პოეზია

ნიკა ლაშხია

 . . .
რამდენ სიყვარულს აარქივებს ეს ცხოვრება.
თარო რომ ჰქონდეს, 
ერთ-ერთ მათგანს ხელმეორედ გადმოვიღებდი,
წავიკითხავდი,
ოღონდ უშეცდომოდ.


ქარის   ჩადგომა

როცა ქარივით ჩაგიდგები
და ხმას ჩემი ტოტებიდან ამოიღებ,
აი, მაშინ ჩამოდგებიან სიზმრები.
აი, მაშინ გეყვარები...
და სულ რომ ღრმა ძილიდან გამოგიყვანონ,
იტყვი, რომ ხმა ხარ ჩემი ტოტების.
იტყვი, რომ წვიმა მოიყვანე,
მერე კი მზე შვი.
აი, ხომ ხედავ, რა ადვილია რხევა?!
მთავარია, დაიჯერო ჩემი ამბავი.
ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ შემოდგომა,
შემოდგომის მერე  გახდე პატარძალი.
მერე გაგხადო კაბა და აყვავილების დაგვიდგეს ჟამი..
მთავარია ჩაგიდგეს ქარი
და ხმა ჩემი ტოტების ამბავს ყვებოდეს,
ყოველი ხმისას უფრო და უფრო ჩემი ხდებოდე.
ასეთი მინდა სიყვარული,
უეცარი და მარად მყოფი.
დახუჭე თვალი, დროა ჩაგიდგე!

...

ერთ დღესაც კალაპოტი მოგბეზრდება
და ვარსკვლავებს პირში ჩაიტენი,
რომ ფერადი ვაზნებივით დაუშინო ჰორიზონტს.
ჰო, ხარბად ჩაიტენი, როგორც აბებს
და შენს ფერად მუცელში იცხოვრებენ ღმერთები,
მათ ვერ მოინელებ.
ისინი შენში იცხოვრებენ მარად,
დაუკითხავად ამოვლენ პირიდან
და სიტყვის ძალით გაიხედებიან ადამიანებისკენ.
ადამიანი კი თავის მხრივ –
ჯერ მარცხნივ გაიხედავს, მერე მარჯვნივ,
მერე რადარებს გახედავს და თავს ნაგავში ჩაყოფს,
რომ საკბილო მოიმარაგოს.
როგორ გადავრთო ან გადავახვიო დღეები?
არქივში ცოტა, მაგრამ ტკბილი დრო მომეპოვება..
პულტს მხოლოდ გათიშვის ღილაკი აქვს,
თუმცა შიგნიდან ვგრძნობ, როგორ გადავდივარ არხიდან არხზე,
ხან დემოკრატიაში ვარ,
ხან ჩრდილოეთ კორეაში,
ხანაც ხეში,
რომელიც ეს წუთია ამოგლიჯეს ფესვებიანად.
დროა, სხვა ჟანგბადი გადავირტყა,
ზღვის ნოტიო ჟანგბადი.
ენის ქვეშ ფოთოლი ამოვიდო,
რომელიც თანდათან ქარებს მოიტანს
და წამიღებს სხვა ქარებისკენ,
რათა მსუბუქი დაცემისთვის მომამზადოს.
აიღე პულტი, გადმორთე ჩემს არხზე.
დააკვირდი ჩემს სახეს,
ტუჩებს დააკვირდი და აყევი მიმიკებს –
გესმის, რას ვაბობ?
წზზზზზზ!
მოამზადე შენი ტკბილი ხმა ჩემთვის.
წზზზზზზ!
შემომხაზე და შემოგხაზავ.
წზზზზზზ!
ჰო, შემოგხაზვ, რათა არ ამაღლდე!
წზ!
ენაში ამოდებული ფოთოლი ლღვება,
ქარი ფოთლებს ადნება,
მე კი მსუბუქად ვეცემი – ,,ქალაქში, მტვერში”.
თქვენ, ვინც ბედნიერება ცალმხრივად ჩართეთ,
დროა თავზე ჩამოიცვათ ცელოფნის პარკები.
თქვენი ადგილი სამოთხეშია.


ჩრდილი

ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ვკიდივართ,
ვირწევით,
წლებია უკვე.
წარსული მაინც არ იხრჩობა,
მომავალი კი რას გვთავაზობს?
არაფერს ახალს.
ვამბობ: - დავახრჩოთ,
ერთი შეხედვით შენც თანახმა ხარ,
წლებია უკვე ასე ვირწევით.
შიგნით ბავშვები, გარეთ დიდები.
გაბედულები უცხო თვალისთვის..
მაინც ხვალისთვის 
გადადებული იცდის დახრჩობა,
როგორც მეორედ ქრისტეს აღდგომა.
მეორედ მოსვლა.
ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ყველასგან შორს ვართ.

...
ის ანგელოზი,
რომლის სახლსაც ყადაღა ადევს,
ერთ დღესაც გაუჩინარდება.

...
რამდენი ხეა ამოზრდილი
ჩვენს შორის,
 დონორი
 
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
რა საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი,
თითზე ნემსის ჩხვლეტა,
როცა იცი, რომ იქიდან ლიტერატურული სახეები გამოჟონავენ?
რა საჭიროა გამოკვლევა,
სისხლის ჯგუფის დადგენა,
ლიტერატურის უარყოფით კონტექსტში განხილვა?
რადგან საბოლოო პასუხი ყოველთვის დადებითია!
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
შეგიძლია ადგე და გადაუსხა მათ,
ვისაც ლიტერატურის ნაკლებობა დაუდგინდა;
ვისაც წვეთი ლიტერატურა არ აღმოაჩნდა.
მათ ძარღვებში ცარიელი ფურცლები მიმოდიან
და ტექსტებს ითხოვენ.
ისინი მზად არიან დაიბადონ, 
ისინი მზად არიან იწამონ,
ისინი მზად არიან გადარჩნენ.
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
მკურნალი უნდა იყო,
რომ ისინი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანო,
ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე.
ადამიანი, შესაძლოა, იყოს ჯანმრთელი,
მაგრამ რთულია წინააღმდეგობების გადალახვა
ლიტერატურის გარეშე.
ამიტომ, როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
აუცილებლად უნდა გახდე დონორი,
დონორი, რომელიც გადასდებს.
 
 
უცნაური ამბავი
 
ანგელოზები ჩამოფრინდნენ ციდან,
კეთილი ანგელოზები.
ისინი ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ, 
იმ ღამეს მათ ესიზმრათ ბეტონის ზღვა,
არმატურების სანაპირო,
ამ სანაპიროზე გარუჯული პოლიტიკოსები.
დილით კი უცნაური სიზმარი ერთმანეთს გაუმხილეს.
ჩართეს ტელევიზორი,
რომელიც იტყობინებოდა, 
რომ კიდევ ერთი მუშის სიცოცხლე დასრულდა ფატალურად,
რა დროსაც შუქი წავიდა.
ადგნენ ანგელოზები და პირი ცისკენ იბრუნეს.

როგორც სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა,
მათ ზურგზე ფრთები არ შეუნიშნავს,
დამლაგებელმაც დაადასტურა.
 
 
. . .
ულუკმაპუროდ დარჩენილბმა,
ცაზე ვარსკვლავი მოისაკლისეს
იმედის ფარად,
სხვის ბაღში რგავენ ბროწეულის ხეს,
სხვის ბაღში ყრიან კარტოფილს, ხორბალს,
სხვის ბაღში ყრიან სიმინდის მარცვლებს.
ცის ამარა დგას პატარა ფარა,
სადაც ცხოვრობენ,
სადაც ელიან,
ზღვასავით როდის გადაიშლება სხვის ბაღში ყანა,
სიზმრიდან როდის გამოდევნიან
შიმშილს, სიცივეს, ძვლებში რომ ატანს..
ღმერთი ერთი და ღმერთი ყველაში
ერთმანეთს არ ჰგავს..
ასე ცხოვრობენ,
ასე ელიან,
ასე თიბავენ ზამთარს.
 
 
დედაჩემის ყვავილები
 
დიდი ხანია, რაც ჩემს სახლში 
ინსულინის ნემსები ყვავილობს.
ისინი ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ,
უჩვეულოდ სტაფილოსფერი თავთავებით.
ერთადერთი ეკალი აქვთ,
რომელიც ყოველდღე დედაჩემის კანში ესობა.
ეს დღეში სამჯერ ხდება.
ხუთი გრამი ინსულინი,
ათი გრამი ინსულინი,
თეთრი და მღვრიე.
წლების წინ ამღვრეულ ცხოვრებას ჰმატებს
ელფერს და იერს.
ვერ ვიტან, თუმცა მახარებს
მათი ყვავილობა,
სტაფილოსფერი თავთავები,
სავსე შუშები,
ცარიელი შუშები
ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ.


 
მათვის სულერთია მზის ამოსვლა და ჩასვლა.
ისინი პლასტმასის ყვავილები არიან,
მათთვის მთავარია დედაჩემმა იცოცხლოს,
რომ განაგრძონ ყვავილობა..
 
 
 
+                      +                      +


ფიქრობდა, როგორ გაეყო მზე სხვებისთვის
და ვეებერთელა ხედ იქცა..
მერე კი ამ ხეს, 
როგორც წყაროს აკითხავდნენ ადამიანები
და ტოტებიდან გამოჟონილ სხივებს ინაწილებდნენ,
საგზლად და წყურვილის მოსაკლავად.
 
 
 
ტანსაცმლის ფლირტი
 
როცა თოკზე ვკიდივარ გასაშრობად
და მოპირდაპირე აივნიდან ქალის საცვალი მიმზერს,
მავიწყდება, რომ ვარ პერანგი,
და ხელებს ვიქნევ ყურადღების მისაქცევად,
თუმცა ამაოდ.


რადგან ჰალსტუხი კარადაში ისვენებს მშვიდად, ვერ ვიშველიებ.
 
 
 
. . .
ვსხედვართ კაფეში, ჩაი და ყავა.
ეს ყველაფერი გადმონაშთია თითქოს წარსულის.
მხოლოდ ხელები იცავენ დისტანციას,
ხოლო თვალები გვამხელენ.
ჩვენ არ ვსაუბრობთ სიყვარულზე,
ჩვენ ერთმანეთის მოკითხვით ვტკბებით.
მხოლოდ დროდადრო, როცა თვალებს 
თვალებში ვამწყვდევთ,
იმ ზღვაში ვხვდებით, სადაც ვარწევდით ამდენ იალქანს,
ვეღარ შევტოპეთ, ალბათ, ჩაყვინთვა დაგვაგვიანდა..
სხვა ნაპირს გავყვეთ, სხვა ნაპირს გავყვეთ,
სულ სხვა ძეგლების მსხვერპლნი ვართ ახალა,
როცა ვსხედვართ და თვალები გვამხელს
და, რასაც ვამხელთ, თვალებით ვმარხავთ..
 
 
უცნაური სიზმარი
 
იესო,  გარდა იმ დამღლელი სამუშაოსი,
რასაც დურგლობა და სასწაულების ჩადენა ქვია,
ბრწყინვალე ჯაზმენი იყო, მას ესმოდა მსოფლიო ენა,
თუმცა, როცა ელვის პრესლის ვუსმენ,
მგონია, რომ როკენროლს უსმენდა,
როცა მიხვდა, რომ იყო მეტი, ვიდრე იესო.
რაც შეეხება ადამს და ევას,
ისინი აღმოსავლური კომპოზიციების მელომანები იყვნენ,
მე მესმის მათი, რთულია ამ მუსიკის ფონზე აკრძალვებზე იფიქრო.
ნოემ კი ის მძიმე დღეები ქანთრით გადაიტანა,
მადლობა ჯონი კეშსა და ჯუნი კარტერს გაწეული სამსახურისთვის.
ლოტის ცოლი კი მიკ ჯაგერის ფანი იყო,
მასში ჰყვაოდა თავისუფლება,
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ მუსიკაში გაშეშება.
ბარაბა ქალაქურ სიმღერებს ჰყვარობდა, ბარაბა დღემეხვალიე!
ხოლო იუდა პინქ ფლოიდს უსმენდა,
მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა
და თქვა, რომ აუცილებლად იარსებებდა მსოფლიო,
და, რა თქმა უნდა, ღმერთი!
ჰეროდე კი ბობ დილანის მუსიკით ანებივრებდა
დარბაზში მსხდომ რომაელებს
(ამ დროს ნობელი არ იყო დაბადებული,
არც ნობელიანტები).
ის დანარჩენი თერთმეტი მოწაფე
ბითლზის ქარის მოტანილ  მელოდიებს აყურადებდნენ,
თევზები ბადეში ეხვეოდნენ და სუფევდა სიმშვიდე,
სანამ არ შედგა ჯვარცმა
და ჯვარცმა იყო გაღვიძება,
ალილუა, ალილუა, ალილუა!
 
 
 
. . .
 
შეიძლებოდა ერთად ყოფნაც,
პერსპექტივაში ჩვენი ერთად დასაფლავებაც,
თუმცა წერტილი ორივეს გვიმძიმდა,
ასე ცალ-ცალკე აღმოვჩნდით ზმნაში.
 
 
ვედრება
 
მომხსენი ხელისგულებზე ამოსული ლურსმნები
დამაჯერე, რომ ფრენა შემიძლია,
სანამ აინთო ქუჩებში ჯვრები.
 
შემოუარე ჩემს სამრეკლოს, თუნდაც, ათასჯერ,
სპილენძის ზარი ჩამორეკე,
ქვებსაც ემთხვიე,
ემთხვიე მიწას,
ჭამე, დალიე
პური და ღვინო.
 
ოღონდ მომხსენი ხელისგულებზე ამოსული ლურსმნები,
დამაჯერე, რომ ფრენა შემიძლია,
სანამ აინთო ქუჩებში ჯვრები.
 
 
ხალი
 
ხალი, რომელიც მის ყველაზე მგრძნობიარე ადგილს ამშვენებდა,
ღილაკივით იყო,
თითს დაადებდი და თვალები ამღვრევას იწყებდნენ,
ტუჩები - თრთოლვას,
ძუძუსთავები - დაბერვას,
ფეხებშორისი - სისველეს.
მხოლოდ მკერდზე ფეხების შემოდება იყო საჭირო 
და ჰიმნიც იწყებოდა.
ჩვენი ჰიმნი კი, ზოგჯერ ფანჯრის მინებსაც ორთქლავდა,
ეს ხდებოდა მაშინ, როცა ოთახის ტემპერატურა
თანხვედრაში იყო ჩვენი სხეულის ტემპერატურასთან.
მე ვფლობდი მის სხეულს,
რომელსაც ვაკონტროლებდი თხემით ტერფამდე,
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და პირიქით.
ბრძოლის ველზე ვიდექით, როგორც გმირები,
საბედნიეროდ, დროშა, რომელიც ვარდებოდა, მალევე დგებოდა
და ასე, ერთმანეთში არეულები, მივიწევდით წინ.
შეტევა იცვლიდა ფორმებს,
იცვლებოდა სტრატეგიები, როგორც ამინდები,
მაგრამ მიზანს ყოველთვის ვაღწევდით.
სისხლი, რომელიც იღვრებოდა, იყო უნაყოფო,
რადგან გვიცავდა მავთულხლართი და ეს იყო გამართლება
იმდენად, რამდენადაც სიჩუმე,
რომ სხვებთან ერთმანეთი არ გაგვეთქვა,
ვყოფილიყავით მორჩილები,
უარი გვეთქვა პრინციპებზე,
თვეში ერთხელ დაგვერგო ხეები,
რომლებიც დარგვისთანავე ითხოვდნენ ჟანგბადს,
ჟანგბადს, რომელსაც ერთმანეთში გავხარჯავდით,
გავგრძელდებოდით იქამდე, სანამ გზააბნეული მგზავრი
კარზე ბრახუნს არ დაიწყებდა, როგორც აჯანყებული,
რომელიც ჩვენში შობდა ტკივლს,
ტკივილს, რომელიც იქნებოდა იმაზე მეტი,
ვიდრე მორჩილება.