პოეზია

 ლეონტი  ქვარაია – ლექსები

სხივები

სად გაქრნენ ლომები,

ბრძოლის სურვილით მშიერნი,

სიყვარულის ცეცხლოვან რკალებში გამძვრალნი?
შეუძლიათ სხვისი ტკივილი საკუთარივით გაითავისონ,

თუ ჰყოფნით სანახაობრივი სიამოვნების

როყიო სხეულებად ყოფნა?!
მთვარიდან დორბლმა გამოჟონა,

ღრუბლებში მოისაქმეს, ქარმა წაიღო მათი ბალანი,
ჩვენს შორის აღმართულ კედლების ფხაჭნით ცდილობენ

საკუთარი სექსუალური შიმშილის ჩაკვლას,

ქსანაქსებით და ვალიუმით დაჩლუნგებულნი.

ისეთი ინსომნია აქვთ

თვალებს მხოლოდ შხაპის დროს ხუჭავენ.

მათი დამწვარი თმის სუნით
დაფარულია ცა თუ ხმელეთი.
ალბათ კვლავ უყვართ ერთმანეთი
და ემართებათ ელეთმელეთი.
სანამ ცახცახებს ოქროს ფაფარი,
აღმოხდების მზეც ოქროსფერი, სხივების რწყევით,

სინათლიდან სიბნელეთი.
ბოლომდე დარჩებოდა თავისთავად ნაგულისხმევი

რეალობის აუნაზღაურებელი დანაკლისი,

რომ არა იმპულსი, არეული და უმოწყალო.

ზასაობისას ამოღებული კუჭის წვენი,

საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს აყოლა,

მშობლების მხრიდან გამოვლენილი

წრეგადასული ყურადღება.
აპირებ ქრისტიანი გახდე, ყველა ცოდვა მოინანიო,
ანდო ღიმილი ექიმის ოჯახში დაბადებულ ფილოსოფოსებს.
ისინი გაანათებენ კაპილარებს, ისტორიულებს ციფრთაგან.

გაიჭედება ჟანგიანი კიდე გულების,
როგორც საკლასო ოთახის ბოქლომი.
ცოცხალივით დააღებს პირს ეს ოქროს ლომი,
სადაც უთვალავი სიგარეტია ჩასრესილი.
მის კანზე სხივი, მოალერსე, დიდებულების,
ციტრუსის სუნამოთი აყროლებული,
უკანასკნელი შეყვარებული დედამიწაზე,

უბრალო გმირი ნაწარმოების.
სად წავლენ ლომები? რას დაიტევს ინტერიერი?
სიგარეტი ფანჯარასთან მოვწიოთ,

გარეთ საშინელი ქარია,
როგორც ჩვენი განშორების დღეს.
ვიღაცის დავარცხნილი თმა ყრია ქუჩაში.

სკოლა

აქ დევს ჩემი გული,

გისოსებიან მკერდში იყინება,

ჯერ კიდევ ძალუძს ფეთქვა.
მონაზვნად აღსაკვეც თოვლთან ერთად
აგონიისას სისხლივით წაგსკდა
სიმარტოვის სიმარტივე,

გამაბრუებელ ხმებზე მოსრიალე მოსწავლეები
კედლებს შუა ცდილობენ გავლას.
სასკოლო მერხებზე ამოკაწრული სიყვარულის ახსნა,
სიგარეტის კოლოფში ჩადენილი სუიციდი,
ხორცით მძინარე მშობლური რჩევა,

სიმარტივის სიმარტოვე.
ანგელოზებმა სინანული გზაზე დაყარეს, როგორც ქვირითი.
ზღვის დისონანსი გამოიტანს ნაპირზე ნივთებს,
დუჟმორეული შამპუნის ბოთლი, გადატეხილი დეოდორანტი,
ხელის კრემი, ღამის ნიღაბი.
მონიშნე ადგილი, I’m not robot.

ჩვენი სიყვარული ამ ნივთებივით გამოუსადეგარი გახდა,
მზეც გასნობდა,
მოსწავლეები მხოლოდ ნაცრისფერ ცას ხატავენ
და როცა ნოე მკითხავს: გესმის?
მე არ შემეძლება რამე ვუპასუხო.

ალმოდებული სახლივით ცხელი ჩემი გული ფეთქავს.
სუსხივით ედება სიგიჟე სამყაროს დარჩენილ დროს.
ჯარისკაცული ტემბრით ყვირილი, ხმის ჩახლეჩვამდე:

“ყველამ მიიღო მონაწილეობა ამ ბავშვის ჩასახვაში?!”

ადამიანთა სიძულვილის დაზეპირებით,

სრულყოფილ კომუნიკაციით მშობლიურ ფესვებთან

ახალ სტადიას გვთავაზობს შიზოფრენია

და მიაქვს, მიაქვს,
სადღაც შორს მიაქვს ჩვენი სიცივე,

მუსიკის მასწავლებელიც ისე გვასწავლის, თითქოს რცხვენია.
ამასობაში ცა და ხმელეთი ჭუჭუს ატოლებს,
მარტო დარჩენილთ ოთახებში ეკრანი მიუგებს:
რომლებსაც ეზიზღებათ ეს სიმარტოვე,
Recaptcha check failed. Are you a human?

fLOVEr

fLOVEr წერია კედელზე,
fLOVEr იმეორებენ ციხის კარები.
მოდიან პაემანზე,
დაკონსერვებული თავისუფლება მოაქვთ,

fLOVEr წერია თავსახურზე.

სუნთქვა რისკავს,

დესანტივით ხტება მათი პირიდან,
სიტყვები დაორთქლილ ზედაპირზე იჭყლიტებიან,
წერტილოვანი პანელის შიგნით.

პატიმრები კროსვორდს ავსებენ:
:საქართველოს პრემიერ მინისტრი:

:სამი ასო?:
შ ვ ე უ ლ ა დ
და 















*

*

*  *  *

fLOVEr იწერება შემდეგ გრაფაში.

და სიყვარული ყვავილივით ჭკნება გულში,
სიყვარული ყვავილივით გარჭობილია იარაღის ლულაში,

სიყვარული ყვავილივით იყრება კუბოზე.

მორიგე ელექტრონს აქრობს,
საკანში მსხდომთ უმეორდებათ თავში ლოცვები:
„მამაო ჩვენო, ნეტავ როდის დავიხოცებით“

საუზმეზე, ბოლო ულუფის შემდეგ, დესერტად გადმოაქვთ
სახლიდან გამოგზავნილი თავისუფლება.

თეფშს გულმოდგინედ ასუფთავებენ,
ისევ ისე, როტაციულად, პურის ნაგლეჯით.

თეფშის ფსკერზე მკრთალად ირეკლება
fLOVEr.

სინათლის არეკლვა

I-გარემო,

დაცემული და არეკლილი სხივები ურთიერთშექცევადია,
როგორც ხანდაზმული ქალის ხელებზე ვნების ნაჭდობი.

დრო არაშექცევადია.

სრული შინაგანი არეკლვა ზედაპირზე,
ან უფრო მეტად, შიგთავსში მოცახცახე სნეულებით.

კოჰერენტული სიხშირეების გაერთიანებამ (იგულისხმება სინათლე)

ჰაერი შეკუმშა, როგორც საშოს კედლები ორგაზმამდე,

ურცხვად შეარხია ვაგინის ნაოჭები.

წერა გრძელდება საკუთარი უბედურების დასავიწყებლად,

ლოდინის დასასრულებლად,

ბავშვობის უანგარო ბედნიერების გასახსენებლად

და უთქმელი სიყვარულის აღიარებისთვის.
სწორედ ამ დროს შეიძლება მორცხვად მოკვდე,
თითქოს სტუმრად იყო სხვის საპირფარეშოში.
მთლიანი დარბაზი მახინჯი ადამიანებით ივსება,

რომლებიც იმისთვის კაიფობენ, რომ მშვენიერები გახდნენ.
ვწუხვარ ჩვენი მოუმწიფებელი სიყვარულის გამო.

ვისურვებდი უსასრულო დეჟავიუს,
გაუქმებულ მოგონებებს,
წარსულის მარადისობაში ტრიალს,
და საბოლოოდ სიგიჟეებს შორის პოვნას სიმშვიდის.

დაცემული სინათლის სხივებით ვარვარებს მთელი მსოფლიო,

ინგრევიან ცათამბჯენები და პირამიდები უსარკოფაგო.
მე ალბათ ბრმა ვარ, ალბათ მკვდარი ვარ,
ან ისევ ჩამეძინა;

თითქოს დედა შემოდის ოთახში, ფანჯარას ხურავს

და სინათლეს აქრობს.

ჩეს წითელი პორტრეტი კედელზე

მაგონებს სახლის სახურავზე მდგარ

ანტენის ჩხირებს, შენი თმა.

სიცოცხლე გულად, სიკვდილზე მედგარ

სარეცელებზე შეიქმნა.

სახე აქვს ისე სუფთა, სპეტაკი,

ვით რენესასნის მადონებს.

დღეს ემზადება ყველა სპექტაკლის

საყურებლად და ვაგონებს

მოაგორებენ ძველი რელსები, რადიო

ყვირის სასტიკ ნიუსებს.

უნდა სიღრმიდან გადმოადიონოს

ყველა ტკივილი, რასაც მიუსევს

ხალხის უგონო, დაზაფრულ რიგებს,

რომელსაც სისხლის გემომ უწია.

დაშრა ტალღები და მიწყდა ბრიზი,

სადღაც დეტალი მოერყა რიგელს,

ახლა შენსავით ყველა წვერს იზრდის

და სურთ აკეთონ რევოლუცია,

როგორც ბავშვები. უსმენენ ჩქემს,

მოკლების არა, მარტო მატების.

ენაბლუობას მაგონებს ჩემს

კაკანი მშიერ ავტომატების.

სანამ დრო არის შესაფერისი

მოვუხმოთ იმას, ვინც არ ბრუნდება.

ყუმბარასავით სკდება პენისი,

ლპება ყბაში და კვლავ იტუმბება.

ალბათ დროების სხვა მხარეს მოხვდი,

გრძნობ სინამდვილე როგორ იფშვნება.

შენი პორტრეტი კიდია ოხვრით

და ემუქრება გაფეტიშება.

იქნება შევძლო, ჩარჩო მოვაძრო,

გულის სიღრმეში ყოველთვის მზად ვარ,

რომ დავივიწყო ყოფა უაზრო

და ამ ელექტრო ტკივილის ძაბვა.

ციური გამოსხივება

გამოსხივება არის ციური,

რომელიც ჯდება ოთახის პოლზე.

ქმარი, კაიფით აბსტრაქციული

ოცნებობს, ყოფილ სიზმარში, ცოლზე.

და იყოფიან ეს სიზმრები, მიმოივლიან

ერთმანეთის სხეულებში, რგავენ პრიხოდებს.

გაყოფილია მათი არსება

და ფხიზელ ყოფას არ ეთავსება.

შემოიხედე, ჩემს ოთახში შემოიხედე!
სადაც ერთად ვართ ჩალაგებული
და თვალებიდან ცრემლებს გვიხვრეპენ,
კედელს მიმხმარი მოტყუებული ყოველი სიტყვა,
ოხვრა, არტიკლი,
პატენტი ფეხსაცმელები ლაგერფილდის
სიზმარეთს მიყვა

და რეალობა გახდა სასტიკი.
ჰაერი გაიჟღინთა სუნთქვით მონსტრების,
დაუდგენელი რწმენით აივსო მონასტერები,
და ოდნავ ქარი ქრის უღარიბოთა.
ეშმაკმა უწყის რომლის, მაგრამ ჩვენგან ერთ-ერთის,
ვარსკვლავებს გვერდით, ანათებს ცაზე ზიგოტა.
თუმცა რაღაცა, რაღაც ისეთი, რაღაც ზედმეტი
ისევ ამძიმებს ამ გალაქტიკას.
შენ დაგავიწყდა იყო ესთეტი და როგორც ბავშვი
სათამაშო ცხენზე დახტიხარ.
თითქოს უძირო ფსკერში ეშვები,

დაუსრულებელ ცოდვის მორევში,

ცრემლისგან სავსე სველი პეშვებით
სახეს მომბან და მეტყვი „მოეშვი,

რაც უნდა მოხდეს მაინც მოხდება“
ჩაგესობიან მისი ეშვები,

კვლავ ალქაჯივით გააპობ ბაგეს.

მონსტრები მოვლენ ასაოხრებლად:

პასუხი აგე, პასუხი აგე!
სხივით ნათელი გაჩნდება კუთხე ყოველი,
პირველი ავტობუსი ჩაივლის ამ დილისათვის,
მისი ძრავი იღმუვლებს, როგორც დაჭრილი ცხოველი,

დავიძრებით დასაწყისისკენ, დავეზიდებით დროს,
რკინის პრეზერვატივებში ჩასხმულს.

ყველაფერი შესაძლო გახდება, გარდა დაბადების

და ყველაფერი შეუძლებელი, გარდა სიკვდილის.

მივენდობით ღმერთს, გრძელკისერას, დიდყურებიანს,

რადგან ისინი დიდი ხნის წინ გაიქცნენ,

ან დაიხოცნენ,

პორტრეტებიდან სადღაც იყურებიან.

***
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი

არ ავაშენებდი სახლს,

რომ იქ ეცხოვრათ.

მე რომ დურგალი ვყოფილიყავი

არ გამოვთლიდი სკამს,

რომ დამჯდარიყვნენ მასზე.

მე რომ დურგალი ვყოფილიყავი

არც ნაჯახებს ავლესავდი,

არც ხეებს გავრანდავდი.

მე რომ დურგალი ვყოფილიყავი

არ გამოვჭედავდი კუბოს,

რომ მასში ჩაწოლილიყვნენ.

მე რომ დურგალი ვყოფილიყავი

იმ ლურსმნებს მოვიპარავდი.

მაგნუმ ოპუსი

ნატკენ თითივით შუქი ასივებს

კორპუსის ჩრდილებს. როგორც არესი

პირსისხლიანი, გლდანის მასივებს

თავს დასდგომია დისკო მთვარესი.

ვერცხლის სხივებით ანათებს ქუჩა,

თოკზე კიდია ტანისამოსი

და ეს ქალაქი, სულ ერთი მუჭა,

ანარეკლია ამ საღამოსი,

მშვიდად რომ ემშვიდობება ზამთარს,

თავის ქაოსით ანდა ფერხულით.

კორპუსებიდან გამოდის ზანტად

სიჩუმე მშრალი და უხერხული.

ამ სიჩუმეშიც ცნობენ ხელები

საით მიუშვან გრძნობას აღვირი.

დახუჭულ თვალებს ჰგავს სარკმელები

და შიგნით რაღაც სკდება ნაღმივით.

აცოცხლებს ქალაქს სხივები მთვარის,

ზოგან ცრემლები ზავდება ოფლით,

ბოლოს სიბნელეს ეჩვევა თვალი

და ავიწყდება ამ წუთისოფლის

წარმავლობა. დროებით მაინც

ხედავენ ზღაპარს, რაღაც სიზმარეთს,

სად საუკუნედ იქცევა წამი

და რასაც უნდა იმას იზამენ.

ალბათ ოდესმე იპოვის მაინც

რაც გამოსტაცეს, ან დაკარგულა.

სანამ ივსება დროება შხამით

და ტყდება, როგორც შუშის ამპულა.

დღეები მშრალი და უარესი
კარზე გვადგება მშიერ ძაღლივით

და ჩადის მთვარე, როგორც არესი

ჩაფხუტმოხდილი, ძლიერ დაღლილი,

რომელსაც სისხლით უბრწყინავს ქალა,

ბრუნდება სახლში, უფრო ღონდება,

რადგან ღამეა ცივი, გვიანი

და ისევ მთვარე ადგება ქალაქს

და სადღაც ქრება ბოლო კორპუსი.

ღმერთი იღიმის და აგონდება:

„ადამიანი,

ეჰ! ჩემი ძველი მაგნუმ ოპუსი.“

პინ-კოდი

შუა დღემდე ძილის შემდეგ საღამოს გარეთ გამოვედი.

ამ ხნის განმავლობაში სევდა გროვდებოდა,

რომელიც ნელა გაიჟონა ეზოს კუთხეებში,

შენობების გიგანტურ კედლებზე,

სტადიონზე, არაფრისგან ბედნიერ ბავშვებთან,

ცხოვრებისგან გადაღლილ ზანტად მოსეირნე მოხუცებთან,

დეპრესია აკიდებულ დედების კანზე,

ტესტოსტერონისგან გაბერილ სპორტსმენების სხეულზე,
უზრდელ და უტაქტო ტურისტების ჩემოდენებზე,

ავტობუსებში, მეტროებში, მაღაზიებში.

ჩემი სევდა ყველაფერს მოედო

და საკუთარი არსებობა დამავიწყა.

რიგით საგნად ვიქეცი,

კედელებზე დაჯღაბნილ სასიყვარულო სტენსილებად,

განათების ბოძებად, კალათის ჯაჭვად,

ყავარჯნებად, საბავშვო ეტლებად.

ალბათ როგორი სასიამოვნო იქნებოდა

მარადიულ არარაობაში ყოფნის

წამლეკავი ქროლვა ნაღდით
თუ ბარათით?

1-9-9-4

ოპერატორის თხოვნის შემდეგ
ბარათის კოდი შევიყვანე აპარატზე,

რა წამს ნაყიდმა სიგარეტის კოლოფმა დამაბრუნა

ამ სამყაროს გარდაუვალ წარმავალობაში.

Leave a Reply