პროზა

ხვიჩა ყალაბეგაშვილი – იუდას სახარება

(ნაწყვეტი რომანიდან)

            ზოგს დღემდე ჰგონია, რომ ბაწარზე ჩამოვეკიდე ჩემივე სურვილით და ასე, ლაჩრულად გავეთიშე გლობალურ პროექტ – ქრისტიანობას.

           იმდენი გამბედაობა თუ მეყო, რომ მესია გამეყიდა, ისეთ არგუმენტსაც მოვუძებნიდი ჩემს სუიციდისკენ მიდრეკილ ალტერეგოს, რომ აღებული ვერცხლის ხარჯვა ეცლია ჩემთვის. არა, მეგობრებო, ნამდვილად არ მომიკლავს თავი.

            დიახ, ეს მე ვარ, ისკარიოტელი იუდა, თქვენ, რომ ასე გძულთ და მაცხოვარს რომ ასე ძალიან უყვარს, ის იუდა ვარ, სწორედ. რეინკარნაცია, პარალელური სამყაროები, მეტაფიზიკა, ეზოთერიკა… ან გჯერათ, ან არა, ეს სულ ერთია. მთავარი ის არის, რომ მე ახლა აქ ვარ.

            ჩემი დაბადების, აღზრდის, განათლების შეასახებ სხვა დროს მოვყვები, ან ეს რაში გაინტერსებთ?

           იესოს დაბადებაზეც არ ვისაუბრებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ… თუ მაცხოვრის შობის საკითხი ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინ სხვა მოციქულების ნაამბობს დასჯერდით, რომლებიც ასევე არ ყოფილან მესიის შობისას გომურაში.

           იესოს განათლებას რაც შეეხება – ის აღმოსავლური, კავკასიური, ეგვიპტური, ინდური, ტიბეტური ცოდნით იყო აღვსილი და მის ყოველ ღაღადს განდეგილი ბერების ნაფიქრი, სულიერი გამოცდილება ედო საფუძვლად. ვისაც ჩემი არ გჯერათ თავად იესოს ჰკითხეთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, ტიბეტურ, კავკასიურ, ეგვიპტურ სკოლებს, მათ პანთეონს გაეცანით და… ხოლო, თუ ესეც არ ძალგიძთ, მაშინ სხვა რა გზაა, ბრმად უნდა მენდოთ, რადგან ჩვენ შორის მხლოდ მე ვიცნობ მაცხოვარს და ზემოთ ჩამოთვლილ ცივილიზაციებს.

           როცა მე იესო გავიცანი, მან მითხრა, რომ ის ღვთის შვილი იყო და კაცობრიობის შეცვლა სურდა. მაშინ ადამიანები აზროვნების და ცხოვრების ფორმებში ასე დუხჭირად არ იყვნენ, როგორც ახლა, მაგრამ, არც ისე კარგად გრძნობდნენ თავს, რომ მათი დახმარების სურვილი არ გაგჩენოდა, რა თქმა უნდა, თავად თუ არ იყავი დასახმარებელი. რადგან ჩვენ შორის მხოლოდ იესო იცნობდა ღმერთს და განსწავლულიც ის გახლდათ, რაღა უნდა მექნა? ბრმად მივენდე…

           ისტორიას უამრავი იდეალისტი, მეამბოხე, მამაცი, გენიოსი, იღბლიანი, წარმატებული, გამარჯვებული და დამრაცხებული ახსოვს… მაგრამ, რა? არც არაფერი… ისინი კაცობრიობამ უბრალოდ დაიმახსოვრა და იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ჰბაძავენ, თანაც უნიჭოდ. ქრისტე არც ისტორიის ტიტანებზე იღბლიანი ყოფილა და არც კბილებამდე შეიარაღებულს, ურიცხვი ჯარით ურბენია წინ და უკან ადამიანთა დასამორჩილებლად. კაცობრიობამ თავად დაუჩოქა ქრისტეს და თუ ვინმე ფეხზე დგას, დაჩოქილები მას მთელი ძალით ექაჩებიან მუხლებზე.

რატომ?

ისტორიის ტიტანები მთელი არსებით ცდილობდნენ ყოფილიყვნენ დიდებულები, ანუ დაემცირებინათ სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ხის მოჭრა და მერე ამ ხისგან შუბის გაკეთება ისწავლა, რომლითაც რომელიმე ცხოველს, ან ნათესავს უსწრაფებს სიცოცხლეს, ის მაინც დამცირებულია ბუნებასაგან, რადგან ბუნების დიდებულება დღემდე ბატონობს ადამიანზე. ბუნებისაგან დამცირებულ ადამიანს დიდებულები არ უყვარს, ყოელთვის ურჩევია თავად იყოს დიდებული. ქრისტემდე ღმერთებს მხოლოდ იმიტომ სცემდნენ თაყვანს, რომ ეშინოდათ მათი დიდებულების, ანუ ქრისტემდე ყოველი ღმერთი ერთგვარი მოვალეობა, ცხოვრებისეული ხარკი გახლდათ.

            ერთ ფრანგ კლასიკოსს, ვინმე ჟან ჟენეს აქვს ასეთი ფრაზა “დამცირების დიდებულება” – ეს არის მართებული ფორმულირება იდეისა, რომელიც სისრულეში მოიყვანა ქრისტემ. არ არსებობს ამაზე უფრო ზუსტი და ძლიერი იდეა, რომელიც ასე ორგანულად მოერგება ბუნების დიდებულებით დამცირებულ ადამიანს. პროექტი ქრისტე – იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პროექტი კაცობრიობის ისტორიაში, რომლის უნებლიე თანამონაწილეობაზე ვეღარასოდეს იტყვის ადამიანი უარს, რადგან ის მუდმივად იგრძნობს ვიღაცის წინაშე თავს დამცირებულად და მას ყოველთვის ენდომება ამ დამცირებით იყოს დიდებული.

             მე, როგორც ამ პროექტის რიგით კორდინატორს და თანამონაწილეს, მაქვს პატივი ექსკლუზიურად გიამბოთ “პროექტ ქრისტეს” შესახებ.

             იესო რომ გავიცანი, რამდენიმე თანამოაზრე უკვა ჰყავდა შემოკრებილი, თუმცა, ყველას არ ენდობოდა, რადგან ზოგს გონიერება აკლდა, ზოგს გამბედაობა, ზოგიც ზედმეტად თავზეხელაღებული იყო და ზოგიც მიამიტი… როგორც იცით, ცამეტნი ვიყავით, თუმცა ქრისტეს პროექტში მოციქულებზე დიდი წვლილი სხვა თქვენთვის უცნობმა ადამიანებმა შეიტანეს, რომელთა დასახელება, ან გაცნობა არაფრის მომცემია მოცემულ მომენტში. იდეა თავიდანვე იესოს ეკუთნოდა, გეგმებს, ანუ ქრისტიანების ენაზე, რომ ითქვას, ბიბლიურ პასაჟებს ოთხი ადამიანი ვქმნიდით: იესო, მე, თომა და მეოთხე, რომლიც არსად ჩანს, ის უჩინარი მაესეტრო, თავისი საქმის ნამდვილი ჟონგლიორი, ილუზიონისტი, ალქიმიკოსი, გაიძვერების ბელადი გახლდათ…

             პროექტი ქრისტე – ეს ერთგვარი უგუმბათო, უსასრულო ტაძარია, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობს ნებისმიერი მსურველი. კონსტრუქცია დროსა და სივრცის მიღმა, ყოველგვარი ფორმის გარეშე, იმპროვიზირებულად ვითარდება. მხოლოდ გლობალური ჩართულობა განაპირობებს, ნებისმიერი იდეის უწყვეტ დინამიკას, საკმარისია იდეის ზუსტი ფორმულირება და ის ლოკალურ ხასიათს იღებს, ყველაფერი ლოკალური კი ადრე თუ გვიან თავის თავს ამთავრებს, რადგან კონკრეტული ნიშნავს საზღვრულს, შემოსაზღვრულობა კი საკუთარით კვება, მონოპარაზიტიზმია. იესომ მოხაზა კონტურები და ეს უზარმაზარი, დაუსრულებელი ტილო კაცობრიობას მიაბარა გასაფერადებლად. სწორედ ამ უანგარობასა და კონტურების სიბაცეშია ქრისტიანობის დიდებულება. მაცხოვარს თავად, რომ დაესრულებინა საკუთარი ტილო, მას კაცობრიობა ისტორიის მუზეუმში შეინახავდა და ერთეულები შეავლებდნენ თვალს. კონტურები მკვეთრი რომ ყოფილიყო, ეს განსაღვრული ფორმები ადამიანთა მცირე ჯგუფს მოეწონებოდათ მხოლოდ და პროექტი არაგლობალური გახდებოდა, ანუ შემოსაზღვრული, მონოპარაზიტული. იესომ დაუტოვა კაცობრიობას დაუსრულებელი ტილო, რომელსაც ჰქვია “დამცირების დიდებულება” და ის სისხლით, თავმდაბლობით, სიყვარულით ფერადდება დღემდე… ტილოს რომელ ნაწილში რა რაოდენობით სისხლი, თავმდაბლობა და სიყვარული უნდა იხმარონ ადამიანებმა, ამაზე ძალიან ცოტა, შეფარვით ისაუბრა მაცხოვარმა, რადგან პროექტი ლოკალური, ფორმულირებული არ გამოსულიყო. რაც უფრო ბუნდოვანია იდეა, მით უფრო მეტია მიმდევარი, ეს მრავალგზის გამოცდილი ხერხი, პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად აითვისეს ქრისტეს შემდეგ.

            ყველაფერი ნგრევით იწყება და მაცხოვარმაც პირველი რაც მოიმოქმედა _ დაანგრია. იმდროინდელი ეკლესია – ეს იყო ერთგვარი მუქ ფერებში მდარედ შესრულებული ექსპონატი, რომელსაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი ხარკს სწირავდა, დიდი რუდუნებით აპრიალებდა და ადეზინფექცირებდა. ჩვენ ვიწყებდით უზარმაზარი ტილოს ხატვას, ამიტომ უნდა მოგვესპო ძველი, რადგან ხალხი, რომელსაც ჩვენი კონტურები უნდა გაეფერადებინა, უკვე გაფერადებულის თაყვანისცემით არ მომცდარიყვნენ. ძველი ეკლესიის დანგრევას ჰქონდა, კიდევ ერთი, უზარმაზარი და არსებითი მნიშვნელობა, _ დამცირება მით უფრო დიდი და თვალშისაცემია, რაც მეტად ცნობილი, დიდებული გამცირებს. ეკლესიის მესვეურები კი ყველაზე ცნობილი ხალხი იყო რომელთაც შესწევდათ ძალა სხვა დიდებული ხალხის, ანუ რომაელების ხელით აღესრულებინათ ქრისტეს გვემა, ანუ დამცირება.

            მას შემდეგ, რაც გაიძვერების ბელადის, იგივე ალქიმიკოსის ძალისხმევით, ქრისტემ მისტიკა შეიტანა პირველ მიმდევრებში, ვგულისხმობ სასწაულებს, ეკლესიამ ჩვენსკერ დაიწყო ყურება. შევუტიეთ და აგვყვნენ. იესოს ორატორული ნიჭისა და განსწავლულობის ხარჯზე უამრავი მიმდევარი წავართვით ეკლესიას, რამაც მათი განრისხება გამოიწვია. ყოველი დაკარგული მრევლი დაკარგულ ლუკმას უდრიდა. დღესაც ასეა, ეკლესია იყო, არის და იქნება ლუკმების ყულაბა, რომლის გასაღებსაც გრძელკაბიანი კაცები სათუთად ინახავენ კაბის ქვეშ.

            ეკლესიისთვის ლუკმების წამრთმეველი ქრისტე, შარლატანებს საკუთარ ბუნაგში მიეჭრა, უტიფრად გამოლანძღა, ამხილა სიცრუესა და უვიცობაში, ახალი სწავლებები ჩამოურიგა, ნგრევით დაემუქრა და სანაცვლოდ მათგან გოლგოთას ვიზა წამოიღო.

           ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ქრისტეს მოძღვრებით დატესტილმა პირველმა ჯგუფებმა იდეალური შედეგი აჩვენეს, ბაცი კონტურების იდეა შესანიშნავად მუშაობდა, პირველ გამფერადებლებს სხვებიც ჰბაძავდნენ, ზოგი მასწავლებლის და ზოგიც თავისი ხედვით აფერადებდა ქრისტეს მიერ მონიშნულ ბაც კონტურებს, ქრისტიანების ენაზე რომ ვთქვა, ახალ აღთქმას, ანუ მაცხოვრის იგავურ შეგონებებს. ქრისტე იწამა ხალხმა და ყველამ ისე გაიგო, როგორც შეეძლო, დღემდე ასეა ქრისტეს იდეა ქრისტიანთა მხოლოდ 2-3%-ს ესმის სათანადოდ, დანარჩენები სხვათა მიერ დადგენილ იმ ფორმებში ეძებენ ჭეშმარიტებას, რომელიც აწყობთ, ან მათ გონებრივ განვითარებას ესადაგება.

            ვიზა მხოლოდ საწყისი ნაწილია მგზავრობისთვის, რომელსაც კიდევ უმრავი სხვა რამ სჭირდება. გოლგოთა – ეს გახლდათ იმ დროის ყველაზე ურთულესი და უშორესი გზა. ამ გზაზე აქამდე ადამიანები ჯვარცმისთვის მიჰყავდათ, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდებოდა. ჩვენთვის სიკვდილი მიზანი არ ყოფილა, ჩვენს განზრახვას აღდგომა ერქვა. ჩვენ გვჭირდებოდა ჯვრიდან ჩამოხსნილი ცოცხალი ქრისტე, სხვა შემთხვევაში “დამცირება” “დიდებულებას” ვერ შეიძენდა და ჯვარცმულებზე უფრო მეტად დამცირებულები  ისედაც ახსოვდა კაცობრიობას.

            რა განაპირობებდა ჯვარცმულის სიკვდილს? ჯვარცმამდელი წამება, დამღლელი გზა, გიგანტური ლურსმნების რაოდენობა, გაუწყლოება, ჯვარზე ყოფნის ხანგრძლივობა, წვივების გადამტვრევა, არტერიების დაწყვეტა…

 ჩვენ ოცდაათ ვერცხლზე ბევრად მეტი დავხარჯეთ ეს ყველაფერი ცოტა სხვაგვარად რომ მომხდარიყო…

            მოციქულებს შორის, ერთ-ერთი რომაელი გახლდათ, მხოლოდ რომაელებს ჰქონდათ მახავილის ტარების უფლება იმხანად და მხოლოდ ასეთი მახვილიანი კაცები ურიგდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საჩოთირო საქმეებში. ჩვენმა რომაელმა  ყველა, ვინც კი შეიძლებოდა მოსყიდულიყო, დიდძალი ვერცხლით აავსო.

            ყველაფერი გათვლილი, გაწერილი, გაანგარიშებული გვქონდა. მე დავაყენე მაცხოვრის კვალზე ქრისტეს მიერ ლუკმაწართმეული შარლატანების მიერ დაგეშილი რომაელები და უკან გავყევი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მცირედი შეხლა-შემოხლის შემდეგ იესო წაიყვანეს. მე და დანარჩენი მოციქულები გავიფანტეთ და ჩვენ, ჩვენი საქმეების კეთებას შევუდექით.

მიუხედავად იმისა, რომ დამსჯელთა ჯგუფში ორი რომაელი ჩვენ მიერ იყო მოსყიდული, მაცხოვარს მაინც სასტიკად აწამებდნენ, რადგან ჯალათები მორიგეობდნენ და ყველას მოსყიდვა ვერ შევძელით. ჯვარცმის პროცესს შეძლებისდაგვარად ვანელებდით გარედან. მაცხოვარიც კეისართან დიალოგებით აჭიანურებდა მსჯავრზე გასვლას. წესისამებრ ჯვარცმა სამ დღე-ღამეს გრძელდებოდა, თუ ქრისტეს პარასკევამდე აცვავდნენ ჯვარზე, მას ორი სამი დღე მოუწევდა ჯვარზე ყოფნა, რაც ძალიან სარისკო იყო, ხოლო თუ პარასკევ საღამომდე გავაჭიანურებდით პროცესს, მხოლოდ ერთი დღე მოუწევდა მას ჯვარზე ყოფნა.                          წესის თანხმად შაბათ დღეს ჯვარზე სიკვდილმისჯილის დატოვება არ შეიძლებოდა.

ხალხმა ბარაბა დაიწუნა და იესო აირჩია ჯვრისთვის, მეც ბარაბას ,,მხარეს ვიყავი” კაცობრიობისთვის გარდამტეხ წუთებში. ადამიანმებმა წარმატებით ჩააბარეს ტესტი – დამცირება, ეს, ჰომოსაპიენსის ბუნებრივი, გენეტიკური სწრაფვაა, რომელიც სამართალზე მეტად ძლიერია, ის ზოგჯერ გააზრებულია, ზოგჯერ ინსტიქტური, მაგრამ მუდმივი, ის ზოგჯერ სხვისკენ არის მიმართული, ზოგჯერ საკუთარი თავისკენ, მაგრამ გარდაუვალი.

ჩვენმა მოსყიდულმა რომაელმა მუჭით, რაღაც აჭამა დასახიჩრებულ მაცხოვარს, დღემდე ამ დეტალს არავინ აქცევს ყურადღებას, ამ ფაქტს დამცირების რიგით წვრილმანად თვლიან. ეს იყო კოკაინიანი ულუფა, რომელიც ყაყაჩოს ყვავილისგან მზადდებოდა და რომელსაც რომაელები გაუტკივარებისთვის იყენებდნენ ბრძოლებში. ასე, დამცირებაში შეფუთული შვება ვაჭამეთ მაცხოვარს რომაელის ხელით. დამცირებაშივე შევფუთეთ ძმრიანი წყალი, რაც გაუწყლოების პირველი წამალია. ჩვენს მიერ მოსყიდულმა რომაელმა კვირინელს აჰკიდა მაცხოვრის სათრევი ჯვარი, რითაც იესომ სასიცოცხლო ენერგიები დაზოგა. ჩვენმა ალქიმიკოსმა მაცხოვრისთვის განკუთვნილი ლურსმნები ყაყაჩოს, ანუ ოპიუმის ნაყენით დაასველა, წამალი სისხლში მოხვდა და გაუტკივარება გაახანგრძლივა. ზედმეტი ლურსმანიც გაიძვერების უშტაბაშმა მოიპარა, რადგან ის საფრთხეს უქმნიდა სიკვდილმისჯილის სიცოცხლეს. ჩვენ მიერ მოსყიდულმა ჯალათმა მაცხოვარს არც წვივები დაუმტვრია და არც არტერია დაუზიანა, მან ფერდში მახვილის შესობით გადაამოწმა, საქმე დამთავრებული იყო, თუ არა. მას შემდეგ რაც ფერდიდან სისხლმა გამოჟონა მეც და დანარჩენებმაც შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გამოყოს ასეთი ჯანსაღი სისხლი. ქრისტემ სისხლის მიმოქცევის ფუნქცია გულიდან ღვიძლზე გადაიტანა, რითაც გული გათიშა და ფიზიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა. ეს ძველი ტიბეტური მეთოდია და ნირვანაში ხანგრძლივი გასვლების დროს გამოიყენება.

ძალიან ძვირად ვიყიდეთ ჯვარცმული მაცხოვარი, თუმცა განსასვენებლის საკითხები ვეღარ მოგვარდა ბოლომდე, ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. აკლდამასთან დაცვა დააყენეს.

        მოდარაჯე რომაელებმა, ფულის აღება ვერ გაბედეს. იძულებული გავხდით, სხვა ხერხისთვის მიგვემართა. ადამიანის ნებისმიერი ინტერესი, მცდელობა, მიზანი, ქმედაბა, გამომდინარეობს ორი ძირითადი იმპულსიდან: ერთს ჰქვია შიმშილი, მეორეს სექსი… როცა ჯარისკაცი ჭამაზე უარს ამბობს, ესე იგი, მას კარგად აჭმევენ, მაგრამ არ არსებობს კაცი, რომლისათვისაც სექსი საკმარისია, მითუფრო ჯარისკაცისთვის. სანამ დარაჯები ჯგუფურად აუპატიურებდნენ მაგდალინელს, რაც საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო; მანამდე ალქიმიკოსს ქრისტე ფორმაში მოჰყავდა…

ქრისტე აღდგა.

           ეჭვისთვალით მომზირალ მოციქულებს თომამ დაასწრო და ქრისტეს სხეულის ის ნაწილი გადაამოწმა, რომელიც არასოდეს ყოფილა დაზიანებული.

მე და იესომ  სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე კი ჩვენი გზები გაიყო, სხვადასხვა მხარეს წავედით ქრისტიანობის გასავრცელებლად. დიდი ხნის შემდეგ, მხოლოდ ოთხი დღით შევხვდი მას ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ის მგზავრობით ქანცგაწყვეტილ აქლემებს ასვენებდა…

ათწლეულები ვქადაგებდი ქრისტიანობას წარმართულ ქალაქებში… ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს…

           ღრმად მოხუცებული იესო, სიციცხლის ბოლო დღემდე ავრცელებდა ქრისტიანობას… სხვებიც ქადაგებდნენ…

ჩვვენ მთელს მსოფლიოზე გავშალეთ ჩვენი სიკეთისა და სიყვარულის კონტურებიანი ტილო, რომელსაც ყველა ისე აფერადებს, როგორც შეუძლია, როგორც აწყობს, როგორც ასწავლიან.

           ყველა ჩვენთაგანი ერთ ისტორიას ვყვებოდით, “დამცირების დიდებულების” მისტიკურ ამბავს. ამ ისტორიაში მე დამცირება მხვდა წილად, იესოს – დიდებულება, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი იდეა დღემდე მუშაობს, ამ იდეის წყალობით სამყარო ბევრად უკეთესია, ვიდრე ის იქნებოდა, რომ არა ქრისტე, როგორც გლობალური პროექტი.