. . .
ეს თამაში – არავისთან –
ქარის ბარტყებს (სახეზე რომ მაწყდებიან)
ახალისებს –
ვარ და აღარ ვარ.
საქანელას შევყავარ და გამოვყავარ
რაღაც ახალში,
სადაც არ ვდგავარ მარტოდმარტო
არც ერთ ღამეში –
გაოგნებული,
ბებუთივით სანახევროდ ჩასობილი
ქალაქის ბეჭში.
ესენი კი წვეთოვანებს აქეზებენ
ჩემს წინააღმდეგ –
თეთრ ხალათებში რომ მალავენ
კანზე მიმჯდარ წყვილ-წყვილ მკერდებს,
როგორც ლეკვებს –
ჯადოს თუ ახსნი,
ქოფაკებად რომ იქცევიან.
წამალი დაშლის,
კვერთხებივით ჩამომართმევს
თვითმკვლელობის ძახილის ნიშნებს.
და დავრჩები
ისე არავისთვის,
როგორც ამოქოლილ გვირაბში გათოვება…
***
ღამის თორმეტ საათზე
მეტროს ბოლო მატარებელში მოხვედრილები
მთელი წაღებული ქალაქიანა მიჰქრიან სადგურ-სადგურ
და მათთანაა რაღაც ისეთი გამაოგნებელი
და გამაშეშებელი სინათლე,
როგორც დაუმსახურებელი სამოთხე.
სინამდვილეში კი სიმართლე ჩვენკენაა -
ვინც ვერ მივუსწარით ბოლო მატარებელს,
ვისაც ცხვირწინ დაგვეხურა
ბოლო ვაგონის ბოლო კარი.
ვინც დავრჩით ქალაქგატანილ უსულო სადგურში,
სადაც ხმის ამოღებასაც რომ ვერ მოსთხოვ
და ჩასასუნთქადაც რომ ვერ გაიმეტებ,
ისეთი გადაქანცული ჟანგბადი დაგვიტოვეს.
* * *
აღმოჩნდა, რომ ყველა სიტყვა -
მდუღარე წყლის ფსკერზე.
ჩავდივარ, ხორცს ვიწვავ, ამომაქვს,
ვითვლი, ზუსტად ორად ვყოფ:
ზოგი - შვილებს, ზოგი - ლექსებს.
არ ჩავალ-მეთქი დანარჩენებისთვის მდუღარეში.
ქუჩა კი გრძელია და ფართო
და ყველგან თქვენა ხართ.
ხოლო გზად გხვდებით ასეთი სამარცხვინო მე:
კაბა - ცალ მხარეს გრძელი,
რადგან ჩამომერღვა,
დაუვარცხნელი თმა - შავი რეზინით შეკრული
და გულიც კი იაფფასიანი საფულესავით
შესაკრავმოშლილი -
თავისით მეყრება იქიდან
სიმწრით გადანახული
შვილებისა და ლექსების სიტყვები
და ასე გამოდის,
რომ გელაპარაკებით.
ლია სტურუას
რა მაღლა ცხოვრობთ!
არ გეშინიათ?
ხომ შეიძლება,
რომ ღრუბელი შემოვიდეს ღია ფანჯრიდან...
ან - მზეს თვალებში ჩაეფერთხოს
მტვერი, რომელიც
ყოველდღე ჩვარით გაგაქვთ ოთახებიდან...
თქვენ ქვემოთ ფრენენ ჩიტები
და უფრო დაბლა ფრენენ პეპლები.
და მთელ სახლში ფეხისწვერებზე დგანან ნივთები,
რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ,
როგორ ყვავილობს ძირს შადრევანი;
ან - დაინახონ,
როგორ იმსხვრევა
ბრჭყვიალა მინა პირველ სართულზე...
რა მაღლა ცხოვრობთ!
ვერ აღწევენ ჩიტები და ბურთები
და შადრევნები თქვენს ფანჯრებამდე
და მოწყენილი ფარდები
ზოგჯერ გარეთ იპარებიან
და ფრთხიალებენ, როგორც ფრთები ოთახების...
რა მაღლა ცხოვრობთ!...
***
ნუგეში,
როგორც შავი თხილის სახეში მოყრა.
შენ თვითონ დატეხეო,
შენ დააცალეო სიტყვებს ნაჭუჭები.
გადაარჩიეო რომელი გჭირდებაო,
რომელი – არა.
დღეს კი გიბრუნებთ ამ ნუგეშებს დაუტეხავად.
არ გამომიყენებია მე ისინი არც არასოდეს.
აღარც მახსოვდა, ტომარაში მიგროვებია.
დღეს მივაგენი, გამოვყარე, აღარ მჭირდება.
არც დამიტეხავს,
არც მინახავს,
არც გამისინჯავს,
ისე ჩაჭკნენ ნაჭუჭებში და ჩაიმჩვარნენ.