ინტერვიუ

ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ

„ებგური“: _ სოფო, მკითხველებმა იციან, რომ წარმოშობით აფხაზეთიდან ხარ და ბავშვობიდანვე ბედისწერამ დევნილობის სიმწარე გაგემა. როგორ დარჩა შენს ცნობიერებაში მშო­ ბლიური მიდამო, მეზობლები, ახლობლები?.. როგორ გახსენდება ბავშვობა? ხომ არ გყოლია აფხაზი ნათესავი ან მეზობელი?

_ მე და ჩემმა ოჯახმა აფხაზეთი რომ დავტოვეთ, 8 წლის ვიყავი. ყველაზე მძაფრად 27 სექტემბერი მახსოვს. წითელპომადიანმა დიქტორმა გამოაცხადა:„სოხუმი დაეცა“. მაშინ ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ჩემს ოთახში გავედი, კარტოფილის სანთლები დავანთე და გულით ვილოცე. მგონი, ასე გულით მერე არასდროს მილოცია. ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის ჩემთვის აფხაზეთი. გულწრფელად თუ ვუპასუხებ, აფხაზეთი ჩემთვის ჩემი მშობლიური სახლია, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში რომ დაწვეს აფხაზებმა და მას შემდეგ დგას ჩონჩხადქცეული და გველოდება (იხილეთ ფოტოები ქვევით). მეც სულ ვცდილობ მასთან დაბრუნებას და ყველა სახლი, სადაც კი ოდესმე მიცხოვრია, დროებითი მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი სახლის დატოვების შემდეგ სახლი არც არასდროს მქონია. იქაურობა რომ დავტოვეთ, ჩვენი საბავშვო ეტლით, რომელშიც მე და ჩემი და-ძმა გავიზარდეთ, ბარგი წამოვიღეთ. მერე მამა უკან გაბრუნდა და ის ეტლიც წაიღო. რამდენიმე დღეში სახლი დაიწვა, ეტლიც შიგ ჩაიწვა. წლების მერე ბებიაჩემი იყო ჩასული და გვიყვებოდა, სახლის შუაგულში იდგა, ბოლომდე დაშლილი არ იყოო. თითქოს, იმ ეტლთან ერთად ჩვენი ბავშვობაც გაცამტვერდა, თბილისში ჩამოსვლისთანავე უცებ გავიზარდეთ, დიდები გავხდით. მას შემდეგ არ მჯერა ზღაპრების, ბედნიერი ცხოვრების. მას შემდეგ ტკივილი, შიში და მონატრება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ჩემი ბებო 95 წლისაა. მას აფხაზური ფესვები აქვს, თუმცა, როცა ომი დაიწყო, ჩვენთან ერთად წამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს, დევნილების კორპუსში, მე-7 სართულზე და დაახლოებით 20 წელია, მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. რამდენიმე თვის წინ მითხრა, სიკვდილის არ მეშინია, უბრალოდ, არ მინდა თბილისში დამკრძალოთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ აფხაზეთში ეს ვერ მოხერხდებაო. მამაჩემის მშობლები თბილისში არიან დაკრძალულები, მშობლიურ მიწაზე დაბრუნება არ ეღირსათ.
ხშირად მიფიქრია: რომელი უფრო რთული იყო _ ომი თუ დევნილობა? ალბათ, დევნილობა. უმძიმესი წლებია გასული საუკუნის დასაწყისისა, როცა მთელი ქვეყანა შიმშილობდა და მხოლოდ ერთეულები ცხოვრობდნენ ბედნიერად. ალბათ, ოდესმე დავბრუნდები ჩემს სახლში. მას, უკვე ჩონჩხის ნახშირად ქცეულს, ძალიან გაუხარდება, რომ არ მივატოვეთ და ჩვენი ეს შეხვედრა იქნება ყველაზე ამაღელვებელი წამი ჩვენს ცხოვრებაში. ხანგრძლივი განშორება ადამიანებს უფრო ახლობლებს ხდის ერთმანეთისთვის. ჩვენი შეხვედრაც ბევრად საინტერესო, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იქნება. აუცილებლად მინდა ვნახო ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც მოვინათლეთ მეც და ჩემი მშობლებიც. მართალია, რუსებმა იერსახე შეუცვალეს, ზემოდან რუსული ხახვისებრი გუმბათი დაადგეს, მაგრამ მჯერა, იქ ქარ თული სული ჯერ კიდევ ტრიალებს. მჯერა, რომ ილორში ლოცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა იქნება ჩემს ცხოვრებაში.
ხშირად წარმოვიდგენ დაბრუნებას… _ ჩემს სახლს მივაგნებ? _ ყველაზე მეტად ეს კითხვა მაწუხებს. ალბათ, ვერ მივხვდები, ან ბუნდოვნად მივხვდები, საით უნდა წავიდე… ალბათ, გამახსენდება ის წამები, რომლებიც ყველაზე ხშირად მაშინ მახსენდებოდა, როცა ერთ-ერთ სახელოვნებო სასწავლებელში ფრანსისკო გოიას შემოქმედებას ვიკვლევდი. ხშირად ვფიქრობდი: ამ გენიოსმა რომანტიკოსმა როგორ შეძლო, ომისთვის რომანტიკის ბურუსი ბოლომდე შემოეცალა და ჩვენთვის მისი ნამდვილი, საზარელი სახე დაენახვებინა? ძალიან ჰგავდა ჩემი ბავშვობის ის სცენები გოიას ტილოებს _ თითქოს ერთი-ერთში იმეორებდა ერთმანეთში აზელილ ხალხსა და პირუტყვს, შიშს მათ თვალებში, სადღაც იქვე კი ჩასაფრებულ ომს, როგორც ტიტანს, ყველაფერს რომ აზანზარებს და ანგრევს. მაშინ, როცა ეს ჩემს ცხოვრებაშიც ხდებოდა, გოია გაგონილიც არ მქონდა და მარტო გადარჩენაზე ვფიქრობდი _ ბევრნი ვართ და უნდა გადავრჩეთ _ გულში რიტმულად ვიმეორებდი. მართლა ბევრნი ვიყავით: მე, დედა, მამა, უმცროსი და-ძმა, ბებო, ბაბუ… მაშინ გადავრჩით… მაინც საითაა ჩემი სახლი, რომლის ეზოშიც წლების წინ ბავშვობა ჩავმარხეთ და სამუდამოდ დავემშვიდობეთ? _ ვიფიქრებ, ალბათ, გზაგასაყარზე მდგარი.
_ შენ რა, არ გახსოვს? _ შევეკითხები, ალბათ, საკუთარ თავს.
_ არა, საიდან, _ მევე ვპასუხობ… ალბათ, ეს სულ სხვა გზა იქნება _ გაქცევის ნაცვლად დაბრუნების გემო რომ აქვს და გაუცხოების ტკივილი დაჰკრავს.
ჩემს სახლს დამდნარი ალუმინები ჩურჩხელებივით ჩამოჰკონწიალებია, შუაზე გადახლეჩილა, გაბზარულა, სახე მოღრეცია, დაბერებულა, მაგრამ მე მას მაინც ვიცნობ.
ეზოში საგანგებოდ ჩემთვის დაყრილი ქვიშა არ დამხვდება _ ალბათ, ათასმა წვიმამ, ქარმა და თოვლმა გააქრო, არც ყვავილები იქნება სადმე, სახლი კი იდგება _ კანამძვრალი, შუაზე გადამსკდარი, მაგრამ ჯერ კიდევ შეძლებს შემეგებოს დიდი ხნის უნახავს და მე, ალბათ, ცხოვრებაში პირველად ვიტირებ გულით და არ შემრცხვება საკუთარი სისუსტისა.

„ებგური“: _ იხსენებ გადამწვარ, ჩონჩხად­ ქცეულ სახლს, გაცამტვერებულ ბავშვობას და ეს შენთვის რუსების მიერ ინსპირირებული ქარ­თულ­-აფხაზური კონფლიქტის მწარე სიმბოლოა. როგორ ფიქრობ, ცნობიერებას შეუძლია ამ მღ­ვრიე ხსოვნას გადააბიჯოს და ურთიერთობის ახალი ფურცელი გადაშალოს, თუ თაობები უნ­ და წავიდ-­წამოვიდნენ და ახალმა ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ ურთიერთობების აღდგენას? ჩვენ, აფხაზებსა და ქართველებს, პირველ რიგში, ხომ ერთმანეთი გვყავს დასაბრუნებელი?!


_ ვფიქრობ, არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი მშობლების თაობაც კი, რომელმაც ჩვენზე ბევრად დიდი განსაცდელი და ტკივილი გამოიარა, მზად არის აფხაზებს მეგობრობის ხელი გაუწოდოს. გაუწოდოს პირველმა იმის მოლოდინით, რომ იმედი არ გაუცრუვდება და ეს ხელი ჰაერში არ დარჩება გამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ, ქართველებს, გენში გვაქვს პირად ტრაგედიებსა და ტკივილებზე ამაღლება. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გადავრჩებოდით. ჩემს აფხაზ თანატოლებს, ჩემს უფროს თაობას, ასევე ჩემი შვილების თაობას ვეტყოდი, რომ მანამ, სანამ ისევ გავმთლიანდებით, შევძლებთ ერთმანეთის ხელახლა გაცნობას, აღმოჩენას, ერთმანეთის ტკივილის გათავისებას, ერთმანეთისთვის იარების მოშუშებას… გაუფრთხილდნენ იმ დიდ საგანძურს, რომელიც აფხაზეთში დაგვრჩა. გაუფრთხილდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმის უტყუარი საბუთია, რომ ჩვენ _ ქართველები და აფხაზები _ არიანი ქართული სივრცის განუყოფელი ნაწილი ვიყავით. ჩვენ ერთად ვქმნიდით ამ კულტურას, ერთად გვტკიოდა და გვიხაროდა ჩვენი ქვეყნის ტკივილი და სიხარული, ახლაც ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. მე ვოცნებობ ჩემს სახლში დაბრუნებაზე, მჯერა, რომ თუ დავბრუნდები, ჩემი აფხაზი ნათესავების, ახლობლების მხრიდან საფრთხე არ დამემუქრება, მჯერა, რომ ისინი დამეხმარებიან ჩემი წლების წინ დასახიჩრებული, დევნილობით დაღდასმული სულის გამთლიანებაში. ჩვენ ერთმანეთი ყოველთვის გვიყვარდა. ეს სიყვარული არ შეიძლება წლებმა და მტერმა გაანადგუროს. სიყვარული უკვდავია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ისეთი ცნება აერთიანებს, როგორიცაა სამშობლო, ჩვენ კი ერთი სამშობლო გვაქვს _ ჩვენი ტკივილიანი და მრავალჭირგამოვლილი საქართველო. ეს ქვეყანა ჩვენია _ ჩვენი და თქვენი _ ჩვენ კი ერთნი ვიყავით. ახლა, სამწუხაროდ, დროებით დავშორდით, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში კვლავ გავმთლიანდებით. ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ.

Leave a Reply