ლექსები წიგნისთვის
„დახურული და ღია სიტყვები“
***
მუდამ გყოფნიდა საღი აზრი, ირონიით შეგეხედა
იმ წლებისთვის, როცა ბევრს წერდი
და იმ წლებისთვის, როცა ვეღარ.
რასაც შეწვდი, ჩამოკრიფე.
რაც დარჩა _ მხოლოდ მიუწვდომელ სიმაღლეზე,
მიუდგომელ კენწეროებში
და ჯერ არც ისე ახლოა ზამთარი,
რათა თავისით ჩამოცვივდნენ
დამჭკნარები, გამოხრულები,
როცა სურვილიც არ გექნება
და რომც გქონდეს, საეჭვოა, ძალა შემოგრჩეს
წელში მოხრის, ძებნის, აკრეფის.
***
1) არც თამაშები შემოგლევია,
არც დამარცხების ჟინი დაგიკარგავს,
არც იმდენი გისწავლია, იამაყო საკუთარი უცოდინრობით,
არც იმდენი გილოცია, რწმენაში დასუსტდე,
არც იმდენი გიშოვია, მომავალს თვალი გაუსწორო,
არც ისე გაღარიბებულხარ, წარსულს ზემოდან გადახედო,
არც იმდენი გყვარებია, ყველა გახსოვდეს,
არც ისე გაბოროტებულხარ, იცოდე, რას წერ.
2) უკვე იმდენ ბრძოლაში დამარცხდი
და არცერთში არ იყავი შენი თავის გულშემატკივარი,
და უკვე იმდენ მშვიდობაში გაიმარჯვე
თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე;
დიდი ხნის წინ დაწყებულ ლექსებს
ნაჩქარევად როცა ასრულებ,
უხერხულია, დასასრულები
ერთმანეთში არ აგერიოს
და ყველა დასაწყისს თავისი მოარგო;
უხერხულია, მწყობრად გახსოვდეს
დროები და ადგილები;
მით უფრო _ ხალხი.
3) როცა სადღაც აღარ არის,
სადაც ვყოფილვართ მე და ჩემი მეგობრები,
და როცა ვიღაც აღარ არის,
ვისაც ვიცნობდით მე და ჩემი მეგობრები,
და მე და ჩემი მეგობრები ბოლოები ვართ,
ვინც მათ ვიცნობდით და ვინც აღარ ვართ;
ან მეგობრები, ვისი სიკვდილიც გამოვტოვეთ,
ანდა თვითონ გამოტოვეს ჩვენი სიკვდილი;
როგორც არაერთხელ მომხდარა ხვალ.
როგორც არაერთხელ მოხდება გუშინ.
***
ძალიან შორსაც არ წასულა ჩემი ოცნება:
ჩემი შვილი მუსიკოსია.
როგორ პასუხობდა გიტარას გიტარით,
როგორ საუბრობდნენ!
თან ჯერ ორივე იმ ასაკშია,
ერთმანეთი უფროსი და უმცროსი ეგონოთ.
ძალიან შორსაც არ წასულა ჩემი ოცნება:
ბიჭი მღერის. მე ცოცხალი ვარ.
***
მივედით. პატივი მივაგეთ გარდაცვლილს,
ვინც სიცოცხლეში არ მიგვაჩნდა იმად, რადაც ის
თავს მიიჩნევდა. არ მიგვაჩნდა არც კარგ მეგობრად,
ოღონდ არც ისეთ არამზადად, მას რომ ეგონა.
მივედით. პატივი მივაგეთ. წავედით.
არცერთს გვეცალა, თორემ ყელსაც ჩავიმწარებდით
ორიოდ ბოთლით. უფრო სამით. და ამ არაყიდან
ცოტა მის სულსაც ერგებოდა. მაგრამ არ ღირდა,
რადგან თვითონვე მოასწრო და არ დაგვიტოვა
არცერთი კარგი მოგონება. ალბათ თვითონაც
არ მიიღებდა, რასაც სიმწრით გადაგვაჩვია _
ამდენ სიყვარულს რამდენიმე წყენა არჩია.
თუმცა პირველად, მისი წასვლა როცა შევიტყვეთ,
ყველას ტყუილი გვეგონა და, ვიცით, რატომაც;
რადგან წაიღო გაცილებით მეტი შეკითხვა,
ვიდრე დატოვა.
***
როცა ორივე ამოიწურა,
დახურული და ღია სიტყვები
და სიმუნჯეში შენთვის მიცურავ,
და აღარაფერს აღარ მიყვები _
აღარც შეკითხვებს, აღარც პასუხებს,
არც, მით უმეტეს, ვალებს, საყიდლებს;
ერთი სიჩუმე სადაც შეგითრევს,
მეორე იქვე ამოგაყვინთებს.
ყველა სიმართლე არის ნათქვამი.
ყველა ტყუილი. ყველა სიყლევე.
მშვიდად იცურე. აღარ გაგთქვამენ
დახურული თუ ღია სიტყვები.
***
ცუდი ამბავია, მეგობარო. ჩვენი საერთო მეგობარი,
კაცი უღალატო, განუდგა ალკოჰოლს.
დასრულდა, მეგობარო, ჩვენი ერთობლივი ცელქობანი.
შიში ოხერია; მით უფრო _ ჩაქოლვის.
თან ვისგან _ ვინ აღარ: ცოლი და სიდედრი.
ცოლისდა. ქვისლიც კი. და ცოლის ბიძები.
არც გაემტყუნება ასეთი სიდედლე,
აკი დაწერილ არს: ნუ ჩაესიძები!
აღარ გაუთენდეს დილა სანატრელი,
მძიმე პახმელია _ გამოსვლის მონახაზით,
გვირაბის ბოლოს რომ ცელქად ანათებენ
არათუ ჭიქები _ ფიქრიც ორნახადზე.
ახლა გინდ ჩაფუშე და გინდა გაბერე _
ამბავი ცუდია! წავიდეთ, თანამსმელს
თითოც წავუქციოთ, ვაგინოთ და მერე
არ ვილაპარაკოთ არასდროს ამაზე.
ან სალაპარაკო საერთოდ რა არი,
ვერ გადაეჩვიოს ენა თუ ყური;
წყენა _ თვისთავად. მაგრამ აქ მთავარი,
რასაც ვერ ვინელებთ, შურია. შური.
***
მიაბოტებდა სერზე ნახირი,
ყველას თავები ჰქონდა დახრილი,
და არცერთს ჰქონდა სმენა მახვილი,
რომ გაეგონა მენახირის შორი ძახილი.
ყველი, კარაქი, რძე და მაწონი _
ამ სილამაზეს რა გადაწონის?
და ეს ლექსებიც, ჭრელი ხბოები,
სხვადასხვა გზით თუ გარემოებით
როგორ გაზრდილან უკვე თავისით;
აღარც გავძახი, მაინც არ ისმის.
რა სიყვარული და რა საწოლი _
ამ სიმარტოვეს რა გადაწონის?
***
მანდაც ჩამახედე _ ახლანდელ თვალებში.
იქნებ მანდ ვიპოვო, რასაც სულ ვეძებდი.
რომ მართლა გინდოდა, მართლა ვერ შეძელი
სულ ოდნავ გვიან და იმედით გაგეშვი.
ახლა შემიძლია მშვიდად ვახარისხო
დრო და ადგილები _ წლებად და ქვეყნებად;
ახლა აღარაა არაფრით სარისკო
არათუ სიზმარში _ ცხადშიც კი შეხვედრა.
მაგრამ ჩამახედა ახლანდელ თვალებში.
მაგრამ მიმახვედრა, რა მელანდებოდა,
როგორც შენ გახსოვარ _ ყოველთვის გალეშილს;
როგორც მე გიგონებ _ ერთადერთ მეგობარს.
(შენ ალბათ ესეც ლექსი გეგონება.
უკეთეს შემთხვევაში _ ტყუილი.
უარეს შემთხვევაში _ შეგონება.
ყველა შემთხვევაში _ ყმუილი.
ატრაკებ, ძმობილო! თავს მასე ვინ იკლავს?
და გინდაც იკლავდე, ტყუილად ართულებ.
ეგ არის წყალწყალა მიძღვნითი ლირიკა,
არასაკმარისად მიზანმიმართული).
Leave a Reply