(ერთი ესე წიგნებსა და ავტორებზე)
თურმე, თურმელებიც ყოფილან…
(მარადიულობის ერთი კარნავალის გამო, ანუ უცაბედი შთაბეჭდილება თამრი ფხაკაძის რომანზე: „ჩვენ, თურმელები“)
დაიწყებ კითხვას თუ არა, მაშინვე წამოიმართება თურმელების თეთრი, თლილი ქვის სახლი მთის მწვერვალზე, ოცათორმეტფანჯრიანი სასახლე, თექვსმეტი შიდა და ერთი მთავარი კარით, ცხრა ბუხრით, თექვსმეტი ოთახით – რვა პირველ და რვა მეორე სართულზე. სწორედ აქ გამართავენ სასეირო და დამაფიქრებელ, მხიარულ და სევდიან კარნავალს სხვადასხვა თაობის ნაირ-ნაირი ადამიანები, თურმელები, ესე იგი, თურმე, თურმელებიც ყოფილან ამ ცოდვა-ბრალიანი ქვეყნიერების ჭრელ ხალიჩაზე, როგორც ერთ-ერთი გაუხუნარი ფერი, ხმა თუ სინათლე, მრავალი თაობის თურმელები, მოყოლებული გილგამეშ თურმელიდან ვიდრე გიო თურმელამდე, აქ დაიბადებიან, აქედან დაინახავენ და მერე მოივლიან კიდეც მთელ ავკარგიან სამყაროს და ისევ აქ დაბრუნდებიან, როგორც გემები – ბოლო ნავსაყუდელში…
თამრი ფხაკაძე ხატავს სამშობლოს და მის დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან.
უცნაურია თურმელების მიმართება დროსთან, სადაც დროის ზოგადი სახელები შეიძლება მოინიშნო: ძველად, ადრე, ახლახან და ახლა. თანაც ეს ყველა, ამ ცალკეულ ხანას მიკუთვნებული პერსონაჟები როდის გამოჩნდებიან და მერე გაქრებიან, წინდაწინ ძნელი სათქმელია, რაკიღა ყველაფერი ერთბაშად ხდება, ყოვლად არაქრონოლგიურად.
აშკარაა დროის კოლაფსი და არასწორხაზოვანი თხრობა.
თავად მწერლის მიერ დახატული გენეალოგიური ხეც ისეთია, რომელი ტოტი საიდან გამოდის და მას სხვა რომელი აგრძელებს, არა ჩანს.
სწორედ ამაშია ამ რომანის უნიკალურობა: დრო გაჩერებულია და პერსონაჟები მარადიულობაში მოქმედებენ, ოდნავ შესამჩნევი დროის ნიშნებით.
შეიძლება გავიხსენოთ მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“, მაგიური რეალიზმის ჟანრის რომანის კლასიკური მაგალითი, სადაც რეალობა და ზღაპრულ-ფანტასტიკური ისეა გადაჯაჭვული, ერთმანეთისგან ძნელი გასარჩევია, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება:
მარკესის რომანი ქრონოლოგიურად ზუსტად მონიშნულ დროზე და ამ დროში თანმიმდევრულად არსებულ პერსონაჟებზეა.
თამრი ფხაკაძის რომანის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს დროის კოლაფსთან, მის გაჩერებასთან და თხრობაც არალინეარულია – რომელი პერსონაჟი როდის გამოარღვევს თავისი დროის გარსს და რომანის ხან მორევივით აბობოქრებული და ხანაც მშვიდი და მოლივლივე თხრობის ზედაპირზე ამოვა, ძნელი გამოსაცნობია.
ხოლო რაც შეეხება სტილს, ის უნდა ითქვას, რომ:
ვრცელი პერიოდები მარკესთან, თუნდაც პარაგრაფები ბაროკოული თხრობითა და რეალურ-ირეალურის შეერთებითაა შექმნილი.
თამრი ფხაკაძესთან აბზაცები უფრო გახსნილია, აქაც რეალურ-ირეალურის მონაცვლეობაა, რაღაც უცხოდ მშობლიური მუსიკით მოწესრიგებული და, იმავდროულად, აქ თავისუფლად შემოდის დიალოგიც.
ამ რომანის ნარატივი ჩვენი მთიელი ქალების ნაქსოვ ფარდაგს ჰგავს, ფერად-ფერადს და ისეთ ორნამენტებიანს, ერთხელ რომ ნახავ და მერე სულ თან წამოგყვება, თავს აღარ დაგანებებს და ხშირ-ხშირად შეგახსენებს თავს.
ეს რომანი დაბრუნებაა, დაბრუნება საკუთარ ფესვებთან, დაბრუნება მშობლიურ მიწასთან, დაბრუნება სამშობლოსთან, რომელიც აქვე, ჩვენს გვერდითაა, მაგრამ არ ვიცით და ვერ ვხედავთ ხოლმე და რომელიც ასე ლამაზია და წარმტაცი, თავისი ავანტიურისტი თუ შინაყუდა ადამიანებით, ავებით და კარგებით, შეყვარებულებით და მძულვარეებით, დაკარგული და ნაპოვნი ცხოვრებებით…
ცალკე დასაკვირვებელია მწერლის ენა, რომელიც გაივლის და გამოაჩენს ქართული ენის განვითარების ლამის ყველა პერიოდს – ძველქართულიდან ფშაურ დიალექტამდე, თანამედროვე ლიტერატურული მეტყვლებიდან ჟარგონამდე, ამაღლებული რიტორიკიდან ყოფით სლენგამდე. ავტორის ხელში ისე მოქნილი ხდება ქართული ენა, ისეთი სხარტი და თვითკმარი, ისეთ მოულოდნელ მუსიკალურ შესაძლებლობებს აჩენს, რომ ერთი ცალკე სიხარული ამის დაკვირვება და ამ თავისებურ მუსიკას წაყოლაცაა კარგი მკითხველის მხრიდან…
მე ეს რომანი არა მხოლოდ კონკრეტულად თამრი ფხაკაძის, არამედ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი გამარჯვება მგონია, საუკეთესო ქართული რომანების ჩამონათვალში რომ მოხვდება თავისუფლად და უცხოეთში გასატანად და საჩვენებლად ამაზე კარგს ბევრს ვერაფერს ვნახავთ, რათა სამყაროს ვუთხრათ – აი, ვინ ვართ და აი, ვინ ვიყავით და აი, ვინ ვიქნებით… ხოლო იმათ კი ასე თქვან მერე – თურმე, თურმელებიც ყოფილანო…
… და, რაც მთავარია, თამრი ფხაკაძის მიერ თორმეტი წლის დიდი შრომით შექმნილი ეს დიდი ლიტერატურული კარნავალი თუ უცხოდ რამ ნაქსოვ-ნაგვირისტალი ფერად-ფერადი ფარდაგი არა მთავრდება, – გიო თურმელი გააგრძელებს ამ გვარის ცხოვრებას და ახალ-ახალი თურმელები სამარადისოდ გამართავენ ხოლმე ამ დიდ დღესასწაულს, სასიხარულოსაც და სევდიანსაც…
თურმე, თურმელებიც ყოფილან, – იგივე ჩვენ, ყველა!.. – და სწორედ ამიტომ…
როცა გაგვიმართლებს ხოლმე…
(იშვიათად, მაგრამ მაინც)
ნაოპერაციებზე ხომ უფრო, ტკივილები რომ დაგავიწყოს და ისედაც, კაი ხნის შინიდანგაუსვლელზე ამ კოვიდ-პანდემიის გამო, კაი წიგნის მოძებნაა ხოლმე ძნელი და ამ ცხელი ივლისის ერთ დღესაც ძალიან გამიმართლა:
20 ივლისის დილით, 11 საათისკენ დავიწყე ზურაბ სამადაშვილის ეს რომანი – „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“, გამოცემული 2015 წელს „საბას“ ელექტრონული წიგნების საიტზე და „საბას“ ლაურეატი მომდევნო, 2016 წელს, ნაყიდი ოთხ ლარად, ელექტრონულ ფორმატში… არსებობს ამ წიგნის ქაღალდის ვერსიაც, გამოცემული დათო აბულაძის გამომცემლობაში „გლოსა“, დათოს კიდევ კარგი წიგნების შერჩევა არ ეშლება ხოლმე, როგორც წესი…
მაინც ძველი თაობა ვარ, მონიტორზე და რიდერზე სამი გვერდი თუ წავიკითხე, ისიც ძლივს და…
სადღაც სამი საათისკენ ვშლი მომდევნო გვერდს, ვშლი და აღარ იშლება – ბოლოში ჩავსულვარ და ვერ გამიგია, 235 გვერდიანი რომანი წამიკითხავს ოთხ საათში, თან შესვენებაც მომიწია, რომ ჭამის დრო იყო პირველზე, ზედაც წამლების დალევის…
აი, მართლა მაგარი წიგნია- მეთქი, რაკი ესე შეუნელებელი ინტერესით წამაკითხა თავი…
ფინალს ცოტა მკვეთრს ველოდი, მაგრამ ესეც „მოსალოდნელი მოულოდნელობების“ თემაშია, რომ ამ ბიჭმა, მომღერალმა დაურეკოს თუ არა იმ გოგოს, ნატას…
ეგ ნატაც ცოდოა, ამ ნატაზე მოძალადე ის დამპალი ბექაც, ბატონი დავითიც, თავისი „სასტავიანად“ და, საერთოდ, ყველა ცოდო ვართ, ცოდვა რომ დაგვდევს ეგრე და, – ცხოვრებაც ეგაა.
აქ რომ სიცარიელე დახატა ავტორმა, რომელშიც ეს პერსონაჟები არიან, ისე ვერსად. ვითომ რაღაცას აკეთებენ და სიცარიელეს ვერ გასცდენიან, რაც დახვეწილი ირონიაა ამ ცხოვრებაზე და თან ცოდვა სდევთ ბედისწერულად.
ამ წიგნში წერის სტილია ვითომ იოლი და ამ დროს – ურთულესია ესე წერა. ცნობიერების ნაკადებია ტექსტში ხოლმე იოლად მოწვდილი, ადრე რთულად იცოდა ხოლმე ზურამ და აქ აღარ.
სიღრმე კიდევ ისაა, რომ რაღაცა მოგვეშალა მთელ ქვეყნიერებას, განა პოლიტიკითა და მსგავსი რამეებით, არა, – ჩვენივე თავების გამო… გამოვაცარიელეთ ეს ცხოვრება და რასაც ვაკეთებთ, სიცარიელეშია სულ…
ამაზე მაგარი რაღა უნდა ეთქვა ავტორს, არ ვიცი…
ეს წიგნი გასაგები იქნება ნებისმიერ ქვეყანაში და უნდა ითარგმნოს სხვა ენებზეც…
და თან რო გადასაღებიცაა კინოდ? – მაგარი ფილმი გამოვა ამისგან და პიესაც. ესეც განსაკუთრებული ნიჭია, როცა მწერალი გრძნობს დრამატურგიას და ამ რომანსაც ეტყობა ეს, როგორც ამ ავტორის წინა წიგნებს…
ჩემი თაობისაა ზურა სამადაშვილიც, მეტი წიგნები უნდა გვეწერა და ისეთი ცხოვრება იყო, რომ ვერა რა…
არადა, კაი მწერალი ცოტას კი წერს ხოლმე, მაგრამ ძალიანაც ხომ არა…
ბოლოს, ისევ ის უნდა გავიმეორო, რითაც დავიწყე:
მაინც ძველი თაობა ვარ, მონიტორზე და რიდერზე სამი გვერდი თუ წავიკითხე, ისიც ძლივს და…
ეს რა კარგი წიგნი გამოდგა და როგორ გამიმართლა მეთქი, ვფიქრობ…
ნახეთ, ეგებ თქვენც გაგიმართლოთ… – https://saba.com.ge/books/details/6397/მოსალოდნელი-მოულოდნელობანი
La Nouvelle Vague-ის გახსენება, ანუ „38, 44“-ის გამო
(მხოლოდ შთაბეჭდილება, ისიც შორიდან და წიგნთან მიახლოებისთვის)
ნესტან ნენე კვინიკაძის რომანის „38, 44“ წაკითხვის და, ისედაც, მისი სხვა ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ რომ ფილმივით დაინახავთ იმ ყველაფერს, რასაც სიტყვებით გაეცანით, ეს იმის ბრალია, რომ ამ მწერლისა და დრამატურგის სიყვარული და პროფესიაც სწორედ „მის უდიდებულესობა კინოს“ უკავშირდება.
ერთია, კინო გიყვარდეს, მაგრამ მეორეა და დიდად საშურიც, შესაფერისი ფორმითა და ზომიერებით, ლიტერატურაში გადმოიტანო კინოს ხერხები და შექმნა საკუთარი, თითქოს ლაპიდარული და მკაცრი, მაგრამ უაღრესად მგრძნობიარე და ზუსტი სტილი, რითაც თავის „ოქროს მონეტას“ მოჭრის ხოლმე მწერალი.
საკუთარი სტილის დამკვიდრება კიდევ იოლად სულაც არა ხდება ხოლმე და თუ მწერალი არავისგან არ „იწერს“ სტილს და თავისი „ოქროს მონეტა“ აქვს, ჭკუაში არ მოსდით ხოლმე არც ერთ დროში და არც ერთ სისტემაში, რადგან სწორედ ის გააჩნია, რაც დანარჩენებს არ აქვთ…
ამიტომაც ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ ზემოხსენებული რომანი, გაიხსენოთ გასული საუკუნის მიწურულისა და ამ საუკუნის დასაწყისის თბილისი, დახატული ნესტან ნენე კვინიკაძის მიერ ლიტერატურაში თამამად შემოტანილი „სტოპ-კადრებითა“, „ჩაბნელებებით“ თუ „წაფენებით“, ეგრეთ წოდებული „ბნელი და სასტიკი ოთხმოცდაათიანების“ ჟამიანობის ხანა, სადაც ყველაფერი არ ყოფილა ბნელი და სასტიკი, რადგან ყველაზე ულმობელ დროშიც იხარებენ ხოლმე სიყვარულის ყვავილები, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მარადიულობა სწორედ ამ სწრაფად წარმავალზე რომ არის შეყვარებული, ეს მშვენივრად იცის მწერალმა და ამაში ჩვენც გვარწმუნებს…
… და ამ რომანის წაკითხვის მერე თუკი თქვენც ჩემსავით დაინახავთ ჯერ-არ-გადაღებულ ფილმს, რომელიც საერთოევროპული დონისაა, ხოლო მერე კი გაგახსენდებათ „ფრანგული ახალი ტალღა“ (La Nouvelle Vague) და ამ ექსპერიმენტული მიმდინარეობის საუკეთესო რეჟისორების, ფრანსუა ტრიუფოს, ჟან-ლიუკ გოდარის, ერიკ რომერის, კლოდ შაბროლის და ჟაკ რივეტის საუკეთესო ფილმები, მაშინ მწერალს საწადელისთვის მიუღწევია.
როგორც მე მგონია და თავისი თავად იფიქროს ყველამ…
მიახლოება დანიის პრინცთან
„მჯერა, რომ ახლა რასაც ამბობ, გულწრფელად ფიქრობ,
მაგრამ არასდროს თქვა: „არასდროს“, პირობამ იქნებ
დროს ვერ გაუძლოს, დროს პირობა ყოველთვის მონებს,
თავდაპირველად მტკიცე, დროში სუსტდება ხოლმე“.
მსახიობი მეფის მონოლოგი „ჰამლეტის“ ახალი თარგმანიდან.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა 23 აპრილი და იმიტომ, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა…
ჰოდა, ვკითხულობ, ვფურცლავ ლელა სამნიაშვილის ნათარგმანებ „ჰამლეტს“, მაჩაბელის თარგმანს ვუდარებ და, მეტი რა გზაა, შეძლებისდაგვარ-გაჭირვებულად, პირველწყაროსაც…
და მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ლელა სამნიაშვილის თარგმნილი „ჰამლეტი“, — ესაა კიდევ ერთი წარმატებული მიახლოება შექსპირის კოსმიურ სამყაროსთან, სადაც ისეთი ჯადოსნობა და მაგიური კანონები მოქმედებს, რომ პოეზია მიიღება უპოეზიოდ, პოეზიის კანონების დარღვევით, იქ არც რითმაა მთავარი, არც რიტმი, არც ამბავი, არამედ ცოცხალი სიტყვა, — სწორედ ცოცხალი სიტყვით იქმნება ის სამყაროც და მათ შორის „ჰამლეტიც“, ისეთი ცოცხალი სიტყვებით, რომ წაიკითხავს ვინმე სცენიდან და ისმის…
აი, მოვუსმინოთ მთარგმნელის წაკითხულს და თავადაც დარწმუნდებით! — https://www.facebook.com/lela.samniashvili/videos/10156559699816511
სერვანტესის, შესპირისა და ვეგას დღეს გილოცავთ ყველას!
ლელას კი ამ მშვენიერ და მარჯვე თარგმანს მივულოცავ!
და ბარემ „მაკბეთიც“ რომ ეთარგმნა, რომლის პატარა ფრაგმენტიც უკვე გვანახა ლელამ თავისი ფეისბუქგვერდიდან, ამას ვერ ვეტყვი, — ეგ ხომ დაუმორჩილებელი მწერლებიდანაა და თავად გადაწყვეტს, თარგმნოს თუ არა…
ბაილ ილბა, ილბა ბაილ…
(ეკა კვიციანის ლექსების წიგნის „სხვისი სახლის“ შესახებ)
„ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას,
ბაილ ილბა, ილბა ბაილ“.
სვანური საფერხულო სიმღერიდან: „ბეთგილ“ (ქართულად: „ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი,/ბაილ ილბა, ილბა ბაილ“).
საფერხულო წრეში, სადაც დიდი მონადირე ბეთქილი ჟაბეშელებთან ერთად ფერხულს უვლის, თეთრი შუნი, იგივე ჯიხვი შემოხტება, კლდეებში გაიტყუებს, მერე ქალღმერთ დალიდ გადაიქცევა და თავის ნაჩუქარ მძივს მოსთხოვს მონადირეს. ბეთქილს კიდევ ის მძივი თავისი საცოლისთვის, თამარისთვის უჩუქებია. განრისხებული ქალღმერთი კლდის ქიმზე დაკიდებულ ბეთქილს მიატოვებს და იქაურები ვეღარ უშველიან, ბეთქილი უფსკრულში გადაიჩეხება და ასე დაიღუპება, რადგან ძნელია ქალღმერთის სიყვარული…
რას იფიქრებდა, როგორ განწყობაზე დარჩებოდა ბეთქილის შეყვარებული თამარი, რანაირი იქნებოდა მისი განცდები დაკარგული სიყვარულის გამო? – აი, ამაზეა ეკა კვიციანის ეს კრებული, როგორც მე მგონია და თუნდაც თანამედროვე ურბანულ გარემოში, ნერვიული და დაძაბული რიტმით იწერებოდეს მისი ლექსები, მცირეოდენი გრადაციებით მაინც გამოიკვეთება ხოლმე მითოლოგიური სამკუთხედი: „დალი-ბეთქილი-თამარი“.
თუნდაც აქ:
„შენ უკვე იცი, გულდიდობებს მერე რა მოჰყვა
და ახლა ჩემმა გარინდებამ რომ არ შეგზაროს,
გეტყვი, რომ გულის მორევიდან მკვდრები ამომყავს,
ანუ – ვთევზაობ…“
მითოლოგემა: „დალი-ბეთქილი-თამარი“ და ამ წიგნში შესული ლექსები სწორედ ამ თამარის ნაგრძნობი და განცდილია მეთქი, მოგახსენეთ და საიდან ვიფიქრე ეს?
საიდან და, იქიდან, რომ ეკა კვიციანის პოეტური კრებულის „სხვისი სახლის“ ერთგვარ გასაღებად მე ის ლექსი მესახება, რომელსაც აქვე დავიმოწმებ:
ბაილ!
როცა შენზე შემომწყრალი წამოვყევი ბარში ქარებს,
გზა ან მეწყერს ჩაეკეტა, ანდა ნამქერს ჩავეტანე.
ან ხმაურით დაძრულიყო შუა გზაზე სადმე ზვავი.
დამწეოდა შენი რისხვა, დამწეოდა მთების ზარი…
რა მინდოდა ბარში, ბაილ, ბეთქილ, ბარში რა მინდოდა,
ნეტავ, მართლა შემძლებოდა მოთმენა და შენი ნდობა…
აქ ჭუჭყი და მტვერი მახრჩობს, სული დამაქვს ნაწვალები,
ჩამქრალი მაქვს თვალში შუქი, დაჭრილი მაქვს ნაწნავები…
ჩემი თოვლისფერი კაბა ვერ აიტანს ნათითურებს,
თოვლისფერის რიდი, ბაილ, არ ჰქონიათ ბარში, თურმე.
ჩემთან ჭუნირის ხმა აღწევს – მოთქმით სტირის მირანგულას,
აქ ვერავის ვუერთგულე, მეც ვერავინ მიერთგულა.
ქარის ხმაზე დატირება, ნეტავ, მართლა, არ მახსოვდეს,
ან შემეძლოს დავიწყება, ან ყინულის გული მქონდეს.
გულით შენი თვალთა ცეცხლი თან დამქონდეს, როგორც წყევლა.
მხრებით დარდი ვზიდე, ბაილ, სწორედ ჩვენი მთებისხელა.
მაინც როგორ აუყევი ჩემს გარეშე უშბის კიდეს,
მარტო როგორ გამომიშვი, როგორ არ გამომეკიდე…
რა უნდათო ბარში დალებს – თეთნულდს ცრემლი შეჰყინვოდა,
მომყვებოდა თეთრი შუნი, ორბი ზეცას შეჰყიოდა…
ნეტავ, ახლაც თოგორაზე მთვარე ვერცხლის კარავს ქსოვდეს,
იქ გელოდე, არ გავიდე ამ კარვიდან არასოდეს…
ბაილ, მთისკენ გამირბიან ეს თვალები, დანისლული,
ველოდები, მთიდან როდის ჩამომძახებს თეთრი შუნი…
როცა შენგან მოვდიოდი, მოვყვებოდი ბარში ქარებს,
გზად თუ არ დამეწეოდი, ნეტავ, ზვავებს ჩავეტანე…
მინაწერი:
„ბაილ ილბა“ რას ნიშნავსო, — არა მკითხოთ, — ეგ მარტო მე კი არა, არც არვინ იცის… ასემანტიკური რიტმული შესიტყვებააო და ჯერაც იკვლევენ მეცნიერები, — ნეტავი, რას უნდა ნიშნავდესო.
„კვიცრა“ რომ ჯიხვია სვანურად, ალბათ, ჩემსავით მიხვდებოდით და ეკას გვარზეც იეჭვებდით, — ქართულად რომ „კვიცი“ გვგონია, აგერ, ბატონო, სვანურად „ჯიხვი“ ყოფილაო…
და ამ მოკლე ჩანაწერის გაცნობის შემდეგ თუკი ეკა კვიციანის პოეტური კრებულის წაკითხვა მაინც არ მოგინდებათ, მაშინ მე ხომ ამაოდ დავმშვრალვარ და შენდობას ნუ მეტყვით, მაგრამ არწამკითავი რასაც დაკარგავს, ის საკუთარ თავს დააბრალოს…
გიო საჯაიას ლექსზე „ცენტრიფუგა“
მე არ მგონია, რომ ამ კონკრეტული ლექსის შემთხვევაში გულიც და სულიც ბოლომდე არ არის ჩადებული და გიო საჯაია მხოლოდ პოეტური შესრულების დახვეწილი ტექნიკით ცდილობდეს ფონს გასვლას…
აქ, უბრალოდ, გიო პოეტური მიმართების რაკურსს ცვლის და მოვლენას (წიგნის თაროზე ერთი ბროშურა რომ არის თავად და ვართ ჩვენც) განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს.
საიმისო არაფერი სჭირს გიო საჯაიას, სულ-გულ დაკლებული ლექსი გამოიტანოს მკითხველის სამსჯავროზე – რასაც ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობით, იმაზე გაცილებით მეტი აქვს გიოს დაწერილი და არ „ბეჭდავს“ არსად.
მე ერთი რამე ვიცი – გიო საჯაიას ლექსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ახალ, ოცდამეერთე საუკუნის „ციფრულ თაობაზე“ – სად და ვისთან არ გადაეყრებით მისი შექმნილი სახეებისა თუ სხვა პოეტური ატრიბუტების ზოგს – უხეირო, ზოგსაც – ხეირიან ასლებს…
და ახლა კი თავად გიო იწყებს საკუთარი თავიდან გამოსვლას…
გიოს ბოლოდროინდელ ლექსებში შეიმჩნევა პოეტური სპექტრისა თუ ჰორიზონტის ერთგვარი გაფართოება. ეს არ ხდება ფორმულით „საჯაია საჯაიას წინააღმდეგ“. ძველი და ახალი საჯაია ჰარმონიულად თანაარსებობენ. და ეს ასეც უნდა იყოს…
მე, როგორც მკითხველს კი ყოველთვის წინ მელოდება ახალი სიხარული გიო საჯაიას ლექსთან შეხვედრისა. შეხვედრა კი, მე ეგეთი ვიცი, რომ ლექსი არ უნდა „იკითხებოდეს“, ნამდვილი ლექსი უნდა „ამოითქმოდეს“. აბა, ხმამაღლა წაიკითხეთ გიოს თუნდაც ეს ან სხვა ნებისმიერი ლექსი და კარგად მოუსმინეთ: მიხვდებით, რომ ნაწერ-ნასწორები და ნაწვალები კი არ არის, ამოთქმულია…
ნამდვილი ლექსი ხომ ქაღალდზე ან მონიტორზე არ არსებობს, იქ მხოლოდ ჩაწერილია, – ნამდვილი ლექსი ცოცხალ სიტყვაშია…
სკუკუმ,
ანუ
ანდრეიკა, როგორც დაკარგული სამშობლო
(კატო ჯავახიშვილის ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი პოსტმოდერნულ სტილში, პიესა ორ მოქმედებად „სად არის ანდრეიკა?!“)
„ღმერთი ადრეა, იქ, სადაც არარსებული სამყაროების მიღმა ჩნდებიან ზოგჯერ ქვეყნები: კირით შელესილები, მიტოვებული სახლებით, მოაჯირებზე გადაყუ- დებულები. არარსებული ქვეყნები ჩნდებიან ევროპისა და აზიის გასაყარზე, იქ, სადაც ასეთი დიდია მოლოდინი და ასეთი პატარა და შემოსაზღვრული რეალობა. არარსებული ქვეყნები აჩენენ უკანონო შვილებს, რომლებსაც მამებს არ აჩვენებენ, არღვევენ დოგმებსა და წესებს, რომლებიც ტრადიციულად დაუდგინეს. არარსებული ქვეყნები ირჩევენ თამაშებს „წესების გარეშე“ და არ იციან, რომ მათ მართავენ არსებული ქვეყნები, თავიანთი მოზომილი, „წესიერი“ ნაბიჯებით, სადაც ღმერთი უკვე არც ადრეა და არც გვიანი“.
– პერსონაჟი, სახელად „მოკარნახე“ კატო ჯავახიშვილის პიესიდან „სად არის ანდრეიკა?!“.
1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას 10-11 წლის შვილი, სახელად ანდრეიკა გრიპის ეპიდემიით ჰყავდა გარდაცვლილი (არსებობს ანდრეიკას სიკვდილის მეორე ვერსიაც: ბავშვმა სახლის ფანჯრიდან ხის ტოტი მოქაჩა, ტოტმა გარეთ გადაითრია და მიწაზე დასცა…).
როგორვ მოქანდაკე გურამ ნიკოლაძე ჰყვება, ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ ნოე ჟორდანიამ შვილის ბიუსტის გაკეთება სთხოვა იაკობ ნიკოლაძეს. როგორც ჩანს, მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბარემ თავად ნოე ჟორდანიას ქანდაკებაც შეეკვეთა ხელოვანისთვის. ანდრეიკას ბიუსტი 1916 წელს არის შექმნილი, ის ნამუშევართა ნუსხაში „გიმნაზისტის“ სახელწოდებით აქვს ავტორს შეტანილი, ნოე ჟორდანიას ბიუსტი კი 1919 წელს დაუმთავრებია მოქანდაკეს…
ამის მერე გაზეთ „ერთობის“ 1920 წლის 28 იანვრის ნომერ მეოცე ნომერში, პირველივე გვერდზე ჩნდება ჩარჩოიანი განცხადება:
„ნოე ჟორდანიას განცხადება
24 ამ თვეს საღამოს, სადგურ ლანჩხუთში დაიკარგა ანდრეიკას დატოვებული ძაღლი. შეიძლება გაყვა ვინმეს მატარებლით. ნიშნები: ერთი წლისაა, საშუალო ტანის, უბრალო ჯიშის, მოწითალო. მამალი, სახელათ ჰქვია ს კ უ კ უ მ. ვსთხოვ მნახველს მომიყვანოს ლანჩხუთში ან ტფილიშში, ან მაცნობოს სად არის“.
სწორედ ამ ამბავს აიღებს თეატრალურ დრამატურგიაში გადასული პოეტი კატო ჯავახიშვილი თავისი ტრაგიკომიკური პიესის, იგივე ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტის – „სად არის ანდრეიკა?!“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2020.) საყრდენ, თუ გნებავთ მთავარ ამბად, თუმცა, პოსტმოდერნული წესისამებრ, ოდნავ სახესაც უცვლის და პიესაში, უკვე თავიდანვე, თავად ანდრეიკაა დაკარგული, – ეს კვანძის შეკვრაა, სათაურშივე მოცემული…
მეორე მხრივ კი –
ღარიბი გლეხის ქალიშვილ ქრისტინეს გარყვნილი აზნაური უქმაძე დააორსულებს და შემდეგ მიატოვებს. ყველასგან მოძულებული ქრისტინე შვილს მშობლებთან დატოვებს, თბილისში მიჰყვება ნაცნობ ქალს, რომელიც საროსკიპოში მიიყვანს, სადაც მას სახელს გამოუცვლიან და რახილას დაარქმევენ. მრავალი წლის შემდეგ ქრისტინე დასნეულდება, დასახიჩრდება, გალოთდება და მათხოვრობით ირჩენს თავს. საბოლოოდ ქალი სრულიად უპატრონოდ, საავადმყოფოში გარდაიცვლება;
„ქრისტინეს“ მეორე პერსონაჟიც, გაქალაქებული, ცუდი ყოფაქცევის გზაზე დამდგარი სონა არის მსხვერპლი თავად ლევან ძველისენიძის უზნეო, მხეცური ჟინიანობისა…
ეგნაგტე ნინოშვილის სწორედ ეს პერსონაჟები, ქრისტინე და სონა ერთგვარი პოსტმოდერნისტული ხასიათის პროტოტიპები არიან კატო ჯავახიშვილის ამ ახალი პიესის პერონაჟების – მეგისი (ყოფილი მსახიობი. დედა, რომელიც არარსებული შვილის გადარჩენისთვის იბრძვის) და ჩიტოსი (პატარა გოგო, რომელიც ამ სპექტაკლში დიდი და ნასწავლი ქალია).
პიესაში გამოყვანილი არიან აკაკი წერეთელი, ასევე გენერალი მაზნიაშვილი ფრაზებით საკუთარი მოგონებებიდან; გამოყენებულია პაოლო იაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის ტექსტები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ექვსი პარლამენტარი ქალის მონოლოგები, გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები; ფრაგმენტები ეგნატე ნინოშვილის პიესიდან „ქრისტინე“ (თუნდაც მეგის მონოლოგი, როცა შემოხეული კაბითაა პიესის ბოლოს: „მყავს მამა, დედა, შვილი, დები, ძმები. ჩემ მამას დათიეი ქვია, ჩემ შვილს ანდრეიკა. თვითონ მე კი რახილა კი არა, მეგი მქვია, გვარათ ხელმოკლიძეები ვართ, ქრისტიანები. გთხოვთ გამაგზავნოთ მამასთან. მინდა სიკვტილის წინ ერთი ჩემი ანდრეიკა ვნახო“.); მასალები გაზეთებიდან „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „საქართველოს რესპუბლიკა“…
დრო: პირველ მოქმედებაში გამოცხადდა თავისუფალი საქართველო და მეორე მოქმედებაში შემოვიდნენ რუსები, პერსონაჟმა სახელად „მოქალაქე მეორემ“ მოიყვანა…
კონფლიქტები მეგისა და ჩიტოს, მოქალაქე პირველსა და მოქალაქე მეორეს და დანარჩენებს შორის, წარმოდგენილი არის კონცენტრულ წრეებად და მთავარი ამბისკენ მიემართებიან.
იმ მთავარი ამბისკენ, რომელსაც სიმბოლური გააზრებაც ახლავს: ანდრეიკა, რომელიც აკვანში არაა და რომელიც საქართველოა, დაკარგულია…
კითხვისას გგონია, რომ ეს პიესა სცენაზე არ ივარგებს, ტრადიციულად არაა დაწერილიო, მაგრამ რომ მორჩები, ჩანს ამბავი და ჩანან პერსონაჟები. ჩანს წრეზე დატრიალებული დრო: 1921 წელსაც და ახლაც მცოცავ ოკუპაციაში ვიყავით. დიახ, ესაა მაშინდელი დაკარგული თავისუფლების ამბავი, მაგრამ დანახულია დღევანდელი რუსული ოკუპაციის პრიზმიდან…
პიესის კვანძის შეკვრა სათაურშივე წერია – სად დაიკარგა ანდრეიკა?
პიესის კულმინაცია – რუსები შემოვიდნენ, კოჯორში ბრძოლა წავაგეთ, მთავრობა ევროპაში გაიქვა და ანდრეიკა არ არის, დაკარგულია და ვერ ვპოულობთ და ვერა…
ეს კატო ჯავახიშვილის პირველი ცდაა თეატრალურ დრამატურგიაში, თორემ დადგმული პიესები უკვე აქვს: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრში რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა 2015 წელს დადგა მისი ორი პიესა „ცხვარი“ და „ნირვანაში დაკარგულები“.
… და ამ პირველი ცდის კვალობაზე უცნაური ისაა, რომ „სად არის ანდრეიკა?!“ ტრადიციულად დაწერილი პიესა არაა, უცხო და ორიგინალური სტრუქტურული ნაგებობააა, აკი მოგახსენეთ, წარმოდგენილი კონცენტრირებულ წრეებით, რომლებსაც მთავარ ამბავთან მიყავხარ.
სულ მთავარი რა არის, რა არის და, – ისაა, რომ ამ კონცენტრირებული და წრიული სცენებით დრო არის გაჩერებული, დრო, როგორც პიესის მთავარი გმირი. თუმცა ეს დროის გაჩერება თვითმიზნურად კი არაა, ეს ავტორს იმისთვის დაჭირდა, რომ ეთქვა – დღესაც ის ხდება, რაც მაშინ და დღესაც დაკარგულია ანდრეიკა, იგივე სამშობლო…
… წყალში რომ ქვას ისვრი და კონცენტრირებული და ნელი-ნელ მილევადი წრეები ჩნდება, დაახლოებით ესეთი პიესა გამოვიდა და მთელი დრამატიზმი ამ წრეების, ანუ სცენების გაქრობაშია, რათა წარმოგვიდგეს მარადიული დრო და გვაგრძნობინოს: ისევ ისეთივე მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, როგორიც ასი წლის წინათ იყო…
უსიყვარულოდ ხომ არც არაფერია და, ვერც ესეთი მრვალგანზომილებიანი და უცხო რამ ნაქარგობით დამშვენებული ნაწარმოები იწერება, არადა, ამ პიესის ერთ-ერთი პერსონაჟის, მოკარნახის სიტყვებით რომ ვთქვათ, – „სიყვარული?.. განა რა არის სიყვარული, თუ არა სახმელეთო გემების შეჯახება უკაცურ ნაპირზე?“
… თუმცა, სჯობს, რომ თავად კატოს დაწერილი იმ მონოლოგითვე დავამთავრო ეს მოკლე ჩანაწერი, რითაც მისი პიესა იწყება:
„რას გაუგებ ისტორიას – გადაუფრენს ამ საუკუნეს, ტკივილს, დაფასებასა და იმედგაცრუებებს; რას გაუგებ სიყვარულს, თავისუფლებას დახარბებული ხალხის გულში მოკალათებულს; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილს, რომელიც ხშირად ილუზორულ სიმართლეს გვაჯერებს და ჩვენც, ჰო, ჩვენ, ადამიანებს, გვჯერა, რომ სამშობლო ზუსტად იქაა, სადაც მოგვიხაზეს, ზუსტად ის, რაც დაგვაჯერეს. ჩამოგვაჭრეს და მოგვატყუეს“…
ეს პიესა იმისთვისაც დაიწერა, რომ ვეღარ მოგვატყუონ…
მინაწერი:
„სად არის ანდრეიკა?!“-ს მთელი პოსტმოდერნისტული ფოკუსი იმაშია, რომ ამ ნაწარმოებს საიდუმლო სახელად უნდა ერქვას და ვინ იცის, ეგებ ჰქვია კიდევ ანდრეიკას დაკარგული ძაღლის სახელი: „სკუკუმ“…
სკუკუმ! – როგორც კარგად დამალული, ერთობ გამოუცნობი და ერთგული პაროლი, თავისი უცხოდ რამ ჟღერადობით, მიუმხვდარი ბრიყვებისთვისაც, შეფიქრიანებული დამწუნებლებისთვისაც და ირონიულად ჩაღიმებული ჭკვიანებისთვისაც…
Leave a Reply