რეცენზია

ზეინაბ სარია

„ახალი სიმღერები“ მართლაც რომ ახალია

„ახალი სიმღერები“ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, გიორგი კეკელიძის, ახალი კრებულია (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2023 წ.), რომელიც ერთი პოემის განცდას უტოვებს მკითხველს; ერთი პოემისა, ლირიკულ ფიქრებსა და ემოციებს რომ აერთიანებს და ისე უნდა წაიკითხო, ძველ საბერძნეთში მოხეტიალე რაფსოდი რომ აგროვებდა ტექსტებს და ასრულებდა ერთმანეთზე გადაბმულ სიმღერებად. მთავარი განსხვავება: თუ რაფსოდებს პატივმოყვარეობა და ანგარება (შემოსავლის ინტერესი) ამოძრავებდათ, მკითხველმა მნიშვნელობებში წვდომის უნარი უნდა გამოავლინოს და კითხვის ხელოვნებაში შეიწვიოს მსმენელი. გამოცემის ერთ მთლიანობად განცდას ისიც უწყობს ხელს, რომ სიმღერების კრებულს სარჩევი არა აქვს. ლექსებს კი აქვს ცალკე სათაურები, მაგრამ თუ რომელიმეს ეძებ, მთლიანი მხატვრული ქსოვილის ფრაგმენტივით უნდა ეძებო. ყოველ ჯერზე თავიდან გექნება გადასაფურცლი და მოსანახი ესა თუ ის ლექსი. წიგნი გვერდებად არ არის დანომრილი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კრებულის ერთ მთლიანობად აღქმას.

„ახალი სიმღერები“ პოემად რომ გვაგულისხმებინებს თავს, ეგ მარტო ჩემი აზრი არ ყოფილა. გამოცემას ერთვის როსტომ ჩხეიძის წერილი („შორეული მელოდიის მონაბერი“) და აქ ნათქვამია:გამორჩეული ციკლის მხილველნი უნდა გავმხდარიყავით „ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე (2023, 3 მარტი), სიმღერებად სახელდებულისა, გამოკვეთილი კომპოზიციური ქარგით, პოემადაც რომ გვაგულისხმებინებს თავს (ჩხეიძე 2023: 61). რაც შეეხება მნიშვნელობებში წვდომას, ეს, ალბათ, ყველაზე საინტერესო პროცესია, რადგანაც გ. კეკელიძის ტექსტები მეტწილად არაერთმნიშვნელოვანია. კრებული 34 ლექსისაგან შედგება. აქედან შვიდიოდეა კონვენციური, ხოლო 27 არის ვერლიბრი.

როგორც „ოდები“ (თბ., 2008 წ., გამომც. „სიესტა“) არ იყო სახოტბო ლექსების კრებული, ისე არც ეს ახალი წიგნია ლაღი, მხიარული, საზეიმო ინტონაციებით სავსე გამოცემა. პირიქით, ფშავ-ხევსურთა თუ სვანების მიერ გვრინით ნათქვამ ხმით ნატირლებს თუ ზარებს გვახსენებს. გიორგი კეკელიძის ლექსებს ვკითხულობთ და ვაჟას სიტყვები ჩაგვესმის:
„მე რომ ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის:
ესეთი არის ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!
მაგრამ გაიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.“

ვაჟასებურად თალხმობურული რომ არის ეს სიმღერები, ესეც ნათქვამია უკვე. მხოლოდ პოეტური სიტყვის შესაძლებლობებიდან გაღწევის თვალსაზრისით კრებული გვახსენებს ავტორისავე ერთ-ერთ წინა კრებულს, რომელსაც „მინიატურები“ ჰქვია და რომელსაც მაი ლაშაურის გრაფიკული ილუსტრაციები ახლავს. „ახალ სიმღერებში“ გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსურათები ისევე, როგორც „ოდებს“ ერთვოდა დავით მესხის ფოტომასალა. ფოტოებიდანაც სევდა გადმოდის, უსიხარულოა, მაგრამ თავიანთი იდუმალება მოაქვთ.
და ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
ლექსებს ავტორმა მისცა ქიუ არ კოდი. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, წავიკითხოთ ნაწარმოები მუსიკალური თანამოსასმენის ფონზე. ასე უფრო აივსება ქმნილება განცდით.
„გულის სიმღერას“ აქვს თავისი თანამოსასმენი მელოდია, ქალაქური მუსიკის ჟანრში დაწერილი სიმღერა „ავადმყოფი მგოსანი,“ რომელსაც ასრულებს ანსამბლი „იალონი“. გიორგი კეკელიძის პოეტური ტექსტი არ არის ვრცელი: „ბავშვობისას, დაძინებამდე,
დედაჩემი მაფრთხილებდა,
გულის მხარეს არ დაწვეო და მას მერე
სულ მარჯვნივ ვწვები
და გული რჩება მაღლა,
მგონი, სულაც სიზმრებზე მაღლა,
თორემ ამ სიზმრებს
რომელი გული გაუძლებდა გაუბზარავი?“
ამ ტექსტის თანამოსასმენი მელოდია ეკუთვნის კომპოზიტორ ბიძინა ღოღობერიძეს, ხოლო ტექსტის ავტორია აკაკი წერეთელი. აი, ეს ტექსტიც:
„ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!..
აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!..
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?

მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მოიმედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:
ჩონგურო! ჩემო ჩონგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრიალი
ხელახლად მომეწყურაო;
ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი _ ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!..
დიდება შენსა მოვლენას,
ციურო, ტკბილო ძალაო!..
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაიცალაო.“

სიმღერაში გამოიხატა ბედის სამდურავიცა და ჩანგურის (პოეზიის სიმბოლო) არამიწიერი ხმებით ტკბობაც. გული ზედ ადნება სიმებს და ასე იცლება სული… ტექსტმა და სიმღერამ იპოვეს ერთმანეთი და მათი დიალოგიც შედგა. კრებულში ამგვარი არაერთი დიალოგია და, სადაც ობიექტურობაა, ისიც შეიძლება ვთქვათ, აქ ერთმანეთს ეხმარებიან ლიტერატურული ტექსტი, ფოტოხელოვნება და მუსიკალური მელოდია, მკითხველამდე სავსე განცდა რომ მივიდეს. ოღონდ არც ტექსტია ლექსიკურად ფერადოვანი, არც მელოდია _ სკუპა-სკუპა ტაქტებით დაწერილი და არც ფოტოებია გამამხიარულებელი. მელანქოლიურ განწყობილებას ავსებს ეს ყველაფერი. ამგვარი პოლიფონიურობა გიორგი კეკელიძის ნოვაციაა.
არ არის საკამათო, ნაწარმოების მხატვრულ ღირსებაში მონაწილეობს აზრის სილამაზეც. „სახეობრიობას ქმნის აზრობრივი სტრუქტურებიც“ (სირაძე 1987: 28). ორიგინალური აზრი ესთეტიკური ფენომენია. მის მოხდენილ მოძრაობაში ესთეტიკური განცდა წარმოიშობა. „სოფელი უდრის გაჩერებულს კედელზე საათს.“ („სოფლის სიმღერა“);
„ყველაზე შორს ხომ დახუჭული თვალები ხედავს?“ („წითელი პარასკევის სიმღერა“);
„მიტოვებულ სიყვარულზე ხავსი ამოდის.“ („მკვდარი სიყვარულის სიმღერა“);
„ხმამაღლა მესმის, როცა ჩემთან შენ აღარ რეკავ.“ („მკვდარი სიყვარულის სიმღერა“);
„ღმერთო, ხმა თუ არ, ფიქრში ფიქრი მაინც გამეცი.“ („თოვლის სიმღერა“);
„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე. და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.“ („მათემატიკის სიმღერა“);
„ისრისებიან ოცნებები და ოცნებები, როგორც მკვდარი ჩვილები, ისე გამომყავს და სახელად ამ მკვდარ ჩვილებს ლექსები ჰქვიათ.“ („ლექსების სიმღერა“); „ადამიანები სხვადასხვანაირად ყეფენ, 60 ძაღლები _ ერთნაირად.“ („ყეფის სიმღერა“);
„როცა ტკივილს ყავარჯნად სიტყვები არა აქვს, ტკივილზე მეტია.“ („ძაღლის სიმღერა“);
შენი მზერა ყველაზე რთული წინადადებაა.“ („სიზმრის სიმღერა“).
ეს ის აზრებია (სხვა ამგვარებს შორის), წაკითხვისთანავე რომ თვალს მოსწყვეტ ტექსტს და მის კვალს ჩაუკვირდები შენსავე არსებაში; თავში ჩაბრუნდები. სიტყვათამდინარებაში მაგნიტის მიზიდულობაა. აზრი აზრს იწვევს და თითოეული შენს ცხოვრებასთან გაბრუნებს, გახსენებს მნიშვნელოვან წუთებს… დაფარული აზრი განცდის სიღრმეებიდან ზედაპირზე ამოდის დაამ ამოსვლაში უხილავი ხილული ხდება, იდუმალი ვლინდება სიცხადეში, თითქოს, აზრის გავრცობა-გაშლისა და ზრდის თანამონაწილენი ვხდებით და ჩვენ თვალწინ იძენს სათქმელი მონუმენტურობას. ასე მიიღწევა პოეტური აზროვნების ესთეტიზაცია, რომელიც გიორგი კეკელიძესთან შესაშურად არის შერწყმული სისადავესთან. არსად სიყალბის ნამცეციც არ ჩანს.
ხომ შეიძლება, რომ ამ სახის აზრებს დავარქვათ პოეტური სიბრძნე? მგონი, შეიძლება. სიბრძნე (რაგინდ პოეტურიც იყოს) რეფლექსიას მოჰყვება, ხოლო სადაც ხანგრძლივი დაფიქრებაა, იქ სიღრმე იხილვის და უფრო სევდა-ნაღველი ივარაუდება, ვიდრე სიცილ-კისკისი, ამიტომ დავეთანხმები ამ სიტყვების ავტორს: პოეზია მუზების კარნახით იქმნება, ფილოსოფია კი ხანგრძლივ რეფლექსიას გულისხმობს. მასში ბევრი სიბრძნეა, მაგრამ ცოტაა სიხარული“ (ჯგერენაია 2024:22). „ახალი სიმღერები“ ავტორის ცოცხალი ემოციების გადმოცემის ახალი ცდაა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, კრებული ახალია სიმღერის, ფოტოხელოვნებისა და პოეზიის სინთეზური ნაზავით, რაც იმ ემოციებს უფრო სავსეს ხდის.
თანამედროვე კონცეფციის თანახმად, ამ სინამდვილის პარალელურად ბევრი სხვა სამყაროც არსებობს. ასეც რომ არ იყოს, პოეტი ხომ თავისი საავტორო აღქმებით სწორედ რომ სხვა სამყაროს ქმნის, ვარიაციულად განუმეორებელს?.. ეს კრებული ამის დასტურია და შიგ ავტორის ცხოვრების ემოციური მოდიფიკაციებია.

დამოწმებანი:

სირაძე 1987 – სირაძე რ., ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, გამომც. „განათლება“, თბ., 1987 წ.
ჩხეიძე 2023 – ჩხეიძე რ., „შორეული მელოდიის მონაბერი“, კრებულში: გ. კეკელიძე, „ახალი სიმღერები“, გამომც. „ინტელექტი“, 2023 წ.
ჯგერენაია 2024 – ჯგერენაია ე., „სიცოცხლე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლე იწვევს სიკვდილს“, ჟ. „ქართული მწერლობა“, 2024 წ., N1.

Leave a Reply