პოეზია

ზაურ გერგედავა – ლექსები

სიჩუმის ტერორი
შუაღამეა. ვზი. ვაყურადებ სიჩუმის ტენორს...
/უსაშველობის მდორე ოხშივრით ვთვრებოდე თითქოს/.
დაგვერხა, ძმაო! დაო, თუ ვინც ხარ, აქ _ შორიახლო
და იქით, მიღმა, ჭავლებად ხვეულ შემოგარენში
ქაოსის რუკის უწყინარ ექოდ.
იქნებ, მანიშნო: რას გავემიჯნო, ვის მივესიზმრო,
/აღწევს გულისხმა, სინათლის სხივსაც უსწრებს, უმიზნოდ?/.
როდემდე უნდა ვმწყემსო და ვჩხიბო
გამსხლტარი ჩემგან 
მოკუნტრუშე ხბო?!
არა სჯობია, გულში ჩავიწო თითი და ვწერო,   ქაღალდს         აფრქვეულ
მტკივნეულ სტიგმებს სული ვუბერო, ვესაიდუმლო.
საოცარია:
დღემდე მოთრეულ სხეულს ვერ ვუგებ, რაღაც უზაკველ, 
უხრწნელის ნამზითვს
მინდა უეცრად რომ ჩავენაცვლო:
პეპლების ნათრთოლს, ჯადვარს, ბარამბოს, 
ან აყვავებულ აგავის სურნელს,
იქ _ ხელში ნაკლულ ნაოცნებარს რომ ასდის უთუოდ. 


ნინოსადმი
მიიღე _ ის, რაც ვერ შემოგწირე:
მეხის სვირინგი შუბლზე წყვდიადის.
ნაღვერდალზე რომ კუდს იგესლავდა;
ის ხომ არ იყო, გვამს ვერგამსხლტარი?
უცებ _ ერთმანეთს შევასკდით, გავქრით;
სიზმრებს ვწურავდით სიჩუმის ბზარში;
მერე არც მახსოვს:
ლოკვით მირჩენდი ჭრილობას შენ, თუ 
მე ბრმა სხივებით სულს გიკემსავდი.


სჯობია ახლა, ვიდრე ოდესმე 
და ახლა ვიღაც რომ დაგასიზმრონ გარყვნილ თვალებზე,
შეგძრავს უეცრად ნელსურნელება აღგზნებულ ღამის...
მოწმეა ძაღლი:
_ არ გამიცია განცდის სიამე, დამღა-ნიშანი, არც გრძნეულება
განჯადოებულ სიწმინდეთათვის, მე მხოლოდ გულის სტაკატომ
                                                               გამთქვა,
სუნთქვის მპარავმა, მკვდრეთით აღმდგარის. 
აუქშიე და მიაყოლე
უთქმელი რამე ჟრჟოლისმაგვარი, 
თუნდაც უსქესო შავი თოჯინის ნაბან წყლის ქაფში მფეთქავი ხელი.
შენ მას უნდოდი ლოგინში, ცაშიც _ როგორც პაუზა _
ჭკუიდან შემშლელ აკორდებს შორის _ გაოგნებული სიჩუმის შხამი.
დემონურ სიზმრებს ცხადზე ვერ აცრი.
იქსოვს თავის თავს ამობრუნებულ გიჟის პერანგზე აფრქვეულ ჭალით,
და აყურადებს
ჩქამს უხილავის.
და ძაღლის თავიც იქ რომ მარხია, სადაც არა ვართ, სადაც არყოფნას 
უკრავს მოცარტის ხერხემლით ჟამი... (ეშმას ბუთქუნა კუდიც, ყავარიც...),
აგერ, ჩვენს ჯიბრზე რომ ვერ იხსენებს უშფოთველ ყოფნას _
მშობიარობით შერყეულ დედის წიაღში _ ნალესბოსარი _ 
თუბალის ნალი თუ მზის ნატეხი გამომწვევად რომ იელავს მაცდურ,
მარცხენა თვალში,
ხოლო მარჯვენას _ უპაჭუნებს ავ წინათგრძნობით 
აშრიალებულ ჩრდილს კიპარისის...
სჯობია ახლა, ვიდრე ოდესმე გამოჭენებულს შევახტე ჭაკს _ 
და
მიმწუხრის ფაფარს ვადინოთ კვამლი.
შენ რაღას იტყვი?!
გკოცნი, გეხვევი მზის ამოსვლამდე _ სანამ სიმორცხვე 
არ გამოგაყრის.


გულზე ხომ ხელი მიდევს ახლა და
არა მხოლოდ მას _ ვისაც ვირეკლავ _ 
ვინც ჩემს გუმანში მწიფს აღსარებად, ვინც მე გადმომწერს
სულ სხვა რამიდან;
ვინც სიგიჟეებს აღემატა, გადაალაჯა, ხელს გააყოლა ნაცოდვილარიც;
და გაშიშვლებულს შემომახვია სხივგაუმტარი ქურქი კენტავრის, 
ანუ გახსენება გარდაცვლის შემდეგ: იყო და _
არა იყო რა-ს გავლით...
გამიხმეს ენა! გულზე ხომ ხელი მიდევს ახლა და,
მისხლტება მაჯა აღზნებულ ღამის _ ეს ერთხელ მაინც
არ გავაცხადო? _ როგორ გავტანჯე ავ ხორც სხეულში
გამომწყვდეული _ სული _ წმინდანი _ როგორ მიხშობდნენ გრძნეულ გულისხმას
საბედისწერო სიჩუმით მთვრალნი, და როგორ შევრჩი ხეში გახლართულ 
ნაბუნიობ მზის ჭავლებს საწიწკნად _
ახლად შობილი ბებერი ბავშვი.
.... .... .... .... ....
.... .... .... .... ....
სხვა, უკეთესი რა მოხდებოდა, ძვირფასო _ აქ-და,
იქ _ მითუმეტეს, სადაც ჯერ არ ვართ _
გარშემორტყმულნი
მიუსაფრობის მზარდ შარავანდით.


არ წამიკითხო, თუ შეიძლება
ვცოდე, უფალო! და შეგვიწყალენ, _
მხოლოდ შენთან და შენში ვარ წრფელი, წმინდა, უტეხი.
ეს ნასიზმრალიც რომ არ გამეთქვა, ვერ შევიძელი:
1
...ელტონ ჯონივით ბუნჩულა კაცი ფხანდა ცოლის დის
ნაყვავილარ მკერდს;
2
ანჩხლობდა დილა გაუპარსავი, იეჭვიანა ალბათ მიმწუხრზე.
3
რა ესაქმება მფეთქავ კვირტებთან მინერალურ ჯაზს, პიკასოს
`მუმუნს~, ან თავის ქალას მოცარტის ძაღლის?...
4
იგულისყურა:
უკრავს შიბაქზე უბნის გიჟი და _ ლამაზი კახპა
მკვრივ თეძოების ჟინიან რხევით
წერს ნეტარების იეროგლიფებს.
5
აქ ხატებიც კი ტირიან ღამით;
ედემურია ეს ჯოჯოხეთი, როცა სიბერის ჭრიალებს ჭერი
და უმეცრების
გვირგვინს უსხლტები.
6
მე გამოვუტყდი ჩაქვირითებულ კალმახს, სიმუნჯევ:
_ რომ სუნი აგვდის
სისხლის ყივილზე დაბურძგნულ ქვების.
7
და ძალიან გთხოვ, ნუ მითვალთვალებ, ნუ მიწრუპუნებ 
გაშიშვლებულ სულს
უთვალავზე მეტ ციცინათელით
არიალებულს რომ ვეტრფი უკუნს.
8
ა, ის სიზმარი რომ არ ამიხდეს, ვურტყამ სამნახად
სანთლის არაყს და,
ბნელზე აფრქვეულ კოცონს ზემოდან დავტრიალებ
ჩემს გვამს მიგდებულს.
9
არ წამიკითხო, ვაშინერც შენთვის, არ შეტოპო და არ შეაშფოთო 
ნაოცნებარის წმინდა ცხედრები..
10
არ წამიკითხო, გემუდარები...
იდექ! იყუჩე! _ სანამ სიჩუმე არ შემოგიღრენს, და არ აუვა
                                             კამკამა         კვამლი,
ბავშობის ტბორში ჩანამზერსა და
ჩანარცისებულ მესაიდუმლეს.


ენთება სანთლებს - იღვრება ღვინო
მარტოდმარტო ვარ, სარულიად მარტო, /რაც საეჭვოა,
და კაცმა რომ თქვას, შენ შეგიძლია, რაც მოგეხოშოს, ის იგულისხმო/;
...არც მიხარია და არცა ვნანობ.
სარკმლიდან უხმოდ შემომღიმიან: საშლელი, უტა, სპილო,
                                                      დენირო!
მაინც, საიდან შემოგაფრინდა, მორღვეულ მხარზე ლურჯი
                                                      მიმინო?..
ხვართქალებს, მკორტნის,
ლავიწის ღრმულში კვერცხსა დებს თითქოს. საოცარია!
ვარ კი საერთოდ, ახლა, _ აქ, _ ვითომ?
_ ხარ _ ხარ _ ხარ! _ ჭრიალებს ჭერი. ენთება სანთლებს. იღვრება ღვინო...
შეშფოთებულ
სიმყუდროვეში გაპარულ სულთა ძვლების ამკრეფო!
მოკლულს აცლილი ბეჭდის თვალებიდან
არეკლილ სხივთა გულში გამტარო.
ჰა, წყდება მიწას. უკუნს მიაპობს.
აქრობ ვარსკვლავებს. ანათებ თვითონ.
და მაინც, _ მაინც:
ლაფში ჩაფლული მეხივითა ხარ, _
თავზარდამცემი სიჩუმის ექო.


ნეოგლობალისტური იდენტომანია
მეტისი ვარ მე.
ღვთიურ ნაპერწკალს შეჯვარებული _ კოლხური სისხლი მძვინვარებს ჩემში.
და პოეზიას _ მფარველ ანგელოზს
ვუმადლი ციდან ჩამოყვანას და ყოფნაში განცდილ წამსასწაულებს.
სხვა, დანარჩენი
მკიდია სულაც ამპუტირებულ მესამე ფეხზე.


უშურველობით შეუბღალავი
დიახ, ბატონო! ვიმკით დათესილს _ ჯერ პირშეუკრავ
ნაპირთა ბორცვებს ავარდნილ ფოშფოშს _ დაელმებულნი
                                             ვაცილებთ         ცისკენ:
აქ _ ორ ზღვა შუა ჩაფასკუნჯებულ
მრავალწერტილს კი _ კორტნის ბუ, ძერა და ბუკნაჭოტი,
და ვართ ასე ანთხლეულ რიჟრაჟს შეხიზნულები;
გოდო კი არ ჩანს. აბოდებს მწუხრი
და სათავიდან შესართავამდე შვიდჯერ მოწამლულ
                                             მდინარეს         აღმა
შეჭირულ კალმახთ _ იგლოვს უსქესო ორაგულთ გუნდი
და იზმორება მთა დაბინდული.
ეს ჩემი ჯიში _ ან შეშლილა ან სულაც ბრიყვი...
განუქარვებელ ბოღმის ნიაღვარს ანთხევს ჯერ კიდევ
შეუხორცებელ ნაკვალევს უფლის და უფრო მეტიც _
მოსისხლე მტრისგან
გაგულისებულ ცოფიანთ ხროვას გვიქსევს მანქურთი,
და კაცი არ ჩანს, უშურველობით
შეუბღალავი ტალღის ზვირთქაფზე ამხედრებული.


შენ დაგეძებენ უსინათლონი
და საოცრებავ _ შხამცურვილო თილისმავ ღამის;
შენ დაგეძებენ _ ჯოხის კაკუნით _
უსინათლონი _ უტყუარ სმენას შეხიზნულნი;
და განთიადის მაცნედ შემოსულ ხრიოკ ნაპირზე
თესავენ სუნთქვის მეწამულ მარილს _
კალთამადლიანთა ნაღამევ სურნელს.
ყეფენ ძაღლები _ მაყრიონები სიზმართ ნადიმის,
და იმ ნაპირზე, იმ ფერდოვან ქართა მხარეში
უკანასკნელ პანაშვიდს
უხდის ხიბლდამჭკნარ ფოთლებს მთვარის არილი.
და ხმები, ხმები! _ განწირულნი დუმილის ექოდ,
ფხრეწენ სივრცეთა უნაზეს პერანგს,
და სახვალიო დღის უკოცნელ მკერდზე
შესეულ ვარსკვლავთ
ევედრებიან წმინდა თევზები:
ო, თქვენ შეუნდეთ, მდინარეებო _ გაქარჩხულ ღრუბლებს
უნებლიე შეცოდებანი და თქვენ, ველებო,
უნაყოფო, შავ წელიწადში ნუ დააფჩენთ პირს
ახლადგადათხრილ სამარესავით...
თქვენ კი _ ხეებო _ გეყოთ ხეტიალი გულებში მიწის
ამოსხლტით აქეთ, ცად აფრენამდე 
დაიგვირგვინეთ სიმშვიდე მეხით...
და ა.შ. და ა.შ.


უცნაური ფერიცვალება
... და შავი სიძე ამოქვითინდა ცბიერების უღრანებიდან;
დაე, დედოფალს შერჩეს უფლება პირველი ღამის გაუქმების და
განსიტყვების და
ძუძუებს შორის მთვლემარე ხალის _ ღვთაებრივ დამღის აფეთქებისა.
დაუკრეფავში კაშკაშებს, ბნელა.
ძირში წაჭრილი ფალოსის სევდა.
უბიწო წამო! უსაშველობის ხერხემალი ხარ...
ლურჯი სიჩუმის ლურჯი შრიალი. ყრუ-მუნჯ-შეშლილთა
ცახცახი, ჟრჟოლა, არარსებული ქვეყნის ჰიმნი და
პირსისხლიანი აჩრდილის როკვა. დუმილის ექო
გუგუნებს მაღლა და ანგელოსთა გალობით რხეულ
ჰაერის ნაკადს ყნოსავს სამარის ფსკერზე განრთხმული არარაობა.
გრძნეულ აკორდებს ქარი აიღებს და გაოგნებულ
მწვერვალთა ზემოთ კალმახი კალმახს ექვითინება.
ნათლის ჩქერალში ბრმავდება ყველა.
წმინდა წყვდიადი ვარსკვლავების სასაფლაოა.
შუმერთა სევდა
სექსუალური სიჩუმის მესა _
მკვდარს შეაქანებს, თუ კი მოესმა, _ გაურიალა თავში და
უცებ _ სულ სხვანაირი სურნელი ეცა,
ახლადჩასახულს რომ ასდის, ის და _ მშობიარობას
გადაყოლილთა შესანდობარიც იქვე შეისვა. და აღავლინა
მიბნედილ ცისკენ: დამლოცე, ქარო, შემოაქსოვე ნათლის სუდარა,
შხამგაუმტარი, წარსულზე წმინდა. ვიხეტიალო იქ, სადაც მინდა,
შევუმსუბუქო სუნთქვა კალმახებს _ სათავისაკენ _
დაყრილ ქვირითთა განვავრცო ბრწყინვა. ჯერ არ შობილებს ვაწოვო ძუძუ,
ელვით დასტიგმულ მაკე ზვიგენთა, შევუღიტინო 
შინაბერა მთებს, წამოწოლილებს ჩრდილზე უტიფრად,
და ლურჯ ნაწნავთა წიაღ ჩამდგარი, ამოვულოკო ნამზითვი მზისა,
ნორჩ ცისარტყელას სულში შევეჭრა,
გადმოვაენო სევდა შუმერთა. და ასე შემდეგ და ასე ემდეგ,
მასაწაულე აწ და მარადის. ამინ. ოსანა. ალილუია.


თითქმის უბიწო
კი მაგრამ, კაცო! ამ ყოვლისშემძლე ცხოვრებისგან
მწიკვი მარილიც არ მერგებოდა _ მიმოსაყრელად ნასტიგმარებზე?
რა ვქნა მე ახლა?!
შენ გეკითხები უიღბლოთა და უღატაკესთა მფარველ ღვთაებას:
მოვწყდე მიწას და ავფრინდე ცისკენ?
თუ შევენარცხო იმ ნამონაზვნარ-მუცლადღებულ კლდეს,
სამოთხის ჩიტი საიდუმლოდ რომ უდებდა კვერცხებს...
თუ გადარეულ მდინარეს ავყვე, აღმა, სულ ზემოთ, ჩასპეტაკებულ სამარემდე,
და განვიცადო კალმახმა უკვე _ ის ღვთაებრივი ბნელნეტარება,
ქვირითობის ჟამს რომ ხდება ხოლმე.
ამასობაში იმ აღგზნებულ ხეს /ოპერის გვერდით, კი, შუათანა, შიშველი ზოგჯერ
გამვლელს რომ ჩხიბავს უცნაურ რხევით/, ჩამოღწეულმა ჩიტუნიებმა
გაბმულ ჟივილში სხივაგაუმტარი ბინდის პერანგი შემოაქსოვეს, მაგრამ, ამაოდ:
უთენიაზე სიზმარს აყოლილი, სრულ სიჩუმეში რომ მივეახლე,
რას ხედავს ჩემი ამოსათხრელი თვალი _ მესამე: ცეცხლოვან ნისლში გამოხვეული 
ეზმორება და ეგრძნეულება, თითქმის უბიწო, მაგრამ რატომღაც
გაავხორცებულ რიჟრაჟში მსუფევს. 


პირშეუკრავი ჭრილობის ფსკერზე 
ეს შენ ხარ ჩემში _ გენიალური მკითხველი ჯერაც 
დაუწერელი სახარების და ამოუთქმელი აღსარების და
პირშეუკრავი ჭრილობის ფსკერზე
მწიკვი მარილის აღარ მომფრქვევი _ სიგიჟე, ბნედა,
და კიდევ რაღაც, მხოლოდ სიზმარში რომ განიცდება:
აღმატებული სხეულზე, სქესზე 
 და ანგელოსზე წამით ნაკლების
დანაღმულ გულში შემოჟრჟოლება.

ვინ შეგვარჩენდა მის ხსენებას ჩვენ
ვერ მიგწვდებოდი, ვერ ჩაგბერავდი გაუხშოებულ ჰაერს ტუჩებში:
იკვანძებოდა საჩემო ყულფიც, სადღაც გარშემო ჩასაქრობ ქვების.
ვერ ვეტეოდი სრულყოფილ წრეში.
შენ _ სიტყვით ორსულს გწყუროდა ცეცხლი.
/ჭიპზე დაგინთეს სანთელი, ღვინო _ ზედ მოასხურე მკვრივ ძუძუს კერტზე
და იქით, მიღმა, ღრმულში ლავიწის
ფრთხილად ჩაგიდეს კვასკვასა კვერცხი/.
ხოლო ისინი უხმობდნენ თქეშს და 
გვეყრებოდა დაუბადებლის წამწამები და მოლურჯო ფერფლი.
ვინ შეგვარჩენდა მის ხსენებას ჩვენ? განჯადოებულ მძიმე სიჩუმის
უმანკოების გახრწნილ ჰაერში.
ვერ ელეოდა სხეულს სული და 
გამრღვევი პერანგს იცვლიდა ჩრდილქვეშ ნელი ზმორებით, ულამაზესი.
შემოგკიოდი: მიშველე-მეთქი.
საწაულის მომხდენ წყეულის
პირშეუკრავი ჭრილობის ფსკერზე
მწიკვი მარილის აღარ მომფრქვევი _ სიგიჟე, ბნედა,
და კიდევ რაღაც, მხოლოდ სიზმარში რომ განიცდება:
აღმატებული სხეულზე, სქესზე 
და ანგელოსზე წამით ნაკლების
დანაღმულ გულში შემოჟრჟოლება.