ხელით ვსინჯავთო!

თომა: _ არა, არა, ძმაო, არც ერთი წესიერი გოგონა არ დაუშვებს, რომ პოეტი თვალხილული ხელით შეეხოს მის შიშველ სხეულს. ვინ მოგაკიდებინებს ხელს რამეზე?

ატყდება სიცილ-ხარხარი.

ანთიმოზი: _ რა აუტანელი ხარ, თომა! მე ესთეტიკურ საკითხებზე, სილამაზის ცნებაზე მოგახსენებ, შენ კი ყველაფერი ოხუნჯობამდე დაგყავს!

თომა: _ არ გეწყინოს, პლატო, მე განზრახ ვლაპარაკობ ასე. მინდა, ციდან დედამიწაზე დაეშვა, სადაც ტალახი, კამეჩის განავალი, ნეხვი შეგხვდება, იქ, სადაც, ადამიანთა, ცხოველთა და ფრინველთა სკორეა… ისე, რომ იცოდე, ნეხვი სოფლად მომუშავეებს ხანდახან ოქროს ფასად გვიღირს.

ანთიმოზი: _ ვინ მოგახსენათ, რომ მე მიწას გავურბი? პირიქით, მე მიწის სჯულს და მის ძალას ვქადაგებ და არა ევროპის რაფინირებულ კულტურას, ცივილიზაციას. მე გავექეცი ქალაქს იმისათვის, რომ თავი შევაფარო სოფელს, მიწის პირველყოფილ სინედლეს. თქვენს კულტურას!.. ხალხი ერთმანეთს ანადგურებს. მე არც ერთი მათგანის მხარეზე არა ვარ, ვინაიდან ისინიც და ესენიც მატერიალური დოვლათის გადალაგებისათვის და გადანაწილებისათვის ზრუნავენ და ებრძვიან ერთმანეთს და არა ადამიანში უკვე დაკარგული სულის აღდგენისათვის. მე სულ სხვა ყოფასა და ხანას შევტრფი.

თომა: _ მაინც?

ანთიმოზი: _ მე შევნატრი უძველეს ხანას, ბედნიერსა და ნეტარს, როდესაც არ იყვნენ ცათამწვდენები, მანქანები, ასფალტი, რკინა-ბეტონი, ოქრო. მიწაში ცხოვრობდნენ, პირველყოფილი კავით ხნავდნენ ყველასათვის სამყოფ დედამიწას, ხელით რთავდნენ და ქსოვდნენ ცხვრის მატყლისაგან შალს. მშვილდ-ისრით ნადირობდნენ. მაშინ მიჯნურობაც და ზნეობაც მაღალი იყო, ქალიც _ ჯანსაღი, გულწრფელი, უბრალო და სადა. იგი დიდად განირჩეოდა ევროპული კულტურით გარყვნილი ქალისგან, კრეპდეშინებითა და ფაიდეშინებით განებივრებულ, სისხლნაკლულ, უსაქმო, ანგარებით სავსე, ცბიერი და მოღალატე დიაცისგან.

ლუარსაბი სანთელს ანთებს. სუფრის წევრები მას გაკვირვებულნი უყურებენ.

ლუარსაბი: _ ძმებო, ძვირფასო სუფრის წევრებო, ერთხელ მეტროთი მივდიოდი და უცებ დინამიკები აშრიალდა, აფხაჭუნდა და დიქტორი აცხადებს: _ „შემდეგი გაჩერება სოფელი თავისუფლება”… ჩვეულებრივი მეტროს ვაგონი იყო. კი ვიცოდი, რომ ასეთი რამე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ადამიანი ვარ. სუსტი არსება და… და ძალიან… ძალიან გამიხარდა! ყურებს არ დავუჯერე, „სოფელი თავისუფლებაო” _ ჩემი სოფელი. გავიხედე, ისე მკაფიოდ დავინახე ფანჯარაში _ თეთრი ქვით მოკირწყლული შარაგზა, მუშმალა, მანდარინისა და ფორთოხლის ხეები… „ბარათაშვილის წყარო” როგორ გამოვტოვეთ-მეთქი, მე ყელგამომშრალმა და ჩემი სოხუმის წყალს დანატრებულმა. კი გავიფიქრე, ეს სინამდვილე არაა-მეთქი, მეჩვენება მე უბედურს-მეთქი, მაგრამ მაინც გავბრაზდი. მივადექი ფანჯარას და დავინახე მესაფლვე იგორას სახლის ჟანგიანი ცისფერი ღობე. გვერდზე გადაქცეული მისი კაზაკური „ხატა”. მერე, ჩემი მეზობელი ედემის ვარდები და უკან ერთსართულიანი ბინა აივნით… უჰ, რამდენი ჭაჭა გვაქვს იქ დალეული?! კი არ ავტირდი, როგორც აქამდე ვტიროდი, არამედ გავმგელდი. გავცოფდი. მემანქანეს თუ ვიღაცას ვუყვირე, „ჯერ `პიტომნიკი” რატომ არ გამოაცხადე, მერე `ელენეს წყარო” და მერე `ბარათაშვილის წყარო-მეთქი”. თურმე ხმას ვერ ვიღებ სინამდვილეში, ვაღებ პირს თევზივით, წყლიდან ამოვარდნილი კალმახივით და ვარ. ჩემმა უსუსურობამ უფრო გადამრია. ადგომა დავაპირე და „სტოპ-კრანთან” მისვლა და ჩამოქაჩვა _ მეტროს გაჩერება. ნეტა, არ ავმდგარიყავი. ვეცი „სტოპ-კრანს”. ჩამოვქაჩე და იცით, რა მოხდა? მეტრო კი არ გაჩერდა, უბრალოდ კარი გაიღო და გვირაბის შავბნელი კედელი დავინახე. ყველაფერი გაქრა. ნეტა, დავლოდებოდი და ხომ გაჩერდებოდა მატარებელი. გაიღებოდა კარი და მეც ჩამოვიდოდი ჩემს თავისუფლებაში. იმის მერე ამტკივდა მუხლები. იმის მერე…

ანთიმოზი: _ შევალთ და ჩავალთ.

თომა: _ ეეჰ, მეტროში ჯდომით?! რა გზას ვადგავართ აფხაზეთის დასაბრუნებლად? მედეა ამბობს, რომ ის გზაა სწორი, რომელსაც მიმდევრები გამოუჩნდება და არა ის, რომელიც მიზანთან მიგვიყვანს. ჩვენ მიმდევრები კი არა, შვილებიც კი დავკარგეთ ამ გზაზე… ჰკითხეთ აბა ახალგაზრდა თაობას, უნდა აფხაზეთი?

ლუარსაბი: _ სწორი გზაო? რომელი გზა არ არის სწორი დასაწყისში? რომელი? თან ყველა გზა ხვდება გზაჯვარედინზე და იქ რა უნდა ქნა? აქაც ხომ ყველა გზა სწორია?

ანთიმოზი: _ (დალეული ღვინისაგან თუ ახალი იდეებისაგან ფილოსოფიურ ექსტაზში ვარდება). გზა, გზაა. დიახ, მიზანი სისულელეა, მთავარია გზა. გზა ცვლის მიზანს, აუფასურებს ან აკეთილშობილებს მას. გზა, მხოლოდ გზა, როგორც მიდიხარ, ისე აღწევ საწადელს. არ არსებობს მიზანი. არსებობს მხოლოდ გზა, რომელიც არასოდეს მთავრდება. ადამიანი მთავრდება, გზა _ არა. მიზანი სათამაშოა მხოლოდ. შორიდან ჯოჯოხეთის და სამოთხის კარი ერთნაირად ანათებს, ერთნაირად მოჩანს. აქედან გამომდინარე, არა აქვს გზაზე უფრო მეტი მნიშვნელობა მიზანს, იმიტომ, რომ მხოლოდ გზას მიყავხარ იქით, საითაც შენი სვლა წაგიყვანს.

ლუარსაბი პირზე საჩვენებელ თითს მიიდებს: _ `ჩშშშშშ!”. მოსაუბრენი ჩუმდებიან, სანთლებს ანთებენ. ისმის ნათლობის ლოცვა და გალობა. როცა ყველაფერი მიჩუმდება, რუსუდანი ბავშვს ხელში აიყვანს და ვარსკვლავებისკენ წევს, თითქოს ევედრებაო.

რუსუდანი: _ გიხაროდენ თქვენ, ბატონო მირიან და ტკბილო დედუა ანა, რამეთუ ასრულდა ნატვრა თქვენი, უშვილოდ არ გადასულიყო საფიცარი თქვენი შვილი ლუარსაბი…

მოგვხედენ სასუფეველსა შინა მყოფნო და დალოცეთ საყვარელი ძე ჩვენი და სანატრელი შვილიშვილი თქვენი კონსტანტინე.

ჯაბა სახლის კუთხიდან უცქერს ამ სცენას და თავისთვის ლოცულობს.

ჯაბა: _ (ჩურჩულებს ნათლობის ლოცვასთან ერთად) ჩემი კონსტანტინე, ჩემი ოქრო და სიცოცხლე. ვაითუ ლუარსაბის ნათესავები მიხვდნენ ჩემი და რუსუდანის კავშირს და შური იძიონ. მათ ყოველ სიტყვას და საქციელს უნდა დავაკვირდე და ავწონ-დავწონო. დავიღალე ამდენი თვალთვალისაგან და ყურისგდებისაგან, მაგრამ განსაკუთრებით პაატას უნდა ყურადღება, არაფერს მიხვდეს ეს „ყოვლისმცოდნე ჭინკა”.

აივნიდან ამ ყველაფერს თვალ-ყურს ადევნებენ მედეა და გიაია.

მედეა: _ (თავისთვის) გესმის, უფალო? ამ სინდისისგან გარეცხილს შუბლის ძარღვი ნამდვილად გაწყვეტილი აქვს, თითქოს არ ვიცოდეთ, რომ ეს საცოდავი კონსტანტინე არა ლუარსაბის, არამედ მეზობელი ბეგრალის შვილია.

გიაიას შენიშნავს და პირზე ხელს იფარებს.

მედეა: _ (ტუჩებზე თითებს ირტყამს, თითქოს საკუთარ თავს ტუქსავსო). ქალო, გაჩუმდი, რა დროს ამაზე ლაპარაკია. საიდუმლო ორშია, მაგრამ თუ მესამე გაერია, საიდუმლო აერიაო.

სუფრისკენ ინტერესით მოცქერალ გიაიას აკვირდება. როგორც ჩანს, მას არაფერი გაუგონია და მედეაც წყნარდება. „ახ, მერცხალო”, _ იწყებს ლუარსაბი, მას სტუმრები აჰყვებიან და ქეიფი ახალი ენერგიით ჩაღდება.

ლუარსაბი: _ თქვენ გენაცვალეთ, ჩემო საყვარელო დაო და დისწულო! ეს ქალაქელი მხატვარი, ვიტალი წერეთელი, სიმღერების რა დიდებული მთქმელი ყოფილა, ბოშო, ხედავთ! გულზე მალამო წამიცხო და დამატკბო. მაგას ზემოფხიდან აღარ გავუშვებ. ბიჭო! (პაატას) ასეთი კარგი ქვისლი თუ გყავდა, ამდენ ხანს რად არ მოიყვანე ჩვენსა?

ვიტალი გიტარას იღებს ხელში და იწყებს სიმღერას „ორთავ თვალის სინათლევ”, მას სხვა სუფრის წევრებიც აჰყვებიან. ვიტალი დამახასიათებლად ბუნებრივად უქცევს ხმას და კილოს. მისი ნამღერით ყველა აღფრთოვანებულია. რუსუდანი კონსტანტინეთი ხელში ვიტალის მიუჯდება.

რუსუდანი: _ რა ჩინებული მომღერალი ყოფილხართ! კიდევ უნდა გვიმღეროთ რომანსები და დაგვატკბოთ.

ვიტალი: _ კმარა! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ხელიდან ეს გიტარა და თქვენი ხმოვანებით დაგვატკბოთ!

რუსუდანი: _ არა, ბატონო ვიტალი, გათავდა, აღარ მოგეშვებით. ხედავთ, როგორი მუდარებით მოგშტერებიან ჩვენი ქალბატონები? მათ რომ გთხოვონ, არც მაშინ იმღერებთ?

ვიტალი: _ რომელიმემ რომ მიბრძანოს, არათუ ვიმღერებ, ცეცხლშიც კი გადავეშვები.

ვიტალი ხელებს შლის და ჰაეროვან კოცნას უგზავნის ქალბატონებს.

რუსუდანი: _ ძალიან მოგწონთ ჩვენი საქალბატონეები?

ვიტალი: _ ღმერთსა და ჩემს მზეს ვფიცავ, ასეთი ლამაზი, ეშხიანი და წარმტაცი ქალები მე ჯერ არ მინახავს. მე დაბრმავებული ვარ მათი სილამაზით. რა მეშველება, არ ვიცი!

რუსუდანი: _ თქვენ ხომ ცოლიანი ბრძანდებით… როგორ თუ რა გეშველებათ?

ვიტალი: _ არა, მე დიდი ხანია, რაც უცოლო ვარ… ცოლიანიც რომ ვიყო, აქაურ სილამაზეს ვერავის ვერ დავუთმობ.

რუსუდანი: _ (ჩურჩულით) რასა ბრძანებთ! თუ ეს მართალია, დაგეხმარებით… რას მომცემთ სანაცვლოდ?

ვიტალი: _ რასაც ისურვებთ, ქალბატონო. რად მინდა ქალაქელი ქალი, თუნდაც მზეთუნახავი იყოს ის? მისსა და მისი მშობლების ცერემონიებს თავს ვერ გაართმევს კაცი.

რუსუდანი: _ მაშ, კარგი.

რუსუდანი დგება. ვიტალი ფეხზე დგება, სასმისს ცლის და წამოიწყო: _ „ქალი ზღვის პირას დგას”… რუსუდანი მიდის პაატასთან.

რუსუდანი: _ პაატა, გენაცვალე, ვიტალი წერეთელი ცოლს მართლა გაეყარა?

პაატა: _ ვიტალისთან განა ქალი იცოცხლებს?

რუსუდანი: _ რატომ?

პაატა: _ გარყვნილი, წყალწაღებული, არაკაცია და იმიტომ.

რუსუდანი: _ ჩუმად, არ გაგიგონოს.

პაატა: _ მერე რა, გაიგონოს, პირში ვეტყვი… სად არის?

რუსუდანი: _ აგერ, ჩვენს გოგონებს ეკურკურება და სიყვარულს უხსნის.

რუსუდანი კისკისებს.

თომა: _ ნელა ჭამეთ, რამ გაგახელათ, მტრის ოჯახში ხომ არა ხართ?

ანთიმოზი: _ მე ვსვამ ფეოდალური საქართველოს ხატის საგალობელს, აწგანსვენებულთა და ნეტარხსენებულთა ამ ოჯახის წინაპართა მირიანისა და ანას ხსოვნისათვის. მათი მხნეობა და თვისებანი ცნაურდებიან ძეთა და ასულთა მათთა სახით. ანა ზეპირად იტყოდაო „ვეფხისტყაოსანს”, მსმენია. ეს უკვდავი ქმნილება აუცილებელი და ყველაზე უკეთესი მზითვი იყო ოდითგანვე ახალგათხოვილი ქართველი ქალისათვის, რათა თაობიდან თაობაში გადასულიყო ერის შემნახველი სიტყვა ქართული, გენიოსი შოთას მარჯვენით დაწერილი წიგნი დიდებული! წიგნი საერო სახარებიდან ქცეული!

ლუარსაბი: _ რა დიდებული მოლაპარაკე ყოფილა ეს კაცი, შენი ჭირიმე!

ანთიმოზი: _ რუსუდანი კოლხეთის მზეთუნახავი მედეას სახეა! მედეამ იცის ტრფობაც და არწივის თვალების ცივი სიშორეც, მისმა ხელმა იცის ალერსი და ვეფხვის ტოტების საშინელი ბრჭყალების ჩვენებაც. სიამით სავსე ბაგე შესაძლოა, მეორე წუთში შხამით აღსავსე ბროწეულად გეჩვენოს. ორმაგია ვით ამორძალი პენთესილე, რომელსაც აქელის დასაღუპავად ჰქონდა ძუძუ აწვდილი! შეხედეთ ლუარსაბს, მის წვერ-ულვაშს, მის გაფანჩულ წარბებიდან მოცქირალ მოკაშკაშე თვალებს, მთიდან მოფრენილი არწივის მოღუნულ ცხვირს! არა და არა! ქართველი ხალხი არ გადაშენდება მანამდე, სანამ არსებობს ლუარსაბის მსგავსი ქართველები!

თომა: _ (ირონიულად) აშენდა მაშინ საქართველო?! (ანთიმოზს) არ გადაშენდება, სანამ იარსებებს პური, ვენახი, ქვევრებში ღვინო, ორშიმო და ათასწლოვანი ჩვენი სიმღერები და ადათები! ოქროპირია ჩვენი ანთიმოზი!

ლუარსაბი: _ ძაან კი შემაქო ეს მოხუცი კაცი!

თომა: _ რა ვუყოთ, რომ მოხუცდი, მაინც ლომი ხარ, ლუარსაბი, ბებერი ლომი!

ლუარსაბი: _ უფრო მელია ვარ! ქათმის თეთრ ხორცს ვეტანები!

ანთიმოზი: _ ბებერი ლომი ზედგამოჭრილი სახელია ლუარსაბზე!

„ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ” _ იწყებს ლუარსაბი, მას დანარჩენი სუფრის წევრები აჰყვებიან. ვიტალი ვაზის ფოთლებით დაბურულ და ჩაბნელებულ აივნის ბოლოს, კუთხეში შეიპარება და იქ ქალებს ეკურკურება. აივნის სიღრმეში მდგარ რუსუდანს უკნიდან მიუახლოვდება ჯაბა, მკერდზე ხელებს შემოაჭდობს. რუსუდანი მკვეთრად შებრუნდება მისკენ და გაუღიმებს.

რუსუდანი: _ არავინ დაგვინახოს ამ შუა ქეიფში, შე გადარეულო!

ჯაბა: _ (ჩურჩულით) სარწმუნოებას გაფიცებ, ქალბატონო, ეს ძუძუ-მკერდი დამალე, ჭკუასნუ მაკარგვინებ!

რუსუდანი: _ როგორ დავმალო, ჯაბუნი, რას ამბობ?

რუსუდანი და ჯაბა სახლის სიღრმეში შედიან და იკარგებიან. პაატა ვიტალის მიუახლოვდება.

პაატა: _ აქ რას აკეთებ, რეგვენო? რა ხელი გაქვს ამ უმანკო ქალებთან?

ვიტალი: _ დაიცა, რა დროს ოხუნჯობაა.

პაატა: _ განა ვოხუნჯობ, მართალს გეუბნები. გოგონებო, მოშორდით ამ კაცს! ეგ თქვენი ტოლი და ღირსი არ არის!

ვიტალი: _ პაატა, გეყოფა!

პაატა: _ თავი გაანებე ამ უმანკო და გულმართალ ქალებს, ქალაჩუნავ, გარყვნილო კაცო!

ვიტალი ფეხზე წამოვარდება და პაატას პირისპირ დაუდგება.

ვიტალი: _ დაე, იცოდეს ყველამ, რომ ძიაპშიპებმა შენ პანღური ამოგკრეს და გამოგაგდეს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ ჩემზე უფრო გარყვნილი შენ ხარ. ქალაქის ცნობილი ნაბოზარი შენი საყვარელია. შენ ვერ მოატყუებ ამიერიდან ნინოს სატრფიალო წერილებითა და ლექსებით. განა დაგიჯერა, უშენობას სიკვდილი მიჯობსო, რომ წერდი. მატყუარა, ქალაჩუნა და გარყვნილი შენ თვითონა ხარ… მაგრამ დარდი ნუ გაქვს, ამიერიდან ვერაფერს მოატყუებ ჩემს ცოლისდას, რადგან მე ავუხილე მას თვალი… კოვზი ნაცარში ჩაგივარდა და ახლა ჩემზე იძიებ შურს?!

პაატა: _ კმარა, გაჩუმდი, ვირო! პატიოსანი ხალხის სახლში ხარ და არა ბოსელში!

ვიტალი: _ არა, არ გავჩუმდები… მეტის ატანა აღარ შემიძლია… მეყოფა შენგან დაუსრულებელი შეურაცხყოფა… ჩვენ უნდა გავსწორდეთ.

პაატა: _ როგორ, მემუქრები კიდეც?

ვიტალი: _ დიახ. ამდენ ხანს შენ მემუქრებოდი, ახლა კი _ მე. რას აბრიალებ მაგ თვალებს? შეგიშინდი, აი!..

პაატა: _ ღმერთს უმადლე, ვერანავ, რომ ახლა მე შენი მასპინძელი ვარ, მაგრამ როდესაც აქედან წავალთ და შენ ჩემი სტუმარი აღარ იქნები, დაიხსომე: სურვილს შეგისრულებ და გაგისწორდები. უკანასკნელი სიტყვაც და ტყვიაც მე მეკუთვნის.

ისმის გოგონების წივილ-კივილი. რუსუდანმა მათ ბანი მისცა, პაატას მივარდა და გაშველება დაუწყო.

პაატა: _ ნუ იჭერთ, გამოუშვით. ყბებს დავულეწავ მაგ სალახანას!

მედეა: _ გაჩუმდი, არც კი გრცხვენია, სტუმარს შეურაცხყოფას აყენებ? მე შენ ვერა გცნობ. წადი აქედან, წადი ახლავე, ახლავე, თორემ თავს მოვიკლავ.

პაატა: _ თავს ნუ მოიკლავ, დედაჩემო… აჰა, მივდივარ.

პაატა სწრაფი ნაბიჯით ტოვებს იქაურობას.

მედეა: _ მიშველე, რუსუდან, სად უნდა იაროს მთვრალმა კაცმა ამ ღამით, მგლები დაგლეჯენ ტყეში.

ჯაბა პაატას დაედევნა. დაეწევა და მკლავში ხელს წაავლებს.

ჯაბა: _ პაატა, სად მიდიხარ ამ ღამეში?

პაატა: _ ახალშენში.

ჯაბა: _ როგორ გეკადრება, ბატონო! ამ უკუნ ღამით ტყე-ღრეში შენ გაიგნებ გზას ახალშენიმდე? ხრამში გადაიჩეხები, მდინარემდე ვერ გახვალ, საცალფეხო ხიდზე ფეხი დაგიცურდება და წყალში დაიხრჩობი.

ჯაბა ცდილობს პაატას შეჩერებას და წელში ხელს სტაცებს. პაატა გაბრაზდება. ბეგლარს ძლიერად მოიქნევს და ღობეს მიახეთქებს.

ჯაბა: _ რა ძალა გქონია, შე მართლა „ხრიკიტარა”?! მომკალი კაცი, მაგრამ გაშვებით ვერ გაგიშვებ!

პაატა: _ მომშორდი, რად გინდა, თავი შემომაკლა!

პაატა გზას განაგრძობს, ჯაბას მოერიდება უკან გაყოლა. უცებ ფარნით ხელში რუსუდანი გამოჩნდება.

რუსუდანი: _ პაატა, დაიცადე! (ჯაბას) რას დგახარ, დაეწიე და მოაბრუნე!

ჯაბა: _ მიდი, შენ დააბრუნე, თუ ვაჟკაცი ბრძანდები! რკინის ხელები ჰქონია, კინაღამ არ გამათავა.

რუსუდანი: _ ხედავ, რა ბნელი ღამეა! გზა დაებნევა ტყეში. დაეწიე, დააბრუნე.

ჩქარი ნაბიჯით მიმავალ პაატას დაეწევა რუსუდანი და ჯაბა.

რუსუდანი: _ მე და ლუარსაბმა რა დაგიშავეთ, პაატა, ასე რომ დაგვწიხლე და ახალშენში გარბიხარ?

პაატა: _ თქვენ რას გერჩით! მე იმ სალახანა და გარყვნილ მხატვართან მაქვს ჩემი ანგარიშები, ვერ მოვიცდი, ღამეს ვერ გავათევ ერთ ჭერქვეშ მასთან. უთუოდ შემომაკვდება.

რუსუდანი: _ ნეტა, არ ჩამოგეყვანა ეს წყეული, გარყვნილი და ქალების მაცდური კაცი. მერე რა? მას სულაც არ გაგაკარებთ. წამოდი, ჯაბასთან გაათიე ღამე. ალიონზე გაგისტუმრებთ კარისმერეთში. ახლა, ასეთ ღამეში შენ კი არა, ჯაბც ვერ გაიგნებს გზას ახალშენში.

პაატა:_ ჯაბა რა ჩემზე დიდი ვაჟკაცი გგონია! აბა, ნახე, თუ ვერ გავიგნებ!

რუსუდანი: _ უი, არა, შენ შემოგევლე!

რუსუდანი მოეხვევა და კოცნის პაატას.

პაატა: _ თავი გამანებე, ბიცოლა!

რუსუდანი: _ ვერა, თავს ვერ გაგანებებ. სულ ერთია, თუ წახვალ, მე არ მოგეშვები. მაშინ ერთად ვიაროთ ახალშენამდე.

პაატა: _ რას ამბობ?

რუსუდანი: _ რას ვამბობ და საქმეს. აბა, როგორ გგონია?! არა, შინ ვერ დავბრუნდები. რა ვუთხრა მედეას? რას ერჩი იმ ქვრივსა და დატანჯულ ქალს? კიბო ჭირს, ჩემი დღეები დათვლილიაო, დაუჩემებია საცოდავს. ვინ იცის, იქნებ, მართალია! ხომ ხედავ, როგორი გამხდარი და დასუსტებულია?

პაატა: _ რაა?

რუსუდანი: _ გულშემოყრილი და გულწასული დავტოვე უბედური მედეა. მეშინია, რამე არ მოუვიდეს!

პაატა თავჩაქინდრული ჩერდება. სახლის კუთხიდან მედეა და თომა უახლოვდებიან.

მედეა: _ ვიტალი წერეთელს სოფლის გოგონების გამო რას ერჩოდი? რომელია მათ შორის შენი საცოლე?

პაატა: _ დედა! ვიტალიმ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. აი, ვინ მიფუჭებდა საქმეს. აი, ვინ მაშავებდა ნინოს თვალში. მე კი ჩემს ეჭვებში დარწმუნებული არ ვიყავი და მასთან მეგობრობას განვაგრძობდი. გათავდა, ახლა მიფრთხილდეს.

რუსუდანი: _ ნინოს სახელი განზრახ არ უხსენებიათ. მადლობა ღმერთს სხვა სტუმრები დასაძინებლად წავიდნენ და სკანდალის მოწმენი მხოლოდ შინაურები ვიყავით.

თომა: _ რა დაგიშავა ასეთი შენმა მეგობარმა, იმ მშვენიერმა კაცმა, მხატვარმა და მომღერალმა, მოკვლას რომ უპირებდი?

მედეა: _ ხალხი რას იტყვის, იცი? პაატა ნინოს გაშორებია და ახლა აქაური ქალის შერთვას აპირებსო.

პაატა: _ დედა?! საერთოდ რა ჭირად ჩამოვედი აქ? რა საერთო მაქვს ამ ხალხთან? წარსულის ოცნებებში დამხრჩვალ ხალხთან, რომლებსაც მარტო ტირილი, სიმღერის და სადღეგრძელოების თავიღა შერჩათ.

მედეა:_ ვიტალის უნდა შეურიგდე.

პაატა: _ დედა… უნდა წავიდე, წავიდე აქედან მალე, უნდა გავიქცე ამ უცხო და უქნარა ხალხისგან.

მედეა: _ გთხოვ, თუ გინდა დაგიჩოქებ, მაგრამ ვიტალის ბოდიში მოუხადე!

პაატა: _ დე…

პაატა წასვლას აპირებს, მაგრამ ვიტალის შეეჯახება. ვიტალი შეშინდება და უკან დაიხევს, მაგრამ როცა ამჩნევს პაატა ადგილიდან არ იძვრის და თვალებში ვერ მიყურებსო, იქვე ჩერდება. ორივე ერთმანეთის პირისპირ დაბნეული და შერცხვენილი დგას.

პაატა: _ მთვრალი ვიყავი, გაწყენინე თურმე, მიმიქარავს. ყურადღებას ნუ მიაქცევ.

ვიტალი: _ (იღიმება) მეწყინა კი არა, შეურაცხყოფა მომაყენე. რა მოგივიდა, ბიჭო? ნინოს არ ჯერდები და ახლა აქაურ ლამაზმანებზე პრეტენზიებს აცხადებ?

პაატა: _ ლამაზმანები კი არა, ეშმაკი… გთხოვ, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.

ვიტალი: _ შაბაშ, გათავდა, მოიტა ხელი.

ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს. პაატა უყურებს თვალებში და ხმამაღლა ფიქრობს.

პაატა: _ უნდა წავიდე, წავიდე აქედან მალე, უნდა გავიქცე.

ვიტალი: _ მოდი, პაატა, შეხედე ხარაბუზებს, როგორ ჩხუბობენ! რამდენი ხარაბუზაა! დედალი ხარაბუზას გამო იბრძვიან და ჩხუბობენ მე და შენსავით. ამათი გულისმკვლელი ქალბატონი კი ხედავ, სად განაბულა? (პაატას) ამათ ვერავის ვერ დავუთმობ. ხელს ნუ შემიშლი და ცოტა ხანს დამტოვე რომელიმე მათგანთან და აბა, ნახავ, თუ არ ამეკიდოს.

ვიტალი ღიღინებს `ჭრელ ბაღდადზე გავშლი სუფრას”. პაატამ არ იცის, სად დახარჯოს მოზღვავებული ენერგია _ აგრესია და ჰაერს უქნევს მუშტებს, წიხლებს, უხილავ გოლიათს ეჭიდავება, ბოლოს დაღლილ-დაქანცული ძირს ეცემა და უხმოდ ქვითინებს. ლუარსაბი და ანთიმოზი ნარდს თამაშობენ და სუფრის გაშლას ელიან. უკან ქალები და რამდენიმე ნათესავი კაცი ფუსფუსებს. კარგ სანადიმო სუფრას შლიან.

ლუარსაბი: _ ამბობენ, ევროპა ომს წააგებსო, მართალია, ბოშო, ეს ამბავი?

ანთიმოზი: _ მართალია.

ლუარსაბი: _ ჰოდა, დავღუპულვართ, თუმცა პაატას და თომას რა უჭირთ, თავი ქუდში აქვთ. „ამათ” მხარეს იჭერენ. რამ დაგაწერია ბიჭო, მოთხრობა „გოჩა ესებუა”?

პაატა: _ ადამიანისადმი, ღირსებისადმი, ქართული სულისადმი და ჩემი ხალხისადმი სიყვარულმა.

ანთიმოზი: _ ვერაფერი გამიგია, პაატა, შენ ხომ ჩვენი ღვიძლი ხარ, ჩვენი ბუდიდან გამოსული! როგორ გეკადრება ბანდიტების, გამტაცებლების, ჩვენი დამაქცევრების ქება! მიკვირს ღმერთმანი!

პაატა: _ მართალია, მე თქვენი წრიდან გამოსული კაცი ვარ, მაგრამ ეს სრულიად არმიშლის ხელს თეთრი შავისგან გავარჩიო, დასაგმობი დავგმო და საქები ვაქო. თავისუფლების, ღირსების და ადამიანური ცხოვრების მოპოვებისათვის მებრძოლ გმირებს ყაჩაღებსა და ბანდიტებს რომ ეძახით, საკვირველი არ არის? მშვიდობიანი ხალხის სასტიკი ცემა და უიარაღოდ დარჩენილი ბიჭების დახვრეტა გახლავთ ტერორიც, ყაჩაღობაც და ბანდიტობაც.

თომა: _ გოჩა ესებუას და მისნაირი თავისუფალი და ღირსეული ადამიანების ვერაგული მოკვლა არავის შერჩება!

ლუარსაბი: _ ვერ გამიგია, მაგ ბრალდებას ჩვენ რად გვიყენებ! ესებუას დახვრეტა მე ხომ არ მიბრძანებია?

თომა: _ შე კაცო, მაგ ოპერაციას განა ისინი არ ხელმძღვანელობდნენ, ვისაც შენ ხმა მიეცი და ახლაც ექომაგები? განა მათ არ მოაკვლევინეს ესებუა და ყველა მისნაირი და ახლაც არ ცდილობენ მათ ტალახში ამოსვრას და განადგურებას?

ლუარსაბი: _ ჰოდა, მთავრობას მოჰკითხეთ. მე რა შუაში ვარ?! ისე, პურის ჭამა და ქეიფი რომ არ გვეშინია, სწორედ ამ მთავრობის დამსახურებაა და არა ვინმე ესებუასი.

თომა: _ ნუ ებღაუჭებით ამ უსამართლო მთავრობას და უკანონო ძალაუფლებას. სულერთია, ადრე თუ გვიან, დაკარგავენ ყველაფერს და აღდგება სამართალი. მერე კი ნამდვილად ვერაფერი გიშველით.

პაატა: _ ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს ქარიშხალი თითქოს უვნებლად თავს გადაგივლით და არ შეგეხებათ.

ლუარსაბი: _ (იცინის) ეს ნამდვილად ჩვენი მტერი ყოფილა, ჩვენს ბუდეში და სახლში გამოზრდილი.

ანთიმოზი: _ ამათ სიტყვებს თუ ვუსმინეთ და პასუხი თუ გავეცით, ჭკუაც დაგვაკლდება, ღირსებაც და მადაც.

პაატა გაიწევს ანთიმოზზე, მაგრამ სანამ რაიმე ალიაქოთი დაიწყება, რუსუდანი გიტარას მოიმარჯვებს და წამოიწყებს რუსულ რომანსს „Вечерний Звон”. სიმღერას აყოლილი სტუმრები სუფრის გარშემო სხდებიან. ლამის დაწყებულ კამათსაც იქ ივიწყებენ.

ლუარსაბი: _ სად გაეჩხირა, თამადა, თქვენი ყანწი? გვაღირსეთ სასმისი, თორემ ყელი გაგვიშრა!

ანთიმოზი: _ ნება მიბოძეთ, ბატონებო, პირველი სასმისი ვუძღვნა მსხმოიარე ჯვარი ვაზისას! ნინომ აღმართა იგი _ სიმბოლო დიონისური თრობის, გზნებისა და ქალწულური ნაწნავებით დააცხრო იგი, პანი და ქრისტე ქართულში მტრულად არ შემოსულან. ამიტომ იყო მსოფლშეგრძნება ქართველი კაცის ასკეტური, მისტიკური რწმენისათვის უცხო. ქართველს არა სწამს საიქიო და უკვდავება. წუთისოფელი მიტომაც სურს ხარბად მოსჭამოს. მიტომ ეტრფის დედამიწას, ვაზს და პურ-ღვინოს, მაგრამ ევროპამ პირველქმნილი ყოფა მოშალა და გოლიათი ქალაქებით მიწა დაჰფინა და დიდ ბუნებას წინ აღუდგა თავისი კულტურით. მაგრამ ევროპას დაეწევა ოდესმე საქართველო? ნურმც დაეწევა! ჩვენ არა გვარგებს ის ჯოჯოხეთი! ჩვენ ვეება ღუმელები, მარტენად თქმულიდა ბლუმინგები _ ჯოჯოხეთის ინდუსტრიისა, ცივილიზებული ქვეყნებისათვის დაგვილოცნია, იმ ქვეყნებისათვის, ვინც მსოფლიო ბაზრის ძებნაში ერთმანეთს ომით, მანქანებით ანადგურებენ. ბუნების მძლენი საკუთარ სისხლში სცურავენ. დაე, იცურონ, ჩვენ კი ამ გზით არ გვსურს, ვიაროთ! მაშ, საქართველო ბუნების და კულტურის შორის, რა გზას დაადგეს? ჩვენ დაბრუნებას მიწასთან ვარჩევთ, თორემ ხედავთ, საქართველო უფსკრულის პირას, საქანელაზე ქანაობს და დაკიდებულა. ჩვენ სიკვდილის შიშს თავს ვაღწევთ ბრძოლით და ლხინით, მიწაზე შრომით. ამიტომ უხმეს „გეორგია” საქართველოს უცხოელებმა. ეს ყველაფერი ცხადად გამოსჭვივის ჩვენს სიმღერებში: საშრომ-სალხინო, ძველ სუფრულში და ჩვენს ლაშქრულში, სადაც მოისმის მისწრაფება დროშებგაშლილი, აბჯარასხმული მებრძოლების ცხენთა თქარუნი. არა, არასოდეს არ მოკვდება, მწამს, საქართველო! ისევ წინ გვიძღვის ნინოს ჯვარი, აღმაშენებლის ნება, ხმალი თამარის… ნება მიბოძეთ, მოგიწოდოთ, მთელი გულით რომ დავლოცოთ მარად ქალწულის წმინდა ნინოს მსხმოიარე ჯვარსა ვაზისას!

ლუარსაბი: _ გენაცვალე თქმაშია! ჩემი ღვინო არ გაწყენთ. ნამდვილად ყურძნის წვენია, მამაჩემის სული ნუ წამიწყდება! ვიქეიფოთ, აბა მეტი რა შეგვრჩება! ჩვენი მიწის ნაოფლარსა და ნაშრომს ვჭამთ და ვსვამთ, სხვისას ხომ არა? ვინ იცის, ბოშო, იქნებ უკუღმართად წავიდეს საქმე და აღარაფერი დაგვრჩეს ხელმოსაჭიდი და ჯიბეში ჩასადები. მარად ქალწულის წმინდა ნინოს მსხმოიარე ჯვარი ვაზისას წყალობით ეს მოგონებები ხომ შეგვრჩება, ამის გახსენება კი აღარ გაგვაღარიბებს, აღარ გაგვალტოლვილებს.

თომა: _ (პაატას) კი აღარ გააღარიბებს, აღარ გაალტოლვილებს, რადგან სამშობლოს კუჭში მიუჩინა ადგილი.

რუსუდანი: _ (ხმამაღლა) ფოტოგრაფი მოსულა!

ლუარსაბი: _ ფოტოგრაფი მოვიდა, ბატონებო და ქალბატონებო! სამახსოვრო და ისტორიული ფოტო უნდა გადავიღოთ ყველამ! დროშა გამოიტანეთ, მის ფონზე მოვახდინოთ მარადიული გარინდება დიადი წამისა!

„ახ, მერცხალო” _ იწყებს ვიტალი და მას დანარჩენიც აჰყვებიან. ფოტოგრაფი დგამს ძველებურ ფოტო-კამერას და კომპოზიციას ასწორებს. სუფრის წევრები ცდილობენ, გამოიყურებოდნენ სერიოზული სახეებით, მაინც არაფერი გამოსდით. რამოდენიმედღიანმა სმამ და ღრეობამ სერიოზული კვალი დაამჩნია მათ სახეებს. თომა ფოტოგრაფის უკან დგას და აკვირდება გადაღების პროცესს. შემდეგ ამოიხვნეშებს და თვითონაც უერთდება დანარჩენს, მორიდებით დგება პაატას გვერდით.

თომა: _ (ფოტოგრაფს) კარგად გადაიღე, ოსტატო, უნიათო მუქთახორების კრება. ეს ჩვენი უკანასკნელი და სამარცხვინო სურათი იქნება და სამახსოვროდ უნდა შემოვუნახოთ მომდევნო თაობებს!

ლუარსაბი: _ (თომას და პაატას ირონიულად და, ამავე დროს, მკაცრად) რომ დაგიფჩენიათ პირები და გვაყვედრით ჩვენს საკუთარ პურ-მარილს?! ვთქვათ, მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, რა გზას დავადგე, ან რა გზასაც ვადგევარ, არ ვარგა, მაკრიტიკებ, აბუჩად მიგდებ და დამცინი, ესე იგი, იცი, რა არის სწორი, მართალი. ჰოდა, მითხარი, რა ვაკეთო, კონკრეტულად რა საქმეს მოვკიდო ხელი და გავაკეთებ?

პაატა: _ (დაბნეულია) უნდა იშრომო! გააძლიერო ქვეყანა და იბრძოლო!

თომა: _ (პაატას მიეშველება) ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს… (პაატა, თომა, ლუარსაბი, ანთიმოზი მასთან ერთად ამბობენ ილიას ფრაზას), არამედ “სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!”

ლუარსაბი: _ ჰეჰეჰე! ჩამოასხით, ხალხო. კიდევ ერთი მცოდნე ლაყაფისტი შეემეტა ამ ბედშავ სამყაროს. იშრომოო… რა მაგრა თქვა?! იბრძოლოო, როგორ ამოშანთა ჩვენს გაქონილ სულებზე?! ქვეყანა გააძლიეროო… ბიჯოს, თურმე აქამდე ეს არ ვიცოდით?! დაეგდე… უკაცრავად დაეგდეთ თქვენს ადგილას და ნუ ტლიკინებთ. თქვენ რა უნდა მითხრათ ისეთი, რაც არ გამიგონია… მაგაზე უარესებს მე და ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თავს, მაგრამ არც ჩვენი შრომით, არც ძალისხმევით და არც ბრძოლით არაფერი ეშველა ამ ციცქნა ქვეყანას…

თომა: _ იმიტომ, რომ გულით არ აკეთებ…

პაატა: _ იმიტომ, რომ საკუთარის გამორჩენაზე ფიქრობ ყოველი საქმის დაწყების წინ.

ლუარსაბი: _ თქვენ რომ გულით გინდოდეთ და იცოდეთ, რა არის ზუსტად საჭირო და გასაკეთებელი, ლაქლაქით კი არ მოიფხანდით ენას აქ ჩემს სუფრაზე, მე კი არ მაკრიტიკებდით, არამედ საქმეს გააკეთებდით. არ იცით, დაბნეულები ხართ და მაინც გინდათ ჭკვიანები და პატრიოტები გამოჩნდეთ. რა უნდა ქნათ? მე უნდა განმიკითხოთ, თან ჩემთან ერთად ჭამოთ, სვათ, დრო ატაროთ და თან დამაყვედროთ. მახროვი ტროცკისტები ხართ და მეტი არაფერი. ტოჟე მნე ჩეხოდოსტოტოლსტოევსკები!!! იდიტე ვი სვე ვ მესტე სო მნოი… (იწყებს სიმღერას) სამი ათას წელზე მეტი…

„სამი ათას წელზე მეტი გვიმღერია” _ იწყებს ლუარსაბი, მას აჰყვება მედეა, ვიტალი, პაატა, რუსუდანი, თომა და სხვა დანარჩენი სუფრის წევრები. ნათება. ფოტო გადაღებულია. სუფრის წევრები მიმოიფანტებიან.

ადგილზე რჩებიან მედეა და პაატა. მედეა იქვე ხესთან პატარა სკამზე ჯდება. პაატა უხმოდ გაჰყურებს სივრცეს.

მედეა: _ იმ მომხდარი უსიამოვნების გამო ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ შენსა და ვიტალის შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი ღვინო როდია. შენ და ვიტალი მოსისხლე მტრები ყოფილხართ. დაწვრილებით მიამბე: რა განხეთქილება მოხდა შენსა და ნინოს შორის და რა როლი შეასრულა ვიტალიმ?

პაატა: _ არაფერი ისეთი არ მომხდარა. აბა, რად გინდა ყველაფერი იცოდე, დედაჩემო?

მედეა: _ როგორ თუ რად მინდა? მე დედა ვარ შენი. ჩემზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემს… მითხარი, ნუ დამიმალავ.

პაატა: _ ნინო ეჭვიანობს ერთ ქალზე. შენ გაგიგონია იმ ქალის შესახებ.

მედეა: _ ვინ არის ის ქალი?

პაატა: _ მარგარეტა. იცი შენ, ის, როგორც ამბობენ, დიდ ხნის წინ ნინოს მამის საყვარელი იყოო..

მედეა: _ მარგარეტა რა შენი საკადრისია! იმ უზნეო ქალთან შენ რა კავშირი გაქვს?!

პაატა: _ თვითონვე მიხვდები. მარგარეტმა, ჩემი თხოვნით, ჩემი სკოლის ამხანაგი ლეონ მერაბიანი საპატიმროდან გამოაშვებინა მინისტრს. ამიტომ, ლეონმა მარგარიტა და მე მიგვიპატიჟა რამდენჯერმე შინ და რესტორანში.

მედეა: _ აი, ხომ ხედავ: ღვინო, ქალები და რესტორანი! ეს არის ჩემი უბედურება. მერე რა მოხდა?

პაატა: _ მერე, როდესაც ძიაფშიპები ამ ზაფხულს ქვიშხეთში გავაცილეთ, მე და ვიტალი სადგურიდან ქალაქში დავბრუნდით და ვერის ხიდთან ბაღში შევედით, იქ მარგარეტა და მისი მეგობარი ქალი _ გიული ხასაია შეგვხვდნენ. ვიტალიმ რესტორანში დაპატიჟა ისინი და ვივახშმეთ.

მედეა: _ ისევ ღვინო, ქალები… ბოზები და რესტორანი… მერმე?

პაატა: _ ვახშმის მერე, ისინი ჩემთან წამოვიდნენ… თუმცა ნინო უარყოფს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს ვიტალიმ ელოს უამბო, ელომ კი _ ნინოს და ატყდა ერთი დავიდარაბა, ჩხუბი და ისტერიკა…

მედეა: _ შე კაი კაცო, ნინო იმ ქალთან სიარულს რომ არ გაპატიებდა, არ იცოდი? მით უმეტეს, ისეთი ამაყი ქალი, როგორიც ნინო ანჩაბაძეა. ცუდად ყოფილა საქმე. სიყვარულის რა ჩინებული საბუთი მიგიცია ნინოსთვის! ყოჩაღ, ბიჭო! განა შეყვარებულმა კაცმა ასეთი რამე უნდა იკადროს. არ მომწონს, მართალი გითხრა, შენი საქციელი, ძალიან ცუდად გახასიათებს…

პაატა: _ ეს ამბავი წუთიერი გატაცების შედეგი იყო. ნინოსადმი ჩემს სიყვარულს არაფრით არ შეჰხებია…

მედეა: _ ყოველთვის მეშინოდა: პაატა ღვინომ და ქალებმა არ გაიტაცოს-მეთქი… გაფრთხილებდი, გწერდი, გირეკავდი, თავს გაბეზრებდი… და, აი, ხომ ხედავ, რისიც მეშინოდა, სწორედ ის მოხდა. მე მქონდა საამისო საბუთი, რომ გამეფრთხილებინე. მამაშენის მაგალითი თვალწინ მედგა და ის არ მასვენებდა. ათასჯერ მითქვამს შენთვის, მამაშენს ჰგავხარ-მეთქი ხასიათით. მამაშენი ახირებული, უნებისყოფო, თავშეუკავებელი და ემოციური ვაი-კაცი იყო. ჩემს უბედურ დღეს… ჯერ კიდევ რუსთაველი ამბობდა: „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი”… ან კიდევ: „ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში”…

პაატა: _ ეჰ, დედაჩემო, ეს ყოველივე სიმართლეა, მაგრამ ვის არ აკლია ჩვენს დროში ახლა მიჯნურის ზნეობა? მე რომ მიკიჟინებ, ერთი ნინოს გაუსინჯე კბილი. შენ რომ გგონია, არც ისეთი იდეალური ქალი გახლავს ნინო. იგი, თავისი დედის მსგავსად, სიმდიდრისა და ქონების მოყვარული, ფილისტიმერი ქალია, ელოსაებრ ისტერიით დაავადებული… დავიღალე ამდენი ცერემონიებით. მართალი თუ გინდა, ახლა სულ სხვა ხალხი მოდის და სულ სხვა ცხოვრება მკვიდრდება.

მედეა: _ ასე ნუ იტყვი… რად ჰკილავ? მასეთი ქალი სწორედ არ გახლავს ნინო. შენ ნინოზე გაბრაზებული ხარ, გინდა თავი გაიმართლო და ქალს კი უდანაშაულოდ ლანძღავ. არ ვარგა იმის მტკიცება, რაც თვითონვე არ გჯერა. რა ხალხზე და რა ცხოვრებაზე ლაპარაკობ? ვინ უნდა დაამყაროს ის იდეალური ცხოვრება? და ამ ოცნების გამო უფლებას აძლევ შენს თავს, შეურაცხყოფა მიაყენო სუფთა და პატივსაცემ ადამიანებს, რომლებიც სტუმრად მოდიან ჩვენთან და რომელთა ნაცნობობით ვამაყობთ. ნუთუ მართლა გგონია, რომ შენი „სულ სხვა ხალხი” მოიტანს სამოთხეს? მაგრამ ეს ახლა არ მაინტერესებს. დრო დაგვანახვებს… შენ ნინოს წაჩხუბებიხარ… შენი უზნეობის გასამართლებლად ათას რამეს იმოწმებ და იგონებ. არ მომწონს შენი უზნეობა, აგზნება და ნერვიულობა…

პაატა: _ დედა, ისე ლაპარაკობ, თავი რომელიღაც სერიალის პერსონაჟი მგონია.

მედეა:_ გზნებასა და დაუოკებელ ვნებებს გრძნობა და ფანტაზია ხშირად გაღიზიანებამდე და გამახვილებულ სიფაქიზემდე მიჰყავს. ადამიანს ნებისყოფა უდუნდება, იგი არა გონების კარნახით, არამედ აფექტებით ცხოვრებას იწყებს, რაც მას ხშირად უზნეო და ცუდ ნაბიჯს ადგმევინებს. ამით არის გამოწვეული შენი დაუდეგარი და მოუსვენარი ცხოვრებაც, სასოწარკვეთილება, ომში წასვლა და სიკვდილთან თამაში, ღვინითა და ქალებით _ წყეული მარგარიტათი გატაცება. ასეთი იყო მამაშენიც. იგი ბუნებით მხატვარი იყო და სამედიცინო კი დაამთავრა. შენც მის კვალს მიჰყვები და გული მიკვდება…

პაატა: _ დე, აღარ უყურო რა იმ დაწყევლილ სერიალებს. ღმერთო, ერთი გვერდიდან მოგასმენინა და დაგანახა, რას და როგორ ლაპარაკობ?!

მედეა: _ როგორ შეათანხმებ შენს ლექციებზე სიარულს, პროზექტურაში გვამებზე მუშაობას, ვარჯიშსა და მწერლობას?! ნეტავი, შენ მწერლობა არ დაგეწყო და სხვა რაიმე ხელობისთვის მოგეკიდა ხელი. ხელოვნებაში უანგაროდ და უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, ისეთი, როგორიც თომა და შენ ხართ, ვერ ერკვევა ცხოვრების წვრილმან და პრაქტიკულ საკითხებში…

პაატა: _ დედა, ერთი ის დედარღნიანი ჩამაგდებინა ხელში, ვინც ამ იდიოტურ სერიალებს ყიდულობს თქვენთვის.

მედეა: _ ეს არის ჩემი უბედურება. შენ და თომა მეოცნებე, ფანტაზიორები და პრაქტიკული საქმიანობისათვის გამოუსადეგარი ადამიანები ხართ. თომამ დამღუპა. მან აგაცდინა სწორ გზას და ახლა ნარ-ეკალით მოფენილ გზას ადგები. დაიხსომე: შენც თომასავით მათხოვარი იქნები, რადგან პოეტის, მწერლისა და მხატვრის ქონება და ფული არავის გაუგონია.

პაატა: _ დე, შენი სიტყვა წყევლასა ჰგავს?!

მედეა: _ წყევლისაგან ღმერთმა დამიფაროს, მე ჩემს სათქმელს ვამბობ, თუმცა, მარტო მე, ქვრივმა და უმწეო ქალმა, რა გავაწყო ამ არეულ დროში? შეხედე ჩვენს სოფელს, სახლს, საძირკველი ულპება. აივანი თუ არ შევაკეთეთ, საცაა, სვეტები გამოეცლება. სამზადი გადაიხარა, ბეღელი და სასიმინდე ცალ გვერდზეა წამოწოლილი, ჩვენი ვენახიც დაბერდა… ძლივსღა ისხამს ნაყოფს და ახალი ვაზები უნდა ჩაიყაროს. ვინ ითავებს და ვინ უპატრონებს ყოველივე ამას? მე დავბერდი და დავსუსტდი. ხედავ, როგორ გავხდი? ვატყობ, რაღაც სენი შემომეყარა, შვილო… ხომ გახსოვს ეს სიმსივნე თხილის ოდენა იყო, ახლა კვერცხის ოდენა გახდა. მეშინია, კიბო არ იყოს.

პაატა: _ ეს ცხიმოვანი სიმსივნეა, ავთვისებიანი არ გეგონოს, დედაჩემო. ნუ შიშობ, ერთ წუთში ამოაგდებს ქირურგი.

მედეა: _ შენ არ მომიკვდე, შვილო, დანის ქვეშ მე არ დავწვები. რაც მომივა, მომივიდეს. საკმაოდ მოვჭამე წუთისოფელი. მხოლოდ ის მაღონებს, რომ შენს ცოლ-შვილს ვერ მოვესწარი. ამას რომ მომასწრებდე, დამშვიდებით მოვკვდები. აკაკაჩია, ბაკაკაჩია, გისვამს, გიჭამია, გზა გაგაჩნიაო, ხომ გაგიგონია ეს ანდაზა?

პაატა: _ ეხ, შენც ერთი. სიკვდილზე ლაპარაკისთვის მოგცლია!

მედეა: _ დავბერდი, შვილო, ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ეს სოკოსავით თავზე გაჩენილი სიმსივნე მაინც არ მომწონს, ვაითუ ამან მომიღოს ბოლო?! თუმცა ამ გაწამებულ დროში სიცოცხლე არ ღირს. ამიტომ არც მეშინია და არც მენაღვლება. ბოლოს, ხე რომ ხეა, ისიც კი ბერდება და ხმება. შეხედა, ოდესღაც ტკბილი ნაყოფით მსხმოიარე ამ სანაქებო მსხალს, სულ მთლად სოკო მოედო და ფითრმა შეჭამა… მართალი მითხარი, შენსა და ნინოს შორის ჩხუბი როგორ დამთავრდა? საბოლოოდ დაშორდით ერთმანეთს?

პაატა: _ ჩვენ არაერთხელ გვიჩხუბია, დედაჩემო, მაგრამ საქმე ისევ მორიგებით დამთავრებულა. ალბათ, ახლაც ისე მოხდება…

მედეა ჩაფიქრდება, დიდხანს ხმას არ იღებს. უცებ პაატას შეშინებული შეხედავს.

მედეა: _ რა გზას დავადგეთ, პაატა, რამე გვეშველება?…

პაატა: _ დედა, ისე გამოდის, თითქოს მეცხრამეტე საუკუნეს ველაპარაკებოდე ოცდამეერთე საუკუნე.

მედეა: _ სასაცილოა?!

პაატა: _ უფრო საკვირველია… (იცინის) ალბათ, დიდი ხანია, არ გვისაუბრია და იმიტომ.

მედეა: _ ორი საუკუნეა…

პაატა: _ ჰოო, თითქოს ორი საუკუნეა.

მედეა: _ მერე რა შეიცვალა? ღირსება, სინდისი თუ რა?

პაატა: _ „თუ რაც” შეიცვალა… და კიდევ ჩვენ ტერიტორიები არ დაგვიკარგია.

მედეა: _ არც ჩვენ. წ ა გ ვ ა რ თ ვ ე ს, თქვენ კი მხოლოდ ჭკუას გვასწავლით და არაფერს აკეთებთ.

პაატა: _ ოცდამეერთე საუკუნეა, აბა როგორ გინდა… მიზანი არ ამართლებს საშუალებას.

მედეა: _ რა გვეშველება?!

პაატა: _ გვეშველება.

ფარდა

Leave a Reply