ქარი
ქარო
ნუ წაიღებ ცელოფნებს ტყეში
დატოვე კორპუსების წინ
ნაგვის ურნებთან
მაღაზიის ვიტრინებთან
ბაზრის დახლებთან
ნუ შეგვარცხვენ ტყეში მისულებს
ნუ მოგვცემ უფლებას გავიხსენოთ
თუ რა მნიშვნელოვანია პოლიეთილენი
ადამიანის ცხოვრებაში
ქარო
ვიცი რომ გესმის ჩემი
მეც მესმის ხოლმე შენი ზუზუნი
ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს
შენ შენი ნაგავი წაიღე
ჩვენ ჩვენსას მივხედავთ
თორემ მილიონი წლის შემდეგ
როცა სამუდამოდ გაქრება ინტერნეტი
განადგურდება ყოველგვარი ვიდეო და
აუდიო ჩანაწერი
ხმოვანი სიგნალი თუ ფოტოსურათი
დედამიწას კი უცხოპლანეტელები
დაეპატრონებიან
ნამარხებში აღმოაჩენენ ცელოფნის
გაუხრწნელ გვამებს
პლასტმასის ბოთლებს
თეფშებს
სათამაშოებს
და იფიქრებენ რომ
პოლიეთილენი იყო ერთადერთი
ცოცხალი არსება მზის სისტემაში
რომლებმაც ჩონჩხები მოიშინაურეს
ქარო
შენი საქმე არ არის არც
პოლიტიკა
არც საზოგადოება
არც სამართალი
მითუმეტეს ნარკოტიკი
ლგბტ-თა უფლებები
ბავშვები
ლოთები
პანჩურამორტყმული კატები და ძაღლები
ჩვენ უშენოდაც მოვაგვარებთ
ყოფით პრობლემებს
პლურალურ სამყაროში
ოღონდ შენ ცელოფნებს არ გაეკარო
ხემე
ვიცი რასაც გრძნობს ხე
რომელიც
მუდმივად ერთ ადგილზეა
გაშეშებული
და რუტინისგან სასოწარკვეთილი
ტოტებს ასავსავებს
ხემაც იცის მე რას ვგრძნობ
როგორ ვწევარ საწოლში
თავზე საბანგადაფარებული
და სიბნელეში წამწამებს ვახამხამებ
ხამ
ხამ
ხამ
ხამხამი
ხშირი და ხმაურიანი
შემაწუხებელია
სიჩუმეში საათის ისრების წიკწიკივით
ხეებსაც აწუხებთ უღრან ტყეში
ფოთლების შრიალი
შრი
შრი
შრი
მოდიან ნაჯახიანი ხელები
და ხამხამებს და შრიალებს გვაჭრიან
მაშინ უფრო შემაწუხებელი ხდება
ხამ ხამ და შრი შრი
მაშინ უფრო იმატებს ხმაური
მაშინ უფრო მეტად ვასავსავებთ ტოტებს
და ვაფართხუნებთ წამწამებს
გვესიზმრება ნაჯახის ჩახაჩუხი
დილით სიზმრები
ნაფოტებივით ქრებიან
და საწოლთან დაყრილ
ნახერხს გვიტოვებენ
ცივს და ნესტიანს
გადმოყოფ თბილი საწოლიდან ფეხებს
და ხვდები რომ მოგონებები
გულში და ტვინში კი არა
ფეხისგულებში იმალება
და მხოლოდ მაშინ შრიალებს და ხამხამებს
როცა ტერფების არსებობა გვახსენდება
როცა ფესვებზე გამოვებმებით
და მიწას შემოვიტკეპნით
იარე რამდენიც გინდა
იმის იქით ვერსადაც ვერ წახვალ
მეტასტაზები
სად მიდიან მეტასტაზები
გაქრობის შემდეგ?
ბავშვობაში მეუბნებოდნენ
თმას რომ დაივარცხნი და გარეთ გადაყრი
ჩიტები დაიჭერენ და
ბუდეების ასაშენებლად გამოიყენებენო
ჰოდა იქნებ მეტასტაზებიც
ჩიტებს მიაქვთ ბუდეების ასაშენებლად
და ასე აწყობენ
ჩვენი თმითა და ტკივილებით
ფუმფულა სახლებს
ჩვენ კი ვრჩებით მელოტები
და სრულიად ჯანმრთელები
კანზე მიმხმარი ფერადი ლაქებით
და ვოცნებობთ გადავიქცეთ ჩიტებად
რომლებიც დაფრინავენ
:
ღრუბლიან ცაზე
მზიან ცაზე
ნისლიან ცაზე
ქარიან ამინდში
და სულ ფეხებზე კიდიათ
სიმსივნური წარმონაქმნებიც
და გაცვენილი თმაც
მოკვეთილი მკერდიც და
ამოჭმული საშოც
რაც მთავარია ჩიტებს ბუდეები აქვთ
ადამიანებს - ზამბარიანი საწოლები
სადაც ყოველ ღამე
საღეჭ რეზინებს ატკაცუნებენ
სიბნელის ჩასაქრობად
დახუჭული თვალების ქვეშ კი
გუგულის ბუდეებს ბაგაბუგი გაუდით
*
არსებობენ ადამიანები რომლებიც
დანახვისთანავე გეხატებიან გულზე
და გინდა უთხრა მათ
:
როცა ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს
ცივი წყლით დაიბანეთ ფეხები
საძინებელი ოთახის კედლებზე გაიარეთ
აცოცდით და ნაფეხურები დატოვეთ
საწოლის თავთან გაკრულ შპალერზე
ძალიან ლამაზია ყვითელ ფერზე
დახატული სველი ტერფები
თითქმის ამშვიდებს
დამშვიდდებით და მშვიდდებით
და მშვიდად უყურებთ
როგორ შრება და პატარავდება სისველეები
ქაღალდზე კი კედლები იბურცება
უხმაუროდ
შეუმჩნევლად
ცვივა ნალესი იატაკზე
თქვენ კი მშვიდად ხართ
და დაობებულ ფეხებზე გკიდიათ
ნესტიც
წვიმაც
თოვლიც
და სეტყვაც
რადგან სახლი დიდი ხანია აღარა გაქვთ
იმდენი ხანი რომ ჯიბეები
ცარიელ უჯრებს გაგონებენ
ხეები კი ოთახის ყვავილებს
იმდენი ხანი რომ ციცინათელები
სიგარეტებს თვითონ გინთებენ
და ქარი გიქრობთ
გინთებენ
და ქარი გიქრობთ
*
რა კარგია როცა წვიმს
და ლოკოკინა ხარ
მუდმივად სველი
სახლის ქვეშაც კი
საბნის ქვეშაც კი
ვერ გრძნობ სისველეს
წვეთები ისე წკაპუნებენ
ნიჟარის თავზე
თითქოს ემბრიონი ხარ
და დედა შხაპს იღებს
*
თუ შენ
შემიწვავ კვერცხიან პურებს
ყოველ დილით
და დამალევინებ რძიან ყავას
პირში ჩავიგუბებ ფორთოხლის წვენს
ან რამის წვენს რაც ხელში მომხვდება
და ძალიან დიდხანს გავჩუმდები
იმდენად დიდხანს რომ
კაქტუსებს ეკლები გამოუვათ
ზღარბები აყვავდებიან
წაბლი დამწიფდება
მზე ჩავა
მთვარე ამოვა
და ვერავინ შეამჩნევს
როგორ დალპებიან
კარადაზე შემოწყობილი ვაშლები
*
ტელეფონის ეკრანით განათებული ღამეები
წელში გაწყვეტილი დღეები
აწყვეტილიც
პირში ჩალაგამოვლებულიც
თივით გატენილიც
ადამიანებით სავსეც
უადამიანოც
პირიანიც და უცხვირპიროც
ხელჩასაჭიდიც და უსახელუროც
ჩანთაში ჩაჭმუჭნული ავტობუსის ბილეთებივით
შეიძლება ვერც დაიმახსოვრო
მაგრამ მაინც ჩაკეცილი გაქვს
ან სულაც მეგობარმა დაგიფოტოშოპა
და თამამად გაასაჯაროვე
ნახოს ყველამ
როგორ უნდა ცხოვრება
და საერთოდაც
როგორ უნდა ცხოვრება იმას
ვინც შემწვარი კარტოფილით სავსე
ტაფის სახელურზე ხელი დაიწვა
დაიჩოქა და სულის შებერვით
წამოკრიფა თხლად დაჭრილი ამინომჟავა
მერე დაჯდა და მაგიდაზე ობლად მდგარი
ომბალოთი შეკმაზული ტყემლის ბოთლი
იმ დამწვარი ხელის მტევნით
სულ მარტივად გადააყირავა
*
ადამიანები
წლების განმავლობაში დადიან
:
ჩვენ გვერდით
ჩვენ შიგნით
ჩვენ გარეთ
ისე რომ შეიძლება თვეები გავიდეს
და არ ვნახოთ
წლები გავიდეს და არ შევხვდეთ
რადგან ვიცით რომ იმ ქალაქში
ცხოვრობენ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ
და ნებისმიერ წამს შეგვიძლია დავურეკოთ და ვუთხრათ
:
მოდი
დღეს ერთმანეთი შევჭამოთ
დღეს ჩვენი ენების დღეა
დღეს ჩვენი თვალების დღეა
დღეს ჩვენი ხელების დღეა
დღეს ჩვენი ფეხების დღეა
და გვჯერა რომ მოვლენ
მაშინაც კი
თუ მართლა დავურეკავთ
რომელიმე მათგანს
და ის გვეტყვის
:
დაღლილი ვარ
მეძინება
თავი მტკივა
ფხა გამეჩხირა
ფრჩხილი ჩამიბრუნდა
არ მინდა შენი დანახვაააააა!
მაგრამ ჩვენ გვჯერა
როცა ისინიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ
მოსვლას და არ მოსვლას ერთი ფასი აქვს
და თუ ზუსტად ვიცით რომ
ისინი არიან შორს
ძალიან შორს
როგორც ბავშვობაში ამერიკა წარმოგვედგინა
სადაც გაგვაფრენდნენ
თუ არ გავჩუმდებოდით
თუ არ შევწყვეტდით
თუ არ გავჩერდებოდით
ვერ დავურეკავთ და
ვერ ვეტყვით მოდი
ერთად ამოვიღოთ თხილები
და ქიშმიშები შოკოლადიდან
ხელისგულებში დავიგროვოთ და
დავითვალოთ და დაველოდოთ
რამდენი გადაიქცევა ხოჭოდ
მაშინ ვართ მარტო
სრულიად მარტო
თუნდაც მთელმა ქალაქმა
ჩამოგვიაროს და ხელი ჩამოგვართვას