***
კოსმიურ ფართის
ჩამქრალ ნათურებს,
პლანეტებს არწევს
სამყაროს სევდა.
უტყვად, უჩქამოდ
მობუზულან
ბეღურებივით
და შენატრიან
დედამიწას,
ჯერ კიდევ ცოცხალს,
სულ უფრო მეტად
რომ წააგავს
ღვთის თავის ქალას,
თვითგანქარვების
ინსტინქტივით
გარს რომ ეხვევა
თეთრი, წითელი,
ყვითელი და შავი
მატლები, რვა მილიარდი
სათავისოდ ფუსფუსა მატლი…
ოჰ, არა!
ამათ რა გაუძლებს!
ჩაქრება ისიც…
საწყალ პლანეტას
დასცვივდება მწვანე ბალანი,
ზღვები იქცევა ჯერ ჭაობად,
მერე _ უდაბნოდ,
მტვერი დაფარავს
პირამიდებს და კოლიზეუმს,
ცათამბჯენებსაც
სართულ-სართულ
ჩაყლაპავს მიწა,
გოროზი მთები
ქვიშის მარცვლად
დაიფშვნებიან,
ქალას მატლები გამოხრავენ,
მატლებს _ სენები, ვირუსთა კონის
კასკადური ეპიდემია
და როგორც დედა, ონავრების ძილს მოსწრებული,
სულს მყუდროებით დაიამებს
დაღლილი რეა…
***
მერე ღმერთს ისევ
მობეზრდება
უჩქამო სივრცე
და შვილის გამო,
მოხუც მამას
ფეხებს რომ უბანს,
მეგობრის გამო,
ვინც არჩია
ღალატს წამება,
მეზობლის გამო,
ვინც არ მისცა
შიმშილს ობლები,
მეომრის გამო,
ვინც დაზოგა
ომში ტყვიები
და მართლის გამო,
ვინც ერისთვის
თავი გასწირა,
ერთი მღვდლის გამო,
ვინც ათასის
ქვაბი ამხილა,
ყაჩაღის გამო,
ვინც გულწრფელად
ეყმო სინანულს,
ბავშვების გამო, საფლავში რომ
ჩაჰყვათ სიწმინდე,
ცრემლი მოწყდება
ზენაარის თვალების
ლაჟვარდს.
დედამიწაზე დაცემული
იქცევა წყაროდ,
წყარო _ მდინარედ,
მდინარე _ ზღვად,
ზღვა _ ოკეანედ,
ტანს აიყრიან
ლურჯ ნაპირთან
მწვანე ხეები,
ფერად მინდვრებზე
არვეები გაჭენდებიან,
ცის კამარაზე
შევარდენი
შეკრავს ირაოს,
მზე დააბრუნებს
დღესასწაულს,
ზღაპარს,
სამოთხეს,
რომელსაც
ტრფობის ასპარეზი _
სიცოცხლე ჰქვია…
***
ახლა ის დროა,
გულმოსულმა
კვლავ რომ
მიგვაგდო,
როგორც
ბუზღუნა
ცეროდენამ
სათამაშონი.
არავინ იცის,
მერამდენე
ციკლის ბოლოა,
ვერავინ დათვლის,
სულ რამდენი
ციკლია ჯაჭვზე
და ამ ლექსივით
ზღაპარია
ჯაჭვის გარღვევა.
Leave a Reply