კრიტიკა/ესე/წერილები

თამარ ბარბაქაძე – ტერენტი გრანელის ლექსის რეცეფცია ოთარ ჭილაძის პოეზიაში

„მწერლური შრომა, რასაკვირველია, ტანჯვაა, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ნეტარების მომნიჭებელიცაა, ნეტარი ტანჯვაა!“ – ვკითხულობთ ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც 1999 წლით არის დათარიღებული (ო. ჭილაძე, „ცა მიწიდან იწყება. სხვადასხვა დროის ჩანაწერები“, „ინტელექტი“, თბ., 2015, გვ. 235). ჩანს, CC ს. დამლევს ოთარ ჭილაძე ინტენსიურად ფიქრობდა ფერისა და სიტყვის მსახურთა ამქვეყნიურ ხვედრზე. ნაფიქრი და ნააზრევი წიგნად გამოსცა კიდეც 2003 წელს სათაურით: „ბედნიერი ტანჯული“.

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ოთარ ჭილაძე სულიერ ნათესავებად, „ბედნიერ ტანჯულებად“ მიიჩნევს ფიროსმანსა და ტერენტი გრანელს. პირველის თაობაზე აღნიშნავს, რომ იგი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა, რომელსაც, წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო, დუქნებს ხატავდა; მიუხედავად ამისა, „…ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე ყოფისა“. ტერენტი გრანელისათვის კი, ოთარ ჭილაძის აზრით, „…ყველაფერი ჯერ ლექსის სახეს იღებდა და მხოლოდ მერე ხდებოდა გასაგები, მისაღები და უარსაყოფი… ის თავიდანვე განწირული იყო დასაღუპავად, რადგან არ შეეძლო საკუთარ არსებაში პოეტი გამოეცალკევებინა ჩვეულებრივი ადამიანისაგან“. საგულისხმოა ერთგვარი პოეტური „გადაძახილი“, სულიერი ნათესაობის ძიება ტერეტი გრანელსა და ნიკო სამადაშვილს შორის (თემურ შავლაძე, დრო და პოეტი, ანუ ორიოდე პარალელი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1991, 8 თებერვალი, გვ. 3).

ოთარ ჭილაძის „ბედნიერი ტანჯული“ ოქსიმორონია ისევე, როგორც პოეტის შედევრში 1982 წელს ნათქვამი: „შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი“, „მწარე იმედო და ტკბილო შხამო“ – ამ ორი ოქსიმორონით არის გამართული 1977 წელს დაწერილი ო. ჭილაძის სამსტროფიანი ლექსი.

ოქსიმორონის ბრწყინვალე ნიმუშია გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალური წიგნის სათაური: „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. 2010 წელს წერილში „ოთარ ჭილაძის ლექსის „ექსპრესიული შარავანდედი“ (ჟურნ. „კრიტიკა“, №5, 2010, გვ. 69) აღვნიშნავდი, რომ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ოქსიმორონებმა („ახალგაზრდა მოხუცი“, „ურწმუნო მოძღვარი“, „საღეჭი ძვალი“) და გალაკტიონის მხატვრული აზროვნების თავისებურებამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ოთარ ჭილაძის პოეტური სტილისტიკის ჩამოყალიბებაზე.

ამჯერად  ყურადღება გვინდა მივაქციოთ ოთარ ჭლაძის შემოქმედებითი გზის დასაწყისს: იგი CC ს. 50-იან წლებში, საქართველოს მთაში, ხევსურეთში, ფშავში, ვაჟა-ფშაველას საუფლოში იწყება…

1950-იან წლებში გამოჩნდა ოთარ ჭილაძის პირველი ლექსები. სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს მთა, ფშავ-ხევსურეთი შეიცნო ჭაბუკმა; „ბოლოს და ბოლოს, ამიხდა ბავშვობის ყველაზე დიდი ნატვრა და 1950 წლის ზაფხულში საკუთარი თვალით ვიხილე ხევსურეთი – საქართველოს წარმართული წარსულის ღია მუზეუმი, ანდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს რომანტიკულ სიძველეთა დახურული მაღარო – სადაც, თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ბიჭმა, ჩემდა უნებურად, გაცილებით მეტი ვნახე და აღმოვაჩინე, ვიგრძენი და განვიცადე, ვიდრე ველოდებოდი, ვიდრე წარმოვიდგენდი, რასაკვირველია“, – წერდა ო. ჭილაძე 1991 წელს („ცა მიწიდან იწყება“, გვ. 125).

* * *

ოთარ ჭილაძის ლექსების დაბადებიდან 70 წელზე მეტი გავიდა: 1950-იან წლებში გამოჩნდა პოეტი თავისი ორ და სამსტროფიანი ლექსებით, რომლებიც, ტერენტი გრანელის ორსტროფიანი ლირიკული კომპოზიციის მსგავსად, „საკუთარი სამრეკლოს სულის“ (ფერდინანდ დე სოსიური) ძიების ჟინით იპყრობდა, იზიდავდა, იკრებდა მსმენელსა და მკითხველს. „საკუთარი სამრეკლოს სული“ უთუოდ გულისხმობს „ურთიერთობის ძალასაც“. დიდი ენათმეცნიერის აზრით, თუ „საკუთარი სამრეკლოს სული“ ადამიანებს ერთ ადგილას ბინადართ ხდის, ურთიერთობის ძალა მათ ურთიერთკავშირს აიძულებს… ეს გამაერთიანებელი პრინციპია და ეწინააღმდეგება „საკუთარი სამრეკლოს სულის“ გამთიშველ  მოქმედებას. მართალია, ეს მოსაზრება ფერდინანდ დე სოსიურმა ლინგვისტური ტალღების გავრცელების ასახსნელად მოიშველია, მაგრამ დიდია ცდუნება, რომ იგი მივუსადაგოთ სოციალისტური რეალიზმის ზეობის ეპოქის წიაღში მცხოვრები პოეტის ერთადერთობას; საკუთარი, გამორჩეული სათქმელით რომ უნდა გაეცნო ხალხს, სხვა ხმითა და რიტმით მცხოვრებს, სხვა ძალითა და იდეით გაერთიანებულს.

ოთარ ჭილაძის თხზულებათა სამტომეულის (თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1986) I ტომში რომანთან „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ერთად, შეტანილია პოეტის 90 ლექსი, დაწერილი 1950-1959 წლებში.

მიუხედავად გაბატონებული თვალსაზრისისა, რომ „ოთარ ჭილაძის სალექსო ფორმები არ არის მრავალფეროვანი: ძირითადი საზომი არის სიმეტრიული ათმარცვლედი (5/5), ოთხსტრიქონიანი სტროფი – კატრენი, გარითმვის სისტემათაგან კი – ან ჯვარედინ (abab) რითმას მიმართავს, ან  – ინტერვალიანს (xaxa; axax), იშვიათად ჩნდება ეგზოტიკური, ალიტერირებული შიდარითმები:

… სოფელი ჩარგალი, მდინარე ჩარგლურა

და შენი სახლი – ხეებში ჩარგული.

ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველას „ქუჩის“ აღსარებაც: „…ასეთი სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა“, შეუთავსებელთა შეთავსების, ოქსიმორონად გადაქცეული „ბედნიერი ტანჯვისა“, როგორც ოთარ ჭილაძის გამორჩეული პოეტური სტილისტიკის, ორიგინალური ტვიფარისა, სწორედ იმდროინდელი ლირიკიდან იღებს სათავეს: ლირიკის მასაზრდოებელი ხომ ყველაზე მეტად უჩვეულო, მძაფრი, ორიგინალური განცდაა, „გაცრუებული მოლოდინი“ თუ „მოსალოდნელი მოულოდნელობა“.

ოთარ ჭილაძის პოეტური გზის დასაწყისი, CC ს. 50-იანი წლები, მდიდარ მასალას გვაწვდის მისი სალექსო რიტმის მეტრულ-ინტონაციური თუ ევფონიური საყრდენის დადგენის პროცესის თაობაზე.

ოთარ ჭილაძის 1950-1955 წელს დაწერილი ლექსების საზომები, იზოსილაბურთან ერთად, ჰეტეროსილაბურიც არის: თანაც 12-მარცვლიანი ტეტრამეტრებით (3/3//3/3) წარმოდგენილ ორ კატრენში მხოლოდ ერთი ტაეპია თერთმეტმარცვლიანი (5/3/3):

მოვედი, რომ ბარში პეშვებით წამეღო 3/3//3/3

ჩანჩქერი – შენს კლდეზე ცრემლად რომ იღვრება 3/3//3/3

და ერთხელ კიდეც მეგრძნო და გამეგო 5/3/3

ფშაველი ღმერთკაცის მოთქმა და სიმღერა. 3/3//3/3

(„***მოვედი, მენახა“. ჭილაძე 1986: 540)

დაბალი შაირით არის დაწერილი „***მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი“. ეს ლექსი იმითაც არის საინტერესო, რომ ოთხსტროფიანი კომპოზიციის I-IV სტროფები სარკისებურად, კონგრუენტულად, ირეკლავს ერთმანეთს ისე, როგორც ტერენტი გრანელის ორსტროფიან კომპოზიციებში:

ვარსებობ, მინდა სიცოცხლე წყნარი. საღამო – წმინდა ქვეყანა – ქარი საღამო – წმინდა ქვეყანა – ქარი ვარსებობ, მინდა სიცოცხლე წყნარი. („***ვარსებობ, მინდა“. გრანელი 1979: 85)  მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი, ღამემ მიშვილა – ბებერმა. ქარი ქრის, ქარი უბერავს, ცახცახებს ცეცხლის პეპელა.   ქარი ქრის, ქარი უბერავს, ცახცახებს ცეცხლის პეპელა. მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი, ღამემ მიშვილა – ბებერმა. („***მთას შევრჩი“. ჭილაძე 1986: 540-541)

სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს

და ტელეფონებს… ყველაფერს სძინავს

მე აღარ მიყვარს, აღარ მაკვირვებს –

რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ.

რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ –

და უკვე ცაში ვარსკვლავად ბრწყინავს,

სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს

და ტელეფონებს… ყველაფერს სძინავს.

(ჭილაძე 1986, II: 432).

ვკითხულობთ 1960 წელს დაწერილ ო. ჭილაძის ორსტროფიან, ტერენტი გრანელის მსგავსი ლირიკული კომპოზიციით, შედგენილ ლექსს.

1956 წელს დაწერილი ორსტროფიანი შედევრი ოთარ ჭილაძისა იწყება და მთავრდება ერთ და იმავე ორტაეპედით:

წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი

ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.

(ჭილაძე 1986, I: 554)

ტერენტი გრანელის ორსტროფიანი კომპოზიციების მსგავსი, პარალელიზმზე დაყრდნობილი ლექსები განსაკუთრებით შთამბეჭდავია ოთარ ჭილაძის 1950-იანი წლების პოეზიაში.:

დაუკრეჭია კბილები ყინვას.

ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის…

იქნება ჩემი ფეხის ხმამ ვინმეს

მეგობარივით მიუსწროს ბნელში.

იქნება სულზე მიუსწროს ვინმეს,

იმედად, შვებად ცაუდგეს მკერდში

დაუკრეჭია კბილები ყინვას.

ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის…

(ჭილაძე 1986, I: 545)

ორსტროფიანი ლექსის მე-6 ტაეპი ისევე, როგორც ზემოთ მოხმობილ ნიმუშში: „***სძინავს რადიოს“ – არ მეორდება: ამ ტაეპში კონდესირებულია აზრი, რომელიც მისტიკური შიშის განცდას თანაგრძნობად, შველის, გადარჩენის შესაძლებლობად გადააქცევს: „იმედად, შვებად ჩაუდგეს მკერდში“. ლექსის მიზანიც ნათელია: კბილებდაკრეჭილი ყინვა და დამანგრეველი ქარი, აბსტრაქტული განსაცდელი, რომელიც ყოველდღიურობას სპობს და ანადგურებს, ლექსმა უნდა მოიგერიოს: კოსმიური შიშის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერენტი გრანელის ლექსის მსგავსად, ოთარ ჭილაძის ადრეული ლირიკაც გვეხმარება.

პარალელიზმი და პოეტური ფრაზის გამეორება უფრო მეტად ამძაფრებს და ძვირფასს ხდის იმ სიმშვიდეს, ფოთოლი და მდინარე რომ ქმნის „პატარა ტყეში“:

მდინარის პირას, პატარა ტყეში,

ხეს უხმაუროდ მოწყდა ფოთოლი,

ფოთოლი მოწყდა ხეს უხმაუროდ

მდინარის პირას, პატარა ტყეში

არც ქარი იყო, არც წვიმის თქეში,

რამ ჩამოაგდო, ნეტავ, ფოთოლი?

ნეტავ, ფოთოლი რამ ჩამოაგდო –

არც ქარი იყო, არც წვიმის თქეში

უბრალოდ, ფოთლის დღე დაილია

მდინარის პირას, პატარა ტყეში,

მდინარის პირას, პატარა ტყეში,

მდინარის პირას, პატარა ტყეში.

1955 წელს დაწერილ ამ ლექსში სიკვდილ-სიცოცხლის მისტერია თამაშდება ფოთლის აღსასრულის ფონზე, რაც განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს სამგზის განმეორებული ტაეპით შექმნილ ფინალში. „უდავოა, რომ ტაეპი უპირველესად განმეორებადი „ბგერითი ფიგურაა“, უპირველესად ბგერითი, მაგრამ არა მხოლოდ ბგერითი, გარკვეული პოეტური განზომილებების, კერძოდ – მეტრის, ალიტერაციისა და რითმის მხოლოდ ბგერით მოვლენად მიჩნევის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ თეორიული დასკვნაა, რომელსაც ემპირიული საფუძველი არ გააჩნია. ეკვივალენტურობის პრინციპის განფენას თანამიმდევრობაზე გაცილებით უფრო ღრმა და ფართო მნიშვნელობა აქვს. პოლ ვალერის თვალსაზრისი, რომ პოეზია „რხევაა ჟღერადობასა და აზრს შორის“, გაცილებით უფრო რეალისტური და მეცნიერულია, ვიდრე ნებისმიერი მიკერძოება ფონეტიკური იზოლაციონიზმისადმი“ (რომან იაკობსონი, „ლინგვისტიკა და პოეტიკა“).

ოთარ ჭილაძის ზემოთ მოხმობილ ლექსში, ტერენტი გრანელის სარკისებური ლირიკული კომპოზიციების მსგავსად, ოთახი („პატარა ტყე“), ადამიანი („ფოთოლი“) და სიცოცხლე („მდინარე“) თავისი ხმებითა და აზრებით გვავსებს: ბუნებრივია და მარადიული ადამიანის ამქვეყნიური ყოფნა-არყოფნის ზღვარზე პოეტის მახვილი სმენით აღქმული კონსტრუქციაც, ლექსად გარდაქმნილი.

კიდევ ერთი, ტერენტი გრანელის ლექსის მსგავსი, კომპოზიცია მოვიძოთ ოთარ ჭილაძის 1955 წელს დაწერილ ლექსში: სარკმელი ისევ დამრჩება ღია -გამექცევიან ფიქრები გარეთმტკვარი მიდის და მთვარე ვერ მიაქვს,მიდის მტკვარი და ვერ მიაქვს მთვარე.გრძელდება ჯიბრი მტკვრისა და მთვარის,გრძელდება ორი ვნების ჭიდილი…და კედლის იქით მეზობლის ქალიშფოთავს, წრიალებს დამფრთხალ ჩიტივით.(ჭილაძე 1986, I: 549) ამ ლექსში კვლავ სიცოცხლის, მარადიულად დენადის, მდინარის და კოსმიური მთვარის დაპირისპირების ფონზე „წრიალებს“ ჩვენი სიცოცხლე“ და ტერენტი გრანელის „გაზაფხულის საღამოს“ ტაეპები გვახსენდება, ალუზიისა თუ რემინისცენციის მეოხებით: „მიწის ცქერით დაიღალა მთვარე“, „ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.1957 წელს დაწერილ პოეტურ აღსარებაში ოთარ ჭილაძე ერთგვარად აჯამებს თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისს: „მე არ ვიყავი ჯერ შეჩვეული ქვეყანას… მთვარეს ვცნობდი წვალებით“.(ჭილაძე 1986, I: 560) ოთარ ჭილაძის მთვარე, როგორც მეტაფორა, მოგვიანებით, სრულიად დამოუკიდებელი, გამორჩეული ტროპია, ტერენტი გრანელის მთვარისაგან განსხვავებული; მაგრამ ლირიკული ნათლობის ჟამს, პირველ ლექსებში, ტერენტი გრანელისა და სხვა პოეტების (მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგის) მთვარეთა ნათელი შუქის შემჩნევაც შეიძლება ოთარ ჭილაძის პოეზიაში.შემთხვევითი არ არის, რომ საკუთარი მთვარის ძიება ოთარ ჭილაძემ ხევსურეთში ყოფნისას დაიწყო: მთვარის ამოსვლის პროცესი ახალი სიცოცხლის, ლექსის ქმნის, სულიერი ცხოვრების დაწყების ჟამია: საკვამურებში სისინებს ქარი.იხურება და იღება კარი.და როცა მთებზე ამოდის მთვარე –ყველა კუნჭული ივსება მთვარით.როდესაც მთებზე ამოდის მთვარე –ბრჭყვიალებს თუნგი და ცოლის თმები.ქოხებს კი სძინავთ, ვაჟკაცის ქებით,ლაჩრის გინებით და ლუდით მთვრალებს.(„ხევსურეთი“. 1959. ჭილაძე 1986, II: 428) 50-იანი წლების დასასრულს ოთარ ჭილაძე უკვე გამოკვეთს პირველ პირზე ორიენტირებული, ლირიკული პოეზიის რეფერენციულ ფუნქციას თავის ლექსებში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ძლიერ ემოციურ მუხტთან.ლექსის ცნობილი მკვლევრები აღიარებენ, რომ „პოეზიის სტრუქტურა უწყვეტ პარალელიზმს ემყარება“ (ენტონი ჰოპკინსი) და „…რაც უფრო მკვეთრად იჩენს თავს პარალელიზმი სტრუქტურაში, ან გამოსახვის საშუალებებში, მით უფრო მკვეთრად ვლინდება პარალელიზმი სიტყვებსა და აზრებში…“ (რომან იაკობსონი).1950-იანი წლების მეტრულ-რიტმულ ძიებათა გზაზე, ოთარ ჭილაძის პოეზიაში სიმეტრიული ათმარცვლედით დაწერილი ორსტროფიანი კომპოზიციების გვერდით, წარმატებულ სიახლედ მიგვაჩნია 4/4/2-ითა და „ც“/„წ“ ბგერათა ალიტერაციით გამართული სტროფები: ცა დადაბლდა. გარეთ უკვე ცივა.მავთულებში სველი ქარი წივის.გაიქროლა წეროების მწკრივმა.სურნელება დამიტოვა წვიმის.(„***ცა დადაბლდა“. ჭილაძე 1986: 542) მე მართალი ვარ ჩემს თავთან ცამდე!უკვე ეს ქარიც ვერაფერს შველისდა ვუცქერ, როგორ იწვიან ცეცხლშილექსები – შენ რომ მოგწონდა ადრე.(„ძველი ლექსების კრემაცია“. ჭილაძე 1986: 554) „ც“ და „წ“ თანხმოვანთა ალიტერაცია სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს ოთარ ჭილაძის ლექსებში. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ტაეპები ლექსიდან „აგარაკი“: „აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს“; „ვინც ცოტა იცის, უფრო ბევრს ცხოვრობს“. „წიგნისა“ და „ცხოვრების“ დაპირისპირებისას თვალი ტაეპის I-II სიტყვებსაც ორიგინალურ ანტონიმებად აღიქვამს: „ა-ცვივა და წ-იწვი (ა)ცვივა და (წ)იწვი). ც/წ – თანხმოვანთა ალიტერირებას ეყრდნობა ოთარ ჭილაძის 1957 წელს დაწერილი შედევრიც „***გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა“. გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეაგარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრებიმაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. აბსტრაქტულის კონკრეტიზაცია დაგვირგვინებულია ლექსის უკანასკნელი ტაეპით: „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“. საგულისხმოა, რომ ოთარ ჭილაძე ლექსში „იტალიური რვეული“ საგნობრივ, ნივთიერ, კონკრეტიზაციის ფუნქციას ანიჭებს თანხმოვნებს, ხოლო სიყვარული, ჰაერი, ქალის სახით მოვლენილი, ხმოვანივით მელოდიურია: ერთნაირია ყოველთვის ქალი,მაგრამ არ არის ერთფეროვანი.ის საგნებს აძლევს ხმასა და ძალასროგორც თანხმოვან ბგერებს ხმოვანი.(ჭილაძე 1986, II: 465) ტერენტი გრანელის ლექსებში, განსაკუთრებით სონეტებში, შეიმჩნევა „ც“ და „წ“ ბგერების ალიტერირებისას განსაკუთრებული ყურადღება. „ც“ და „წ“ კონსონანტთა სიმბოლიზაცია გავაანალიზეთ „ცრემლი – ბაწარის“ (ტერენტი გრანელის „სონეტი დედინაცვალს“) მაგალითზე და აღვნიშნეთ: „ცრემლის ბაწარი“ ის პოეტური სახე-სიმბოლოა, რომელიც ემპირიულს აერთებს ირეალურთან (ბარბაქაძე თ., ტერენტი გრანელის სონეტები. წიგნში: „სონეტი საქართველოში“, თბ., 2008, გვ. 153-164).თანხმოვანთა ჰარმონიის ძიება ეხმარება პოეტს, ალიტერაციის გარეშე მიღწეული მხატვრული მიზანი მკაფიოდ დაანახვოს მკითხველს: ბგერწერის მიღმა არსებული საგნები და სიტყვები გააცოცხლოს: ცხოვრება და პოეზია გაამთლიანოს, „სიცოცხლე“ და „სიკვდილი“ „სხვად“ გარდაქმნას!1960 წელს ოთარ ჭილაძემ სიმეტრიული ათმარცვლედით დაწერილ ლექსს „***ოთახში ვიღაცა დადის“ ტერენტი გრანელის სტრიქონი წაუმძღვარა ეპიგრაფად: „ოთახში თითქოს ვიღაცა დადის“. ლექსი პოეტის მარადიული ყოფნის იმედით (ანუ „რაღაც სხვა“) არის აღსავსე: ამქვეყნიურო შიშის აჩრდილისა და უხერხულობის მერე ლექსის უკვდავების იმედი ჩნდება: მე ალბათ დიდხანს მემახსოვრებამე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრებააინტერესებს ვიღაცას ასე………გათავდა! ასე თავდება ზუსტადხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ძილიც.და მზეზე როგორც ფერადი ბუშტი,ცახცახებს მამლის ამაყი ჩრდილი.(ჭილაძე 1986, II: 439-440) „დევებით სავსე ქუდში“ ხშირად  გაკრთება შიშის აჩრდილი, დაწყვილებული მთვარის შუქსა და ღამის შრიალთან: ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარაიქნებ მე მადევს სულზე ურდული,და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარაგამოფიტული და გაქურდული.(ჭილაძე 1986, II: 458) აქვე, ფინალურ სტროფებში ოთარ ჭილაძე პოეტის უკვდავებაზე საუბრობს: „და პოეტების მოწყენილ ძეგლებსძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებისინი დგანან, რომ ნახონ სხვებმაცჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლისდა დაიჯერონ, რომ მათი ვნებაისევ ცეცხლია და არა ფერფლი)  მე ჩემი სიტყვა რწმენას მავალებსდა მაჯილდოებს ყველა უფლებითდა აი, უკვე ყივის მამალიცდა იღვიძებენ გარეუბნები.(ჭილაძე 1986, II: 458) კვლავ გაკრთება რწმენა მამლისა და ტერენტი გრანელის ხსოვნის აჩრდილი.ლექსი რიტმულად ორგანიზებული მეტყველებაა. ოთარ ჭილაძის ლექსი რიტმულად მფეთქავი, ცოცხალი სიტყვების გულისფეთქვას გადმოსცემს ვერლიბრითაც და კონვენციური ლექსითაც; რიტმის დიალექტიკა, მისი განვითარება, მოქმედებით, საზომთა და თემატიკის ურთიერთგაპირობებულობაზე მსჯელობისას ხშირად მიმართავენ „ენერგეტიკასა“ და „შინაგან მეტრს“ (მალერი, ტარანოვსკი). განსაკუთრებული ღირებულება მიანიჭეს მას სტრუქტურალისტებმა. „მეტის ხსოვნა“, შეიძლება ითქვას, არის ნაწილი „კულტურის მეხსიერებისა“ და ამ ფენომენის მეოხებით, ოთარ ჭილაძის ლექსი გამორჩეული „სემანტიკური შარავანდედით“ აღიბეჭდება მკითხველის ცნობიერებაში.შეუძლებელია, გალაკტიონ ტაბიძის სიცოცხლეში, 50-იან წლებში, ოთარ ჭილაძისათვის სულერთი ყოფილიყო უზარმაზარი ენერგეტიკა გენიალური პოეტის ლექსისა თუ ყოფისა; თუმცა საკუთარმა სულის სიბრძნემ ოთარ ჭილაძეს შინაგანი, უშეცდომო ხმით აპოვნინა ის გზა, რომლითაც მის ფიქრს, ტკივილს გარეთ უნდა გამოეღწია: „სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილთა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებინ გონებაჲ თქვენი!“ (გრიგოლო ხანძთელი). გალაკტიონის გენიის წინაშე არც გონების შიშით და არც მოწაფეობის ჟინით შეპყრობილი არ ყოფილა ოთარ ჭილაძე. არც მერე, როცა 1962 წელს ლექსი მიუძღვნა გალაკტიონს, უფიქრია ახალგაზდრა პოეტს სხვისი გაკვალული გაეღრმავებინა თავისი ლექსით. ღირსეულად აღნიშნავდა ოთარ ჭილაძე: მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდადმეძებნა ჩემი სევდის მიზეზი.(გალაკტიონ ტაბიძე) ალან გინზბერგის სიტყვებს მოვიშველიებთ: „პოეზია არის პირადი გამოცდილების საკუთარი თავისათვის გაზიარების ცდა“. ამგვარი ზიარებით „ერთმანეთთან გადაკვეთილებად“, ჩემი აზრით, უფრო ტერენტი გრანელის „დათოვლილი ლიანდაგები“ (ო.ჭ.) უნდა ვიგულისხმოთ, ვიდრე გალაკტიონის „რკინის საწოლი“.

Leave a Reply