პოეზია

კარლო კაჭარავა – ლექსები

                   ...
ჩვენ ორივეს გვიყვარდა ძველი სენტიმენტალური ზღვა,
პიონები თუ კიდევ რაღაც მანერული -
ის, რაც თან გვახლდა
და ხშირად გვეცინებოდა.
უკვე ესეც მორჩა
ნებაშეწყვეტილი
ვიხსენებ შენს დღეებს
ვოცნებობ მკვლელობაზე,
როგორც ხიდი ღამით
შენს ფეხებქვეშ
და პირქუში მდინარე
სიზმარში მერამდენედ ვკბენ
შენს ბავშვობადაკარგულ მკერდს
ვიპარავ და ლიფტში ვაგდებ
შენს ფეხსაცმელებს
ხელს ვაფარებ შენს ღიმილს
და ტირილს ვიწყებ.
 
17. III. 87
 


ერთი თვით ადრე
 
პური, ანგელოზი, თანხლება.
გრძელი მშვიდობიანი წვიმები.
წერილები, ისევ სიზმრები.
შემოდგომა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო სადღაც ფინეთში.
ზღვები, რომლებსაც შენ იხსენებ ღამით დასაძინებლად წასვლის წინ.
თეთრი კონვერტი.
მარკა: სინიორელის პორტრეტით.
მწუხარეა არა შეტყობინება,
ან მისი მიღება განშორების, ვეღარ შეხვედრის შიშით.
არამედ სხვა: სადღაც არყოფნა
და შეგუების წყნარი სიხარული.
ნავსადგური,
სანაპიროზე წყნარი ხეტიალისას
ის არ ფიქრობს.
ფრინველები. წვიმები.
ხსოვნაში არ არსებობს განურჩევლობა.
 
1987
კალუგა, ახლებენინო, საავადმყოფო 
 
 
...
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეების მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე თავიდან მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა, გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო წიგნი ყდაგაცვეთილი.
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით, ღალატით,
როგორც ცხოვრების წესით, ერთმანეთის სიბრალულით,
სიცივეში ჩაის სმით. საცხოვრებლებში დაფანტულნი ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს.
სხვა ქალაქებიდან ჩვენკენ მომავალთ ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ, თითქოს უბოროტო შურისძიებით.
 
აგვისტო, 1989 
 
 
...
უხმეთ ყველას, ზურგით ატარებენ მძიმე სიზმრებში
მიცვალებული მოჩვენების არარსებულ ღიმილს.
და გაიქეცი იქეთ,
სადღაც თმებს შორის ფოთლებში.
გაზის ვარდისფერი ქარხნის შავი მდინარით
დაბრმავებული ძაღლი, როგორც ჰაუფის სიკვდილი,
ან რამდენიმე დღით ადრე ნახევრადწარმოთქმული
ფრაზა
გემზე ან მარილი.
ან როგორც მისი, ან სხვის შესახებ სიზმარი.
დღის სინათლე რაგვარად უფერული, რადგან ცივა,
როგორც ჰაუფს თქვენგან მოკვდინების ჟამს.
იარე წვიმაში შენი მძიმე, გამოუსადეგარი ნაგავით.
სავსე ჩანთაში არავინ შეინახავს წერილებს.
ქვეყნის სამ მხარეს გაბნეულთა გასახსენებლად.
არავის უნდა ამგვარად ამოტვიფრული 
ღვთისმშობელი მკერდზე.
აქედან მოშორებული მთვარის ქვეშ.
ის იყო სახეზე ხელაფარებული თითქმის ბავშვი
ჭუჭყიანი კაბით და დახეული ფეხსაცმელებით.
ღმერთი მას გაექცა ჰონგ კონგისაკენ
ძველ ლაზარეთში.
იქიდან პარფიუმერიის მაღაზიაში.
ქალაქში ცხოვრება არ დაიწყო,
რადიაციის ეშინოდა.
ის იყო სახეზე ხელებაფარებული თითქმის ბავშვი.
შიშველ შავ ოთახში ფოტოკომპლექტი
სახანძრო უშიშროებისა.
კოლაჟი სამი უნებლიე მოძრაობის
საათის შეძენისას და ფოთლების მოსახვეტად.
ნუ იჩურჩულებთ, არავინ ჰგავს აბესალომს.
სარკმლებს თხები ამტვრევენ,
მერე რა, რომ ტირის.
ის იყო სახეზე ხელებაფარებული თითქმის ბავშვი.
ძველი მანქანის საწყალი გული.
წინდებზე დახატული რამდენიმე სახე.
ტელევიზორში ნანახი კარი, ემირის პირველი სათვალე.
შეიძინეთ შაქარი.
ან, ან მერე ანასტაზისის ამება
მელნისფერი.
ის წერს უნგრეთში
თიხის გულსაბნევი აჩუქეს მსახიობებმა.

1987 წელი

კალუგა, გრაბცევო
 
 

სიყვარული კომენდანტის საათის დროს
 
შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე,
რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა,
ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.
რაიონებში "მიტინგოსნებზე" და ვიღაცაზე, ვინც მასავით 1960 წელს დაიბადა.
გარეთ აღარ წვიმდა.
სამედიცინო ინსტიტუტთან პატრულები მანქანებს აჩერებდნენ.
მოგვიახლოვდა კომენდანტის საათისა და ერთგულ მეუღლეთა ღამე.
ძაღლი წვიმაში სადღაც ეკლესიასთან და უმიზნოდ გადაყრილი ნიშნები.
გადაღებული პოლიტიკური გრაფიტის არითმია.
ვერაფერი გვიწესრიგებს ყოფას.
"ჩვენს სამშობლოს არ შეუძლია სპონსორის გარეშე ყოფნა,
სპონსორი თუნდაც თურქეთი იყოსო," - ვიღაცას უთქვამს.
შალვა კი მძიმედ სუნთქავს, ოთახიდან გასვლისას ძაღლს ეფერება.
გრძელ წვერსა და ღიპს შორის გულთან იხუტებს ბოთლებს და ლიფტში იცინის.
ანგელოზთან ერთად თავქვედაშვებული სად დავიწყებთ ტირილს?
რომელი ბაღიდან გამოგვიწვდიან ხელს სველი მიწის გასწვრივ
მოარულ ტანკებს შორის?
ეს არის სიყვარული კომენდანტის საათის დროს.
შიში და სამხედრო-სპორტული რეჟიმი.
გოთიკურ კათედრალთა მსგავსი ფოლიანტები და ხელები,
რომლებსაც საყვარელი ქალის სუნი ახსოვთ.
 
 
გარდაცვალების წინ
 
ჩემეული ხილვები: გამოგონილი ან ხილული
მევე დავკარგე ჩემივ იერი,
უამრავი ლექსი კვდება ჩემში.
 
მკვდარი ლექსების სახლი.
აი, დაკარგული იერიც
ავადმყოფობის ფრთებით,
რომლებითაც თავს იცავს სიცივეში მხოლოდ.
 
ჰე, ყოვლისმხსომო, მომაკვდინებელო, 
ყვითლად შეფერილი საყელოთი ამკობ უპოვართ 
და კიდევ გულისპირზე სისხლის მუქი ლაქებით.
ჩვენ არ ვიფიქრებთ მხოლოდ ნატვრაში განკურნებას.
 
ძლევამოსილება უსაგნო სამყაროსი;
ჩვენი დანგრეულია სახლი.
 
სიცივეში ხელები ემსგავსება წაყინულ ტოტებს.
მზერაში კვდება უამრავი ვარსკვლავი.
 
მე არ ვამკობ სახლს იმედგაცრუებით,
არც ვეძიებ იერს დაკარგულს ჩემსას.
ყრუ ვარდისფერი ავხორცობაა და დანაშაული
შავი სხივადქცეული არწივის ფრთები
ვერხილული.
ვარსკვლავადქცეული გული.
ვერვინ იხსომებს ჩემს იერს წარმავალს. 
 
...
კარები, რომელიც მხოლოდ ხმაურით იკეტება. 
საბრალო მუსიკოსია პატარა კომისარი. 
თმებს გაზზე იმშრალებს. გაღიმებული სიგარეტს ეწევა. 
რელიგიურობა ჩემთვის კარგი ცხოვრების სიპტომია, 
სიღარიბე ასტრალური სიმბოლო. 
მე დავტოვე პატარა საწოლში დიდი ქალი. 
მე ვნახე მთვარის ღიმილი ქარში მქროლავი, 
შეშლილი პიერო სატვირთო ვაგონის თავზე 
და გუბე რკინიგზასთან, რომელშიც ვაგონთა 
ცარცით დაწერილი ნომრები ირეკლება. 
ჩვენში ის კულტურაც არ არსებობს, 
რომლის კონტრკულტურამაც უნდა იარსებოს. 
 
1987წ.
 
 
...
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში
მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,
გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო
წიგნი ყდაგაცვეთილი
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.
ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.
საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,
სხვა ქალაქებიდან ჩვენკენ მომავალთ
ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ
თითქოს უბოროტო შურისძიებით.
 
აგვისტო 1989 წ.



სიმშვიდეში
 
წვიმს. ფიჭვები სიზმრებს ჰგვანან;
მათში სადღაც ნაგულისხმევია
ჩვენი დავიწყებული შეხვედრები
მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავშორდით.
ესაა ხილული ხატი ჩვენი ოცნებისა,
რომლისკენაც ჩვენ დავკარგეთ გზა.
ღამეებში ჩვენს თვალებში ისმის ურთიერთხმობა:
ჩვენ არ ვიცით, კიდევ სად და როდის შევხვდებით.
მშვიდად წვიმს. უყურე ამ ნათელ დავიწყებას,
დაბნეული ცხოვრების სევდა თვითგამართლებაა
ვიღაცას ჩაესმის ის
მიტოვებულ საძინებელში.
 
15 ივლისი, 1985
 

 წითელ თმებში
მე დავიღალე. შენი წითელი თმები ეხება ჩემს შავ პალტოს.
მე დავიღალე.
მე შემიძლია სარკე მწვანე საღებავით მოვთხვარო, ან დაგიცადო ხიდის იქეთა მხარეს
ძველი წიგნი მოფრინავს და კეფაში მხვდება, როცა მოაჯირს ვებღაუჭები
და მდინარე ჩემ ქვემოთ ქვაფენილია თითქოს - ავზნიანი სიკვდილის საწოლი;
ავადმყოფები ბაძავენ ანგელოზებს და სადღაც სარკმლისაკენ იშვერენ ხელებს,
ნამდვილი ანგელოზები კი მათ ამ სარკმლიდან უთვალთვალებენ
ხელებში ნავთის ლამპებით.
ჩიტები კვდებიან ცის ფსკერზე. მე დავიღალე. შენ თოჯინას ჰგავხარ.
მე სარკეს ხელუხლებლად ვტოვებ - ის მაინც გვატყუებს -
შენ მასში არ ჰგავხარ ცხენს და ყვავილს, თმა წითელი გაქვს.
დირიჟაბლები, ჩიტები და დირიჟაბლები ღამის ლამპიონთა ზევით:
ჩვენი საწოლები ვერცხლისფრად ელავს
შენს შიშველ მუცელს, მკერდს და ფეხებს რომელიღაც ოთახში სძინავს.
დირიჟაბლები ჩიტები და დირიჟაბლები ღამის ლამპიონთა ზევით;
რატომ იცხოვრა? რისთვის დაბერდა? 
და საიდან დაგვემშვიდობა?
ის ბებერ ძაღლს ჰგავს, საფლავის ჯვართან ჩაძინებულს,
როგორც მე, შენს მკერდზე, წითელ თმებში თავჩარგულს.
 
მაისი, 1985
 

 
 · 
სინდიოფალა
 
სინდიოფალა - ბავშვურად დახუჭე თვალები.
სინდიოფალა - ხელები მტკივა, მე ხომ ამდენი სისხლი ამიღეს.
სინდიოფალა - ჩვენს სახლშიც ირეკლება ზამთარი, შობა, მოგვნი, ვარსკვლავნი.
სინდიოფალა - ორთქმავლის წინ, ტრამვაიში მეტროს სარკმელთან.
უსიზმრო ძილთა მიღმა, მიღმა სახეთა, მარტოობის გაუცხოების მიღმა.
სინდიოფალა - მანერულ ფოტოს იღებს მხატვარი შენში.
სინდიოფალა - გრძელი გვირაბის ბოლოს უმიზნო მოძრაობათა ქარით,
აბსურდული გვირგვინით შენ ისევ გვასწავლი.
 
1986 წ. არხანგელსკი, მირნი, ჰოსპიტალი
 
 
...
დიდი ხნის მერე შენი გამოსახულება მთვარესთან ერთად
აირეკლა სარკმლის სარკეში, უწინ და მიღმა სახლთან მდგომი
ნაძვის და რადიოპიესის, რომელიც თოვასთან ერთად ისმოდა.
შენ ვაჟს სიყმაწვილეში არჩევანის უფლება ჰქონდა.
ჩაძინებული ყოველ ღამეს ხედავადა ქარავანს, რომლის მეგზურნიც
აქლემებზე მოთავსებულ სიზმრებს სთავაზობდნენ.
და ის ირჩევდა სასურველს ან საინტერესოს.
მატარებელში მძინარეს ქარავანი არც მაშინ ახსოვს.
შენ უფლება გქონდა მატარებლებში უფასო მგზავრობის
60-იანი წლების ერთი ავტოკატასტროფა კულინარული
ან ჰიგიენური საოჯახო წიგნების ნახატებს ჰგავდა.
მე მელოტი და შეძლებული მოქალაქე ვიყავი დახატული,
ბრიყვულად კმაყოფილი ღიმილით და სადღაც
კლდეებში გადავარდნილი ავტობუსიდან მხიარული ტურისტები ამოყავდათ.
ეს ღიმილი არ მშორდებოდა.
"დაზარალებულნიც" კარუსელიდან ჩამოსულებს ჰგავდნენ.
მხოლოდ გარემო დროდადრო შემზარავად იცვლიდა იერს
ისიც ჩვენს შიშში.
ყველანი ერთად ვერც ვხედავდით ამგვარ ცვლილებას
რადგან ორივე მართალი იყო.
მე თვალების დახუჭვა მომინდა, მაგრამ სიზმრები მომიწამლეს.
როგორ წამლავენ სიზმრებს ?
წარმოვიდგინე ცოცხალი არსების ქსოვილთა თუ ნერვთა შეკრთომა
უეცარი მტკივნეული შევიწროება.
ეს თოვლიანი სახლები მარადიული სამყაროაო -
ტოლსტოიმ თქვა და ასეც იყო.
სიზმრების მოწამლვა ჩემს მომწამლავს ნიშნავს
სიზმრების უწინარეს თუ სიზმრის შემდეგ ?
თუ რაიმე სურათს მხატვარი ნაწილობრივ გადაწერს -
თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერადოვანი ზონებით,
რომლებითაც ის მანამ მოთავსებულ გამოსახულებებს
შეავიწროებს.
კლინიკური შემთხვევაა.-
სიზმრის მოწამლვის საკმაოდ ზუსტი ხატია
ჩემს სიზმრებში ამ ბოლო ჟამს მხოლოდ უინტერესო
უღიმღამო ქალებმა და შეუხედავმა ბავშვებმა დაისადგურეს.
ძველი ორთქლმავალი, ლუის კეროლის ცხვრის თანამგზავრით
სუფთა დერვიშით ვარიეტეს მოცეკვავე ქალის ჩანთაში
და პატარა სასაცილო ხიდებს ქვეშ ჯუჯა მდინარეებით
იქ არ არის.
მოწამლვის ეს ბიოლოგიური ხატი დაკარგულ
სატრფოებზე ნოსტალგია იყო.
 
1989 წ.
 

...
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით
ერთად გვძინავს.
 


ფსალმუნი
რაღაცას ვიცავ დღეს - ეს ჩემი პანთეონია
აქ არის ყველა ჩემი უსუსურება და მხოლოდ მარცხი.
მამავ, - დამარცხება ერთადერთი გზაა შენსკენ
შენ არ გამიღიმებ პატიებისას-
ამგვარის წარმოდგენაც თავხედობაა ჩემგან-
მაგრამ როცა ხორცს ვეუფლები ვიღაცის
(ყოველთვის ტყუილის მეშვეობით),
როცა ქალურზე ვამოწმებდი ჩემსას
და მუდამ ჩემს დანაშაულს ვგრძნობდი
და ვიღაცას ავყავდი ბნელ სადარბაზოში
ჩემს მხრებზე თავისი ღარიბული სვიტრით -
როგორ გვიყვარდა ერთმანეთი.
ჩემს კვალსაც ვხედავ ამსოფლიურ გალერეაში,
მდუმარე სიძველის ჭუჭყად რომ უერთდება
საზოგადოდ ამოუცნობს.
ვხედავ ჩემი კვდომის სიძველედ იერქმნას,
სახეცვლილ მწუხარებას
სიზმრებში სევდიანი შეხვედრების:
მამავ, ვამაყობ, რომ შვილი ვარ შენი,
სადღაც წაქცეული, არც მწუხარე, არც დაბნეული.
და ყოველთვის ის უნდა მეთქვა
რის შესახებაც სდუმან,
რაც მადლიერების გარეშე მიაქვთ -
სადღაც არაერთი, უფრო ყველა გზის მიღმა,
სადაც თოვა, ან ტკივილი, ან ქვითინი მოღიმარისა
ლურჯ სახლებს შორის, ღამის იერს შემოუნახავს
ჩვენს მერე მოსულთ.
თუმცა თითქოს მათ ჩვენს შესახებ
არც ბევრი უნდა იცოდნენ. -
მაგრამ - ო, ხსოვნის ოქროვ,
ქრისტიანთა შორის კატაკომბების
ნათელმხილველნო,
მომავლის მოგონებათა მომავლის სევდის
თქვენს მერე ნუთუ ვინმემ უწყოდა -
არა თუ მეტი,
ის მაინც, რისკენაც თქვენც იზრდებოდით.
უკვე აქ ყოფნისას.
მე ვხედავ ზღვაში ჩაძირულ ხმათა გვირგვინებს,
მე ვხედავ ხიდებზე მდგომთ განშორებისას,
მე ვხედავ ცალკე ოთახებში მოქვითინეთ.
მე ვხედავ სიზმართა მხილველთ
და მათ გამომშვიდობებას,
სადღაც რომელიღაც ნათელ სახლში
ყველანი თავს მოვიყრით ქარიან და უმთვარო ღამეს.
აქ ყველანი ერთად დავუცდით
მიტევების დღეს.
 

...
და სხვაგან, შემოსილი ვარსკვლავთ სიწყნარით
ან მომღიმარი, თანამგზავრი ჩუმი ნიავის -
გვიხმობდა ბავშვი, უსუსური და მაღალი ტანით
ნეტა არ ვნახოთ ის მზერანატკენი,
ჩვენი სიავით.
ნუღა ვიხილოთ ის მზერანატკენი ჩვენი სიავით.
 
ოქროსფერ ბუჩქთან შემოსილი ვარსკვლავთ სიწყნარით,
ან მომღიმარი, თანამგზავრი ჩუმი ნიავის -
გვიხმობდა ბავშვი, უსუსური და მაღალი ტანით.
ნუღა ვიხილოთ მზერანატკენი ის ჩვენ სიავით.
ნუღა ვიხილოთ ის მზერანატკენი ბოროტით, ავით.
 
ოქროსფერ ბუჩქთან შემოსილი ვარსკვლავთ სიწყნარით
ან მომღიმარი თანამგზავრი ჩუმი ნიავის -
გვიხმობდა ბავშვი უსუსური და მაღალი ტანით
ო, ჩვენ აღარ გვსურს ის, რომ ვიხილოთ მზერანატკენი
ისევ სიავით.
 

...
დასავლეთ საქართველოში ცხოვრება აღარ შეიძლება.
სენაკში თავისუფლად იყიდება თომას ვულფის წიგნი.
საღამოობით გრილა. ფერიცვალება უკვე იყო.
დღისით ისევ ცხელა.
ბაზარში ცოლი სადღაც აგზავნის ყასაბს,
ხიდთან დაბმული ძროხები მზეში და გამონაბოლქვში ბალახობენ.
ჩვენ შევხვდით უნგრელ ქალს, რომელიც აქ გინეკოლოგად მუშაობს.
ის ყოველთვის ოცნებობდა საბჭოეთიდან ემიგრაციაზე,
მაგრამ მეუღლის გამო სენაკში ცხოვრობს.
თეატრთან მდიდარი ლილიპუტი წყალს სვამდა.
სიცხე.
ჩამოფასებულ მაღაზიაში ვიღაც ქალმა საფულე დაკარგა.
ქალებს აქ უმეტესად შავები აცვიათ.
ღარიბად ჩაცმული თორმეტი წლის გოგონა გრძელი ოქროსფერი თმებით
იაფფასიან პომადას ყიდულობდა.
ეს იყო მაღაზიაში სამრეწველო საქონლის გვერდით.
მეგრულად იკითხეს ჭაღის ფასი.
ტელევიზორში, რომელიც ცუდად უჩვენებდა,
იაპონელები ქართულად მღეროდნენ.
ცხელოდათ.
"სამხატვრო", "სამკერვალო, "საპანაშვიდე მუსიკა ჩანაწერით"
იქ, სადაც ვიდექი, ეწერა "უსაქმოდ დგომა აკრძალულია."
ხშირად სარკმლებიდან მიცვალებულთა სახეები იხედებიან.
ხანგრძლივი მოკითხვა ნათესავების.
ისევ ბაზართან, წითელ მანქანაში, ნარკოტიკებზე საუბრობენ.
ძალიან გრძელი სახლები სამთავრობო აგურით აშენებული
ავტოვაგზალი. ვიღაც ყვირის ბილეთები უნდა აიღოთო.
ცხელოდა...
 
1989 წ. სენაკი
 



ზაფხულის ქარიანი ღამეები
მე ვკარგავ ამ სურვილს როგორც ღამეებს.
ვიღაც გრძელცხვირა ქალიშვილი თამაშით ცეკვავს რკინიგზაზე,
მატარებელი შედის მასში, ისევე როგორც ნისლში. -
ამ მატარებელში შენ ზიხარ
მთვარეთა შორის მოგზაური.
ღარიბ, დამწვარ მიწაზე, რომელსაც კიფერი აწერს: "ჩემი მიწა".
მთვარის შესახებ კი პატარა ლუკა ცეცხლაძემ თქვა:
"თვითმფრინავს დიდი შუქი დარჩა ცაზე და ისე გაფრინდა"
ჯენი ჰოლზერმა თითქოს ჩვენ შორის თქვა:
"მიხსენით იმისაგან, რაც მინდა !"
ზაფხულის ქარი ვერცხლისფრად ელავს სახურავებზე.
ამ დროს ქუჩაში ჩვენ ვსვამთ კონიაკს ვიღაცის სადარბაზოსთან.
და ჩვენ გვგონია სასეირნოდ გამოყვანილი შოტლანდიური ნაგაზი
ქუჩის პანორამა.
და სადღაც სარკმელთა მიღმა ჩაკეტილი ბედნიერება.
მაგრამ მე ვკარგავ ამ სურვილს.
როგორც ღამეებს,
ბოდვით, გინებით და წყევლით სავსე ღამეებს,
რომლებშიც საბოლოოდ იკარგება მეტყველების უნარი
და რჩება მხოლოდ მთვარისფერი მგლების ბალანი ზაფხულის ქარში.
მატარებელთათვის გამჭვირვალე მოცეკვავე პინოქიო - ქალი
და ბებერი მემანქანე.
რომელმაც მატარებელი სხვა ვერცხლისფერ ალში უნდა გაატაროს.
 
1993 წ.