დებიუტი

მედეა ალანია

მინიატურები

***

სახლი. გასაოცარი ანდამატი აქვს ამ ციცქნა სიტყვას, არადა, წარმოთქმისთანავე სითბოს უმაღლესი ეიფორიით მოგვრილი სიამოვნება გეღვრება სულში. ბედნიერ წამთა ტკბობით, ეფემერულის მარადიულად ქცევის სურვილით გმუხტავს, გეძახის გიგანტური ქმედებებისკენ. სწორედ რომ შენი სხვადასხვა როლში განფენილობა აქცევს სახლს ჯადოსნურ ბუდედ, წმინდა ადგილად, რომლის უხილავი, ნაზი ძაფები მარად გექაჩება შინისაკენ იდუმალი შელოცვის ყურთან განმეორებით, მე შენ მიყვარხარ…შენ კი, დაუცხრომელი ნოსტალგიით სავსეს, გეზეიმება ყოველი შენი შინ დაბრუნება. სიყვარულის საუცხოო თაიგულებით განებივრებულს, გაოცებს მისი ერთგულება. დედამიწის ზურგზე არაფერი შეედრება მის ასეთ სიტკბოს, სახლის ძარღვიან მკლავებში უდარდელად, ბავშვივით მოკუნტვას, ისე როგორც დედის ემბრიონში დაცულობას…

***

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩვენი მიწიერი გასეირნების ბოლო გაჩერება ჯერ ამოუცნობია… მგზავრობის ხანგრძლივობის განსაზღვრაც შეუძლებელია. მანამდე კი თანამგზავრებად შენთან ერთად მოსულ ადამიანებთან გიწევს ყოველდღიურობის გაზიარება, თანაცხოვრება, დაკვირვება, ურთიერთობებით ტესტირების გავლა ზოგიერთთან თანაარსებობა ერთი ზომით პატარა ფეხსაცმელივითაა, ტკივილამდე გიჭერს და ერთი სული გაქვს, ისე შორს მოისროლო, რომ აღარასოდეს გადაიკვეთოს თქვენი გზები ხელმეორედ. შენ კი შენი ყოველდღიური რუტინით ჯავშანასხმული ისხლეტ სისინა, უსაქმურობით მოშხამულ ისრებს და ასე დადიხარ დანაღმულ ველზე… არა და თავგანწირვაგანზრახულს ჩუმად შემოგპარვია სევდის ცრემლები, არ თუ ვერ გაგებისა. არ თუ ვერ დანახვის გამო… მიამიტი, ბავშვივით ზედმეტად მგრძნობიარე სული კი ბევრჯერ შეგბრალებია მრავალი უსამართლობისა და სისასტიკის შემსწრეს. ცხოვრების დროებით მატარებელში მჯდარს, ბევრი ასვლის და ჩასვლის თვითმხილველს, სიხარულის, სითბოსა და ბედნიერების აღქმის პარალელურად, ბოროტების, ინდიფერენტულობისა და უსიყვარულობის მნახველს…უნებლიე მანტიაში ისე გახვეულხარ, როგორც თევზი მებადურის ბადეში. მგზავრობის დასწაყისში, ყველაფრისმცოდნეობაზე პრეტენზიის მქონეს, სინამდვილეში კი ხის პინოქიოსავით უგრძნობს როგორ ნელა-ნელა გეხილება თვალები…

***

ტკივილის მიყენებაც ერთგვარი ხელოვნებაა. მასაც გაჩნია სხვადასხვა ფორმა: ქოლვა, გილიოტინა, ინკვიზიცია…რაც უფრო ცივილური ხდებოდა კაცობრიობა, მით უფრო ბრუტალური იყო დასჯის მეთოდები… აყენებდნენ ტკივილს გუშინ, აყენებენ დღეს და მიაყენებენ ხვალაც მზერით, სიტყვით, დუმილით, ხელით, ფეხით, უმოქმედობით, დაკიდებით. ტკივილით მიღებული სიამოვნება რისი ტოლფასია? რა ფერი აქვს? რა სუნი აქვს? დაფიქრებულხართ ამაზე? ტკივილის შედეგები ნათელია: ცრემლები, სევდა, იარები… გვიჩნდება ნაოჭები, რომლებითაც ტკივილები დარბიან… თვალები_ ნაღველის ორი ჭა… გული მონოტონურად ფეთქავს: მტკი-ვა, მტკი-ვა, მტკი-ვა…

***

რაც უფრო მეტი საყვარელი და განსაკუთრებული ადამიანი მიდის შენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, მით უფრო აცნობიერებ, რომ მიწიერებისთვის სხეულით ადრე თუ გვიან უცილოდ ხარკი გექნება მოსახდელი. თუმცა, მარადისობისთვის სულის დაბადება გარდაცვალების გარეშე შეუძლებელია. სულისა და სხეულის გაყრის მომენტი მიწისძვრასავით აზანზარებს ადამიანის ხილულსა და უხილავ სამყაროს და შენც ელდანაკრავივით ზევიდან დაჰყურებ გაყინულ, გაქვავეებულ სხეულს. ეს ხომ შენა ხარ?!. ოღონდ უსხეულოდ… შენი სხეულიდან ამომხტარი უსხეულო სულით, რომლის შეგრძნებები ისეთივეა, როგორიც თვალის დახუჭვამდე, იმ განსხვავებით, რომ ყვირი ხმის ჩაწყვეტამდე და არავის ესმის… ემოციებით სავსე, ხან ვის მივარდები სანუგეშოდ და ხან ვის, იმის მაცნედ, რომ ცოცხალი ხარ და არაფერია სანერვიულო. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ხვდები, რომ აბრეშუმის ჭიიდან პეპლად უქცევიხარ არსთაგამრიგეს. ის, რაც გამძიმებდა, ხელს გიშლიდა გაფრენაში, მიწას მიანდე, შენ კი, სინანულით სავსეს ბევრი რამის ვერმოსწრების გამო, გასაფრენად გამზადებულს, საგზლად კეთილი საქმეებით მიმქროლი სული მიგაქვს შეუცნობელში…

Leave a Reply