
მ ს ხ ვ ე რ პ ლ ი
ნარკვევისა და ესეს თავისებური ნაზავია ის, რასაც გთავაზობთ და, ალბათ, თანამედროვე ნონფიქშენს უფრო ჰგავს.
ბოდიშს მოვუხდი ამ თხრობის მთავარი პირის ნათესავებს ტკივილიანი ამბების გახსენებისათვის, მაგრამ პოსტსაბჭოთა თაობებმა უნდა იცოდნენ, უნდა იცოდნენ, უნდა იცოდნენ…
. . .
ჯერ აღმოსავლეთით მზის კენტი სხივიც კი არ იყო ამოწვერილი, პატარა კაკოს რომ ეღვიძებოდა. სხვებისთვის რომ ძილი არ დაეფრთხო, უჩუმრად გამოვიდოდა ეზოში, მიაშურებდა ახლო ხეს, მოჰხვევდა ხელს ხორკლიან ტანზე, ჩაეკვრებოდა, აჰყვებოდა ტოტებს, ჩამოჯდებოდა ტოტგასაყარზე, გაირინდებოდა და უთვალთვალებდა ვარსკვლავებს, ყურს უგდებდა ფოთლების რხევის ყრუ ბგერებს, უსმენდა სიჩუმეს.
ჩქამიც კოსმიური იყო და სიჩუმეც.
იდუმალებით მოცული კოსმოგონია თითქოს მაღლა ეზიდებოდა უხილავი თასმით.
(რაო, პატარა ბიჭო, შენი წარმოდგენით სად იყავი მაშინ, რას ფიქრობდი ან რას გრძნობდი?.. ნეტა შეიძლებოდეს, ზეცაში ხელი ავყო, შენდა სასიკეთოდ შემოვატრიალო პლანეტები, რომ აგცდეს ის ხვედრი…)
სამყაროს, როგორც დიდ საიდუმლოს, შეაცქერდებოდა და ბეღურასავით მიიყუჟებოდა ამ საოცრების უბეში. თვითონაც ვეებერთელა საიდუმლოს პატარა ნაწილად გრძნობდა თავს. მის თვალწინ ეყრებოდა ღამე ალიონს და თენების სასწაულს იზეპირებდა თვალებით, ყურებით, კანით, ყნოსვით… იქნებ, ეგზისტენციალური კითხვებიც ებადებოდა, ფიქრში წამყვანი…
რა იყო ეს? რა გრძნობის ორგანო მოქმედებდა, რომ ასე უიდუმალესად აღექვა ბავშვს კოსმიური მთლიანობა?
_ კაკო, ჩამო, ვისაუზმოთ! _ დაუძახებდა, ალბათ, კარგა ხნის შემდეგ სამი ძმიდან რომელიმე, რომელსაც დაავალებდა მზრუნველი ბებო, კაკოს დამიძახეთო, ხან კიდევ სამივე დაიკო ერთად შეჟღურტულებდა უცნაურ ძამიას, რომელსაც არც საუზმე ახსოვდა და შიმშილსაც ვერ გრძნობდა დიდ სამყაროულ მთლიანობას მიყურადებული.
ჩვეულებრივ ბავშვს ჩვეულებრივი შეგრძნებებით შეეძლო განა ეს? რა უცხო შეგრძნება ეხსნებოდა მას? რა იყო ისეთი, მის ცნობიერებას რომ იზიდავდა მაგნიტივით, ხოლო სხვათა შესაძლებლობებს მიღმა სულაც შეუმჩნეველი რჩებოდა?!. ბავშვი რომელიღაცა აუხსნელი ინტუიციით ინტენსიურად გრძნობდა, რომ არსებობდა, სიცოცხლით იყო სავსე და იყო ნაწილი დანარჩენი სამყაროსი. ხომ ცნობილია, დიდი თუ პატარა საგანთა და მოვლენათა არსს ჩასწვდება იმ ხარისხით, იმ ზომით, რისი აღქმის უნარიც აქვს. რა განცდები ეუფლებოდა მას მაშინ? ჩვენ ამას ახლა, იქნებ, სულაც სამყაროს მისტიკური აღქმა ვუწოდოთ ან მოზარდის სამშვინველის გამოღვიძება დავარქვათ, მაგრამ იმთავითვე საგრძნობი და მისახვედრი იყო, ამ ბავშვს რაღაც სახელდაურქმეველი ცოდნა ჩამოეწოდებოდა ზევიდან… იქნებ, ცოდნა არც დაგვერქმია იმისათვის, რასაც ცხადად თუ ბურანში გაისიგრძეგანებდა. იქნებ, ამას უფრო უხდებოდეს სიტყვა „მიხვედრა“… ჰო, რაღაც-რაღაცებს ხვდებოდა, მისთვის იმ ასაკში გამოსათქმელად რთულ რამეებს.
ეს იყო პირველი უცნაურობა, ბავშვობიდანვე საცნაური.
ის იმპერია, 1922-1991 წლებში რომ არსებობდა, ფორმალურად რესპუბლიკების ფედერალური კავშირი რომ იყო და ფაქტობრივად – რუსეთის მიერ მართული ქვეყანა, საბჭოთა კავშირად რომ მოიხსენიებდნენ და საკუთარ თავს დიადი მომავლისკენ – კომუნიზმისაკენ – მიმავალ ქვეყანას უწოდებდა, წინა ფასადის თვალთმაქცურად მოლამაზების ოსტატი რომ იყო, პარადებისა და დემონსტრაციების ქვეყანა, რამდენი სხვაგვარად მოაზროვნე ხელოვანისა და მეცნიერის სამშობლოც გახლდათ იმავდროულად. ამ ტოტალიტარულმა მონსტრმა რამდენი ასეთი ადამიანი გაანადგურა!.. აბა, კარგი მამის შვილი იყავი და არ გგონებოდა, რომ აქ საუკეთესო ცხოვრებაა, რომ საბჭოთა ხელისუფალნი იყვნენ პროგრესულები, მოწინავენი! ისეთი იდეოლოგიური აგრესია გეძგერებოდა!.. წამის უმალ ისეთი საბჭოური თვალთვალის ობიექტი გახდებოდი!.. რა იოლი იყო მოაზროვნე ადამიანების გაწირვა!.. უპირველესად თავისუფლებისაკენ მიდრეკილება ისჯებოდა. ბევრის სახელმა მაინც გამოაღწია იმ უკუღმართი დროების ჩარჩოებს, მათი ნაღვაწი შემოგვრჩა, მაგრამ რამდენი გააქრეს უკვალოდ, უსახელოდ, გაუგონარი განადგურებით…
მიტროფანე ხოშტარიასა და ოლღა ჩაჩავას ოჯახს მრავალშვილიანობა ღვთის წყალობად დაენათლა: შვიდი შვილი იზრდებოდა, სამი გოგო და ოთხი ბიჭი.
ჯერ ნინომ შეამოანათა ოჯახში, შემდეგ – კორნელიმ, რომელსაც შინაურულად კაკოს ეძახდნენ და რომელსაც აგერ ვუთვალთვალებთ, ხის ტოტზე მჯდომს. ამ და-ძმას შემდეგ მწკრივად მოჰყვებოდნენ შალვა, ალექსანდრე (საშა), ქსენია, ლუბა, სვიმონი.
არსებობს მეტრიკის ამონაწერი, რომელიც შესრულებულია 1919 წლის ივნისში და ხელს აწერს სუჯუნის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ლავრენტი ხოშტარია. ამონაწერი ადასტურებს, რომ კორნელი ხოშტარია დაბადებულა 1905 წლის 5 მაისს, ხოლო მოუნათლავთ 14 მაისს (კახა ხოშტარია, ბიძაჩემი, თბ., გამომც. „აწმყო“, 2004 წ., გვ. 8).
მაშ, ასე: ამ პატარა ბიჭს, შინაურობაში კაკოს რომ ეძახდნენ, ოფიციალურად კორნელი ჰქვია, მაგრამ… მოიცათ, ნუ ვიჩქარებთ! ნუ გადავალთ იმ დროში, კორნელი რომ უფრო შეეფერება… მით უფრო, თუ იმ დროს საწუხარ-სადარდებელი ამბების მეტი არა მოაქვს რა… ჯერ იყოს კაკო, ეთამაშებოდეს გოლეულივით ტკბილ ბავშვობას, იჯდეს მშობლიურ სუჯუნაში ხის ტოტზე, მდინარე აბაშის ნაპირას გაშლილ სოფელში და ტკბებოდეს ოთხივ მხარეს ჩაზურმუხტებული სილამაზით… ან კიდევ აჰყურებდეს სამეგრელოს ცას და ისეთი საიდუმლოების თანაზიარი ხდებოდეს, როგორიც სულის პარალელურ სამყაროში გასვლა და გაზავებაა…
მერე ვინ იცის, როგორ მოენატრება აქაურობა!.. როგორი საოცნებო გაუხდება სამეგრელოს ალიონები, ბროწეულისფრად შეფერადებულები და ბეღურების ჟივჟივით სავსენი… შალვასთან, საშასა (ოფიციალურად – ალექსანდრე) და სვიმონთან ქანცის გაწყვეტამდე თამაში მშობლიურ ეზოში… დაუძახებენ ბავშვობის მონატრებანი სათითაოდ, მაგრამ გვერდით არ ეყოლება არც ერთი მათგანი, არც და, არც ძმა; ბავშვობის კარებჩარაზული სამყარო მხოლოდ მის წარმოსახვაში იარსებებს და კინოკადრებივით მხოლოდ მისი ცნობიერების ეკრანზე გაირბენს უდარდელი პატარაობა. მოგონებებში მოზიარე არავინ ეყოლება სიახლოვეს, რომ ის უტკბესი დროება კინოფირივით გადაახვიოს და როგორც ლუკმას გაიყოფენ, თავისიანთან ზუსტად ისე გაიყოს გარდასული წლების სულის გამათბობელი მადლი.
სულაც არ გაგვიკვირდებოდა, ასეთი ნატიფი სულიერების მოზარდს პოეზიის ფრთების შეხება რომ ეგრძნო.
1914 წლის 15 აპრილით თარიღდება ლექსი, 9 წლის ბავშმა რომ დაწერა. რას ამბობს იგი? გაზაფხულის გამოღვიძებულ ბუნებას მოუხიბლავს და ტაეპებში თავისი ასაკისათვის უჩვეულოდ სერიოზული ფიქრიც ჩაუგვირისტებია:
“გორაკიდან ბარისაკენ
მოიჩქარის ჩქარი წყარო,
შენ კი, ჩემო საქართველო,
როსღა უნდა გაიხარო?!”
გასაგებია, ილიასებური სატკივარი ჩაფრენია მოზარდს არსებაში.
რვა წლის კაკო (1913 წ.) ასე ესიტყვებოდა, თურმე, აკაკის:
“მამულის შვილო, მგოსანო,
მგოსანო, გიძღვნი სალამსა,
მგოსანო ჭაღაროსანო,
თაყვანს ვცემ შენსა კალამსა.”
(კ. ხოშტარია, შესავლის მაგიერ, წიგნში: ბიძაჩემი, თბ., 2004წ., გვ. 5).
გასაგებია, მამულიშვილობის თავისებური გაგება, რვა წლის ბავშვისთვის მისაწვდომი, მას უკვე დაუფლებია და კრძალვის გამოხატვაც მოუხერხებია.
მერე რა, რომ ამ პწკარებში ჯერ ყველაფერი ტრადიციულია? მერე რა, რომ ჯერ არაფერი ამხელს მომავალ შემოქმედს, ინდივიდუალური გამორჩეულობით ბეჭედდასმულს? განა თითქმის ყველა დიდი ხელოვანი ასე არ იწყებდა თავის გზასავალს? განა თავად ის ფაქტი, რომ სრულიად ბავშვმა აიღო კალამი და მაღალი ფიქრის ტრაექტორიას გააყოლა მისი მოძრაობა, მეტყველი არ არის?!. ვინ იცის, როდის და როგორ გაიღვიძებდა მის არსებაში ხელოვანი, რომელიც მოისურვებდა, საკუთარი გზა გაეკვალა?! ჯერ სულაც კვირტში რა პოტენცია იკრებდა ძალას, ვინ იცის?!. ხომ აშკარად ჩანდა, რომ ამ მოზარდის არსებაში ლირიკული განწყობილებების ადამიანი ჩასახულიყო და იზრდებოდა იდუმალი ზრდით?!.
სამყაროს იდუმალებასთან ზიარების სურვილს პირველი უცნაურობა ვუწოდეთ. პოეზიასთან ურთიერთობას არ დავარქმევ მეორე უცნაურობას, ეს უფრო იმ პირველი რაობის გაგრძელებად რომ მივიჩნიოთ, ვფიქრობ, არ იქნება დიდი შეცდომა. იდუმალების შემდეგი რგოლი იყო პოეზია, თავადაც იდუმალების სხვა ფორმა…
…
მაგრამ იყო მეორე უცნაურობაც. კაკოს ბეჯით, ნიჭიერ მოსწავლედ იცნობდნენ. ჰოდა, ერთხელაც მამისგან მალულად ისე კარგად მოუმზადებია უმცროსი ძმა საშა (ალექსანდრე), რომ ერთი წლის გამოტოვებით გადაუყვანიათ მაღალ კლასში. ძმებს მამისაგან ჯერ საყვედური მიუღიათ, მაგრამ შემდეგ მიტროფანე შეგუებია ამ ამბავს. ის ხომ ჯერ მღვდელი იყო, შემდეგ – მასწავლებელი და მშვენივრად იცოდა, როგორი პასუხსაგები ამბავი იქნებოდა მოსწავლისათვის ამგვარი გონებრივი დატვირთვა. ეტყობა, ამან გაათამამა კაკო და კიდევ ერთხელ გაუმეორებიათ ასეთი რამ. საშამ 15 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამ მიღწევაში ლომის წვლილი ეკუთვნის სწორედ კაკოს.
გასაკვირი არ არის, რომ თვითონ სკოლის მოსწავლემ უმცროსი ძმის (იგი 4 წლით იყო უფროსი საშაზე) კლასიდან კლასში ნახტომის იდეა მოიფიქრა? დღეს კი არსებობს ექსტერნატის პრაქტიკა და განსაკუთრებული მონაცემების მოსწავლეს ამგვარად უწესებენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას, გამოცდების ჩაბარების თარიღს. თუ მოსწავლეს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა, შეუძლია დრო არ დაკარგოს და სწავლა განაგრძოს შემდეგ კლასში. არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი დოკუმენტაციას წარადგენს რესურსცენტრში და ნახტომის მსურველი აბარებს გამოცდებს სკოლაში.
ნეტავი როგორ იყო მაშინ? როგორ მოახერხა კაკომ განათლების სფეროს მესვეურთა დარწმუნება იმაში, რომ საშასათვის (ალექსანდრესთვის) ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო? შემდეგ კიდევ ერთხელ იმავე ხერხის გამოყენება, ალბათ, მთელ რიგ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.
თანამედროვე მოწინავე მეთოდების ჩამონათვალში ითვლება თანამშრომლობითი სწავლება, გონებრივი იერიში… ამ მეთოდებს ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, საკუთარი ინტუიციით აგნებდა და იყენებდა კაკო (აბა, როგორ დადგებოდა ისეთი კარგი შედეგი?).
თანამშრომლობითი სწავლების პრინციპი – არამხოლოდ შენ სწავლობ და ეუფლები, არამედ უხსნი და ეხმარები სხვას, რომ ფიქრში თანამონაწილეობა შეძლოს და ეფექტურად ისწავლოს – კაკოს საშასთან მუშაობის ქვაკუთხედი სწორედ ეს მეთოდი თუ სწავლების სტრატეგია იქნებოდა.
რაღაც იდუმალი ინტუიციით აგნებდა კაკო ძმის გასააქტიურებელ გზებს. რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, განიხილავდნენ მაქსიმალურად მეტი და მეტი ოდენობის აზრებს, შეხედულებებს, შემდეგ აფასებდნენ თითოეულს და მცდარ აზრებს გამორიცხავდნენ. ეს გზა დღეს მეცნიერულადაა შესწავლილი და გონებრივ იერიშს უწოდებენ. საინტერესოა, რას უწოდებდა კაკო? ეგ არ ვიცით, მაგრამ ამგვარი და, ალბათ, მსგავსი სხვა ხერხებით რომ ააქტიურებდა ძმას, ეს არის საყურადღებო.
ანალიზისა და სინთეზის ხერხებს, ალბათ, ხშირად უნაცვლებდა ერთიმეორეს. ხან დეტალებად შლიდნენ შესასწავლ მასალას, ხან განზოგადების გზით დასკვნებს აყალიბებდნენ… სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა სერიოზული მასალის გაცნობიერებული შესწავლა.
ფაქტი ერთია: შედეგი კარგი იყო.
როგორ, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით აღწევდა კაკო ასეთ კარგ შედეგებს ძმასთან? არანაირი გამოცდილება საამისოდ მას არ ჰქონდა. თანაც, ეს “სასწავლო ოინი” ჩაფიქრებული იყო ჩუმად, მამისაგან მალულად.
ასე მწყურვალი ადამიანის ინტენსიურობით დაცხრომა შესასწავლ მასალაზე – ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს უცნაურობად, ამიტომ ამას ვარქმევ მეორე უცნაურობას. მაშინ, როდესაც მათი თანატოლები თამაშის სტიქიაში იყვნენ გადაშვებულები და წიგნი არც ახსოვდათ, ესენი სახელმძღვანელოებზე იწურავდნენ ოფლს. მაშინ თამაშის ცდუნება არ არსებობდა მათთვის. თანატოლთა ჟივილ-ხივილის ხმები ვერც აღწევდა მათ ყურთასმენამდე, იმდენად დიდი იყო შემეცნებითი ინტერესი…
. . .
1918 წელს ის ცამეტიოდე წლისაა და უხარია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქვს, მაგრამ ეჭვიც არ ასვენებს:
„ნუთუ ჩვენს მზეს, ჩვენს იდეალს
მოეხვევა გველი შავი?
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვერ ავხსენი
ამოცანა გულსაკლავი.“
(11 ნოემბერი, 1918წ.).
იძენს ახალ გამოცდილებას: მისი სამშობლოსთვის უძვირფასესი მიღწევა საფრთხის ქვეშ არის. რაღაც ავის მოლოდინშია. გულისკანკალით გამოთქვამს დაეჭვებას. …და როცა საქართველოში მე-11 არმია შემოვიდა, ახალგაზრდა კორნელი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. რა შეეძლო 16-17 წლის მეომარს, გარდა უნაპირო თავგანწირვისა? “საბედნიეროდ, მაშინ გადარჩა”,- წერს კახა ხოშტარია თავის მოგონებებში.
. . .
ეს ბიოგრაფიული პროზა კორნელის ძმისშვილის, საშას (იგივე ალექსანდრეს) ვაჟის, მხატვარ კახა ხოშტარიას წიგნიდან („ბიძაჩემი“, 2004 წ.) მიღებულ შთაბეჭდილებებზე იწერება. თვითონ ბატონმა კახამ ალაგ-ალაგ ჩემი ვარაუდი შეიძლება კორნელი ხოშტარიას ცხოვრების ჰიპოთეტურ ვერსიად ჩამითვალოს. ვითვალისწინებ რა ამ ზნეკეთილი ემიგრანტის ფასეულობებს, ვცდილობ, მოვლენებს შევხედო კორნელი ხოშტარიას თვალით. თან არ მავიწყდება, რომ ყოველი ბიოგრაფია განუმეორებელია თავისი ყოფითი დეტალებით და ამდენად – უნიკალურიც. ამასთან ერთად, ბიოგრაფია ქმნის წარმოდგენებს იმ სახელმწიფოს შესაცნობად, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობდა. კორნელი კოლონიურ საქართველოში იზრდებოდა, ეს ტექსტი კი პოსტკოლონიურ სინამდვილეში იწერება. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა. იმ დროებაში თვითონ ამბავიც ვერ მოაღწევდა ჩვენამდე.
რა დროსივრცულმა რეალობამ განაპირობა მისი ემიგრანტობა? არაიშვიათად ადამიანი ეკონომიკური ინტერესებით დაგეგმავს უცხოეთში წასვლას. კორნელი ხოშტარიას შემთხვევაში ეგ გამორიცხულია. არასოდეს დაუფლებია მას მატერიალური თვალსაზრისით ჭარბი ტკბობის სურვილი. არც რაიმე ბიზნესის წამოწყებაზე უფიქრია როდისმე. ეგ მას არ უფიქრია, თორემ ისეთი რეზონანსული ბიზნესმენისთვის, როგორიც გახლდათ, მაგალითად, წარმოშობით სუჯუნელი აკაკი ხოშტარია, საზღვარგარეთ გასვლა ჰაერივით აუცილებელი რამ იყო. ქართველ მეწარმე-მეცენატთა შორის უთვალსაჩინოეს მოღვაწეს, აკაკი ხოშტარიას სწორედ მასშტაბური ასპარეზი სჭირდებოდა თავისი საქმიანობისათვის. სამხრეთი კავკასია, თურქეთი, ჩრდილო ირანი – ამ ქვეყნებში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს მსხვილი სამრეწველო კომპანიის პატრონი. საქართველოს ანექსიის პერიოდში იგი ჯერ თურქეთში, შემდეგ პარიზში, შემდეგ თეირანში ცხოვრობდა. ეწეოდა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას. მის სახელს უკავშირდება მასშტაბური ქველმოქმედებანი, რომელთა შესახებაც ნამდვილად ღირს ცალკე საუბარი. …მაგრამ ახლა იმ ეპიზოდზე ვისაუბროთ, კორნელისა და აკაკის შეხვედრას რომ უკავშირდება. ოჯახის არქივში არის საფოსტო ბარათი ქ. მარსელის ხედით, გამოგზავნილი 1930 წლის 6 ივნისს და ადრესანტი წერს: “დღეს, საღამოს 7 საათზე, გავემგზავრები პარიზში. იქ დავრჩები 2-3 დღე. იქიდან პირდაპირ ჩავალ ბერლინში.” ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ კორნელი ჩავიდა პარიზში და ეწვია აკაკი ხოშტარიას, რომელმაც ის თბილად მიიღო. შეუთავაზებია მისთვის სორბონის უნივერსიტეტში სწავლა, რაზეც თავაზიანი უარი მიუღია კორნელისაგან. მისი ოცნება ბერლინის უნივერსიტეტში სწავლა იყო და ეს გაუმხელია კიდევაც აკაკისათვის. ის დახმარებას დაპირებია და წარმოვიდგინოთ, რამხელა იმედი იქნებოდა ეს კორნელისთვის, მაგრამ… მაგრამ ეს კეთილშობილი ადამიანი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა და კორნელი დარჩა იმედებდამსხვრეული. ეს მართლაც რომ დიდი ტრაგედია იყო მისთვის.
ვსაუბრობდით საზღვარგარეთ წასვლის მოტივაციებზე. ნიჭიერმა ახალგაზრდამ შეიძლება განათლების მისაღებად ისურვოს საზღვარგარეთ ყოფნა. ეგ ნამდვილად შეესატყვისება კორნელის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. აკვირდებოდა რა ადგილობრივ ცხოვრებას, გარემომცველ რეალობას, ხედავდა, რომ უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაფორიაქებდა, ევროპული განათლება იყო საუკეთესო გზა ამისათვის.
ამ თვალსაზრისით, შეიძლება აბაშაში დაბადებული კონსტანტინე გამსახურდიას ევროპული მგზავრობები საუკეთესო მაგალითიც იყო მისთვის. გადავიდეთ კორნელი ხოშტარიას ცხოვრებიდან კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიაზე. ცნობილია, რომ მომავალი დიდი მწერალი 1912 წელს კენიგსბერგში გაემგზავრა გერმანული ენის დასაუფლებლად. 1913 წელს ის ლაიპციგის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ახერხებს მოწყობას. არც მისთვის იყო ია-ვარდით ფენილი გზები გერმანიაში. იგი იძულებულია, დაბრუნდეს საქართველოში, შემდეგ სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ 1914 წლის ზაფხულში კვლავ გერმანიაშია და აგრძელებს სწავლას მიუნხენის უნივერსიტეტში. სწორედ აქ დაუმეგობრდა იგი თომას მანს. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის არეულობაში გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც უცხოელი. საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებულ პატიმარს ვინ იცის, რა ბედი ელოდა, რომ არა თომას მანის ქმედითი დახმარება. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ კონსტანტინე გაათავისუფლეს და კვლავ ნება დართეს, ესწავლა გერმანიაში. 1916 წელს ის ბერლინის უნივერსიტეტშია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო იქ დარჩენა. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაიცვა ნაშრომი („საქართველოს მეფე ერეკლე II“) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შემდეგ წლებში კონსტანტინე გამსახურდია საქართველოშია და როგორც ლიტერატურულ სფეროში, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურია. 1923 წელს კვლავ მიემგზავრება საზღვარგარეთ, ამჟამად უკვე საფრანგეთში, პარიზში. იგი ლექციებს ესწრება სორბონის უნივერსიტეტში. კონსტანტინე ვერ ეგუება საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას საქართველოში და აგრძელებს მამულიშვილურ საქმიანობას.
საბჭოთა ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შესახებ, ალბათ, იქნებოდა ყრუ და ტკივილიანი საუბრები მიტროფანე ხოშტარიას ოჯახში. არ არის გასაკვირი, რომ კორნელისაც აღძვროდა სურვილი ბერლინში სწავლისა. ბუნებრივია, ეცოდინებოდა, არ იქნებოდა ეს გზა დადაფნული და, იქნებ, განსაცდელიც მოევლინა ნიჭიერი ახალგაზრდისთვის. გამოუჩნდებოდა კი მას თავისი თომას მანი, ვინც იხსნიდა და უპატრონებდა?!. თოთხმეტიოდე წლით იყო კორნელიზე უფროსი კონსტანტინე გამსახურდია. იქნებ, მის შემხედვარე ახალგაზრდას გზა გაკვალულად ჩაეთვალა თავისთვისაც?!. იქნება, რისკზე წასვლის სურვილი არ ასვენებდა და უხმობდა ხიფათიანი გზებისაკენ?!. იქნება, საკუთარი თავის რწმენა უძლიერდებოდა და თავისი შესაძლებლობების გამოცდა სურდა?!. იქნება, ნიჭიერ თანამემამულეთა ნაკვალევი უხმობდა?!. დიდი აკადემიური სივრცე ეშლებოდა თვალწინ. ეროვნული და მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირებაში მისი თანამედროვე კონსტანტინე გამსახურდიას მაგალითი უთუოდ მოახდენდა გარკვეულ ზეგავლენას.
…მაგრამ კ. გამსახურდიაზე ზრუნავდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი, რომლის რეკომენდაციითაც ქალაქის გამგეობამ ილიას სახელობის სტიპენდიით გაგზავნა იგი სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში. ისევ გავადევნოთ მისი ცხოვრების გზას თვალი: იქაური ნესტი მოქმედებს მწერლის ჯანმრთელობაზე და კენინგსბერგში მიემგზავრება გერმანული ენის დასაუფლებლად, შემდეგ ლაიპციგის უნივერსიტეტშია თავისუფალ მსმენელად. მატერიალურმა პრობლემებმა იძულებული გახადა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ კიტა აბაშიძის მზრუნველობით შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და მოსკოვის უნივერსიტეტშია, ხოლო 1914 წლის ზაფხულში კვლავ გერმანიაშია. ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იყო მისთვის. მისი მწერლური სახე აქ გამოიკვეთა, ექსპრესიონიზმს აქ ეზიარა.
არ აღმოაჩნდა მხარდამჭერებად კორნელი ხოშტარიას თავისი იოსებ ოცხელი თუ კიტა აბაშიძე. სწორედ ამან, ავტორიტეტულმა მხარდამჭერებმა განაპირობა მნიშვნელოვანწილად კ. გამსახურდიას წარმატებანი, კორნელის კი გზის გამკვალავი არავინ ეგულებოდა და როდესაც მომავალზე ფიქრობდა, ერთადერთი საშუალება წარმოესახებოდა თვალწინ: გაქცევა. თან ვინ იცის, იქნება სურდა, დიდ ტვირთად არ დასწოლოდა ოჯახს და თვითონ მოეხერხებინა აქედან გაღწევაც, თავის რჩენაც, სწავლაც. იქნებ, იმასაც ფიქრობდა, მოღონიერებულიყო გერმანიაში და აქეთ დახმარებოდა თავისიანებს…
1922 წელს ახალ-სენაკის ტექნიკუმი დაუმთავრებია.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სპეციალობით.
ლექტორებიდან გამორჩეულად უყვარდა შალვა ნუცუბიძე.
უმუშავნია ქ. ონის პედაგოგიური ტექნიკუმისა და ცხრაწლიანი შრომის სკოლის მასწავლებლად. მასთან ერთად მოღვაწეობდნენ შემდეგში ცნობილი ფილოსოფოსი დიმიტრი ბაქრაძე და ცნობილი მხატვარი უჩა ჯაფარიძე. კორნელი თვითონაც ხატავდა, ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა უჩას ნამუშევრების მისამართით. თვითონ რომ სპეციალობით ფილოსოფოსი იყო, ამიტომ ინტელექტუალურ სიახლოვეს გრძნობდა დიმიტრი ბაქრაძესთან.
ბავშვობიდანვე იჩენდა გულმოდგინებას გერმანული ენის შესწავლაში. ამ მიზნით გერმანელების კოლონიაში მასწავლებლობდა კიდეც.
საოცარია, ყოველთვის წერდა, მაგრამ ბავშვობის რვეულები და უცხოეთიდან მოწერილი წერილები – მხოლოდ ეს არის, რაც მისგან სახსოვრად დარჩა (მოგვიანებით ბატონმა კახა ხოშტარიამ მიაგნო “კლდეში” დაბეჭდილ სტატიას “საქართველო და ნაციონალიზმი”). სად გაქრა სხვა ტექსტები?..
სად გაქრა შემდეგი პერიოდის ნაფიქრ-ნააზრევი? ასეთი განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოებული ადამიანი შეიძლება ფიზიკურად გააქრო, მაგრამ მისი ნიჭის ნაყოფი ხომ უნდა დარჩეს?.. როგორი კოგნიტური პროცესები ვითარდებოდა მის ცნობიერებაში? რას როგორ აღიქვამდა, მოვლენებში რა ზოგად ნიშნებს გამოჰყოფდა და რის მიხედვით?.. როგორ აზროვნებდა, რა ახსენდებოდა, რა ფაქტებსა და მოგონებებს ეყრდნობოდა? როგორი იყო ნაშრომი, რომელშიც თავისი ცოდნის აკუმულირებას ახერხებდა?..
კორნელი ხოშტარია! – იტყვი და თვალწინ წარმოგიდგება მისი ფოტო. მერე გახსენდება, რომ ეს ადამიანი სიკვდილის ლუკმა გახადეს და ყველაზე არსისმიერი მყოფობა – რაშიც შეიძლებოდა არსებულიყო მისი სული – ააორთქლეს, გააქრეს. ბურუსიდან ამოდის სახე და კვლავ ბურუსში იკარგება. სამუდამოდ ამოზიდავდა ამ სახეს ნისლოვანიდან რამდენიმე ნაშრომი, თუნდაც ორი-სამი ან რამდენიმე მხატვრული ტექსტი, თუნდაც ორი-სამი, მაგრამ…
. . .
1921 წელი… დამოუკიდებლობის ასე უცებ დაკარგვას არ შეგუებია ქართველობა. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რაზმში გააერთიანა მებრძოლი სულისკვეთების თანამემამულეები. ამავე წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში დაცულია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ამსახველი დოკუმენტები. 1924 წლის სექტემბრის მიწურულს შალვა ბერიძის თაოსნობით პარიზში დაფუძნებულა ქართველ ახალგაზრდა პატრიოტთა ორგანიზაცია „მომავალი“. იმავე წლის 24 ოქტომბერს ერთ-ერთ სხდომაზე მიუწვევიათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები. ქაქუცას გაუხმოვანებია იდეა, რომ ორგანიზაციისთვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“. გაერთიანების წევრთა მიზნები დოკუმენტში პუნქტებად იყო ჩამოთვლილი, მაგრამ უმთავრესი, რისთვისაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, იყო ერის გათავისუფლება რუსეთის მონობისაგან. კახა ხოშტარიას შვილმა, მხატვარმა თამარ ხოშტარიამ ოკუპაციის მუზეუმში მიაგნო კიდევ ერთ ნაკვალევს: საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფილი „სუკ“-ის საარქივო ფონდში თურმე არის მასალები – იმ „თეთრგიორგელების“ საქმეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში და ომის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ საბჭოთა უშიშროების ტყვეობაში.
აღნიშნულ საარქივო ფონდში დაცულია ცნობილი თეთრგიორგელების: ბ. გიორგაძის, მ. კერესელიძის, კ. ხოშტარიას, შ. ოდიშარიას, შ. ინჯიას, ზ. აბაშიძისა და სხვების საგამოძიებო საქმეები.
რამდენი რამ არის მოსაძებნი, საკვლევი, გასააზრებელი…
. . .
გრიგოლ რობაქიძის მაგალითიც შთამბეჭდავი იქნებოდა კორნელი ხოშტარიასათვის. ქართული ემიგრანტული მწერლობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გრ. რობაქიძე 25 წლით უფროსი იყო მასზე და კორნელის წინა თაობის წარმომადგენლადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. 1902 წელს კ. აბაშიძის, ნ. ნიკოლაძისა და გ. ზდანევიჩის აქტიური დახმარებით ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სტიპენდია დაენიშნა და ასე აღმოჩნდა ლაიფციგის უნივერსიტეტში (სანამ 1931 წელს გერმანიაში ყოფნის ერთწლიან უფლებას მიიღებდა, რის შემდეგაც არ დაბრუნდებოდა, დარჩებოდა ემიგრანტად 1945 წლამდე, შვეიცარიაში გადასახლებამდე).
საბჭოთა ხელისუფლებამ როგორ უპასუხა მწერლის ამგვარ პროტესტს? რობაქიძე გამოცხადდა ხალხის მტრად და უმკაცრესად აიკრძალა მთელი მისი შემოქმედება, რომელიც მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს გახდა ქართული ლიტერატურათმცოდნეობის შესწავლის ობიექტი. და მაინც, მთელი მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა ჯერაც მომავალში მოიაზრება.
როგორც ვნახეთ, ერთი დიდი მწერალი აქ დარჩა, თითქოს ისტორიაში გაიქცა, სინამდვილეში წარსული გამოიყენა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე სასაუბროდ (ქვეტექსტური ფორმით, სიმბოლურ-პარაბოლური აზროვნებით); ეპოქის მამხილებელი რომანიც (“მთვარის მოტაცებს”) შექმნა, თუმცა მოუხდა “ბელადის” პირველი წიგნისა და “ვაზის ყვავილობის” დაწერაც.
მეორე დიდი მწერალი გაიქცა აქედან, იყო პოლიტიკური ემიგრანტი, საბრალდებო დასკვნასავით სასტიკი რომანი (“ჩაკლული სული”) დაწერა, სტალინი ზოროასტრული რელიგიის არიმანთან გააიგივა, თუმცა იქ, გერმანიაში, მაინც მოუწია დაეწერა ბიოგრაფიული რომანები: “ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით” და “მუსოლინი”.
გრიგოლ რობაქიძე – ეს ხომ ის ადამიანი იყო, რომელმაც გამოაღვიძა ქართული აზრი, იქადაგა ახალი ესთეტიკური იდეები. მთელი მისი პუბლიციტიკა ტაბუდადებული იყო. საბჭოთა დიქტატურის დასასრულს გახდა შესაძლებელი ამ ადამიანზე საუბარი (და ჰა, იწერება აკაკი ბაქრაძის მიერ “კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი,” თბ., 1999წ.).
გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებით პოპულარული იყო სწორედ მაშინ, როცა კორნელი საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდა. გრიგოლი, გერმანიიდან დაბრუნებული, საჯარო ლექციებს კითხულობდა თბილისსა და ქუთაისში, ხოლო მოგვიანებით, ემიგრაციის პერიოდში ის თავისი შემოქმედებით ამდიდრებდა არამარტო ქართულ, არამედ გერმანულ ლიტერატურასაც.
ამ შემოქმედთან ახლო ურთიერთბა ჰქონდა კორნელი ხოშტარიას. სულმა სული იცნო, თვალმა თვალი მიიზიდა და აი, 1935 წლის 18 დეკემბრით დათარიღებულ წერილში კორნელი ოჯახის წევრებსა და მამას ატყობინებს, რომ იმ წელს უნივერსიტეტის დამთავრებას აპირებს. ეს წერილი მთავრდება მეტად საგულისხმო პოსტსკრიპტუმით: “P.S. სხვათა შორის, აქ ცხოვრობს შენი ყოფილი სკოლის ამხანაგი გრ. რობაქიძე. გერმანიაში დაწერა ექვსი დიდი რომანი და მთელ გერმანიაში სახელი გაითქვა. ითვლება საუკეთესო მწერლად. ხშირად ვხვდები და შენზედაც ხშირად ლაპარაკობს: “მიტროს ბანი” ცნობილი იყო მთელ სემინარიაშიო. ძალიან სწყინს, რომ საქართველოში ვერსად შეგხვდა. მთხოვა მოკითხვა შემოგითვალო მისი სახელით. კაი კაცია. ძალიან მმეგობრობს და თანაც მაქებს და მამხნევებს. მე აქ ცოტა რაღაცები დავწერე და ის ჩემი ნაწერებით “აღფრთოვანებაშია მოსული” (ასე ლაპარაკობს)”.
ნეტავი, რა ნაწერებზეა საუბარი? გრიგოლი რომ აღაფრთოვანა, ისეთი ტექსტები სწორედ რომ არ იქნებოდა გაქრობა-დაკარგვის ღირსი. არადა, ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რა ნაწერებზე ყვებოდა კორნელი. ვერც ბატონი კახა ხოშტარია აკონკრეტებს ამას. საიდუმლოების შავმა მორევმა ჩაყლაპა ეს უმნიშვნელოვანესი რამ, აღფრთოვანებაში მომყვანი ნაწერები.
1936 წლის 19 ნოემბრის წერილში ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების სხივიანი ჩანაფიქრი ქრება: “სწავლის საქმე ცუდადაა. იძულებული ვიყავი, უსახსრობის გამო შემეწყვიტა. საქმე სადოქტორო გამოცდამდის იყო მისული. სხვა ყველაფერი შესრულებული იყო და აქ ფულის უქონლობამ (გამოცდას აქ საკმაოდ დიდი გადასახადი ესაჭიროება) საქმე გადამადებინა უკეთესი დროისათვის.”
ისევ და ისევ ფულის უქონლობამ დაამუხრუჭა უნიჭიერესი ახალგაზრდა. მატერიალური სიდუხჭირე გადაულახავ კედლად აღიმართა მის წინაშე. მძიმდება განწყობილება, ეძალება ნოსტალგია.
. . .
შედარებით იმედიანია 1930-1935 წლები. კორნელი ოპტიმიზმითაა გაძლიერებული, სწავლის სურვილი ამოძრავებს, საკუთარი თავის რწმენითაა სავსე და სჯერა, თვითონ არსებიდან სიკეთე რომ ამოსდის, სიკეთითვე უპასუხებს გარესამყარო.
შემდეგ გაკრთება მინორული ტონალობები, თითქოს თეთრ, ქათქათა ღრუბლის ქულებში მუქი ნაფლეთები გაჩნდა. მერე და მერე ამ მუქმა ნაფლეთებმა ჩაშავება იწყო და გაფართოება, სულ უფრო და უფრო მეტი სივრცე დაიკავა სიშავემ… ასეთი ვიზუალური ხატი მიესადაგება კორნელის განწყობილებას შემდეგ წლებში.
მისი მომდევნო ძმა, შალვა, ემიგრაციაში მყოფი უფროსი ძმის ბარათებზე დაყრდნობით, უყვებოდა კახა ხოშტარიას, რომ მათ ძმასა და ქართველი ემიგრანტების გარკვეულ წრეს შორის თავი იჩინა განხეთქილებამ. რა იქნებოდა მიზეზი?
თანამშრომლობდა პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, იყო გაზეთის რედაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამებრძოლები აღიარებდნენ მის ლიტერატურულ ნიჭს, ინტელექტუალურ მონაცემებს. გაზეთს ერქვა „კლდე“. ოჯახმა მაშინ არ იცოდა, კონკრეტულად რა გაზეთი იყო ეს და რა მიმართულების წერილებს ბეჭდავდა.
ან საიდან ეცოდინებოდა?
განა გაბედავდა ვინმე, გაზეთის კონკრეტულ პუბლიკაციებზე საუბარს? განა ამაზე გამოაღწევდა იქიდან აქ ინფორმაციები? ეს ხომ სიკვდილის ტოლფასი ქმედება იქნებოდა?.. კორნელიმ მიახვედრა ძმა, რომ მასა და ბერლინში მყოფ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის განხეთქილების პირველმა ბზარებმა იჩინა თავი. მეტი კონკრეტიკა, შესაძლოა, სახიფათო ყოფილიყო იმისთვისაც, ვისაც ბარათს სწერდა (ძმას თანამოაზრეობის საფრთხეში ჩააგდებდა), იმათთვისაც, რომელთა შესახებაც ანიშნებდა (ამხანაგებს მისდაუნებურად “ჩაუშვებდა”) და საკუთარ თავსაც საფრთხეს გაუორკეცებდა…
ზოგადი წარმოდგენით, შეიძლება ეფიქრა ადამიანს, რომ ოპოზიციური გაზეთი იყო და უპირისპირდებოდა ბოლშევიკურ იდეებს, სოციალისტურ წყობასა და მის ხელისუფლებას. მეტყველი სახელი „კლდეც“ იმას გვაფიქრებინებს, რომ სალი კლდის სიმტკიცეს ქადაგებდა, ალბათ, ეს გამოცემა და უკან დახევას გამორიცხავდა.
მხოლოდ 2010 წელს აღმოაჩინა ბატონმა კახა ხოშტარიამ, ქალბატონ რუსუდან კობახიძის დახმარებით, თბილისის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცული ნომრები გაზეთისა, რომელსაც “კლდე” ეწოდება და აქ ნახა კ.ხ.-ს ფსევდონიმით დაბეჭდილი სტატია „საქართველო და ნაციონალიზმი“. იგი 1934 წელსაა დაწერილი და ჯერჯერობით ერთადერთი ტექსტია, რომელიც მისი ხელმოწერითაა მიკვლეული.
თავისი ანტირუსული განწყობილებით ეს სტატია ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პუბლიცისტური წერილია, რაც წამიკითხავს. გლობალურ სივრცეში მოიაზრებს თავის ქვეყანას ავტორი: “საქართველოს დიადი ისტორია არც 26 მაისს დაწყებულა, არც თებერვალში დასრულებულა… წარსული მისი – ათასი წლებია და მომავალი – უკუნისამდე!”
29 წელი ფილოსოფიისათვის ახალგაზრდულ ასაკად ითვლება. ამ დარგში პროფესიული სიბრძნე გაცილებით გვიან გროვდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, სული გაგინათდება, როდესაც კორნელი ხოშტარიას ამ სტატიას წაიკითხავ. აქ ჩანს თამამი მოძრაობა აზრისა, მოვლენების სიღრმეში ჩაღწევისა და მათი შეპირისპირება-გაანალიზების უნარი. თავისი ქვეყნის ინტერესებით ცოცხლობს ავტორი.
ეს ტექსტი, ჩემი თვალსაზრისით, მაღალკლასელებთან უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში.
. . .
მაგრამ ხომ შეიძლება, დაიღალოს ადამიანი და ქვეყნის ისტორიას რომ გადაავლებს თვალს, დარწმუნდეს, რომ საუკუნეებზე გადაჭიმული უნამუსობის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს უყურებს და ამ ეროვნული პრობლემის მოგვარებას იქნებ ერთი ადამიანის კი არა, ერთი თაობის სიცოცხლეც არ ეყოს. მაშინ, იქნებ, სტრატეგიული უკანდახევა უფრო მნიშვნელოვანი იყოს სიცოცხლის შესანარჩუნებლად?!. იმგვარი სულიერი წყობის ადამიანისთვის, როგორიც კორნელი ხოშტარია იყო, უფრო მნიშვნელოვანი შინაგანი მოწოდება იქნებოდა სამეცნიერო მუშაობა, მხატვრულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა, ვიდრე „რაღაც უწყებრივი ან პარტიული დებულებებით განსაზღვრულ ჩარჩოებში ცხოვრება,“ როგორც წერს ბატონი კახა ხოშტარია. მართლაც, ხომ შეიძლებოდა, რაღაც მომენტში, ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მძაფრად ეგრძნო, რომ საკუთარი ცოდნა და უნარები თავისი ქვეყნის სამსახურში უნდა ჩაეყენებინა? თანაპარტიელები, რასაკვირველია, ვერ მოიწონებდნენ რედაქტორის დაკარგვას. გაჩნდებოდა განცდა, რომ საყრდენი ძალა ეცლებათ.
კორნელის მამა – მიტროფანე – აღარ არის ცოცხალი, არც კახა ხოშტარიას მამა _ ალექსანდრე (საშა). საინტერესოა, რა ვარაუდები ექნებოდათ მათ? მე, ჩემი მხრივ, ვემხრობი კახა ხოშტარიას თვალსაზრისს, მაგრამ ვინა ვარ მე? მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც თვალი შეავლო ნიჭიერებით გამორჩეული და უცხოეთში მცხოვრები ქართველის ცხოვრებას და რომელიც შეძრა იმან, რაც შემდეგ და შემდეგ უნდა დაწეროს.
…და მაინც რა გააჩენდა განხეთქილებას? ამის შესახებ ზუსტად არავინ იცოდა ოჯახში. ალბათ, ისევ და ისევ ის არის საფიქრებელი, რომ ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა არ შეიძლებოდა. ნუ დაგვავიწყდება, რა პერიოდია ეს. უნებურად გვახსენდება ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელშიც შიშისმომგვრელად იგრძნობა ფოლადის კაცი და „პატარა დიდი კაცი“, პენსნეიანი მამაკაცი, ჩეკისტების მეთაური (ნინო ხარატიშვილი, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა, გამომც. „ინტელექტი“, თბ., 2019, გვ. 128-129; 140).
ჰოდა, ვინც იცის, რა საბჭოთა დამსჯელი ორგანოები არსებობდა და ვინ ხელმძღვანელობდა ქართველ ინტელიგენტთა საუკეთესო წარმომადგენლების: მიხეილ ჯავახიშვილის, ევგენი მიქელაძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, სანდრო ახმეტელის, ტიტე მარგველაშვილისა და სხვათა წინააღმდეგ რეპრესიებს, ხელად მიხვდება, რომ ხოშტარიების ოჯახიც საფრთხეში იყო. ყოველ წუთს შეიძლებოდა დატრიალებულიყო ბნელით მოცული ამბები, გაენადგურებინათ მთელი ოჯახი…
კორნელის მელანქოლიური განწყობილებები ძალზე სახიფათოდ ემთხვევა ქართულ-აფხაზურ სოფელში, მერხეულში, დაბადებული ჩეკისტის გავლენის გაძლიერებას. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი მასშტაბური და საბედისწერო ფიგურა იყო რეპრესირებულთა საქმეების სფეროში. რამდენი ოჯახი გაუნადგურებია თავისი უზნეობით… ასეთ ვითარებაში არც კორნელის შეეძლო ყველაფრის მოწერა და ვერც შალვა მოსთხოვდა ძმას საშიშ გულახდილობას. ყველაფერი კონტროლდებოდა. კედლებსაც კი ყურები გამოსხმოდათ… მოქალაქეების საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების ყველა დეტალი აშკარავდებოდა და გამოიყენებოდა ზემოქმედების ჯოჯოხეთურად აგრესიული ფორმები.
უთანხმოების გაჩენა კი თითქმის გარდაუვალი იყო. შემოქმედება და პოლიტიკა სხვადასხვა პოლუსზე მყოფობენ, ჩემო მკითხველებო. ეს ორი რაობა რომ ძალზე ანტონიმური, ურთიერთდაპირისპირებული რამეა, ამაზე ბევრს უფიქრია. ბოლო პერიოდის შემოქმედთაგან მახსენდება დათო ბარბაქაძე, რომელმაც მათი სხვადასხვაობა მშვენივრად ჩამოაყალიბა 1992 წელს დაწერილ წერილში “პოეზია და პოლიტიკა” (დანართი წიგნში: დათო ბარბაქაძე, ლექსები 1984-2004, მერწყული, თბ., 2008 წ., გვ.473-484).
პოლიტიკოსი ის არის, ვინც ვიღაცის ბანაკშია. მისი თვალსაზრისები გუნდურობის პრინციპით კორექტირდება. ეს გასაგებია: წევრსა და თანამებრძოლებს შორის აზრებში უნდა იყოს თანხვედრა. ჯგუფის წარმომადგენელთა პოზიცია განპირობებულია საერთო შეთანხმებით. თანაპარტიელები მოქმედებენ სინქრონულად.
ამისაგან განსხვავებით, შემოქმედი თავისუფალია. ის მიდრეკილია ინდივიდუალური ხედვისაკენ, არავის უთანხმებს თვალსაზრისებს და არავისზე არაფრით არის დამოკიდებული. მას არ ბოჭავს არანაირი პარტიული დოქტრინა. შემოქმედი ვერ ჩადგება მასაში და ვერ აითქვიფება მასში. მას შეუძლია შეინარჩუნოს თავისთავადობა. მეტიც, თავისთავადობა მისი ბუნებაა.
მედიტაციისაკენ მიდრეკილი პატარა კაკო, ცასა და მიწას შორის დაკიდული, ხის ტოტებში რომ ეძებდა ფიქრის ადგილს და იქ განმარტოვდებოდა… მაშინ უკვე იყო გამოკვეთილი მისი სააზროვნო სისტემის თავისებურება – შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი. შეეძლო შინაგანი ხმისთვის ესმინა დიდხანს. ეს იყო ბუნებრივი მდგომარეობა მისი ყაიდის ადამიანისათვის. სპეციალობაც იმთავითვე შინაგანმა ალღომ უკარნახა. ხომ უკვე ვიცით, რომ ბავშვობიდანვე აინტერესებდა ვეებერთელა სამყარო და მასში ადამიანის ადგილი. რა ურთიერთობაშია ადამიანი იმ შეუცნობლობასთან, რომელიც გარემოიცავს მას?.. როგორც იზრდებოდა, ისე ფართოვდებოდა მისი კვლევის საგანიც – ადამიანი ამ სამყაროში სხვადასხვა ასპექტით – შემეცნებითი, სოციალური, პოლიტიკური, ეთიკური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. მისი ფიქრის საგანი იქნებოდა ონტოლოგიური პრობლემებიც, ოღონდ… ოღონდ, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ყოფით სინამდვილეში ეშმა მოევლინებოდა სწორედ იდეალად ქცეული ფილოსოფოსის სახით და იმ ადამიანის ხორციელი ფორმით, ვინც ლექტორებში ყველაზე მეტად უყვარდა, იდეალად თვლიდა… მაგრამ ამაზე შემდეგ,
ჯერ 1930 წელია და ენთუზიაზმით სავსეა კორნელი. მას თავის სპეციალობაში სურს ცოდნის გაღრმავება. აი, რას სწერს მამას 1930 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში: “…ახალ დარგზე შესვლას არ ვფიქრობ, არამედ ძველი ცოდნის გაღრმავებას. მით უფრო, რომ ახალი დარგის დამთავრებას დიდი ენერგია, დრო და ხარჯი უნდა, რისი შესაძლებლობაც მე არა მაქვს. გარდა ამისა, სხვა დარგის ცოდნა მე არ მაინტერესებს.” ამავე ბარათში შვილი მამას ატყობინებს: “ვნახე პროფ. ნუცუბიძე. მირჩია მეცადინეობა. მან აქ დიდი სახელი გაითქვა. მისი წიგნის შესახებ აუარებელი რეცენზია დაიწერა გერმანიასა და საფრანგეთში. ნუცუბუძეს კათედრაც კი შესთავაზეს, მაგ., ჰალესა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. ახლა წერს მეორე წიგნს და ამ შემოდგომაზე აპირებს ფილოსოფოსების კონგრესზე (ლონდონში) დასწრებას. ვნახოთ, რა სახელს მოიხვეჭს…” ხოლო ბატონი კახა ხოშტარია დასძენს: “წერილიდან შეფარვით გამოსჭვივის მისი ძირითადი მიზანიც. ეს არის სწავლის გაგრძელება ფილოსოფიის სპეციალობით და ამ გზაზე დიდი სიმაღლეების დაძლევა. ის აღტაცებით ლაპარაკობს თავისი მასწავლებლის, შალვა ნუცუბიძის, წარმატებებზე და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გულის სიღრმეში ოცნებობს იმავეზე.”
ადრე დაბრძენებული, მაგრამ კეთილშობილი ახალგაზრდა, ალბათ, ვერაფრით იფიქრებდა, რომ წარმატებებიც შეიძლებოდა სხვაგვარად დაგეგმილიყო, ვიღაცის დიქტატით. შემდეგ ამ წარმატებების ფასად იმ ვიღაცას ამ ვიღაცისათვის, თავისი ინტერესების შესაბამისად, რაღაც გაუმართლებელი საქციელი მოეთხოვა. ამ ვიღაცას კიდევ თავის ცხოვრებაში გამოვლილი ჰქონოდა საკუთარი წილი უნამუსობანი, არ ესურვა ამის გამეორებები და ხელშეუხებლობის გარანტიით ეკისრა უკისრებელი.
ასე იმღვრეოდა ირგვლივ ატმოსფერო…
ასე იწირებოდნენ უდანაშაულო ადამიანები…
ასე კარგავდა დიდ მეცნიერად თუ დიდ მწერლად შერაცხილი ადამიანი ადამიანურ სახეს…
. . .
მიტროფანე ხოშტარიასა და ოლღა ჩაჩავას ოჯახმა შვიდი შვილიდან ოთხი დაკარგა: ათი წლის პირმშო, ანგელოსივით გოგონა ნინო; 18 წლის უკეთილშობილესი ლუბა, რომელიც ტიფით დაავადებულ მეგობარს უვლიდა, გადაედო სენი და სიცოცხლით სავსე ქალიშვილი იმსხვერპლა; სულ უმცროსი ვაჟი – კუკური – (იგივე სიმონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომში ქერჩთან დაიღუპა; უნიჭიერესი კორნელი ხოშტარია, რომელიც 1930-45 წლებში გერმანიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, ხოლო 1946-47 წლებში – ციმბირში, “გულაგ”-ის ბანაკში. იქ დამთავრდა მისი სიცოცხლე.
ხან შიშით, ხან იმედით ფიქრობდნენ ოჯახში კორნელიზე. შიშით იმიტომ, რომ იცოდნენ, რა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და შეიძლებოდა ყოველ წუთს თავს დამხობოდათ შვილის სიკვდილის უბედურება; იმედით იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ, ასეთი ნიჭიერი, კეთილშობილი და სწავლაში მუყაითი ახალგაზრდის გაწირვა და გამეტება თუ შეიძლებოდა. სასოწარკვეთისა და სიამაყის განცდები მორიგეობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს (როგორც კახა ხოშტარია წერს თავის წიგნში). “ნანა, ნანა, ჩქიმი ცოდა!..” – გააჟრჟოლებდა დედას, ოლღა ჩაჩავას, როცა შეხედავდა კორნელის დიდ ფოტოს, რომელზეც ქვემოთ ეწერა: “ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის უნივერსიტეტის დოცენტი.” მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მიზანსწრაფულმა კორნელიმ მაინც შეძლო ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრება, დოქტორის ხარისხის მიღება. ოლღა ჩაჩავას გადმოცემით, მის შვილს დამთავრებული ჰქონდა ნაშრომი, რომელიც ძველი ქართული ფილოსოფიის საკითხებს ეხებოდა და რომელსაც წლების განმავლობაში დიდი სასოებითა და მონდომებით წერდა. მისი სურვილი იყო, რომ იგი სამშობლოში გამოეცა. ეს იქნებოდა მისი ცხოვრების მთავარი წიგნი, ამდენი ხნის შრომა რომ შეიწირა. დაიბეჭდებოდა იგი და, სავარაუდოდ, იქნებოდა ამდენი ხნის უცხოობაში ყოფნის ღირსი ნაშრომი.
აკი წერდნენ ნოსტალგიით შეპყრობილი კორნელის ექიმები გერმანიიდან ოჯახს, რომ საქართველოს მისი სახით მნიშვნელოვანი მეცნიერი ჰყავს და მის ქვეყანას სჭირდება ასეთი შვილი.
როგორ აღმოჩნდა კორნელი გულაგში? ჯერ ის ვთქვათ, რა არის “გულაგი?” რას ნიშნავს ეს უცნაური სიტყვა, რომელსაც მხოლოდ ისტორიულ ნარკვევებში თუ ამოიკითხავს (მადლი ღმერთს!) თანამედროვე ახალგაზრდა? სიტყვა გულაგი (Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний) სადამსჯელო ბანაკების მთავარ სამმართველოს ნიშნავდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი პოლიტპატიმრებისთვის შექმნა. არაკეთილსაიმედო ადამიანს უკრავდნენ ამ ბანაკში თავს და როგორ გამოაღწევდა იქიდან, ეს ძალზე საეჭვო ამბავი იყო. დაპატიმრების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო სულ მცირეოდენი უთანხმოება ხელისუფლებასთან, შელაპარაკება უფროსთან, საკუთარი ღირსების გრძნობა და ქედისმოხრის უუნარობა, უკვე დაპატიმრებულთან ნათესაობა ან ნაცნობობა… საბჭოეთიდან გაქცევა – ეს უკვე თავისთავად ითვლებოდა პოლიტიკურ დანაშაულად და ანტისაბჭოთა პიროვნების იარლიყს სამუდამოდ აკრავდა ადამიანს. გულაგში პატიმრებს ელოდათ მძიმე ფიზიკური შრომა, არასრულფასოვანი კვება, არაადამიანური პირობები. ტუსაღები დათრგუნულები იყვნენ ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად… ისინი ითვლებოდნენ განწირულ ადამიანებად, რომელთა თანამგზავრი მხოლოდ საფრთხე იყო. ისე გააწამებდნენ, სიკვდილს ჩაახედებდნენ თვალებში. შემდეგ ზოგს ხვრეტდნენ, ზოგი ვერ უძლებდა იქაურ ჯოჯოხეთს, იცლებოდა სასიცოცხლო ძალებისაგან და გარდაიცვლებოდა…
კორნელი ხოშტარიას მიმართ განხორციელებული რეპრესიების შეფასება ოფიციალურად არც საბჭოთა პერიოდში (რაც ბუნებრივია. მაშინ არ იყო პროტესტის გამოთქმის საშუალება) და არც შემდეგ – ჩვენს სინამდვილეში – არ მომხდარა. ბატონი კახა ხოშტარიას მიერ ბიძის მისამართით განხორციელებული ავკაცობა ამგვარად შეფასდა: “დღეს 10 დეკემბერია – ადამიანის უფლებათა დაცვის დღე. ვფიქრობ ბიძაჩემსა და მისი ბედის მქონე ადამიანებზე. მათთვის ყველა უფლება დაირღვა. როგორ შეიძლება ჰქონდეს გამართლება ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელმაც ადამიანს ყველაფერი წაართვა: განსხვავებული შეხედულების უფლება, სწავლის უფლება, პირადი შემოქმედების ნაყოფი, ახლობელ ადამიანებთან ყოფნის უფლება და, რაც მთავარია, სიცოცხლე – არა მარტო ფიზიკური, არამედ სიცოცხლე მომავალშიც – ნაწერების ჩამორთმევით, ფაქტიურად გაძარცვა და გათელა ყველა ადამიანური ღირსება” (“ბიძაჩემი,” გვ. 41-42).
. . .
როგორ გადაიდგა ეს საბედისწერო ნაბიჯები – დაპატიმრება, გაციმბირება, გულაგში გაგზავნა? ამაზე კახა ხოშტარიას წიგნი დუმს. მაგრამ… არის პარალელური მეტყველი ფაქტები.
აბა, რა სასიკეთო მოლოდინი შეიძლებოდა გვქონოდა, თუ საბჭოთა უშიშროება ჩაიგდებდა ხელში კორნელის?..
როგორ მოხდა ეს?.. როგორ?.. როგორ?..
იგი საზღვარზე უცემიათ, რამაც მისი სუსტი ჯანმრთელობა უფრო შეარყია. მისთვის ჩამოურთმევიათ ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით საწყენია ის, რომ ჩამორთმეულ ნივთებში, საფიქრებელია, მისი ნაშრომიც იყო ძველი ქართული ფილოსოფიის საკითხებზე. ეს ყველაფერი ერთ-ერთმა მასთან ერთად გადასახლებულმა პირმა მოახსენა ოჯახს.
სავარაუდოა, რომ კორნელის დაპატიმრებაც მოხდა ზუსტად იმ მეთოდით, როგორც დააპატიმრეს ტიტე მარგველაშვილი (მწერალ გივი მარგველაშვილის მამა) 1946 წლის თებერვალში. ცნობილი ფაქტია, რომ ბერიას ბრძანებით გაიტყუეს იგი საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და დააპატიმრეს 18 წლის ვაჟიშვილთან ერთად. მამა მალე დახვრიტეს, შვილი კი საონცენტრაციო ბანაკის გამოვლით წამოიყვანეს საქართველოში, ნათესავებთან. ვინ გამოიტყუა ტიტე მარგველაშვილი გერმანიიდან? ვის ენდო და გამოჰყვა კორნელი ხოშტარია?..
ვის?.. ვის?..
ბერიას ჰყავდა უსაფრთხოების ორგანოების საიდუმლო თანამშრომლები. ჩვენთვის წარმოსადგენადაც ძნელია, მაგრამ არაიშვიათად ისინი იყვნენ ცნობილი მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები…
ისტორიამ მართლაც რომ დიდი რევანში იცის!.. აუცილებლად გახმაურდება ასეთი უნებისყოფო, მძორად ქცეული “დიდი” მეცნიერისა თუ მწერლის სახელი და რაც უნდა ღირებული სამეცნიერო ნაშრომი თუ მხატვრული ნაწარმოები ჰქონდეს შექმნილი, შავ ღრუბლად აეფარება მის მემკვიდრეობას.
გაიტყუეს! – იოლი სათქმელია. ადამიანი ენდობა ისეთ ვინმეს, რომელიც იმდენად ნათელ პიროვნებად მიაჩნია, ვერც წარმოიდგენს მის ავკაცობას. ენდობიან იმას, ვინც ღირსეული ჰგონიათ და გაფიქრებითაც არ შეუძლიათ მისგან ბოროტების დაშვება.
საბჭოთა ხელისუფლება გამალებით “ქმნიდა” ასეთ “ღირსეულ” და “დიდ” ადამიანებს, რომლებსაც ხელს უწყობდა ამ “სიდიადეში” და პარალელურად იყენებდა თავისი შავი მიზნებისათვის. ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში იმგვარი რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, ადამიანს უპირველესად თვითგადარჩენის ფიქრები იპყრობდა და ამ მიზნით კისრულობდა უამრავ უმსგავსობას. ასე ყალიბდებოდა “ჰომო ბოლშევიკუსი,” განსაკუთრებული ყაიდის “ჩამშვები.” ადამიანში ორთქლდებოდა და უჩნარდებოდა ადამიანური ბუნება, ჰიპერტროფირდებოდა ცნობიერება, შემოდიოდა შიში, ამოქმედდებოდა თვითგადარჩენის ინსტინქტი, ქვავდებოდა გული და სხვების გაწირვის ფასად მოიპოვებდა გარეგნულ ბრწყინვალებას: აღიარებას, ჯილდოებს, ხელშეუხებლობას… სწორედ მისი ხელით აღსრულდებოდა შავი საქმეები. მას აძლევდნენ გაუმხელელად დარჩენის გარანტიას. ჯერაც რამდენი ამგვარი უმსგავსობა ელოდება გამომზეურებას…
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა გერმანიის მაღალი პოლიტიკური და სამხედრო პირები. ნიურნბერგის პროცესმა მთელ მსოფლიოს გააგებინა გერმანული ნაციზმის ბოროტებანი. არ იქნებოდა ცუდი, მთელ ქვეყანას გაეგო საბჭოთა კავშირის უმსგავსობანიც. იქნებ, მსგავსი შემზარავი ამბები არ განმეორებულიყო არასდროს.
ახალგაზრდა, რომელსაც სურდა განმასხვავებელი მიჯნა დაედო წინა ცხოვრებასა და მომავალს შორის, მოულოდნელად აღმოჩნდა უმწეო მდგომარეობაში. ის მიისწრაფვოდა განახლებისკენ და ამას სამშობლოში დაბრუნებას უკავშირებდა. სამეცნიერო ასპარეზზე თუ შემოქმედებით სფეროში ელოდა საკუთარი “ფრიადი სამკალი.” სწორედ ამ დროს მისთვის სულ სხვა ხვედრი მზადდებოდა. მისი ბედი უმისოდ გადაწყვიტა საბჭოურმა ხელმძღვანელობამ. ბერიას უსაფრთხოების საიდუმლო თანამშრომლებმა სატყუარად გამოიყენეს ის პირი, ვისაც აფასებდნენ ემიგრანტები და ადამიანობის ეტალონად მიაჩნდათ. შედეგი? “ბიძაჩემი 1945 წლის ივნისში დააპატიმრეს შესაბამისმა საბჭოთა ორგანოებმა,”- წერს კახა ხოშტარია.
ოჯახმა არც თბილისში ჩამოყვანის ამბავი იცოდა და არც გასამართლებისა. საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კრიტიკული ჯანმრთელობის ადამიანი, რომელსაც საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდებოდა, გააციმბირა. ამაზე არაფერი იცოდნენ მისმა ჰოლანდიელმა ცოლმა აგატა სპანიარდიმ და ქალიშვილმა ჰილდამ. მშობლებმა როდესაც დიდი წვალებით ჩააღწიეს გადასახლების ადგილას, შვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ.
. . .
ვისაც სულ ცოტაოდენი რამ დაუწერია, იცის, ტექსტი როგორ ინახავს ავტორის სუნთქვას. ამიტომაც სავსებით გასაგებია ბატონ კახა ხოშტარიას წუხილი ბიძამისის ნაშრომებზე: “მაგრამ სად არის ეს ნაწერები ახლა? წესით, უნდა იყოს სადღაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) არქივებში, თუ ისინი ინახავდნენ ამას ყველაფერს და არ ანადგურებდნენ დროის გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ.”
ოჯახის არქივში არის ეს ოფიციალური წერილი:

. . .
ოლღა ჩაჩავამ 1960 წელს მიმართა საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორს რეაბილიტაციის საკითხზე. საინტერესოა პასუხები:


წარმოდგენილი დოკუმენტები ბატონ კახა ხოშტარიას წიგნიდან არის გადმოტანილი აქ. “აი ასე. მგონი, ეს ოფიციალური პასუხები კომენტარს არ საჭიროებენ,”- წერს ავტორი.
ვეთანხმები.
მთელი ეს ამბავი შეიძლება შემოვუბრუნოთ საბჭოთა ხელისუფლებას საბრალდებო დასკვნად.
ხოლო კორნელი ხოშტარიას “საქართველო და ნაციონალიზმი” მოქალაქეობრივი გმირობის მაგალითია. მას სკოლაში უნდა სწავლობდნენ ქართველი გოგო-ბიჭები სულის საწვრთნელად.
ის იმპერია, 1922-1991 წლებში რომ არსებობდა, ფორმალურად რესპუბლიკების ფედერალური კავშირი რომ იყო და ფაქტობრივად – რუსეთის მიერ მართული ქვეყანა, საბჭოთა კავშირად რომ მოიხსენიებდნენ და საკუთარ თავს დიადი მომავლისკენ – კომუნიზმისაკენ – მიმავალ ქვეყანას უწოდებდა, წინა ფასადის თვალთმაქცურად მოლამაზების ოსტატი რომ იყო, პარადებისა და დემონსტრაციების ქვეყანა, რამდენი სხვაგვარად მოაზროვნე ხელოვანისა და მეცნიერის სამშობლოც გახლდათ იმავდროულად. ამ ტოტალიტარულმა მონსტრმა რამდენი ასეთი ადამიანი გაანადგურა!.. აბა, კარგი მამის შვილი იყავი და არ გგონებოდა, რომ აქ საუკეთესო ცხოვრებაა, რომ საბჭოთა ხელისუფალნი იყვნენ პროგრესულები, მოწინავენი! ისეთი იდეოლოგიური აგრესია გეძგერებოდა!.. წამის უმალ ისეთი საბჭოური თვალთვალის ობიექტი გახდებოდი!.. რა იოლი იყო მოაზროვნე ადამიანების გაწირვა!.. უპირველესად თავისუფლებისაკენ მიდრეკილება ისჯებოდა. ბევრის სახელმა მაინც გამოაღწია იმ უკუღმართი დროების ჩარჩოებს, მათი ნაღვაწი შემოგვრჩა, მაგრამ რამდენი გააქრეს უკვალოდ, უსახელოდ, გაუგონარი განადგურებით…