ეს ამბავი შვიდი წლის წინ მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ბაზრობაზე 30 ლარად რამდენიმე დღის სამყოფი სანოვაგის შეძენა, თუმცა, აღნიშნული ბიუჯეტი 13 წლის წინ უფრო მეტსაც გაწვდებოდა. ქალაქის ჭორების მიხედვით, ეს კოშმარი ხალხში 200 ლარიანი კუპიურის სიხშირემ გამოიწვია.
თბილი საღამო იდგა. დამქანცველი სამუშაოდან გამოქცეული ქალაქის ჰაერს ფილტვებით ვაგემოვნებდი. ჰაერის ღრმა ნაფაზებად ჩასუნთქვა ბავშვობიდანვე იქცა ჩემთვის თავისუფლების მომგვრელად. საღამოს ნიავის დამსახურებით მთელი დღის სიმძიმე სადღაც გაქრა და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ტროტუარს. კოსტავას ქუჩაზე ჩავუარე ბიბლიოთეკას, დიდი მონდომებით გადავკვეთე შუქნიშანი. რატომღაც ჩვენს ქალაქში მწვანეზე ქვეითებისა და გვერდიდან მოძრავი ავტომობილების გადაადგილება ერთდროულად ხდება. ზოგჯერ ძალიან სასაცილოა, როგორ გარბიხარ მანქანის შიშით გადასასვლელზე. ამ დროს ვიღაცის ქუსლს აბიჯებ, შემდეგ ფეხსაცმელს მისდევთ ორნი. მხცოვანები ამბობენ, ეს პრობლემა ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ის შუქნიშნებიო. ვერ შევეკამათები, თუმცა, დაუჯერებლად მეჩვენება და თქვენთვის მომინდია სიმართლის გარკვევა. რაც ზუსტად ვიცი, ის ამბებია, რის გამოც დავიწყე თხრობა, თუმცა, ვინ იცის, გამორიცხული არაა, ესეც გამოგონილ ამბად იქცეს.
ტროტუარზე როგორც კი აღმოვჩნდი, ხელმარჯვნივ რუსთაველზე გავაგრძელე გზა. დაღმართს ჩავუყევი. მიყვარს ჩემი ქალაქი, სანახავად საინტერესოა და უცნაურობაც უამრავი ხდება. მისი სიდიდე XX საუკუნის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ძირითადად კონსერვატორი ჰყავს, ამ სიტყვის ყველაზე კონსერვატორულად დადებითი მნიშვნელობით. ქალაქი ზუგდიდი ბორცვზე გაშენდა XVII საუკუნეში. აქ არც ზედმეტი ქარი იცის, არც თოვლი და არც წვიმა. ხალხში ამბობენ, ლევან II დადიანმა სწორედ ამ მიზეზით გააშენაო აქ ქალაქი. მიუხედავად ასეთი ბუნებრივი სიმშვიდისა, ვფიქრობ, ზუგდიდს თამამად შეიძლება უწოდო მისტიური. ამის მიზეზი უპირველესად მისი მოსახლეობაა. აქ ხშირად ჰო არას ნიშნავს, არა – ჰოს და ეს იმდენად მოხდენილადაა მენტალობაში გამჯდარი, მეც კი ძარღვიანად შევისისხლხორცე. მის მისტიურობას გარდა კოლხური ეთნოგრაფიისა, გვირგვინად ადგას აქ დაცული სიწმინდეები, რომელიც იზიდავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ქრისტიანებს. ამ ამბებში აღნიშვნის ღირსია ქართული ხასიათის სიამაყე და ნაპოლეონის ნიღაბიც, რომელმაც 45 000-კაციანი ქალაქი პარიზსა და ლონდონს გაგვითანასწორა. აკი ვამბობდი, ამაღელვებლად მისტიურია-მეთქი.
საოცრებაა, სამას მეტრში რამდენი რამის გაფიქრება შეიძლება. ნელი ნაბიჯებით გავიარე დაღმართის მესამედი, მივუახლოვდი მარჯვნივ მდგომ დაკუნთულ ჭადრებს. ამ პერიმეტრზე სულ სამნი დგანან. ტანი დაკოჟრილი აქვთ, ალბათ წლების წინ რამდენჯერმე შეასხიპეს ტოტები. მათი დანახვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, ქალაქის ყოველდღიურობა მათზე იყოს დამოკიდებული. თან საჩრდილობლად, მოგეცეთ ლხენა, ნამდვილი ნატვრისთვლები არიან, განსაკუთრებით ზაფხულში. ისინი უსაქმოდ არასდროს დგანან. ხან მაკლერების ფუნქციას ითავსებენ ზედ გაკრული განცხადებებით, ხანაც არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. იშვიათად (მილიონში ერთხელ) დასაქმების ბიუროს ეხმარებიან. ძალიან ხშირად აბიტურიენტების მშობლებს ეროვნული გამოცდებისათვის მასწავლებლებლების პოვნას უადვილებენ. ამავე ჭადრების ჩრდილში საავტომობილო გზის კიდეზე დამონტაჟებულია მოსაცდელი, საიდანაც შესაძლებელია ქალაქის ყველა მიმართულებით დაელოდო ტრანსპორტს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სამი ჭადარი ქალაქის სხვა მთავარ ამბებთან ერთად დიდ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ცომივით აზელილია ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში. სწორედ ამ ჭადრებიდან იწყება რუსთაველის ქუჩაზე ნამდვილი შუა საუკუნეების ბაზრობა. აქ წარმოდგენილნი არიან მეწვრილმანე დამტარებლები და აქვთ ქინძი, ოხრახუში, კამა… ასევე კომბოსტო, კარტოფილი, ხახვი, ბოლოკი, სტაფილო… მოვაჭრეები, მეხილეები, რომელთა დახლებზეც ყუთებით ბლომად ალაგია: ბალი, მსხალი, ვაშლი, ტყემალი, ქლიავი, ფორთოხალი, ბანანი, ანანასი… მათ გვერდით უდგას ურიკებზე შემოდებული თევზეულობა, ბამბის ნაყინი, ჰოთ-დოგი, ჩებურეკი. სასიამოვნო სანახავია ტროტუარზე დახლებს შორის გამვლელთა მუდმივი ნაკადის მოძრაობა. მათ დატკბილული შეძახილით თავიანთკენ ეზიდებიან ვაჭრები.
მოვაჭრეთა ნაწილს უზარმაზარი ქოლგები გაუშლია, რათა უკეთ გააკონტროლოს და შეინარჩუნოს გარევაჭრობისათვის წლების წინ დაპატრონებული ტერიტორია. ვაჭართათვის წვიმა და მზე ამ ქოლგების საჭიროების უნივერსალურ არგუმენტს წარმოადგენს. მათ მოპირდაპირედ ჩამწკრივებულან ფულის გადამცვლელები. ხელიდან-ხელში სამი ვალუტა მოძრაობს: ლარი, დოლარი, რუბლი. ევრომ და ლირამ ვერ გაამართლა ამ საგარეო სავალუტო ბიზნესში. ალბათ დროის საკითხია, რადგან ბანკში ლირასა და ევროს გაცვლის დიდი მოთხოვნაა.
რაც თავი მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ეს გარე ბაზრობა რამდენჯერმე დაარბიეს, ხან არაესტეთიურობის მიზეზით, ხანაც სურსათის უვნებლობის, ხანაც შიდა ბაზრის დახლებზე მომუშავე ვაჭრებმა მოითხოვეს მყიდველისა და მოგების შემცირების გამო. საბოლოოდ 13 წელია, რაც გარემოვაჭრეებმა ვაჭრობის ნებართვა მიიღეს. ნაწილის აზრით, ეს მათი ბრძოლის შედეგია, ნაწილი თვლის, რომ ეს მოხდა ქალაქში არსებული უმუშევრობისა და სიდუხჭირის შესამსუბუქებლად.
ხშირია დავა გარემოვაჭრეებს შორის სავაჭრო ადგილებისათვის. პირადად შევსწრებივარ ასეთ დაპირისპირებებს. განსაკუთრებით, თუ ვაჭრობის მსურველი ახალია, ყოველთვის გამოძებნის სტაჟიანი მეზობელი დახლის “პატრონი“ მისი გაგდების მიზეზს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, თუ ახალმოსული არ იზიარებს უკვე დადგენილ წესებსა და პრინციპებს, ან დიდ კონკურენციას უწევს მის გვერდით მსხდომებს და უფრო მეტ ნდობას იწვევს მუშტარში. ასეთ დროს ახალმოსულს ისეთი წყევლა კრულვითა და ლანძღვით აიკლებენ, რომ ოჯახურ სიწმინდესაც არას დაგიდევენ. ყველაზე პატიოსანი ადამიანიც კი დაეჭვდება საკუთარ უდანაშაულობაში. რა თქმა უნდა, ეს “მესაკუთრის“ დამცველობითი ინსტინქტის გამო ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარი საზოგადოებრივი კუთვნილებაა.
როგორც კი გამოვცდი სამივე ჭადარს, ხელმარცხნივ გავუხვიე. ჩემგან ორივე მხარეს დახლების ახალი წყება დაიწყო, რომლებსაც შიდა ბაზართან გისოსებიანი ჭიშკარიც კი ვერ ზღუდავდა. ჩავიარემცირე კიბე, გავცდი პურეულობასა და ათასგვარ წვრილმანს. უზარმაზარ შენობაში ამოვყავი თავი. ამ შენობაში სამი დიდი დარბაზია. შუა დარბაზში განლაგებულია მაღაზიები ათასგვარი პროდუქტით, მარჯვენაში რძის ნაწარმი, ხოლო მარცხენაში სანელებლები, ნიგოზი, თხილეულობა, გასასვლელებში მემწვანილეებსაც შეხვდებით. შუა დარბაზის მარჯვენა ზოლის ბოლოს იყიდება ხორცეულობა, რომელსაც ადგილზე ამუშავებენ. სწორედ იქით გავემართე, სადაც ხორცეულობა იყიდებოდა. საქონლის ხორცი კილო 16 ლარი აღმოჩნდა. სულ რაღაც 3 წლის წინ 11 ლარადაც იშოვიდა კაცი. რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდე. ძაღლისთვის ნარჩენები შევიძინე 2 კილო 5 ლარად და იმავე გზით გამოვბრუნდი. გზად 1 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი პომიდორი, 700 გრამი “თეთრი ოქრო“ ანუ ყველი შევიძინე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტს ყოველთვის მოედანთან აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ველოდები, რადგან ამ ქუჩას გაივლიან ხობის, სენაკის, სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ტაქსები, მიკროავტობუსები თუ ავტობუსები, მაინც გადავწყვიტე რკინიგზის სადგურიდან ქუთაისისკენ მიმავალ ტრანსპორტს ჭადრებთან დავლოდებოდი. ტრანსპორტი გზად ჩემს სოფელს გადის, ამიტომაც ამ რეისს ხშირად დავყვები. დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ დამაფიქრებელია ის გარემოება, რაც შემდგომ აღმოვაჩინე. იმ დღეს ეს რეისი არ განხორციელებულა. ყოველდღიური კანონზომიერება მოულოდნელად იმ საღამოს დაირღვა.
ბაზრის შესასვლელ კარებს როდესაც გამოვცდი, ისევ ავუყევი კიბეს, შიგადაშიგ ეტლით მოსიარულეთა დამრეც გზაზეც გადავდიოდი. როგორც კი დასრულდა კიბე, თვალი შევავლე მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მიმავალ ვიწრო გზას, რომელსაც ბილიკი ან შუკა უფრო ეთქმოდა. ტროტუარის დანარჩენი ნაწილი გარემოვაჭრეებს ჩაეხერგათ დახლებით. დარჩენილ ვიწრო გზას ხალხი ბეჯითად იყენებდა და ბაზარში შემსვლელთა და გამომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა, დახლებზე კი ყუთები მალევე ცარიელდებოდა. ხშირად ასეთ უკანონო დახლებზე პროდუქტის ღირებულება შედარებით იაფია. თუმცა ამ სიკეთეს თავისი მოხერხებული სავაჭრო წესი ახლავს. საჭირო საქონელს ზუსტ წონაში იშვიათად თუ იყიდის მყიდველი. ფასის სიმცირე იმდენად დამაჰიპნოზებელია მუშტრისათვის, რომ შიდა ბაზარში პროდუქტის შეძენას ხშირად ურჩევნია იაფი საქონლის შოვნის “სიხარულით“ გაახაროს მარიფათის ჭია. საღამო ხანს რაც დახლზე ნაშთად რჩება, კიდევ უფრო იაფად იყიდება. მართალია, ამ შემთხვევაში პროდუქტი უმაღლესი ხარისხის აღარაა, მაგრამ წონასა და ფასში მაინც მოგებული რჩები.
გაჩერებასთან მისასვლელად მეც მოძრავ ზოლს შევუერთდი, რა დროსაც დახლზე ნაშთად დარჩენილი კილონახევარი შავი ბალი შევნიშნე. მისი საბაზრო ღირებულება 6 ლარი იქნებოდა. ამ შემთხვევაში კილო ნახევარ ფასად იყიდებოდა. გულში გამკრა, რომ მეყიდა. თუმცა თანხის გადახდა დამენანა, მოძრავ ზოლში შევედი, მალევე მარჯვნივ გავუხვიე და გაჩერებისკენ წავედი. ვცდილობდი, თანხა დამეზოგა. სასიცოცხლო ბიუჯეტი ათასჯერ მქონდა გადათვლილი, ამიტომაც ქვეცნობიერში ხარჯების შიში ამიწრიალდა და გამოყო თავი. ხელფასიდან რაც გადაურჩა სესხსსა და მეგობრებთან ერთად საშაურმეში სადილს, სულ 200 ლარი იყო. ეს თანხა თხილის შესაწამლ შხამქიმიკატებში, ბიდონის საყიდლად და კვების უზრუნველსაყოფად უნდა დამეზოგა, თან ისე, რომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ზოგჯერ პურის ნატეხებიც მეწილადებინა. მართალია, 300 ლარს ერთ კვირაში მივიღებდი აბიტურიენტებისაგან, ეს მაინც არ იყო საკმარისი. ყველანაირად ჩანდა, რომ თანხას მყარად უნდა დავპატრონებოდი. ცოტა ხანში ისევ მძლია ბლის იაფად ხელში ჩაგდებისა და დაგემოვნების სურვილმა. იმავე გზით უკან გამოვბრუნდი და რამდენიმე წამში უკვე დახლთან ვიდექი. ცივი გონებით კილონახევარი ბალი შევიძინე 3 ლარად. მართალია, წვრილი იყო, ზოგან მიჭყლეტილიც ერია. მაინც კარგ შენაძენად ჩამეთვალა. გამყიდველს იქვე ტყემალიც ედო, ფასი არ ეწერა. გადავწყვიტე ისიც მეყიდა. გამყიდველმა კილოგრამი ლარნახევრი დააფასა. ფასი მისაღები არ აღმოჩნდა ჩემთვის და დახლს ჩამოვშორდი. ზურგს უკან მესმოდა იგივე ხმა, რომელიც ახალ მუშტარს ტყემალს უკვე ერთ ლარად სთავაზობდა. თავი მოტყუებულად ვიგრძენი. ფაქტი ჩემს უბრალო, მაგრამ მოხდენილ ჩაცმულობას მივაწერე. ბაზრობაზე ხშირად შემიმჩნევია, თუ როგორ ექცევიან გამყიდველები კოხტაპრუწად გამოწყობილ მუშტარს, რომელთა ჯიბის სისქესაც გუმანით ხვდებიან. როგორც წესი, ასეთებს უფრო მეტს უფასებენ. ეს ისე მოხდენილად ხდება, რომ მდიდართა პირადი ღირსება ვეღარ ბედავს ფასის შევაჭრებას და მახეში გაბმული ისე შეტოპავს ხოლმე, ყიდვის ზღვარსაც გადააჭარბებს. ასეთ დროს გათამამებული გამყიდველი არხეინად ჩამოურაკრაკებს ფასებს, თითქოს დიდი შევაჭრების შემდგომ დაეკლოს მუშტრისათვის, თან უქებს მყიდველს მოხდენილ ჩაცმულობასა და მანერებს. ენამახვილური სიტკბოთი შეუძვრება სულის ისეთ კუნჭულებში, მთელი სამყაროს ბატონ-პატრონობას დააჯერებს და ბოლოს საფირმო დალოცვასაც მიაყოლებს: თქვენისთანა კარგმა პიროვნებებმა გაიხარონ უნდა ამ ცხოვრებით! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ნამდვილი იშვიათობა ხართ ამ ქალაქშიო.
მოსაცდელთან მისულმა მიმოვათვალიერე გარემო. ვიცოდი, უკვე სოფლისკენ მიმავალი ავტობუსები აღარ მოძრაობდნენ. მაინც დავიწყე ავტობუსებზე წარწერების კითხვა. ბოლოს გადავწყვიტე ქუჩის დაღმართს ჩავყოლოდი და იქ დამეცადა ქუთაისში მიმავალი მარშუტკისათვის. როგორც კი გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, მარცხნიდან ჩემკენ მომავალმა დაახლოებით 70-73 წლის მამაკაცმა ხელი ჩამავლო, თვალცრემლიანმა დახმარება მთხოვა: ვკვდები, მარტო არ დამტოვო, როგორმე სახლში გამიშვიო, რის შემდეგაც მკლავზე მთელი ძალით ჩამებღაუჭა და აქვითინდა. მოულოდნელობისგან გავხევდი, ლეპტოპის ჩანთა ჩამომისრიალდა, ფეხი შევაშველე, ასფალტს რომ არ დასკდომოდა. ნავაჭრი პროდუქტიც უხერხულად მეჭირა. მივხვდი, რომ ამ ამბავმა საგონებელში ჩამაგდო. თავდაპირველად მათხოვარი მეგონა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, შემდეგ აზრები სწრაფად გადალაგდა.
მისმა კვლავ ჩაბღაუჭებამ ჩემი უნდობლობა ისევ დააბრუნა. წამით დისტანციის დაცვა ვცადე. გაძარცვის საშიშროებამ გამიელვა თავში. თითქოს, ასაკოვანი კაცი ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა, ასე ჩაბღაუჭებული ჩანთაში ჩაყოფდა ხელს და ამაწაპნიდა იმ სახსარს, რასაც ასე გულმოდგინედ ვიცავდი. ამ შიშებს არგუმენტიც მყარი ჰქონდა. ასაკოვანი კაცის სახის სოლისებურობა და ტანის სითხელე სწორედ იმ ჯიბის ქურდების შესატყვისი იყო, ვინც მენახა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქურდობის პროცესში. შიში და უნდობლობა მალევე დავძლიე, რადგან თუ ასკოვან კაცს ცრემლიან თვალებში ჩახედავდით, ნახავდით სათნოების ნაწილაკებს, რომელიც ტკივილს გადმოსცემდა.
სველმა თვალებმა მშობელი მამა გამახსენა, რომლის ცრემლი მხოლოდ ორჯერ ვნახე. პირველად მაშინ, როცა სასოწარკვეთამდე გაცეცხლებული იყო და მისი შავი ვარდივით ხორცისფერი სახე არაფრით შეესაბამებოდა უეცარ ქვითინს. ამ დროს თითქოს დაუპატარავდა ჯანღონით სავსე გოლიათური სხეული. მაშინ მის მაგივრად შემრცხვა, ლაჩრული საქციელი მეგონა ტირილი. მეორედ 12 წლის შემდეგ, სიკვდილამდე თვე-ნახევრით ადრე, ახლობელი ადამიანების ღალატის, დაავადებული სხეულის ტკივილისა და გაჭირვებისაგან წამომსკდარი ცრემლი წარბშეუხრელ, მკაცრ სახეზე გორგალივით მსხვილ მარცვლებად ჩამოუგორდა. ამ ცრემლებმა მთელი სახე დაულბო და ჩამორეცხა მისი გაკერპებული სიმკაცრე.
კაცს მივუბრუნდი, სახეზე დავაკვირდი. შესაძლოა 70 წელზე მეტისაც ყოფილიყო. დაბეჩავებული ცხოვრების არაფერი ეტყობოდა. გავამხნევე – ნუ გეშინია! მითხარი, საიდან ხარ! თითქოს, ჩემი არ ესმოდა. იგი ისევ ქვითინებდა და დახმარებას მთხოვდა წყვეტილი სიტყვებით: -ნუ მიმატოვებ! მოვკვდები! სიკვდილი არ მინდა! სახლში გამიშვით! წასასვლელი ფული მაქვს. წნევა მექნება ალბათ 200. ახლა გული გამისკდება. ვცდილობდი დამემშვიდებინა. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მოზიარეს პოვნით შეგულიანებულმა, უფრო და უფრო უმატა ხმას. ვეცადე, ისევ გამემხნევებინა: ნუ გეშინია, შენს მარტო დატოვებას არ ვაპირებ. ტაქსთან მივიდეთ და გაგამგზავრებ. ამავდროულად ტაქსებისკენ დავიძარით, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელთან იდგნენ მგზავრების მოლოდინში.
მოხუცს გავუმეორე:- სად ცხოვრობთ? მიპასუხა: – კოლხიდაში საგვასალიოს უბანში. ისევ გავამხნევე: – ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა. მგონი, ახლა უკეთ ხარ. ტაქსმა მგზავრობა 12 ლარად შეაფასა. როგორც აღმოჩნდა, უცნობს თანხა შვიდ ლარამდე ჰქონდა, 6 ლარი და 75 თეთრი. ტაქსისტს ვთხოვე, იქნებ, 6 ლარად გაეყვანა. – არა, სად შემიძლია, ძმაო, ბენზინი სამი ლარი ღირს. საუბრისას ტაქსისტს გამოხედვა ძლიერ სერიოზული და საქმიანი ჰქონდა. აშკარა იყო საღამოს მუშაობის რიტმს ვურღვევდით, რადგან რამდენიმე წუთში ბაზარში შეძლებულ ვაჭართა ელიტა იწყებდა სამუშაოს დასრულებას და მათგან მეტი სარგებლის მიღება შეეძლო. მეც გული მეთანაღრებოდა ორი მიზეზით: მომავალი დღეების შიშით თანხის დამატება მენანებოდა, ასევე მაშინებდა მოხუცის მდგომარეობა და იმის წარმოდგენა, რომ, შესაძლოა, მგზავრობისას მისი ავადმყოფობა კიდევ უფრო დამძიმებულიყო. მიუხედავად შიშებისა, მოხუცს მივუბრუნდი და დავპირდი, მე შევავსებ თქვენს თანხას 12 ლარამდე-მეთქი. ამ დროს ტაქსის მძღოლმა შემომთავაზა გამოგვეძახებინა ტაქსი. ნომერი გვიკარნახა. უზარმაზარი კონკურენტი კომპანიის ნომერი ზეპირად ახსოვდა, თან დასძინა შედარებით იაფად წაგიყვანენო.
ტაქსისტს ჩამოვშორდით. იქვე მიწისქვეშა გადასასვლელის შავი მარმარილოს მოაჯირზე შემოვსვი უცნობი. ჩემი ნივთებიც მოაჯირზე შემოვაწყვე. მოაჯირს საღამოს განათების ბოძი ჰქონდა მიშენებული. უცნობი ცალი ხელით ამ ბოძს ეჭიდებოდა, ცალით ჩემს ხელს. როგორც იქნა, ტაქსი გამოვიძახე. ექვს კილომეტრზე სულ რაღაც 4 ლარი და 80 თეთრი შეაფასა ოპერატორმა, თან დასძინა ყოველი ახალი კილომეტრის შემთხვევაში 80 თეთრი დაემატებაო. გაირკვა, რომ ტაქსი 3 წუთში მოვიდოდა. პარალელურად მოხუცი ჩემი მარცხენა ხელის მკლავს მოულოდნელად მთელი ძალით ჩამოეკიდა, თითქოს იკრუნჩხებაო და გულში რამდენჯერმე ჩაიხუტა მარცხენა მკლავი. -აშკარად ცუდად ხართ? სასწრაფოში ხომ არ დავრეკო? მოხუცმა თავი დააქნია უარყოფის ნიშნად და ისევ აქვითინდა: არ მინდა სიკვდილი, გთხოვ, დამეხმარე, ახლა გული გამისკდება, ინსულტი მაქვს გადატანილიო. სწრაფადვე ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და 112-ზე დავრეკე. მოვითხოვე სასწრაფოს გამოძახება. ავუხსენი უცნობის მდგომარეობა და დავამატე, რომ ინსულტი ჰქონდა გადატანილი. შემდეგ ისევ ტაქსის გამოძახების სერვისზე დავრეკე და შეკვეთა გავაუქმე.
უცნობი მოხუცი კი მოთქვამდა და მომმართავდა: -რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ, ჩემი შვილის ტოლი ხომ ხარ? აქ ნუ დამტოვებ, დამეხმარე! მე როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი. ზუსტად ამ დროს ქერათმიანი ქალბატონი ჩვენ გვერდით შეჩერდა. მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირზე შემოაწყო ნაყიდი საქონლით გატენილი ორი პარკი. ჩანდა, ვიღაცას უცდიდა. მისი ვარცხნილობა თვალში მომხვდა. აშკარა იყო, თმა შეღებვის შემდეგ საგულდაგულოდ გაესწორებინათ. ვარცხნილობა და ფერი ქალის მრგვალ სახესა და ხორციან სხეულს ხელოვნურ იერს სძენდა. ეტყობოდა, იგი ძალიან ცდილობდა მოხდენილი იმიჯისა და მოდური რეპუტაციის დასაკუთრებას, რაზეც მისი ბრენდული სამოსიც მიგანიშნებდა. ქალი ჩვენს პროფილს უყურებდა, მისთვის ჩვენ წინ მდგომები ვიყავით. ესმოდა მოხუცის კვნესა, ხედავდა, თუ როგორ მებღაუჭებოდა, მაგრამ მის სახეზე მცირეოდენი შეწუხება, ან შეტოკებაც ვერ შევნიშნე. იგი იდგა მდუმარედ. ჩანდა, მისთვის ჩვენი იქ ყოფნა არ იყო რეალური. ეჭვიც კი შემეპარა, რომ იგი ჩვენ გვხედავდა. მისმა გულგრილობამ უეცრად ჩემი გონებრივი სივრცე გახსნა, დამიბრუნა სამყაროს რეალობის აღქმა. ჩვენ ირგვლივ ხალხი მოძრაობდა. წესით მათაც უნდა სცოდნოდათ, რაც ხდებოდა უცნობი მოხუცის თავს, მიუხედავად ამისა ორივეს უჩინარის ნიღაბი გვეკეთა. ხალხი კი გნიასობდა და ბზუოდა.
20 წუთში ხელახლა დავრეკე სასწრაფოში. ოპერატორმა “დაგვამშვიდა,“ სასწრაფო დღეს გადატვირთულია, როგორც კი მოახერხებენ, მოვლენ თქვენთანაც. ხელახლა ავუხსენი მდგომარეობა, მოხუცის გადატანილი ინსულტი, რაზეც ოპერატორი გაღიზიანდა. კვლავ ვცადე ამეხსნა მისთვის. მივხვდი, ახსნას აზრი არ ჰქონდა, მოვუბოდიშე და გავუთიშე ტელეფონი. რის შემდეგაც ჩემს თავზე გავბრაზდი, ნეტავ რატომ მოვუბოდიშე?
სასწრაფოს დაგვიანებამ შიშში ჩააგდო უცნობი. იგი ისევ პანიკურად მთხოვდა დახმარებას. თვალებში ჩავხედე და გასამხნევებლად ვუთხარი, აშკარად უკეთ ხართ, წინათ ფერი არ გედოთ სახეზე, ახლა ფერი დაგიბრუნდათ. მოხუცმა თავი დამიქნია, ალბათ, ცოტათი უკეთ ვარო. მე კი ამ დროს გონებაში ვალაგებდი აზრებს. რის შემდეგადაც დავასკვენი, რომ მაღალი წნევისას შეიძლება შიშის სინდრომი აქვს. ამ დროს გზის საპირისპირო ზოლზე სასწრაფოს მანქანამ ჩაიარა. აი ორ წუთში მოვლენ, შევაგულიანე მოხუცი. 20 წუთის შემდგომ მოხუცი ისევ პანიკურად აქვითინდა და აყვირდა ახლა იგი 112-სა და სასწრაფოს დაწესებულებებს აგინებდა.
იმედდაკარგულმა ახალი ფიქრი წამოვიწყე. ეს საღამო განსხვავებულად განვითარდა ჩემთვის. ექსტრემალურ მდგომარეობაში აღვმოჩნდი. თითქოს, თავიდანვე ვგრძნობდი, რაღაც მოხდებოდა, არც ისე უჩვეულო, მაგრამ ამჯერად ჩემთვის განკუთვნილი. ეს მდგომარეობა ასაწყობ ფაზლს ჰგავდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ფაზლს ყველა კუთხე და წახნაგი ტყუპებივით მსგავსი ჰქონდა. ნებისმიერ ნაწილს შეაერთებდი ერთმანეთთან, მიღებული გამოსახულება ყველასთვის იარსებებდა, როგორც ჭეშმარიტი მოცემულობა. ამ ფაზლს ერთი ფიგურა აკლდა და სწორედ ამ ფიგურას ვეძებდი, რათა აღმედგინა ქაოსური წესრიგი. როგორც ჩანდა, ამ მისტიური ადგილის ქაოსური წონასწორობა თავიდანვე დაერღვია ვიღაცას. მაინც რომელი ფაზლი გამომრჩა? რომელი არ იყო ადგილზე? ბულვარიდან პატრულის სირენის ხმა ჩამესმა: ფაზლი – მორიგე სამართალდამცავი. მართლაც ამ საღამოს გარე ბაზრობის პერიმეტრზე არცერთი პოლიციელის ჭაჭანება არ იყო. სხვა დროს კი ორი, ოთხი ან უფრო მეტი პოლიციელი იდგა ხოლმე ჭადართან და ბაზრის შესასვლელ ჭიშკართან.
ფიქრებისგან გამორკვეულმა თვალი შევავლე მიწისქვეშა გადასასვლელისაკენ მომავალ ახალგაზრდას. ვთხოვე დაგვხმარებოდა. ცოტა ხანში ორ პოლიციელთან ერთად გამოჩნდა. ჩემკენ უთითებდა. ბიჭს მადლობა ვუთხარი. იგი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა და თვალს მიეფარა.
პოლიციელებს დეტალურად ავუხსენი შექმნილი მდგომარეობა. მათ მოხუცს შეხედეს და ჰკითხეს: -საიდან ხარ? მოხუცმაც უპასუხა:- კოლხიდიდან ვარ. შემდეგ ისევ მომიბრუნდნენ და მკითხეს: -თქვენ ერთად ხართ? ვუპასუხე:- არა! ისევ თავიდან დავიწყე ყოველივეს ახსნა, თუ როგორ მოვიდა უცნობი ჩემთან, როგორ დავრეკე სასწრაფოში. პოლიციელები მზერით ათვალიერებდნენ მოხუცს. შემდეგ ჩემთვის მოულოდნელი შეკითხვა დაუსვეს, ხომ არ დაგილევიაო. მაღალმა და მხარბეჭიანმა ივარაუდა, მგონი შაქარი აქვსო. იქნებ, ვინმეს ჰქონდეს შაქრის გასაზომი მოწყობილობა. მე ისევ გავიმეორე, სასწრაფოში ორჯერ დავრეკე, ალბათ უკვე მოდიან-მეთქი. პირველი პოლიციელი კვლავ მიუბრუნდა მოხუცს, კოლხიდაში რა ადგილას ცხოვრობ?
– საგვასალიოს უბანში,- უპასუხა ავადმყოფმა. -ტაქსით გავუშვათ სახლში. შემდეგ მე მომიბრუნდა, სასწრაფოში ისევ დარეკე და გააუქმებინე! ამას ისეთი არაფერი სჭირს, როგორც ჩანს, დალია და შაქარმა აუწია. ამ დროს ავადმყოფი მოაჯირიდან წამოდგა და ტროტუარიდან ასფალტზე გადააბიჯა, მის თვალებში ჩვენი ანარეკლი მკვეთრად გამოჩნდა.
პირველი პოლიციელი ჩემკენ მობრუნდა, შემახსენა სასწრაფოში დამერეკა. შემდეგ დაამატა. ამას შაქრის დამწევიც უშველის, თუ სასწრაფო მოვა, იგი აუცილებლად პოლიციას გამოიძახებს და მოგიწევს ჩვენების მისაცემად გაყოლა, ტყუილა დროსაც დაკარგავ და ენერგიასაც. შენ დარეკე, გააუქმებინე სასწრაფოს ვიზიტი. ჩვენ მივხედავთ ამ პიროვნებას, შენ თავისუფალი იქნები. ვინცა ხარ, გეტყობა კარგი კაცი ხარ.
ამ დროს ავადმყოფი კვლავ ტროტუარზე ამოვიდა. მე 112-ში გადაუდებელი დახმარების ცენტრში დავრეკე: -ზუგდიდიდან გირეკავთ, რუსთაველის ქუჩა, ბაზრის წინა ტერიტორია. ავადმყოფი კარგად გახდა, სასწრაფოს მოსვლა აღარ არის საჭირო.
შელოცვასავით, ნახევარ წუთში სასწრაფოს ეკიპაჟმაც დარეკა. მობილური ხმამაღალზე ჩავრთე. გადმოსული ვართ, დარწმუნებული ხართ, რომ მოსვლა აღარ არის საჭირო?
– დიახ, დარწმუნებული ვართ.
პოლიციელები ჩვენ წინ მდგომ ტაქსს მიუახლოვდნენ: ეს კაცი უნდა წაიყვანოთ სახლში, კოლხიდამდე მიდის. ამ კაცს შვიდ ლარამდე თანხა აქვს,- გამოვექომაგე მეც. -ხუთ ლარად გაიყვანეთ! ცუდად იყო, დასვენება სჭირდება!- ბრძანა პირველმა პოლიციელმა. ტაქსისტს ხმაში უკომპრომისობა დაეტყო:- მხოლოდ 12 ლარად გავიყვან. მე ისევ ჩავერთე საუბარში და ტაქსის აპლიკაციით გამოძახება შევთავაზე. მაშინ ავადმყოფი გვერდით ამომიდგა და მკითხა: -ვინ ხარ?, რა გქვია? შენი გვარი მაინტერესებს, რომ მოგძებნო. ჩემი შვილი ყურადღებას მოგაქცევს. მივუგე:- არ არის საჭირო. ამ დროს შევნიშნე, მოხუცის ცხვირის ნესტოდან ოდნავ სისხლს გამოეჟონა. ეს პოლიციელებს ვანიშნე, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია. ტაქსს გამოვუძახე, აპლიკაციიდან ტაქსის მოსვლის დრო და მძღოლის მონაცემები დავტოვე და ყველას დავემშვიდობე.
ჯერ კიდევ მოედნამდე არ ვიყავი მისული, ტაქსის მძღოლმა დამირეკა: ბაზრის წინ ვარ, თქვენ რა ადგილას ხართო. ავუხსენი: კონკრეტულად მე იქ არ ვიმყოფები, მაგრამ მიწისქვეშა გადასასვლელთან არის ერთი პიროვნება, ასე სამოცდაათ წლამდე. მის წინ მუქი შინდისფერი ტაქსი დგას, იქვე ორი პოლიციელიც იქნება. -მაიცა, გადმოვალ მანქანიდან,- მითხრა შეწუხებულმა ხმამ ტელეფონიდან. მალევე მამცნო, რომ მუქი შინდისფერი ოპელის მეტი იქ არავინ იყო. ვურჩიე, პოლიციელები მოეძებნა და მათთვის ეკითხა. მალევე ტელეფონში ახალი ხმები მომესმა. პოლიციელებმა ტაქსისტს უთხრეს, რომ ავადმყოფი სხვა ტაქსით გაამგზავრეს. ცხადლივ წარმომიდგა, თუ როგორი რიდით გასცილდა ტაქსისტი მათ. მე ისევ მივუბრუნდი მობილურიდან მოპასუხე ხმას: ავადმყოფი შევამჩნიე, პოლიციამ მთხოვა დამერეკა, ჩემი მოვალეობა მოვიხადე, ბოდიშს გიხდით, ტყუილად მოგიწიათ მისვლა-მეთქი. ტაქსისტმა ნელი სევდანარევი ხმით, რომელიც იმავდროულად უკმაყოფილებასაც გამოხატავდა, წარმოთქვა: – რას ვიზამთ,- და გათიშა. გზა განვაგრძე, ისევ ჩავფიქრდი. ამ საღამოს უკვე მეორედ მომიწია ბოდიშის მოხდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია. ტაქსის გამოძახების აპლიკაცია იყო. ,,თქვენთან მოვიდა ავტომობილი, ლურჯი ფერის ოპელი, ნომერი 378“. როგორც იქნა, მოედანს მივაღწიე. უკვე გვიანი იყო. გამვლელი ტაქსი თუ წამიყვანდა დანიშნულების ადგილას მიკროავტობუსის ფასად. გაჩერებაზე ახალი მეზობელი დავლანდე. იგი ჩემს უბანში არ ცხოვრობს. ჩვენთან მეზობლის სტატუსს მომიჯნავე უბნის მცხოვრებლებიც ინაწილებენ. ნახევარ საათში ტაქსის გაჩერება შევძელით, ხობში მიდიოდა. მანქანაში ჩავსხედით, სასიამოვნოდ მომეშვა და ამოვისუნთქე. ცოტა ხანში ჩანთიდან ხურდის ამოღებისას მარჯვენა ხელზე მიმხმარ სისხლს მოვკარი თვალი. ისევ გამახსენდა ავადმყოფი, მცირეოდენი სისხლი მისი ცხვირის ნესტოსთან. ნეტავ მაშინ რა დაემართა, ან ახლა როგორ არის? ტაქსი სწრაფად მოძრაობდა. ჩვენი უბნის შესასვლელთან გავაჩერეთ. პატივისცემის ნიშნად მეზობლის თანხაც მე გადავიხადე. ჩამოსვლისას უცნაურად მეჩვენა გაჩერებაზე მეზობელს ცოლი რომ დახვდა, რადგან თვითონ ხელცარიელი იყო, ტვირთი არ მოჰქონდა, დახმარება რომ დასჭირვებოდა.
მე წინ წავედი. ამ დროს გავიგონე, როგორ უსაყვედურა ცოლმა, თანხა თუ გქონდა, ასე შორიდან რატომ გამომიყვანეო.
სახლისაკენ ისე გავემართე, როგორც საიმედო თავშესაფრისაკენ, თუმცა მარჯვენა ხელზე მიმხმარი სისხლის ლაქაც შემქონდა.
2023 წ, სექტემბერი
Leave a Reply