ნაწვიმარი დღე
შემოეჩვივნენ ეზოს შაშვები
და ჭახჭახებენ: ,,რენე, რას შვრები''!..
- რა ვქნა?.. ლექსებს ვწერ, ჩემო შაშვებო,
თუმც ვის სჭირდება?!. თავს ვიბავშვებ, ჰო,
რა თქმა უნდა, და... ვკითხულობ ტომებს
კლასიკოსების... რომ შემატოვეს
ამ ჭრელ საწუთროს - სავსებით ფუჭად,
თუმცა, წიგნებით მასვეს თაფლუჭა...
მკითხველო, მინდა, რომ გავამართლო
ბრძენთა წასვლა, თან ცის სასამართლოს
ვერ წარვუდგები ცოტა ხანს, რათა
აღარ გაუსკდეს გული სამ ქათამს,
რომლებიც სიმწრის ოფლით იყიდა
დედამ და ყოველ დილას იმკიდა
ოჯახი სამ კვერცხს... მე ვწერდი ლექსებს -
არალეგალურს - ვერმოალერსეს...
ქუხს ანარქია,
დაქრის ბრმა ტყვია,
ძმათაკვლის შხამი თეთრ სიშორიდან
მოედინება... ბნელ მოსახვევში მოყვასისათვის
აგურით თავის გაბრტყელებას კი ,,უბედური შემთხვევა'' ჰქვია:
ეზოს შაშვებო, უფრთხილდით ტყვიას,
რადგანაც თოვლი მოვიდა...
თივის და გოგოს ბალადა
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ზაფხული და შენი მოკლე კაბა.
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ვარსკვლავები უპირველეს ღამის…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
უცნაურად მოცახცახე წამი…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
წავიდა და არაფერი უთქვამს…
საუკუნის მიწურული
მტვერში მივათრევ ცალ ფრთას - მიმზერს ერი და ბერი,
ზღვა დარდი მძიძგნის,
ხოლო მეორე - ცისარტყელა - შვიდი ხმით მღერის -
ცაზე - ღვთის წიგნი...
ეტყობა, პოეტს არ ეკუთვნის აღარაფერი,-
ტკივილის გარდა...
აქაც და იქაც - თავზე გადგას ჟამი - ცერბერი,
რომელიც ყარდა -
აჰ, სა... უკუნ... ე !.. დროდადრო კი ამოდიოდა
ბორცვაკზე ია -
ცრემლის სხივივით... წამს, რომელიც ასე მტკიოდა,
უცნაურია: ლექსები ჰქვია!..
საუბარი ქარონთან
"ვაი, შენ, ჩვენო საუკუნევ,
ცეტო და კახპავ"!..
კატულუსი
მამისეული ეზოს ასფალტიც დაბერდა და დახეთქილია,
როგორც სამყაროს რუკა: აქა-იქ ამოდის ბალახი...
წავიდნენ! - აჰა, მეც მოვდივარ (მოლოდინის მზეც მიილია):
- ქარონ, არ მიდევს პირში მონეტა
(თუმცა ჩარჩივით კი ხარ ჩათლახი)
გადამიყვანე, გაღმა ნისიად! - აბა რა ვქნა, როცა არა მაქვს,
ერთი კოლხურაც?!* - ლექსი? - ლექსში მე რას მიხდიან,
როცა სტრიქონთა სტრიქონში ამბოხება, შრეში - ქარაგმა
იყო ჩაწნული და ცვედანი "მგოსნებივით" არ ჩამიხდია -
"ამა ქვეყნისა ძლიერთა" თუ კერპთა წინაშე...
ბოლომდე დავრჩი შლეგ პოეტად - ჯიუტი და არაფრის მქონე,
ჰა, მოველ შენთან: გავექეცი ცრუ საწუთროს ტაშებს და მარშებს...
გინდა, შენ და სტიქსს წაგიკითხავთ - უჰონორაროდ, წყეულ სტრიქონებს!
რითმიანი ლექსის კვირეული
1.
ქალიშვილი ხაპირით,-
ზღვა.
აღარ ჩანდა ნაპირი,-
სხვა.
2.
ჟამი გატრიალებდა,-
ბორბლად.
ხმა- სხივი წკრიალებდა,-
ობლად.
3.
სიზმარეთის ქვეყანა -
მქუხარი.
დრო - დედინაცვლის „ნანა“-
მწუხარე.
4.
სურვილის ფიფქი- ტოტი,-
მწვანე აფრა.
ხომალდის წვეტი -გროტი-
დაიხაფრა.
5.
შუბლი მელოტი იყო,-
ფართო გვეგონა.
გული ორად გაგიყო
ლაზმა გოგონამ.
6.
ენგური კვლავ დიოდა,
სულივით ფერადი...
და რატომღაც გტკიოდა,-
„მტვერი ჩვენს ერამდე...“
7.
კვირა გიმთავრდებოდა
უდიდესი სიკეთით,
აღარავინ კვდებოდა -
ცოცხლდებოდნენ მითები.
1959. ჩვიდმეტი მარტი
წვიმს სიმარტოვე. წვიმს სიცივე - სიცარიელე...
წვიმს უღონობა. წვიმს დუმილი -სიგიჟის ფონი
დაკარგულია, ვეღარ ხედავ ნაპირის ხელებს,
წვიმს ჟამის ტყვია, წვიმს სიკვდილი -
ცხელი სტრიქონი...
წვიმს ამოკვნესა. წვიმს სიშორე - უკანასკნელი...
წვიმს ბიდისფერი. წვიმს თვალები -
ფოთლები ქარში...
წვიმს დასასრული. წვიმს ბაგე და შენი სახელი
უკვე გადადის სივრცის ხიდით უკვდავებაში...
მთავრობები და პოეტი
ყველა მთავრობის ჯინაზე
აღარ ვყოფილვარ სინაზე
დაბმული ძაღლი: რკინაზე,
ოქრო-ვერცხლზე, კარგ ბინაზე.
არ გამიცვლია მამული
ტრამალზე*- ქინაქინაზე,
არ ამიწონავს წარსული
აწმყო - „ბარიგის“ პინაზე...
არ ვმდგარვარ- სულგანაბული
მათ ტყორინ-ბუზინ-რსინაზე*...
.....................................................
.....................................................
ყოვლადძლიერო, ყაბულს ვარ
შენს სხივზე - პაწაწინაზე...
--------
*ნარკოტიკი
* „ქვეშეთ ბერვის სიმულაციები,“ /სულხან-საბა/.
ტიციანის და პაოლოს ლექსი
„მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა...“
ტ. ტაბიძე
„აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება...“
პ. იაშვილი
როდესაც სხივი ასტკივდება ვიოლინოს სიმს,
როდესაც სული სიღრმეებში აწრიალდება,
როდესაც სევდა მოაწვება ფრთათა სილუეტს -
გვიგლოვეთ მაშინ...
...............................................................................
..............................................................................
რაღას მოგვიტანს შუარამე? რა ჰქვია იმ დღეს,
რომ ველოდებით და წამებას არ უჩანს ბოლო...
რისთვის ფუთფუთებს სისხლი ჩვენი- გადარეული -
მოარულ გვამში?
...............................................................................
...............................................................................
სიცოცხლე? იგი არც გვქონია და რას დავკარგავთ?
ჩვენს ცრემლთა გორგალს ვერ აწონის ის საწყაული,
თქვენ რომ დაგქონდათ, ხელოვნების საჭურისებო,
„მქუხარე ტასით...“
.................................................................................
.................................................................................
როდესაც სხივი ასტკივდება ვიოლინოს სიმს,
როდესაც სული სიღრმეებში აწრიალდება,
როდესაც სევდა მოაწვება ფრთათა სილუეტს -
გვეძებეთ ქარში...
ზუგდიდი. წიგნის მაღაზია. 16 აპრილი
ბაჩანა ბრეგვაძეს
აჰა, ნისიად დამითმეს
თქვენი ნათარგმნი პლატონი!-
კვლავ ცალ-ცალკე ვართ - მე, ფული,
შვეიცარიის კანტონი...
უფულოდ როგორ კეთდება
საქმენი სადიადონი,
კარგად უწყოდა პლატონმა,
მეც ვიცი, თუმცა მარტო ვარ...
ვნახავ: სულ შესვა სოკრატემ,
თუ ორი წვეთი ჩატოვა -
ჩემთვის?.. ზემოთ - დუმს უფალი,
ქვეშ - ეშმამ დამიმარტოვა!..