პროზა

სერგო წურწუმია

ვინ შეკრიბნა ქარნი

1.

ზამთარი დადგა, ფეხის სატუცავშიც რომ ჩაგიძვრება და იქაც არ დაგაყენებს, იმგვარი. ქალაქს ფეხის სატუცავიც არ აცვია და რაც აცვია, იმაშიც უძვრება და არ აყენებს. ქარი ქარობს, თოვლი თოვლობს, ყინვა ყინვად იკბინება.

ხუთსართულიანსა და რვიანს შორის გასაძრომში ქარი გამოშხუილდა. გამოშხუილდა და იქვე ჩაცხრა, აბორიალდა, ღამენათევი, ძილაწაპნილი ძაღლის ააცაბაცებული ნაბიჯებით. მერე, ისევ აშხუილდა მოულოდნელად, ვერაგულად წაასო მაცის უმისოდაც ყინვით წამძვრალ ცხვირ-პირზე დაკრეჭილკბილებიან ყბებად შეკრული თოვლის ზედაპირიდან წამოხვეტილი ტალახიანი ხაშარი. `რა ხდება ეს, ასეთი არაფერი მინახავს ჯერ!~ შეუჩვეველმა მზერამ მყისიერად წალანდა: ქარმა ქუჩის გადაღმა საბრალო გოგოს კაბა რომ სახეზე ააფარა, ქათქათა ნიფხავმა შუაღამის მთვარესავით იმხელაზე გაბლიცა თოვლიანი დღის სითეთრით ისედაც ყელამდე ამოვსებული ზასტავა, ხმლის ვადაზე ხელშემოდებული სამოქალაქო ომის ნაბდიანი გმირის სილუეტმა უნივერმაღის ჩამოფხავებულ კედელს მიახეთქა თოვლით წაგრძელებულბოხოხიანი თავი.

გოგომ კაბის კალთებზე იტაცა ხელი, მუხლზემოთ კარგახელაზე დასარჩენად მოჭრილი კაბა ბარემ კოჭებამდე ჩაწელა და თვალისმომჭრელი ელვაც წამისუმალ დაასრულა.

სტალინის მონუმენტების კვარცხლბეკებიდან ჩამოყუდების თუ არა, მეორე ან მესამე წელს გამოშვებულმა ნატროლეიბუსარმა, ათასგვარად დაჭეჭყილ-ნაკერდადებულმა თუნუქის ყუთმა გაჩერებამდე ძლივს მოათრია მოწყვეტილი წელი. ნამეტანი წყალტუბოს განტოტების რკინიგზისგამტარი თაღოვანი ხიდის გადავლა უჭირდა ამ უბედურს. ძაბვის ვარდნის გამო შუახიდამდე მიუსვლელი იწყებდა ციებიანის ძაგძაგს და თუ ცქაფად ჩამომხტარი თავისივე მგზავრები ბეჭებს არ შეუგებებდნენ, ხიდის კეხზე გადამვლელი საკუთარი სვლით ნადვილად არ იყო…

ძველი გარმონივით მიტეტკილი კარებიდან ორიოდე სულიერი ჩამოვიდა. სამაგიეროდ მაცისთან ერთად სამმა ახალმა მგზავრმა შეავსო მისი გალიგვებული, სიძველე-სიბინძურისაგან ნირწამხდარი სალონი… მაცის ზურგსუკან ამოსული, ყაბალახწაკრული, ლურჯკიტელიანი ხმელი სახის მოხუცი, ხელში თავამოყოფილინდაურიანი კალათა რომ ეკავა, პირველივე სავარძელზე მჯდარ თავშალ-ლაბადაში სოფლის ყაიდაზე გამოფუთულ დედაკაცს ჩააცივდა, თითქოს ამ სანახევროდ ცარიელ ვაგონში მეტი ადგილი არ ყოფილიყოს:

_ გაწიე, ქალბატონო, ფეხები და შემადობიე ე ინდოური შით! _ ინდაურს ყინჩად ამოეყო თავი კალათიდან, უზაკველად ახამხამებდა თეთრაპკიან ქუთუთოებს და ეტყობა, არც იმას დარდობდა დიდად, სად შედებდნენ გარემოებათა გამო მის სატუსაღოდ ქცეულ, ისე კი სრულებით უწყინარ ხელსატარებთან ერთად.

_ რაის შედობა მოგინდა, ბატონო, სა შეეტევა მანდ ახლა მა ინდოური? სხვაგან შეტიე სამე, თუ კაცი ხარ! _ არ ეპუებოდა დედაკაცი და ფეხების გაწევასაც არსად აპირებდა.

_ შენ გაწიე და შეეტევა თუ არა, მე ვიცოდე მაი! _ მოხუცი მგზავრების სიცილს შეცბუნების ამარა დაუხვდა და როცა გააცნობიერა, რა კომიკურ სიტუაციაშიც ჩაიგდო თავი, დარცხვენილის ღიმილიანი უხმოდ გაეცალა დედაკაცს და მოშორებით დაჯდა ცარიელ სავარძელზე. კალათა გვერდით დაიდგა და ინდაურს თავ-კისერი წაფარებული ტილოს ქვეშ შეუჩურთა.

ამასობაში რელიქტური ნამარხების ეპოქიდან შემორჩენილი ტროლეიბუსი უკანასკნელი გაძაგძაგების მერე კინო `გამარჯვების~ წინ ჩაქრა, მძღოლმა ნამძინარევი ხმით გამოაცხადა, ხომ იცით, ბოლო ასტანოვკაა, ამას იქით ლინია ჩაჭრილიაო და თუთუნის ბოლისგან მოჭუტულთვალიანი სახე ჩასასვლელისკენ შეაბრუნა, მგზავრებს, მათ შორის ინდაურიან მოხუცსაც სამ-სამი ათასი კუპონი აართვა და შარდის სუნით აყროლებული გაჩერების უშნოდ დაგრეხილ-აყირავებული ქოლგა-სომბრეროს წინ გადმოსხა. უკან, ავტოქარხნისკენ პირნაქცევი ჯაგლაგი რქებზე გამობმულ თოკს გაკიდებული თიკანივით მორჩილად გაედევნა ბოძებშორის გაჭიმულ, ქარში მოქანავე მავთულებს.

აქედან ფეხით უნდა ევლო დატოვებულ ხალხს. ამას იქით ვიღაცის მადლიან ხელს ხაზები ჩამოეხსნა. ერთი ტროლეიბუსებიღა მოძრაობდნენ ქალაქში და იმათგანაც აღარაფერი იყო თითქმის დარჩენილი.

მაცი უეცრად შედგა, შავი ქურთუკის ჯიბიდან მომცრო, ფერადყდიანი ბლოკნოტი ამოიღო კალამთან ერთად და წაწვენით ჩაჩხაპნილ სტრიქონებს: `დღეები მდორე და ერთფერი, მოჰგვანან შაოსან მოლოზნებს…~ მას შემდეგ, რაც მუჯლუგუნების კვრით გასწრებული ხალხი კარგა შორს დაიგულა, ნაჩქარევად, გაკრული ხელით კიდევ რამდენიმე წაამატა: `და როგორც დაღლილი ვერთერი, მეც ვფიქრობ საშინელ ბოლოზე~.

ზურგში ბლიკვების მკვრელი ქარი მაინც ვერ მოიცილა და ქროლვას მინებებული სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ჯერ კიდევ უცხო ქუჩას. მოკლე მუნდშტუკზე წამოცმულ ხაზიან `ასტრას~ სიარულში ეწეოდა და წამოწყებული ლექსის იმ მონაკვეთს უტრიალებდა, თავში რომ ებადებოდა ამ ბედნიერ წუთებში.

პრესის სახლთან არმისული, მთელი წინგასწრებული ჯგუფი ერთბაშად შეყოვნდა, პირი მარჯვნივ იბრუნა კოლექტიურად, კოლექტიურადვე და ამასთან ძალუმ-ენერგიული მოძრაობებით დაიწყო პირჯვრისწერა პალტო-ქურთუკების კალთების ფართხუნში, შუკიდან გამომხტარი ქვენაქარის საპირისპიროდ, სართულნახევრიანი სახლების, ხეხილის შემცივნულად გაფარჩხული ტოტებისა და ფურცლოვანი ლითონის მასიური ღობეების მიღმა მიმალული პეტრე-პავლეს მისამართით, მხოლოდ გუმბათის წვერი და ზედ დასმული მოოქროვილი ჯვარი რომ მოუჩანდა აქედან. მერე ჯგუფი შეტრიალდა და გზა განაგრძო. სანამ მაცი იმ ადგილს გაუსწორდებოდა, წინმიმავალთა ჯგრო დაიფანტა. ნაწილმა პიანი ბაზრისკენ მოჭრა სავალი, ნაწილი პირდაპირ _ მწვანე ბაზრისკენ დააწვა, ნაწილმა კი, მეტად მცირერიცხოვანმა, მაცის გაუკვალა გზა და თეთრი ხიდის მიმართულებით დაადო თავი.

ტვინში ატეხილმა სტრიქონების წრიალმა სიფხიზლე მოუჩლუნგა მაცის. გვერდით ფეხაწყობილად გამოყოლილი შუმა ლანდია ოდნავი დაგვიანებით, ბჟოლებამდე მიღწეულმა აღმოაჩინა, როცა კიდევ ერთხელ შეჩერდა რამდენიმე სტრიქონის ჩასაწერად. ლანდიამ ხელი გამოუწოდა. გადაკოცნეს ერთმანეთი. მოიკითხეს. ამან უფრო. იმას ამდენის თავიც არ ჰქონდა. ჭარბადნასმურევს აჭრელებული სახე ზუმფარაზე გადანახეხივით ჰქონდა ჩამოფარცხული. ზედვე ეტყობოდა, რა გასაჭირიც ადგა. მოკლე, სიძველისგან ფეხზე ჩამოძენძილ პალტოს და დაბურკლულ შარფს ზემოთ ბეწვგაქუცული `უშანკა~ ეფხატა. პალტოდან გამოფშეკილ შარვლის კავშა ტოტებში ჩაჩრილ ფეხებს ხან რომ მძიმედ მიადგამდა, ხან სულაც ჰაერში აწეული, უსარგებლოდ მოიქნევდა. იმ მონაკვეთებში ლხინის ღმერთს თუ მიჰყავდა ხელში ატატებული. როცა მიწას უბრუნდებოდა, პირღია ფეხსაცმლის ჩასადგმელად მშრალ ადგილს წინასწარ არჩევდა ღრმა და წარუშლელი კვალის დასამჩნევად. სასმელზე სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ მუდარასავით აწყლიანებული თვალები მისი ბაგეების ნაცვლად ამბობდნენ სათქმელს.

შუმა ლანდია რედაქციაში გაიცნო მაციმ. მწერალს ეძახდნენ და ცხოვრებაში წიგნი არ დაეწერა ლანდიას, ჟურნალისტად იცნობდნენ და გაზეთში, ჟურნალში ან რადიოში არ ემუშავა არასდროს. ტელევიზია კი ამ ქალაქში ახლაღა იდგამდა ფეხს და იქაც არაფერი დაჰკარგვოდა ხელმოცარულ და გალოთებულ კაცს…

ერთ ხანს სდია კიდევ, სანამ არ დარწმუნდა, ეს არაფრის დამლევს არ ჰგავს და ვაითუ მეც გაწბილებული დავრჩეო. მაცის გულმა არ უქნა, მთლად იმ ღმერთის იმედად ლანდიას დატოვება, გზა-გზა ტვირთს რომ უმსუბუქებდა საბრალოს. `ვაწყდები დაჭიმულ იოგებს, რომ ციდან მიწაზე დავეშვი, დარღვეულ სხეულს ვერ ვიოკებ, დატბორილს უსაზღვრო კაეშნით…~

სანამ ხიდამდე მივიდოდნენ, ლანდია შეყოყმანდა, აქვე პურის ფარდულში დახლქვეშიდან გასაყიდი ორასკუპონიანი არაყი ეგულვებოდა. ეს დალოცვილი თუ რამეს გამმეტებელი იყო, აქ უნდა გადაწყვეტილიყო, თუ არა, უფრო შორს გასაკიდებლად აღარ ღირდა ფეხების მოცდენა, თუნდაც სანახევროდ ჰაერში ბახუსის ღმერთს ეტარებინა, ხელდახელ ჩვილივით ატატებული… მაციმ ქურთუკის გულისჯიბე მოიჩხრიკა და საგულდაგულოდ გადანახული რამდენიმე ყვითელ-ნარინჯისფერი კუპიურა ამოიღო. ორიოდე პურის საყიდად საკმარისი ჭრელაჭრულა ქაღალდი ამოაკლო და დაცხავული სახის დაუზიანებლად დარჩენილი ნაწილებით ლილო-ჭრელად გაბადრულ ლანდიას მომუჭულ ხელისგულში ჩაუკუშნა…

მაცი ეიფელის ხელოვნებით საუკუნის წინათ ნაჩუქურთმევ მოაჯირს გაჰყვა. მისი მზერა ხიდის ბურჯის გარშემო თეთრად გაქვავებულ დინოზავრების ჯოგს გადაელაციცა. ამ ჭილყვავივით მოჭახჭახე ყინვაში მათაც კარგა გვარიანად შესცივნოდათ და ნეკნებამოჩრილი ფერდებით ერთმანეთს უფრო მჭიდროდ აჰკვროდნენ. გაკირულ კისრებზე გადანადენი რიონის მღვრიე ჩქერი მეორეს მიეძებდა, ერწყმოდა და გაათმაგებული ღრიალით უტევდა ტინის მომდევნო კედელს… `და ახლა ხიდიდან მდინარე ჩანს უფრო ცივი და მყეფარი… ვიქნები მშვიდი…~ მშვიდი… მშვიდი… აწრიალდა ტვინის ხვილიფებში სიტყვების მორიგი ნაკადი და მალევე ჰპოვა სადინარი, რათა უკვე გაცხადებულ სტრიქონებს წამატებოდა და კალმის წვერიდან გადმოჟონილს მაცის უბის წიგნაკში ეპოვნა სამუდამო საყუდარი. `და მძინარე, საფლავში ეულად მდებარი…~ ხიდის თავში, დაახლოებით იმ ადგილას, საიდანაც პიკასოს ბიჭი ხტებოდა წყალში, მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა ნაცრისფერ პალტოში გაფუთნული ტყავისკეპიანი კაცი. კაშნეს ტოტები ქარს თოლასავით ცაში მიჰქონდა და პალტოს კალთების ვაჟკაცური გაქროლება დროდადრო აფრის ტკაცუნივით ისმოდა. კაცი კარგა ხნის წინათ გამოკეტილი და ძეხორციელთაგან მივიწყებული, დამტვერილი შენობის კარებს გახედავდა, ჩამოქერცლილ აბრაზე რომ `#6 ბიბლიოთეკა~ ეწერა, ნაღვლიანად ჩაფიქრებული მდინარისკენ მიბრუნდებოდა, პირისახეს მაღლა შემართავდა, მერე თავს ერთბაშად დაიქნევდა ქვემოთ და ნამეტნავი მონდომებით შორს გადააფურთხებდა. მერე თვალს დაძაბული ყურადღებით აყოლებდა, როგორ მიჰქონდა ქარს გაღუნულად და აუჩქარებლად ფურთხი, სანამ მდინარის ზედაპირს დაატყეპებდა ქაფის თეთრ რგოლად. ეს კაცი ან ლექსს წერდა გუნებაში ან ბავშვობის დროის ნოსტალგიის ამოღვიძებას ლამობდა სულის ბინდით გადაგლესილი ლაგვინიდან, თუმცა, ალბათ არც ერთი გამოსდიოდა და არც მეორე, რაკი განუწყვეტლივ იხარჯებოდა ერთისა და იმავეს ცდაში… რა ეგონა, თუ ეს მოძრაობა სამუდამოდ აღიბეჭდებოდა მაცის მეხსიერების ფირზე!..

ფურთხის გაშვება თავისუფალ ვარდნაში…

თვალის დაძაბული გაყოლება.

უკმაყოფილოდ თავის გადაქნევა…

ფურთხის გაშვება თავისუფალ ვარდნაში…

თვალის დაძაბული გაყოლება.

უკმაყოფილოდ თავის გადაქნევა…

და მერე, დიდი ხნის გასვლის შემდეგ რომ სადღაც, რომელიღაც სახელგანთქმულ მწერალთან ამოიკითხავდა მსგავს პასაჟს, უმალ შეახსენებდა თავს იმ დღეს საკუთარი თვალის ობიექტივით დაფიქსირებული კადრი…

2.

_ ვყიდილოფ ეროვნულ ვალუტას! _ კუპონების კაიხელა დასტა ძგიდით დაუჭერია ხაკისფერ ბუშლატში გამოხვეულ კაცს და გაშლილ მარცხენა ხელისგულზე იტყაპუნებს. ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცის ყალბად გახმიანებული ფრაზის მიღმა ვიგრძენი ის უპატივცემულობა, რითაც კატასტროფულად გაქცეული კურსის გამო ეკიდებოდა ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს _ ეროვნულ ფულს, და თავაწეულს, კაცს რომ პირდაპირ შევხედე თვალებში, დაუფარავი ჩაცინება დამცდა. იმანაც, სიყალბეს რომ მივუხვდი, პასუხად უტიფრად პირმოხეული სიცილი შემაგება, მოკრივის თათმანიანი მუშტივით როყიო.

ქარ-ყინვაშიც რომ არ დაზარებია ამ ოჯახქორს ქუჩაში საყიალოდ გამოსვლა!.. საყოფაცხოვრებოს გაყოლებაზე, თეატრის ჩრდილში გაუჩაღებიათ ჩვენი ყოფისთვის ახალი და უჩვეულო აღებ-მიცემობა ვალუტით მოვაჭრეებს. `ვყიდილოფო!~ _ წამში გაამჟღავნა არაქაურობა `ვალუტჩიკმა~. არაქაურობა შორს კი არ მიდის, ვანს, ხონს ან საჩხერეს არ გასცდება!.. `აქოური~ ჯერ არ კადრულობს ქუჩაში გამოსვლას და საოჯახო წვრილმანის გასაყიდად გამოფენას. სული რომ შიმშილით გასძვრეს, სავაჭროდ ვერ გაიტყუებ მაინც. უკვირთ მერე, `რავა სუყველგან ეს ტოლვილები არიენ? ხომ მეიკავეს ყველგან და ყორიფელიო?~ დაიკავებს, ღია ცისქვეშ უნუგეშოდ დარჩენილი, არსაიდან იმედის მომლოდინე კაცი, აბა არ დაიკავებს?!. ცოლ-შვილის შიმშილით დაწყვეტაში არხეინად წამოპლაკვას და თუთუნის ქაჩვას თუ ქუჩაში გასვლა და ლიტრ-ლიტრობით საწვავით ვაჭრობა არჩია, რას ემართლები, ჭერიც ხელახლა აქვს მოსაპოვებელი, დგამიც, ჩასაცმელ-დასახურიც, საჭამად-დასაყოლებელიც… და ადგილიც ახალ გარემოში, ახალ სამოყვრო-სამეზობლოში…

რამდენიმე მევალუტე კიდევ წრიალებს ირგვლივ. სოროდან გამოსული თაგვი საიდანღაც მოვარდნილი სურნელის მსრუტველი რომ მიცუნცულებს მუქთად შეგულებული ნადავლის მიმართულებით, ისე გრძნობენ ესენიც, ვისგან რა ხეირის გამოდნობა შეიძლება. მე ზედაც არ მიყურებენ, რადგან თვალის კუთხითაც კარგად ამზომ-ამწონეს და თავიდანვე მყარად დაასკვნეს, ეს რაღას მყიდველი იქნება, ჯიბეში თაგვის ცურცლიც კარგა ხნის ჩამხმარი ეყრება, საერთოდ თუ უყრიაო…

კუთხეში მიმდგარი ჩალისფერლაბადიანი მაღალი კაცი უნდილად უყვება მეორეს, ჩაკურატებულ, ვირთაგვის ნიჩვისა და ნემსივით წვრილი, შავად მბზინავი თვალების პატრონს:

_ მარტოობა აგი ყოფილა, ჩემო ენდისიე, მე რო მარტვა დავრჩი, თვარა, აქნობამდის ბაირამში ვყოფილვარ მე!.. ციხე შორეულში მოვათავე, ათივე წელი _ ატ ზვანკა და ზვანკა, ადინოჩკაშიც ვმჯდარვარ და იქ არ მიგრძვნია ასე მარტვათ თავი… ძნელი ყოფილა, ძნელი, ასაკში მეწყვილეს დაკარგვა!.. სხვას რომ შევეშვა, ხმის გამცემი ხომ მინდა იმ გამოყრუვებულ სახლში? მიაცივდი ოთხ კედელს და იყავი… სანამდე ვარ მისული, თუ იცი? ჭიანჭველე მყავს ერთი მიჩოვილი, მაგიდაზე რომ შემოცოცდება, აღარ ვუშვებ მერე… აქეთ წავა, აქეთ გადოვუღობავ გზას, იქით წავა, _ იქით. დოვუფურჩხნი პურის ნამცეცებს, დოვუწვეთებ წყალს, მშიერ-მწყურვალი რომ არ ჩამაკვდეს ხელში და არ ვუშვებ თავის ჭკვაზე. ველაყაფები თან: სით მიეჩქარები ახლა, თუ ძმა ხარ?.. რა საქმე გამოგჩენია ასეთი, რამდენიმე წუთით დახანება რომ არ შეგიძლია?.. დეიცადე, კაცო, კაი სვი, კაი ჭამე, ცოტა შენც გაერთე და მეც გამართე-მეთქი… აქამდე თუ მივიდოდი, რავა წარმევიდგენდი? ჭკუიდან გადაცთენას ცოტა მაკლია და ეგ არის!.. მოკალდუნებული ვყავარ ვინცხას, მგონია! ეჰ, ჩემო მაცუცია, შენ გეგონა, შვილებს ჩავაბარე ჩემი კაციო?.. შენი სიკვტილის მერე თვალით არ მინახავს არც ერთი და არც მეორე!.. გადეიკარგნენ სადღაც. სარუსეთოს წევიდენ ვითომ მარა, მართლა იქით ქნეს პირი, ერთად არიენ თუ დაშორდნენ ერთმანეთს, არ ვიცი მაგიც… ხოდა, ამ ჩეჩქვა ქარ-ყინვაში ქუჩა-ქუჩა ყიალი მინდა ახლა მე? არც შევიწუხებ თავს-თქვა, ვამბობ ჩემთვის, გუნებაში, ე ჩემი ბედოვლათები რომ გამახსენდებიენ, მარა, ის სიმარტოვეა, ჯოხით რომ მდენის გარეთ. წაიო, ბიძიე, ხალხში გეერიე, თვალს წყალი დაალევინე და ყურს ამბავი მოაჭორ-მოამართლებინეო…

_ ნესტანია, შე სასიკვდილე, სა ხარ, სა ჯანდაბაში? დეიწყო მეორე მოქმედებააა!.. _ მაღალყელიან სვიტერზე შემოთბუნებული რუხი შალის თავსაფრის ამარა თეატრის სათადარიგო კარიდან გამოსული, მხრებში აწურული ხნიერი ქალი ქუჩის გადაღმა მდგარი შპილიანი სახლის მერომელიღაცე სართულის ფანჯრებს შეჰკივის. მისი ხმა ფარავს სამყაროს ყველა ხმას და მარტოხელა კაცის წუწუნსაც წამიერად ახშობს. _ მაღრაძეებში იქნება ახლა. უიჰ, გავთავდი ქალი!.. მომკლა ამისმა ძებნამ და ძახილმა ყოველი ანტრაქტის მერე… ეიტეხავს ესეც ყავის სმას ამ გაგანია რეპეტიციის დროს!.. _ ქალი შენობაში შებრუნდება და კარს უკმაყოფილო ჯახუნით შეიკეტავს…

_ ზამთარში თოვლის მწონავები არიენ მაგენი. რა ჭკუა უნდა მოთხოვო? რაი შოუბედიათ ალუდეიზა, თუ იცი? ფულის შეწერა მოუნდომებიათ, დიდი ფულის! მაგის დამთმობი იყო ზუსტათ! ჩოუცხრილია სუყველა, ვინცხეებიც მიადგენ შვაღამით. ყოველ დილას ათკილოიანი საზამთრო, ბიკიას ქაბაბი, მიჩურინის ვაშლი და ატამი არ უნდოდათ?… არა, ძმაო, ი შავი სამყაროს ხალხიც სხვანაირები იყვნენ ადრე, _ რამდენიმეწევრიან,  დახარბებულად მიყურადებულ ჯგუფში ჩამდგარ კაცს ენა მოუღარღალებია და ფქვავს და ფქვავს ხოფმოშილიფებული წისქვილივით, _ ბუჭაია ასათიანი თუ გახსოვთ, ყაჩაღი რომ იყო. შიშის ზარს ცემდა ქვეყანას, პოლიცია-მილიციას ელეთმელეთი მოსდიოდა მაგასთან პირისპირ შეფეთებისას, მარა, საყაჩაღოდ რომ გადასულა ფანჯრიდან ვინცხეის სახლში, უკან გადმოხოხებულა ხელათ. რაი მოხთა, ბუჯო, ბუჭაიაო, რომ უკითხავთ პადელნიკებს, ბოვშს ეძინა ოთახში და ხვარ გავაღვიძებდიო!.. ახლა გაგაღვიძებენ კიარა, ზვეზდას არ ამოგაჭრიენ ზრუგზე, თვარ მიეცი, რაიც უნდებიენ!.. კუნუგგონია, დაგინდოს არასკაცმა! არდა, ეგების არ მაქ, დალოცვილო, ე ფული და ოქრო და მკლავ მაგის გულობიზა? გინდებიენ, კაია, ბიძიკო, მეც ქე მინდა ბევრი რამე, მარა სადაა!.. _ ხვიხვინებს თან, მგლის სუნნაკრავობისგან შეჩქვიფებული ულაყივით.

ამასობაში, შპილიანი სახლის სადარბაზოდან გამოვა ისეთივე ასაკოვანი, გრძელ მუნდშტუკზე სიგარეტგაღვივებული, კოჭებამდე ჩაფართხუნებულ, ბეწვიან პალტოში გაფუთული, ვერცხლის სამკაულებაჩორჩხლილი ქალი, როგორიც გაჰკიოდა ათიოდე წუთის წინ და ტუსტუსით, თოვლში ფეხების აქა-იქ ჩაკვრით გადაჭრის ქუჩას, რათა თეატრის გაყინულ, უშუქო შენობაში შევარდეს და შეუერთდეს იმ ფანატიკოსთა მცირე ჯგუფს, ამგვარ პირობებშიც რომ ვერ დაუნებებია თავი რომელიღაც პიესის რეპეტირებისთვის.

_ ბაიანს ხომ არ საჭიროებ, ძმა? _ ცბიერი თვალების ჭუტვით გადამკრავს წკეპლასავით მსუსხავ მზერას ენაწყლიანი კაცი და მინიშნებად ააძაგძაგებს ჯიბეში ჩაჩურთულ მუშტულა ხელს. უარს თავის გაქნევით ვეტყვი თუ არა, იქვე მივიწყებს. თავის ამფსონებს უბრუნდება და გაწყვეტილი ამბის ღერღვას განაგრძობს…

რა შემატყო ამ კაცმა გამჩხერის? თანაც ასე აშკარად, ქუჩაში შემთხვევითი გამვლელისთვის წამლის შეთავაზება? ისიც პოლიციის განყოფილების სიახლოვეს? ან იქნებ, სწორედ იქ ეგულვება ამას მფარველი და ამიტომაც უბედავს საზოგადოებას ასე თავხედად მოპყრობას? ზის ახლა იქ ნინუცის კურო, წესრიგზე და მორალზე ბრტყელ-ბრტყელად რაგადობს, მის უბანში გაყიდული ნარკოტიკებიდან კი წილები შესდის… მერე იმ ფულიდან რაღაც ნაწილი ნინუცისთანაც გადადის… იქიდან რაღაც დათკასაც ერგება… თუ დათკასთან მოწეულ სიგარეტს ან დალეულ ფინჯან ყავას ჩავაგდებთ სათვალავში, გამოდის _ მეც… როგორ გადახლართულია ქვეყანაზე ყველაფერი?!.

ქარი ჩაცხრა ოდნავ. რიონის ქოჩრის ჩეჩვითღა იჯერებს გულს. ხეობიდან ამოვარდნას ძალა და ქადილი სჭირდება, მოიმაგრებს წელს და დატრიალდება ხელახლა. ადრეა ჯერ სრულებით მიცხრომა და მიჩუმათება…

შპილიან სახლში ჩემი ახლობლები ცხოვრობენ. დავდივარ ხოლმე ხანდახან მაგათთან. ვიცი ამის გამო, ვინც არის და ვისთან იქნებოდა `ნესტანია სასიკვდილე~.

ფუფალა.

დედოფალა.

ნესი.

უყვართ და უთმენენ.

უთმენენ და პატიობენ.

რადგანაც:

მშიერი. მწყურვალი. მცივანი.

უპურო. უკაცო. უხამური.

უდროო. უმიზნო. უმომავლო.

არა და არ ეშვება თეატრს.

არა და არ ელევა კალამს.

არა და არ უტყდება ხვედრს…

ჩამცხრალა ამის ღადარიც.

ჩამჭკნარა მისი უბადლო სილამაზეც.

ჩაშრეტილა მისი ადრიანად ნაფურჩქნი ნიჭიც.

აღარც ძალა მოსდევს, აღარც ქადილი, ძველებური.

წარსულის ქოჩრის ჩეჩვითღა იჯერებს გულს.

ვეღარ მოიმაგრებს წელს და ვერც ხელახლა დატრიალდება.

დამდგარა სრულებით მიცხრომისა და მიჩუმათების ჟამი…

ამიტომაც:

უყვართ და უთმენენ.

უთმენენ და პატიობენ…

ასეა: პოეტს, მხატვარს, არტისტს, მასწავლებელს შაქარი და პური არ უნახავს რა ხანია, ცივ ჭადს აფხეკინებს სტომაქს. ფეხთ არ აცვია და ტანთ…

ავტომატიან ყაჩაღს, ქურდს, ნარკოტიკით მოვაჭრეს და სპეკულანტს კაის სმის, კაის ჭამის, კაის ჩაცმა-დახურვის ჟამი დასდგომია. სხვა მეტი არც უნდა რამე და არც ედარდება…

აქედან ბაგრატი რტოზე შემოსკუპებული ქედანივით დაჰღუღუნებს ქალაქს. მოულოდნელ სითბოს აფრქვევენ მაღლიდან ეს მიმოფანტული ქვები… წარმოსახვა ასრულებს და აგუმბათებს მორღვეულ კედლებს თვალის ყოველი შევლებისას…

მაინც ასეთი, ჟამთა სიავით შელახულ-დაფახფახებული მაყვარებს და მაძვირფასებს თავს მეც…

ეს უსახური, ლანდშაფტის დამამძიმებელი შენობა რომ არა, რა დიდებული პანორამა გაიშლებოდა!..

ბაზართან ძველ წიგნებს ყიდის ვიღაც. გამოუტანია მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკათა შტამპიანი უამრავი წიგნი, ბაწრით გადახვეული აუხორხლებია დახლზე და კილოგრამობით უშვებს ერთ ან ორ ასეულ კუპონად.

რამდენიმე იშვიათ გამოცემაში ას-ას კუპონს მახდევინებს. ეს იმდენად დაუჯერებელი ფასია, გვერდით მდგომი ქალი, `მართლა მაგ ფასში იმეტებო?~ _ დაეჭვებით ეკითხება ბაკებშეჭაღარავებულ, აწოწილ კაცს. `აბა რა ჯანდაბად დავიტოვო? ტყუილად რატომ ეყაროს შინ? ამას წაკითხვა მაინც უნდა და წაიკითხოს!..~

 გადავფურცლავ, შენაძენით ნასიამოვნები და ნაცნობ შტამპს წავაწყდები აქაც: `ნუგზარ მაზმიშვილის წიგნებიდან~ _ მელნისფერ ორ ოვალსშორის ჩაბეჭდილი სახელი და გვარი, წიგნის რიგითი ნომრითურთ, ალბათ შეძენის დროს რომ აკურატულად დაუსვამს მფლობელს, მერამდენე წიგნზე მხვდება უკვე. `ვინ იყო, ნეტავ, ეს მაზმიშვილი ან რა გასაჭირმა აიძულა, მთელი ბიბლიოთეკა ასე ადვილად გაემეტებინა და ქუჩაში გამოეყარა გასაყიდად? ვინ იცის, იქნებ პურის ფულიც არ გააჩნია და ამ წიგნების სანაცვლოდ აღებული გროშებით ითქვამს სულს გაყიდვიდან გაყიდვამდე!.. ან იქნებ… სულაც აღარ არის ცოცხალი და არც პირდაპირი მემკვიდრე დარჩენია, წინაპრის ხსოვნის ხათრით მაინც რომ შეენახა იმისგან ნასათუთევი წიგნები?!. ალბათ ასეც იქნება… ეჰ, ვინ იცის, რა ბედი ეწია ამ წიგნების პატრონს, ახლა ჩემს და კიდევ, ვინ იცის, ვის მფლობელობაში არ გადმოდიან ნელ-ნელა!..~

სახანძროსთან მოზრდილი რიგი დამდგარა, ჰუმანიტარული დახმარების აღებზე რომ ჯგლეთა და ზედახორა იმართება, იმაზეც დიდი.

_ ჩემი მაანია ეშ, ჩემი მაანი! მოით, ხალხო, ყველას გპაიჯებთ! აბა, მოით, აგე, დალიეთ, დალიეთ, რამდენიც თქვენ გულს გეეხარდეს! _ ხმა მეცნო თუ მომეყურა? გოგიას აქ რა უნდა? წარმოუდგენელი მგონია. მეჩვენება ალბათ, ხმას ხმას ვამგვანებ, კაცი კაცს თუ ჰგავს, ხმა რატომ არ შეიძლება, ხმას მოჰგავდეს?!. მოედანზე, ბაზრის წინ ღვინით სავსე ბოცების ჯარი ჩამწკრივებულა. ბოცების რიგს ადამიანთა რიგი უცემს ქალაქში შემთხვევით შემოხეტებული დინოზავრის დახლარკნილ კუდად. მთელი უბანი, კაც-ქალებიან, ბეწვებიან-ოთხფეხიან, ფრთა-ბუმბულიან, ხეებ-ბოძებიანად შეუჟიჟღინებია აქედან ადენილი ბახუსის ოხშივარს.

_ მოით, ხალხო, მოით, ჩემი მაანია ეშ, ჩემი მაანი! _ არ ცხრება ნაცნობი და ამავდროულად უცნობი ხმა. ტემბრი კიდევ ჰო, მაგრამ ინტონაციაც როგორ შეიძლება სხვისას ემსგავსოს?.. არა, უთუოდ გოგიაა!.. ამასობაში უკან მოვიტოვებ კედელს, რომელიც ფარავს ამ ხმის პატრონს და დავინახავ რიგში ჩამდგართა შორის მოლაპლაპე კეფის გარშემო აბურძგვნილ, ქარისგან აფრიალებულ, მოჭაღარავებულ თმებს. ამ გამოჩენილი ნაწილითაც კი ვრწმუნდები, ვინც არის მისი პატრონი! გოგია ჩამდგარა შუაბაზრის მასპინძლად და ჭიქებში ჩამოსხმულ ღვინოს არიგებს მარჯვნივ და მარცხნივ. ღვინის მეპატრონე, მოულოდნელი სარფიანი კლიენტის გამოჩენით გახარებული, ციბრუტივით ტრიალებს და ჭიქას ჭიქაზე უვსებს გულუხვი მასპინძლის როლში ჩამდგარ კაცს… თქრიშინით იღვრება ოქროსფერი სითხე ჭურჭლიდან ჭურჭელში და სიხარულით აღავსებს გოგიასა და მისი მუშტარ-ლაშქარის ღვინოში დამბალ გულს. სხვადასხვა სათხევლით სხვადასხვა მხარეს მიეზიდებიან მუქთად ნაშოვნ სითხეს გახარებული მოქალაქეები. იცინიან თანაც. ირონიულად ქილიკობენ ვერარისკარგადკაცზე მისგან დარწყულებულები.

მთვრალი ჩანდა გოგია. სადღაც დალეული ღვინო არ ჰყოფნოდა, აქ დაემატებინა და ყოველგვარ ზღვარს და სამანს გადაცდენოდა.

_ ჰაიტ!.. არ გინდათ, ხო, ხეის განძრევა, არ გინდათ, ხო? დაიცა, გეტიებათ ბაბუწვეი!.. _ ჯლიყინებს გამორუტუნებული ყაძახი. ჩასისხლიანებული თვალები ამოტრიალებია დაქლორილ მურწასავით და საკუთარი ხელების იქით ვერ ხედავს ვერაფერს. _ მოით, რომ გეუბნებით, ჩემია-თქვა, ეშ მაანი! კი არ ვყიდი, გჩუქნით და მიირთვით, დალიეთ, ოღონდ ნუ გადაღვრით! ცოდოა ამ დალოცვილის მიწაზე დაქცევა!.. _ ხარობს და სხვასაც ახარებს. იმათ რა იციან, რა ულაღებს გულს ამ ყველაფრის ერთბაშად დამკარგავ კაცს?!. მე ნამყოფი ვარ მაგის ოჯახში. დოვლათით სავსეში, ჭურ-მარნიანში, პურმარილიანში. ახლა შიშველ-ტიტველი კაცია, ცოლი ომამდე გარდაეცვალა და დამარხა სოხუმშივე. მაინც არ გაუტყდა ბედს, ჯავრს არ გაეჩაგვრინა, შვილებს უმეძღოლა და უპატრონა. ომის მერე არ ვიცოდი, საით გადაისროლა ბედისწერამ და აიჰ!.. აგერ არ შემახვედრა?!.

ერთხანს შორიდან ვაკვირდებოდი ამ ბავშვივით ატროვებულ შუახანს კარგად გადაცილებულ კაცს, უკვე ბაბუობაც რომ შეფერებული ექნებოდა, გვიან შერთული ცოლისა და გვიან-გვიან დაჩენილი შვილების გამო დახანება რომ არა…

უმალვე ვიგუმანე, რაც დამართნოდა! სიმთვრალე და იმით გამოწვეული ხელგაშლილობა მეორეული მოვლენა იყო ამ შემთხვევაში. უფრო ღრმა, უფრო შინაგანი მიზეზის გარეთ გამომტანი და გამომზეურებელი.

ოდესღაც, სადღაც შემხვედრია ამ მოვლენის ახსნა. რომელიღაც ტექსტში ამომიკითხავს: ავტომატიზმს უწოდებენ სპეციალისტები და პირველად მენცარი და მაკვარანცხი ფროიდის ასევე მენცარმა და მაკვარანცხმა მოწაფემ იუნგმა აღწერა სამედიცინო ლიტერატურაში. ადამიანიო, _ ამტკიცებს იგი, _ შეუჩვეველ გარემოში რომ აღმოჩნდება, ძველ და შეუსაბამო ავტომატურ რეაქციებს ავლენს ნების დამბლის სახით, რადგან ახალი რეაქციების გამომუშავება არ ხდებაო.

იწყება უმიზნო და უადგილო ქცევა, იმედგაცრუების ან კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი და ამას შენაცვლების აქტივობა ეწოდებაო, _ აღნიშნულია სხვაგან და სხვის მიერ.

უძახე ახლა რომელიც გინდა! უადგილოც და უმიზნოც იყო მისი ქცევა და ახალი მდგომარეობისთვის შეუსაბამოც… კაცს საკუთარი ჭურ-მარანი მონატრებოდა, მოხდილი ჭურის თავზე მოქეიფე სტუმარიც და რეალობას აცდენილს იმის დაჯერებაც არ უნდოდა, შორეულ ზმანებასავით რომ გამქრალიყო წარსული და ახლა, აქვე, უნდოდა თავისი აუხდენელი სურვილების რეალიზება.

შემებრალა ეს ბორჯარეული კაცი. მისვლისა და გამოცნაურების სურვილი გაჩენილიც არ იყო, იქვე რომ გამინელდა. ჯობდა, თავის ნოსტალგიური ავტომატიზმის აღტყინებასთან მარტო დამეტოვებინა! თავისი თვალღია ზმანებების საუფლოში.

კარგა ხანს ჩამესმოდა მთვრალის რუყრუყი:

`ჩემი მაანია ეშ, ჩემი მაანი!..~

ვიღაცა ეროვნულ ვალუტას `ყიდილობდა~…

ვიღაცა თავის მარტოსულობას დასტიროდა ამ გამარტოსულებულთა ქვეყანაში…

ვიღაცა ლუკმაუპოვარ ხელოვნებაში ეძებდა თავდავიწყებას…

ვიღაცას წინაპართა სულიერება გამოედო ქუჩაში შინიდან გამოტანილი ძველმანებივით და პურის ნატეხად ქცევას უპირებდა…

ვიღაცას წარსული არ ეთმობოდა და მამის ტყაპუჭსჩაჭიდებული ბალღივით ჩაფრენილი ცდილობდა მისი ნაფლეთების დანარჩუნებას…

როდინში ამონაყულივით დაჩეჩქვილი ქვეყანა სულს ძლივს იბრუნებდა და სასიკვდილო ზმორებით იჭინთებოდა უკანასკნელი მზეების ჩასანთქავად.

ჩვენ თვალწინ, უმძიმეს კონვულსიებში კვდებოდა ძველი და იბადებოდა ახალი ქვეყანა…

იქნებ _ ძველზე მახინჯი და უგვანი…

იქნებ _ უფრო სასტიკი და დაუნდობელი…

მაინც _ ახალი…

მაინც _ წარმავალის წილ მომავალი…

3.

თოვლის სუდარა არც სისქეში იკლებს, არც სიგანეში.

სახლებში სიცივე ყინულის ბრიკეტებად აწყვია.

სამაგიეროდ გარაჟების სარკმლებიდან თავგამოყოფილ მილებს ახრჩოლებია უცნაური კვამლი, თითქოს ასორმოცდათორმეტ მილიმეტრიანის ლულა ყოფილიყოს, აემწუთას გაესროლოს ჭურვი და თოფწამლის ბოლი ამოეშვას შლეიფად… გაღუღუნებულ იაფფასიან ფეჩებს სახლებისთვის წაურთმევია მდგმურები. ფარეხ-ქუხნებს შეჰკედლებია დიდი და პატარა. სადაც ცეცხლი და სითბოა, იქაა სამზარეულოც. სადაც მზარეული ტრიალებს და შეჭამადის დამარეტიანებელი სურნელი დგას, ღვინოც იქვე ჩნდება. ღვინოს, თანაც იმერულს, იმერელ დამლევს და მის სტუმარ-მოყვარესაც რა გამოულევს!.. ღვინის შექცევის შემდეგ გიტარის დაჟღრიალებამდე, გარმონის გაწელვამდე, დოლის დაბრაგუნებამდე და სასიმღეროდ პირის დაბჩენამდე რაღაა დარჩენილი?!.

ჰოდა, ყოველი მეორედან თუ არა, ყოველი მეხუთე-მეექვსე ფარეხ-ქუხნიდან მაინც ამოვარდება დროდადრო დოლ-გარმონის ჭყვიტინი და ხრინწიანი ღრიალი:

ასტამურს ფული რათ უნდა,

ასტამურა თითონ ფულია,

ამოიღებს და დახარჯავს,

ვითომდა არა ჰქონია…

ეს მამაკაცები ღრიალებენ. ქალები გაუგებარი მოთმინებით ეკიდებიან ამ უმიზეზო დროსტარებებს. ითმენენ კი არა, ემასპინძელქალებიან კიდეც, სუფრებს უწყობენ, პურ-ხაჭაპურს იშვიათად, მაგრამ ჭადებს ხშირ-ხშირად უცხობენ, მჟავეს და მწვანილს, ხალმის ყველსა და ნადუღს არ აკლებენ სუფრას. საქმე და სამსახური არსადაა. გუშინ და გუშინწინ ვინც ომში მოინდომა საქმის შოვნა და საშოვრის ჩამოტანა, თავად ჩამოიტანეს, ორას ნომერ გრუზად გრუზავიკის ძარაზე შემოდებული, ოხრად დარჩენილი საშოვრით, ნაშოვნითა და უშოვნით. მერე ამ დახოცილებს, დაჭრილებსა და დამარცხებულ-შერცხვენილებს უკან ოტებულ-გამოდევნილი, ბუდემოშლილი და ჭკუა-გონება აშლილი აფხაზეთის მკვიდრები მოჰყვნენ და საბოლოოდ აირდაირია და ფსკერისკენ დაექანა ისედაც ბეწვისხიდზე შემდგარი ქვეყანა.

ამათი კაცები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. ომში მტერსაც გაარიდეს თავი და გაყაჩაღებული მოძმის მიერ როყიოდ ნასროლ ტყვიასაც. არიან აგერ, უკეთესი დროის მოლოდინში და ღვინოს არეცხვინებენ ბოღმის ჯამზე მილექილ ჟანგს, სხვა რაი ქნან? რაღაცას ხომ უნდა გადააყოლონ ჯავრიანი გული? ჰოდა, მოისმის ხან ამ, ხანაც იმ ფარეხ-ქუხნიდან:

მინდორში, ბალახბულახში

ამოსულიყო იააო,

ამაღამ შენთან მოვდივარ,

კარი დატოვე ღიააო…

დარი-დური, დარი-დური, დარი ვარალეე…

დროა ამგვარი. შინიდან რომ პურისთვის გახვალ, გაგიმართლებს და მავლინას ფარდულში პური მიტანილი დაგხვდება, რიგში ჩამდგარს, ბოლო სანამ თავს უწევდე, შეიძლება ხუთი პურის ფასში ერთი ბუხანკა მოგივიდეს, კუპონის თვალდახელშუა გაუფასურების გამო.

უკვე მილიონებში ითვლიან ხურდას.

ონკანს რა ხანია ხახა აქვს გამშრალი და წყლის სისველე დავიწყებული.

შუქი ათასში ერთხელ და ისიც ათი-თხუთმეტი წუთით თუ დაივლის სადენებს, თითქოს მათ გამტარობასა და ნათურების ვარგისიანობას ამოწმებდეს, ზემდგომისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად, მორიდებული სტუმარივით და უჩუმრად გაიპარება ისე, `ურააას~ ძახილით სახლებში შეცვენილ და ტელევიზორებს მირეტებულ ხალხს სიხარულს ერთბაშად შეაყინავს, მამაკაცებს ანდრეინას, ქალებს კი ლუის-ალბერტოს აღკაზმულობა-ვარცხნილობის შნოიანად შეთვალიერება-დამახსოვრებასაც არ დააცლის…

გაზეთები, თუ გამოდის, _ ყაჭის ქაღალდზე დაბეჭდილი.

წიგნი და ჟურნალი ნესტიან ბიბლიოთეკებში ლპება ან თუთუნისა და მზესუმზირის გამყიდველები ფურცელ-ფურცელ უშვებენ საფუთავში.

ოქრომჭედლები ძვირფასი თვლების მაგივრად ავტოსადგურის წინ გაუქმებული მოცეკვავე შადრევნის დახეთქილი ფსკერიდან ამოკრეფილ დაფშვნილი ფერადი შუშის ნამსხვრევებს სვამენ უკანასკნელი რუბლების საფასურად სიმწრით დაკვეთილ საპატარძლო ბეჭდებ-საყურეებში.

ბენზინი აცეტონია.

თეთრი პური _ შავი.

კარაქი _ მარგარინი.

ყავა _ სოიო. თუ ბედმა გაგიღიმა _ მუხუდო.

ფულის კურსი _ მილიონსჩემტა.

მილიონერი _ ღატაკი.

და მთელი ქვეყანა _ მილიონერი…

გაღლეტილი მილიონერების ქვეყანა…

დათკას `იატაკქვეშა ბუნკერის~ ფანჯრიდან გადავყურებ არემიდამოს, ღრმა მწუხარების თოვლით დაფარულს. მართლა ბუნკერი კი არ არის, ჩვენ ვეძახით ასე, გახუნებულშპალერიან, გამოცარიელებულ-გასაცოდავებულ ოთახს. ერთადერთი ნათურა რომ უქმად ჰკიდია და პატარა ნავთის სანათით არის მკრთალად განათებული, თუ იმავე სარკმლიდან შემოსული დღის შუქით არ ივსება, საიდანაც შემოჰყვება ქარს დარიდურები და ჯიბეში ფულის არგამჩერებელი ასტამურები. დათკასთან სოხუმიდან ვნაცნობობ. წერს ისიც და მრავალწახნაგოვან ქარტეხილთა მსხვერპლად მიიჩნევს თავს. ოჯახი კი ჰყავს, მაგრამ, როგორღაც მოახერხა და ეს ოთახი, სამუშაოდ, ცალკე გამოითხოვა დევნილთა სამსახურებისგან.

საბეჭდი მანქანა საიდან გაახერხა, არ ვიცი. უზის ახლა და დღე-ღამეს ასწორებს რომანის წერაში. თან ორს წერს ერთად.

ტკაც-ტკაც…

(ავტომატის საკეტის ტკაცანს მაგონებს ეს ხმა!.. ომიდან ჩარჩენილს მეხსიერებაში).

სადღაც ინკოგნიტო კლიენტი უშოვნია, ერთს მისთვის წერს. ანუ ლიტერატურული მონაა სანახევროდ. ერთი რომანი რომ მისი სახელით გამოვა, მეორეს სხვა ავტორი ეყოლება. ყველაფრის გაყალბება გამიგია. სხვისი დაწერილი წიგნისა _ პირველად მესმის.

ტკაც-ტკაც-ტკაც…

`რას ვჯავრობ, _ ამბობს დათკა, _ ბინის ფულს მიხდის, ბრატან, ამ ხლამში, სეკიოშ? ჩეტირესჩემტა მაინც დამრჩება, დოლარში. ოჯახს ჭერს შევუძენ და ეს ნაჯღაბნი არ დავიკიდო, აბა რა ვქნა?~

სექსი, ძალადობა და კაცისკვლაა ძირითადადო, ბესპრედელის სრული ბუკეტიო _ მეუბნება, _ ახლა ეგ გადის, საერთოდ თუ გადის და ისიც თბილისში, ძმაო, სხვაგან ან გამომცემელი ვინ არის, ან მყიდველი და ან წამკითხველი?!. მაჩვენე, ერთი, რა დაგიწერია? _ უბის წიგნაკს გარეგულისჯიბიდან ამომაცლის და ჩემი სუსტი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, თვალხარბად კითხულობს ხელნაწერ სტრიქონებს. სახე ნელ-ნელა უსერიოზულდება. _ ოჰო, ეს ნაღდი პოეზიაა, ბიჭო, ხომ იცი! პირში გეტყოდი, ტუფტა რომ იყოს! _ პირველად ხომ არ ესმის ჩემგან ლექსების წერა, მაგრამ, რასაც ჩემი ადრინდელი პუბლიკაციების გამო მოელოდა, იმაზე მეტი აღმოაჩინა, მეც ვატყობ, ბოლო დროს ნაწერი სხვაგვარი რომ გამომდის, უფრო ღრმა, ტკივილიანი და დაფიქრებული!.. _ დასაბეჭდად არ გაგიტანია? თუმცა, აქედან გასვლა შენ არ გინდა და აქ კიდევ, როგორც ვთქვი, კაი ხანს არ იქნება პრასვეტი…

ჩიფირის სმით იფრთხობს მოძალებულ ძილს. დღეს ღამის ხარჯზე იხანგრძლივებს, ფხიზილს _ ძილისაზე. დროში ვიწვებიო, ამბობს და თვალებდაწითლებული გაუთავებლად ატკაცუნებს თავის საბეჭდ მანქანას. პაუზების დროს, როცა მომდევნო ფრაზაზე წამით ჩაფიქრდება, ან ხაზიანს აბოლებს, ან უკვე გაცივებულ ჩიფირს მოწრუპავს. ტაბურეტზე ჩამოდგამს ჭიქას და მდარე ხარისხის ქაღალდს ქაღალდზე ავსებს თავისი ოპუსებით. ხუმრობა საქმეა, ორს ერთად წერს, ორ რომანს, ერთს საკუთრად თავისთვის, მეორეს _ ვიღაც უცნობისთვის, რომლის სახელს და გვარს მე ვერასოდეს გავიგებ, რადგან როცა ის ამ ინკოგნიტოდ შენახული შინაარსის მქონე წიგნის ყდას დაეწერება, ყოვლად შეუძლებელი იქნება იმ ყდის ქვეშ შეკინძულ ფურცლებზე ჩემი მოკეთის ნაცოდვილარის ამოცნობა…

არც კი ვიცი, არის ეს პრინციპის ღალატი თუ არა! როგორ განვსაჯო კაცი, რომელიც საკუთარი ნაჯაფარის გაყიდვით აპირებს ოჯახის დარჩენას? არადა, ხომ იმ ოქრომჭედლებს ჰგავს, ძვირფას თვლებად რომ აუზიდან ამოკრეფილ მდარე შუშის ნამსხვრევებს მიასაღებდნენ კლიენტებს? განა ისინიც ოჯახების სარჩენად არ აკეთებდნენ ამას?..

_ ლაშ მჩობით, ბიჭებო? _ ეს ნინუცი გახლავთ. დათკას `ბუნკერის~ კედლისმოზიარე მეზობელი. _ წერთ და წერთ, ხომ? _ საბეჭდის ტკაცანს ანჯამების ღრჭიალი და კარის მიჯახუნება ემატება. ქერადშეღებილი, მოკლედ შეკრეჭილთმიანი, სიყმაწვილის საზღვარს, რომ აღარც ახსოვს როდის, იმდენით გადაცდენილი, მაგრამ ასე თუ ისე თავშენახული ქალი ოთახში აქ კაი ხნის წინათ გაშინაურებული დიასახლისის სითამამით, უკითხავად შემოდის. ერთადერთ ცარიელ ტაბურეტს აათვისებინებს გასქელებულ, ჯინსის შარვლიდან გადმოფუებულ გავას და დაღლილი ხმით ამოიხავლებს:

_ აღარ შემიძლია მეტი!.. ღამეები არ მძინავს, ხალხო… ეს ჩემი ბუტურია კაციც სადღაც გადაიკარგა. _ შავბეწვა ქურქის სიღრმიდან წვრილღერიანი სიგარეტების კოლოფს იღებს. ფაქიზად, ქალური მოხდენილობით იჭერს განზეგაშვერილი, ამობრუნებული მტევნის ოდნავმოხრილ თითებში თუთუნის წვრილ, გაღვივებულ ღერს და კაიხელა ნაფაზით მომცრო ზომის ღრუბლისხელა ბოლს ჰაერში ილინცურად ააფუტებს. _ ამ ბუბუკამაც ხომ მომკლა, შემომახტა მხარზე და არაფრით ჩამოდის. (ბუბუკა ამის მფარველი სულია, დამავოის მსგავსი, _ მიხსნის დათკა). ხომ უყურებთ, ბიჭებო, აი, აი, აგერ მაზის… მართლა, მართლა… არ ვიტყუები!.. თვალები მარცხენა ბეჭისკენ გაელმებია და თითსაც ისე იშვერს იქით, თითქოს ნამდვილად აჯდეს რამე სულიერი. წამით მომეჩვენება, რომ ნინუცას მართლა აზის მხარზე წითელტრაკა, მიწისკოკოსავით გაბანჯგვლული არსება, სოხუმის ქუჩებში დროის მოსაკლავად მოყიალე ჯარისკაცების მხრებზე შემოსკუპებული მაიმუნების მსგავსი, შავად მოკვრიალე თვალებს რომ აცეცებს რაიმე სასუსნავის მოსაჩხრეკად.

_ ნინუც, ხომ ყოჩაღად გყავს ბუბუკა? შენ მაგას კარგად მოუარე, რა იცი, ბედსაც გწიოს, ერთხელაც იქნებაა! _ ტკაცანი წყდება და დათკა, ქალისკენ შებრუნებული, მისგან მოწვდილი კოლოფიდან `ემენდემის~ ღერს იღებს. _ რას ერჩი შენს კაცს. ბაირამში ყავხარ, სიგარეტიო, ყავაო, კონიაკიო, სხვას ვის ეშოვნება ერთი?.. ნუ ეხლა, ხანდახან გადაკარგვა კი უნდა აპატიო შენც!.. საქმეც ხომ ექნება, შენთან დროსტარების გარდა?!.

_ უიჰ, თქვენ ღლიცინს როდის შეეშვებით, ერთი!.. ვიფიქრე, ყავას მოვუდუღებ ბიჭებს-მეთქი, მაგრამ არ ხართ თქვენ მაგის ღირსი!.. იღლაბუცე და იყავი მანდ!.. _ ნინუცი ენერგიულად წამოხტა სკამიდან, სიგარეტის ნამწვი საფერფლეს დაასრისა და ოთახიდან გავარდა.

დათკა სიცილით მიუბრუნდა საქმეს.

_ ნახე, სამ წუთში თუ ყავიანად არ მობრუნდეს! ოქროს გული აქვს, ამ საწყალს. მომთმენი და დამყოლი ხასიათი. ამიტომაც აცუცურაკებენ კაცები, როგორც მოეპრიანებათ.

ტკაც-ტკაც-ტკაც…

კარი დატოვე ღიაო…

ტინგიცები!.. იჭყანეთ, იჭყანეთ! მიჯდომია იმ საკაკუნოს და ასე ჰგონია, საქმეს ვაკეთებო!.. ვის რათ უნდა შენი ნაჯღაბნი?..

ტკაც-ტკაც-ტკაც…

_ ამან რომ იცოდეს, მისი ამბავი მაქვს მოყოლილი წიგნში, გადარევა და ჭკუიდან აწევა მერე ნახე შენ! _ დათკა გულიანად იცინის. _ უკეთეს პრიკლუჩენიებს სად მოვნახავდი. თავისი პირით აქვს მოთხრობილი სიყმაწვილის შეცოდებათა მთელი კალეიდოსკოპი. ქურდების სასტავშია ნამყოფი, ბრატუხა, ეგრე მარტივი ქალი ნუ გგონია!.. ოდესღაც მუჟიკოვიჩის ამალაში ყოფილა. თანაც კარგა ხნის განმავლობაში. ისეთი რამეები დამიფქვა, თმები ყალყზე დამიყენა. მაგ ამბის ხელიდან გამშვები ვიყავი?.. ახლა, `ჩემი კაციო~, რომ ამბობს, ვიღაც პოლიციის მაღალჩინოსანი დაძვრება მაგასთან. ყმაწვილქალობასთან ერთად დავამთავრე შავებთან ურთიერთობაო, ამბობს. ახლა სულ ერთია, ვინ იქნება, კაცი მყავდეს და მეტს არას ვჩივიო. ვისთანაც არის, ყველას `ჩემ კაცს~ ეძახის. თან ჰყვება ზედ, პატივს სცემს ატიდო, დააგდებენ და ცხარე ცრემლით მისტირის… მარა, უშველის ღმერთი, ადვილად ივიწყებს და ახალ გატაცებასაც ადვილად პოულობს. საწყალი გოგოა, ძალიან!..

_ ტაკიმასხარებო, გულმა მაინც არ მიქნა, უყავოდ დამეტოვებინეთ… აჰა, სანამ გაცივებულა! _ ნინუცი მაგიდაზე დგამს ყავისფინჯნებიან სინს და სიგარეტის წევაში თავისთვისაც იღებს უკვე რამდენიმე ყლუპმოკლებულ ფინჯანს.

მეც და დათკაც ვიღებთ ჩვენ-ჩვენს ყავას. მადლობას ვეუბნები ნინუცის. დათკა მოსვამს თუ არა, ისევ კლავიშებს აატკაცუნებს… დავთქვი, დღეს ათი გვერდი უეჭველად დავწერო და სიტყვის გატეხვა არ მინდაო.

_ ვიცოდე, მაინც, რას ჯღაბნის… ეყიდება რამე, ვინმეს რამეში არგია? _ მეკითხება ნინუცი.

_ კარგი მწერალია ჩვენი დათკა-მეთქი, ვეუბნები. _ მაგის პიესები ანთოლოგიებში დაბეჭდილა, ცნობილ დრამატურგებთან ერთად. ამ ერთ წიგნს თავს როგორ ვერ გაართმევს, გაეყიდება, აბა რა იქნება-მეთქი.

_ რა ვიცი, რა ვიცი!.. ღმერთმა ხეირი ანახოს, მაგით აშენებული კაცი მე არ შემხვედრია ჯერ!..

დათკა იცინის და ატკაცუნებს თავის მანქანას.

ფურცელი ფურცელზე ივსება ჩაწიკწიკებული სტრიქონებით…

ქაღალდზე გადადის წარსულგარდაცვლილი ქალის ისტორია.

ქალისა, აგერ, წინ რომ გვიზის, ათას რამეს მიედ-მოედება, სოფლის ტყუილ-მართალს გვექაქანება და წარმოდგენაც არა აქვს, მისი გარდასული დღეები მის თვალწინვე თუ ეფინება საფანელად სრულებით ახალი რეალობის ქსოვილს. სრულიად განსხვავებული ნატურა იძენს მისი ხასიათის შტრიხებს და ახალი, რაღაცით ნაცნობი და მაინც ბოლომდე შეუცნობელი პერსონა იბადება ჩვენს იქ ყოფნაში.

_ კარგი, წავედი მე, ხელს აღარ შეგიშლით, ჟანეტა დეიდასთან გადავალ, ხო იცით, თქვენებური როა, ფაშფაშა ქალი? მაგრად მკითხაობს ყავაზე. რას გაიგებ, იქნებ ბედს ავცდი, თქვენთან დროის ფლანგვაში… სანუგეშო მაინც მითხრას რამე… _ სინის კიდეზე ჩამოსაშრობად თავდაღმა მიმხობილ ფინჯანს იღებს, ჩახედავს მუშტრის დაკვირვებული მზერით, მერე თან მიაქვს და მიდის ნინუცი…

_ აჰა, ეს გვერდიც ჩავამთავრე… აბა, ჩვენც გავეშვათ!.. _ დათკამ დაძაბულობისგან გაშეშებული თითები დაისრისა, ადგილიდან ზმორებით წამოდგა და დაბეჭდილ ფურცლებს მოუყარა თავი. _ მთელი ღამე ნათევი მაქვს ამის კაკუნში. იქით ნინუცის არ ეძინა თურმე, თავისი ბუბუკას, აქეთ _ მე, ნინუცის პრიკლუჩენიების გადამკიდე… საკმარისია!.. გავიდეთ დამსახურებულ ატგულზე!.. ერთი ჩემი ნაცნობი გრიალებს ეგერ, ე, გარაჟში. _ დათკამ თავი ფანჯრისკენ გაიქნია, _ წამო, ჩვენც შევუერთდეთ, ერთი დაშხოშიანად წავიდარიდუროთ!..

4.

ტროლეიბუსი შუა ოთახში მიხრიგინებს. დივანს თუ ვერ აუარა, უეჭველი გადაუვლის და მძინარე მაცის ზედ დაასრესს. სადღაც ექვსის ფარგლებში იქნება ახლა საათის დაფაზე ისრები გარდი-გარდმო გადაფშეკილი.

კრკრკრკრ… _ მთელი ღამე ესმოდა ეს აუტანელი ბგერათაღრევა მეზობელი ბინიდან. თავიდან ვერა და ვერ ხვდებოდა, რა შეიძლება ყოფილიყო ეს.

_ უი, მაგი კოტიია, დია, ჩენი უჭყინარი ჩულელი… _ პირველივე აქ გათეული ღამის შემდგომ დილას ფანჯარაში გადაყუდებულს განუმარტა მოპირდაპირედ მცხოვრებმა და უკვე გაცნობილმა ნანიი ბებომ. ფარდულების მიღმა მოლურლურე ღელისპირას (მაცი დიდხანს ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ეს მისავათებული რუ მდინარე და თან რატომ ერქვა იმგვარი ხმაურიანი სახელი, როგორიც ოღასკურაა. მხოლოდ ერთხელ, როცა ადიდებულმა წყალმა ორივე ნაპირის სამ-სამი პარალელური, მათი გადამკვეთი ყველა ქუჩა და გასწვრივ ჩარიგებული ხუთსართულიანების სარდაფები ერთიანად დატბორა, მიხვდა, რის გამო მიენიჭებინათ ოდესღაც ამ ღელუკასთვის მდინარის კატეგორია!) რომ ფინტებზე მოვარჯიშე მესხის ზიგზაგებით დასდევდა თავისნაირად ცალ თვალზე ბისტგადაკრულ დედალს, იქნებ როგორმე კვერცხი გავაგდებინოო, _ სულიერი ავანტყოფია, მარა არაფერს აშავებს. არის ასე, მარტო, თავისთვის. ათასში ერთხელ ან ძმა აკითხავს ანაც რძალი. დედ-მამა აღარ არიან ამ ქვეყანას და არის ძმისიანების საპატრონოდ დარჩენილი. ერთი ესა აქვს ამოჩემებული, გათბობის (სადღაა გათბობა და კაი ცხოვრება, დია!..) ბატარეასთან ზის მთელი ღამე, ძილით მაინც არ ეძინება, და ზედ რკინის ჯოხს არაკარუკებს. არავინ იცის, რას მიერეკება, მარა მაგას თუ შეეგუები, სხვაფრივ არაფერს დაგიშავებს…

მაცის თვალწინ დაუდგა თხელი, ბინძურ მაღალკისრიან სვიტერში, კუბოკრულ პიჯაკში, ზემოკლე, დარუმბულტოტებიან შარვალსა და ხელით მოქსოვილ, ნაცრისფერ ქუდში გამოწყობილი, ოთახის ფლოსტებში ფეხგაყრილი, ავადმყოფურად თეთრსახიანი და თვალებგაყინული მამაკაცი, მოულოდნელად რომ გამოვარდა სადარბაზოდან, თავისი სქესისათვის უჩვეულოდ წვრილი, აკანკალებული ხმით წაიკრუტუნა `სიგანეტი მომე, სიგანეტი!~ და ვიღაც გამვლელს ორი თითის ჩატეტკილ ტუჩზე მიცაცუნებით გარდაუსახა მოქმედებად ახლახან წარმოთქმული სიტყვების შინაარსი. როგორც კი მიიღო რაც უნდოდა, წააკიდებინა და ისევე მოულოდნელად შევარდა სადარბაზოში, როგორც იქიდან გამოშხუილდა. ცოტა ხანში კარის მიჯახუნებაც გაისმა…

ახლა ეს რაკარუკი ტროლეიბუსის ხრიგინმა გადაფარა. მოხრიალე მხეცი ერთი ფანჯრიდან დილის გაცრეცილ მურუჟთან ერთად შემოდანდგარდა ოთახში, შაბისფერი ნაკვესით გამოცარცული მუქლურჯი დილაბნელი შუშებს შეაფრქვია  და მეორე ფანჯრიდან გადაზოზინდა.

მესამე დღეა მაცი საბანში ჩათბუნებული კოტრიალობს ტახტზე. შუქი, შუაღამობით მაინც რომ მოდიოდა რამდენიმე საათით, უკანასკნელად ზუსტად სამი ღამის წინათ აბჟუტდა და მერე გაქრა. გათბობის სხვა საშუალება რომ არა აქვს, ეზარება თბილი საბნის მიტოვება. იქვე უწყვია ხაზიანი ასტრა, საფერფლე და ასანთი. გამოჰყოფს თავს საბნიდან, აახრჩოლებს თამბაქოს. მოწევას მორჩება თუ არა, შეიყუჟება ისევ საბნის კარავში და ეძლევა ფიქრს. გარეთ ისეთი თოვლ-ქარია, თავისი პირდაფჩენილი ნახევარჩექმებით, ვიღაც ნათესავმა რომ სამადლოდ გამოიმეტა, მაინც ვერ გავა, რამე საქმეც ჰქონდეს და მით უმეტეს, საქმე რომ არაფერი გააჩნია!..

დედა აუვლ-ჩაუვლის, მხრებს უსიტყვოდ აიჩეჩს და გაშორდება. ჰუმანიტარული კარტოფილის ფხვნილისგან თუ პიურეს მომზადებას მოასწრებს ან ჩაის ადუღებას მბჟუტავ ელექტროქურაზე, დაუძახებს ლუკმის ჩასაყლაპად და დანარჩენ დროს თავს არ აბეზრებს, სამზარეულოში ტრიალებს დაუსრულებლად და რას საქმიანობს, გაურკვეველი რჩება მაცისთვის. დასარეცხი არაფერი გააჩნიათ და გასაპრიალებელი. ათასში ერთხელ, შეიძლება, პურია მოსატანი ან წყლები _ დასავსებიო, გამოსძახოს. მაგრამ ესეც კარგა ხანია, არ მომხდარა…

კოტიის მუსიკალურ რიტმში თუ ჩაეძინა, არადა ეძინება კიდეც, დრო უფრო მალე გადის, უსიზმრებო ძილი აჩქარებს მის მდინარებას. ჩაჭრილი და მოკლედ გადაწებებული ფირის გადაგდებული მონაკვეთივითაა. თუ სიზმრიანი ბურანი ეწვია, სოხუმი ესიზმრება გაუთავებლად. თითქოს გაუკაცრიელებული ქალაქის ქუჩებში დაეხეტება შიშით ატანილი და იმისგანღა კანკალებს, ვინმე ნაცნობი არ შეეფეთოს, სამართალდამცავებს არ უხმოს და არ გამოიჭირონ საკუთარ ქალაქში მალულად შემოსვლის გამო. მერე მართლა იწყება დევნა და ჭირისოფლში წურვა. ბოლოს, ხან იჭერენ, ხანაც ახერხებს მათი ხელებიდან თავის დაძვრენას და სამშვიდობოს გაღწევას…

დღეს ბინის დიასახლისის, მაგული დეიდას მოსვლას ელოდებოდნენ. თვის ბოლო ახლოვდებოდა და ბინის ქირა იყო გადასახდელი. ის და დედამისი, რაკი ფულის დახვედრებას ვერ ახერხებდნენ, ჰუმანიტარული ზეთით, შაქრით, ფქვილით ასწორებდნენ ანგარიშს. სოფლიდან თვეში ერთხელ ჩამოსული ქალისთვის ესეც საქმე იყო. ბინის გამოკეტვა რა ხეირს მისცემდა? დაჯდებოდა მისაღები ოთახის შუაგულში მდგარ ძველისძველ მაგიდასთან, ჭანგიან, კანდამჭკნარ თითებში თამბაქოს აახრჩოლებდა და ინდიელის დაღარულსახიანი შამანივით თავშალწაკრული, მწეველის დაბოხებული ხმით ამბობდა: `ჩემთვის სულ ერთია, ანგელინა! ფული რომ მოგეცათ, მაინც შაჭამადი უნდა მეყიდა, აქედან ვწიკილოფ ყველფერს. ჩემ იმედათ დარჩენილ ობოლ შვილშვილებს ლუკმას ხომ არ გამოვუწყვეტ?..~ ხანდახან თან მოჰყვებოდა ერთი იმ შვილიშვილთაგანი, მაღალი, აწიორებული გოგო, მეორეულ ტანისამოსში გამოწყობილი და მაგიდასთან მჯდარ ბებიას უხერხულად ატმასნილი. მაცის ერთმანეთში ერეოდა ეს ბავშვები და არც იცოდა, როდის რომელი _ მარიკა, მანანა თუ შორენა მოჰყვებოდა მაგული ბებოს, თუმცა ამას ან რა მნიშვნელობა ჰქონდა? დედის მითითებით გამოიტანდა ნიკოლოზისდროინდელი, საღებავგადაქერცლილი განჯინიდან დამარაგებულ ზეთს, შაქარს, პურის ან კარტოფილის ფქვილს და ასე ისტუმრებდნენ ყოველთვიურ ხარკს…

მაგული დეიდაც, სხვა დახელთებულ პრავეზიას ამასაც მიამატებდა, მოიკიდებდა ზურგზე ერთ ნაწილს, მეორეს შვილიშვილთან ერთად ჩასჭიდებდა ხელს და აწუწუნებული: ეეჰ, მე რომ უცებ მოვკვდე, მერე რა ეშველებათ ამათო! გაუყვებოდა გზას ავტოსადგურისკენ, საიდანაც მისი სოფლისკენ უნდა წაჯაყჯაყებულიყო ტრაქტორისძრავჩადგმული, დიზელზე მომუშავე `კარობკა~ ავტობუსი.

კედლისმოზიარე ბინიდან დაუსრულებლად მომავალი რაკარუკი, როგორც იქნა, გამოილია. ერთი ჩაძინება გამდინარე წყალსაც ჩაეძინებაო, ნათქვამია და კოტიი, რა დაუცხრომელი ენერგიის პატრონიც უნდა იყოს, ერთხელ იმასაც ჩასთვლემს, აბა რა იქნება! ახლა, ტროლეიბუსის უკან გამობრუნებამდე ქუჩაშიც არ გაჭაჭანდება სულიერი. სამარისებურ სიჩუმეში სიგარეტის ბოლის ფილტვებიდან ამოშვების შრიალი უფრო გამოკვეთილად სწვდება გაფაციცებულ სმენას. სკამიდან, გადასწვდა და სწრაფად აიღო წუხელ დაწყებული ლექსის სტროფებით გადაჭრელებული ქაღალდი. უკვე კარგად შეიძლებოდა ნაწერის გარჩევა. იქვე სწრაფი ხელით, გაკრულად მიამატა: `მინდა ისევ მეწვიოს დარდი _ ღამის ფარეში, მე ველოდე სასწაულს, ჩუმად, სულგანაბული, შემოიჭრას უეცრად ეულ სიმწუხარეში ალმოდებულ ჟირაფთა ცეცხლოვანი თაბუნი, წელზე შემომეხვიოს ღამე შავი ხელებით, დაეხატოს ცას ელვის დატეხილი ტიტები, მომეგებოს გრიგალი, ისევ იმ გახელებით, დამიმსხვრიოს წარსულის მყიფე სტალაქტიტები.~ დაწერილი გადაიკითხა, რამდენიმე ადგილას რაღაც ჩაასწორა. კმაყოფილმა ქაღალდი ისევ სკამზე დააგდო და საბანში შეიყუჟა… ტვინი ჯერაც `უხურდა~, მადნის სალღობი ღუმელივით, მაგრამ მეტი სტრიქონის ჩამოსხმას საშველი არ დაადგა… გონებაც დაცხრა… ჩასძინებოდა. ესიზმრა, ისევ სოხუმში იყო. სრულიად გადასხვაფერებული ახალი სანაპირო გაეჭრათ ძველის ნაცვლად. სოჭის რივიერას ჩამოჰგავდა. არ მოსწონდა მაცის ეს უცხო სივრცე. ძველი, კეთილი სანაპირო ბულვარი ახსენდებოდა და მანდ სეირნობის სურვილი აწვალებდა სიზმრად. ამ ფართო, მაღალი ლამპიონებითა და უცხოდ გაბარჯღული პალმებით მორთულ ხეივანს ვერ ეგუებოდა, თანაც ფხიზელ თვალებს გამუდმებით აქეთ-იქით აცეცებდა, ნაცნობს არ წავაწყდე და არ გამომიჭირონო. იცოდა, სიზმარშივე, ეს რომ ყოველ ჯერზე, როცა ასეთ გარემოში ხვდებოდა, დამარცხებული, სიმწარენაწვნევი კაცის სინდრომი იჩენდა თავს. განცდილი სულიერი კატასტროფა გარდაისახებოდა სიზმრისეულ დაბრკოლებებად, რომელთა გვერდის ავლა თუ გადალახვა ჭირის ოფლს ადენდა უცხადობაშივე და კოშმარად უქცევდა მშობლიური ქალაქის მონატრებით გამოწვეულ ჩვენებას…

_ დია, ამ კაცს კიდო ძინაავს? ადგეს ერთი ზეით, ვერ ხედავს, აშენდა ქვეყანა!

ეს გაგანაა, ხელიდან მოუცილებელი ყავის ფინჯნით. მაცის დედასთან თუ შემოდის, უეჭველად _ ყავაზე სამკითხაოდ. იშვიათად ისე შემოიხედოს, და მაშინაც კერძს თუ შემოაწოდებს. `იმას მოვუტანე, დია. ცხელი კერძი ესიამოვნოს ეგება.~ დედა მორიდებულად ეტყვის მადლობას და ჩამოართმევს თეფშს.

ქალები ხმაურით, ვითომ ფეხაკრეფით კი, გაივლიან საწოლ ოთახს, სადაც მაცის ტახტს ახლახან ტროლეიბუსმა შემოუხრიგინა და სამზარეულოში გადიან საჭორაოდ.

_ ეს მავლინია ვინ ყოფილა, ამდენი წელია, აქ ვცხოვრობ და კიდო არ მცოდნია, ქალო? არ დატაცა ამ ჩემი ქათმის დადებულ კვერცხს ხელი და არ გაარბენია? მეც არ ვამბობდი, სად მიაქვს კვერცხები ამ კვალამოსაგდებ დედალს-თქვა… ჩემი თვალით მაინ არ მენახა, ქალო, სხვისას რავა დევიჯერებდი, შვილებს ვფიცავარ!..

მაცის ყველაფერი ესმოდა, მაგრამ სათბუნებელში გახვეული გამარჯობის სათქმელადაც არ განძრეულა. იწვა გატრუნული და გონებაში ღვარივით წამოდენილ ლექსის მომდევნო სტრიქონების დახვეწაზე წვალობდა, სანამ მათ ქაღალდზე გადასატანი საბოლოო სახე მიეცემოდა: ცაზე გაწვეს ღრუბელი იმქვეყნიურ ზმორებით, ჩემი გული მოიცვას მძიმე შურისძიებამ და ვხედავდე კადრების ბევრჯერ განმეორებით, ნისლებს მიღმა მნათობი როგორ დაიძირება, დე, მომესმას სიკვდილის უმძაფრესი ძახილი, ჟრუნი მირაჟებისკენ გაგიჟებით მხმობელი, თვალზე ცრემლი აყვავდეს, მწარე, როგორც ძახველი და დაემხოს სხეული ასგზის დასამხობელი!.. შედეგით კმაყოფილმა უხმაუროდ აიღო საწერი და ქაღალდი, შეძვრა ისევ სათბუნებლის კარავში და ჩამოქნილი ტაეპები ქაღალდზე დააფიქსირა. გონება არა და არ ცხრებოდა. ჩაწერილ სტრიქონებს მალე მოჰყვა გაგრძელება. დაე, ისევ ამზევდნენ გარდასულთა მზეები, კუბოს ფიცრებს დაღავდეს მათი ცეცხლის მოდება, მღვრიე ქაოსს შეერთოს სული განაძევები და სამყაროს არყევდეს წყევლიანი გოდება… ახლა კი ოდნავ მინავლდა გონების ცხელებიანი ცახცახი. მაცის განსაცვიფრებლად, მისთვისაც კი სრულიად გაუგებარი ხდებოდა, საიდან მოდიოდა ეს განწყობა, სად და რა იმპულსების წყალობით იბადებოდნენ ერთიმეორეზე გადაბმული ტაეპები.

_ აუჰ, ასე რავა ივარგებს, დია, ეს კაცი, რამდონ ხანს უნდა იძინოს აწი?

_ ღვიძავს მაგას. სიგარეტის გაბოლებაც მოასწრო უკვე. იყოს, რა საქმე კი ელოდება, ამ უთენია რომ შეიწუხოს თავი!

გაგანა დაშოშმინდა პასუხის გაგონებაზე და ფინჯანს მიუბრუნდა ისევ. _ მითხარი, ანგელინა დეიდა, რამე სანუგეშებელი, ნუ მომკალი ამხელა ქალი! რაო, იქნება ხეირიო?

_ ახალი ამბავი ჩანს, თანაც რა მალე, ქალო! კრუპნი პრიბილი მოგივა, ჩემო კარგო, არ ვიცი, საიდან, არ ვიცი, ვისგან, მაგრამ დიდხანს ნამდვილად არ დააგვიანდება, თავზე გადევს პირდაპირ. _ მაცი დედას ვერ ხედავდა, მაგრამ ხმაზე ატყობდა, როგორი გამახვილებით უნდა ყოფილიყო ფინჯანში ჩაყურადღებული. შორეულზე შორეული ამბავი გაახსენა `პრიბილის~ ხსენებამ. მამის სიცოცხლეში, ომამდე კარგა ხნით ადრე ხდებოდა ეგ. ერთი ოჯახის მოკეთე ქალი ჰყავდათ, უბნის მეორე თავში მცხოვრები. არადა, მათ ჭიშკართან იდგა თითქმის ყოველდილა, თუ ჭინჭების შესაძენად მოსკოვს არ იყო წასული. იქ კი, თვეში ორჯერ მაინც დაფრინავდა და ჩამოტანილი ტანსაცმლის გასაღებით ირჩენდა თავს. `მკვდარი ჟუჟუნა რომ მოსკოვში დადის, მაგ სიჩქარით მეზობელთან ვერ გადავსულვარო,~ _ ხუმრობდნენ ახლობლები, მაგრამ მაინც სწორედ ისინი ხდებოდნენ მკვდარი ჟუჟუნას `ტავარის~ გამსაღებლები. `მკვდარი ჟუჟუნა~ შესახედაობის გამო აეკიდა მეტსახელად. არავინ იცოდა, ვინ და როდის შეარქვა, მაგრამ ისე მყარად აეწება, რომ დათიკოს ჟუჟუნასგან, ჟორაიას ჟუჟუნასგან U ბოჩიას ჟუჟუნასგან გასასხვავებლად სხვა არაფერი სჭირდებოდათ. იტყოდნენ _ `რომელი?~ `რომელი და კვტარი.~ და ყველასთვის ცხადი იყო, ვის შესახებაც იყო საუბარი. კუთხის ქალები ამათთან იყრიდნენ თავს, ყავის დასალევად, მკვდარი ჟუჟუნას ტავარის სანახავად და მოსკოვიდან ჩამოყოლილი თუ ადგილზე შეთხზული ჭორების გადასაქექად. მაცის მამას მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული მკვდარი ჟუჟუნა, გასაყიდი არაფერი ვნახო ჩემს სახლში შემოტანილი, არც სავაჭრო ცენტრი მაქვს და არც საჭორაოდ სცალია ჩემს ოჯახსო, ისიც ეფიცებოდა, არა, გივი, ხომ ხედავ, ხელცარიელი მოვდივარო, ამ დროს კი, ჭინჭებიანი ჩანთა სადმე ბუჩქებში ჰქონდა ჩამალული, ქალებთან რომ შევიდოდა, რომელიმე გოგოს გაგზავნიდნენ და მამისგან მალულად მოატანინებდნენ ტვირთს.

ხდებოდა ისეც, ყავის სმას მამაც შეესწრებოდა. შეესწრებოდა კი არა, თავადაც შეუერთდებოდა ნალექიანი სითხის მწრუპავ ქალებს და დააპირქვავებდა ფინჯანს, რომ მერე ჟუჟუნასგან მოესმინა ტყუილ-მართალი. `უი, პრიბილი გაქვს, გივი, პრიბილი!~ _ შესამჩნევად წამოღინღლული ულვაშის არშიით შემოქობილი, დამსკდარი, მოუვლელი ტუჩები პირმოთნედ იმუწებოდნენ და ჰაერში ავრცელებდნენ ნახევრადჩამპალ კბილებს შორის გამოცრილ წივანა ხმას, ასევე ცბიერად რომ იყო დაფერილი და ოჯახის მამის გულის მოგებას ემსახურებოდა. `რა პრიბილი უნდა მექნეს, ჟუჟუნა, რაც მე ვიშოვნე, შენ გაიტანე ამ სახლიდანო!~ _ ეტყოდა მამა, თითქოს ხუმრობით, მაგრამ თან იმ სიმკაცრითაც, მორიდება რომ უნდა გამოეწვია ქალში და ერთ წამს ასეც იყო, რიდი და მოკრძალება ავსებდა ქალების დამოკიდებულებას მამისადმი, მაგრამ ჩატავარიანებული მკვდარი ჟუჟუნას გამოჩენისას ხათრიმათრი ავიწყდებოდათ და ყველაფერი ისევ ჩვეულებისამებრ, წლების წინ ჩამოყალიბებული წესისა და რიგის მიხედვით მიდიოდა…

დედას ნათქვამმა, `პრიბილი გექნებაო~, მაცის ის წივანა ხმა ჩაასმინა ყურში. დარწმუნებული იყო, დედასაც სწორედ მკვდარი ჟუჟუნა გაახსენდა ახლა და მისი `პრიბილიც~ ამიტომ ამოუტივტივდა ალბათ.

მაციმ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა. დუენდე წკიპზე იყო. შინაგანი სიმხურვალე სათანადო კონდიციამდე ავიდა და წამოვიდა ახალი ტაეპის ნაკადი: გაქრეს ისევ ყოველი, დავრჩე ლექსის ამარა, ჩემმა მზერამ გაკვეთოს ბნელი ღამის უკუნი, უშორესი მომავლის დღისკენ შევკრა კამარა და ციური სამრეკლოს მესმას ზართა გუგუნი. მართლაც გაქრა ყოველივე. თითქოს თვალისათვის გაუღწეველმა ნისლმა დაბურა მისი სამყოფელიც და მთელი სამყაროც. კარგა ხანს მოუნდა ამ სტრიქონების ჩამოქნას და ქაღალდზე გადატანას. როცა გამოერკვა, გაგანა უკვე წასასვლელად გამზადებულიყო და დედა კარისკენ მიაცილებდა.

_ ადე, დია, ადე! დღეს ბიჭები ეზოში პატარა წაქეიფებას აპირებენ, ტურუიას დაბადების დღეია და გამევიდეს მოგვიანებითო, დამაბარეს შენთან… `მადლობა უთხარი ბიჭებს! გადაეცი, გამოვალ და შევეხმიანები~, _ უნდილად, თითქოს სხვა სამყაროდან გამოჟონილი ხმით დააწია უკვე კარში გამავალ ქალს. თუმცა, კარგა ხანს, ალბათ მანამდე, სანამ მოწოლილ ლექსს არ მოილევდა, საწოლიდან წამოდგომას არ აპირებდა. ჩათვლიმა თითქმის. დაცლილად და დაქანცულად იგრძნო თავი. ენერგიის ნატამალიც არ გააჩნდა, მთელი დღე ქვის ნაზიდი მიგდებულიყოს თითქოს მოსასვენებლად. არა და არ დაადგა საშველი ხელახლა `შთაგონებით დაორსულებას~, არადა, გრძნობდა, ლექსს რომ რაღაც აკლდა. ფინალური ქმედება, ბოლო აქტი, რომელიც დააგვირგვინებდა, ერთიანად აქცევდა მასში განვითარებულ იდეას… მის თვლემაში დაუჯერებელი რამ მომხდარა _ დენი მოვარდნილა უდროოდ და უადგილოდ. მომენტის ხელიდან გაშვება როგორ იქნებოდა _ დედას საჭმელიც მოემზადებინა და დასაბანი წყალიც გაეცხელებინა მაცისთვის.

ელექტროღუმელს ადენილი მოღარღილე სიმხურვალით ოდნავ შემთბარ სამზარეულოში იტალიური კარტოფილის ფხვნილისგან დამზადებული პიურეთი წაიხემსა და წყლის გადასავლებად ჩამოტყაულ `აბაზანაში~ შევიდა. ხელადით დასხმული წყლის ჩხრიალში ჩაესმა საწოლ ოთახის ფანჯრებში შემოხრიგინებულ-გახრიგინებული მორიგი ტროლეიბუსის რახრახი, რაღაცით ტანკის ხმიანობას რომ აგონებდა და გამოვლილი ომის დღეებში აბრუნებდა…

ეზოში ოდნავი დაყოვნებით გავიდა. როგორც სჩვეოდა. ყოველთვის და ყველაფერში ასეთი იყო _ აძვრა უჭირდა, საქმეში ჩაბმა და საკუთარი თავის ჩაყოლიება ძნელად გამოუდიოდა, მაგრამ ერთხელ ამუშავებული, მოქმედებაში თავით გადაშვებული მანამ არ მოეშვებოდა, სანამ გასაკეთებელს ბოლომდე არ მიიყვანდა, საფუძვლიანად არ მოათავსრულებდა.

ტურუიას ქუხნა-ფარეხში თავმოყრილებმა სიხარული გამოხატეს მაცის გამოჩენაზე. `მოდი, მაცი, მოდი, ჩამოჯექი აგერ, ტურუს დოულოცე დაბადების დღე, დეიწვა ამის დაბადებაო~, _ იჭყანება შეჟუჟუნებული და ლოყებშეღაჟღაჟებული ბადრია, თან ცალ თვალს მასპინძლისკენ აპარებს, ხომ არ ეწყინა ჩემი უნაირო ხუმრობაო. ისიც _ იუბილარიც გაჭყანულა და რას შეატყობ დაჭუტულ ქუთუთოებსმიღმა ჩაკარგულ თვალებში, ეწყინა ახლა ამას თუ გაუხარდა მეზობლის როყიო შეხუმრება!..

სვამენ ბიჭები ციცქა-ცოლიკაურს. ტურუიას ღვინოს უქებენ ყასიდად. იმიტომ კი არა, ღვინოს წუნობდნენ თითქოს. დასაწუნი ან რა აქვს! როგორც ამბობენ, შაქარი ჩაისთვის არ ემეტება კაცს და ღვინოში ჩასაყრელს ვინ იშოვის, ჰოდა, ეშველა ღვინის ხარისხსაც. `ქაშერია, ძმაო, სუფთა ქაშერი, წვეთი წყალი არ ურევია~, _ ამბობენ და ყველაზე ძვირფასი საფიცარის დაფიცებაც სუფთა სინდისით შეუძლიათ, სადღაა წყალში გასაზავებელი შაქარი, გითხარით უკვე. `მაგი რაის გამომტანია ან სადა აქ, რო გამეიტანოს, მე ვიყავი წინდღეს სოფელში და იქიდან ჩამოვწიკე, დამაწყდა კლავები მაგის თრევაში~, _ ბადრიას ხმას დაუფარავი სინანული ეტყობა, `სიმწრით ჩამოთრაქული კაპლივით ღვინოს~ გახარჯვა რომ უწევს გვილიას ქეიფში.

მაციმაც დალოცა ტურუიას დაბადების დღე. ის კი ჩუმად ქირქილებს: `ჩემი დაბადება მართლა დეიწვა, რა დასალოცი კი არი!~ მაინც მადლობას ეუბნება მაცისაც და იმათაც, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები რომ არ დაიზარეს ტურუს იუბილეს შესამკობად.

ემატებოდნენ სუფრას ახლობელი თუ შორეული ნაცნობ-მეგობრები. გახურდა ღვინის სმა, მაციმაც სამიოდე ჭიქის შემდეგ ლაღად იგრძნო თავი, ბეჭებში გაიშალა. მოეხსნა უცხოობის შემაწუხებელი განცდა, ამ ქალაქში ჩამოსვლის დღიდან რომ ვერ მოეცილებინა და მხოლოდ ასე, ღვინის სმისას თუ შეუმსუბუქდებოდა რამდენადმე. იმთავითვე აეკიდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ენგურის ჭალას მოცილებული და შემთხვევით რიონის პირას აღმოჩენილი რიყის ქვის მარტოობა დაჰყოლოდეს. ახლა ისე გრძნობდა თავს, თითქოს აქაური ჭალა-წყლის ლოდი ყოფილიყოს გაჩენიდანვე, აქაური ხავსით დაფოთრილი, აქაური ჩქერით უთვალავ წელიწადს ნალოკი და აქაურივე მიკრობებით გაჯერებული.

იშვებდა, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და შემოკრებილ ხალხში შინაურულად მასლაათობდა. ბადრია, დათუნა, რეზიკო და ვაჟია ავტოქარხნელები აღმოჩნდნენ. დასახლების მიხედვით კი არა, იგი ხომ ისედაც ავტოქარხნისად იწოდებოდა, სამსახურებრივადაც. აქამდე სულისღაფვით, მაგრამ მაინც მოქმედი საავტომობილო ქარხნის პერსონალს მიეკუთვნებოდნენ. ძრავის სამსხმელო და ავტომობილის კონვეირული აწყობის საამქროებში მუშაობდნენ, ბადრია _ პირველში, დათუნა და ვაჟია _ მეორეში, რეზიკო კიდევ, დაცვის სამსახურში და ამიტომაც სამხედრო უნიფორმაში იყო გამოწყობილი. ავტომატიც, გამუდმებით რომ თან ატარებდა, ახლა იქვე კუთხეში ჰქონდა მიყუდებული.

სხვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არსად მუშაობდნენ. ამათგან მხოლოდ ვატულიასა და კოსტიას მოეხერხებინათ ჯიხურების გამართვა და ახლა იქ მოვაჭრე ცოლებს ედგნენ მცველებად. ესეც საქმეში ეწერებოდათ, რადგან უპოვარ, დამშეულ ქვეყანაში ორიოდე კაპიკის მშოვნელ ოჯახს შემწუხებელი და მავნებელი ბლომად გამოუჩნდებოდა. ქალები დახლში დამდგარიყვნენ. კაცები მათ უსაფრთხო აღებ-მიცემობას დარაჯობდნენ. დანარჩენები კი, სრული ლუმპერები, ერთმანეთთან ლაყაფში, დომინოს ქვების ჭახაჭუხსა და ახალშემოღებული ლარის ოცთეთრიანი არაყის წრუპვაში ათენაღამებდნენ ყუთებში ჩაყრილი ბოთლებივით ერთფერად მტვერდაფენილ დღეებს.

ტურუ გვილია ძველი დიდების ნაშთს ელოლიავებოდა და იმით იკმაყოფილებდა აქამდე შემორჩენილ ამპარტავნებას. ოდესღაც რუსეთის რომელიღაც მეხუთეხარისხოვან გუნდებში ფეხბურთნათამაშევს ტყავის ბურთის გრანდობა დაეჩემებინა აქაური მეზობლების წრეში და შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, დიდი მობურთალობის დროინდელი ამბების გახსენებით არ მოეწონებინა თავი და არ დაემტკიცებინა მათთვის საკუთარი განსაკუთრებულობა. კარგა ხნის მზეგადასულ დიდებას აჩრდილიც აღარ დარჩენოდა და ცხოვრებისგან კარგად ნაგვემი ტურუც, სხვა ვერაფერში რომ ვერ ივარგა და გამოიყენა თავისი სპორტული კარიერა, უსახურ არსებობას დასჯერებოდა, საბოლოო ნავსაყუდარი ამ ხალხში დაემკვიდრებინა და ათასში ერთხელ ამფსონებთან ჩაღვინიანებითა და მოლხენით თუ გაიფერადებდა იაფფასიანი არაყის გადაბმული სმით განაცრისფერებულ-ჩაჟამებულ ყოფას. ახლა იუბილარი გახლდათ და შესაბამისი შეფერებით იღებდა სადღეგრძელოებში ნათქვამ ლიქნაგარეულ სიტყვებს, დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობის მიუხედავად რომ იფრქვევა ამდაგვარ სიტუაციებში. თითქოს სხვათა მოტანილ, ნაწყალობევ ღვინოს, პურსა და მარილს არ უჯდა მიზანა ბრეგვაძესავით, თავისი გამოტანილი ყოფილიყოს ხორაგი, ისეთი თავდაჭერილობით უსმენდა და პასუხობდა მეზობლების წარმოთქმულ სადღეგრძელოებს. ხმის ჩახლეჩილი, მიყრუებული ტემბრის სიყალბეშიც გამოჟონავდა როლივით გათამაშებული სიდარბაისლე.

თამადობა, მეინახეების მორჩილი თანხმობით, ბადრიას რგებოდა, როგორც ღვინის მომტანს და სიტუაციის ბატონ-პატრონს. ისიც უხვსიტყვაობდა. ცდას არ აკლებდა, სუფრა გაელამაზებინა და ამით ტურუსთვის ესიამოვნებინა. სხვებიც, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ აყოლას და შინაგანად კიდეც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იუბილარის თნევაში.

დროგამოშვებით ვიღაც მიდიოდა სუფრიდან, სამაგიეროდ ახალი წევრები ავსებდნენ მოქეიფეთა რიგებს. ჩამობნელებულ გარემოს უეცრად გამოეყოფოდა ორი-სამი ადამიანის ფიგურა და ლამპის შუქით სუსტად განათებულ სათავსოში შემოიტანდა ბინდის ნაფლეთს. მოკითხვა-გადაკოცნის, მყუდროდ მოკალათებისა და საჯარიმო ჭიქების ამოშრობის შემდეგ ისინიც უერთდებოდნენ სუფრის აღმატებულ განწყობას და საერთო მხიარულებაში ორგანულად ეწერებოდნენ.

მაცის ღვინო ძალუმად მოეკიდა. ახლა უფრო მალიმალ ეთიშებოდა გარესამყაროს და საკუთარი `მეს~ ლაბირინთებში დაბორიალობდა. ამდენ ხალხში ერთი კაციც არ ეგულებოდა ისეთი, ვისთანაც შეეძლო გულის გახსნა, საკუთარი ნაფიქრ-ნანაღვლების ამოტანა და იქ დალექილი მტვრის ამოფერთხვა. არათუ ამ შემთხვევით კომპანიაში, მთელ ქალაქშიც, მთელ ქვეყანაშიც არ ჰყავდა თუნდაც ერთი ჭირისმოზიარე, ნათქვამის გამომრთმევი და თანადგომის გამომცხადებელი სულიერი. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ახლობლად თვლიდა, დათკა იყო, იმას, ყოფილ თანაქალაქელს, ასე თუ ისე შეეძლო მისი სიხარულის ან ტკივილის გაგება და ატანა. თანაქალაქელობაც რომ არა, კალმის კაცი იყო ისიც, არც ისე ხელწამოსაკრავი თანაც. ის, რომ ახლა ხალტურას ალევდა თავის უნარს, სულაც არ აკნინებდა მის შესაძლებლობებს. მაცის ალბათ კარგა ხანს არ შეეძლო იმგვარ პუბლიკაციაზე ოცნება, როგორიც დათკას უკვე ჰქონდა შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ბიჭს ქვეყნის საუკეთესო დრამატურგთა გვერდით ბეჭდავდნენ და ეს როდის იყო მცირე საქმე იმ დროს, როცა ასობით ახალგაზრდა კალმოსანი ათწლეულობით ელოდა საკუთარი ნაცოდვილარის პუბლიკაციას და განა ისეთ სოლიდურ ანთოლოგიებში, როგორებშიც დათკას პიესები იყო დაბეჭდილი, ბევრი მათგანი თანახმა იყო, ყველაზე მდარე, რიგით გამოცემებში დაბეჭდილიყო, ოღონდ კი საკუთარი ნაწერი ეხილა პერიოდიკის ფურცლებზე… თავად ხომ ჯერ არ ჰქონია არც ერთი სერიოზული პუბლიკაცია, სოხუმის პერიოდის კანტიკუნტ დაბეჭდვებს თუ არ იგულისხმებდა, ლიტერატურულ ჟურნალებსა თუ ადგილობრივ პრესაში…

მაინც რაღაც ჯერაც გაურკვეველი და ბოლომდე აუხსნელი ძალა აბრკოლებდა მათ უფრო მჭიდროდ დამეგობრებას. მაცი ხვდებოდა და ვერც ხვდებოდა, რა უნდა ყოფილიყო ამ გაუცხოების მიზეზი. ცდილობდა, როგორმე ძირისძირამდე არ ჩაძიებოდა ამ გარემოებას. დროს წელავდა და ამით ინარჩუნებდა მეგობრული ურთიერთობის იმ დონეს, რაც აქამდე აკავშირებდათ ერთმანეთთან. ნამდვილად არ უნდოდა, სწრაფად გარკვევა და დამაკავშირებელი ძაფების უმალვე ჩასხეპვა…

სუფრის შემადგენლობა კიდევ გადახალისებულიყო და ვიღაც ახლაშემომატებული დიდი რიხით ამბობდა მერომელიღაცე სადღეგრძელოს. თუმცა შექეიფიანებული, აყაყანებული თანამესუფრეები ნაკლებად უსმენდნენ მის სიტყვებს და ეს მასაც დიდად არ ადარდებდა. შემადგენლობა დათითოვებულიყო, ყოველ მათგანს იქვე, გვერდით მჯდომისთვისღა შემორჩენოდა სიფხიზლისა და ყურადღების მარაგი. მთელი სუფრის სივრცეს უკვე ვეღარ წვდებოდნენ. ამიტომაც არეულიყო ერთი მეორეში ამდენი მონოლოგი თუ დიალოგი და საერთო კაკაფონიაში ძნელი გასარკვევიც კი იყო, რამდენი წყვილის ხმა გადახლართვოდა ერთმანეთს, რამდენი პირი იღებოდა და იმუწებოდა ამ დაუნაწევრებელი და გაურკვეველი ყაყანის წარმოსაქმნელად.

მაღალი, წითური უცნობი გვერდზე გადახრილიყო და ბადრიას უყვებოდა ძველისძველ ამბავს. ის რომ მორჩილად თავდახრილი უსმენდა და არ ეპასუხებოდა, ამის წყალობით ნაამბობი, გარშემო მდგარი ზუნის ფონზე, ცხადად და გარკვევით ჩაესმოდა მაცისაც. წითური ადრე ავტოქარხნის რომელიღაც საამქროში ყოფილა ნამუშევარი და ახლა იქაურობას იხსენებდა. `ზაოდის ბოლო პერიოდის მომსწრე ვარ მეც, _ ამბობდა წითური, _ საღა იყო მაგის ძველი დიდება და მუშაობა, თუ ძმა ხარ! ნაწილები რომ გაჭირდა, რა გვაქნევინენ თუ იცი, ადრე რომ ზეგეგმიურ საბურავებს სარკოფაგში გვამარხიებდნენ, იგენი მოგვათხრევიენ და დოუგეს მანქანებს. მაინც რამდენი ყოფილა მიწაში ჩაფლული, ამხელა ქონება თუ იყო, მართლა არ ველოდი. თითქმის მთელი წელი გვეყო საიქიოდან მობრუნებული პაკრიშკები კონვეირიდან გამოსული ავტოების დასაკომპლექტებლად. ვინ და როგორ მოიფიქრა ამის გაკეთება, მე სიდან გევიგებდი, მარა ერთ ხანს კი გაგვატანია თავი და რა გინდა შენ?!.~

მაცის ავტოქარხნის ხსენებამ კიდევ ერთი უცნობი, და რაღაცით მისთვის ახლობლად ქცეული კაცის ამბავი გაახსენა. ბუკინისტისგან ნაყიდი წიგნები წარმოუდგა თვალწინ, ოვალური ბეჭდითა და წარწერით: `ნუგზარ მაზმიშვილის წიგნებიდან~. არაერთი წიგნი ჰქონდა შეძენილი ამგვარი ექსლიბრისით. სულ აფიქრებდა მათი პატრონის ფარული ისტორია. ერთხელ სრულიად შემთხვევით რეზო ჭეიშვილის მოთხრობების კრებული მოხვდა ხელთ. სადღაც ასევე ბუკინისტთან შეძენილი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა. ამ კრებულში აღმოაჩინა თავისთვის საინტერესო ფაქტი. ერთ დოკუმენტურ, რეალურ ფაქტზე დაფუძნებულ მოთხრობაში სწორედ ის ამბავი აღეწერა ავტორს, რომლის გაგებასაც ასე მძაფრად მიელტვოდა უცნობი ადამიანის თავგადასავლის შეცნობის წყურვილით აგზნებული მაცის გონება.

თავდაპირველად თვალებს არ დაუჯერა, როცა მთავარი პერსონაჟის სახელი და გვარი ამოიკითხა წიგნის ფურცელზე. რამდენჯერმე მიუბრუნდა იმ ადგილს, ხომ არ მეჩვენება და რეალურს სასურველად ხომ არ ვკითხულობო, მაგრამ არა, ნუგზარ მაზმიშვილი ეწერა შავით თეთრზე და რას იზამდა. მიხვდა, რომ სწორედ იმას წააწყდა, რასაც ამდენი ხანი დაეძებდა, რის გაურკვევლობასაც ასე მტკივნეულად განიცდიდა მისი მაძიებლური პატივმოყვარეობა.

ოდესღაც, თავისი სცენარის მიხედვით ფილმის გადასაღებად მშობლიურ ქალაქში კინოს დამდგმელ ჯგუფთან ერთად ჩამოსულ მწერალს შემთხვევით გაეცნო ახალგაზრდა კაცი, რომელიც სწორედ ნუგზარ მაზმიშვილი გამომდგარიყო. მოკლე საუბარში აღმოჩენილიყო, რომ მაზმიშვილი შესანიშნავად ერკვეოდა ლიტერატურაში და არა მარტო კლასიკოსების, თანამედროვე მწერლების, ავტორისა და მისი თაობელების მრავალი ნაწარმოები ზეპირად სცოდნოდა. ამას კიდევ უფრო დაეთბო ურთიერთობა მწერალსა და მკითხველს შორის და ისიც დათანხმებულიყო, მაზმიშვილის სტუდენტურ ბინაში ნარდის სათამაშოდ წამსვლელთა ჯგუფს გაჰყოლოდა, ღრუბლიანი ამინდის გამო რომ მოცლოდა დროის გასატარებლად. ბინაში მისულთაგან განსხვავებით ავტორი, კამათლების მღერას გარიდებული, წიგნების თაროს მისდგომოდა და ცდილიყო ზედ ჩამომწკრივებული გამოცემების თვალიერებით გაერთო თავი (მაცისაც სჭირდა ეს `ავადმყოფობა~ _ სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, წიგნის კარადას გადაქექავდა პირველ რიგში). ამ დროს ბინაში მისი პატრონის დედა შემოჭრილა და ერთი ამბავი დაუთევია თავისი შვილისა და მისი `მეგობრებისათვის~, ფუქსავატურ გართობაში რომ კლავდნენ დროს და სწავლაში ერთმანეთს უშლიდნენ ხელს. ისეთი უხერხულობა ჩამოვარდნილა, რომ მისულები იძულებული გამხდარან იქაურობა დაეტოვებინათ. ნუგზარ მაზმიშვილს, შეწუხებულს იმით, ახალგაცნობილი, თანაც მოსარიდალი ხალხი რომ ამგვარ საჯაყ სიტუაციაში აღმოჩენილა მისი მიზეზით, ნირწამხდარი ღიმილითა და ბოდიშებით გამოუცილებია ისინი ტრანსპორტამდე, რათა მეტად აღარასოდეს შეხვედროდა არც მწერალს და არც სხვა რომელიმე მათგანს. რაღაც დროის გასვლის შემდეგ მწერალს წერილი მიეღო, რომელშიც მაზმიშვილის დედა იტყობინებოდა თავისი ვაჟიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს და სთხოვდა მას, როგორც სახელგანთქმულ კაცს და შვილის მეგობარს, რამე დაეწერა ადრიანად აღსრულებული ბიჭის შესახებ და მისი სახელის უკვდავყოფით როგორმე მაინც ენუგეშებინა უბედური დედის გული. რა უნდა დამეწერა, რამდენიმე საათის ნაცნობობით დაკავშირებული კაცის შესახებ, რომელზეც სრულებით არაფერი ვიცოდიო, კითხულობდა მწერალი. თუმცა, ეს ამბავი რომ აღწერა და მოთხრობად აქცია, უკვე იყო ნუგზარ მაზმიშვილის სახელის გაუკვდავების ნიშანი, მაგრამ შვილის დაკარგვით გულდამწვარი დედისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იქნებოდა. ვინ იცის, საერთოდ იყო ცოცხალი თუ აღარ ის საბრალო ქალი, როცა ეს მოთხრობა დაიწერა და მით უმეტეს მაშინ, როცა კრებულში შეტანილი მივიდა მკითხველებამდე…

_ ბიჭებო, ნუგზარ მაზმიშვილს ხომ არ იცნობდით რომელიმე? _ მაციმ ჰაიჰარად, უფრო იმის გამო იკითხა, ავტოქარხნელები რომ იყვნენ სუფრასთან. მოთხრობაშიც დედის მონაყოლი ხომ სწორედ ასე ეწერა, ჩემი შვილი დაუსწრებლად სწავლობდა და თან ავტოქარხანაში მუშაობდაო.

_ მაზმიშვილი… მაზმიშვილი… აა, ნუგზარს კითხულობ ხომ, შენ!.. _ ბადრიას რომ წითური ებაასებოდა, გაბმულ სათქმელს მოსწყდა და მაცისკენ იბრუნა პირისახე. _ ვიცნობდი რომელია, ერთ ცეხში ვმუშაობდით რამდენიმე წელი. თავიდან საზეინკლოში ვიყავი მეც, კონვეირზე მერე გადავედი. ე, იმ საზეინკლოში იყო საწყალი. დეიღუპა, ხო იცი! ურომ გაუჭყინტა თავი. პნევმატური ურო ქვია, დაზგაა ამნაირი, დიდი, ბრტყელი გრდემლი აქვს, დენზე მუშაობს და ზემოდანაც ოცდაათ ტონამდე სიმძლავრის დამრტყმელი მექანიზმი ჩამოდის, ბერკეტს რომ ჩართავ. სამუშაო რომ მოემთავრებინა, გამოსაწმენდად შეეყო საცოდავს თავი იმ უროს ქვეშ, შემთხვევით ღილაკს მისწოლოდა და ისე სწრაფად გაუპრესა თავი, მისწრება და მიხმარება ვეღარ მოასწრო ვერავინ. უცოლშვილოდ და უმომავლოდ გადაეგო. ერთი დედა ჰყავდა და იმასაც სხვა ოჯახი ჰქონდა შექმნილი. პატრონობდა კი ამ ბიჭს ვითომ და მერე მის საფლავს, მაგრამ, მე მგონი, მაინც უყურადღებობითა და სითბოს შეკლებით დაემართა იმ საწყალს, რაც დაემართა. კარგი ბიჭი კი იყო, საცოდავი, ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე, სწავლობდა, დაუსწრებლად თუ საღამოს განყოფილებაზე, აღარ მახსოვს ახლა, თან მუშაობდა თავი რომ ერჩინა. ხომ იცი, ობოლი კაცის ამბავი, თან დედის ხელიც თუ მიუცდა… ვინ იცის, ახლა იქნებ კაი ოჯახის პატრონიც ყოფილიყო და კაი თანამდებობის კაციც, რომ დასცლოდა. მონდომებული და ნიჭიერი ბიჭი ქე იყო… კი მარა, შენ საიდან იცი ნუგზარ მაზმიშვილი? მე და ჩემსავით ორიოდე კაცს თუ გვეხსომება ქვეყანაზე, დედაც აღარაა ალბათ უკვე ცოცხალი… და მაციმაც მოუთხრო, ჯერ როგორ აღმოაჩინა და მერე შეიძინა ბაზარში გამოყრილი მაზმიშვილის ტვიფარდასმული წიგნები. შემდეგ ისიც, მოთხრობაში როგორ ამოიკითხა ამ სვეგამწარებული დედა-შვილის თავგადასავალი, რომელსაც ბოლო მაინც ბუნდოვანი ჰქონდა და ახლა, აგერ, როგორ შეიტყო, მისი წყალობით, ამ ნაღვლიანი ისტორიის ტრაგიკული ფინალი. მოგონილი თუ გულწრფელი სინანულით იჯავრა წითურმაც ერთხანს ეს ამბავი, მაგრამ მალევე ჩაითრია სუფრის საერთო მხიარულებამ და იმანაც მიივიწყა მაციც და მის მიერ გახსენებული შორეულ წარსულში დაღუპული და ოდესღაც გამოგლოვილი მაზმიშვილიც… ეს მაცის გონებას არ შორდებოდა იმ ჭაბუკის სახელი და წარმოსახვით შექმნილი ხატება. ისე დათრგუნა გაგონილმა ამბავმა, აღარაფრით შეეძლო სუფრასთან დარჩენა. ნასმურევი თვალები მოავლო იქაურობას. შეატყო, მისთვის აღარავის ეცალა. ვიღაცა ვიღაცას გადახვეოდა და სამუდამო ძმობას ეფიცებოდა, ვიღაცას სიმღერის საღერღელი აშლოდა და უხეირო ყმუილით აპირებდა სხვების აყოლიებას, ვიღაც შარის ხასიათზე დამდგარიყო და აქვე აპირებდა თავისი ჭინჭყლი ხასიათისთვის გასაქანის მიცემას.

მაცი უხმაუროდ გამოვიდა გარეთ. სიბნელე კარგა ხანია ჩამოსწოლოდა დათოვლილ დედამიწას. თეთრად გადაფეთქილი ხეები მისტიკური იდუმალებით შეეგებნენ ნასმურევ ბიჭს. ახლა შინ წასვლისა და დასვენების მეტი აღარაფერი უნდოდა მას.

შინ შესულმა ფეხაკრეფით გაიარა მისაღები, საწოლ ოთახშიც ასევე უხმაუროდ შევიდა, დედის გაღვიძებას მოერიდა, მაგრამ ამ დროს მისი ხმაც შემოესმა, მოხვედი უკვეო, საწოლიდანვე შეეკითხა ნამძინარევი, ძალიან ხომ არ გადამთვრალხარ და კიდევ, ხომ არ ავდგე, რამე თუ გინდაო. არა, არა, იწექი, მეც მალე დავიძინებიო, უთხრა, მაგრამ მაინც კარგა ხანს შერჩა ფიქრებს მაგიდასთან მჯდარი. გარედან შემომავალი მთვრალების ღრიანცელიც მიმწყდარიყო უკვე და მხოლოდ კოტიის მეტალისტური მუსიკაღა წაჰფენოდა მოუშორებელ აკომპანიმენტად მის სიმარტოვეს. ამ რაკარუკმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შორეული და უცნობი კაცის _ ნუგზარ მაზმიშვილის გამო წუხილი. თვალწინ თავგაჭეჭყილი და სასიკვდილო კონვულსიისგან მოფართხალე გვამი ედგა, ტვინისა და სისხლის შხეფებით მოთხვრილი მაზუთიანი დაზგა და გაზინთულ კომბინეზონებში გამოწყობილი, თავზარდაცემული მუშები, გარს რომ ეხვივნენ საწარმოო ტრავმის გამო დაღუპულ მუშას. მოთხრობიდანვე ხომ იცოდა, უბედური შემთხვევით რომ იყო იმ ჭაბუკის სიცოცხლე დასრულებული, რეალობა მაინც უფრო შემზარავი აღმოჩნდა. ნეტავ სულაც არ შევხვედროდი იმ წითურს და არ გამეგო ამ ამბის დასასრულიო, _ ნატრობდა. მაგრამ მაშინ ეს გაურკვევლობა შეაწუხებდა მუდმივად და აუფორიაქებდა გონებას, ალბათ მაინც ასე სჯობს, რაც არ უნდა მძიმე ფინალი ჰქონდეს ამბავს, უკეთესია, ბოლომდე იცოდეს იგი კაცმა…

დასაწოლად რომ ემზადებოდა, რამდენიმე წუთით ფანჯარასთან შეყოვნდა. ათასგვარად არეული ღამის ცა მოჭრილიყო ჩარჩოს მართკუთხედში. მთვარე არ ჩანდა ამ მონაკვეთში, მაგრამ შავი-მუქლურჯი ღრუბლების გარშემო დაოქროვილ სირმებად შემონთებული ქობები ამხელდნენ ღამეული მნათის ცაზე სუფევას. კოტიის რკინის მუსიკა მონოტონურად ახმიანებდა ღამეული ჟამის უჩუმარ მდინარებას. მთელი დღის ნაწვალებმა და ნაძალადევად მითვლემილმა გონებამ უეცრად ჩართული ვიდეოფირივით დაიწყო ტრიალი და მის რომელიღაც უჩინარ მიწისქვეშეთში გადანახული განძივით ამოჰფინა სადღაც უცნაური მანქანებით წარმოქმნილი ლექსის უკანასკნელი ტაეპები: დამეღვაროს ჰანგები ძლევის მაუწყებელი მრუმე კანიონების დახეთქილი ფსკერიდან, არაფერი არ დარჩეს ჩემთვის შეუძლებელი და შორეულ სივრცეებს ვგრძნობდე ამიერიდან! მიხვდა, რომ ეს ფინალი იყო. აქ უნდა დასრულებულიყო ახალი ქმნილება, ამდენხანს რომ მწიფდებოდა მის თავში, ამდენხანს დაჰქონდა მაკე ნიამორის მუცელივით და ახლა, ამ ნაღვინევით დაბანგულ სივრცეში დაასრულა დაუოკებელი მდინარება. გრძნობდა, რომ ალკოჰოლმა შესძინა მის შთაგონებას ის სითამამე, რომლითაც სამყაროული სივრცეებისთვის ენდომებოდა უკანასკნელი ძახილის შეხლა. მოძებნა საწერი და ფანჯრიდან შემოსული ნათლის შუქზე სასწრაფოდ ჩაიწერა სტრიქონები. მხოლოდ ამის შემდეგღა შეწვა ლოგინში. მაინც მანამდე არ დაეძინა, სანამ სრულებით არ მიცხრა მისი უცნაურად გახელებული გონება.