აემ მარტოსულ ჭიანჭველაზე
გამთენიისას უძილობისგან ნისლში გალორთხილ სიჩუმეს (ვინ მყავს სხვა?)
ვეკითხები კონცეპტუალურ მეგრულ აქცენტით:
_ რომ არ ვიტყუები, მოწმეა მხოლოდ სასაფლაოდან ამორხეული კიპარისი
და ჩიტუნია ნაპეპლავები.
თუკი მართლა გწამს, მითხარი ერთი:
აემ მარტოსულ ჭიანჭველაზე, ტვირთს რომ მიათრევს დახაშმულ ქვისკენ,
და იმ ბალახზე, ქრისტესისხლას რომ ვეძახით ხოლმე
და აკაციის ყვავილზე დამცხრალ დედაფუტკარზე ადამიანი რითია მეტი?
დუმს გაშმაგებით სიჩუმე _ ღმერთი
(მეხიც თვითონაა, სიცოცხლეც, ფერფლიც, მიმობნეული აღმდგარზე მკვდრეთით),
(მე კი სიგარეტს ვეწევი უკვე),
ღაწვი უფაკლდება და ელამ თვალებში უდგება ცრემლი.
შეთქმული სიზმრების რეინკარნაცია
აუკიდია კაცს ზურგზე კუბო
და მობღუნკული მიათრევს აღმა.
ქარი გულს იფხანს ფოთლებში შავი,
და სურნელს აფრქვევს, თითქოს ფერიამ იმშობიარა.
შემცხადებელიც გამოჩნდა, მაგრამ აღმართი უცებ თავქვე დაქანდა.
ჰოდა, შეაბა შიშმა ეჟვანი ცხადში გადმოსულ მძევალს სიზმრების,
და მინდორს ზემოთ, სადაც გვეძინა, კვამლს აცილებენ ჩიტები ცისკენ,
მე კი ტალღაზე ფეხი მისხლტება.
მესმის გალობა, თევზთა გალობა, ალბათ, ტოფობის ჩამოჰკრა ჟამმა.
არა, ძვირფასო, დუმილი მუდამ როდია ლოცვა, ანდა ყივილი _ ოცნება მუნჯის,
მაგრამ თუ დედის მუცლიდან დაგყვა ჟინი უთქმელის გაცხადების
და შორს განფენისა,
ნუ აჩქარდები, აცალე სიტყვებს ურჩი გონების ცეცხლში გამოწვა,
რადგან აქ მხოლოდ შეუცოდველის თმაში ნაზდება გველივით წვიმა…
ბრმაა სამიზნე და წკიპზე შემდგარ ჩახმახს ამშვიდებს სუნთქვა ჯალათთა.
ალილუია, დინოზავრებო, ალილუია.
27.09.1997
ეს უნდა გითხრა, სანამ ცოცხალი ვარ:
მიყვარდი კი არა, ვიშლებოდი ჭკუიდან, მაგრამ
საიდან უნდა მცოდნოდა მაშინ, რომ ოცნება ნახაზია საგანთა უარით
და არც რუსთაველი მახსოვდა ბავშვი
(ვიყავი უკვე ცამეტი წლის და ურა ცხენებს დავაჭენებდი
ჭუბურხინჯის და სათანჯოს გასწვრივ),
თუმცა, ეჭვიც კი არ მეპარებოდა,
რომ ჩვენი წილი განმუხურის და ანაკლიისაც _
ზღვა სიზმარია მაკე ზვიგენის,
და ირეკლება მხოლოდ და მხოლოდ მიმწუხრის ლოღნით
შემთვრალი ძაღლის ოდნავ მომწვანო ელამ თვალებში,
და გაწვიმებაც შემეძლო უცებ
წყურვილისა და გვალვების მფარველ ღვთაების თვალწინ,
ჩაწყვდიადებულ უფსკრულებიდან სულის ამომყვან
მამლების მზარავ დაყივლებამდე.
მგელზე ნაჯდომი ქალის შელოცვა
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს: არც მაკესა და არც სულთმობრძავს,
როცა საკუთარ გვამ-ჯიგარსა ხრავს, შეუხორცებელ ჭრილობის ხანძარს.
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს, პოეტის გულში გავლილ ტყვიას და
თვალის წამში ჩაწნეხილ ჟამის დამაბრმავებელ გასხივოსნებას.
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს, ილორის წმინდა გიორგის ხატს
და სააღდგომოდ შესაწირ ბატკნის აცახცახებულ ფერისცვალებას.
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს, ოჩოკოჩის და ტყაშმაფას დაქალს,
მესაიდუმლეს, მფარველ ღვთაებას, ნახევრადორსულ ქალწულის ჟრჟოლას,
უკვდავის გუმან-გეშსა და გლოვას,
უჰარამხანო ქვეყნის დედოფალს, საჭურის მავრთა შემშლელს ჭკუიდან,
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს, დუმილში დანთქმულ შამანთა თრობას,
შხამს, აიაზმას, მირონს და ნექტარს, ცოცხალ რეკვიემს, პანაშვიდს, მესას,
მადლს, მარიოტას, აფქიოს, ასტრალს და ანგელოზურ კურცხალის ბრწყინვას,
სამოთხის ჩიტის საგარიჟრაჟო შემოშხივლებას.
ალს დაემგვანე, ქალო, შავ აფთარს, ლურჯაზე შემჯდართ ჟინს _
ცათაფრენას, საკუთარ კუდის მგესლავი გველის მისტიურ როკვას და გარინდებას.
ყველას შეუძლია 700 წამით მაინც ღმერთონდეს საკუთარ თავში
ტიბეტურ მკვდართა წიგნიდან
1 აწვიმს და მეხიც ატყდება ჩემ სულს _ განფენილს მთვრალ რიჟრაჟებში…
2 ოღონდ სხეული შემოაცვდა და ხელახლა უნდა ჩამისახო, დედავ, ოცნების კაცისგან ისევ
3 ისეთი, როგორიც ვიყავ სრულ სიბნელეში _ აფეთქებამდე ღვთიურ ნაპერწკლის.
4 აწვიმს და მეხიც ატყდება ჩემს სულს _განფენილს ჩუმ რიჟრაჟებში.
მარტოობისგან გაჭაღარავდა
ჩემმა კიპარისმა ძაან მოიწყინა. უკვე ჩიტებიც არ ასკინტლავენ.
მარტოობისგან გაჭაღარავდა. ღრუბელი ღრუბელს მისდევს ატეხილი.
სტკივა ჩოჩიას. ტირის ჯუია. ორთავე დაა ჩემი და ვშველი?!
ფუჰ! ნადემონარი არარაობა. ჩაი ვიყიდე. დავრეცხე თეფშები.
დავაყენე, ვგლიჯე მაგარი, ლომკა მომიხსნა, ჩამაკაიფა.
წვიმს. როდის მოიშლის ლუკრეციო ჩემი კაი-ს და იდუმალურ ჩაღიმილებას?
ალბათ, არასდროს, ენდემურია. გაპარტახებულ სივრცეს უხდება.
დეგენერატთა განცვიფრებასაც.
ზოდიაქოს რომ თავს აცოდებდა, ღეჭავდა ფესვებს ჯადობალახთა
სასწაულების მოსახდენად არასოდესში, რაღა თქმა უნდა.
ხვლიკი პეპელას რომ შევაჯვარე, სიჩუმემ ლურჯად ამოიოხრა.
რა ექნა აბა? სიამოვნების სინდრომს, აქ, ახლა.
დიახ, დიახაც სულის მონასმი: მაგია. თრობა.
ჩარჩოში ჩასმულ უსასრულობას ვხატავდი როცა ნახშირითა და ანწლის ნაჟურით.
სისხლიც ჩავანთხიე წმინდა, წკრიალა. ვეღარ გავყიდე, უსაზღვრო და მშვენიერი,
არვის სჭირდება კაბაწამოხდილის უმანკოება.
აკრილი, ოქრო, ტილო, ბჟალარა. იღლიებიდან ამოსული ფრთების ფათქუნი.
ცოფის კვირეულში გამარჯვებული ძაღლის ნაბული შარშანწინდელ ცისარტყელასთან.
უნიჭიერეს უნიჭოებთან მიჭირს ძალიან,
ცრუ ორსულობა მტკივნეულია სივრცის სარჩულზე მიმობნეული
ნაექოვარი მშობიარობას გადაყოლილთა.
აქ ხეებიც კი მესალმებიან. სინანულს აფრქვევს ერთგული კახპა.
არც არაფერი, კი-კი-კი, ანგელოზები უხმაუროდ დემონდებიან.
ორსულდებიან ნამონაზვნარნიც, ქრისტესგან, აბა?!
არადა, მაინც, ვარ ისე, როგორც თვითონ და უპასუხო კითხვებზე ჯვარცმა.
შორენამ დარეკა: სევდიანი ხმა, მმუხტავს, აღმაგზნებს, მამშვიდებს,
თითქოს მიღმიერიდან გარდამოსული უბიწო მანტრა.
მოეშვი ახლა, კატას აჭამე თევზი, რომელზეც ჭკუა ეკეტება.
კი, მიყვარდება. არ ვიცი, რატომ, ხდება და მორჩა.
მოკეტე. ჭედავ, ცრემლიც ლურჯდება.
სიგარეტი, დო-რე-მი… ბოლო აკორდი. სტიქსი.
ვიოლინოზე სიმმა იფეთქა. მიწყდა მზარავი კაკაფონია.
ჩიტის დუმილი. კაშკაში ზვავთა. სიგიჟე. ბნედა. წვიმს.
დამალობანას ვთამაშობ ახლა საკუთარ სხვასთან,
რომელიც ერთხელ (ჯერ ეს არ მითქვამს) ნაბუნიობზე
(პოეზიის მიღმა გასულთა) სრულიად უცხო ექოს შეასკდა.
დაექსტაზებული პაუზებს მიღმა
სისხლის ყივილზე რომ ცისფრდებიან, ის ჟრუანტელა ქალები მიყვარს:
სიზმარ-ცხადს შორის მობორიალე არარასაც რომ აღაგზნებენ,
ჟინს აღუძრავენ მითაჟამინდელ მასტურბირების _
პოსტმისტიკური მისტერიების განსაახლებლად,
და აშიშვლებენ წყვდიადს ქარიზმით ისე წმინდად და ისე ლამაზად…
აქ გავიჭედე… ვტყუი! დავმუნჯდი:
დაექსტაზებულ პაუზებს მიღმა კუდზე შემდგარი მიქშევდა გველი,
და მედიუმს რომ ჩავხედე თვალში _ გამირიალა:
ეჰ, ჩემო სხვისო! ეს შენ კი არა, თვით ლიუციფერს და პრინც ჰამლეტსაც კი აატირებდა.
რას მითვალთვალებ? შენც ხომ შეგეძლო ეს დაგეწერა,
გეაღსარება უსაშველობის მიღმა გამსხლტარ ცოცხალ წმინდანთან?
კოცონზე ასვლამდე, რაღა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც განჯადოების მზარდ
მოლოდინში მარცხენა მხარზე ფასკუნჯის ბარტყი შემოგაჯდა და
იმძლავრა ცეცხლმა.
შენც ხომ შეგეძლო ეს დაგეწერა?! მშიშარა პოეტს მკვდარი ჯობია.
ჩააქრეთ შუქი. დაუშვით ფარდა!
დაე, მქუხარე ტაშში დაინგრეს წყეულთა ბუდე _ თეატრ-ტაძარი,
სხვა თუ არაფერი, ძველკოლხურ მძივებს მაინც დავითვლი აცახცახებულ მკერდზე
ღვთაების, რომლისთვისაც არ შეუწირავთ ჩვილი ბავშვები
ბრმად მორწმუნეებს ცრუ სასწაულთა.
ჩვენ, ტალღა და მთვარე
თუთა-თახა-ჯუმა-ცა-ვობი-შურიშხა დო ბჟა _ სიზმრიდან ამყვა,
ამეკვიატა სახელდებანი გამქრალ ღვთაებათა და სილაჟვარდით მთვრალი მიდამო
უდანაკარგოდ შემომეთარგმნა სულ სხვა პოეტურ ექოლალიად,
ყრუ-მუნჯ სივრცეს რომ უვლის ჟრუანტლად.
ჩვენ ვსრიალებდით მეტაფორულად კონცეპტუალურ მოქნილ ტალღაზე _
აღტკინებულნი, დედიშობილა, გვიხაროდა და გვიყვარდებოდა
გარდაუვალ შენარცხებამდე სევდიან მთვარის მკრთალ ანარეკლთა.
არ ვიცი, მაგრამ…
ბავშვობის ცაზე საავდრო ღრუბელს შემსკდარ ჩიტივით
ვარ მე ახლა და
იქნებ, ცოტა ხნით შენს თბილ უბეში ჩამისვა, ლელა,
მანამდე,
სანამ შევძლებდე ისევ შევერწყა საგარიჟრაჟო ნისლოვანებას.
იქა ვარ ისევ, სადაც დამტოვე:
მესამე ჩიხში
გოგებაშვილის,
ნაგავი გამაქვს ახლა და უცებ _
ბავშვი დედამისს რომ გამოექცა,
შენმა შეკითხვამ გამირიალა:
მაინც რა არის პოეზია და გენიალობა _
აგეკვიატა, გახსოვს, ხომ გახსოვს? მე ვდუმდი,
რადგან არაფერი მქონდა სათქმელი, თან სიგიჟემდე მიყვარდი, მისმენ?..
მას მერე შვიდჯერ
დაგვემხო მშობლიური ცა ხეპრე თავზე
და დღემდე გვეცლება ფეხებქვეშ მიწა.
დრო კი არ ითმენს, თითქმის წკიპზეა _ ოღონდ, გამოჰკარ!
და მე გპასუხობ:
სადაც არ უნდა იყო და მაინც, პოეზია? _ მართლა არ ვიცი,
არ ვიცი, მაგრამ, რაც შეეხება გენიალობას,
დანამდვილებით შეიძლება თქმა,
რადგან გვახსოვს და გვაჟრჟოლებს
წმინდათაწმინდა ბუნდოვანების წაუკითხავი ეპიფანია.
გენიალობა მხოლოდ და მხოლოდ
აპოკალიპტურ დედის წიაღში
ტრიუმფალური თაღის ქსოვაა
გულის სისხლით და ახლადჩადგმული სულის ნაპერწკლით,
დაბადებამდე, რაღა თქმა უნდა.
მერე თიხისგან შენსავ ორეულის
გამოძერწვა და გამოწვაა
მზის ღუმელებში,
და
ტყვიის დახლა სიყვარულით
დანაღმულ გულში,
რომელმაც
უკვე უპირობოდ და უანგაროდ
განაფრქვია და განფინა შორეთს
საკუთარ არსზე აღმატებულის ხატებები და ნაექოვარის მოლურჯო
ტალღა,
ეგ არის და ეგ.
სხვა არაფერი. ალილუია.
ბავშვობის ცაზე საავდრო ღრუბელს შემსკდარ ჩიტივით
ვარ მე ახლა და
იქნებ, ცოტა ხნით შენს თბილ უბეში ჩამისვა, ლელა.
ვისი დანახვაც გშლიდა ჭკუიდან
ამომავლე რა, თუ არ გეზარება, მომაკვდინებელ ექსტაზში ტანჯვის.
გამწურე ბოლო წვეთის ჭავლამდე
და გამომკიდე ამომავალ მზის პირისპირ, ქარში.
ისე იმზირები სასოწარკვთის მიღმა და გასწვრივ _
ანტიკვარული ბრმავდება სარკე და გადამწვარი ინთება ჭაღი.
წკრიალი გააქვთ მძივებსაც მარჯნის.
საოცრებაა, განსაცვიფრები, ნუთუ ხელახლა გიყვარდება ის,
ვისაც აქამდე დედიშობილა გამომწყვდეული ჰყავდი მირაჟში,
ვისი დალანდვაც გშლიდა ჭკუიდან.
(ამოიოხრე, გათქვი, გასამდი,
ცოტა ნეტარების შხეფიც გაურიე ნაოცნებარის უცნაურ წყურვილს _
პირი უშრებათ `წყეულ” პოეტებს უკიდეგანო მდარე ასტრალში),
ნუთუ ხელახლა გიყვარდება ის? უარყოფილი უკვე სამჯერ და
შენარცხებული საკუთარ აჩრდილს!
მხოლოდ სილურჯეს აღმოხდა: ამინ.
თითქოსდა, მართლაც გადამდებია
აღმდგარ პოეტებთან მიწევს სერობა;
ცოცხლები აღარ მეკარებიან,
აღიზიანებთ, ალბათ, რა ვიცი,
მისამართიც კი:
_ დაიჩემაო მესამე ჩიხი, სასაფლაო და კიპარისები,
საავდრო ღრუბელს შემსკდარ ჩიტების გალობით თრობა…
ეტყობა, მაინც უფრთხილდებიან საგენიოსო ნიღბის აურას,
თითქოსდა, მართლაც გადამდებია…
მე კი ტყავს ვიცვლი ბუნიობისას ციურ გველივით,
და კუდს ვიგესლავ, ხთონურ სამშვენისის უხილავ ზღვართან
(ჟღერს გამუდმებით ოდნავ დახშული `დიდოუ ნანა” და მარტოობის აღლუმზე
გამყავს ბენგალური კნუტი _ აია…)
არა და არა, იუდას ჩრდილი არ დამილანდავს.
ჯერ არშობილთა სუნი კი მცემდა შორითშორიდან.
მკვდრეთით აღმდგარ პოეტებთან მიწევს სერობა,
ნამთვრალევნიც აქ არ რჩებიან, ხმას არ იღებენ, მოკრძალებით იღიმებიან
(მხოლოდ იმ წითურს წამოსცდა ერთხელ:
პოეზიაზე აღმატებული მხოლოდ ღმერთია. ეგ არის და ეგ.
ვდუმვართ და ვდუმვართ, მოკრძალებით, სულისშემძვრელად იღიმებიან),
იქ ურჩევნიათ დამაბრმავებელ ნათლის მორევში და არ მივყავართ.
Leave a Reply