ხმაური
მაგისტრალმა კაცის გვამი ჩამოიტანა,
როგორც სოფლის მდინარეებმა იცოდნენ, ისე
და ქალაქის ტბორში მიაგდო.
ირგვლივ უამრავი ხალხი – მაგრამ
ისინი საშველად არ გადახტებიან,
რადგან ცურვა იციან.
გზა დაელოდება მას, ვინც
გადახტომამდე არ დაფიქრდება,
რომ ცურვა არ იცის.
როცა მდინარე ამ ამბავს მიუტანს,
იტყვის მისი და:
როგორი ლამაზი კაციც იყო,
ისეთი ლამაზი მკვდარიაო,
და იტყვიან გამვლელები:
ნეტა მოკლეს თუ თავი მოიკლაო,
მათ ეს ამბავი მალევე დაავიწყდებათ
და თავად ეს სიჩუმე გასცემს ამ შეკითხვას
პასუხს.
მაგისტრალმა გვამი ჩამოიტანა, გვამი!
და ხის ძირას, ქალაქის ტბორში მიაგდო.
ნაოჭები მის შუბლზე ამბობდნენ,
რომ კაცი მხოლოდ სევდას უღიმოდა.
ქარმა
ფოთლები ააშრიალა და თქვა
მარტოობა,
ხმაურმა თქვა ხმაური,
ირგვლივ ყველა ყველაფერს ამბობდა,
მხოლოდ ხე იყო ჩუმად და მის ძირას
ცივი გვამი –
მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ.
ამიტომ არ ლაპარაკობენ ხეები,
ამიტომ არ ლაპარაკობენ მკვდრები.
ნათება წინა კორპუსზე
სამყარომ ჩემში ჩაიხედა
და არეკლილი თავისივე თავით
წინა კორპუსის ფანჯრებს წაეთამაშა,
გარეთ გაკიდულ სარეცხის კიდეს,
ხალხმრავლობაში დაკარგულ გზას.
როგორი მშვიდია ქუჩის ძაღლი,
რომელსაც არა აქვს ეზო,
არა აქვს სახლი, რომ რამე დაიცვას,
და სიცარიელე მის კუჭში
შიმშილი არ არის,
არამედ პასუხი შეკითხვაზე-
“სიკვდილის შემდეგ რა არის?”.
სამყარომ ჩემში ჩაიხედა
და არეკლილი თავისივე სხივით
ანათებს წინა კორპუსში მოხუცის სახლს.
ხვალ ეს სხივი არ იქნება,
უფრო სწორედ, მოხუცი
ვერ ნახავს მას,
გარეთ გაკიდულ სარეცხს კი
მზის ნაცვლად სიცივე გააშრობს.
Boy
ქალაქში ბიჭი დაიკარგა
ვდგავარ მის წინ და ვეკითხები
რა გქვია,
რამდენი წლის ხარ?
რატომ დადიხარ უცხო გზებით
უცხო ქუჩებში?
უბნებში
სადაც მკაცრი დროება დაძრწის?
Boy, არ მოდუნდე არც ერთი წამით
თორემ ბედისწერა ჯიბეში ჩაგიდებს სიკვდილს
და ვერ აუხსნი ვერცერთ მოსამართლეს,
რომ ეს სიკვდილი შენი არ არის.
ვდგავარ მის წინ და ვეკითხები
შენი მშობლები სად არიან?
შენი მშობლები სად არიან?
და ის მპასუხობს:
ჩემი მშობლები აქ არიან
და ეს ჩემი ქუჩაა და ეს ჩემი სახლია!
მაშინ ვინ არის ის
ბიჭი, ვინც დაიკარგა?
რა
რა ხდება მაშინ,
როცა გულში სიმშვიდე არაა,
იღვიძებ და ღამეა.
რა ხდება მაშინ,
როცა მეტროში ქურდი
ჯიბიდან ფულს ამოგაცლის
და თვალიდან – ჰორიზონტს.
რა ხდება მაშინ,
რას ნახავ მაშინ,
როცა გარეთ გამოხვალ
და თვალში აღარ გექნება გზა.
რამდენი ილოცე,
რამდენი ილოცე,
მაგრამ სიჩუმე შენს გულში
საბოლოოდ რომ მიიღე,
სიკვდილი აღმოჩნდა.
რა ხდება მაშინ,
რა ხდება მაშინ,
როცა იღვიძებ
ხშირად მიცდია შენი სახელის წარმოთქმა,
მაგრამ ჩემი თვალები
უფრო ზუსტად გამოგთქვამენ
როცა ტირიან.
კიდეზე
როცა ფეხი დამიცდა კვლავ
და გადავეშვი,
მივხვდი, რომ ეს უსასრულობაც
ჩემ ქვემოთ იყავი შენ
და
ავფრინდი.
ჩუმი
ფეხებში ძალა გამომეცალა
და ადგილი სადაც წავიქეცი
ჩემს სახლად იქცა,
ჩემს მიწად
ყოველთვის რომ მინდოდა
მქონოდა
მაგრამ ახლა მხოლოდ
ჩემი გვამის დარგვა თუ
მომიწევდა.
როცა
ჩემში სევდა
ეხებოდა სულს,
სული ეხებოდა ლოცვას
ლოცვა ეხებოდა ღმერთს
ღმერთი ეხებოდა ღმერთს.
ხვალ,
კი მზე როცა მოძებნის დილას
რომ გათენდეს
იპოვის ჩემს გვამს
და
დანამულ მინდვრიდან
გზებზე
ლოკოკინები გამოვლენ.
სანამ წავიქცეოდი
ვიდექი გაჩერებაზე.
შენამდე მოსასვლელი ყველა გზა
წასული იყო,
ამიტომ ნაბიჯი გადავდგი
უგზოობაში.
წავიქეცი,
და ახლა, რაც უფრო ნაკლებად
ვგრძნობ დაცლილ ძარღვებში
სიცოცხლეს,
მით უფრო ვხდები
გაჩერებაზე
შენკენ მომავალ
ტრანსპორტში ავსულვარ,
თურმე როგორ ახლოს ყოფილხარ
სიკვდილი შენთან მომიყვანს.
დრო ხაზავდა წრეწირებს
და ჩემს საათის წიკწიკს
ჰქონდა დედაჩემის ხმა
ბავშვობაში რომ ეძახდა
წიწილებს:
წიპ…წიპ…წიპ.
არადა ,
რა იქნებოდა მქონოდა მიწა
დავრგავდი,
მოვიყვანდი მოსავალს
ახლა კი მხოლოდ ჩემი სიკვდილი
თუ მოვა.
შემდეგ,
ცარიელ ქუჩას
ჩემმა გულმაც სიჩუმე უპასუხა
და ჩუმი შეეხო ჩუმს.
დაბადება
ვჭამდი
როცა ჩამიტყდა კბილი
და ვჭამე კბილებიც
ვღეჭე და ვღეჭე
არ გავჩერებულვარ კბილს
ღრძილი რომ მოჰყვა
ღრძილს ნიკაპი, ცხვირი
ღერო ღერო თმა
მთელი სახე დავღეჭე.
ვღეჭე ბეჭები და ნეკნები
ძვლებივით ჩემს თავს გადავუგდე
რომ დაეხრა
არ გავჩერებულვარ არც მაშინ გულამდე
რომ სულ ცოტა დამრჩა
და მკერდის თავებზე თმები
კბილებში ჩამრჩა.
თურმე ყოველთვის ეს მშიოდა
თურმე ყველა სურვილი აქამდე მოდიოდა
რომ ჩემი თავი მეჭამა .
ვჭამდი და ყველაფერს ცრემლებს ვატანდი.
ვჭამდი, თან ვკოცნიდი
და
ხელებს საჩვენებელი თითი
რომ მოჰყვა ის, რაღაც უცხო სიჩუმეზე მიანიშნებდა.
რომელიც დადგა,
როცა
თავი ბოლომდე შემჭამე
ვიდექი ისევ იქ
ვიყავი ისევ ის
მაგრამ ეს სამყარო იყო უკვე
სრულიად
სხვა
სიყვარულს ვბედავ
Слава Україні!,
მე სიყვარულს ვბედავ,
მე სიყვარულს ვბედავ.
სამყარო გაჩუმდა. ყველგან ისმოდეს – ომია,
რომ ვიღაც კვდება, მაგრამ…
მაგრამ მე მაინც სიყვარულს ვბედავ!
მაგრამ მე მაინც სიყვარულს ვბედავ!
გზებმა მიმატოვეს ისევ,
ჩემში არსებობის კიდე კვლავ
და თუნდაც იყოს ეს ბოლო სუნთქვა,
ბოლო წამი, ბოლო კოცნა,
მე მაინც სიყვარულს გავბედავ!
კაბები,
და შავ კაბებში დედები
მოკლულ შვილებზე სწავლობენ ლოცვას,
მაგრამ სანამ მტრისთვისაც არ ილოცებენ, ვერ მიაგნებენ მ ა ს.
ხვალ მეც მომცემენ
იმავე იარაღს,
მეტყვიან: – მოკალი, მტერს ჯერ სისხლი,
შემდეგ, თუ გინდა, ცრემლი უღვარე!..
და მეც მოვკლავ და მერე ვიყვარებ.
გზად გაიკვალავს სევდა იარებს,
ჩემში ქარები,
ქარები, ქარები…
ირგვლივ ხეები –
ამ სევდების საცავები.
ჩემი ფანჯრიდან ხედს ვხედავ სიკვდილზე,
მაგრამ მე მაინც სიყვარულს ვბედავ!
Leave a Reply