ნემსი, სამყაროს ერთიანად რომ ახმიანებს
რატომ ესწრაფვის ადამიანი
თავის გარშემო ააშენოს რკინის ჯუნგლები _
ან გამოხვეწოს სალ კლდეებში ახალი სივრცე
ან მოტიტვლებულ მინდორზე შექმნას ქვისგან ჯურღმული
ნუთუ მართლა სამოთხისჟამინდელი სიშიშვლის დაფარვას
ახლა ცდილობს სირცხვილნაგზნები.
რატომ ესწრაფვის ადამიანი გამოტენოს
თავისივე საარსებოდ შექმნილი სივრცე
ათასგვარი ნივთით და საგნით
და ამით ისევ საარსებო სივრცე დაკარგოს.
რატომ ესწრაფვის ადამიანი
სახლი სახლს გვერდით ამოუშენოს
სახლი _ სახლს თითქოს ეშინოდეს
სხვა კაცს დაშორდეს
არადა მხოლოდ ერთადერთი მდედრი სჭირდება
მსუყე ჯანსაღი მიწის დარად თესლისმიმღები
განიერ მენჯში წულის შვებით გამომტარები
რომ შვას ძენი და შვას ასულნი
ილაოს მსგავსი სენის გარეშე
რომ იმათ ნაგრამს კვლავ დასჭირდეს
შებუდრება ქვის ჯურღმულებში
რათა მათ შექმნან ქვის ჯუნგლების
მკვიდრი თაობა.
არადა მხოლოდ ერთადერთი ღმერთი სჭირდება
პატარ-პატარა სასწაულებით
წყალს ღვინოდ
მკვდარს კი ცოცხლად ვინაც თვალწინ აღუდგენს
ვინაც ჯვარცმული თავს დააღწევს
სიკვდილის ჭანგებს
და დაჰპირდება სიკვდილიდან დახსნას იმასაც
არადა ერთადერთი სიზმარი სჭირდება
რომელშიც ბედნიერებისგან
ცად აფრენილი ჩიტის სიმაღლეაკრებილი
დახედავს ღმერთის პეშვივით გადაშლილ მიწას
არადა ერთადერთი სხეული სჭირდება
რომელშიც საკუთარი თავის რეალიზაციას შესძლებდა
არადა ერთადერთი კანი სჭირდება
რომლიდანაც ვერასოდეს ვერ ამოხტება
არადა ერთადერთი სახე სჭირდება
რომლითაც წარსდგებოდა ღმერთის
ხალხის ცოლისა თუ შვილის წინაშე
ერთადერთი სახე
რომლითაც დაიმახსოვრებდნენ
ასი ორასი, სამასი წლის შემდეგ
მისი სტრიქონების წამკითხველი შთამომავლები.
არადა ერთადერთი გულის სჭირდებოდა
სისხლის გადამტანი ორგანო კი არა
პერიფერიიდან პერიფერიაში
არამედ სიყვარულის გადამტანი
სხეულის ყოველი ფიორიდან ახალ ფიორში
მძაფრი ვნების აღმძვრელი
და კვლავ დამხშობი.
არადა ერთადერთი სიკვდილი სჭირდებოდა
მიწასავით უღალატო და საიმედო
რომელსაც მთელი არსებით და გზნებით ეძლევი
რადგან ის არის მარადიულ გზათა გამხსნელი.
მაგრამ რა იცის ადამიანმა
რომ ყველაფერი ერთადერთი სჭირდება ქვეყნად
და ამიტომაც არ სჯერდება ის ერთადერთს
საკუთარ თავსაც.
რომ ცაში ფრენა ბუნებრივი იქნებოდა მდგომარეობა
ამდენი ტვირთით ყოფას თავად არ იმძიმებდეს,
რომ ბედნიერი იქნებოდა მარადში მიმსრბოლს
ეს გაჩერება _ „დაბადებად“ სახელდებული
საერთოდ რომ გამორჩენოდა
და ჩაექროლა ადრინდელი არყოფნიდან
მომავალი არყოფნისაკენ
ისე რომ ამ მცირე ჟამით _
წუთისოფელი რომ დაურქმევია
თვალი სულაც არ ახელოდა
იმ მცხუნვარე და მიმზიდველი
ცთომილის საუფლოში
ბრიყვის უშურველობით რომ იღვრება
ხარბი კოსმოსის მრუმე წყვდიადში.
რომ სამოთხიდან გაძევებულს
ნაცვლად სამოთხის
ჯოჯოხეთის მოწყობა არ მოსვლოდა აზრად
ჯოჯოხეთს ღმერთის ხომ ჰპირდება ისეც სამსჯავროდ
ან როგორ მოხდა რომ სამოთხის
არქეტიპის აქ აღდგენის ყველა მცდელობა
ჯოჯოხეთის დამკვიდრებით უმთავრდება
არადა ერთადერთი კალამი
სჭირდებოდა
ერთადერთი ქაღალდი
და ერთადერთი _
სისხლის ნაცვლად მწთოლვარე მელანი.
არადა ერთადერი მიწის ფირფიტა სჭირდებოდა
რომელზეც თავად იქნებოდა ნემსი
სამყაროს ხმიანობის _
მარადიული მელოდიის აღმწარმოებელი.
მოდი მოყევი შენი სიზმარი
მოდი მოყევი შენი სიზმარი
მე ვარ წყალი და გამატანე მივალ საითაც
მომიყევი სიზმრის სიბლანტემ
როგორ შეგაკრთო
გაგიქცია საგულედან მფრთხალი ზაზუნა
იმ სიბლანტიდან _ წებოვანი სიბნელის ზღვიდან
როგორ გამოჭრა განაკაფი ბრტყელშუბლა ფარგამ
როგორ დააღო სადესანტო გემივით პირი
და გველკუების ასეული გადმოანთხია
მომიყევი წყლის უდაბნოს როგორ ლახავდი
იმ პაწაწინა მღრღნელის ძებნაში
რომლის ნაკვალევს მადიდა ლუპით
თუ დალანდავდი
იმდენად მქრქალად ეტყობოდა ტალღის ზედაპირს
მომიყევი როგორ აწყობდი
ძველი პირატის გაფხავულ სკივრში
გარდასულ დღეთა მქრქალ ნეგატივებს
როგორ ალღობდი ცრემლის კირქვით
სიზმრის დამზრალ ფსკერს
როცა ნეგატივს ნეგატივზე ალაგებდი
მოხილვის შემდეგ
მომიყევი როგორ დასდევდი
მთას და მთას შორის აკიდებულს
ცის ქსელზე ექოს
რომელიც ერთხელ დედამიწას აღმოხდა ბგერად
და მერე ყველა ჩვენთაგანის ყურში გავლილი
მზის დედას მისწვდა მკვდარ ელეგიად
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ მოგდევდნენ კურულიდან გაქცეული
შავი ხარები
როგორ გთელავდნენ და გფატრავდნენ
ბასრი რქებით ბეწვაჯაგრული ნაფლეთები
მრუმე ღამისა
მძიმედ გთქერავდნენ ჩლიქებით და შენც ტოვებდი
იმ კლდის ქიმებზე ამოფურჩქნულს
სისხლის მტევნად მღუარ ნაკვალევს
როგორ მოთესე შენი ძვლებით
ბინდის მინდორი
როგორ ააგე შენი ცრემლის ცივი ქვებით
ამაოების ოკეანეში მოტივტივე კიდობანი
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ გეწვოდა ცეცხლის ჩქერში
ნისლის მანდილი
რომელიც თოვლის ველში ერთ დროს ელავდა
ქრებოდა და ისევ ელავდა
იმ კაცის ცხადთაშორისებში
რომელმაც საკუთარ სამშობლოში მოვლო
ლურჯად ნახავერდები უდაბნო
და მერე ენდო ფრთებს
რომლებიც არ ამოსვლია
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ დაწდი ლექსის წყლისაგან
დედათა წესის ნაქცევივით
მთვარის ნაწრეტად რომ დაგდინდა
ვინ იცის იქნებ ყველა მსხვერპლზე წმინდა სისხლივით
ცოდვილი გარსის განწმენდას რომ ემსახურება
სხვა რომელია ამის მოქმედი
სხვა რომელია ამის მტვირთველი
სხვას რომელს ძალუძს
საკრალური აქტის ჩადენა
ასე მარტივად
ასე მშვიდად
ასე ციკლურად.
მოდი მოყევი შენი სიზმარი
მე მას წავიღებ ამ ტალღების ცხელ ღადარში
მკვიდრად შეფუთულთ
და იქ მივიტან
სადაც მისგან სინამდვილეს აცხობენ ჩვენსას.
სიყვარულის თეთრი საფლავი
მოალერსე თვალების ერთურთში ჩახედვის ჟამს
სიყვარულით ჩასახულების
და თავად მათიც _ სიყვარულით ჩამსახველების
საფლავები სხვაგვარი ფერადოვნებით
აფეთქდება ხოლმე ყოველ აპრილში,
რადგან იმქვეყნად თან მიჰყვება
და წლების მერეც
სიყვარული ჟონავს მიწიდან.
არადა, ჯოჯოხეთი აქვეა თურმე,
მიწისზედეთში და ის მაშინ ხდება საჩინო,
როცა შენ კარგავ სიყვარულის მეორე მხარეს
და ცალმხრივად განათებულს
ბნელი მხრიდან უცქერ ნახევარს,
რომელიც უკვე აღარ არის შენი და იცი,
რომ აღარასდროს ის სინათლეც არ დაბრუნდება,
ერთ მთლიანობად რომ აქცევდა თქვენს ერთად ყოფნას...
შენი საფლავი ფერადებით ვერ აყვავდება,
რადგან სიყვარულს თან რომ უნდა გაგყოლოდა
მკერდზე მირგული ამულეტივით,
ყავლი მანამდე გაუვიდა,
სანამ შენ მიწის მდგმური გახდებოდი
და ძალადაკარგულ თილისმას კი რა შეუძლია
გარდა იმისა, რომ ამოგშანთოს
მკერდზე მწვავე ხსოვნის ტვიფარი.
შენი სამარე ბნელი შუქით თუ იქნება გამორჩეული
და სხვა საფლავებს შორის მდუმარედ ჩაწვება,
როგორც სიყვარულისგან დაცლილი საწოლი,
რომ აღბეჭდვია ზედ დაგერის მიმქრქალ კადრად
მკერდის ცისკრები და ბოქვენის მუქი ლელქაში.
დაკარგულია უნუგეშოდ ყველა წარსული,
როგორც ულმობლად აცელილი ყაყაჩოს ველი
და ცალკეული მკვდარი ყვავილი
იმ გარდასულის ყოველი დღეა,
როცა მზეები ბრდღვიალებდნენ შენს თვალთა ცაში.
კარჩაგმანული შუშის კოშკის მიღმა დარჩენილ
მამრი ფუტკრისგან გარჯა ურცხვად გამოძალული,
ბურიმე იყო _
რითმით ბოლოგაწყობილი ბედის ხუმრობა,
რომელშიც მხოლოდ სიტყვების განლაგება გევალებოდა,
როგორც ცის მთების ქვიშაქვების თოვლით მოფენა
და შენც შესძელი ეს ისეთი გულდაჯერებით,
თითქოს აწყობდა იმპროვიზებულ ფაზლის სურათს
პატარა ბავშვი
და გიხაროდა მოულოდნელ დღეთა რიგი თუკი ერთმანეთს
წაეწყობოდა, მონარქების მოხატული ფრთების ნაყშივით
და ვერ კი გრძნობდი რომ ეგ ფაზლი
წინდაწინვე შექმნილ ნახატს წარმოადგენდა,
მერე დაჩეხილს იმ ცალკეულ ფერად ფრაგმენტად,
რომლებიც ყუთში ისე ჩანდნენ, თითქოს ვერასდროს
ვერც ერთი მარჯვე ხელი ვერ ააწყობდა.
ყავის ნალექში ჩაიმარხა შენი წარსული,
იმის დახლართულ ხატ-ხაზებში დაებნა კვალი,
შენმა ფრანებმა დაივიწყეს ქარის სიმღერა,
რომელიც ძაფით შენს გულამდე ჩამოდიოდა
და ცის ნაპირთან აფრენილი მოჰყვებოდი
ქაღალდის ფრთოსანს.
დიდხანს იხშობდი ფრენის რეფლექსს
ამ ამბის შემდეგ,
რადგან ჩაგიდგა ტანში შიში, მომთაბარე მზეს
არ გაჰყოლოდი და გზა უკან არ აგბნეოდა,
არა, არ გსურდა არსად წასვლა და გადაკარგვა,
რადგან იცოდი ქალის სული როგორ დაგეპყრო,
როგორ გექცია შენი სულის გაგრძელებად
და შიგნიდან მთრთოლვარე ხელით
მოფერებოდი მისი სულის უნაზეს სხეულს,
მაგრამ ის ხელიც გაუხეშდა
და სულებიც ამოშრა ისე, როგორც ოდესმე თვალკამკამა ტბა
ამოშრება მოვარვარე ასტეროიდის ჩავარდნის გამო,
მერე გვემათა თრომბით გაჭექილი წარსულიც გარჩა
ზღვიდან უეცრად ამოზიდულ
ხელისგულისტოლა კუნძულის პეშვზე
და ახლა სანახევროდ ცარიელი საწოლი ჰგავს
საფლავის ქვას ორი სურათით,
ერთს რომელთაგან ჯერ უბრალოდ არ აწერია
მისი პატრონის ამქვეყნიდან წასვლის თარიღი.
როგორ აყვავდეს სიყვარულის
თეთრი საფლავი?
***
ზღვას გადმოგელავს ნავი, „არგოზე“ სწრაფი,
ვიცი, დავთესავ კიდევ დრაკონის კბილებს!..
მწარედ იწივლებს ჩემი წყენების ლაპი,
მითის ნარჩენებს მწირ საგზალივით ვილევ.
მზერით ავზვერავ მზით გაფიცხებულ ღადოს,
სული მესვეტედ შემოიბუდებს სვეტზე...
ჟანტი ხილვებით ლანდმა მომავლის მხატოს,
განაპირებას მძაფრი ძახილით შევძლებ!..
შემფრთხალ ცთომილებს გახელებული სივრცის
უსასრულობით შუმი კოსმოსი ათრობს...
ლილით დაფენილ ბლონდში დაიწყებს ციმციმს
მცხრალი მზეების ასი ათასი ბადრო.
ფრთების ფართხუნით ამიყივლდება სული _
ჩემი ფასკუნჯის ყელმოხატული ბარტყი...
რადგან სამყაროს შუქთა ნამქერი უვლის,
ჟამს შემათოვებს გზა-გზა სევდების ფანტვით...
ცებს გადავაწვდენ ბინდთა მძლეველის ძახილს,
აყვავებულებს ჭრელი სიზმრების ზვარით,
უცხო დროებას, კვლავაც ამავე სახით
სტუმრად ჩაუვალ ჟღერით დაღლილი მგზავრი!..
ვეტყვი, რომ ისევ ხორცის ხაფანგი არ მსურს,
რომ უნებურად გავხდი სხეულის მდგმური...
და არადყოფნის ბნელი ქოხიდან გასულს,
მშვიდად მიმინდობს უფლის მხურვალე გული!..
***
ჩემი ბავშვობის უღრანებში დაკრეფილ კენკრას _
მთვარით დათრთვილულ ზმანებების მწიფე ნაყოფებს,
რაც სამუდამოდ გამთანგველი ძახილით შემკრავს
და ლეთარგიულ ღვიძილში რომ მარად მამყოფებს,
ღმერთის ბაგიდან ავარდნილი სიცოცხლის ქარით
ჩემს სინანულებს ლაჟვარდების კონქთან ავზიდავ...
დაანელდება ცის ნაპირებს ცეცხლების ღვარი,
გადმონთხეული ნაზამთრალი ვნების თასიდან.
უცნობი ღამის ქვესკნელიდან ამოზრდილ ეკლებს,
მცხუნვარე ქვებით გადასეტყვილ დარდის ჰამადანს,
სიტყვას, გზნებებს რომ უეცარი ძაბვებით შეკრებს
და ბინდითმოცულ ტბის სიღრმეებს სულში დალანდავს...
ცის მაღალ კედელს შელეწილი ყვირილის ღალღას _
ამ არტახებში ვერდატეულ სულის გოდებას
რა გაყინული გულგრილობის თიხაში ვმარხავ
და ქვის ტირილით შობილ ცრემლებს ვაწყობ ლოდებად!..
რთებშეტრუსული სიკვდილების ფუგათა ჟღერით
შემოგებებულ წყვდიადების მრუმე ქორალებს
საუკუნეთა გრძელთა წიაღ გუგუნი ელით,
უკვდავი ცეცხლის მხურვალ ბაგით ნაამბორალებს.
***
ქაშანურივით შემომეფშვნა ხელში ნათელი,
სივრცეთა სუნთქვად ააჟღერა წვიმამ ვივალდი.
სიზმარი _ ვეფხის ჭრელი ტყავის პირად ნათვლემი _
ცას მირკალავდა, სანამ ქარის კრთოლვით ვგმინავდი.
ვტიროდი მირტებს მარტოსულის ფოტრო ტოტებით,
ქვითინის ჰანგით მოტკარცალე ცრემლი ალობდა...
და ჩემი სულიც, დაყურსული მთვრალი ბოდვებით,
ცივ უდაბნოთა გლეტჩერებში მიგრიგალობდა.
კავკასიონის ამოვენთე ლურჯი კუბოდან
სადაც ვევანე დავიწყების ფერფლით მოსილი...
მინდა უცხრობი ცეცხლის თქორით გავილუმპო და
სივრცეს ვეუფლო ცაჩაღვრილი თარგამოსივით.
მიუყვავდება ლილისფერ მთებს ნისლის ტუხტები,
დილის ბინდებად დამიდენენ ლურდი ლანდები...
ოხჭანი დროის მძაფრი გზნებით დავიმუხტები
და ზეზეურად, მზეებივით ჩამოვღამდები...
ამომანთხევენ მღუარ სხივად ცის ნაპრალები,
ნისლეულიდან მომიბერავს მღვრიე ქარცივი...
და უფლის თითებს ქვიშასავით გავეპარები,
რადგან ვიქნები სიტყვისაგან სრულად დაცლილი!
***
ტრიალებს ქარით წახვეტილი ფანტელი ბნელის,
მე ჩამრჩენია ძველ ძილებში ტკბილი სიზმარი...
ჩემს ცრემლებს, ვიცი, ასაკენკად ფასკუნჯი ელის,
ცაც დამივიწყებს, ვარამებით გასაფისავი.
ფშატები _ ლურჯი ფაშატები _ დაღლიან მინდვრებს,
ფლოქვებს შერჩება ტალახივით ჭამგლის ნავალი...
პირგამეხებით კაპუნია გაჰყივლებს ბინდებს,
დაეღვენთება მიწას მთვარე _ შავი მამალი.
წარმართთა გონებს მიაწვდინე ქვაკაცის ქშენა _
მარადის ცისკრებს შერჩენილი ტომის ფსალმუნი...
დავიწყებული შეახსენე წყვდიადის ენა _
დაუცხრომელი გრიგალების მღვრიე ალმური!..
შედედებული წარსულისგან შეძერწე აწმყო,
გულის საკერპე აწყვეტილმა ცეცხლმა გამუროს...
რომ სისხლშემხმარი უკუნეთის პეშვებით აწმყოს
და ფრთებდამუსრულ ანგელოსებს ესაღამუროს!..
ყელგაგლეჯილი მოლაღური _ იგოდებს ქარი,
მჭმუნვარე წათეს დაუქვრება მწუხრში შანდალი...
და სიზმარ-ცხადსაც წაეშლება მსუბუქი ზღვარი,
გაილანდება შორ სივრცეში ცა ნაშამბარი...
ვინ შემარიგოს სასტიკ უფალს _ მომდურავ მამას,
მიმაფრთხიალებს სული მასთან როცა ჩიტივით?!.
ამ ხრიოკებში გარდახდენილს შევჩივლებ დრამას
და გულს მოულბობს უნუგეშო შვილის ქვითინი...
***
დასხმულ მთვარეებს ზეცა ამწიფებს ჯერაც,
მე კი სიკვდილის სიზმრებს ხელდახელ ვბელტავ...
და სანთლის შუქი _ ქრისტეს დაღლილი მზერა _
სულის უღრანში გაიპარპალებს კენტად...
ხორცის კრატერმა თუ ამომხეთქოს ლავად,
პანაშვიდებით ლურჯი ცისკრები მოვლენ.
ფეხად სამყაროს ნაყამირალში გავალ,
ცხელი თითებით ქარვის ჩამოვქნი ხომლებს.
სივრცემ ბინდები ჩამომაწოდოს პეშვით,
მწველმა ზმანებამ ვნების ლიანით მხლართოს,
ღამემ მასხუროს ლურჯი მთიების თქეში
და ნისლეულთა მცხრალი ციმციმი ვხატო.
ფითრებს გაჩეხილ შუბლზე დავაფენ იძვრისს,
შუქის ყიამეთს რომ მაზიარებს ღმერთი.
დედის მუცლიდან გამოყოლილი სიზმრის
ნაცისკრალებში ჩემს უხორცობას ვხვევდი.
მაკე ქურციკებს გავატკეპნინებ ცარგვალს
და კირქვის ეთერს ქეიბურებით დავფშვნი...
სამგვამოვანი სამგზის გავრჩები სამგან _
დავთმობ გონების, სულის, სხეულის კავშირს...
რა სივრცეები გადამატარეს ფრთებმა,
რა უდროობის მღვრიე წვიმები დამდის!..
ბინდით დაფენილ ჟამთა ცრიატში კრთება
ცად აზიდული სამი ჯვარცმულის ლანდი.
***
ელვათა მარადი კიანთით
ვერცხლებს აფენილი ლაჟვარდები...
ვიცი, ის წამია დიადი,
როცა უთავჟამოდ გავჟამდები.
ბინდში ალმაცერად ჩაცრილი
ცა _ უფლის მტილი და სავენახე...
სივრცით დაქანცული არწივი
ცეცხლში გალუმპული დამენახე!..
გზნების აგონიით ნაგვემი
ცისკართა ხერთვისებს ვეთხოვები...
აი, ეს ვნებაა ვაგნერი,
აი, ეს განცდაა ბეთჰოვენი!..
ვარდს არ ავჟონოდი ნამივით,
ჩიტის პირს ჰანგივით არ ვეშობე!..
მიწის გამდგომოდა მარილი,
მძაფრი გრიგალები თარეშობდნენ...
გზად არ დამრღვეოდა ხამლები,
შვიდგზის არ მეგლოვა დავანება...
მწველი არ მრგებოდა ხვამლები
სულის უსასრულო სამანებად...
მწუხრებს გავწვდენოდი გუმანით,
უცხო ბედისწერით ატანილი...
აი, ეს წვიმაა შუმანი...
აი, ეს ქარია პაგანინი!..
***
ღამის კალთების ამომსხვრეული რკალით
ცეცხლს გადაანთებს ელვა ღრუბლების ზეკარს,
აუხდენელი სიზმრის დაფრქვეულ მარილს
ირმის ნახტომის კიდით გრიგალი ლეკავს.
შუქთა ხელახლა შობას წყვდიადის საშო
დაეშურება სველი კოსმოსის წიაღ...
დედამიწების მწარე ქვითინი ახშობს
ცივ პულსარების წიწკანებივით კრიახს.
დელგმა ჩამოფშვნის ასტეროიდთა ნიღაბს,
ლხვება ალხებით მყიფე ყინულთა სალტე...
დრო, გასრუტული სივრცის სამანთა მიღმა,
წამებს მიითვლის ათასწლეულთა დამტევს.
შენთან ბრუნდება ქაოსებივით წებვად
ფისთა სიბლანტით გადაგლესილი ზმანი _
ლილით შეფიფქულ ნისლთა სიღრმიდან გწვდება
ჟღალჩოხიანთა დაუცხრომელი ბანი.
მღვრიე სივრცეთა რწევა უწყალოდ დაღლის
მზეს, გატირებულს ლორთქო სამყაროს დილებს...
მილიარდობით წლით უშურველად დაღვრის
გამართლებაა თუნდაც დიადი „ლილე“!..
***
ყინვით გამთოშავ შორით, ცეცხლად მედები ახლოს
და საბუდარში, თითქოს, ოქროს ბარტყები მყვანან...
თუ სიმხურვალის შენის ცხელი ხნულები მაფრთხობს,
ვნამავ თითების წვიმით შენი სხეულის ყანას...
ბინდი აწყდება თვალებს მეღამიების კუთვით,
როცა მთვრალი ვარ შენით და ვაპირქვავებ ცის ჯამს,
ღამეს გაღეღილ მკერდზე კერტებს გულდაგულ უთვლის
და ბრმა გოდების კედელს ხელის ცეცებით სინჯავს...
თუ ვარსკვლავების კრთომით მიიბნიდება მზერა,
სადღაც კოსმოსის წიაღ გული პულსარად მიცემს.
გრავიტაციას შენსას ვერ წავუვედი ჯერაც
და მისაქცევად თითქმის აღარ მიტოვებ სივრცეს...
ცათა მაქვავებ სუნთქვით, მარყევ მზეების ქარით,
ნდომით შეწმახნილს შენთან, ალბათ, უბრალოდ დამშლი!..
თუ ცოცხალი ვარ _ შენით... ვარ ისევ შენგან მკვდარი,
მთვარის ცარცივით ვყრივარ განთიადების ნამში.
***
მცხრალი სხივით იმცვრევა დაცხრილული უცხერი,
საცრისტოლა ცთომილებს ცეცხლი ააცახცახებს...
ცვარდაკრული ცისკრების არვეს ცერად ვუცქერი,
ოქროს შუნი უეცარ ქარიშხლებს რომ არ წაჰყვეს.
ჟღალწვერება დილებმა ღრუბლის რემა გაწველეს
და დაოსდნენ მწყემსები უსაშველო მთქნარებით...
დამწიფებულ ვარსკვლავთა სუბუქ ბაბუაწვერებს
ბეწვებს ცივად აცლიან ზამთრის სველი ქარები.
მზე თუ ვერ მიწილადებს ხვალაც სხივთა ნუგეშინს,
მიწას გლოვით დაფარავს დალეწილი მირტივით.
ჩარჩენილებს ეულად სიზმრის მყუდრო ბუდეში
მელოდიებს _ დაღუპულ მოლაღურებს მივტირი...
და თუ არ მიმიხმობენ გზები ცად, სამერცხლენი,
როცა მარტის ხანძართა ელდით გავილუშები _
წამომიდუღდებიან ხემზე სხივთა ვერცხლები,
ამომეფარჩებიან ჩელოს სიმზე ნუშები.
ცარცის თეთრი მძივებით აცრემლდება ცირცელი,
ქარს რომ გაეგებება მთვარე იეზუიტად...
დადუმებულ წვიმების დარდად გადავიქცევი,
როცა ისევ დაცდებათ ციურ იებს სუიტა...
ფრთები დამეტრუსება, ცეცხლით გადაბანილი,
რადგან ხორცის უკუნმა ფრენა არ დამანება...
მზერით მოუხელთებელ ცისკიდურის ბანივით
შორი გაიციმციმებს დაბინდული ზმანება...
***
დის ოდოს ცრემლივით წვეთებად
და ბინდი ლაკადას ედება...
ჩხვერს მთვარე ცას ერკემალივით,
ტბის სარკეს ემცვრევა არილი.
წრიალებს ქინქლების ურდუმი,
ჭერს ეძებს ყოველი სულდგმული.
ბროლების სიჩუმეს ხინჯივით
ჩაბზარავს ყივილი ყვინჩილის.
მიწყდება „ხიო!..“ და „იამო!..“
რომ ბებოს არაკი იამბოს...
და ბალღებს ძილს, ყურისწამღები,
შეუფრთხობთ ღავღავი ძაღლების...
ღამე კი სიმშვიდეს ურიგებთ:
„ბდრუია, ბდრუია, შურიგე!..“
და ოდოს ცრემლების ნაკადად
ბინდბუნდი ედება ლაკადას...
***
მზემ ამოკენკა მიწის ხორციდან ტვიში,
ჩიტის ძახილმა დილა დაწურა კრინით.
ჩაჩხიბული ვარ ცივი გრანიტის ტინში,
წყევლას გურგურით ამხსნის ფასკუნჯის ქვრივი...
გვირგვინს აგუნა უსურვაზისგან მიწნავს,
ცამდე აწვდილი ბინდს ჩამომაფენს პეტრა...
ჩემი ხორცია კოლხთა დამწვარი მიწა,
უხმო გოდება მერგო უჟამო ხვედრად.
მე რომ მედეას ნაწნავს ზანდუკში ვმალავ,
ციერს სიცილი მიწრიელივით უმძიმს.
შორ სივრცეებში უცხო ბილიკებს ვრკალავ,
თუ ანგელოზი მიცავს ამ ძველი ფუძის!..
სადაც მზის ჩრდილი ცივი ლანდებით წვება,
იქ ვესიზმრები ცეცხლთან მითვლემილ ეშმას...
და აიეტის ცხელი დარდივით წებვად
ხანთა დაიწყებს გულამღვრეულად ხეშვას.
სხვა მოლოდინი გამიგრიგალებს აზრებს,
რომ ეს დღეები ზღაპრად მოვუყვე სიკვდილს...
ყოფიერებას დიდი არყოფნით დავძლევ,
როს დასრულდება მწარე დღეების ციკლი.
მზეს აესუდროს თხელი ღრუბლების ფარჩა,
ჰგავდეს შუადღის ბინდი ელინის უსტარს...
ზოდიაქოთა ტევრში ჭიატიც არ ჩანს,
გამოჟონილი ცის უკუნეთებს სუსტად.