პროზა

მაია ღუბელაძე – CARPE DIEM !

ჩვეულებრივი დღეა.

მთელი დღე შეუძლია იწვეს და უცქიროს სივრცეს… უსასრულობას ან უბრალოდ- არაფერს… თუმცა, რა არაფერს- წარმოსახვას! სივრცე ხომ ტილოს გავს, ხატავ უნაკლოდ და ზუსტად!

იმ დროს სულ და ძალიან ბევრს ხატავდა … 

                                     ///                   ///     /// ///

უჩა განწყობის ტიპია… 

ერთ დღეს მოუნდა და ოთახის ჭერი პოლოკისეულად მოხატა.

 მოეწონა!

იცვლება…

ძმაკაცები ხშირად აკითხავენ. ეწევიან. საათობით ეძებენ ჭერის აბსტრაქტულ ქაოსში სილუეტებს… მერე ერთმანეთის წარმოსახვებზე ხარხარებენ. 

უჩა რომ შეცვლილია, ძმაკაცებიც ამჩნევენ

– არაფერი, რას უნდა შევეცვალე ?!

უჩა ბევრს ეწევა.

ტელეფონი რეკავს.

უჩა ტელეფონს არ პასუხობს.

ტელეფონი ისევ რეკავს.

ბიჭები ხვდებიან, რომ წასვლის დროა…

  • … გელოდებოდი…
  • ხომ დაგირეკე!
  • თუმცა არც ახლა მეტყვი ვინ ხარ…
  • მეკო…
  • და რა თქმა უნდა ვერასდროს გნახავ…
  • შენ ყველაზე მეტად მიცნობ … 

მეკო ყოველ საღამოს ურეკავს… საათობით საუბრობენ… ყველაფერზე, გარდა შეხვედრისა… უჩამ იცის, დაჟინებით გოგონას დაკარგავს… 

მეკო პეიზაჟებს იღებს და primary მოსწონს, უჩა ფიქრობს, რომ secondary ფერები თვითგამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობაა… მეკოს ხმაურიან ქუჩებში ხეტიალი უყვარს, უჩას გარეუბნის სიმშვიდე… მეკო ამბობს, რომ ობიექტივი გონების თვალია და წამის დაჭერა ფოტოგრაფიის გენიალობა, უჩასთვის კი ფუნჯი ფერების მაგია…

ალბათ, სწორედ ამიტომ მოსწონთ ერთად…

– ,,წარმოსახვას“ გამოვფენ…

  • დაასრულე?
  • გუშინ…
  • როდის?
  • ერთ კვირაში. მოხვალ?
  • ვნახავდი… 
  • მე…მე, აუ, როგორ გიცნო?..

გოგონას უცნაურ აკვიატებაზე ბრაზობს, თუმცა, მასთან საუბარი მოსწონს. შეეჩვია… 

ალბათ აუცილებლად მოვა… 

შვიდი დღე არა და არ გადის… 

ოთახიდან თითქმის არ გამოდის. 

ტელეფონი დუმს.

ძმაკაცები აკითხავენ. ეწევიან. ,,დორსებს“ უსმენენ, ჭერზე სასურველ სილუეტებს ეძებენ… თანხმდებიან, რომ იქ და იმ დროს არ არიან და რომ …  people are strange …   

… თუმცა, უჩაც უცნაურია…

                                                   ///           ///   /// ///

საკუთარი ოთახი ერთფეროვანი ეჩვენება.

ჭერზე უკვე შეჩვეული შტრიხების გადახატვა მოუნდა… გადაიფიქრა…

 ამჯერად კედელს აშხეფა ცივი გამა… საღებავის ქაოტური წვეთები სილუეტებს იძენს …  ფუნჯზე ფერები თანდათან თბებიან … სასიამოვნო მოგონებები ცოცხლდებიან…

ეღიმება…

თურმე, შემთხვევითობას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მეტიც, ბანალურობასაც შეუძლია…

  • დილა მშვიდობის.
  • გამარჯობა… ვინ ხარ…- უჩა ისევ ძილ-ბურანშია.
  • მეკო ვარ ბატონო ალექსანდრე!- გოგონას ძალიან თბილი, საოცარი ხმა აქვს!..
  • რა?!. ჰო… ბატონი ალექსანდრე ვარ… ?! – ძილს ვერ ერევა…
  • დიახ… ბატონო ალექსანდრე, დელეგაციას შვიდ საათზე უნდა დახვდეთ. ვრეკავ, რომ შეგახსენოთ.
  • რა ვიცი, რომ დავიძინე უჩა მერქვა… იღვიძებს!.. ორივეს ეცინება… უჩას ძალიან მოსწონს გოგონას სიცილი…
  • ბოდიში… მაპატიეთ…
  •  არა, არა, დილის ექვს საათზე როცა მაღვიძებენ, საშიში ვარ, ძაალიან საშიში. თუ გინდა გაპატიო, დამირეკე…

მეკოს ზარს მთელი დღე ელოდება… 

მეკო გვიან რეკავს…

                                        ///                     /// ///                   ///

,,წარმოსახვა“ მოსწონს. თვლის, რომ ასე კარგად არასდროს უსმენდა ფუნჯი. 

გალერეაში ოცდაათამდე ნახატი და უჩვეულოდ ბევრი ხალხია.

,,წარმოსახვა“ მოსწონთ!.. ძალიან!…

საკუთარ ტილოებთან ატუზული დამწყები მხატვრები კომპეტენტურთა განაჩენს ელიან. უჩა მათ არ ჰგავს.

  • ფოვისტური ნახატები ნაკლებად მიზიდავს… რომ ეჭიდები, მინიმუმ მატისი უნდა გეგონოს თავი!..

ეპატაჟური გარეგნობის კომპეტენტური ხელოვნებათმცოდნე უჩას გვერდით მჯდარი ახალბედა მხატვრის თვითშეფასებას ასამარებს… უჩას ეღიმება. კიდევ ერთხელ მოსწონს, რომ ხატავს, მხოლოდ სიამოვნებისთვის… 

მოვა! 

იგვიანებს…

დარბაზიდან გადის. 

ეწევა.

ძალიან მოკლედ შეჭრილი, მოლურჯოთმიანი გოგონა ფოტოაპარატს ნერვიულად აწვალებს და შეძლებისდაგვარი მოთმინებით ელოდება რიგს…  

დარბაზში ბევრი ნახატია… დამთვალიერებელიც… 

გოგონა ტილოს რამდენიმე ფოტოს უღებს…

  • ჩემი ,,წარმოსახვა“ ფოტოების გადაღების წინააღმდეგი არ არის…
  • ჰო, შევამჩნიე- უხერხულად ეღიმება გოგოს.
  • მეკო… 
  • დიახ, ასე მქვია- ათასი ჭინკა უკრთის გოგონას თვალებში.

გოგონას წარმოსახვა ძალიან მოსწონს, ბიჭი ბედნიერი და აღელვებულია… მეკო თვლის, რომ ,,წარმოსახვაში“ მისი ხასიათი ჩანს… საუბრობენ.

  • უჩა?! ჩემი პორტრეტი გამოფინე და გამომრჩა?!.- ვულგარულად თამამი გოგონა ეხვევა… მეკოს ისეთი განცდა აქვს, რომ მესამეა…
  • არა, არა, მე…-  უჩა იბნევა… – ხომ იცი… მერე აგიხსნი…
  • თითქმის აღარ დადიხარ აკადემიაში, ახლა სხვა მენატურე გყავთ, ქეთი… ქურდიანის გამოცდას ეხუმრები? რას აპირებ?…

 უჩა გოგონას აღარ უსმენს… უპასუხოდ ტოვებს. ნატურა ვერაფერს ხვდება… უჩას უყურადღებობაზე ბრაზობს. თუმცა, მალევე ივიწყებს და სხვა ნაცნობს პოულობს.

უჩა მეკოს ეძებს…

მეკო არსად ჩანს…

შემთხვევითობას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია! მეტიც, ბანალურობასაც შეუძლია!.. 

ბანალურ შემთხვევითობას, მით უმეტეს !..

 ჩვეულ დროს მეკო არ რეკავს… 

დილით, კარებთან კონვერტი ხვდება…  ,,წარმოსახვას“ ახლა მეკოს ,,გონების თვალით“ ხედავს… ყველა ფოტოს ერთი წარწერა აქვს – carpe diem!

მეკო ისევ არ რეკავს…

არც მეორე დღეს…

არც მერე…

                                                    ///                    ///     /// 

ფერები ბაცდებიან…

ცხოვრება ერთფეროვანია.

დღეები გასაკვირად გავს ერთმანეთს  – თითქოს სულ ერთი და იგივე თენდება ბევრჯერ და ყოველდღე… 

 დღესაც, ჩვეულებრივი დღეა!..

2018 წ.

*  CARPE DIEM ( ლათ) – დაიჭირე წამი

ზიგზაგი

სექტემბრის თბილი დილაა. 

მე და ნანა დილიდან გაწამაწიაში ვართ – წიგნებს ვარჩევთ. უთვალავ მათგანში საჭირო სახელმძღვანელოებს ვერა და ვერ ვპოულობთ. 

  • მშობლების ბაზრობაზე ხომ არ გაგვევლო?
  • ?!
  • ჰო, სასკოლო ბაზრობაზე იკრიბებიან და წიგნებს ცვლიან რა?! შეიძლება გავყიდოთ კიდეც!
  •  არ მაქვს მე ამის შნო- ვცდილობ თავი შორს დავიჭირო.
  • რა შნო უნდა ამას, გადამრევ შენ რა?!  ვიღაცას მეორე კლასის წიგნები ჭირდება, შენ მეხუთესი, მე კიდევ მეშვიდე კლასისა.  გავცვლით და მორჩა!- არ იშლის ნანა.
  • რა ვიცი, რა ვიცი…

წიგნებით სავსე ზურგჩანთის სიმძიმეს არ ვიმჩნევ და  ვცდილობ, ნანას ნაჩქარევ, მტკიცე ნაბიჯებს ფეხი ავუწყო.

                                                        <<<<<<                           <<<<<<<                 

სასკოლო ბაზრობა ხალხს ვერ იტევს. მშობლები აქ შვილების ნაქონ წიგნებს ერთმანეთში ცვლიან, გადამყიდველები კი იაფად იბარებენ და ძვირად ყიდიან. 

წიგნების სიმრავლე თავბრუს მახვევს.

  • მეშვიდე კლასის წიგნები ხომ არ გაქვთ, მეათე კლასისაზე გადაგიცვლით – მეკითხება ჩემსავით დაბნეული, ამ ,,გაუგებრობაში“ შემთხვევით მოხვედრილი, სანდომიანი ქალი.
  • მეორე კლასისა მაქვს, მეხუთესი მჭირდება- ცოტათი დაბნეულად ვპასუხობ.
  • გაყიდეთ, კარგად გაგეყიდებათ, იქნებ ჩემიც გაიყიდოს – ცდილობს შემაგულიანოს.
  • აკი გითხარი! – ნიშანს მიგებს ნანა.

 ზურგჩანთიდან წიგნებს ვიღებთ და მოხერხებულ ადგილას ვდგებით. ნანა ,,კლიენტებს“ უცებ პოულობს. მე კი, ისეთი დაბნეული ვდგავარ, ოქროს ზოდი რომ მეჭიროს, ზუსტად ვიცი, არავინ იჩუქებს.

ბაზრობის რია-რია ცოტათი მღლის.

  • შენ აქ წიგნებს ვერ გაყიდი. ჩავიბარებ თუ გინდა- შუახნის, აღებ-მიცემობის ავან-ჩავანს კარგა ხნის წინ ნაზიარები ქალი ვაჭრულად მზვერავს და ჩემდა გასაკვირად, სადღაც, გონების სიღრმეში აკვიატებულ აღებ-მიცემობის აზარტზე ცივ წყალს მისხამს.
  • არა, გმადლობ- სასწრაფოდ ვპასუხობ… თუმცა… რატომაც არა?! –  თევზისთვალება ქალის ირიბ გამოწვევას ვიღებ!

…და ამპლუა თავისთვად მოდის! 

  • რა წიგნები გაქვს? – ინტერესდება იქვე მდგარი ,,ახლადგამომცხვარი“ გადამყიდველი. ყურადღებით მაკვირდება, შემდეგ ჩემ ,,საქონელს“ ათვალიერებს და საკუთარ უპირატესობაში ღრმად დარწმუნებული, რჩევა-დარიგებას არ ზარდება:
  • მაღლი ფასი დაადე, კარგად გაიყიდება! 

 რაღაცნაირი ნიშნისმოგებით მიყურებს და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობს. ახერხებს კიდეც! – მისი ზორბა სხეული საიმედოდ გვფარავს მე და ჩემ წიგნებს. ალბათ ნანასაც ( ბაზრის კონკურენციის თავბრუდამხვევი არსი ნანას მავიწყებს). 

ნანა არსად ჩანს… 

დაბნეული ვაცეცებ თვალებს, ვეძებ…

გამვლელებში ნაცნობს ვამჩნევ. ჩემი ამპლუა იმდენად აბნევს, რომ სალამს თავს ვერ უყრის… მეორესაც იგივე ემართება…

როგორც იქნა – ნანას ვპოულობ! 

 უამრავი კლიენტი ახვევია!

რატომღაც, ეს ყველაფერი ძალიან მართობს… შეიძლება ითქვას, რომ მომწონს კიდევაც ( იმდენად, რომ ნანას წიგნების ,,პიარსაც“ ვბედავ (?!)

  • ქიმიის წიგნი სულ ახალია ქალბატონო, ზარმაცი ბავშვის ნაქონია და კარგადაა შენახული!- ნანას შეყოყმანებულ კლიენტს სიტყვას ვაწევ.
  • ეს ისტორია არ ვარგა, ძველია, თანაც ძალიან ძვირია – ცხვირს იბზუებს შუახნის, ღაჟღაჟა ქალი. 
  • ქალბატონო, ძველი რომაა იმიტომაცაა ღირებული ისტორია, თორემ ახალი რომ იყოს, საინფორმაციო გამოშვება იქნება! – უკვე ვხალისობ. 
  • ისტორია! ისტორია რვა ლარად! ისტორია იყიდება!- აზარტში შესული ნანას მარკეტინგს პოლიტიკური იერი დაკრავს!
  • წავიდეთ, დავიღალე- ვწუწუნებ. ნანა არ ნებდება!

                                                               <<<<<<                           <<<<<<<                 

ჩემი წიგნებით სავსე, ზურგჩანთამოკიდებული ნანა ბუზღუნ-ბუზღუნით მიუყვება აღმართს, ბრაზობს და  თან ვაჭრობის მარიფათს მიწუნებს…

თავს ძლივს ვიკავებ, ნანაზე მეცინება! 

ცოტა ხანში ორივე სიცილ-ხარხარით მივუყვებით ქუჩას- ჩემ ვერშემდგარ დებიუტზე ვხალისობთ!

… ჩემი უსაყვარლესი ლექტორი მახსენდება, პირველ კურსზე ჟურნალისტებს საინტერესო ცხოვრებას გვაჩვევდა – ,, მეტი ზიგზაგები! ცხოვრება ზიგზაგებით არის საინტერესო“!- ჩამესმის მისი აღფრთოვანებული შეძახილი!

მეღიმება…

  • ზიგზაგი!..
  • ?!

2010 წ.