ბოდღო ემუხვარი, პორტრეტი ანფასში
ბოდღო ემუხვარის შესახებ პირველად პაატა ქურდოვანიძის წიგნიდან „ქართულ-აფხაზური ალბომი“ შევიტყვე. მაშინვე მოვიხიბლე ემუხვარების ოჯახის გამორჩეული და ტრაგიკული ისტორიებით. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პასაჟი, სადაც ავტორი მიანიშნებდა _ ბოდღო ემუხვარი რომანს წერდა და ხელნაწერები სადღაც უნდა არსებობდესო.
წიგნზე დართული და მითითებული ყველა წყარო მოვიძიე ბიბლიოთეკაში. ამაოდ. არსად არაფერი ეწერა ბოდღო ემუხვარის ხელნაწერების შესახებ. პრესას ემუხვარი აინტერესებდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდიას პერსონაჟის _ თარაშ ემუხვარის _ ერთ-ერთი პროტოტიპი და ადამიანი, რომელმაც საქართველოს ბედიის ოქროს ბარძიმი გადაურჩინა.
ყველაფერი, რაც გავიგე „ქართულ-აფხაზური ალბომიდან,“ იყო ის, რომ ბოდღო ემუხვარი ორჯერ ყოფილა რეპრესირებული 1924 და 1942 წლებში. პირველად მატარებლიდან გადამხტარა და ასე უშველია თავისთვის. მეორე დაჭერა საბედისწერო აღმოჩნდა _ ბოდღო გაურკვეველ ვითარებაში აღესრულა (სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ჩეკას შენობის ფანჯრიდან გადმოხტა).
თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაგვეხმარებოდა მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დადგენაში.
მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმმა მომაწოდა სამი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ბოდღო (დავით) მელიტონის ძე ემუხვარს უმუშავია სახელმწიფო მუზეუმში, ყოფილა ისტორიკოსი, ტექნიკური რედაქტორი ჟურნალ „მოამბისა“ და ბოლოს, 1942 წელს გადაუყვანიათ მეცნიერებათა აკადემიაში.

სურათი №1. ბოდღო ემუხვარი
სულ ესაა, რაც ამჟამად ხელთ გვაქვს. უცნაურად ამეკვიატებოდა ხოლმე მის ხელნაწერზე ფიქრი, ნეტა სად არის ან დაცულია კი საერთოდ?!
და აი ღმერთის წყალობა თუ საჩუქარი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მწერალთა სახლში, ჩემს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობდი, რასაკვირველია, ვახსენე მელიტონ ემუხვარი და მისი ვაჟიშვილები: გრიგოლი, ბოდღო, ნიკოლოზი და მიხეილი. ვთქვი, რომ ძმები გამორჩეული ბედისწერისა იყვნენ და აღვნიშნე, რომ დიდ ქართულ ლიტერატურაში ორმა ძმა ემუხვარმა _ ბოდღომ და ნიკოლოზმა _ სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი: პირველმა, როგორც თარაშ ემხვარის, მეორემ კი _ როგორც უჯუშ ემხას პროტოტიპმა. მოვყევი, რომ გრიგოლი ირანში რევოლუციას შეეწირა. სამი ძმა, სამი რაინდი უსაფლავოდ დარჩენილნი, გალეგენდებულნი, იდეალურ პერსონაჟებად აგრძელებენ ცხოვრებას.

სურათი №2. ნიკოლოზ ემუხვარი და მისი მეგობარი, „ჰაკი აძბას“ უჯუშ ემხასა და, სავარაუდოდ, ჰაკის პროტოტიპები.
ღონისძიების დასასრულს მომიახლოვდა ასაკოვანი მანდილოსანი, რომელსაც წარმომავლობა ზედვე ეტყობოდა. მშვენიერი თვალები ცრემლებით ავსებოდა…
_ მე ნინო შარვაშიძე ვარ, ბოდღო ემუხვარის შვილიშვილი, _ მითხრა ქალბატონმა.
რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა და სანამ რამეს ვკითხავდი, განაგრძო:
_ იცით, ჩემს ოჯახში ინახება ბაბუაჩემის, ბოდღო ემუხვარის ხელნაწერები. თქვენ ისე შთამბეჭდავად ყვებოდით მასზე, მომინდა გიჩვენოთ ყველაფერი. მე წარმოდგენა არ მაქვს იმ ხელნაწერების ლიტერატურულ ღირებულებაზე. ისე მოხდა, რომ საუკუნის ტოლი ნაწერები ჯერაც არავის წაუკითხავს.
_ მოვალ, აუცილებლად მოვალ, _ მივუგე მე და ტელეფონის ნომერი ჩავინიშნე.
დანაპირები ერთ კვირაში ავასრულე, იმდენად მეჩქარებოდა ემუხვარის ხელნაწერების ხილვა.
ქალბატონ ნინო შარვაშიძის მეუღლე მხატვარი იყო, ამიტომ მისი ბინა სახელოსნო-ბიბლიოთეკას ჰგავს. მასპინძელმა შვიდი საქაღალდე გამოიტანა, დრო-ჟამისგან გაყვითლებული. ვათვალიერებდი ნაწერებს და თან ნინო შარვაშიძეს ვუსმენდი:

სურათი №3. ბოდღო ემუხვარი და მისი ქალიშვილი _ ლეილა ემუხვარი-შარვაშიძე
_ ამის მეტი ჩემი წინაპრისგან არაფერი დამრჩენია. ეს არის, რაც დროს გადაურჩა და ძალიან მეძვირფასება. ვინ იცის, ჩხრეკის დროს რამდენჯერ გადაუმალავთ ბაბუას ნაშრომები ბებიას, ხანაც _ დედას… ჭაბუა ამირეჯიბი ბაბუაჩემის ნათლული იყო. მას უნდოდა წაეკითხა, მაგრამ ჩანს, უფლის ნება არ იყო.
ქალბატონი ნინო მიყვება, რომ ბოდღოს მეუღლე ლილი ჩაჩიბაიაც რვა წელი ყოფილა გადასახლებული. მას ქუთაისის გიმნაზია ჰქონია დამთავრებული ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ქალბატონ ნინოს არ ახსოვს, თუმცა, გადმოცემით იცის, რომ თბილისში მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ჯანაშია, ლევან გოთუა, სიმონ ჩიქოვანი, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე. ლეო ქიაჩელს სწორედ მათ ოჯახში მოუსმენია თავისი მომავალი ქმნილების, „ჰაკი აძბას“ რეალური ისტორია. „მთვარის მოტაცების“ პირველი მთარგმნელი ბაბუა იყოო, სიამაყით მეუბნება ქალბატონი ნინო (რუსულ ენაზე თარგმნილი ეს წიგნი 1936 წელს გამოსულა).
ნინო შარვაშიძემ მიამბო, თუ როგორ გადაუღიათ სინჯები ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე”, სადაც სოფიკო ჭიაურელის ქმრის საყვარლის როლზე სინჯავდნენ. კინოსტუდიაში მისულს მედეა ჯაფარიძე გამოეგება, თურმე, სიტყვებით:„ნინიკო, შენ გადასარევად დაგიწუნეს.“ ქალბატონი ნინო ჯერ ვერ მიმხვდარა, „გადასარევი დაწუნება“ რა უნდა ყოფილიყო, ამიტომ მედეა ჯაფარიძემ განმარტება მოაყოლა საკუთარ სიტყვებს:„კომისიამ მიიჩნია, რომ ძალიან ლამაზი ხარ ამ როლისთვის და თუ გადაგიღებენ, მაყურებელი მიიჩნევს, რომ ასეთი ქალით ყველა მამაკაცი დაინტერესდებოდა.“ აი, ასე „დაიწუნეს“ ქალბატონი ნინო შარვაშიძე. ვუყურებ მის გამორჩეულ გარეგნობას და მეფიქრება გრიგოლ რობაქიძის ნაფიქრალი შესახებ იმისა, რომ ასეთი ტიპის, ასეთი გარეგნობის შექმნას რამდენი საუკუნე დასჭირდებოდა.

სურათი №4. ნინო შარვაშიძე
ასაკის მიუხედავად, ძალიან ლამაზია, ძალიან თავმდაბალი, ვეხვეწები, კიდევ მომიყვეს რამე. მას ჰგონია, რომ უმნიშვნელო ამბავია და სასხვათაშორისოდ ამბობს: ბაბუა ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა, საათობით უკრავდა, თურმე… ბაბუას ბევრი ენა სცოდნია… ბაბუათი ულამაზესი ქალბატონები იხიბლებოდნენ. შემდეგ ბოდღოს მშობლებზე ვსაუბრობთ, აფხაზეთში განთქმულ პიროვნებებზე, ნინო მარღანიასა და მელიტონ ემუხვარზე. მათზე ბევრი რამაა ცნობილი. ამიტომ, მე ერთ სახალისო ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ქალბატონმა ნინომ მიამბო და არ მინდა დაიკარგოს.

სურათი №5. მელიტონ ემუხვარი
მელიტონ ემუხვარის უფროს ვაჟს, გრიგოლს, შეჰყვარებია რუსის ქალი, რომელიც ანჩაბაძეებთან ძიძად ნამუშევარა. ვაჟს ქალის თხოვნა განუზრახავს და აღშფოთებული მამის _ მელიტონ ემუხვარის _ სიბრაზე არად ჩაუთვლია. მელიტონი კი ძალიან ბრაზობდა, არაფრად მოსწონდა რუსი სარძლო, თანაც ანჩაბაძეების მოახლე. ეს ქორწინება წარმოუდგენლად მიაჩნდა და ამიტომ ხერხს მიმართა: ვაჟიშვილს უთხრა, მოგწეროს თავისი გრძნობების შესახებ შენმა შეყვარებულმაო. წერილმაც არ დააყოვნა. მელიტონს წითელი ფანქრით გაუსწორებია შეცდომები და ვაჟიშვილისთვის უთქვამს: „ონა ნე გრამოტნაია,“ მშობლიურ ენაზე ასე რომ წერს, იმ ქალს ჩემს ოჯახში რა უნდაო.

სურათი №6. ემუხვარების ოჯახი სოხუმში. სხედან: ბოდღო ემუხვარი, მისი და მართა ემუხვარი, ბოდღოს მეუღლე _ ლილი ჩაჩიბაია და ბოდღოს ქალიშვილი _ ლეილა.
ყველაფერს შეეგუა მელიტონი, გაუნათლებლობის გარდა! ან რა გასაკვირია კაცისგან, რომელიც მთავარმმართებელს სთხოვდა, აფხაზეთში განათლება ქართულ და აფხაზურ ენებზე უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. რამდენიმე ენა სცოდნია თავად.
გრიგოლ ემუხვარს ის ქალი არ შეურთავს, მაგრამ სოციალ-დემოკრატი გამხდარა. აღშფოთებულა მელიტონი: „ილია ჭავჭავაძის მკვლელებთან ჩემს შვილს რა უნდაო.“ ნინო შარვაშიძე ხელის კანკალით მაწვდის ბოდღო ემუხვარისაგან დარჩენილ ხელნაწერებს, რომლებიც მე სახლში მომაქვს და სამი თვის განმავლობაში რუდუნებით ვმუშაობ თითოეულ ფურცელზე, რადგანაც მინდა დავიწყების მტვერი გადავაცალო, მინდა საქართველოს გავაცნო მისი დიდი, ვერგაცნობილი შვილი. ბოდღო ემუხვარი ამას იმსახურებს, ის დიდი მწერალია. მის გამარჯვებაში ეჭვი არ შემაქვს. ხელნაწერები გადავარჩიე _ მთელ ოთახში გაფენილი მქონდა ხშირად დაუნომრავი ფურცლები და გმირების სახელებითა და გვარებით ვახარისხებდი. შემდეგ ტექსტები დავადგინე, რამდენიმე ადგილას ჩარევა დამჭირდა, სადაც ფურცელი დაკარგული იყო. ავკრიფე, შემდეგ რედაქტირება და კორექტორის მომქანცველი შრომა… ასე შეიქმნა ელექტრონული ვერსია. რომ წავიკითხე, შედეგით კმაყოფილი დავრჩი. წიგნის გამოცემას თანხები სჭირდებოდა, მე კი არავითარი საშუალება არ გამაჩნდა უმუშევარს. უკან დახევას არ ვაპირებდი. სოციალური ქსელით ვითხოვე და ერთ კვირაში შევაგროვე თანხა, რომელმაც საშუალება მომცა, დამებეჭდა წიგნი „აფხაზური პორტრეტებიდან,“ ბოდღო ემუხვარი, 2024 წელი, ტირაჟი 400 ცალი. წიგნის გარე ყდაზე კარლა სერენას გრავიურაა _„სასამართლო ოქუმში.“ 1884 წელს შექმნილი ეს ნახატი კარგად ეხმიანება წიგნის სახელწოდებას. „აფხაზური პორტრეტებიდან“ _ ეს სახელწოდება ბოდღო ემუხვარის მიერ ჩაფიქრებული რომანის „ნაჰარ ჩაბალრხვას“ ქვესათაური იყო. მე, როგორც წიგნის რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წიგნის საერთო სათაური ეს უნდა ყოფილიყო. წიგნში შევიდა 7 მოთხრობა და 3 პუბლიცისტური წერილი. ჩემი წინასიტყვაობის გარდა, წიგნს ამშვენებს პაატა ქურდოვანიძის წერილიც. გამოცემას ბოლოს ერთვის პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის მიერ მოწოდებული აფხაზური სიტყვების ახსნა. წიგნის პრეზენტაცია ორჯერ შედგა: თბილისში მწერალთა სახლში და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ყველა გამოხმაურებაზე, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ნინო შარვაშიძის სიზმარი მგონია: ბაბუა დამესიზმრა კმაყოფილი, ღიმილიანი მადლიერების ნიშნად ხელს მიქნევდაო… ბოდღო ემუხვარის წიგნის გამოსვლის შემდეგ დავინტერესდი მისი რუსულენოვანი მოთხრობებით. მის ერთ-ერთ საქაღალდეში 6 დასრულებული მოთხრობა აღმოჩნდა, თარგმანმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ბოდღო ემუხვარის განსაკუთრებულობაში, ზუგდიდელი ემუხვარები კი გამოცემაში ფინანსურ დახმარებას დამპირდნენ. როგორც იტყვიან, დროს ყველაფერი მიაქვს, ხელნაწერები კი რჩებიან. სწორედ მათ შთამაგონეს და დამანახეს ბოდღო ემუხვარი ანფასში, ისეთი ახლო ხედით, თითქოს, ოდესმე შეყვარებულები ვყოფილიყავით…
Leave a Reply