კრიტიკა/ესე/წერილები

ზეინაბ სარია

დათო ბარბაქაძის პოეტურ სამყაროში შეხედვის ცდა

დათო ბარბაქაძის  პოეზიას ისე უფრთხიან ლიტერატურისმცოდნენი, თითქოს, ვულკანის მაგ­მა იყოს, მოულოდნელად ამოფრქვეული, მოსარიდებელი…  რაშიც ვერ შეაღწევ,  გამაარაფრებელი ეფექტი აქვს, ამიტომაც მკითხველმა ეს შეფასება  სულაც იქით შეიძლება დაუბრუნოს პოეტს.

და აი, სწორედ აქ შეცდება იგი.

ეს მცირე წერილი ამის გამოხატვის ცდაა. მკითხველო, ჯერ ეს ორი ლექსი წაიკითხე ავტორის წიგნში  და წინ დაიდე, მერე კი დაუკვირდი შემოთავაზებულ წერილს. მხოლოდ ასე თუ მიხვდები, რა გამორჩეულ შემოქმედთან გაქვს ურთიერთობა.

ა/ დათო ბარბაქაძის ერთი ლექსის შესახებ

დავიწყოთ იქიდან, რომ ლირიკა, მოგეხსენებათ, ლიტერატურის სხვა გვარებზე უფრო ინტიმურია, ასოციაციურია, ასოციაციები კი სუბიექტური ხასიათისაა, ეყრდნობა წინარე ცოდნასა თუ სამკითხველო გამოცდილებას. წინარე ცოდნა გაგახსენებს ადრე წაკითხულებსაც და წაგიყვანს ინტერტექსტუალობისაკენ (გაგვახსენდება მ. ბახტინის „დიალოგურობა“). ამიტომაც ბუნებრივია, რომ ინტერტექსტუალობას განიხილავენ როგორც ნაწარმოების ინტერპრეტაციის ერთ-ერთ საშუალებას (იხ. მედეა კინწურაშვილის დისერტაცია ინტერტექსტუალობა როგორც ტექსტის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი საშუალება, თსუ, 2008 წ.). აქვე შეიძლება მოვინიშნოთ ბახტინის თვალსაზრისი:„არც ერთი გამონათქვამი არ შეიძლება იყოს არც პირველი ან არც ბოლო. იგი მხოლოდ რგოლია ერთიან ჯაჭვში და არ შეიძლება განიხილებოდეს ამ ჯაჭვისაგან დამოუკიდებლად“ (ბახტინი 1979:424).

ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ მკითხველები განსხვავდებიან თავიანთი ინტერპრეტატორული თვალთახედვით და საინტერესო სწორედ ეს არის. დათო ბარბაქაძის უჩვეულო დასახელების ლექსს ვკითხულობ, თანამედროვე ეროვნულ გამოცდებზე შემოთავაზებულ უნარების ტესტს რომ მომაგონებს: „განსაზღვრებით ილუსტრირებული ადამიანით ილუსტრირებული განსაზღვრებით ილუსტრირებული ადამიანი // ადამიანით ილუსტრირებული განსაზღვრებით ილუსტრირებული ადამიანით ილუსტრირებული განსაზღვრება.“ იგი 31 რვატაეპედისაგან შედგება და პირველი მონაკვეთი ეს არის: მართალია ადამიანი არ ექვემდებარება განსაზღვრებას მაგრამ არც განსაზღვრება ექვემდებარება ადამიანს. მართალია „ადამიანი“ არ ექვემდებარება განსაზღვრებას მაგრამ არც „განსაზღვრება“ ექვემდებარება „ადამიანს“ მართალია ადამიანი არ ექვემდებარება „განსაზღვრებას“, მაგრამ არც განსაზღვრება ექვემდებარება ადამიანს. მართალია ადამიანი არ ექვემდებარება განსაზღვრებას მაგრამ არც „განსაზღვრება“ ექვემდებარება „ადამიანს“
/ბარბაქაძე 2008: 211/.1
ეს უპუნქტუაციო ტექსტი ამ პრინციპით გრძელდება და ავტორი მხოლოდ ბრჭყალებით ახერხებს სემანტიკის პედალირებას.

რას მახსენებს ეს?
არჩილ II ბაგრატიონის (1647-1713) შემოქმედებიდან მახსენდება „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“ (არჩილის თხზულებათა სრული კრებული, ერთტომეული გამოსაცემად მოამზადეს ი. ლოლაშვილმა, ლ. კეკელიძემ და ლ. ძოწენიძემ, 1999 წ.). ნაწარმოები ცხოვრების ილუზორულობას გამოხატავს და ასოციაციით „ეკლესიასტეს“ გვაგონებს. არჩილის ლექსის პირველი ნაწილის კატრენი ერთი ტაეპის გამეორებით არის შექმნილი, ხოლო ნაწარმოებში იმდენი სტროფია, რამდენი სიტყვაც არის ტაეპში. აი პირველი ოთხტაეპედი:

„ამოებასა იგავით ასოთა შენობს მოესო,

ამოებასა იგავით ასოთა შენობს მოესო,

ამოებასა იგავით ასოთა შენობს მოესო,

და ამოებასა იგავით ასოთა შენობს მოესო“.

შემდეგ სტროფებში იცვლება სიტყვების თანმიმდევრობა. არჩილის ამ ნაწარმოების კარგი ანალიზი დაიბეჭდა ჟურნალ „სჯანის“ 2021/22 წლის ნომერში (მაია ნაჭყებია, „სწავლულ კაცთა პოეტური თამაშები: ეკლესიასტესეული ამაოება და წრებრუნვა არჩილის „ჩარხებრ მბრუნავ ლექსში,“ ჟ. „სჯანი,“ გვ. 184-208). როგორც სამეცნიერო ნაშრომის სათაური გვეუბნება, ეს ფორმა ინტელექტუალური პოეტური თამაშის სახეობად არის მიჩნეული. მკვლევარი მაია ნაჭყებია დააკვირდა არჩილის ზემოთ დასახელებულ ლექსს, მოიძია მის შესახებ არსებული ლიტერატურა, გამოიკვლია სათაურის მნიშვნელობა, შეისწავლა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ინსპირაცია ავტორისათვის, დაუკვირდა, როგორ ხორციელდებოდა ნაწარმოებში ბრუნვის შთაბეჭდილება, როგორ იქმნებოდა მოძრაობის ილუზია და თანამედროვე მკითხველს ხელში მისცა გასაღები, როგორ შეეღო კარები და შესულიყო ამ ქმნილების წიაღში. მანვე ცხდყო, რომ ეს ტექსტი პოეტური თამაშის ხელოვნებას წარმოგვიდგენდა, გონებრივი წვრთნისა და გავარჯიშების მშვენიერი საშუალება იყო. მაია ნაჭყებიას ამ ნაშრომმა ასოციაციური ბმით დათო ბარბაქაძის ლექსი გამახსენა. რომ არა ეს ნაშრომი, არჩილის ტექსტსაც ზერელედ წავიკითხავდი და დ. ბარბაქაძის პოეტური დიალოგი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე ასწლეულის დასაწყისის პოეტთან ჩემი ცნობიერების მიღმა დარჩებოდა.
მეტრულად არჩილის „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“ დაბალი შაირია და კატრენებისაგან შედგება. მეტრული სახე არა აქვს დ. ბარბაქაძის ლექსს. მისი მონაკვეთები ამ ლექსში რვა ტაეპისაგან შედგება და დასრულებული სინტაქსური მონაკვეთის სახე აქვს პირველ-მეორე ტაეპებს. სწორედ ეს პირველი-მეორე პწკარები მეორდება ოთხჯერ და ქმნის რვატაეპედს.

რას გვეუბნება ნაწარმოები?
ადამიანი განუსაზღვრელია, ამოუცნობია, მრავალუცნობიანი რაობაა, არ ექვემდებარება რომელიმე ერთ კონკრეტულ განსაზღვრებას, თუმცა ყოველი ადამიანური გამოვლინება ხელახლა განსაზღვრავს მას.
დ. ბარბაქაძესთან სიტყვების თანმიმდევრობა უძრავია, ბრჭყალებით ავტორი ცვლის სემანტიკურ შეფერილობას. აქ სწორედ სემანტიკური მოძრაობა უპირისპირდება სიტყვების უძრაობას. ეს არის არჩილის „ჩარხებრ მბრუნავი ლექსის“ გადმოტანა ამოტრიალებულად, საპირისპირო ხერხით. აქ ტრიალებს სიტყვათა მნიშვნელობები, თუმცა უძრავია თვითონ სიტყვები. სემანტიკის ცვლა მიღწეულია ბრჭყალებით. ეს არის არჩილთან პოეტური გადაძახილი, არჩილისა და დ. ბარბაქაძის ღირსეული დიალოგი. მთელ ტექსტში სასვენი ნიშნები უარყოფილია, მხოლოდ ბრჭყალებია მოქმედებაში. თანამედროვე პოეტმა არა შაბლონურად, არამედ შემოქმედებითად გადმოიტანა ჩარხივით ამოძრავებული ლექსის პრინციპი. რა არის ის, რაც მივიღეთ? თავისებური ენობრივი თამაშისა თუ სავარჯიშოს მსგავსი რაობა. პიანისტები საშემსრულებლო ტექნიკის შესანარჩუნებლად თუ გასაუმჯობესებლად ხომ უკრავენ გამებს ან კიდევ არპეჯიოს (ბგერების ტეხილი შესრულებით იმეორებენ აკორდებს)? სწორედ (ან დაახლოებით) არპეჯიოს მსგავსად სიტყვიდან სიტყვაზე გადაინაცვლებს სემანტიკური მახვილი. მხატვრობაში ასე შეიძლება მსგავსი რამ წარმოვიდგინოთ: ფერმწერმა მორიგეობით რომ მიაფინოს შუქი თავისი ტილოს სხვადასხვა სეგმენტს და დამთვალიერებლის ყურადღება ასე გადაანაცვლოს საგნიდან საგანზე.
არჩილის ზემოთ დასახელებული ლექსი მისივე ნოვაციაა, მის მიერ შექმნილი სალექსო ფორმაა, ხოლო დ. ბარბაქაძის ნაწარმოები „ჩარხებრ მბრუნავი ლექსის“ პოეტური გადააზრებაა. აქ ლექსიკურ ერთეულსა თუ სიტყვათშეთანხმებაზე ბრჭყალების დახმარებით გადანაცვლებული სემანტიკა ზიგზაგის ხაზს ქმნის, წარმოშობს ჩარხის მოძრაობის ილუზიას. ამგვარი რთული ფორმა გონების შესაძლებლობების გააქტიურებას ისახავს მიზნად და სულაც არ არის განკუთვნილი იმთავითვე საყოველთაო გაგებისათვის. ვინც შეაღწევს ამ ინტელექტუალურ ლაბირინთში, ეს აზრობრივ-ესთეტიკური მონაპოვარიც მისი იქნება.
ავტორს, რასაკვირველია, სურს, რომ ამოიცნონ, იფიქრონ, მიხვდნენ, ივარაუდონ…მაგრამ თვითონ არ დადგება თავისი შექმნილის ამხსნელად.

მეკითხებიან: _ შეიძლება შენი თანამედროვე მკითხველი ასეთი რთული გამოცდის წინ დააყენო?
ძალიან მოკლე პასუხი ასეთია: _ რატომაც არა.

ანტიკური პერიოდიდან არსებობს ლექსისა და გრაფიკული გამოსახულების მიახლოების ცდები. ასეთი რამ მხოლოდ გასართობად არ იწერებოდა, განსწავლულობასაც მოწმობდა და ოსტატობასაც.
ამ შემთხვევაშიც ასეა.

ბ/ დათო ბარბაქაძის კიდევ ერთი ლექსის შესახებ

ქართული პოეზია უწყვეტი ერთიანი პროცესიაო, რომ ვამტკიცოთ (იმისთვის, ვისაც აშინებს ყველაფერი უცხოური) და ამის დასტურად დ. ბარბაქაძის „შლაგბაუმიც“ ვახსენოთ, შეიძლება ვინმეს თვალები გაკვირვებისაგან შუბლზე აუვიდეს და შემოგვეკამათოს, ეს ხომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი არასტანდარტული ქმნილებააო. დიახ, არასტანდარტულია, თუმცა, „შლაგბაუმი“ „ჩარხებრ მბრუნავი ლექსის“ პრინციპითაა შექმნილი და ამ თვალსაზრისით განაგრძობს კიდევაც არჩილის ხაზს, მაგრამ არც ერთი ღირებული ქმნილება მხოლოდ უკვე არსებულის გამეორებით არ შემოიფარგლება. აქაც ფორმაცა და შინაარსიც დიალექტიკურად განვითარებულია, რაც ანიჭებს მას მაღალ მნიშვნელობას და ამკვიდრებს პოეზიის საუფლოში. ტექსტი ხუთი მონაკვეთისაგან შედგება და ეყრდნობა თეზას:„დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, რაც თავისთავს აგროვებს და იწვის.“
რა არის დ. ბარბაქაძისეული დაგროვების პრინციპი?
ხელოვნისთვის უცხოა ვაჭრული თვალთახედვა, კერძომესაკუთრული პრინციპები.
ხელოვანი გამცემია, გამზიარებელი (წამრთმევი არ არის, მაგრამ არც გამნიავებელია. მაშინ ყველა თავის მიგნებას დაკარგავდა). ხელოვანი თუ რაიმეს აგროვებს, ეს საკუთარი თავია, ინდივიდუალობა, საკუთარი განუმეორებლობა.ხელოვნის შთაგონების უპირველესი მეტაფორა ცეცხლია. სწორედ ის არის შემოქმედების სიმბოლო. აქ შეიძლება მოგვაგონდეს აკაკის „ხატის წინ“:

„და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?”
დაგროვების (შემოქმედებითი ზრდის) პროცესს ახალი სიმაღლე აჰყავს სრულიად სხვა ექსისტენციალურ განზომილებაში, მოდის სხვა თვისობრიობა: ჩნდება ცეცხლი, ხელოვანი თავის თავს აგროვებს და იწვის (შეგროვება გადადის წვის ხარისხში, წვის კატეგორიაში).
ლექსის პირველ მონაკვეთში აზრის (თეზისის) პირველი და მეორე ნახევარი ცალკე მეორდება და ბრუნავს, ქმნის ჩარხის მონოტონური მოძრაობის განცდას: „დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის (ყოველთვის ხელიდან ის უსხლტება; ყოველთვის ის ხელიდან უსხლტება; ყოველთვის ის უსხლტება ხელიდან; ყოველთვის უსხლტება ხელიდან ის; ყოველთვის უსხლტება ის ხელიდან; ხელიდან ყოველთვის უსხლტება ის; ხელიდან ყოველთვის ის უსხლტება; ის ყოველთვის ხელიდან უსხლტება; ის ყოველთვის უსხლტება ხელიდან; უსხლტება ყოველთვის ხელიდან ის; უსხლტება ყოველთვის ის ხელიდან; ხელიდან უსხლტება ყოველთვის ის; ხელიდან ის ყოველთვის უსხლტება; ის ხელიდან ყოველთვის უსხლტება; ის უსხლტება ყოველთვის ხელიდან; უსხლტება ხელიდან ყოველთვის ის; უსხლტება ის ყოველთვის ხელიდან; ხელიდან უსხლტება ის ყოველთვის; ხელიდან ის უსხლტება ყოველთვის; ის ხელიდან უსხლტება ყოველთვის; ის უსხლტება ხელიდან ყოველთვის; უსხლტება ხელიდან ის ყოველთვის; უსხლტება ის ხელიდან ყოველთვის), რაც თავის თავს აგროვებს და იწვის (რაც აგროვებს თავის თავს და იწვის; თავის თავს რაც აგროვებს და იწვის; თავის თავს აგროვებს რაც და იწვის; აგროვებს თავის თავს რაც და იწვის).“ დავსვათ კითხვა: რა მნიშვნელობა ენიჭება ამდენგზის ვარიაციულ განმეორებას? ეს, რა თქმა უნდა, არ არის ტრადიციული რეფრენი, რომელიც ფრაზის მნიშვნელობას აძლიერებს. ეს არის მიზანმიმართულად ვარიაციული გამეორება ფრაზისა, რომელშიც სიტყვების რიგი საგანგებოდ შეცვლილია, რომ მონოტონურობას გამოსტაცოს აზრი და გახადოს იგი დაკვირვების საგანი, რომლის გარშემო მაქსიმალურად კონცენტრირდება მკითხველი. რეფრენისგან განსხვავებით, აქ გამეორება ბევრად მრავალჯერადია. რაკი გამეორება ვარიაციულია, მონოტონურობის განცდა შენელებულია და ძლიერდება ლოგოსი. საბოლოოდ ეგ ყალიბდება, როგორც მხატვრული მარკერი, რომელიც განაპირობებს მკითხველის თანამონაწილეობას.
მეორე მონაკვეთში სიტყვათშეთანხმება „აგროვებს და იწვის“ შეატრიალა ავტორმა და გვითხრა:„იწვის და აგროვებს,“ რითიც მიგვახვედრა, რომ „წვის“ (ე.ი. ქმნადობის) პროცესშიც არის ზრდა და თვითდასრულება ანუ დაგროვება. აზრი მოხდენილად გადავიდა საპირისპირო აზრზე, თეზისიდან ანტითეზისზე. აქ მხატვრულ ქსოვილში ბრუნავს და ტრიალებს, რაც იგულისხმება ლექსიკურ ერთეულში „ის“:
ა) დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, რაც თავის თავს იწვის და აგროვებს (რაც იწვის თავის თავს და აგროვებს; თავის თავს რაც იწვის და აგროვებს; თავის თავს იწვის რაც და აგროვებს; იწვის თავის თავს რაც და აგროვებს).
ბ) დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, რაც იწვის და თავის თავს აგროვებს (იწვის რაც და თავის თავს აგროვებს; იწვის რაც და აგროვებს თავის თავს; რაც იწვის და აგროვებს თავის თავს).
გ) დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, იწვის და თავის თავს აგროვებს რაც (იწვის და თავის თავს რაც აგროვებს; იწვის და აგროვებს თავის თავს რაც; იწვის და რაც თავის თავს აგროვებს; იწვის და რაც აგროვებს თავის თავს; იწვის და აგროვებს რაც თავის თავს).
დ) დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, თავის თავს იწვის და აგროვებს რაც (თავის თავს იწვის და რაც აგროვებს; იწვის თავის თავს და აგროვებს რაც; იწვის თავის თავს და რაც აგროვებს).
ე) დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ის, აგროვებს და რაც
თავის თავს იწვის (აგროვებს და თავის თავს რაც იწვის; აგროვებს და თავის თავს იწვის რაც; აგროვებს და იწვის თავის თავს რაც; აგროვებს და იწვის რაც თავის თავს).
მესამე მონაკვეთში გააქტიურებულია თეზა, რომ შემოქმედებითი პროცესი დაგროვების პრინციპს ყოველთვის ხელიდან უსხლტება. „ხელიდან უსხლტება“ _ ამ სიტყვათშეხამებით მინიშნებულია შემოქმედებითი აქტის უნებური ბუნება, მოულოდნელობა, წინასწარ დაუგეგმაობა. აქ თეზისის სწორედ ამ ნაწილზე მახვილდება ყურადღება (ეგ ის რაობაა, რაც ბესიკ ხარანაულს „წამოახტუნებს“).
მეოთხე ნაწილში აზრები კიდევ უფრო დინამიკურად ტრანსფორმირდება. აქ ყოველთვის რაც ხდება, ე.ი. კანონზომიერ მოვლენად, რაც ჩამოყალიბებულა, იმას შეგვამეცნებენ.
მეხუთე მონაკვეთში კითხვებია დასმული, რომლებიც სხვადასხვა ვარიაციით ერთ რამეს უტრიალებს: ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის მაღალი აუცილებლობით განპირობებული რამე იწერება?!
როგორც ვხედავთ, ლექსი ყურადღებას იპყრობს საგულისხმო სათქმელითაც და კლასიკური მემკვიდრეობიდან აღებული, მაგრამ შემოქმედებითად გადააზრებული ფორმით. ავტორს პრინციპულად არ უყვარს უკვე არსებული პოეტური ტრადიციის უცვლელად გამეორება. ასე იკვეთება ნაწარმოების ნოვატორული არსი. მკითხველს ინტერესს აღუძრავს საგანგებოდ ამგვარად კონსტრუირებული ტექსტი და განაწყობს საფიქრელად.
სიმბოლური დატვირთვა აქვს სათაურს. „შლაგბაუმი“_ ეს ლექსი არსებობს, როგორც წინაღობა, რომელიც უნდა გადალახო, რომ ავტორმა თავის ნაფიქრ-ნააზრევში შეგიშვას. რაც უნდა ქართული კლასიკური პოეზიიდან იყოს ამოზრდილი, ჩვენ წინაშეა არაორდინალური ვარიაცია თავად არაორდინალური ნაწარმოებისა „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი.“ ლამის სკანდალური ქმნილება საყოველთაოობის დონეზე გაუგებარია, ჯერაც გაუანალიზებელი ესთეტიკური წარმონაქმნია, სიტყვათა გარკვეული კომბინაციის გამეორებებს ეყრდნობა, მაგრამ რაციონალურ საწყისს ემორჩილება. ნაწარმოები მიჰყვება გარკვეულ წესს, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება. ეს არის პოეზია, რომელშიც შეღწევაა
საჭირო. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამოვწურე, რაც ამ ორ ლექსზე ითქმოდა. ინტერესით წავიკითხავ, თუ ლიტერატურათმცოდნენი თავიანთ ანალიზს დაბეჭდავენ.

1. ბახტინი მ., სიტყვიერი ხელოვნების ესთეტიკა, მოსკოვი, 1979 წ., გვ. 424. ბარბაქაძე დ., ლექსები 1984-2004, თბ., მერწყული, 2008 წ.

Leave a Reply