ზეინაბ სარია
„დედაჩემმა მითხრა, რომ“
დიდი გალაკტიონი პოეზიისათვის მნიშვნელოვან რაობად აღიქვამდა ტექსტში ეპოქის აღბეჭდვას, დროების გამოხატვას და ამბობდა:
„ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,
ბევრის ნაბიჯი არის ტაატი…
დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს
ეს წელიწადი, დღე და საათი.“
რასაკვირველია, ამ სიტყვებში მხოლოდ დაწერის თარიღის მიწერა არ იგულისხმება. „დროის აღნიშვნა“ გულისხმობს და ითავსებს ორმაგ მნიშვნელობას: ტექსტის შექმნის კალენდარული დროის აღნიშვნასთან ერთად შენი დროების პოეტური ფოტოების გამჟღავნებას, ეპოქის ტენდენციების შეცნობასა და გამოხატვას; იმის აღბეჭდვას, რასაც „დროის სულს“ უწოდებენ. ამიტომ ყოველთვის თანადროული იქნება გალაკტიონის სიტყვები:
„ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ.“
ჩვენი დროების კარდიოგრამა გამოისახა კატო ჯავახიშვილის ახალ კრებულში, რომელსაც ჰქვია „დედაჩემმა მითხრა, რომ…“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2019 წელი). კრებული ეძღვნება „დედას, რომელმაც მუშაობა დაიწყო.“
არსებობს ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებშიც განსაკუთრებული ენტელექიით არის წარმოჩენილი დრო, – ეს არის პირველი, რაც გავიფიქრე, როდესაც ხელში ავიღე კატო ჯავახიშვილის ახალი კრებული. ყოველ პოეტურ კრებულში კატოს ერთ-ერთი „მე“ დაგვხვდება, ხოლო ეს მეექვსე კრებული (წინა გამოცემასთან ერთად) მას ქართულ პოეზიაში საკუთარი გზის გამჭრელ ავტორად წარმოგვიდგენს. ამ გამოცემას კატოს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მეტი ექსპრესიულობით მოაქვს და ასევე წაიღებს მომავალშიც… კრებული ასოცდაათი გვერდისაგან შედგება და ოცდათხუთმეტ ლექსს მოიცავს.
მჩვევია, როდესაც პოეტურ კრებულს ვიღებ ხელში, უპირველესად იმ ლექსს ვეძებ, რომლის სათაურიც წიგნის დასახელებად არის გამოტანილი; უმთავრესი ნაწარმოების ტექსტში შევიყუჟები, გავისუსები, მივაჩუმებ ჩემს შინასკნელს და იმ ტექსტიდან წამოსულ იმპულსს მივაყურადებ.
პირველივე წაკითხვით თვალში გეცემა საავტორო პუნქტუაცია და უჩვეულო სინტაქსი. „დედაჩემმა მითხრა, რომ.“ აქ წერტილია. ქვეწყობილი წინადადების მაქვემდებარებელი კავშირის შემდეგ წყდება წინადადება. უფრო ზუსტად, წყდება კი არა, სრულდება. ამას მოჰყვება წაღმა-უკუღმა ტრიალი ამ სამი სიტყვისა: „რომ მითხრა დედაჩემმა და მითხრა, რომ დედაჩემმა და დედაჩემმა მითხრა, რომ…“ ეს ნერვულ-კონვულსიური ამოძახილი გვაგრძნობინებს, რომ გადაწყვეტილება მძიმე და საბედისწეროა. მთელი ტექსტი შიმშილზეა და მისგან თავდახსნაზე. დედის მიერ მუშაობის დაწყებაც ამითაა განპირობებული.
გეძალება ქალური ემოცია, გულს რომ ნაფლეთებად გიქცევს და მერე ამ ნაფლეთებს კვლავ აგიკოკოლავებს, შეგიწებებს, გაგიმთლიანებს, რადგან სიცოცხლე გასაგრძელებელია; რადგან ლექსის წაკითხვით არავინ კვდება; რადგან ბავშვი ხომ არა ხარ, ნაწერზე გული გაგისკდეს?!. რადგან ეს ხელოვნებაა. ხელოვნებაში რაღაც-რაღაცებს აჭარბებენ, რომ ემოცია გამოიხმონ. რასაც აჭარბებენ, ის იმისთვის არის მოგონილი, რომ აგაღელვონ. მაგრამ კატოს ლექსში არაფერია მოგონილი და მკითხველის წინაშე ნამოქმედარი კი არა, ნამდვილი პოეზიაა.
„დედაჩემმა მითხრა, რომ“ ისეთი სოციალური ბომბია, მკითხველის გულში რომ ფეთქდება, შემდეგ მთელ სხეულში იშლება და თხემიან-ტერფიანად დაგცეცხლავს. …და ნუთუ ამ სიტყვებს ვინმე პათეტიკაში ჩამითვლის?!.
ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები, სიტყვების წაღმა-უკუღმა ტრიალი, არც ერთ სინტაქსურ კანონზომიერებაში რომ არ ეტევა და ანგრევს გრამატიკას, მოგიყოლებს ენის უმართავ სტიქიაში, იწვევს იმგვარ თანაგრძნობას, რომ მოგინდება ააყირავო ასეთი უმსგავსო სინამდვილე, რომელიც შიმშილის შიშის წინ დაგაყენებს. ნერვული რიტმი კარდიოგრამაზე არათანაბრად მხტუნავი ხაზებით გამოისახება, ხოლო ლექსში – ამგვარი ანგრეული მეტყველებით. ნაწარმოებში გამოხატული ტკივილი იმდენად მართალია, იმდენად ზუსტი, იმდენად სტიქიურად წამოსული, სწორედ ამ ფორმას საჭიროებდა; ითხოვდა გრამატიკის კატეგორიული შეუვალობის შელეწვასა და შემომსხვრევას… გრძნობს მკითხველი, რომ დრამატული ამბის მოზიარეა; რომ ამგვარი მეტყველება, ენააშლილის ნაბოდვარს რომ ჰგავს, ჭკუიდან ამწევი რეალობის დამსახურებაა. ავტორმა დიდი ერთგულებით მოუსმინა შინაგან ხმას და მიაგნო ერთადერთ, შეუცვლელ ფორმას თავისი სათქმელის გადმოსაცემად. ეს ფორმა იმდენად ადეკვატურია შინაარსისა, რომ მიუხედავად ლოდივით მძიმე სათქმელისა, მკითხველის აღტაცებისათვის რჩება ადგილი, აღტაცება კი იმით არის გამოწვეული, რომ არაორდინალური მხატვრული ოსტატობის მოწმე გახდი. აი ეს აბრადაკაბრა იქცა მწვავე სოციალური ვითარების გამომხატველ პოეტურ დოკუმენტად.
როგორ მიიღწევა ამგვარად ნერვებმოშლილი ლირიკული პერსონაჟის ასე შთამბეჭდავი დისკურსი? ერთი შეხედვით, პირველი ოთხი მონაკვეთის სინტაქსურ სეგმენტებში სიტყვები უთავბოლოდ მეორდება, სინამდვილეში კი იქმნება მკაცრად სიმეტრიული ბოდვითი სიმულაციები, რომლებიც გვამზადებს წინადადების მეორე ნახევრის წასაკითხად. სემანტიკურად მთავარი სწორედ ეს მეორე ნახევარია. შემდეგ მონაკვეთებში პირიქით – სემანტიკურად მთავარი პირველი ნახევრის მონაკვეთები მეორდება. ამგვარად არიდებულია მონოტონურობა და მიღწეულია მხატვრული ეფექტი.
„ფილოლოგი როა და ასეთი წყალწყალა ნაყოფი პოეტად რომ გამოაძვრინა, სწორედ ის დედაჩემი დგას ახლა და ჭურჭელს რეცხავს.“ ცხადად ვხედავთ, ფილოლოგი დედა და პოეტი შვილი როგორ დგანან შიმშილის საშიშროების პირისპირ. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უკიდურეს გაჭირვებულ ყოფაში იდენტობა შეიძლება შემოეძარცვოს, ადამიანი, განსაკუთრებით დედა, ასაკში მყოფიცა და სოციალური პრობლემების წინაშე უმწეოც, სიღარიბის ჩაკეტილი წრიდან გამოღწევას ცდილობს შვილის საკეთილდღეოდ. დედის მენტალობა ამტანობას გულისხმობს გაუსაძლის ყოფით რეალობაშიც, რადგან მას საკრალური მისია აქვს შვილის გამოკვებისა.
სინტაქსის ადგილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისაკუთრებს, ხოლო ეს ვითარება იმდენად მართალია, მისი შუაგულიდან წამოიმართება ყოფითობის ფოტოსურათი, რომელიც მხატვრულ დატვირთვას იძენს, თანადროულობის სიმბოლოდ იქცევა და დღევანდელ გლობალურ სივრცეში ჩვენი კონკრეტული რეალობისადმი მიკუთვნებულობაზე მიგვანიშნებს.
მწერალთა სახლში ამ კრებულის წარდგინება რომ მიმდინარეობდა, კატოს სთხოვეს, წაეკითხა ეს ლექსი. თითქოს შიშველი სადენი ყოფილიყო, ისე უვლიდა გვერდს ავტორი ამ ნაწარმოებს, ენის მართლაც უმართავი სტიქიით რომ ამხელს და ათვალსაჩინოებს ჩვენი დროის საქართველოს უპირველეს პრობლემას – ღირსეული და სათანადო სამსახურის პრობლემას, რაც სულისშემძვრელი სიმძაფრით აისახება ოჯახების ცხოვრებაზე, ადამიანების ფსიქიკაზე, მათ მეტყველებაზეც…
“ვუთხარი დედაჩემს, რომ გმირია დედაჩემი და დედაჩემი გმირია, რომ გმირები არ არსებობენ, არ არსებობენ გმირები და დედაჩემი მაინც გმირია, არარსებული გმირი…”
კნინ სინამდვილეში, გამაარაფრებელ გარემოში ადამიანი თავისი ცოდნა-გამოცდილებით უმნიშვნელო ხდება და არც არის გმირის ადგილი თუ საჭიროება. ამგვარი სინამდვილიდან ცოცხლად გამოღწევა უკვე გმირობაა.
ლექსში ასეთი დრამატული სათქმელი რომ არ ტრიალებდეს, ვიტყოდი, შვიდჯერ გაიმეორა თავისი ტექსტის შვიდ მონაკვეთში ავტორმა თამაშის წესი-მეთქი, მაგრამ ახლა, როდესაც სოციალური ნოტები ასე სულისშემძვრელად გაისმა, არ ამომდის ეს სიტყვათშეთანხმება: “თამაშის წესი.” დავარქვათ იმას, რაც აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება, “ცნობიერების ნაკადის პოეტური კონსტრუქცია.” ჰოდა, ეგ კონსტრუქცია შვიდგზის მეორედება ერთგვარი პარალელიზმის წესით და ხელშესახებად გამოსახავს (იმ დინოზავრის წინაშე, რასაც შიმშილი ჰქვია) შიშის ანატომიას.
კატოსთან მზა ფორმულებით, ტრადიციული სქემებით არ იწერება არაფერი.
ანგრეული მეტყველების ესთეტიკა ვიხილეთ (თუ ვიგრძენით) ამ ლექსში.
ეს მთვარი ლექსი კარგი მიმპატიჟებელია ამ ახალი კრებულის სამყაროში.