თარგმანი

ქეთევან ჯერვალიძე

პუბლიუს ვერგილიუს მარონი (-70-19) და „ოქროვანი საუკუნე“

ორმოცდაათი წელი ვერგილიუსთან ერთად

(ლიტერატურულ-სამეცნიერო ესე)

პუბლიუს ვერგილიუს მარონი (-70-19) რომაული კულტურის ოქროს ხანის დიდიავტორია, შემოქმედი, რომელმაც: 1. ჰომეროსის ეპიკურ კაცს ისტორიული კაციდაუპირისპირა; 2. ბერძნულ-რომაული კულტურის სამყაროდან ოქროს ხანის მითოლოგემა წარსულიდან მომავალში პირველმა გადმოიტანა; 3. განუზომელი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპული ლიტერატურის განვითარებაში.

როდესაც ჩვენი პატრიარქის, კირიონ II საძაგლიშვილის (1855-1918, კათალიკოს-პატრიარქი 1917-1918 წწ.) წერილს ვთარგმნიდი (პატრიარქი დიდი მეცნიერიცაა, რომელსაც აღსაყდრებიდან მეორე დღეს თბილისისყველა გაზეთი უნისონში ლანძღავდა, არადა, ძლივს დაითანხმეს მრავალტანჯული, უარი არ ეთქვა პატრიარქობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია ჩვენი ერის ეთნოფსიქოლოგიის წარმოსაჩენად) _ „ჰურიანი ძველ იბერიაში, საყოველთაო მოლოდინი მესიისა, განთესილ ებრაელთა გავლენა ჩვენს წინაპართა სარწმუნოებაზე და მათ მიერ უფლის კვართის ჩამოტანა მცხეთაში”, აი, სწორედ იმ წერილში იყო ნახსენები რომაელი პოეტები, ორატორები, ისტორიკოსები, რომელთა ნაწერებშიც ისმოდა მოლოდინი მესიის მოვლენების შესახებ და დავიწყე მეცშესწავლა ამ საკითხისა (https://ketevanjervalidze.wordpress.com/2011/03/02/ huriani-Zvel-iberiaSi-sa/).

ასე მივადექი ვერგილიუსის IV ეკლოგას, ჩემი ძვირფასი მასწავლებლის სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ ლათინური ლიტერატურის ისტორიის წიგნში განხილულს და ცხრაჯერ მაინც წავიკითხე ხელახლა, თითქოს პირველი იყო. უკვე სულ სხვანაირად ვკითხულობდი, მკვდარი ინფორმაცია განათებას იწყებდა და ცოცხლდებოდა. მერე ს. ვ. შერვინსკის მიერ რუსულად თარგმნილი „ბუკოლიკებიც” წავიკითხე. ნაწარმოები ორ სახელს ატარებს: „ბუკოლიკები”/„Bucolica” და „ეკლოგები/E­clogae”), რადგან თავიდან ავტორი ეკლოგებს (გამორჩეულს, საუკეთესოს) ცალ-ცალკე წერდა, მერე აქცია ერთ ნაწარმოებად და, ამასთანავე, ეკლოგა იდილიის სახეობაც იყო.

აი, სწორედ ამ IV ეკლოგის გამო მიიჩნევდნენ ვერგილიუსს ქრისტიანობის წინამორბედ პოეტად, მესიის მოვლინების მახარებლად დაწინასწარმეტყველად, ხოლო გერმანელ ანტიკოს მიქაელ ალბრეხტს (1933-1964) თუ დავუჯერებთ, ამ ეკლოგაზე კეთილშობილური და ღრმააზროვანი მსოფლიო ლიტერატურაში სხვა არაფერი შექმნილა… ეს არ ნიშნავს, რომ განმადიდებლებთან ერთად კრიტიკოსები და განმაქიქებელნი დაჰკლებოდნენ ვერგილიუსს. სვეტონიუსი (70-122) ასახელებს პოეტის თანამედროვე კრიტიკოსებს: ვიღაც მონტანუსს, პიკტორუსს, ნუმიტორიუსს, გერენიუსს…

დიდი ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსიც(1844-1924) კი ვერ უვლის გვერდს ჩვენს ვერგილიუსს თავის უპოპულარულეს სატირულ რომანში „პინგვინთა კუნძული” (1908) და ქირქირებს: „ეს წმინდა ქალწული ღვთისმშობელია. პოეტმა ვერგილიუსმა დაბადებამდე ამცნო ქვეყანას მისი მოვლინება თავის „Carmes sibyllins _ სიბილინურ სიმღერებში” და თავისიანგელოზური ხმით იგალობა: „Jam redit et vergo _ კვლავ მოევლინა ქალწული” (ანატოლ ფრანსი „პინგვინთა კუნძული”, თბ. 1986, 16; თარგმანი მანანა მიქელაძისა).

მაგრამ მეორე დიდ ფრანგ მწერალ რომენ როლანს კი (1866-1944) „ევროპული ინტელიგენციის ვერგილიუსს” უწოდებდა რუსი მწერალი და როლანის მეგობარი კონსტანტინე ფედინი (1892-1977) (იმედია, სწორად მახსოვს), ალბათ, იმ დაუცხრომელი მცდელობებისა გამო, მშვიდობის დასაცავად რომ მიმართავდა მსგავსად ვერგილიუსისა ფრანგი მწერალი და აკრიტიკებდა კაპიტალისტურ სამყაროს…

ჩვენი პატრიარქის წერილს რომ ვკითხულობდი, გაოცებული ვიყავი მისი ესოდენ ღრმა განსწავლულებით. ეს იყო 1993 წელს…მადლობა მაშინ იმ ორ ახალგაზრდას _ გრიგოლ ტურაბელიძესა და ნათია ჯანელიძეს, რომელთა თხოვნითაც ვთარგმნე ჩვენი მოწამე პატრიარქის ეს წერილი რუსული ენიდან. უფრო სწორედ, გრიგოლსა და ნათიას რუსული ენის კარგი სპეციალისტი სჭირდებოდათ, კარგები ბარემ მოვძებნე, მაგრამ რად გინდოდა? ქართულად არ გამოსდიოდათ, საკითხი არ იცოდნენ და ხელი არ მოჰკიდეს. იძულებული გავხდი, მე მეცადა, როგორც თემის მცოდნეს. გამომივიდა და ასე დავიწყე მთარგმნელობითი მოღვაწეობა ამ შესანიშნავი, ახალგაზრდების წყალობით. უღრმესი მადლობა და ყოველივე კარგი მათ, თორემ მე მაშინ ისეთ ნაკლულად მიმაჩნდა თავი, როგორ შევბედავდი ასეთ დიდ თემებს…

ასე და ამგვარად, გავეცანი „ბუკოლიკებსაც” და ვერგილიუსის „გეორგიკებსაც”, „ენეიდას” ისედაც ვიცნობდი. ეკლოგა ოქროს ხანის დადგომის იმედითაა აღსავსე. რომაული „სიბილას წიგნების” და სტოიკოსთა ფილოსოფიური სისტემის თანახმად, ქვეყნიერებას, რომელიც წრიული ბრუნვის კანონით (ციკლური თეორიით) ცხოვრობს, აქვს დროითი პერიოდები/საუკუნეები/ ციკლები, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს. თითოეულ საუკუნეს რომელიმე ღვთაება მფარველობს. სწორედ-40 წელს სრულდებოდა რკინის საუკუნე, რომელსაც ქალღმერთი დიანა მფარველობდა და იწყებოდა ახალი საუკუნე მისი ტყუპისცალის, აპოლონისა და იმედოვნებდნენ, რომ ის დააბრუნებდა ოქროს საუკუნეს, რომელიც ადრე არსებობდა და რომლის მფარველიც სატურნუსი/კრონოსი იყო.

ჰესიოდედან დაწყებული (-VIII-VII) ვერგილიუსამდე ანტიკურ ტრადიციაში ოქროს საუკუნე სულ წარსულში იყო, განსხვავებით იუდაური, ზოროასტრული ტრადიციებისა. თვითონ ჰესიოდე (Hes. Theog. 106-201) საუბრობს არა ოქროვან საუკუნეზე”, არამედ ოქროს მოდგმაზე _ „τὸ χρυσοῦν γένος” და გამოხატავს ეპოქათა ცვლას; და თუ თაობაიქნებოდა ოქროსი, დროც ხომ ოქროსი გახდებოდა? ცნობილია ისიც, რომ გამოთქმა „ოქროს საუკუნე” პირველად დადასტურებულია ვერგილიუსის „ენეიდაში” _ „aurea saecula”: … ავგუსტუს ცეზარ, ღვთაების ძე, რომელიც ოქროს ხანას მოუტანს კვლავაც ლაციუმს” (Aen. VI. 792-794; ვერგილიუსი, „ენეიდა”, სიმღერა VI 792, ლათინურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო რომან მიმინოშვილმა, თბილისი, 1976, 151; 33); ასევე გვხვდება ოვიდიუსის „მეტამორფოზებში”: „უპირველესად საუკუნე იქმნა ოქროსი” 33 (Met. I. 89-90; პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (-43+17/18), „მეტამორფოზები”, წგნ. I, 89-90, ლათინურიდან თარგმნეს: ნ. მელაშვილმა, ნ. ტონიამ, ი. გარაყანიძემ. თბილისი, 1980, 44); თვითონ ამ მეოთხე ეკლოგაში სწორედ ოქროს მოდგმაზეა საუბარი _ tu modo nascent pue­ro, quo herrea primum descient ac toto surget gens; მოდგმა aurea ოქროს mundo ქვეყნიერების/ _ ქვეყნიერების მოდგმა ოქროსი, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ სწორედ ვერგიულიუსისა და ოვიდიუსის (-43+17) შემდეგ შეიცვალა მიდგომა და ოქროს მოდგმის” ნაცვლად გაბატონდა გამოთქმა „ოქროს საუკუნე”. და მართლაც, თუ თაობა იქნებოდა ოქროსი, დროც ხომ ოქროსი გახდებოდა? რომელ თაობას უარსებია, არსებობს ან იარსებებს დროის გარეშე?!

ვერგილიუსის დროს აპოლონის კულტი ისე გაძლიერდა, რომ ავგუსტუსმა (-63-ახ. წ.14) უფლება მისცა, ის აპოლონის სახით გამოესახათ, აპოლონი მან საკუთარ მფარველად და პატრონად გამოაცხადა. დიდი რეკლამა, იმ ეპოქის შესატყვისი, უკეთდებოდა მშვიდობასაც (pax Augusta). მშვიდობის საკურთხევლის (ara pacis) მშენებლობაც კი დაიწყეს რომში. ამ იმედებს ვერგილიუსის დროს ამყარებდა ის ზავიც, რომელიც ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის დაიდო. პირველს, ოქტავიანეს, წარმოადგენდა მეცენატი (-70-8), მეორეს, ანტონიუსს, _ პოლიონი (-85-5). მშვიდობით ხარობდა მთელი რომი, ანუ მას ისტორიული საფუძველიც ჰქონდა. ოქტავიანემ ვერგილიუსს შეუკვეთა ისტორიულ-ნაციონალური საგმირო ეპოსი, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მას მერე მიმბაძველი არ გამოლევია ვერგილიუსს ევროპაში: კამოენსი (1524-1680) თავისი ჰეროიკული ეპოსით „ლუზიადა”, რონსარის (1524-1585) „ფრანსიადა”, ვოლტერის (1694-178) „ჰენრიადა”, ხერასკოვის (1733-1807) „როსიადა”…

ვერგილიუსი, მისი „ეკლოგებიდან” და„გეორგიკებიდან” გამომდინარე, კონსერვატორი და უაღრესად დამფასებელია მშვიდობისა!..

აი, ვერგილიუსის ეს ეკლოგა დაუდო საფუძვლად დანტემ (1265-1321) თავის „ღვთაებრივ კომედიას”, ვერგილიუსი გახდა მისი წინამძღვარი, რადგან ავგუსტუსის მაშინდელ „ოქროს ხანას” ის „ოქროს ხანა” უნდა მიჰბმოდა, რომელზეც დანტე ოცნებობდა და რომლისთვისაც ქმნიდა თავის „ღვთაებრივ კომედიას”, „მონარქიას”, „ახალ ცხოვრებას”, „ნადიმსა” თუ სხვა ძეგლებს. დანტე, როგორც მონარქისტი, „სამოთხის” მეექვსე შესხმის დასაწყისში აქებს იმპერატორებს კონსტანტინე დიდსა (325-337) და იუსტინიანეს (527-565). ამ უკანასკნელის პირით კი აქებს იმპერიულ არწივს, რომელიც კონსტანტინეს დროს დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოფრინდა(იგულისხმება იმპერიის დედაქალაქის ქალაქ ბიზანტიონში გადმოტანა და მისთვის კონსტანტინეპოლისის დარქმევა) და იცავს სამყაროს თვის ფრთათა ჩრდილქვეშ, ალბათ, ისე, როგორც აბრაამი იმ სოფლად იცავს თავისებს თავის წიაღში _ აბრაამის წიაღში! აი, ნაწყვეტიც „ღვთაებრივი კომედიიდან”:

„რაც კონსტანტინემ არწივისა ქროლვა ამაყი

მიმართა ციურ ცთომილების სრბოლის წინააღმდეგ,

ენეასს მოჰყვა ის ფრინველი ამაზე ადრე.

ასეულ წლებში ნავარდობდა დაუცხრომელად

იგი ევროპის უკიდურეს სამანის ახლოს,

ტროიას მთებზე, საიდანაც იგი მოფრინდა.

წმინდა ფრინველის ფრთეთა ქვეშე დამყარებული

ხელისუფლება განაგებდა სამყაროს მთელსა,

ხელიდან ხელში გადასული მოსწვდა ჩემამდის.

ვიყავ ცეზარი, ვარ მორჭმული იუსტინიან,

პირველ სიყვარულს აყოლილმან სჯულის დებიდან,

მე გავაძევე უსარგებლო ბნელმეტყველება…”

(„სამოთხე”, ქება 6, 1-1, თარგმანი კონსტანტინე გამსახურდიასი)

დანტე დიდ იმედებს ამყარებდა თავის თანამედროვე საღვთო რომის იმპერატორ ჰენრიხ VII ლუქსემბურგელზე (1308-1313), მაგრამ რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ დასავლეთ-აღმოსავლეთის გამაერთიანებელი ფრიდრიხ II-სადმი? ფრიდრიხ შტაუფენი (1194-1250) ხომ იყო მეცნიერების მოყვარე, ექვს ენაზე მოსაუბრე, VI ჯვაროსნული ლაშქრობის (1228-1229) მეთაური, პაპების წინააღმდეგ მებრძოლი, მათგან ოთხჯერ განკვეთილი და ანტიქრისტედ გამოცხადებულიც კი? ის ხომ 1220 წლიდან სიკვდილამდე იყო საღვთო რომის იმპერატორი, ანუ მას ემორჩილებოდა გერმანია, იტალია, ბურგუნდია და სიცილია, ამასთანავე, ატარებდა იერუსალიმის მეფის ტიტულსაც 1225 წლიდან… ფრიდრიხ II შტაუფენი (1194-1250) დანტემ ჯოჯოხეთის მეექვსე გარსში მოათავსა, რაც კარგად ჩანს „ჯოჯოხეთის” მეათე ქებაში (სტ. 118).

ჯონ მილტონს (1608-1674) თავი რომ დავანებოთ, XIX საუკუნის ევროპულმა ხელოვნებამ აიტაცა დანტე, მისი შემოქმედება თავის ღვთაებრივ წინამძღვართან ერთად. „ვერგილიუსი დანტეს წინამძღვარი ჯოჯოხეთის მოხილვისას” _ ასეთი ტილო აქვს რომანტიკოს ფრანგ მხატვარ ეჟენ დელაკრუას (1798-1863), მეორენაირად „დანტეს ნავი” (1822) რომ ჰქვია ტილოს. 1970 წელს ჩემთვის, მაშინ თექვსმეტი წლის ახალგაზრდისთვის, დელაკრუას ტილოს რეპროდუქცია, სხვა ფრანგი მხატვრების რეპროდუქციებთან ერთად გამოცემული, გახდა სათავე დანტეთი და ვერგილიუსით ჩემი დაინტერესებისა; ცოტა ხნის მერე ფრანგ რომანტიკოს მწერალსა და პოეტ ვიქტორ ჰიუგოს (1802-1885) ლექსს გადავეყარე _ „წარწერა ღვთაებრივი კომედიის ეგზემპლარზე”. ლექსის ქართული თარგმანი ეკუთვნის პოეტ გივი გეგეჭკორს და ეს ლექსი, სხვა თარგმანებთან ერთად, მაშინ ზეპირად ვისწავლე. ეჰ, ნეტავ იმ დროს!..

ფრანგ მოქანდაკე როდენს (1840-1917) კი დაუსრულებელი დარჩა ვეებერთელა ქანდაკება „ჯოჯოხეთის კარიბჭე”, „ღვთაებრივი კომედიით” შთაგონებული. არადა, მას ეს კარიბჭე პარიზში დეკორატიული ხელოვნების მუზეუმისთვის შეუკვეთეს!!! რა უნდა ექნა როდენს? „სამოთხის კარიბჭე” ხომ ჯერ კიდევ XV საუკუნეში ჰქონდა გაკეთებული იტალიელ მოქანდაკე ლორენცო გიბერტის? არ უნდა გამოგვრჩეს ასევე რომანტიზმის ეპოქის ფრანგი ხელოვანი გუსტავ დორე (1831-1883) და მისი ილუსტრაციები „ღვთაებრივი კომედიის” თემაზე, სულ 87, ბოტიჩელისთვის (1445-1510) მაინც ვერ გაუსწრია, მას (92) აქვს; სალვადორ დალისაც აქვს. მე, ერთი-ორის გარდა, დალის ტილოები დიდად არ მხიბლავს. „ზეციური წინამძღოლი” კი, რომელიც დელაკრუასაც აქვს („დანტეს ნავი”) ყველაზე მეტად მომეწონა… დელაკრუადან დაწყებული განსაკუთრებით ჩანს, რომ ეს თემა თითქოს ესტაფეტასავით გადაეცემოდა შემდგომთ. რომანტიკოსების დაინტერესება დანტეთი ეს ბუნებრივიც კია, რომანტიზმი ხომ მიბრუნდა ქრისტიანობისკენ? და სადაც იყო დანტე, იქ იყო ვერგილიუსიც.

ასევე იყო დამუხტული ვერგილიუსით XX საუკუნის პირველი ნახევარიც და დიდი რომაელი მწერლის ორიათასწლოვანი თანაობა მკითხველთა თაობებთან ვრცელი წერილით აღნიშნა დიდმა რუსმა მეცნიერმა ს. ს. ავერინცევმა _ „ორი ათასი წელი ვერგილიუსთან ერთად” (1982: https:// biblio.imli.ru/images/abook/zarublitra/Averintsev S S Poety – 1996.pdf).

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოც ერთვება „ვერგილიუსი/ადა/ანაში”…მეც ჩემებურად აღვნიშნავ განვლილ ნახევარ საუკუნეს ვერგილიუსთან ერთად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ავერინცევს ვუტოლებდე თავს. როგორც გურამიშვილი ამბობდა:

„მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით

მარგალიტს _ ჩალის ძირსა,

მაგრამ მიმროთი კეკლუცნიც მოიკაზმენ

ტურფად პირსა“…

სხვა, მიღმა სამყაროში მოგზაურობა, სიყვარულისა და სიკვდილის თემა, სამშობლოს რომ დავანებოთ თავი, მარადიული თემებია ხელოვნების ყველა სფეროსი, ანტიკური და არა მხოლოდ ანტიკური სამყაროდან ნამემკვიდრალი, ისევე, როგორც ნადიმებისა და ხილვათა ჟანრი…

თან ისიც ნიშანდობლივია, რომ ვერგილიუსის ეს ეკლოგა „ბუკოლიკებშია“ და არა „გეორგიკებში“  ჩართული. მართლაც, განა შეიძლებოდა, სასოება მესიის, მხსნელის, კაცობრიობის ახალი წინამძღვრისა და მწყემსის მოვლინების შესახებ თუნდაც მართლაც კონკრეტული ისტორიული პირი ეგულისხმა ავტორს (ასეთი აზრიც არსებობს), სწორედ „ბუკოლიკების /მწყემსური პოეზიის” ნაწილი არ გამხდარიყო? დანტე საყრდენს ისე ეძებდა ავგუსტუსის „ოქროს ხანაში”, პოეტ ვერგილიუსში, მის შემოქმედებაში, როგორც ჩვენი არჩილ მეფის (1647-1713) სკოლა და მერე სამოციანელები ეძებდნენ საყრდენს თამარის ეპოქაში, თამარისა და რუსთველის პიროვნებებში, რუსთველის პოემაში:

„ამბობენ, _ თამარ დედოფალს

ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით

ტბა კარვად ზედ გადუხურავს”.

(ილია)

ილიას ლექსიც, „ბაზალეთის ტბა“, მეგობრებო, მესიანისტური ლექსია. მესია, მხსნელი, ილიას აზრით, ერს ევლინება არა მხოლოდ ზეციდან „პოეტი” (ბიბლიური ტრადიცია), არამედ წყლიდანაც „ბაზალეთის ტბა” _ ეს უკვე მცირეაზიულ/შუმერულ/აქადურ/ირანული ტრადიციაა, რასთან კავშირიც პირველად კ. ზ. გამსახურდიამ შენიშნა (1995). ჩვენი აზრით, განსხვავება დასახელებულ ორ ლექსს შორის ილიასი, გარდა ზემორე თქმულისა, ისაა, რომ პირველში, „პოეტში”, გაცნობიერებულადაა ბიბლიური ესაია წინასწარმეტყველი გამოყენებული (50, 4; 61,1), მეორე შემთხვევაში კი, ბაზალეთის ტბის შესახებ არსებული ლეგენდებიდან, რამდენადაც არ უნდა უახლოვდებოდეს ილიას ლექსი რომელიმეს, მაინც მაღალი საინფორმაციო ველიდან ინფორმაციის გაუცნობიერებლად შემოტანასთან უნდა გვქონდეს საქმე, ღვთივ შთაგონებით. ასე რომ, ჩვენი ილია აგრძელებს ისეთ დიდ თემებს, მსოფლიო ლიტერატურაში როგორებიცაა: მესიანიზმი („პოეტი”, „ბაზალეთის ტბა”) და მესიანიზმი დაუტოპიზმი ერთად („აჩრდილი” _ ქ. ჯ.) და ის ჩვენგან ხელახლა შესწავლას საჭიროებს, დაახლოებით ისე, როგორც მიხეილ კვესელავამ შეისწავლა და ჩართო ილია, შრომის თემასთან დაკავშირებით, „ფაუსტურ პარადიგმებში”…

მესიანისტურია გრიგოლ ორბელიანის ლექსიც „ჩემო იარალი”:

„ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?”

„წარსულ ნერგზედ ახალ ნამყნის ველოდებით შეხორცებას”;

„გმირსა წინ უძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედი…”

_ ეს კი ჩვენი აკაკი და მისი ბიბლიურ-ქრისტიანული მესიანიზმია…

მაგრამ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ, მაშინ ჩავიფიქრე, რომ რაიმეს დავწერდი ამ თემაზე მერე, ხატოვნად რომ ვთქვა, ვერგილიუსის „მესიადაზე” („მესიადა” _ ეს გერმანელი გოტლიბ კლოპშტოკის (1724-1803) ნაწარმოებია, მსგავსი, დაახლოებით, ნონოს პანოპონელის (V) ნაწარმოებისა, „იონესა სახარება ლექსად“ _ ბევრ მასალას როდესაც დავაგროვებდი, მით უფრო, რომ ამდროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ს. ს. ავერინცევის „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა” მეთარგმნა… ძე ხორციელისთვის არ გამინდია ჩემი სურვილი ვერგილიუსის ეკლოგის შესახებ, საიდუმლოდმქონდა შენახული, თემა ჩემთვის დაგულებული…

და აი, ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, ბათუმში, 2013 წელს, ჩვენმა ცნობილმა მთარგმნელმა, ქალბატონმა მანანაღარიბაშვილმა წარმოადგინა მოხსენება ამ საკითხზე _ ვერგილიუსის მეოთხე ეკლოგა და მესიანური თეორია _ მისი მოხსენების სათაური ზუსტად არ მახსოვს. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა? თითქოს გამძარცვეს! ისე ვიყავი, როგორც ადრექრისტიანულ ლიტერატურაშია წარმოდგენილი მარგალიტის დამკარგველი. გული ჩემი საბრალოდ ცრემლოოდა. ქალბატონი მანანა ანტიკური ეპოქის ლათინურენოვან მხატვრულ ლიტერატურას თარგმნის ქართულად, „საბას“ პრემიის ლაურეატიცაა. ჩემი ქება ნამდვილად არ სჭირდება მას. წარმოიდგინეთ, გული დამწყდა. ესთემა კარგად ვიცოდი უკვე, ისიც ვუთხარი, რომ ჩვენი პატრიარქი კირიონი ახსენებდა რომაელ პოეტებს, ორატორებსა დაისტორიკოსებს და თუ სტატიაში გაითვალისწინებდა, არ იქნებოდა ურიგო. კითხვებიც დავუსვი და თანაც იმდენი, ალბათ, სულო ცოდვილო, გულის ჯავრს ამ ფორმით ვიყრიდი. გულის შესახებ კი რუსთველი ბრძანებს: „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელიო”; საკვლევისა და დასაწერის მეტი რა არის? შენ ისა თქვი, მოახერხო კაცმა და ერთი მესამედი, თუნდაც ნაათალი მაინც დატოვო და არ ჩაიყოლიო საფლავში…

სხდომა რომ დასრულდა, ფოტოც გადავიღე ქალბატონ მანანასთან. ჩვენ მე-60 სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით, სანამ გადავიდოდა, ცოტა უკან იყო. ჩვენმა უფროსმა კოლეგამ, დიონისე არეოპაგელის ეპისტოლეების მთარგმნელმა და კიდევ პროკოპი კესარიელის თხზულებებისა, ქალბატონმა ჯული შოშიაშვილმა კი მკითხა, არსებობს ჩვენს სფეროში ან საერთოდ თემა ჰუმანიტარულ სფეროში, შენ არ იცოდეო? არსებობს-მეთქი, მივუგე და მართლაც, ინფორმაციას, მასალას, სასწავლს რა გამოლევს, საკითხს რა ამოწურავს? ადამიანი ხომ მარადიული მოწაფეა? და ვინმეს ან თუნდაც ერთ თაობას, ან თაობებს რომ ამოეწურათ რაიმე, „ვახ, ჩვენი ბრალი”! (პერიფრაზი გოგლადან)?..

ხუთი წლის წინ, ახლა, საიუბილეო თარიღიც კია, წიგნად გამოვიდა ქალბატონი მანანას ნათარგმნი „ბუკოლიკური პოეზია“ (2019), რომლის ერთი ეგზემპლარიც მაჩუქა, ძალიან გამახარა, მადლობა მას. ბევრი ეთარგმნოს, შრომა დაჰფასებოდეს და რაც არანაკლებ მთავარია, მკითხველი ჰყოლოდეს, არ გამოლეოდეს… მისი თარგმანის დახმარებით, ლათინურ ტექსტსაც გავეცანი, ორიგინალს. ძალიან კარგად უთარგმნია… აი, ნაწყვეტი ეკლოგიდან მესიის დაბადების შესახებ: „ახდა, რაც კუმელ მისან ქალს უთქვამს, საბრუნს იცვლიან დრონი,

იწყება ხანთა სხვა სათვალავი, გასრულებულა ჟამი. 5

კვლავ უბრუნდება მიწას ქალწული, კვლავ სატურნუსი ზეობს

და ცა, მოწყალედ ჩვენდა მზირალი, მოდგმას გვიგზავნის ახალს.

ყრმა შეიყვარე, მოვალს რომელიც, მისთვის მოწყალე იქმენ,

ვინც რკინის ხანას, თეთრო ლუცინა, ოქროს დროებით შეცვლის,

ხვალ ტყუპისცალი იმეფებს შენი, ხვალ აპოლონის დროა. 10

შენს კონსულობას, დიდო აპოლონ, თანხვდა დიადი ჟამი,

ახლა წამოვა დიდებულ თვეთა, დიდებულ წელთა წყება,

თუკი შენსობას კვლავ შემორჩება მცირე სიავის კვალი,

ისიც გაქრება და ქვეყანაზე ვეღარ იმძლავრებს შიში.

ყრმა კი იცხოვრებს ზესთა ცხოვრებით, მიეახლება კრებულს _15

შეუერთდება გმირებს და ღმერთებს, მას იხილავენ ზეცად

და მამის ხელით მოვლილ ქვეყანას წინ წაუძღვება იგი…

მიწა უხვნელად შემოგძღვნის თაველს, ყრმაო, გაჩნდები როცა,

სურნელს შემოგზღავს ლადანთან ერთად მიმობნეული სურო

და ღიმილს დაღვრის თეთრი აკანთი კოლოკასიებს შორის. 20

თხები უმწყემსოდ შინ მიიტანენ რძით დამძიმებულ ცურებს,

მძვინვარე ლომთან პირისპირ შეყრა აღარ შეაკრთობს ნახირს

და ყვავილნარიც საწოლს გაგიშლის და დაირწევა შენთვის,

გველიც გაქრება, შხამაბალახაც და ასირიულ ამომს,

სურნელით სავსე უებარ ბალახს, გულზე დაიფენს მიწა… 25.

ო, როგორ პატივს მიეახლები, მალე დადგება ჟამი!

იუპიტერის მემკვიდრევ დიდო, ყრმაო, ღმერთების მოდგმავ!

მძიმე კამარის ქვეშ მოტორტმანე ნახე სამყარო ვრცელი, 50

ნახე უძირო ცა და ხმელეთი, ზღვის თვალუწვდენი სივრცე,

ნახე ყოველი, რაც კი შეჰხარის ამ საუკუნის მოსვლას…

(თარგმანი მანანა ღარიბაშვილისა)

პირდაპირ პერიფრაზი გეგონება კაცს ბიბლიური ესაიადან და კიდევ პირველქრისტიანთა შეხედულებებიდან ამქვეყნიურ სამოთხეზე ვერგილიუსთან მოცემული.

პატრიარქი კირიონისა და მისი წყაროებისთანახმად, სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობა ყოფილა არა მხოლოდ რომის იმპერიაში შემავალ ხალხებში: იუდაველებში, სირიელებში, ეგვიპტელეში, ასევე მეზობელი იმპერიის შიგნითაც, სპარსეთში, ინდოეთში. მოვუსმინოთ მის უწმინდესობას:

„მესიის მოვლინების შესახებ ლოცულობდნენ ტაძარშიც და სახლებშიც. ამ საკითხზე მსჯელობდნენ სინედრიონსა თუ სინაგოგებში. ცდილობდნენ, დაენახათ ის წინასწარმეტყველთა ყოველ სიტყვაში (გაიხსენეთ ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომლის პერსონაჟიც ყველაფერში მინიშნებებს ეძებს ბოლშევიკთა წინააღმდეგ აჯანყების მზადებისას _ ქ. ჯ). თვით სამარიელთაც, ერესის გამო იუდეველთაგან შეძაგებულთ, მტკიცედ სწამდათ, რომ მალე მოვიდოდა უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელიც ნათელს მოჰფენდა ყოველგვარ გაურკვევლობას რწმენის საკითხებზე, ასე რომ თიშავდა ისრაელის ხალხს (იოანე 4, 25). იმედი მესიის მოახლოებული მოვლინებისა (თეოკრატიის დაბრუნება) ებრაელთა გულებს იდუმალი გრძნობით ათრთოლებდა. მათ კი ბევრნი თანაუგრძნობდნენ წარმართთაგან. მაგრამ ეს თანაგრძნობა იყო მეტად ბუნდოვანი და გაურკვევლი. სასოება უკეთესი მომავლისა, არაჩვეულებრივი კაცის მოვლინებისა, რომელიც შეძლებდა სამყაროს მჭმუნვარე მდგომარეობიდან გამოყვანას, მხოლოდ იუდეველთა ცნობიერებას როდი ასაზრდოებდა, წარმართნიც, იუდაური აღმსარებლობის თანახმად, იზიარებდნენ ამ რწმენას. იბერიელნიც (ქართველებიც) მოელოდნენ არაჩვეულებრივ ყრმას, თავისი შობით კერპთაყვანისცემის ნათელი რომ უნდა დაეჩრდილა. ჩვენს წარმართ წინაპრებს ხშირად ესმოდათ შემდეგი სიტყვა, მთავარი ეროვნული კერპის, არმაზის თქმულად რომ მიიჩნეოდა:

„დავბადებულვარ უბრწყინვალეს

ნათელისაგან,

ახალშობილს კი წილად ხვდება

დაჩრდილვა ჩემი”.

სპარსელებიც მოელოდნენ ვიღაც ოშადენბერგს (მშვიდობის კაცს), რომელიც ცის ქვეშეთს რელიგიითა და სამართლიანობით გაამშვენიერებდა. ინდური მოძღვრების თანახმად კი, ღმერთმა ვიშნუმ უნდა შეისხას ხორცი და გაანადგუროს დიდი გველი კალითუ კალიგა, დააარსოს დიდი სამეფო, ბოლოს კი დაუბრუნდეს თვალშეუდგამ ზეციურ სამყაროს. ჩინელმა ბრძენკაცმა კონფუციმ (-551-479) (ესაია წინასწარმეტყველის (-765-) მომდევნო ხანაა _ქ. ჯ.)საზეიმოდ აღუთქვა თავის მოწაფეთ, რომ ციდან ჩამოვა წმიდათაწმიდა, ყოვლის მხილველი და მოიპოვებს ხელმწიფებას ცისა და ქვეყნის. ეგვიპტელთა იმედებს კი აცოცხლებდა და კვებავდა ძველი, წარმართული ფრინველის, ფენიქსის გამოჩენა, რომელიც განსაზღვრული დროის შემდეგ სასწაულებრივ აღდგებოდა ხოლმე. ისინიც მოელოდნენ ძველებური ცხოვრების წესის დასრულებას და ახალი ერის დასაწყისს.

მთელი ეგვიპტის წარმართობაში საყოველთაოდ გავრცელებული იყო აზრი, რომ მათი რელიგია მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, როდესაც წარმოიშობოდა რელიგია ჯვრისა. საბერძნეთში, ისევე, როგორც რომში, ნათელმხილველნი, ჯადოქარნი, მკითხავნი და ქადაგნი საკუთარ თავს ადამიანურ უძლურებათა მკურნალად წარმოაჩენდნენ. მათ გულითადად ხვდებოდნენ განათლებული, მაღალი ფენის წარმომადგენლები. პოეტნი თავიანთ ლექსებში, ორატორნი რომის სენატისადმი მიმართულ სიტყვებში, ისტორიკოსები თავიანთ ანალებში ცნობილ პირთა შესახებ, პატივმოყვარე მაძიებელნი საკუთარი ჩანაფიქრის აღსრულებისა _ თითოეული თავისებურად სარგებლობდა ხალხში დამკვიდრებული საერთო მოლოდინით ამქვეყნიური მეუფისა, მხსნელისა, რომელსაც უნდა დაებრუნებინა ქვეყნიერებისათვის პირველქმნილი უცოდველობის „ოქროს საუკუნე”… (თარგმანი ქეთევან ჯერვალიძისა). და მერე, რაც მესიის დაბადებას მოჰყვა, ეს ცალკე თემაა, ვეებერთელა თემა…

ასე რომ, ვერგილიუსის ეკლოგა, ასევე ჩვენი პატრიარქის მიმოხილვა შექმნილი სულიერი მდგომარეობისა მესიის მოვლინების შესახებ მაშინდელ მსოფლიოს ხალხებში, მიჯნაზე ახალი საუკუნისა, გვარწმუნებს, რომ დგება ხოლმე ჟამი, როდესაც რაღაც იმპულსი თითქოს თავისთვის არსებული, უჩინრად, მთელ კაცობრიობას დროსა და სივრცეში მეტ-ნაკლებად ერთნაირად გამსჭვალავს ხოლმე… და როდესაც ეს იმპულსი სიკეთესთანაა წილნაყარი, მაშინ შეგვიძლია, მადლიერებით აღვსილებმა ცადმიმართული თვალებითა და ხელებით წარმოვთქვათ: „დიდება ქვეყნის შემოქმედს, რა კარგად დაუწერია?!”

Leave a Reply