თარგმანი

ჟაკ პრევერი-ლექსები

ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კოკოზაშვილმა

ამ ორი წლის წინ ერთი ხელოვანი მეორეს გასვენების დღეს ჟაკ პრევერის ცნობილი ლექსით დაემშვიდობა. დაკრძალვაზე მიმავალი ლოკოკინების სიმღერამ ძალიან გაამძაფრა სამგლოვიარო განწყობა, ლექსის რიტმი და მელოდია მდორედ მიჰყვებოდა დასაფლავების ნაღვლიან გარემოს და კარგა ხნის წინ გარდაცვლილი პოეტიც პროცესიის თანამონაწილე გახადა.

ჟაკ პრევერმა წერა საკმაოდ გვიან დაიწყო, თითქმის 30 წლის ასაკში და პირველი კრებული სულაც 46 წლისამ გამოსცა, ისიც მეგობრის მოწადინებით. მანამდე ის გატაცებული იყო კინოში მუშაობით, წერდა სცენარებს თავისი მეგობრის, ჟან რენუარის, ფილმებისთვის და იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი ფილმების თანაავტორია, ცოტა მოგვიანებით კი თეატრებისთვისაც წერდა დიალოგებს. მარსელ დუამელის მეშვეობით ის დაუახლოვდა სიურეალისტთა წრეს, რომელსაც რეიმონ კენო ხელმძღვანელობდა, თუმცა ბრეტონთან კონფლიქტის გამო მალევე ჩამოშორდა მათ.

პრევერს ლიტერატორთა სამყაროსგან მაინც განცალკევებით ყოფნა ერჩია. ბეჭდვითაც ძალიან იშვიათად ბეჭდავდა სალიტერატურო ჟურნალებში. წიგნიც, თითქოს, შემთხვევით გამოიცა, ქუჩაში შეხვდა მეგობარი, რომელმაც ამაზე იზრუნა. საბოლოოდ, ანრი მიშოს რჩევით, პრევერის „სიტყვები“ გამოსცა რენე ბარტელეს გამომცემლობამ. წიგნი იყიდებოდა წარმოუდგენელი სისწრაფით. პირველივე კვირაში „სიტყვების“ 5 000 ეგზემპლარი გაიყიდა და მალევე ითარგმნა ბევრ სხვადასხვა ენაზე.

ჟაკ პრევერის პოეზიაზე ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი აზრებიც გამოთქმულა, მაგრამ რენე შარი, ჟან პოლანი, ანრი მიშო და ბევრი სხვა მეგობარი მის გვერდით იყო და აღიარებდა მის შემოქმედებას, როგორც გამორჩეულ და თვითმყოფად პოეტურ სამყაროს მე-20 საუკუნის ფრანგულ პოეზიაში. ბევრი ლიტერატორისთვის ის აბსოლუტურად ნოვატორია და პოეზიაში ფორმის მხრივ არაერთი სიახლის შემომტანი. კაროლ ორუე აღნიშნავს, რომ ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული პოეზია, ამიტომაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას.

გაეტან პიკონის აზრით, პრევერი პოეზია-ში „ექსპერიმენტატორია და მისი ყოველი ლექსი „მინიმალისტური“ პოეზიის ნიმუშია“. მართლაც ასეა, სიტყვების მინიმალური რაოდენობით ის სურათსა თუ რაიმე მოვლენას მაქსიმალურად ხატავს. პრევერის ლექსებში აშკარად იგრძნობა მისი ადრინდელი კინოსასცენარო გამოცდილების გავლენა. ის თითქოს უცებ მოიხელთებს თვალწინ გაელვებულ სცენას და ასე შენელებულ კადრებად ლაგდება ბევრი სურათი და მოქმედება. ლექსი ხშირად უფრო ვიზუალურ ეფექტზეა აგებული, ვიდრე ვერბალურზე, სწორედ ამაში ჩანს კინოხელოვნებისა და პოეზიის ურთიერთგავლენა.

გალიმარის მიერ გამოცემული პრევერის კრებულის წინასიტყვაობაში დანიელ გაზილია-ლასტერი წერს: „ჟაკ პრევერი ძალიან მიჯაჭვულია ენასთან, ის სიტყვისა და ენის გურმანია“. ზოგჯერ ლექსიკა ერთი შეხედვით მარტივია და ამ სიმარტივის მიღმა კი კომპოზიციურად და აზრობრივად გამორჩეული ტექსტია, მოულოდნელობის ეფექტის ფინალით. ჟაკ პრევერის პოეზია ძირითადად ვერლიბრის ფორმითაა დაწერილი, თუმცა, კონსტრუქციულად ისეთი მკაცრი რიტმული წესრიგით არის აგებული ყოველი ფრაზა, ფრანგული ენის მუსიკალურ თავისებურებებს თუ გავითვალისწინებთ, ზოგან რითმის შეგრძნებაც ჩნდება. ამიტომაც არის, რომ მისი ლექსი შეიძლება სასიმღერო ტექსტადაც გამოიყენონ.
(მთარგმნელისგან)

ჩიტის სურათის დასახატად
ჯერ დახატეთ კარღია
გალია
მერე დახატეთ
რამე ლამაზი რამე უბრალო
რამე წარმტაცი
რამე საჭირო
ჩიტისათვის.
შემდეგ ტილო ხის წინ დადეთ
სადმე ბაღში
თუნდაც ტყეში
თქვენ კი ხეს მოეფარეთ
უხმოდ
გაუნძრევლად…
ზოგჯერ ჩიტი მალე მოფრინდება.
ზოგჯერ კი მის გამოჩენამდე
შეიძლება წლები გავიდეს.
იმედი არ გადაგეწუროთ
დაელოდეთ
დაელოდეთ თუ საჭიროა მრავალი წელი
ჩიტი ადრე მოვა თუ გვიან
ეს ნახატზე არ იმოქმედებს.
და როცა ჩიტი მოდის
თუკი მოდის
მიაყურადეთ სიჩუმის სიღრმეს
დაელოდეთ გალიაში შეფრინდეს თვითონ
შიგ რომ იქნება
კარი ნელა მიხურეთ ფუნჯით
შემდეგ
წაშალეთ სათითაოდ ყველა გისოსი
ფრთხილად იყავით
არცერთ ბუმბულს არ შეეხოთ.
ამის შემდეგ ხე დახატეთ
და ყველაზე ლამაზი ტოტი
ამოარჩიეთ ჩიტისათვის
დახატეთ მწვანე ფოთლების
ტევრი ქარის სიგრილე
მზის მტვერი
და ზაფხულის ხვატში
ბალახებზე მწერების ხმები…
დაელოდეთ იგალობოს იქნება ჩიტმა
თუკი არ გალობს
ეს უკვე ცუდი ნიშანია
ალბათ ნახატი არ გამოვიდა
მაგრამ თუ გალობს ეს კარგია
შეგიძლიათ ხელიც მოაწეროთ
ძალიან ფრთხილად ამოაძრეთ
ერთი ბუმბული
და თქვენი გვარი მიაწერეთ
ნახატის კიდეს.

სასოწარკვეთა ძელსკამზე
სადღაცა ბაღში ძელსკამზე ზის
ერთი კაცი და გავლისას გეძახით ხოლმე
ხელში დურბინდით ნაცრისფერი
ძველი პიჯაკით
და გავლისას გეძახით ხოლმე
ან უბრალოდ რამეს განიშნებთ
ზის და აბოლებს მომცრო სიგარას
და გავლისას გეძახით ხოლმე
არც შეხედოთ
არც მოუსმინოთ
გაიარეთ
თითქოს ვერც ამჩნევთ
თითქოს არც გესმით
გაიარეთ სწრაფი ნაბიჯით
თუ შეხედავთ
და თუ მოუსმენთ
ის განიშნებთ და კაციშვილი
ვერ შეგაკავებთ
მიხვიდეთ და გვერდით მიუჯდეთ
მერე იგი შემოგხედავთ და გაგიღიმებთ
თქვენ საშინლად იტანჯებით
კაცი კი ისევ იღიმება
თქვენც იღიმებით
ზუსტად ასეა
რაც უფრო მეტად იღიმებით
მით უფრო მძაფრად
გიპყრობთ ტანჯვა
და რაც მეტად იტანჯებით მით უფრო
იღიმებით
ზიხართ მის გვერდით
გაუნძრევლად
ასე _ სკამზე გაღიმებული
იქვე ბავშვები თამაშობენ
მიმოდიან გამვლელები
წყნარად და მშვიდად
ჩიტები ფრენენ
ხიდან ხეზე
თქვენ კი ისევ
სკამზე ზიხართ
და იცით იცით
რომ ამ პატარა ბავშვებივით
ვეღარასდროს ვერ ითამაშებთ
და ისიც იცით რომ ვეღარასდროს
ვერ გაივლით დამშვიდებული
დანარჩენი გამვლელებივით
და ვერასოდეს გადაფრინდებით
ხიდან ხეზე
ამ ჩიტებივით.


შემოდგომა
შუა ხეივანში ჩაიკეცა ცხენი
ზედ ეფინებოდა ფოთლები ხმელი
ჟრჟოლამ აიტანა სიყვარული ჩვენი
და მზე მწველი.


დილაადრიან
საშინელია
რკინის დახლზე ხმა
მოხარშული კვერცხის გატეხვის
საშინელია ეს ხმა
მშიერი კაცის ხსოვნაში გაელვებული
საშინელია კაცის თავი
თავი მშიერი კაცისა
დილაადრიან ექვს საათზე
დიდი მაღაზიის სარკეში მომზირალი
მტვრისფერი თავი
არა თავის თავს კი არ უყურებს
პოტენის მაღაზიის
მინაში
ყურადღებასაც აღარ აქცევს
და მასზე უკვე აღარც ფიქრობს
სულ სხვა თავი ელანდება
სხვას წარმოიდგენს
მაგალითად ხბოს თავი
ძმრიან სოუსში
ან თავი რომელიმე
მთავარია საჭმელად ღირდეს
მერე ნესტოებს არხევს ნაზად
ძალიან ნაზად
კბილებსაც ნაზად აწკაპუნებს
რადგან სამყარო ასე დასცინის
და მის წინაშე მთლად უძლურია
თითებზე ითვლის ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი
სამი დღეა არაფერი უჭამია
და ამაოდ იმეორებს
არ შეიძლება გაგრძელდეს ასე
მაგრამ გრძელდება
სამი დღე და
სამი ღამეა
მშიერია
მინის მიღმა კი
პაშტეტები ბოთლები და კონსერვები
ყუთებით თევზი
მინით დაცული ყუთები
პოლიციით დაცული მინა
შიშით დაცული პოლიცია
რამდენი წინაღობაა
ამ საბრალო სარდინებისთვის…
ცოტა მოშორებით ბისტრო
ყავა ნაღებით და
ცხელ-ცხელი კრუასანები
ტორტმანებს კაცი
თავში კი
ხმიანობს სიტყვები
ხმიანობს სიტყვები
სარდინები
მოხარშული კვერცხი ყავა ნაღებით
ყავა რომით გაზავებული
ყავა ნაღებით
ყავა ნაღებით
ყავა მკვლელი სისხლიანი!..
კაცი უბანში პატივსაცემი
დღისით მზისით ყელგამოჭრილი
მაწანწალა მკვლელმა მოჰპარა
ორი ფრანკი
მოუვა ყავა
ორი კარაქიანი პური
და ოცდახუთი სანტიმიც მიმტანს
საშინელია
რკინის დახლზე ხმა
მოხარშული კვერცხის გატეხვის
საშინელია ეს ხმა
მშიერი კაცის ხსოვნაში გაელვებული.


პირველი დღე
თეთრი ზეწრები კარადაში
წითელი ზეწრები საწოლში
ბავშვი დედის სხეულში
დედა ტკივილებში
მამა კორიდორში
კორიდორი სახლში
ქალაქი სიბნელეში
სიკვდილი ყვირილში
სიცოცხლე ბავშვის.


მეყვავილესთან
მეყვავილესთან შედის კაცი
არჩევს ყვავილებს
მეყვავილე ახვევს ყვავილებს
კაცი ხელს იყოფს ჯიბეში
ფული რომ ამოიღოს
ფული ყვავილის გადასახდელად
და იმავდროს ხელს გულზე იდებს
მოულოდნელად
და ეცემა
ეცემა და
ფულიც მიგორავს
და კაცთან ერთად
და ფულთან ერთად
ყვავილებიც მიწაზე ცვივა
დგას მეყვავილე
მიგორავს ფული
ჭკნება ყვავილი
და კვდება კაცი
სევდისმგვრელია ეს ყოველივე
მეყვავილემ
რაღაც უნდა ქნას
მაგრამ არ იცის როგორ მოიქცეს.


როდესაც გძინავს
მე უძილობა მაწუხებს
და შენ გძინავს ღამით
გიმზერ მძინარეს და ვიტანჯები
მერე უეცრად გეცინება
ხარხარებ ძილში
ნეტავ სადა ხარ ამ წუთებში
სად წახვედი სინამდვილეში
იქნებ სხვა ქალთან
ძალიან შორს სხვა ქვეყანაში
მე უძილობა მაწუხებს
და შენ გძინავს ღამით
გიმზერ მძინარეს და ვიტანჯები.

დაკრძალვაზე მიმავალი
ლოკოკინების სიმღერა

ხმელი ფოთლის დაკრძალვაზე
ორი ლოკოკინა მიდის
ნიჟარები აქვთ თალხი
და შავი ახვევიათ
რა თბილი საღამოა
საღამო შემოდგომის
მიცოცდნენ ნელა-ნელა
და გაზაფხულდა კიდეც
გამხმარ ფოთლებსაც უკვე
სიცოცხლე დასტყობიათ
და ლოკოკინებს იმედი
ძალიან გაუცრუვდათ
უცებ მზე ამოვიდა
მზემ თითქოს დაამშვიდა:
თუ გნებავთ ჩამოსხედით
ჩამოისვენეთ ცოტა
ხომ არ მიირთმევთ ლუდსაც
იქნებ ინებოს გულმა
თუ გნებავთ გაემგზავრეთ
პარიზის ავტობუსით
წავა საღამოს პირას
მოივლით ამ მხარესაც
სათხოვარი მაქვს ერთი
ნუღარ ატარებთ თალხებს
თეთრ გუგებს არ უხდება
და არც თქვენ გალამაზებთ
ამბები სიკვდილისა
ნაღვლისმგვრელია ძლიერ
ჩაიცვით ფერით ისევ
ნათლის ფერები ღია
ირგვლივ ცხოველი ყველა
და ყველა ხე-მცენარე
მთელი ხმით იგალობებს
ჰანგს გვასმენს მონარნარეს
და ეს იქნება ჰანგი
ზაფხულური და მწველი
თან ყველა შესვამს ლხენით
თასს აავსებენ ღვინით
საღამო მშვენიერი
ზაფხულისა და თბილი
ლოკოკინები უკან
მოდიან ნება-ნება
შვებით და მღელვარებით
გულები უჩუყდებათ
სასმელიც შესვეს ბლომად
მობანცალებენ მძიმედ
ზეციდან გადმოჰყურებთ
მთვარე და აფრქვევს სხივებს.

Leave a Reply