წინდათა ამპარტავნება
ჩემს მონჯღრეულ კარადაში
გაცვეთილი კეტები სუნიან ფლოსტებს თავს წამოსხდომიან,
ზედა თაროდან კი მათ სულ ახალი წყვილი წინდა ამაყად დაჰყურებს.
-ხვალ მოეღება ბოლო თქვენს სიამაყეს!..
***
უნგრული სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე,
ჩემი მტვრიანი მაცივარი მეგრულ ყველს ინახავს,
და მიხარია, რომ რვაკილოიან „ვიზეარ”-ის ბარგში
კეტების ნაცვლად სულუგუნი ჩავტენე.
***
ჩამავალი მზის ოქროს ციალით
ჰელიოს მითბობს ლაზურ სისხლს და აიას მიხმობს,
-ასულს მოუფრთხილდი, მეფეო აიეტ!
***
საით მიცურავთ, ქვიშისფერო რუხო ღრუბლებო,
ან რად მიჩრდილავთ ბჟას, დედას ჩემსას?!
***
ველური ბალი მიჩრდილავს მაისის მწველ მზეს,
წყურვილს მიქარვებს მინერალური წყალი უნგრული მთის კალთებიდან,
პოლიეთილენის უბრალო ბოთლში ჩამოსხმული,
კალციუმით და ჰიდროგენ-კარბონატით გაჯერებული.
ბორჯომი მინდა...
***
მაისის წვიმავ,
ისეთივე უეცარი და საამური ხარ,
როგორც მოკითხვა სატრფოსაგან,
რომელმაც, გეგონა, რომ სამუდამოდ გადაგივიწყა.
***
დეაკ ფერენცზე გუგუნებს მარში,
ყველაზე ბედნიერი კი ეტლში მჯდარი უფეხო მათხოვარია,
რომელიც დირიჟორს ბაძავს...
***
ცისკიდე წალეკეს ღრუბელთა შავმა ლეგიონებმა,
წვიმის წვეთები ნელ-ნელა მეპარებიან,
როგორც მსტოვარნი ბრძოლის დაწყებამდე,
ცის კამარაზე ფრენენ მერცხლები,
ხეთა ფოთლები გარინდებულნი მოელიან სტიქიას ზეციურს...