კრიტიკა/ესე/წერილები

ზეინაბ  სარია – ორი წერილი ერთ ავტორზე

                                 ა/    ჯერ  ზურას  პირველ რომანზე

                                 ბ/   “სწრაფი, ღამისიერი”  ნამდვილად პროზაა?..

ზურა ჯიშკარიანი – ეს ახალგაზრდა  საყურადღებო გახდა ჩემთვის თავისი ინტერესების სფეროებითა და მიღწევებით. მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე ბევრს გაახსენდება მუსიკალური პროექტები „კუნფუ-ჯანქი“ და „კაიაკატა.“ ბლოგების კითხვა ვისაც უყვარს, მისთვის ზურა საინტერესო ბლოგერია, რომლის ტექსტებსაც დასრულებულ ლიტერატურად თვლიან. პოეზიით დაინტერესებული გაიხსენებს მის ლექსებს. ვინც უახლესი ტექნოლოგიებით ინტერესდება, გაახსენდება, რომ ზურა ჯიშკარიანმა სანდრო ასათიანთან ერთად განახორციელა პროექტი „კიბერგალაკტიონი,“ ანუ შექმნა გალაკტიონის ჩეთბოტი. ეს იდეა ზურას ეკუთვნის. ის 2014 წელს მივიდა, თურმე,  პროგრამისტების ჯგუფთან, მოიფიქრეს ალგორითმი, გაიარეს კონსულტაციები ფილოლოგებთან და საქმეც წინ წავიდა. ვსაუბრობთ ახალგაზრდაზე, ვისი ცხოვრებაც სავსეა ექსპერიმენტებით. მან იცის, რომ „შენს თავში შენივე თავი უნდა იპოვო;“ რომ ჩვენს შინაგან სამყაროში უსასრულო სივრცეა და ამ უკიდეგანობაში საკუთარი არსისმიერი საქმის პოვნა რთულია.

მისი ერთ-ერთი ექსპერიმენტი – ეს არის ფსიქოლოგიური რომანი „საღეჭი განთიადები უშაქროდ.“ დათო ტურაშვილმა თავის საავტორო გადაცემაში „დათო ტურაშვილის შოკოლადი“ ამ გამოცემას „უჩვეულო წიგნი უწოდა“ (https://www.youtube.com/watch?v=5qxsG6n00ig ).

რით არის იგი უჩვეულო?

ავტორი ამბობს, რომ ეს რომანი არაჩვეულებრივი არანაირად არ არის მისთვის. იგი თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო და მან ესეც სცადა. პროფესიონალად ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება. მას სურდა ახლავე შებმოდა სიტყვების მაგიას, ამიტომაც ადგა და დაწერა ნაწარმოები, რომელშიც თავისი ემოციები და სათქმელი დააარქივა.

რამდენად არის წიგნი უჩვეულო ჩვენთვის?  არის, რადგანაც უკიდურესი გულახდილობით გვიჩვენებს იმ ახალგაზრდების ყოველდღიურობას, ხიფათის საზღვარზე რომ ცხოვრობენ. ცხადია, ამგვარ წიგნს საბჭოთა სინამდვილეში ვერ გამოსცემდა და იქნებოდა ანდერგრაუნდში. „ახლაც იქა ვართ,“- ამბობს ავტორი.

შეიძლება წარმოიშვას კითხვა: ეს რომანი ნარკომანიის წახალისება ხომ არ იქნება? და პასუხიც არ დააყოვნებს: არა, ეს არის ავტორის მიერ მთელი თაობის გაფრთხილება. წიგნი ეძღვნება გრინჩის (თაზო ლიპარტელიანის) ხსოვნას; ახალგაზრდას,  რომელმაც თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ის იყო მუსიკალური ბენდის („კუნფუ ჯანქი“)  დამფუძნებელი და ნიჭიერი წევრი. მას ბევრ ფესტივალში უნდა მიეღო მონაწილეობა, არაერთი მუსიკალური პროექტი უნდა განეხორციელებინა, ბევრი ნოვაცია უნდა დაემკვიდრებინა. მისი მეგობრები არ საუბრობენ გრინჩის სიკვდილის მიზეზებზე. ეს მათთვის ტაბუდადებული თემაა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამ როკმომღერლის ჯანქური ცხოვრების სტილში ნარკოტიკი ნამდვილად იგულისხმება.

რომანში ნაჩვენებია კრიმინალური სამყარო. მძაფრად იკითხება ბარიგა მტრედების ეპიზოდი, მისტერ რექსისა და ბანკზე თავდასხმის ფრაგმენტი… პერსონაჟთა გზები ხიფათითაა დანაღმული. ერთი გაუფრთხილებლობა და ყველაფერი ინგრევა: მეგობრები არაფრდებიან (მე-60 გვერდზე უფრო მჭახე და საძაგელი სიტყვაა გამოყენებული ჩავარდნილი მეგობრების დასახასიათებლად). პერსონაჟები მოქმედებენ თბილისში, რომლის მოქალაქენიც, ტაქსისტის სიტყვებით რომ ვთქვათ, სამი ზმნის მოქმედების ფარგლებში ცხოვრობენ და არსებობენ. ჩამოსათვლელად უხერხული ეს სამი ზმნა გეტოების არმაგედონს გვიჩვენებს. რომანი ამხელს „ხიშნიკ პოლიციელებს, „კანონი“ მხოლოდ ის სიტყვა რომ ჰგონიათ, რომელიც ჩაგვრის პრივილეგიას განიჭებს“ (ჯიშკარიანი 2017 :64), საბოლოოდ კი რეალობაში გვაქვს პოსტსაბჭოთა აუშენებელი ქვეყანა და ეს არის გაბედულად ნათქვამი სიმართლე. ავტორის თქმით, „ნარკოტიკები დროებით უვნებლყოფენ „რეალობის“ ეფექტს“ (იქვე, გვ. 117).

ტაეპში მოხდენილადაა ჩაკრული გალაკტიონის ტაეპები, რომლებიც  შინაარსობრივად ესადაგება მოვლენებს. მაგალითად, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჰაკერმა მოახერხა ინტერნეტმომხმარებლების მესიჯებისა და პირადი მონაცემების უპრეცენდენტო გასაჯაროება და ამან საშინელი ქაოსი გამოიწვია; კრიმინალური ჯგუფი ღელავს, კარზე ზარის ხმა გაისმის, ამ მომენტში  მთხრობელი ჩაურთავს: „არავინ განუგეშებს საოცრების უბეში.“ მეექვსე თავი, რომელშიც საუბარია ტრადიციულ ქართულ ჰალუცინოგენებზე (ლენცოფა, შხამა სოკო „ცადამყვანა“, მანაგუა), დასათაურებულია ამგვარად: „ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“ სხვა რეალობაში გადასულის აღქმად ისმის გალაკტიონის „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია,“ ოღონდ იმ სხვა რეალობაში არავინ არის დაზღვეული ხიფათისაგან.

ამათთვის პოლიციელები ზარდამცემნი არიან. გავიხსენოთ მატარებლის ეპიზოდი. ოსტატურად არის ნაჩვენები, შიშისაგან  ოფლით როგორ უსველდებათ სამოსი ბიჭებს, რომლებსაც ნარკოტიკი აქვთ მიღებული. მათ შიში ელდენივით უვლით სხეულში: რატომ გაჩერდა ასე მოულოდნელად მატარებელი? ამბობენ, წინა ვაგონებში პოლიციაა შესული. ერთ-ერთი (რამაზიკო) მოისაზრებს: „გავდივართ ისე, რომ ზდმეტი კითხვა არავინ დასვას და რაც შეიძლება შორს მივდივართ ამ ……….. (აქ უცენზურო სიტყვაა) მატარებლიდან. ჩანთაში კიდევ ორი ბოთლი მანაგუა მაქვს, მეორეში – პლანი, სოკოები და კიდევ ათასი ფხვნილი და …….. (აქაც უცენზურო სიტყვაა). ვინმემ აქ რო ჩხრეკა დაიწყოს, ას ოც- ას ოც წელს მოგვცემენ.“ ისინი გადმოდიან მატარებლიდან: „გადმოვედით რკინის მოძრავი ციხიდან და ბიბლიური გმირებივით უკანმოუხედავად წავედით სიბნელეში. უვიზოდ და უპრობლემოდ გადავედით საქართველოს გაუნათებელი ტერიტორიების რესპუბლიკაში“ (გვ. 93).

გავიხსენოთ მისტერ რექსის ეპიზოდი. მოგეხსენებათ, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ არის სადაზღვევო კომპანია, ხოლო მისტერ რექსი – ძაღლისთავიანი ადამიანი, რომელიც თქვენს დასახმარებლად მოდის. ეს ნიღაბი მომხმარებელმა უნდა აღიქვას, როგორც ერთგული მეგობრის გამოცხადება. კომპანიის კრეატიული კონცეფცია გამოიყენა კრიმინალურმა დაჯგუფებამ და ამ ნიღბით განახორციელა ბანკზე თავდასხმა. ახლა ნიღაბმა საპირისპირო მნიშვნელობა მიიღო. ანუბისი ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთის სახელია, ოღონდ ბერძნულად. ასეთი განმარტებაა მოცემული ჩარლზ რასელ კოულტერისა და პატრიცია ტერნერის ენციკლოპედიაში (კოულტერი, ტერნერი 2000:58). ანუბისი გამოისახებოდა ძაღლის ან ტურის თავით. მორწმუნეთა აზრით, იგი მიაცილებდა მიცვალებულს იმიერქვეყნად. გამოდის, „ჯი პი აის“ სიმბოლო სახეს იცვლის და ანუბისად გარდაისახება.

შეუძლებელია, რომ კრიტიკული თვალთახედვა არ გაგიჩნდეს ამგვარი ცხოვრების მიმართ. ნარკოტიკს მაშინ სინჯავენ, როცა ცხოვრებას რაღაც ღირებული მიზანი არ ანათებს. ამით ეთიშებიან სიცოცხლეს. ფეხებიდან კისრამდე თითქოს თბილ წყალში ტივტივებენ კუნთებმოდუნებულები – ამგვარია, თურმე, ნარკოდამოკიდებული ადამიანის  თვითშეგრძნება. სუბიექტი დროის განცდას კარგავს, სივრცეში ორიენტაციის უნარიც უსუსტდება. დამანაგუებული ახალგაზრდები თვალების ფოკუსს ძლივს ისწორებენ და სამეტყველო აპარატის დალაგებაც უჭირთ. ამ დროს ცნობიერების მიერ აღქმული სურათი დაახლოებით ასეთია: „ანანოს ძალიან მოუნდა გარკვეულიყო, ეს სადგურები აქ უხსოვარი დროიდანაა, თუ მათ რეალურ დროში აწყობენ და შლიან, სანამ მატარებელი კონკრეტულ სადგურს მიუახლოვდება“ (ჯიშკარიანი 2017 :84). ტყეში მყოფნი ასეთ რამესაც გამოსცდიან: „ერთ მომენტში დაღლილებსა და მიწაზე დაყრილებს ისეთი ძლიერი ვნება მოგვერია, რომ შეგვრცხვა ერთმანეთის ფიქრების“(ჯიშკარიანი 2017 : 93).

სიმბოლური მნიშვნელობა აქვს სამხედროებთან შეხვედრის ფრაგმენტს. საბრძოლო ოპერაცია მომდინარეობს და ჯარისკაცბი მიხოხავენ ჩრდილოეთისაკენ. „ჩვენები მიდიან საომრად,“- ამბობს ერთ-ერთი, მაგრამ ეს ამათთვის სხვა გზაა: „ჩვენ – გასწვრივ!- და რამაზიკომ ჩვენი თავები მიატრიალა სხვა მხარეს“ (გვ. 96), თითქოს ესენი სხვა ქვეყნის მოქალაქენი ყოფილიყვნენ.  დაბინდული გონებისათვის მოქალაქეობრივი მუხტი მისუსტებულია. ეს არის ძალა, გონება, მკლავი, რომელიც საქვეყნო საქმეებს დააკლდა.

ნაწარმოებში სხვა თემაც იშლება: ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვეობა.

ცნობილია, რომ აარონ ედზინგერის თქმით (https://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/102008326), განუსაზღვრელად დიდია პერსპექტივა რობოტის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა ცხოვრებაში. სიტყვა „რობოტი“ ჩეხური წარმოშობისაა და ნიშნავს „მონურ შრომას.“ არსებობს რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაცია და მისი 2006 წლის მონაცემებით, მილიონზე მეტი რობოტი უკვე გამოიყენება და არამარტო ფაბრიკა-ქარხნებში. რობოტი ფარმაცევტზე სწრაფად იღებს მედიკამენტს და აწვდის პაციენტს, სამმკლავიანი რობოტი ეხმარება ქირურგს გულზე ოპერაციის პროცესში, სახლებში რობოტი მტვერსასრუტის მოვალეობას ასრულებს, თავშესაფრებში ისინი ეკონტაქტებიან მოხუცებს… იაპონიის მთავრობა ავრცლებს ინფორმაციას, რომ 2025 წელს ოჯახებში ეყოლებათ ძიძა რობოტები, საოჯახო საქმეებში დამხმარე რობოტები…

ზურა ჯიშკარიანის რომანში თავზე ხელაღებული ოთხი მეგობრისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი გარკვეულია თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში და მკითხველი ხვდება, რომ კიბერდამოკიდებულება  ნარკოდამოკიდებულებაზე ნაკლები საშიშროება არ არის..  რეალობა რომ განასხვავო ვიდეოთამაშებისაგან,  ეს თანამედროვე პრობლემაა. კიბერსამყარო – ეს „თრიფია“, თან, ავტორის აზრით, ყველაზე დიდი: „შენი ცნობიერება კომპიუტერული პერსონაჟის კოდში ექცევა და თავიდან ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ამ პერსონაჟის ალგორითმს გაუწიოს წინააღმდეგობა, ამიტომ შენ ამ პერსონაჟად იქცევი – ასრულებ დავალებებს, რომლებიც მას პროგრამისტმა გაუწერა“ (გვ. 134).  „მთავარია, დროზე მიხვდე, რომ ეს ვიდეოთამაშების პერსონაჟი და შენ – სხვადასხვა ვინმეები ხართ, თორემ დროთა განმავლობაში შენ მისი წუხილების საკუთარ წუხილებად აღქმას დაიწყებ… ასე გახდები მისი ალგორითმის ტყვე და მარადიულად ჩარჩები თამაშში, რომელიც არ მთავრდება“ (იქვე).

რომანის მიხედვით, მეორედ მოსვლაა. მოხდა ციფრული აპოკალიპსი. იესო ქრისტე (მეშიახი) ციდან მიწაზე კი არა, ციფრულ სამყაროში ჩამოვიდა. არის რაღაც შეცდომა და  ყველა საიდუმლო მიმოწერა საჯარო გახდა, მილიონერების საბანკო ანგარიში დაცარიელდა, ფული ღარიბებს გადაერიცხა… სიტყვა „ნარკომანებს“ რომანში ცვლის სიტყვა „ფსიქონავტები.“

ყველაფერი აირ-დაირია. ძნელია განასხვავო, სად მთავრდება სიზმარი და იწყება რეალობა. გამოთქმულია აზრი, რომ შეიძლება ღმერთი ცუდი პროგრამისტი იყო. დემიურგმა ასეთი სამყარო დაგვიტოვა და დაგვრჩა, რაც გვაქვს: შავი მატერია, კოსმოსის გაფართოება და ა. შ.  ღვთის ლოგიკა რთულია, შეუძლებელია რაიმეს გაგება. მის მიერ შექმნილი მიზეზ-შედეგობრივი კვანძები საუკუნეებში იკარგება, ჩვენ კი ამ კვანძების მხოლოდ მცირე მონაკვეთებს ვხედავთ.

წიგნი მწარე საფიქრალს აღძრავს. გეტოებიდან, არის შემთხვევები, ჯართის ქურდები გამოდიან, სიტუაციის მსხვერპლი ახალგაზრდები. მათ რომ სამსახური ჰქონდეთ, თანამედროვე კიბერტექნოლოგიებს კარგად ფლობენ,  ლუკმა პურის ფული ხომ მოსაპარი არ ექნებოდათ? თვითონ დევნილი ავტორი დევნილების სატკივარს  გულით განიცდის: მთავრობამ ხოჭოებივით მიყარ-მოყარა ეს უბინაო ადამიანები სოფლებსა და ქალაქებში,  პარლამენტარები კი ახალ „ცეხავიკებად“ ყალიბდებიან, ამათ ნაგავში ამყოფებენ, სამუშაო არა, პერსპექტივა არა, კოდექსის მათრახი ჯართის ქურდობისათვის. ეს სათქმელი სანამ წიგნად ითქმებოდა, მანამ ბლოგადაც ჩამოყალიბებულა: http://liberali.ge/blogs/view/20767/sigharibis-mauglebs .

საბოლოოდ  იმას ვიტყოდი, რომ ყველა თაობისათვის და საზოგადოების ყველა ფენისათვის დაფიქრებით წასაკითხი წიგნია ზურაბ ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები  უშაქროდ.“  ბევრ მწარე საფიქრალს აღძრავს იგი.

დამოწმებანი:

დათო ტურაშვილის საავტორო გადაცემა https://www.youtube.com/watch?v=5qxsG6n00ig ;
         ზურა ჯიშკარიანი, “საღეჭი განთიადები SUGAR FREE,” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017 წ.;

ჩარლზ რასელ კოულტერი, პატრიცია ტერნერი, უძველეს ღვთაებათა ენციკლოპედია,  Mc Farland, გვ. 58.;

აარონ ედზინგერი, https://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/102008326 ;

ზ. ჯიშკარიანი, სიღარიბის მაუგლებს, 2 თებერვალი, 2016 წ. http://liberali.ge/blogs/view/20767/sigharibis-mauglebs .

                                    „სწრაფი, ღამისიერი“ ნამდვილად პროზაა?!.

საიდან მოდის წერის მუხტი? ფრთიანი ანგელოსის შეხებიდან, – ასე სჯერა ერთს. მეორე ფიქრობს, რომ თვით ღმერთს უდევს ხელი მის მხარზე. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში იცვლება წარმოდგენა შთაგონების მომგვრელ რაობაზე. „სამყაროს პირდაპირ ეთერში მწერალი დავალებებს ხან ხარვეზებიანი სიზმრებიდან, ხანაც აპლიკაციიდან იღებდა,“ – ასე იწყება ზურა ჯიშკარიანის რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ და სიკვდილ-სიცოცხლის უტყუარი ფორმულქა მოაქვს, გასული ასწლეულის მოდერნისტული გამოცდილებით (გალაკტიონი, „თავის ქალა არტისტული ყვავილები“) განმტკიცებული: „ყოველი თავის ქალის უკან უსასრულო ბაღებია ვარდისა და ყოველი ვარდის უკან თავისი ქალაა“ (იხ. ტექსტი, გვ. 26). ეს ციკლი მეორდება უდასასრულოდ. მარადისობას სახსოვრად რჩება თავის ქალა (ყოფილი სიცოცხლე) არტისტული ყვავილებით (ხელოვნების ქმნილებებით).

ავტორს ამგვარი სურვილი აქვს გამოთქმული, რომ გააკეთოს პროზაში ის, რაც პოეზიაში შეძლო გალაკტიონმა. რას ნიშნავს ეს? ნეომოდერნისტული ნოვაციების დამკვიდრების სურვილს?

სიზმრებიდან, ე.ი. საკუთარი არაცნობიერიდან თუ მოდის შემოქმედებითი იმპულსი, წერა, ასე გამოდის, მისტიკური რიტუალია. თუ მისტიკურია, არც ის იქნება გასაკვირი, რომ აგიტაცოს მისმა ძალამ და მანამდე შენთვისვე უცნობ ენაზე გამეტყველოს. შეიძლება წარმოგეშვას გლოსოლალიების მსგავსი რაობა – ექსტაზში შობილი სიტყვები თუ სიტყვათშეთანხმებები, თვით ავტორისთვისაც ჩაკვირვების ღირსი ფენომენი.

რა მოაქვს ამ ჩაკვირვებას?

სამყაროს პირდაპირ ეთერში მყოფი ავტორისთვის რა მოაქვს თვითჩაკვირვებას?

მისტიკურ მდგომარეობას ალაგ-ალაგ შეიძლება ჩაენაცვლოს ინტუიციური წვდომა, რაღაც მდგომარეობის მყისიერი მიხვედრა: განა სამყაროში ყველაფერი ვიცით? იქნებ, აქვე იყოს პარალელური სამყარო და მეტიც, ადამიანი რამდენიმე პარალელურ განზომილებაში ერთდროულად არსებობდეს? იქნებ, ზოგჯერ სულაც მეტაფიზიკური, ესე იგი, გრძნობათა ორგანოებისთვის მიუწვდომელი მყოფობის წინ ვიდგეთ?..

ადამიანი თვითგაცნობიერების რეჟიმშია და იმავე რეჟიმშია რობოტი რენე. და აი მას ებადება სურვილი: „მრავალი ცხოვრების ნაცვლად სხვის თამაშში, მე მინდა, ერთი ნამდვილი ცხოვრება ვიცხოვრო, მინდა, ერთხელ მოვკვდე (ტექსტი, გვ. 35).

რობოტს არ სურს ციფრული მარადისობა.

ამით რა უნდა დაგვანახოს ავტორმა? ამით რაზე გვაფიქრებს ის? გვაფიქრებს უსერიოზულეს რაობაზე: ადამიანი დაპროგრამებული ბიოკომპიუტერი ხომ არ არის? როდის ჩნდება მის არსებაში სული? მანქანისებური ადამიანები სულის გარეშე მოქმედებენ? უნებურად გვახსენდება კიარას სიტყვები ტბასთან, მკვდრების სამფლობელოში: რომელი ცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?.. გალაკტიონის სიტყვები „ლურჯა ცხენებიდან“ უბრჭყალებოდ შედის ტექსტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფიქრი ერთი შემოქმედების ცნობიერებიდან მეორის გონებაში უშუალოდ გრძელდება, განივრცობა …

ფანტასტიკური სამყაროს მოდიფიკაციებია ამ წიგნში, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა ერთმანეთს ეჯაჭვება, ერთიმეორეში იჭრება და აღმოჩნდები კიბერპანკში – ვირტუალურ რეალობაში. იშლება ჰიპერსივრცე – პარალელური სამყარო. უჩვეულო საკუთარი სახელებით მოქმედებენ რომანში. აქ არიან: ლუი, დენი, როი 005, რენე, კიარა, ვართანი, ტრიშა, ჟღალთმიანი აპრილი, ლიბერ ალი, დეტექტივი შეცდომა…

ამ რომანში საფლავებიდან გარდაცვლილების ჰოლოგრამები ამოდიან. მისტიკით სავსეა წიგნი, რომლიდან შენში ის გადმოდის, რაც მასშია: სიმულაციები, სიზმრების ვირტუალური რეალობები, ჰალუცინოგენის ზემოქმედება, რეალური და ირეალური საფრთხეები, დაანონსებული აპოკალიფსი.

ერთ-ერთ დიდი სათქმელი, რაც ამ რომანს მოაქვს, არის ის, რომ ყოველი ზრდასრული ადამიანი ამ პლანეტაზე გარემოებათა თუ ახლობელთა მიერ დაპროგრამებული ბიოკომპიუტერია. ადამიანები მანქანებივით იბადებიან და სული არის ის არსისმიერი სუბსტანცია, რაც შემდეგ და შემდეგ უნდა შთაიბერო, შენვე გაიჩინო, სრულქმნა… სული არ არის  სხეულთან თანშობილი. სულის გაჩენა – ეს რთული პროცესია და ყველას ვერ ხელეწიფება. „ხელეწიფება” სულაც არა მგონია აქ და ახლა პათეტიკური სიტყვა იყოს. სულისმიერი თვითმყოფადობა ისეთი სერიოზული მოვლენაა, ისეთი დიადი, რომ სწორედ ეს სიტყვა მოვიდა ძალდაუტანებლად. ადამიანთა ცხოვრება, დიახაც, არ უნდა წარიმართოს ბრმა ევოლუციურ-საზოგადოებრივი პროგრამირებით.  ეს დებულება რენე დეკარტის „მედიტაციების“ მთავარი თემაა. ზურა ჯიშკარიანის ციფრული რენე რომ გაიგო, ამაში კარგ დახმარებას გაგიწევს დოდო ლაბუჩიძე – ხოფერიას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი რენე დეკარტი, მსჯელობა მეთოდის შესახებ, მეტაფიზიკური მედიტაციები, თბ., 2010 წ. გამომც. „ნეკერი“.

პირველი მედიტაცია – გრძნობათა გზით შეცნობილი რაც არის, საეჭვოა.

მეორე – ვარ, რადგან რაღაცაში ვრწმუნდები. აზროვნება ერთადერთია, რომლის განცალკევება ჩემგან არ შეიძლება. ვარ მანამდე, ვიდრე ვაზროვნებ (გვ. 157).

მესამე მედიტაცია – ეს არის ღმერთის შესახებ დამტკიცება, რომ იგი არსებობს. ეს მედიტაცია ზუსტად ასეა სახელდებული რომანის მე-14 თავში და მსჯელობაც მსგავსად მიმდინარეობს. ამ წიგნის ციფრული რენე პოსტმოდერნისტული რეცეფციაა დიდი ფრანგი მოაზროვნისა…

ასევე, ერთ-ერთი დიდი სათქმელია აპოკალიფსის გამოცხადება. ჩვენ ბირთვული იარაღის არსებობის ფონზე ვცხოვრობთ და ეს იმას ნიშნავს, რომ უფსკრულის პირას ვიმყოფებით. საშიშროება რეალურია.

სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო არც ისე უცნობია მკითხველთათვის. ამერიკელი რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკები” თუ პოლონელი სტანისლავ ლემის “სოლარისი” ამ თვალსაზრისით აღიარებული წიგნებია და ქართულადაც ნათარგმნია. ცნობიერი რობოტის თემას ეხება აიზეკ აზიმოვის “მე, რობოტი”  და ამერიკელი რეჟისორის, კრის კოლამბუსის მხატვრული ფილმი “ორსაუკუნოვანი ადამიანი,” გადაღებული 1999 წელს. უცებ რაც გამახსენდა, ეგ არის.

„სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზაა, მეტაფორებით სავსე წიგნია. ხელმეორედ რომ მიუბრუნდები, მაშინ ხვდები, რამდენი რამ დარჩენილა შენი ცნობიერების მიღმა…

მაგრამ ახლა ჩემი მცირე მიმოხილვა მინდა დავამთავრო კიარას სიტყვებით, როი 005-ს რომ ეუბნება რენეს შესახებ: “ამ პერსონაჟში გაცილებით მეტი საიდუმლო ინახება, ვიდრე ვარსკვლავიან ცაში.”

ცნობიერებაგაღვიძებული რობოტი – ეს არის ჯერაც არავინ იცის, რა…

ხოლო ეს წიგნი ნამდვილად პროზაა?..

Leave a Reply