პოეზია

ზეინაბ სარია – ლექსები

 . . .
სიტყვამ მისცა ბინა,
განა  ჩინჩხლებმინა
ვლული?..
ხომ იქნება ახი,
ვერ ცნოს საქმე სახი
ფათო?!
ცეცხლს რომ გაჰყრის, საით
გაიცემა საი
დუმლო?..
სიტყვა - დაზე დაი
საიდუმლოს დაი
დუმებს?
ელდად გასცემს რასაც,
იქნება კი გასა
ძლები
მისთვის, შერჩა ვისაც
ბინად სიტყვის მისა
მართი?!.
 
. . .
რუმპა- რამპა- რამპარა,
რა მომცა და რა მპარა

უსასრულო ლოდინმა?
მოლოდინი მოღალა,
დააგორა ლოდივით
საყვედური მოღალა
ტური:
რა ტყუილი შუქისკენ
მირაჟ-მირაჟ მატარე,
მომაჩვენე, ჩამოდგა
თითქოს ჩემი მატარე
ბელი;
ცხადის ელდამ უცებმა
უცნაურად გამზარდა,
გამომაწრთო უცები,
არ დამზარდა თავზარდა
მცემად;
იმედების ლაწანში
სიბრძნეც მწარე ჩამოვა
და რაც ბრძნულად დავწანით,
გამოღმისკენ ჩამოა
ტივებს
 ტივის ბრძნული ყუმბარა,
რამპა- რუმპა- რუმპარა!..

 
. . .
თითებშუა როგორც სილა,
ჩაიშლება ყველა სილა
მაზე.
ვინ ვართ, ვისი ვინმეს ვინა?
რა გვაქვს ხსნად დ რაღა ვინა
ნიოთ?
ან რადა ვართ აქ და ახლა?-
რა ქსელში ვართ ერთად გახლა
რთული?..
რაც გულს ხვდა და სულს მიეთბო,
სხვა რამეა, სხვა მიეთმო
ეთი.
ცის და მიწის სხვა რამ ლუწი-
ის სხვა სხვას ვით უნდა ვუწი
ლადო?!.
რაო ცამ და მიწამ რაო?
გასამხელი რჩება რაო
დენი.
 
 
. . .
მოგვპარვია სხვაგანწამყვანი.
აი, ხელი შეგახო კიდეც.
ავუქშიეთ შვილებმა.
მოიკუნტა,
უკუიქცა,
მაგრამ შორსაც არსად წასულა.
კარადასა და კედელს შორის ჩრდილს შეუერთდა
და იცდის...   იცდის...

 
რამდენი ენიგმა აქვს მტრედს ნისკარტში?
რამდენიც დედას, მეტყველებამოშლილს,
იქითწამყვანის მოლოდინში.
ცისა და მიწისას გეღუღუნება
მუჭა მტრედივით
და რაა, რასაც ვერ გაიგებ?!.


არ დაგანახებთ ბნელსახიანს,
საწოლთან ვდგავართ,
თვალში ჩაგცქერით,
თითქოს შველას ისევ შენივ თვალთაგან ველით,
როგორც შენსთვალებმიჩერებულ შორ ბავშვობაში
და იმ ხელებზე გეფერებით,
ჩვენ რომ ძალით გვავსებდა და
ჩვენს ავსებაში შეუმჩნევლად უძლურდებოდა.


თვალში მზის ბოლო გამოკრთომამდე
ჩვენ ვიქნებით შენს მზერაში,
 ეს  დაგვრჩენია  ერთადერთი -
ის არა და არ დაგანახოთ!..
იყოს კუთხეში მიჭუჭკული,
წამითაც ნუ მოგელანდება,
რომ არ შეშინდე,
გული კრთომით რომ არ... რომ არ აგიფანცქალდეს...
ჰო, ჩვენ ვიქნებით შენს თვალებში.


თვალიდან თვალში  გადმოგეცემა
მთელ მიღმეთს რაც  გაგითბობს და არასოდეს გაგითავდება.

 
. . .
ვისხედი,  ვბაასობდი უთვალავ „მე“-სთან
და ვიკითხე ერთ-ერთმა:
-ადამიანი, რომელიც გშია
შეიძლება კარივით შეაღო
სრულიად ფარულად
და ქურდულად შიგ შეიძურწო?..
-ფარულად როგორ?- რამდენიმე „მე“ ჩამეკითხა.
პირველმა ვთქვი, რომ ვგულისხმობდი შინასკნელში ჩუმად შეღწევას.
მეორე და იქვე მესამეც დავიბენით. სულაც გავყუჩდით.
მეოთხემ ასე გადავწყვიტე: -შეპარვა ხომ აღარსად ვარგა?!
ეგ ხომ უღირსი რამრამეა  და თუ შესვლაა, აშკარად იყოს!..
მეხუთემ ჩავილაპარაკე: -თუ აშკარად აღარ გიშვებენ?..
მეექვსემ ვუთხარ დანარჩენებს: -შეპარვა ყველგან უკადრისია.
მეშვიდემ: -ფხიზლად ყოფილიყო, ხომ გაიგებდა?..
მერვემ: -იგებენ მხოლოდ იმას, რაც ეჭვებშია. ეჭვში რაც არ ჩანს,
ვერ გაიგებ ვეღარასოდეს!
მეცხრემ:- ...და მაინც  როგროგროგორ შეძლო  შეპარვა?..
რომელიღაცამ: -რამდენი ვინმეც ჰყავდა, იმან ყველა მიიმხრო,
ყველას კითხვები ჩამოურიგა, ასაუბრა რამდენ ვინმესთან...
შემოგყავს, ვისაც ესიტყვები.
ჰოდა, მის კითხვებს რამდენი ბაგე   ატრიალებდა
კარის ღრიჭოში უცხო კარის გასაღებივით.
 რამდენ ვინმეს ამტვრევინა მისი კარები!..
აზუზუნდა  უთვალავი „მე:“ ეგ რას ჰგავსო.
ავიკრიფე ყველა „მე“ და წამოვდექი.
ბაასიც შეწყდა.

 
. . .
რკინა-ბეტონის არტახებში
 დინოზავრებად წვანან ქუჩები,
მანქანების კბილებს ავად ახრჭიალებენ,
ღრენით გვეპატიჟებიან  ქაფქაფა საფრთხეზე.
რომელიღაც ტრეილერი  დაიბრახუნებს.
ჩვეულ ხმაურში ეს ბრახუნი  ჩანაპრალდება,
 ჩაგიყოლებს.
ყოველ  დილით  ასეთ კრთომაზე ახელ თვალებს.
 საფრთხე გაღვიძებს,
არა - ჩიტების ტრელის პოპური,
თვალი  თუ არ გაახილე,
ვერ გაიგებ, რომ თენებაა,
არ ისმის დილა.
ამოიქშინა დინოზავრმა,
გადაყლაპა გალობის ხმები
და მასთან ერთად ჩაეყლაპა
რაღაც ჩვილი, დაუბრუნებლად პირვანდელი.
ასე ჩამოდგა სულ სხვაგვარი ცხოვრების წესი:
გაქანებაზე სწრაფი სიჩქარე.
თვალებიდან - ცის ჩამობჟუტულ ნაფლეთებიდან -
თვალებამდე - ცის ჩამობჟუტულ ნაფლეთებამდე -
ერთიმეორის მიმართულებით  სიუცხოვე ამოცოფდება -
ყველა წარღვნაზე ავი წარღვნა,
საიდანაც ვერც ერთ ვერტმფრენს ვერვინ ამოჰყავს.
ყოველი ერთი დიდად სხვაა მეორისათვის.
რაღაც მუქი, ავტომანქანის გამონაბოლქვისნაირი აურა ჩაიცვა ქალაქმა,
ამ დროს კი ზეცა გავსებულია კამკამელებით.
თუ გაეხსნები,  ჩაგდინდებიან,
მაგრამ...  მათთვის  ვიღას  სცალია.

წუთზე ჩქარია რკინის რამ წუთი...
. . .
რა დიდებული რამრამეა  წარმოსახვა!..
ვერც ერთი მთავრობა, ხელისუფლება,  სასამართლო
                                   მასზე სანქციას ვერ დააწესებს!
კოდექსის ცოცხი ვერ ჩამოცოცხავს ცნობიერების მონიტორიდან,
ვერც ერთ ფარულ კამერაში ვერვინ დალანდავს.

მე თქვენ ახლა წკიპურტი გკარით, ქალბატონო!..
დიახ, ამგვარ სოლიდურ ასაკში ვიკისრე ეს მე!..
აზრზე არა ხართ, რა გემოზე ჩაგაწკიპურტეთ,
მშვიდობიანად მოგიახლოვდით, დავიხარე  და სრულიად მოულოდნელად კინკრიხოში მწარედ ჩაგკარით
ცერა თითიდან ასხლეტილი საჩვენებელი.
ეს მაშინ ვქენი,
როცა  პლაგიატს ზდ ხავსმოდებულ ზუსტ რითმებზე
ნეტარებით ეფერებოდით
და დამქაშები  თავის ქნევით  გეთანხმებოდნენ.
ამ წარმოსახვას ვიზუალი რომ ჰქონოდა,
ჩემსავ ამბოხზე ჩა-ჩამ-ჩამოვჯარიმდებოდი.

მწარე წკიპურტი ცნობიერების ეკრანზეა,
მეორდება და მეორდება,
მე კი გიღიმით უცოდველივით
და კლასიკური  სიმშვიდით ვამბობ:
-პოეზია იქ კი არა, სულ სხვაგანაა.



. . .

სიხარულის  თუ  წუხილის  ყოველი ყლუპი ჩემი ჭიქიდან იყო,
ყოველი ლუკმა - ჩემივ თეფშიდან.
...და ჰა, იმ ჭიქა-თეფშებიდან ამოდგა ფიქრი:
კვალთაგან ყოველი, რომელსაც ვტოვებთ
სამზარეულო-საპირფარეშოს რიტუალებში,
სამუშაო მაგიდაზე თუ სხვების გულში,
ამბობს:
-ღირს ღირებულის დატოვება.

მიწამ ჩაკბიჩა ცივილიზაციები,
ყბებში მოიგდო, ჩაახრამუნა და კვალთაგან ყოველი,
რომელიც წაიშალა,
ამბობს:
-საბედისწერო ხვედრია დატოვება.

სიტყვა „დატოვება“  შედედდა,  გამკვრივდა,
წიბოებზე შუქი  აიკრა  მოიისფრო საფირონივით ,
მიტრიალდა, მოტრიალდა,
ბეჭდის თვალივით ჩაჯდა ლექსში.

საწუთროს ფარდი სიტყვაა  „დატოვება,“
დანატოვარზეც მიგვანიშნებს და გა-გამო-გამოთხოვებაზეც...
აბარგებაც შიგ არის და სახსოვარყოფაც.

რასაც ელევი და რაც გრჩება მწრედ შე-შეუ-შეულეველი,
სულ ერთადერთ,  კენტ  სიტყვაში  ჩაგიგროვდება.


 
. . .
ვინ გიმახსოვრებს
დავიწყების უთვალავი ცხენისძალის ქარბორბალაში?

იმდენჯერ ლეწე სიმართლე თავს,
გაქვს უფლება, სხვასაც შეჰბედო,
ამოგიჭეშმარიტდა რაც  ცრუ ტაშებიდან:
ღირსეულთათვის არის სიმართლე.
სხვები ფარულ კობრად გარდასხეულდებიან
და თავიანთ საქმეს იზამენ.
მაგრამ ღირსეულს რაღად უნდა გზაზე ნიშნები,
გუმანითაც მუდამ იქით მიემართება.

ძალზე  ვაი!  მაგრამ  ახ!..  და მერე  ოო!..
ვაჰ-ვუჰ,  ვუჰ-ვაჰ  და  ვაჰაჰაიმე!..

შენი ძალიან ღიმილით
ვის არსებაში აისახები,
ვინ გიმახსოვრებს
დავიწყების უთვალავი ცხენისძალის ქარბორბალაში?!.

და მაინც...  რაკი ლოგიკა ასე ფშვნადია,
სული რაში გაქვს,
ხომ შეიძლება ეს ყოველთვის
გაცემისთვის არ სჭირდებოდეთ,
იქნებ იმიტომ გკითხავენ, რომ გადაგეფარონ?!.


                   
   მედეა
 
...მას  აქეთ,  ბევრგზის   
ხორციელთა მრავალთმრავალ  თაობაზე
დავიწყების  შლამი  შალა  შლუ  მდინარებამ.
მე ვერ წამშალა.
მარადისობის  ნისლოვანში   მოვალ  და  მოვთქვამ:
 
ოო,   ვარსკვლავების    იეროგლიფნო,
ცეცხლოვანი  რაშის  წრეში  რად  დავიბადე?!.
ოო,  ულმობელო  ერინიებო,
წკვარამი  ღამის  ასულებო,
ეს  რა  მოწყვლადი   წყევლა  მომასხით  მოსასხამივით!..
ოო,  მამიდა  კირკე,  რად   მისახსოვრე   გრძნეულება?!.
რად  გიხაროდა,  შენზე  უკეთ  თუ  მესმოდა  
ბალახის  ჩქამის   ჩუმადჩუმი  ჩაჩურჩულება?
 
შუმი შალაშო შურისმგებლის ამყვირებია,
შეშლილი ბედი შიგადაშიგ თვითონ შეშინდა,
შემომისუდრა შეთი ტრფობა,
შემომახრჩოლა შაბარდუხი შესამუსრავი...
ბალახებო,  რად  გამიხსენით   გულისგული?..
და  თქვენ,  ქვესკნელის ქრია  ძალებო,
რად  შემიშვით შიშის  შრიალით  აშიშინებულ  ჰეკატეს  სახლში?..
ოო,  ჰეკატეს  დიდო  ტაძარო,  რატომ  თავს  არ  მემხობოდი,
სალბუნი  რომ  ხელში  მივეც  თან  ძალზე ჩემს   და  თანაც  უცხოს?!.
ოო,  ხელებო,  გამახელებო,  რაღატომ  არ   ჩამომიხმით,
იმ  მალამოს  რომ  ვაზავებდი?!.
 
ბედნიერია,   ვინც  ბოლომდე   ბედნიერია.
 
ოო,  შურიგე,  შენ   მოშავშავე  შურისგება   გამიშეშე  არსებაში,
მე  კი  სამყაროს  ილაჯი  ხომ    ჩემივე  ნებით    ჩაგისახლე  დუნე  კუნთებში?!.
შენ ,  ბერძენმა,  საიდან  იცი,
შურიგეო,  რომ  იტყვის  კოლხი,
სულს  გინაწილებს,
მის  სუნთქვაში   ხარ!..
ამოგთქვა  და  ამოგინატრა!..
 
ჩემი  ბრალია,
გაძლევინე  ძმა  და  მამა,
სიზმრის  აია!..
 
ვერ  გავიგე,  ვეღარ  მივხვდი,  ვერ  გავრკვეულვარ,
უსაზარლესად  მიყვარხარ  თუ  უერთგულესად  შემძულებიხარ!..
 
ჯერ  ხომ  მზერაში  შემოგიშვი,
შემოგიშვი  სუნთქვაშიც,  თურმე,
და  ეს  სიცოცხლე,
ერთ  ამოსუნთქვად  რომ    შემემთხვა,
მთლიანად   შენზე  გულისკანკალით  ამოვავსე.
 
ქალი ვიყავი.  ჭარბად  ქალი.
 
...მას  აქეთ,  ბევრგზის   
ხორციელთა მრავალთმრავალ  თაობაზე
დავიწყების  შლამი შალა შლუ მდინარებამ.
მე  ვერ  წამშალა.
მარადისობის  ნისლოვანში   მოვალ  და  მოვთქვამ.
 
მოვაშრიალებ  სიჩუმის  ექოს,
ისე  გაბევრდა,
თითქოს  სიჩუმის   ჩიჩახვიდან
ჩვილი   ჩქამი  ამოჩუმჩუმდა...
არ   იჩქმალება,  მოდიდდა  და
ჩანს,  ჩამიჩუმის   მოჩქრიალებს   ჩქარი   ჩანჩქერი,
წამოიშალნენ  სიჩუმეები,
ხმა  აიმაღლეს,
შემოგვიგდეს   ფაფარაშლილ   ხვეულებზე   და
შეხე,  საით   მიგვაქანებენ!..
 
 ვერ  გავიგე,  ვეღარ  მივხვდი,  ვერ   გავრკვეულვარ,
უსაზარლესად  მიყვარხარ   თუ   უერთგულესად  შემძულებიხარ!..
 
 
შენი   ბაგე,   ჩემს  ბაგეს  რომ   ეთაფლებოდა,
იცოდე,  რომ  აწ  სხვა  ბაგეს   ვერასოდეს   ვერ    ჩაითაფლავს,
შენი   მკლავები,   ჩემს   მკლავებს  რომ   ეთასმებოდა,
იცოდე,   რომ  აწ    სხვა   მკლავებს   ვერასოდეს   ვეღარ   გათასმავს,
შენი   თვალები   რომ   მიმწყვდევდნენ   მზერის   რკალებში,
აწ   სხვას   ვერა    და   ვერ   მოიმწყვდევს,
სხვა,   უბრალოდ,   არ   იქნება!..
სხვას  –  ცეცხლოვანი   საპატარძლო   შესამოსელი
ცეცხლოვანი   რაშის   წრეში   შობილისაგან!..
 
დავიშალე,  ჩამოვზვავდი,   ჩამოვპირქვავდი...
ჩვენი   ვაჟები...   ჩემი   ვაჟები...  ჩვენი   ვაჟები...
თოლიგვირალი   ჩენი   ვაჟები,
აიას   თეთრი   კვიცებივით   მოკუნტრუშენი...
ამ   ხელებით???
ოო,  ევრიპიდე,  ეს  მე  ვიყავ   თუ  დამაბრალე?!.
ეს,  მითხარი,   მართლადამართლა  დამაბრალე  თუ  მე  ვიყავი?..
დამაბრალე  თუ  ჩავიდინე?!.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
...და  რატომ  თავად  ის  არ  ვიმსხვერპლე,
ჩემი  შურიგე,  თან  ჩემი  და   იმავ  დროს  უცხო,
ვინც  მოვიდა  და  ხმელი  გოგო  ქალად  ამანთო?!.
იქნებ  სიკვდილი  მეცოტავა,
არად  ჩავაგდე
ჩემი  დიდი  სიყვარულის  საპირწონედ
მისი  დიდი  ღალატისათვის   რაა  სიკვდილი?!.
და  სუნთქავდა  ვისი  სუნთქვითაც,
ვის  სუნთქვაშიც  სუნთქვა  ჰქონდა, 
ის  სუნთქვები  სათითაოდ  გადავუჭერი!!!
ცოცხლად  გავგუდე!!!
ამოისუნთქა  და  კვლავ  ვერ...
ვერ...
ვერ  ჩაისუნთქა...
და  არის  ასე...
ასე  სუნთქვაგაშეშებული...
თუმცა  თავსაც  იგივ  დავმართე!!!
და  გგონიათ,  სიშმაგის  ჟამს   არც  ვიაზრე,  რა  გავაკეთე?!.
მე  დავსაჯე  ის  და  ჩემი  თავი  თანაბრად!..
 შვილებს  როცა  ვიმეტებდი,
დროის  ჩარხი  უკან–უკან  დავატრიალე,
წავშალე   ჩვენი  ბედუკეთური  სიყვარულის  ნაკვალევები...
ან  იქნებ  მამრის  მომავალი  ღალატი  მოვკალ,
იქნებ  მომავალ ავკაცობას გამოვღადრე  მევე  კისერი...
 
ოო,  უცხოელო,  არასოდეს  ამოგინატრებ!..
მამაკაცი   გულზიდვაა!!!
ქალიც  იგივე!!!
 
და  მაინც...  მაინც...
ოო,   ევრიპიდე,
ათასწლეულთა  ნისლი  წამით  გადამიწმინდე
და  მე,  მხოლოდ  მე  გამიმხილე:
კორინთელებმა  დამამსხვრიეს  ზეცა  თავზე  თუ 
ეს  მე  ვიყავი?..
დამაბრალე  თუ  ჩავიდინე?!.
ჩავიდინე  თუ  დამაბრალე?!.
დამაბრალე   თუ  ჩავიდინე?!.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰა???