პოეზია

ნინო დარბაისელი – ლექსები

 ჭია

ირაკლი ფარჯიანს

მითხარი, ჭიავ,
აქ რამ მომიყვანა,
რატომ ვზივარ მარტო
საფლავის გალავანზე
და გიყურებ,
როგორ ზანტად ეზიდები
გამაძღარ ტანს
გრილი მიწიდან!

ჩემი შეყვარებული აქ მარხია.
ჩემი შეყვარებული სიკვდილმა წაიყვანა.
ხომ მუდამ ვიღაცას მიჰყავდა ჩემგან,
მუდამ სხვა იყო
მისი ჭირის და ლხინისუფალი.

მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა:
ერთს სარჩო,
ერთსაც - ქვრივის სახელი,
ერთს -დავიწყება,
ერთსაც კიდევ - არდავიწყება.

ჩემმა შეყვარებულმა
მიატოვა საკუთარი გასვენება
და შორს წავიდა
და დამიტოვა კონტურები,
ხან რომ მუქდება
და ხანდახან ისე მკრთალდება,
რომ ვერ ვიხსენებ,
მაინც როგორ იცინოდა,
ან მხრებს იჩეჩდა,
ანდა შუბლიდან
თავის გაქნევით
შავ თმებს
როგორ გადაიყრიდა.

რაღაცას ვეძებ ამ კონტურებში,
რაღაცას ვეძებ,
როგორც დაკარგულ ბეჭედს ვეძებდი,
ათას მეერთედ ვუბრუნდები ადგილებს,
სადაც მეგულებოდა,
და ვიმეორებ,
ვიმეორებ:
''აქაც არ არის,
აქაც ვნახე,
არც აქ არ არის!''

მითხარი,ჭიავ,
რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს,
განა ისეთი რა აბარიათ,
ვის უნახავენ?
მითხარი,ვიდრე ერთადა ვართ,
ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა
და მიაშურებ ახალ საფლავებს!



ჩემი მეგობარი პოეტები

ჩემი მეგობარი პოეტები ცოლებმა მიატოვეს.
ისინი  მიატოვეს ალბათ იმის გამო, ან სწორედ იმის გამო,  რისთვისაც გაჰყვნენ.
და ვინც არ მიუტოვებიათ, ის კიდევ უფრო მარტო დატოვეს.   
თხილეულში  მძაღე მარცვალი რომ შეგიყვება, ამ დროს კი ლამის ყველა პირში მოგჩერებია, ყელმწარემ და  პირმომღიმარმა  მერამდენედ უნდა ჩავყლაპო ფუჭი სათქმელი! 

ვუთხრა, რა ვუთხრა! - 
რომ სამშობლოში პოეტებიდან თავი ვინც კი გაიტანა, ჯერ იმ თავში პოეტი მოკლა?!
ან  რომ ცხოვრება ვიდრე წიხლს არ გითავაზებს, ცოდნად ვერ  იქცევ,  რაც გაგიგია?! - 

რომ გულუბრყვილო რომანტიზმია,  როცა ბიჭს, შემთვრალს და გალექსილს  ერთი რითმა ან მეტაფორა  ურჩევნია  ოქროს უზალთუნს
და უწკრიალებს  თავის პოეტურ ყულაბაში უზალთუნები
და  სამუზედ აღერებულ  ათას გოგოში შენ  გამოგარჩევს?!... 
და იმ რომანტიზმს, ატლასის ძველი საპირესავით კვლავ მოლაპლაპეს,
სარჩულად უდევს  რეალიზმი, უხუნარი და მეტისმეტად სოციალური?!

  რა ქნას პოეტმა!
 მამადქცეული შინ  მიიქცევა, ახალშობილს კი ტაკლი-ტუკლის და ფაფების გარდა, პამპერსი უნდა, ხილიც  უნდა,  ჰაერიც  უნდა  და ექიმიც და უნდა დედა - უყვედრებელი, არნაწამები, არამედ მოვლილ- ნაამები, ალერსიანი, 
შენ კი ჯიბეში  ახალი ლექსიც კი არ გიდევს, ერთი ფურცელი გაცრეცილი, აქა- იქ რითმა, სტრიქონები - გადახაზულ-გადმოხაზული,  წაწერილი სხვა კალმითა და სხვა განწყობით, თითქოს, სხვა ხელით.

რაც უფრო გულის გასახეთქია, ცოლადქცეულმა იმ  სიფიფანა, მიამიტმა გოგოებმა საიდანღაც წერაც ისწავლეს, ანგარიშიც  და სხვები უკვე გაგონებენ, იქნებ ჯინაზეც, რომ  ქმრებზე უკეთ გამოუდით და რომ ეცალოთ, მეტსაც იზამდნენ.
წერას - წერისა!
  უანგარობას ვერ ითამაშებ, ანგარიში თუკი გერევა.
ამასობაში ცოლი  -  უკვე ნაცოლარია.

და იზრდებიან ასე მამიკოს გოგოები და ბიჭები მამის გარეშე, ხოლო მამები  შესციცინებენ იმ ძველ ფოტოებს, როცა ისინი ერთად იყვნენ ,
  ,,გაიზრდები და მიხვდები და დამიბრუნდები'' . 
...თავს იტყუებენ, თორემ როგორ არ იციან, რომ შვილებმა შეიძლება მოინახულონ, მაგრამ მშობლებთან ვერასოდეს დაბრუნდებიან.
და მამები, ფოტოებით უბესავსენი უფსკრულისკენ საბოლოოდ ექანებიან. 
უფსკრულები კი  მწვერვალებია, არარაობის მწვერვალები - ღრმა წყვდიადებში ჩაბრუნებული.

და იზრდებიან ასე შვილები დედის გარეშეც,  მაგრამ დედებმა ეს არ იციან, ისინი მედგრად მიუძღვიან  უშეცდომო, წარმატებული ცხოვრებისაკენ, სწორედ ისევე, საბედისწერო ნაბიჯამდე საკუთარი დედები რომ მიუძღვებოდნენ.

ო, რა მოწყალე ღიმილით დასცქერს ძე-შეცდომილი მამა- შეცდომილს! 
ქვეყანას, მამის მიტოვებულს  მამით ობლობა კი რა და,  უდედობა სჭირს,  მამა  -  შორია და რადგან
დედა - ამის გამო მამად ქცეულა, 
დედის ძველ ადგილს ტუჩაბზეკით და თვალმოჭუტვით ეტოლება ეს ცხოვრება- დედინაცვალი.
ჩემი მეგობარი პოეტები კი ამასობაში გაიკრიფნენ. 
აღარ არიან.
საქართველოში თავი პოეტად ვინ გაიტანა!



როგორ კვდება ქალი პოეტი

როგორ და როდის  კვდება ნეტა  ქალი პოეტი?
-მაშინ, როდესაც  მისი კაცი, ძლივას მოსული, 
მიდის და თითქოს სამუდამოდ კი არ ტოვებდეს, 
არამედ  თითქოს ძველი პროექტი იხურებოდეს და  დარჩენილი ინვენტარის ბედს დაეძებდეს, 
ასე დინჯად და საქმიანად ეთხოვებოდეს?
(თან  - განშორების პირობებზეც რომ უთანხმდება!)

თუ მაშინ, 
როცა მიმოიხედავს
და  უშორესი ცის კიდიდან დედამიწის გავარვარებულ ჯურღმულებამდე 
ვერ მოიძიებს ერთი არსებასაც,
ვისაც ამ თავის მარტოობაზე შეჰქვითინებდა?
(კაცს კი არა და,  
ადამიანებს კი არა და
ამასოფლის ბატონსაც კი თავისთავი გასჭირვებია,
ხოლო მამამდე  - 
როგორც იყო, ისე შორია!)

მე უკვე ვიცი, როგორ კვდება ქალი პოეტი.
ის კვდება მაშინ,
როცა  კაცებით გალიცლიცებულ ამაქვეყნად,
ანდა იმქვეყნად,
აღარაქვეყნად არ ეგულება
აღარცერთი კაცი-არსება,
იმის გულისთვის,
გულის ფიცარი უყანყალებდეს
ან
სისხლძარღვებში  ჭიანჭველები არმიებად დაუდიოდნენ,
ან ხერხემალზეც თვალები ებას,
ან სიზმარ-ცხადი რაღაც ტკბილ-მწარე,
მლაშე და მჟავე,
თანაც ობნაკრავ,
უსახელო გემო-სუნიან,
მღვრიე ნიაღვრად
გადაქცეოდეს
და საბოლოოდ
ამ ყველაფრის
ლექსად ამოთქმა რამედ უღირდეს!

ქალი -  კი,
არა ყველა არსება, ასე მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება  ასე  - მკვდარია.

ქალი კი არა,
ყველა არსება ასე მკვდარია.

ქალი კი არა
ყველა არსება ასე მკვდარია.

მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!



ქალი - ქალაქი. ფრაგმენტი

ჰო, შემომხედეთ,
ქალი კი არა, 
მე ვარ ქალაქი, 
დედათა შორის უდედესი,
ანუ როგორც იტყოდნენ ძველნი,
დედათა დედა,
ხოლო მარტივად - 
ან რუქულად  - 
საარაკო მე ვარ ქალაქი.
ჩემი სახელი  - რუქის ძირში წვრილად წერია, 
ხოლო ზემოთ,
დიდ რუქაზე -
დანომრილი მე ვარ წერტილი,
ერთი წერტილი ამ უსასრულო,
 ამ უსაზღვრო,
ამ სამყაროში,
ერთი წერტილი, ერთადერთი -
შინაგანი უსასრულობის,
უსაზღვროების გარე საზღვარი,
მე ვარ ქალაქი და უფრო მეტიც - 
მე ვარ ქვეყნის დედაქალაქი,
მე  - განუწყვეტლივ
მოლაქლაქეთა,
და უქალაქო მოქალაქეთა უბე ვარ სველი,
მარადსველი  ოფლით და ცრემლით, 
სისხლით და ღვინით, 
ათასნაირი მათრობელა სითხეებით,
ფხვნილებითა და 
საშიშ მინარევ-შენარევებით.
ნიადაგ  ვდუღვარ, 
ვიწვი და ვბოლავ
და თავზე მადგას წარუვალად   წარმავალი კვამლის გვირგვინი,
ქარის მოტანილ  თეთრ ღრუბლებში რომ განილევა.

ისე ადვილი არის, 
ჩემში  უცებ დაეცე,
მოგიცდეს ფეხი ასფალტებზე
ახალნაგებზე,
ქვაფენილებზეც
და გზადყოფილ ნატალახევშიც.
ხოლო დაცემით ის ეცემა, ვინაც  დგას
 და  დადის,
ანდა ვინაც  დადგომას ცდილობს, 
ან ხელს აშველებს ვინმე დაცემულს წამოდგომაში,
ვინც არ მოძრაობს,
ან ვინც სხვისთვის არ გაირჯება,
 მოუცურდება განა ფეხი,
ან დაეცემა?
(სათადარიგო, 
პორტატიული, 
გასაშლელი ფრთები მუდამ თან იქონიეთ!)

ქალი კი არა,
მე ვარ ბოლომდე დაცემულთა დედაქალაქი,
დედაქალაქი ტალახებში ჟრიამულით მოგუნდავეთა.
ჩემს ჯურღმულებში,
და უჯურღმულეს ცათამბჯენებში
ხმაშეწყობილად ბინადრობენ მხეცები და ანგელოზები,
ადამიანად გაძლება კი ჩემში - ძნელია.
ყოველი კაცი  ყოველწამიერ  დანარჩენების მიერ დადგენილს და სიკვდილამდე მისთვის მისჯილ თავისთავს ცდილობს,
თავისთავს ცხოვრობს, 
საბოლოოდ როგორც გამოსდის
და სიკვდილითაც,
საბოლოოდ თავის თავს კვდება,
და თუ ჰყავს ვინმე,
იმას უკვდება.
სიკვდილი კი დასაწყისია.
ყველა მზაკვარი - მსხვერპლი არის სხვისი მზაკვრობის,
ყოველი ბოზი ჩემში - სხვაზე უმანკო და წესიერია.
იმათ სიზმრებში ზოგჯერ ისეთი გალობა ისმის!
ცისარტყელები ვარდ-ყვავილებს თავს ევლებიან
 და ნიავს მოაქვს გულგაშლილი ვარდის სურნელი,
ეს - ზოგჯერ, 
მაგრამ  მუდმივად კი მათი ძილი - ჩემი წილია
და ცხად-სიზმარი აღარაფრით არ განირჩევა.
მე - წესიერთა როგორ გითხრათ!
მათი საქმისა - არარა ვიცი.
როგორც ამბობენ,
წესიერები  - ღამენიადაგ ძილში სცოდავენ
მკვლელობენ და ქურდობენ და
ძილში ბოზობენ,
ხოლო ცხადში კი სხვათა კილვით ინანიებენ.
მათთვის მე მხოლოდ ალაგი მაქვს
შესაყუჟავი და მიყვარს მათი  სიმშვიდეში დანანავება.
წესიერები - მე მეკუთვნიან!
მე უწესოთა კუთვნილი ვარ აწ და მარადის
და უწესოთა ამბები ვთქვათ,
მზეზე გავფინოთ,
ხელით ნაჭეჭყი თეთრეულივით ნაცვეთი და გარუხებული,
ბოლო ვლებაზე  კიდევ ცოტა ხნით
მარლის პარკში  მაგრად გამოკრულ ლილასა და მოთუხთუხებულ სახამებელში  რომ ჩატოვებენ,
ამოწურვამდე
ძალა რომ კარგად ამოიწოვოს.

პოეზიაა, ხელოვნებაა  - უწესოთა თავშესაფარი.
ღამის სათევად დანარჩენთათვის
ერთი კუთხეც არ ეძევება.
და თუ გინდათ, რომ რამე გაიგოთ,
შორი-ახლო,
კართან დადექით  საპარადოდ გამოწყობილნი
მოთმინებით,
დაელოდეთ,
თვალი ადევნეთ,
შინ ვინ შედის ან რა შედის,
როდის, როგორ და რა გამოაქვთ
ან რა გამოდის!
სინამდვილეში შიგნით რა ხდება, 
რატომ,
როგორ -  ვისი საქმეა,
სათქვენო - მხოლოდ გამოტანილი არის ამბავი.
ჰოდა, 
მარადის ამბით იამეთ!


ლოცვა კაროჟნასათვის
-  - - - 
(ინგა მილორავას)

იესო ქრისტე მაცხოვარო,
მამა, ძეო და სულიწმიდავ,
ღმერთო მაღალო,
ყოვლისშემძლევ და ყოვლად ძლიერო!
მარადია  სუფევა შენი!
ღმერთო ძლიერო,
მოწყალეო,
მადლობა შენდა,
მადლობა შენი  სიყვარულისთვის,
მადლობა იმისთვის, რომ ჩემისთანა არარაობის სასო და იმედი ხარ!
ღმერთო, არა ჩემთვის ან ჩემიანებისათვის,
არა ადამიანებისთვის, ძაღლისთვის ვლოცულობ,
ღმერთო, 
ერთი უმწეო ლეკვია, 
უჯიშო,
ყველასგან განწირულს
ძლივს პატრონი გამოუჩნდა
და სწორედ ახლა იბრძვის 
გადარჩენისთვის, ღმერთო!
ზუსტად თავისი პატრონისნაირი თვალები აქვს, 
ღმერთო, სამყაროს ამრეკლავი, 
შიგ ჩამტევი,
ნაღვლიანი სიყვარულით წყლიანი,
ოღონდ  მასსავით ლურჯი კი არა,
ან  მუქი ყავისფერი,
არამედ შავი და და შავზე შავი!
მე იმას ცხოვრებაში როგორ ვნახავდი, ღმერთო,
მაგრამ ასეთი ჩანს სურათზე.
ღმერთო ძლიერო,
შენ ერთადერთი ხარ მთელს სამყაროში, 
რომელიც ჩემს ლოცვას შეიწყნარებ და არ მისაყვედურებ,
ძაღლისთვის რატომ ვლოცულობ,
როცა ირგვლივ ამდენ ადამიანს უჭირს,
ღმერთო, ჩემი ყველა საყვარელი ძაღლის სახელით,
ჩემი ყველა, ვერგადარჩენილი,
ჩემი ყველა, ხის ქვეშ დამარხული ძაღლის სახელით,
გემუდარები, 
აჩუქე თავისი ძაღლური სიცოცხლე და მის პატრონს 
მიეცი ძალა,
გაუძლოს გასაძლებს...
ნუ გაიმეტებ  უფრო მძიმე მარტოობისთვის!
ღმერთო,
დაიფარე მისი სასოწარკვეთამდე კეთილი გული,
სხვა, არ ვიცი, რა შემოგთხოვო,
როგორ რა გითხრა,
გულთამხილველო, 
მადლიერი ვარ,
რომ შემიძლია შემოგთხოვო მოწყალება.
დე, იყოს ნება მამის, ძისა და სულიწმიდის,
აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდე!
ამინ!

ლოცვა უსირცხვილობისათვის

ღმერთო, უშველე იმ გოგონას, 
გამხდარს,
გალეულს, 
რაღაც, ირიბად  რომ იარება, 
დახედე, ღმერთო,
როგორ მოხრილა მხრებში,
როგორ ამობურცულა, ლამის დამხობილ ფიალასავით,
სკოლიოზისგან კი არა და,
რომ იღლიებქვეშ შეიმალოს
ადრეულა, მკვახე ლეღვივით გამოსული ძუძუკოები.

ისიც არ ვიცი,
რა საშველი მოგეძევება
მისთვის, ვინც თამაშ-თამაშობით,
ბწკენა-ბწკენობით,
შეიტყუეს ვითომ თავისმა,
ვითომ, ვითომ...
ამქვეყნად ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა,
და დაიამეს საკუთარი სარცხვინელი,
სარცხვენალი თუ სარცხვინალი
და პირზე შიშის კლიტე დაჰკიდეს
და გასაღები  ადიდებულ მდინარეში გადაუძახეს.

მას არასოდეს გაუგია სიტყვა ,,ინცესტი”,
მაგრამ მან უკვე კარგად იცის,
როგორია,
როცა ყველაზე საყვარელი ადამიანი,
ყველაზე სანდო,
უცებ ყველაზე საზიზღრად და უნდოდ გაგწირავს,
თან თავს გაწირვად არც ჩაუთვლის...
ხოლო რაც მოხდა,
როგორც მოხდა, 
დედის ყურსაც კი არ ეგება,
რადგან დედასაც,
დედის დედასაც,
და დედის დედის...
ძირისძირამდე
ჩაულურსმნეს,  
ჩაუქვავეს, 
ჩაუცემენტეს,
რომ
ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს ერგება
და მსხვერპლი  - მუდამ დამნაშავეა
და რაც შინ ხდება, შინ უნდა დარჩეს!

ხოლო სირცხვილის იმ საუკუნო ხის ტოტებზე 
ზეწრით ან ბაწრით  თავჩამომხრჩვალებს  
ღამღამობით  მოჩიფჩიფე ქარი აქანებს
და სიბნელეში მონოტონური ჭრიალი ისმის:

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

ეს გოგონაა ქვეყნად რამდენ ქალში მტირალი,
მუდმივი შიშით მიკუნტული ერთ ბნელ კუთხეში,
გულჩათხრობილი,
ხმაგაკმედილი.
რა უყოს ქალმა, 
ტუჩდაკბენილ იმ გოგონას რა უსაშველოს
ვის რა მოჰკითხოს ან ვის რაღა მოეკითხება!

ქალთა ღიმილი ზოგჯერ რამდენ გაუმხელს ფარავს,
სირცხვილის კომბლით  რომ დასდგომიან,
ვით ცხვრების ფარას,
რადგან დამკარგავს ამტყუნებენ, არა - მომპარავს,
ღმერთო, უშველე გოგოებს და ქალებს უშველე,
ღმერთო, არიდე გვერდით - მხეცი და ფიქრი - ბეცი,
მიეცი ძალი, გაარჩიოს მართლისგან ცილი,
ღმერთო, 
მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!
რაკი ძლიერთა  გულწრფელობა - უტიფრობაა,
ეს იყოს მისი არა - ხმალი, არამედ ფარი.
დე, იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,
აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი!

ამინ!


პრიმა ვერა

ო, რა კარგი ხარ, 
რა საყვარელი,  მიკროსკოპით გადიდებულ ამ სურათებში, 
ფორმასრული და ფერადოვანი,
მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე, 
რენესანსული  ქალწულივით თუ ქალღმერთივით!
ო, "პრიმა ვერა"*, 
ოი, კორონა, 
თან კი რამდენი სიკვდილი მოგაქვს!
ხოლო მანამდე მოგაქვს შიში, 
მარტოობა,
მოგაქვს არცოდნა, 
ისტორიული ისტერია!

შენს ფოტოს, 
როგორც ფოტოშოფით გაფერადებულ,
 ჩავლილ,
ჩათრეულ,
ვარსკვლავებიდან უფსკრულებამდე ჩამიწებულ,
შავ-თეთრ, 
კუთხეებშემოცრეცილ ახალგაზრდობას ვესაუბრები:

ოი, კორონა!
საერთო ჭირი ადამიანებს აერთიანებს, 
მაგრამ  ეს ხდება  სულ დასაწყისში,
რაღაც, მოკლე ხნით, 
ვიდრე სუყველას ერთად დადგომა განსაცდელს უფრო  გაუადვილებს,
მერე, თუ ამან დიდხანს  გასტანა,
იწყება ხოლმე დაყოფა და ბიფურკაცია
და გუშინდელი ჩვენი მოფხიზლე მეგობრები დაუძინებელ მტრად იქცევიან.
რადგან ასეა, 
გადასარჩენთა მოკლე საბანქვეშ  ყველა ერთად  ხომ ვერასოდეს შეიყუჟება. 

ოი, კორონა,
 ამ დიად სიბრძნეს ნავთიანი მჭადის გემო აქვს,
"კეროსინკაზე"  გამომცხვარის,
ჯერაც თბილ-თბილის, 
თავზე პატარა, მლაშე ყველით,
ადრე, ოდესღაც, 
თავისუფლების პირველ დღეებში
ჩვენი კორპუსის შუა ეზოში,
ძელსკამზე მსხდარი მეზობელი ჩვენი ქალები 
მთელი ეზოს გადასარჩენად რომ აცხობდნენ და გვირიგებდნენ, 
რომ იმ უპურო, ბნელ დღეებში ის გაჭირვება ყველას ერთად გადაგვეტანა.

ხანმოკლე ჭირში გვერდით მდგომის იმედი გქონდეს, 
მაგრამ ჭირი თუ გაჭირვებაში გადაიზარდა 
და აღარ და აღარ დასრულდა,
გეშინოდეს გვერდით მდგომების! -

აი, ეს მწარე გამოცდილება, 
სიბრძნეთა სიბრძნე გაუხარელი, 
ჩემს პიროვნებას პოსტ-ტრამვული,
ღრმა ნაჭდევები რომ  დაამჩნია, 
ჩემს სიბერეში გადაიქცა უწყვეტ დინებად,
თვეში  ორჯერ რომ  სტრონის სახელით ხელმოწერილი
საბანკო ჩეკით  
მიისწრაფოდა ჩემი კეთილი, 
გულითადი ფსიქოლოგის ანგარიშისკენ
 და ის-ის იყო,
ამას წინათ მეუბნებოდა, მოსალოცია, 
წარსულის მტანჯავ მოგონებებს მოვერიეთო,
რომ შენც გამოჩნდი!

ოი, კორონა!
მე  კვლავ დამჭირდა ჩემი ძველი გამოცდილება,
როგორც საპონი და ნიღაბი,
როგორც ნაღდ ფულში გადაყვანილი სახარჯო თანხა, 
როგორც  ფქვილი და კონსერვები, 
როგორც ბრინჯი, 
 როგორც შაქარი, 
რომ დავეხმარო დანარჩენებს,
ჭირთუნახავებს,
მათ, ვინც დაზაფრე, ოი,  კორონა, 
მათ, ვისაც დღემდე არასოდეს გამოუცდია, 
ის, რაც მე უკვე  ერთ ნერვსაც კი ვეღარ მიტოკებს, 
რადგან  ქვისა ვარ, 
მთლიანი ვარ და მყარად ვდგავარ უზარმაზარი ობელისკივით, 
ხოლო შიგ გულში - ვინ რა იცის, 
რა სტელებს ვმალავ,
სამახსოვრო  სიტყვებითა და სახელებით,
ერთია მხოლოდ, 
თავი თეთრი მარმარილოსი,  
თუ “ვაშინგტონის მონუმენტის*  წვეტივით მაღლა, 
ღრუბლეულში  მაქვს გახირული და მიწის ამბებს აღარც დავეძებ, 
სადღაც შუაში, 
გარუხებულ წელში -  ვიცვლები,
იმის ქვემოთ კი,  ძირის ძირამდე -  შენებისას შემოლეული
საუკეთესო მარმარილო, 
რომელსაც მთელი ტანი უჭირავს -  ქართული შემრჩა, 
ხოლო ქართულად ასე გამოდის:
ყოველი წამი  - სიცოცხლის იყოს, 
მაგრამ ყოველ წამს სიკვდილს ხედავდე.
რადგან ქართველი -  დასაბამიდან
სიკვდილს  უყურებს და ნიადაგ ხელით ეხება,
ხელს უტყაპუნებს ბეჭებზე და პირში შესცინის,
მაშინ, როდესაც
სხვები - სწავლობენ, რომ სიკვდილის არსებობა არ დაივიწყონ.

ოი, კორონა!
ბოლო კვირაა,
 დედამიწაზე სიკვდილს შენი სახელი ჰქვია,
მუსიკალურად მჟღერი სახელი
და ამ წინასწარ მკვდარ ქალაქში, 
ამ შუაგულ ამერიკაში 
და მის ირგვლივ სხვა ქალაქებში ახლა ისეთი,  
გაწყდომამდე დაჭიმული  მდუმარებაა, 
უცებ ფანჯარა რომ გამოვაღო და სიბნელეში დაგიძახო, 
ჩემი ძახილი ოკეანესაც გადაევლება,
კავკასიონსაც გადალახავს, 
ჩემს მოხუც დედას ჩაესმება და გააფიქრებს, 
რა მჭირს ასეთი, 
მგონი,  ნინოს ხმა შემომესმა! კორონაო, ნეტა რამე ხომ არ უჭირსო!
შენ კი, აბა, გაიგონებ?
რა უნდა მეთქვა?  
ჰო! 
კორონა,   ვინ არ მადარდებს, 
მაგრამ ამქვეყნად  ყველაზე მეტად
მოხუცებული დედაჩემის დარდი მაქვს და შენ მოერიდე!
თვითონ - რაც იყო, იგივე დარჩა, 
თავისნათქვამა, 
არც შვილს  მოუსმენს,  
არც შვილიშვილს,
 არც შვილთა შვილებს
და  განსაცდელსაც, 
გინდაც შენი სახელი ერქვას, 
თვითონ, 
მოკვდება და არაფრით მოერიდება?
ოი,  კორონა!

და შენ, 
ნამდვილო,
ახლა კორონით დაწყევლილო, 
გაუხარელო, 
შენ, ვის  ლოდინმაც  გადამღალა, 
გული დაღარა,
ო, "პრიმა ვერა",
პრიმა - არა,
პრიმა  - აღარა!
- - - - 
*
პრიმა ვერა (იტალ.) - გაზაფხული. იტალია ამჟამად   ვირუსის ყველაზე ფართოდ გავრცელების არეა. 

**  ვაშინგტონის მონუმენტში სხვადასხვანაირი თეთრი მარმარილოს გამოყენება მოუხდათ შუიდან, რადგან პირველ საბადოში  გამოილია.  შიგნიდან მონუმენტს მათი სახელები აწერია, ვინც გაიღო ესა თუ ის ქვის ლოდი. 
ანუ შიგნიდან - ცალკეული სტელებისგან შედგება, გარედან -  ეს არ ჩანს, ერთიანი და მონუმენტურია.
 



ლიანდაგები

მანდეთ მომავალი ლიანდაგებია,
მერე დაბებია,
მერე - ბაგებია,
მერე - ფერმებია,
მერე - ურმებია,
მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია.
ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია,
ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია,
კიდევ - გულაბია,
ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან.
ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია,
ბებია!

მოაჯირიანი, ხის კიბეებია,
სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია,
ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია.
ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია,
რკინის საწოლები და ქვეშაგებია,
მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები.
კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები,
კუთხეში - პერანგის ამხანაგებია.
აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია,
გამოჭრილები და დასალამბებია,
კერვა დაგიწყია, დაგინებებია,
ზოგიც - კაბებია,
შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია,
ადრე უცნაური - დღეს გასაგებია,
ბებია!

ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია,
ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია,
დაპრიალებული შენი ქვაბებია...
შენი ქვასანაყი,
შენი ქვა, ბებია!

ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია:
,,-შეუფარებია,
შეუყვარებია,
შეუპარებია,
შეუტანებია,
მერე ვეღარაფერს შეურიგებია“..
დასაზაფრებია.
შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია.
ჩნდებიან,
ქრებიან და ინამქრებიან..
ცად რა ამბებია,
ბებია?
ბებია!