კრიტიკა/ესე/წერილები

ზეინაბ   სარია

“ასი უძველესი იაპონური ლექსი”

(იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა, გამომც. ინტელექტი, 2019 წ.)

ღია ცის ქვეშ გლეხები თავთავს მკიან. მათი სახურავი საავდრო ღრუბლებია. მომუშავეებს სახელდახელოდ გამართული ფანჩატურიდან გასცქერის იმპერატორი, რომელიც სახურავქვეშ კი დგას, მაგრამ შიშობს, რომ ეს სადგომი წვიმისგან მაინც ვერ დაიფარავს. იმპერატორი ადამიანურ ემოციებს შეუპყრია, გახედავს რეალურსა თუ ირეალურ სივრცეს, მობოჭავს მზერით, თვალებში მოიქცევს წარმავალსა და წარუვალს და არსებობის საკრალურობას მისწვდება ფიქრით.

სამყაროს შეცნობის იაპონური მოდელია ტანკაში. ამას წიგნის პირველივე ხუთტაეპედიც გვაგრძნობინებს, VII საუკუნის იაპონელ იმპერატორ ტენჩის რომ ეკუთვნის და ამ პატარა წერილის დასაწყისშივე დავიმოწმებ:

შემოდგომის ამ ღრუბლიან დილით

ოქროსფერ თავთავს მკიან გლეხები,

ფანჩატურიდან გავცქერი ყანას

და მაფრთხობს ფიქრი:

ვერ დამიფარავს წვიმისაგან სადგომი ჩემი…

იმპერატორის წინაშე ვალდებულებას ღრუბლიან ამინდში სამუშაოდ გამოუყვანია გლეხები, მაგრამ ხელისუფლის ძალა არ ვრცელდება ბუნებაზე, წვიმას არანაირი ვალდებულება არა აქვს მის წინაშე, ამიტომაც მისგან თავი დასაცავია. ეგ – ერთი გაფიქრებით.

გლეხები ალალად ერწყმიან გარემომცველ ბუნებას, მთლიანდებიან მასთან, ხოლო იმპერატორი გაუცხოებულია ბუნებისაგან,- მოდის ასეთი ფიქრიც. არის ხილული სამყარო, რომელსაც თვალით მივწვდებით და არის სამყარო, რომელსაც აზრით მივეახლებით. რომელიღაც კონკრეტული წუთიდან, კერძო ყოფითი რეალობიდან ზედროულობის განცდაში გადადის აღწერილი სურათი და ეგზისტენციალურ რეფლექსიებში ყალიბდება საზრისი თუ საზრისები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს შეერწყან კიდეც. ტექსტის შინაგანი ლოგოსი ზედაპირზე არასოდეს დაგხვდება, საძიებელია, მოსახელთებელია, მისაგნებია… სწორედ ეს არის ძირითადი, არსისმიერი მახასიათებელი, ის სპეციფიკური მხატვრული აზროვნება, რაც ნიშნეულია ტანკასათვის. ამიტომაც ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამყაროს შეცნობის ფორმაა ტანკა, რეფლექსიაა ადამიანსა და გარესამყაროზე.

ქართულ ენაზე არსებობდა იაპონური ტანკების თარგმანები, შესრულებული შუალედური ენებიდან (რამდენიმე მათგანი ხელთ მჭერია: მ. ლებანიძე, იაპონური პოეზია, მნათობი, 1969 წ., #12, გვ.33-39;  კ. ლორთქიფანიძე, ისიკავა ტაკუბოკუ, 64 ტანკა, ხომლი, 1969 წ., გვ. 180-197), მაგრამ პირდაპირ იაპონურიდან თარგმნილს, ბუნებრივია, სხვა ხიბლი აქვს.

ცნობილია, რომ ტანკას რითმა და მკაფიო მეტრი არ ახასიათებს (ჭილაია 1984:311), ხოლო მ. ლებანიძე მას რატომღაც ბესიკური საზომითა და რითმებით თარგმნის:

ო, ეს ცხოვრება!- წარმავალი, ფუჭი და ხრწნადი!

ეს ფაციფუცი!.. ეს სიზმარი და არა ცხადი!

რაა სიცოცხლე, რასაც ესრეთ გაუდის ყავლი,

თუ არ ამაო, განსაბნევად განმზადებული,

განმკრთალი ზეცის  უფსკრულებში პაწია კვამლი!

                         (ფუძივარა კიესკე, VIII ს.)

ბუნებრივია, ამგვარი თარგმანით ქართველი მკითხველი ტანკას ვერ შეიგრძნობს. რითმები არ იყო საჭირო, ტაეპების მოქცევა სალექსო მეტრის მკაცრ რიტმში არ იყო საჭირო. რამდენად არის აქ დაცული ტექსტის ორაზროვნება თუ სხვადასხვა მნიშვნელობები – ეს კიდევ ცალკე საკითხავია.

გადავიხედოთ რეტროსპექტულ სივრცეში. ქართულ თარგმანთმცოდნეობას თავისი გამოცდილება აქვს ტექსტის სხვა ენიდან გადმოქართულების სფეროში. ამ საქმის სათავესთან დგას ეფრემ მცირე, XI საუკუნის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი. მას ჩამოუყალიბებია საკუთარი მთარგმნელობითი თეორია: ტექსტი დედნიდან უნდა ითარგმნოს; ზედმიწევნით უნდა გადმოიცეს ნაწარმოები, მაგრამ არა სიტყვასიტყვით,  ისე, რომ არსებითი არა აკლდეს რა; ტექსტი რომ მკითხველმა უცდომლად გაიგოს, მას უნდა ახლდეს მთარგმნელის კომენტარები.

თეიმურაზ პირველს (XVI ს.) თავისუფალი თარგმანის პრინციპით გადმოჰქონდა სპარსულიდან (“იოსებზილიხანიანი,” “შამიფარვანიანი,” “ვარდბულბულიანი,” “ლეილმაჯნუნიანი”) მხატვრული ნაწარმოებები.

სულ სხვა პრინციპს იცავდა ვახტანგ VI. მან სიტყვასიტყვით გადმოსცა ტექსტი “ქილილა და დამანაში”, ამიტომაც ჭარბობდა თარგმანში უცხო კონსტრუქციები, რის “გასაჩალხადაც” სულხან-საბას მიმართა, მან კი ქართული ენის ბუნებას დაუმორჩილა ნათარგმნი, პედანტურად არ მიჰყვა ორიგინალს (ებრალიძე 2010:10).

მოგეხსენებათ, სტილი სხვა არა არის რა, თუ არა შერჩევა (თუ წერის პროცესში მხატვრულ კანონზომიერებებს დამორჩილება) რომელიღაც ენობრივი ნორმებისა თუ გამომსახველობითი საშუალებებისა, რომლებიც შეესაბამებიან ავტორის ხედვას, მის მიერ გარესინამდვილის აღქმას. აქ ეპოქის გათვალისწინებაც არის საჭირო. ყოველ დროებას ხომ თავისი ესთეტიკა მოაქვს? ერთი სიტყვით, სტილი მხატვრული ინდივიდუალობაა და იგი თარგმანშიც უნდა გადმოვიდეს. სამწუხაროდ, ზემოთ მოხმობილი თარგმანის ავტორი ამას ვერ ახერხებს.

 „ასი უძველესი იაპონური ლექსი“, რომელიც სხვა ენის (შუალედური ენის) გამოყენების გარეშე თარგმნა ირმა რატიანმა, უკვე ჩვენს სამუშაო მაგიდაზეა და არა მხოლოდ მაგიდაზე (სამუშაო მაგიდა მაინც სხვაგვარი ჟღერადობის სიტყვათშეხამებაა, ოფიციალობის სუსხი დაჰკრავს), ხელჩანთაშიც დაბინავდა, სამსახურში რუტინული ყოველდღიურობიდან თავდაღწევის დროს საკითხავად; ბალიშქვეშაც შემოგვითამამდა ძილის წინ საკითხავ-საფიქრელად… აქ ავტორის ინტენცია (განზრახვა) ამოსაცნობია, სტანდარტული პარამეტრები არ არსებობს, საგრძნობია ემოციური მუხტი, ჩასაყვინთია სტილური მანევრების სიღრმეებში, მოსახელთებელია აზრი, გასათვალისწინებელია სამყაროს გააზრების იაპონური მოდელი… და თან გულით გიხარია, რომ  ეს პოეზია ტანკას მშობელი ენიდან არის გადმოქართულებული და ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრებული. 

„ეს წიგნი შესანიშნავი მოსაწვევია ძველი დროის იაპონიაში“, – ამბობს იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა, ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარი.

როგორც წიგნის ანოტაცია გვეუბნება, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ირმა რატიანი 1994-1998 წლებში ცხოვრობდა იაპონიაში და „იაპონურ დღიურებში“ უშუალოდ ნანახსა და განცდილს გვთავაზობს. წიგნი ორჭიშკრიანი გამოცემაა: ერთი მხრიდან „ასი უძველესი იაპონური ლექსის“ თარგმანები და მთარგმნელის კომენტარებია, ხოლო მეორე მხრიდან – ირმა რატიანის იაპონური დღიურები, ამ ქვეყნის კულტურის სიღრმეში საკუთარი შეგრძნებებითა და განცდებით რომ შეგვიყვანს. 

რა წიგნია „ჰიაკუ ნინ იშუ“, ანუ „ასი პოეტის თითო ლექსი?“

ეს არის იაპონელთა პოეტური საუნჯე, რომელსაც 1235 წელს ერთი წიგნის სახე მისცა სადაიიე ფუჯივარამ და 97-ე ნომრად საკუთარი ტანკაც ჩართო. მისი კრებული იწყება მე-7 ათწლეულის პოეტის, ტენჩის ნაწარმოებით და მთავრდება XII-XIII საუკუნეთა კაძინის (ტანკას ავტორის), ჯუნტოკუს ტანკათი. 

ტანკას, როგორც მთარგმნელი გვიხსნის, მოაქვს სათქმელი, რომელიც საგანგებოდ არის გაბუნდოვანებული, თავისებურად ილუზორული. ირმა რატიანი წერს: „ცნება „ილუზია“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იაპონურ პოეზიაში. ის ინერგება არა მხოლოდ კომპოზიციური ნიუანსით, არამედ შინაარსობრივი კომპონენტისა და ტექსტის ინტერპრეტაციის მნიშვნელოვანი ბერკეტის ფუნქციით. „ილუზია“ არის „მირაჟი“, „გრძნობათა მოტყუება“, რომელიც ავტორისეული „ოპტიკური თამაშების“ მეშვეობით აღწევს პოეტური ხედვის გაბუნდოვანებას და იწვევს ტექსტის დატვირთვას ორაზროვან სიტყვათა წყებით. მკითხველი, თავის მხრივ, დაუღალავად ცდილობს პოეტური რებუსების ამოხსნას“ (რატიანი 2019: VIII-IX). 

„იაპონური დღიურები“ მეორე გამოცემა გახლავთ და ეძღვნება მამას – შალვა რატიანს. პირველად იგი 2000 წელს დაბეჭდილა. „ასი უძველესი იაპონური ლექსიც“ მეორედ იბეჭდება. პირველი გამოცემა 2008 წელს განხორციელებულა. ტანკების თარგმანი ეძღვნება შვილებს. ეს მიძღვნებიც მოწმობს, რა მშობლიური სიყვარულით მიახლებია მთარგმნელი იაპონიას, მის კულტურას, მის მაღალ პოეზიას.

ტანკა უძველესი იაპონური ფორმაა. მეშვიდე საუკუნეში მან გამოკვეთილი კლასიკური სახე მიიღო. კანონიკურ ტანკაში მარცვლები ტაეპების მიხედვით ასე ნაწილდება: ხუთი- შვიდი- ხუთი – შვიდი – შვიდი. დროთა განმავლობაში ევროპასა და ამერიკაშიც პოპულარული გახდა ეს მინიმალისტური პოეზიის ფორმა. ბევრგან მარცვალთა ოდენობის ძველ წესს არც იცავენ. 

ტანკაში, როგორც წესი, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული მნიშვნელობანი. ეს მის ესთეტიკაში არის ჩაკრისტალებული, მისი თავისებურებაა. 

ლექსის წერა ძველ იაპონიაში არისტოკრატული წარმოშობის ადამიანთა პრივილეგია ყოფილა. ამან განაპირობა ის, რომ ტანკაში დახვეწილი ურთიერთდამოკიდებულებაა სიტყვებისა და არ არსებობს ვულგარულობა, უხამსობა. მთარგმნელი გვიმხელს, რომ მისი ზრუნვის საგანი იყო, ერთ სტილურ მთლიანობაში მოექცია ტანკას ღვიძლი ენისა და მისთვის ახალი ენის (ქართულის) გამომსახველობითი საშუალებანი. 

როგორ შეძლო ეს მთარგმნელმა?

ირმა რატიანმა ისე თარგმნა იაპონური ტანკების წიგნი, რომ გადმოიტანა ის ძნელად მოსახელთებელი ნიუანსები, რაც იაპონურ კულტურაში პოეტური იყო და ქართული ენის ორგანულ ბუნებაში ისე ოსტატურად მოაქცია, რომ ის პოეტურობა არ გამქარალა. ამას მოწმობს კომენტარების წაკითხვა. ლაკონურად გამოხატული ღრმა საზრისები თარგმანში გადმოსულია. აქ მხოლოდ დედნის ტექსტის ლექსიკური ერთეულები როდია ქართული ეკვივალენტით შეცვლილი, არამედ სულია გადმოქართულებული. კითხულობ და ფიქრობ, რომ გრამატიკული სიტყვათშეხამებანი კი არ გითარგმნეს, არამედ მნიშვნელობები  გადმოგიტანეს შენს ენაზე. ორიგინალსა თუ თარგმანში ზიარი ჭურჭლის კანონზომიერებით ერთი და იგივე რაობა სუფევს.

ჩვენი ილიას სიტყვებისა არ იყოს, “ლიტერატურა ხალხის ჭკვა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია” (ჭავჭავაძე 2009: 304). თარგმანის დახმარებით ერთი ქვეყნის ლიტერატურული მიღწევები მთელი კაცობრიობის გამოცდილებად იქცევა და ბევრისათვის წინ გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეა ამ წიგნის შემთხვევაშიც. იაპონური ტანკა ეპისტემოლოგიურ (შემეცნებით) სტატუსს ითავსებს, იაპონელთა ეროვნული სალექსო ფორმაა და გვაცნობს იაპონურ კულტურას, აზროვნებას. ვკითხულობთ ამ წიგნს და ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის გამდიდრების მოწმენი ვხვდებით, კულტურათა შორის წარმატებული კომუნიკაციის სივრცეში ვიმყოფებით.

დამოწმებანი:

1. ებრალიძე 2010 – ებრალიძე ლ., პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში, სადისერტაციო ნაშრომი, თსუ, 2010 წ.

http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/lela_ebralidze.pdf

2. რატიანი 2019 – რატიანი ირმა, ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ.;

3. ლებანიძე 1969- მ. ლებანიძე, იაპონური პოეზია, მნათობი, 1969 წ., #12, გვ.33-39; 

4. ლორთქიფანიძე 1969- კ. ლორთქიფანიძე, ისიკავა ტაკუბოკუ, 64 ტანკა, ხომლი, 1969 წ., გვ. 180-197) 

5. კოჯიმა 2019- იასუჰირო კოჯიმა, წიგნში: ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ., გვ. 101.

6. ჭავჭავაძე 2009 – ჭავჭავაძე ი., ლიტერატურისა და კრიტიკის შესახებ, წიგნში: ლიტერატურის თეორია, ქრესტომატია, ნაწ. I, ლიტინსტიტუტი, თბ., 2009 წ. 

7. ჭილაია 1984- ჭილაია ანდრო, ჭილაია რამაზ, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, თსუ გამომც., 1984 წ.