(წიგნიდან „ფაზლი“)
საუკეთესო
მისტიკის ნისლებში მცურავს
გიცქერდე რაც უნდა ეჭვით
ანდა არ გიცქერდე სულაც,
შენ კი ჩემს ალალ და ბეჯით
ბჭობას პასუხობდე მუდამ
ღიმილით, სიცილით, კრეჭით _
მაინც ამ გულში ან გულთან _
ახერხებ, კადრულობ, ბედავ _
გაცრეცილ არილად ბჟუტავ _
იმედის ელფერის სევდავ,
სახელად _ „შენ მაინც იცი“
ან კიდევ _ „შენ მაინც ხედავ“.
ვიდრე მანდ არაფრით იწვი
და ღამეს ჯიუტად ეკვრი _
ვარსკვლავის ძურწა თუ ხიწვი,
მგზავრი ამ მთა-ვაკე-ზეგნის _
კიდევ თუ რაიმეს ვხდები _
კიდევ თუ რაიმეს მძებნი _
დროდადრო თავიდან ვხვდები:
საერთოდ თუკია _ უფრო
უნდოა შენ იქით გზები,
და მიწას _ ვუარო, ვღრუტნო _
წერტილიც არა აქვს _ შენზე
ურყევი, მყარი და მყუდრო.
მეპოვა, ვერაფრით შევძელ,
მეორე _ არყოფნის მტარვალ
აჩრდილთა წინაშე შემწე.
მით უფრო _ ძალიან არ ვარ
და შენზე ძალიან ანდა
შენზე მეტს არავის ვწამვარ.
და უფრო მცდარია სხვათა
ციფრი და გრამი და ადლი
და თუკი როდისმე მართლა
გამზომავ, ამწონი, დამთვლი _
ცოდვები თუ არა _ იქნებ
შემინდო უშვერი მადლი.
იმ ენის ხლართებშიც იგნებ
გზას და კვალს ყველაზე ხშირად,
ფურცელზე რომელსაც ვიქნევ,
მერე კი ამაოდ ვქშინავ
უდაბნოს შინა ან უღრან,
გაუვალ გულებსა შინა.
ინახავ ყველაზე უხვად
სამართლის პურივით მარილს...
ოღონდ, რა თქმა უნდა _ თუ ხარ,
თუ ხარ _ იმ ნისლებში მაინც,
თუ ხარ _ სულ ცოტათი მაინც,
ანდა _ თუ არა ხარ, მაინც.
დილა მშვიდობისა
ძილბურანის ნისლებიდან გამოსულო ბანდალ-ბანდალ,
სიზმრის ბუნჩომოყოლილო, აბუზულო ცხადის კართან,
შფოთით შემომზირალო და შიშით ვეღარ შემოსულო,
აბა, გული გახსენი და გამიმხილე, ჩემო სულო:
ძილისა და მღვიძარების აცაბაცად ნაკერ ზღვარზე
რა გაშფოთებს, რით გაშინებს, როგორ გაცახცახებს ასე? _
თითქოს _ ცხადის ღია კარი ხრამის პირი იყოს ღია;
უხსენებელს უკბენია; ავსულისთვის გიკოცნია...
სულო, რად გაქვს ერთი სული _ ისევ ბურანძილში შეძვრე?
ტანში რატომ გეტოტება უმწეობა ყოვლისშემძლე?
ეგ გული თუ გულნაცვალი რა თავზარმა დაგიზაფრა _
ხორცთან გაყრად რომ გაჩვენა სიზმრისა და ცხადის გაყრა?
რომ იღვიძებ და თან იცი _ და საიდან იცი, ერთი? _
შენ არ გელის ან იმისთვის გელის მთელი ღვიძილეთი _
რა სანდობი-შესანდობი-დასანდობი არის ისო! _
სპილოსავით დაგაბიჯოს _ მუხლუხივით გაისრისო...
ამ დროს, ძილის ანუ ძილში შებრუნებაც გვიანია.
მერე _ ეგეც რა ძილია _ სველია და ქვიანია...
იმედების გუდა მაინც იქით დაგიტოვებია _
თითქოს აქეთ უფრო ავი დევები და ტროლებია,
თითქოს სადმე ახლომახლო მრავალთავა ძაღლიც ებას _
რომ ყოველი გაღვიძება ჰგავდეს ბოლო გაღვიძებას. _
აკი თავიც შეგრჩენია მხოლოდ ამის, თუკი რამის _
მიფრიალო, მიბაგუნო, ამომიგდო გული ლამის;
მეხუთო და მეკრა, მე კი მარტო იმის ხათრით გითქვა,
რომ წამების ეგ წამები არ გრძელდება წუთზე დიდხანს _
თორემ ისე შეგრისხავდი, სულეთის ფრთებს შეისხამდი,
რათა ჩემი სიზმარივით გამქრალიყო ჩემი ცხადი...
მაშ, მითხარი...
თუმცა რატომ გამტვრევინო კარი ღია? _
ჯობს, ამიხსნა, რისიც მართლა ვერაფერი გამიგია:
იმ წამების კვალდაკვალად _ შენ რომ გულზე წამიკიდე _
წარსულში რომ ჩაიწვება რამდენიმე წამი კიდევ,
საათად და ტელეფონად, კედლებად და ნახატებად
როცა ცხადი საბოლოოდ ახდება და გაცხადდება,
სიზმრისგანაც რომ დარჩება ალაგ-ალაგ მოყოლაღა _
აი ამ დროს აი უკვე ასე მშვიდი როგორა ხარ? _
ისე, თითქოს ეს-ესაა _ როცა ცხადის კარს აღებდა _
სულ სხვა სული შფოთავდა და ოხრავდა და ცახცახებდა;
მილეული სანთელივით თითქოს შენ არ ციმციმებდი;
გეგონება, არც გეგონა, რაც გეგონა ღვიძილეთი; _
ის კი თითქოს სავანეა, სამოთხე და მეცხრე ცაა,
და, საერთოდ, ის არ არის, რაც გეგონა ეს-ესაა.
ვითომშანსონი
თუნდაც ცოტა მუქი ცა,
მიწაც _ ერთი მოკეცვა _
მუქთად როცა მოგეცა _
იცი _ შანსი მოგეცა.
ძირს ნარი და ხავსია,
მაღლაც რაღაც მსგავსია _
ლამის ყველა შარზეა _
მაგრამ მაინც შანსია!
ამიტომაც _ იტყვი, არა უშავსო,
გულში თუნდაც ურჯუკო და უხამსო _
რაკი გემცნო _ ლეგიონთა ლეგიონს
გულისნაცვალს ყოფნის ნატვრა უჭამსო _
ვერ დაუძვრა ვინც მებაჟე-გუშაგსო _
ვერც აქამდე, აღარც პირი უჩანსო,
და დარდიან დაუბადებლობაში
ჩარჩენილა უსასოდ და უშანსოდ.
თუნდაც ცოტა მუქი ცა,
მიწაც _ ერთი მოკეცვა _
მუქთად როცა მოგეცა _
იცი _ შანსი მოგეცა. _
რომ აკლიხარ ნავსიან
უშანსოთა შავ სიას _
ეგეც უკვე შანსია!
თუმცა მაინც შანსია...
ის მითხარი: უქონელს და ოხერსა
შენც არყოფნის არაფერი რომ გეცვა,
და უეცრად უკვდავების ფართლიდან
მოგიზომეს ყოფნა _ ერთი მოკვეცა,
მოაყოლეს თხელი _ არა ორკეცა _
ცა და მიწა, ეზო-კარი-ღობეცა _
ანუ მაშინ, როცა შანსი მოგეცა,
ის თუ იცი _ რისი შანსი მოგეცა?
თუნდაც ცოტა მუქი ცა,
მიწაც _ ერთი მოკეცვა _
მუქთად როცა მოგეცა,
მხოლოდ შანსი მოგეცა. _
არც ავსულის თავში ქვას,
არც მომტვრევას ხელების _
შანსი ნიშნავს: შანსი გაქვს
შანსის გამოყენების.
მაგრამ კი არ დაუკარგავ ავში კარგს
სააქაოს გველეშაპის შავ შიგანს, _
შანსი რომ გაქვს და იცი, რომ შანსი გაქვს _
აღიარებ _ უფრო მეტი შანსი გაქვს.
და ვინ იცის, მაგ ლაზერის მფლობელსა
უბედობის ბოლო ბუდეც მოგეწვა _
მიგეღწია, რისი შანსიც მოგეცა _
რომ იცოდე, რისი შანსი მოგეცა.
თუნდაც ცოტა მუქი ცა,
მიწაც _ ერთი მოკეცვა _
მუქთად როცა მოგეცა,
აკი შანსი მოგეცა. _
მაშ, გაიძრობ ხან სიქას,
ხან გაიცლი არაქათს –
მაგრამ, რისი შანსი გაქვს,
მიხვდე, შანსი არა გაქვს.
თუნდაც ცოტა მუქი ცა...
მიწაც _ ერთი მოკეცვა,
როცა მუქთად მოგეცა _
.......... .......... .........
OK
რომ სამყაროს აქანავებს ბოროტების ქართა ქარი _
ვინ იკადრა _ ვინ იცრუა, ვინ იხუმრა მწარედ ასე? _
მაშინ, როცა ზუსტად ვიცი _ ყველაფერი კარგად არი
რომელიღაც გალაქტიკის რომელიმე პლანეტაზე.
ბარე ორი გადამდგარა ამ საქმეზე გადამდგარი,
ვისაც უნდა ავი ენით ავეგდე და დავეთარსე _
რაკი ვიცი _ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად არი,
მე რომ ვიცი, იმ შორეულ, იმ მშობლიურ პლანეტაზე.
სხვა რამეა _ იმის მერე ბოდიალით კარდაკარით
თუ ვერავინ ვიმსგავსე და თუ ვერავის დავემსგავსე _
მთავარია, ყველაფერი ნანატრივით კარგად არი
ჩემგან ერთხელ შუა ცაში მიტოვებულ პლანეტაზე...
შენ კი, ასე ვინც აბუქებ შენი ჭიქის ქარაშოტებს,
რაკი ვეღარ გამაოცებ, რომ დაეცე იმ დონემდეც _
წამოროშო _ თითქოს ჩემი წარმოსახვა თამაშობდეს _
თავისივე გამოგონილ ცრუპლანეტას იგონებდეს _
საბუთებიც წამოგიღე _ სამუდამო ჯადოს ფარდი _
აი მზერა, აი ლექსი, სხვა მრავალი აი დამღაც...
და ესენიც რომ არ იყოს _ ციდან თუ არ ჩამოვვარდი _
ციდან ხომ არ ჩამოვვარდი _ ხომ მოვედი საიდანღაც?
..............
ვინ მოჭორა, ვინ იცრუა, ვინ იხუმრა მწარედ ასე _
რომ სამყაროს აქანავებს ბოროტების ქართა ქარი? _
რომელიღაც გალაქტიკის რომელიმე პლანეტაზე
ყველაფერი კარგად არი. ყველაფერი კარგად არი.
შეხვედრა აწმყოსთან
ჩემო ათი, თხუთმეტი, ოცი წლის უნახავო
ნაცნობებო,
რა გემართებათ?
კაცმა თვალი თუ მოგაშორათ,
უმალ ბერდებით?
აი, გიყურებთ და,
ისე უცნაურად იღიმებით,
თითქოს ისინი არც იყოთ,
ათი, თხუთმეტი, ოცი წლის წინათ რომ
გიცნობდით.
ან თითქოს ისინი იყოთ.
აი, მიყურებთ და,
ისე მიყურებთ,
თითქოს მე ვიღიმებოდე უცნაურად,
თითქოს თვალი მომაშორეთ თუ არა,
მე დავბერდი.
ცუდი წარმოდგენა
წარმოიდგინე ამ ცაზე ამაზე უფრო შავი მზე:
შოთა მეჭურჭლეს უწყალო უარი ეთქვა შაირზე.
ეკითხა: რად ავირიო იარაღი და სამიზნე _
რას არგებს ლარის მაძებარს მუზების დევნის ავი ზნე?
ნუთუ სახელი ან სხვა რამ მოსახვეჭელი მაკლია?
ნათესავი და ჯალაბი შემოსილი და ნაყრია;
სადგომიც _ არა ეტრატის _ ქვისა და კირის სახლია...
ხოლო _ შარიც რომ არ იყოს _ შაირობაში რა ყრია?
კვლა ეთქვა: ახლა საჩვენოდ მომართულია ღვთის ნება:
ლარსა ითვლიან ლაშქარნი _ სალარო ისე ივსება.
მერე განკარგვაც ხომ უნდა _ იგივე, რაც ათვისება?
მეფეც იმოყვროს, გლახაკიც _ ესა ჰქონია თვისება.
დამხვავებია დავთრები _ ვერაფრით დამიცალცალდა;
გასხლტება ეშმა-შეცდომა ხან აქ, ხან იქ და ხან სადა;
საღამოს ლამის მიმიღოს მიწამ _ მიწად ან ცამ _ ცადა...
აი, ასეთ დროს მოუნდათ ქება წარბთა და წამწამთა.
ნახეს უცხო მოყმეც ბევრი, მაგრამ ვერვინ _ მორუსთველო,
მომაკითხეს _ ისურვაო _ ლექსის სთველი მოუსთველო...
აწ მირჩიე, თავო ჩემო _ საღო და არმოუსვლელო _
ხომ არ მოგიავადმყოფო, თუნდაც _ მოგიმოუცლელო?
იქნებ ჯობდეს, მბრძანებელი უარისთვის განმირისხდეს _
მიყიოდეს, მაყივნებდეს, რაცა სწადდეს _ ამინ _ ის ხდეს _
ვიდრე ნაწერს განსაკვეთად მთლად სამეფო კარი მისდგეს? _
იქ ამბავი დატრიალდეს _ ავტორსა და ვაი მის დღეს!
განაქიქონ ისე, თითქოს წაეკითხოთ ასო-ასო,
თან შენთანაც ხელი ჰქონდეთ, შაირობის არსის არსო.
დაადგინონ: მოჰქცევია ავად ზეცის საჩუქარსო _
ოდენ წყალი დაუნაყავს _ რაიც ძლიერ საწუხ არსო.
ანდა კიდევ უარესი _ მჯდომმა მთავარ საინახოს
ყმის ოდაში საჩოთირო მიჯნურობა დაინახოს;
იქით ლექსი შეიბღალოს _ აქეთ გული გაილახოს _
ჰგავდეს _ დანას წამოეგოს ან როდინში დაინაყოს.
კიდეც რომ მოიწონებდეს, დარი მომხდარა სად რა როს _
მიჯნურის გული შაირით მოეგო მიჯნურს საბრალოს...
ვერცრა შევმატო საწადელს, ხელიც მოვაკლო სალაროს _
თაგვი გაუჩნდეს ოხერი _ ლარი ხრას, არა ამრავლოს.
მგოსნის დიდებამ, რომელიც თან არ არი და თან არი,
წამომიშალოს მოყელე, გულხენეში და თვალნარი _
მაოტონ _ უკან დამირჩეს მშობელი ღელე-მთა-ბარი,
იმათ უკან კი _ სახელო, მიჯნურობა და თამარი...
ანუ თუ სულაც მომკერძოს უარმა დილეგ-ბადრაგი,
უეჭველია, თანხმობას ჭირი მოჰყვება ათმაგი!
ჯობია, სხვამ თქვას ლექსები _ ჯანდაბას _ ცოტა ჯაგლაგი,
სასიძოებმაც იკმარონ ჩახრუხაძე და ჭადრაკი...
..............
ეპილოგს ისევ მე ვიტყვი _ ამ წარმოდგენის მოთავე,
ვისი გული და გონებაც ძველი დილემით შფოთავენ:
ვინ იცის, მართლა რამხელა შარში ვიყავით ორთავე _
რას გადავურჩით მერე ჩვენ და გადაურჩა შოთა ვერ. _
რაკი, ვინ იცის, იმანაც _ ფიქრის სანახებს გაჰყვა რო _
შენ დაგინახა ბოლოში, ცაო _ მზეშავადგამხმარო, _
იფიქრა _ რა ვქნა _ არა ვქნა _ ვერა ვქნა _
სულიც გამყარო...
დაჯდა და შექმნა ახალი წიგნი, ქვეყანა, სამყარო.
სრულიად საიდუმლოდ
აის ქალი, შენ რომ მოგწონს ძალიან,
ვინც ერატოს, ურანიას ცალია,
ვისაც შენი უტიფარი ფიქრისთვის
სხვა ქალებზე უფრო ხშირად სცალია,
შენს სიზმარში ვინც კი ღამე ათია _
ერთი როა სხვა და ეგ რომ ათია,
შენი კედლის, ჯიბისა და მაგიდის
ეკრანებზე ვისი შუქიც ანთია,
თან _ კომეტის განა ალიკვალია _
ვარსკვლავივით ლამის ჩაუმქრალია, _
აეგ ქალი _ მოჩვენება კი არა _
ნამდვილია, ხორციელი ქალია.
უკან ნისლის ფარატინად ნაფენში,
რა ფერში და _ ლამის აღარაფერში,
ერთი-ორჯერ მაინც ნამდვილ კაბაში
კიდეც ნახე ეზოში თუ კაფეში.
და იმ მაინც სინამდვილის სტუმარი,
მზის მწუნარი, თინათინის მხუნარი _
როცა ნახე ნისლებივით კაბებში _
მარტო მაშინ კი არ იყო _ სულ არი.
ეგ კი არა, დამიშლიდა ჭკუა რად _
იმისთვისაც მეთქვა _ არ მეუარა _
რომ შენცა ხარ
ნამდვილად და ყოველთვის _
მაგრამ რავი, ეგრე არი თუ არა.
ასე იციან
დაგღლის ტანის დივანზე და ლოყის მკლავზე შემოდება,
გარეთ გახვალ, ნახავ, შენი შემოდგომა გელოდება _
ძველებურად ფერყვითელი, სუნსველი და გემომწიფე
ფეხქვეშ ისევ დაძენძილი ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს _
ნიავქარში სადარბაზოს ღია კარში შემოხვეტილს,
და გგონია, გარეთ იყავ _ სახლში ახლა შემოხვედი _
სადაც შენი სული ფხიზლობს ან ფხიზელი ძილით სძინავს,
შემოსულხარ რაკი შარშან, იმის წინ და წინის წინაც,
შენი დარდის ეკალ-ბარდით, შენი ომით, შენი ნდომით,
და ამანაც შეგიფარა, თანაც _ მთელი შემოდგომით...
გული აგიჩუყდება და მოგივა და შეგიხტება _
ასე იცის შემოდგომამ _ შეგიჩვევს და შენი ხდება.
მაგრამ განა მარტო მაგან _ ყინვის ეტლით ნასერი ცის
ზამთარმა და გაზაფხულმა და ზაფხულმაც ასე იცის.
ასე იცის ამქვეყანამ, სათნოა თუ მურდალია _
თავის პანოს, ხვატით დამწვარს თუ ყინულის სუდარიანს,
პროზის მსუყე საფლობებს თუ პოეზიის მიმქრალ ტონებს
შეგაჩვევს და შეგიჩვევს და მერე უცებ მიგატოვებს.
გამოცხადება
თითქოს სულაც არ არსებობდე,
ამდენ ფოთოლს ქარი ბერტყავდეს,
ამდენ თმას _ წლები,
ტაძრის შენება ტაძრობანას თამაში იყოს,
იქ სიარული _ შესვენება
მობეზრებულ ცოდვათა შორის...
მაგრამ მე გიცნობ.
მე დაგინახე ულმობელი წყალდიდობისას
სხვების თვალებში და ჩემს გულში.
მე დავინახე, როგორი ხარ:
დიადი და ძლევამოსილი _
როგორც ხავსი,
სასოწარკვეთის მდინარეში
უკაცური და უდაბური ნაპირიდან
ჩაკიდებული.
ზოგი ღამის ლოცვა
ლოდივით ღამე ჩამოწოლილა.
ჩამოგვიარე, ღმერთო,
ყველას გვეყავი და გაგვწვდი.
ძილდაკარგულს ძილი უპოვე, ღმერთო,
დაამშვიდე და მიაძინე.
ბოროტი გული შეხსენი,
ბოროტება ამოსწმინდე და მოასვენე.
კეთილი გულის სიზმარი ნახე,
ბოროტება ამოსწმინდე და მოასვენე.
ღამეა. ღამე.
მოურჩენელი ძილში წაიყვანე, ღმერთო,
შენთან წაიყვანე, ან სადაც მიგყავს.
მოხუცს დედა მოანატრე და ეჩურჩულე,
რომ სიკვდილი ცუდი არ არის,
რომ სიკვდილში დედასა ნახავს.
ჭირისუფალს მიცვალებული დაასიზმრე,
ეუბნებოდეს, მე კარგად ვარო, შენ არ იდარდო.
ღამეა. ღამე.
გზაში მომკვდარი მოგზაური
ცოცხალ მოგზაურს აპოვნინე, ღმერთო,
ნადირს არ დაუტოვო.
ღამის ყაჩაღი
თავის ბილიკზე
უპატრონო განძს გადაჰყარე.
ვინც ბოღმითა სვამს, ისე დაათვრე,
იარაღი ვეღარ ასწიოს.
ღამეა. ღამე.
მიწას მტკივან მუცელზე ხელი გადაუსვი,
ღამეა, ღმერთო, ახლა არ ეძრას.
ჭექა-ქუხილს ხმა ჩაუწიე,
ალალ-მართალი ბავშვები არ წამოაფეთოს.
უჭეროდ მიძინებულისგან ღრუბელი წაიღე,
ჭერს თუ არ მიუტან,
უჭეროდ მიძინებულს არ დააწვიმო...
ღამეა _ სიტყვას რომ გაგიგრძელებს.
ძალას რომ გართმევს იმედისას და მკრეხელობისას.
მართლა ლოდივით ჩამოწოლილა,
თორემ განა შეგაწუხებდი.
ასეთი ღამით უშენობა ძნელია, ღმერთო.
ღმერთო,
ამაღამ იყავი.
მამაო ჩემო
საიქიო მმართველობის მძიმეუღელშებმულებმა
როცა მომცეს სასიცოცხლო მნიშვნელობის შვებულება,
შემეგებე, როგორც კარგი სააგენტო ტურისტული,
რათა შენთვის მოიკრიბო მთელი ჩემი გულისყური.
მერე მითხრა, მამა, რომ _
მზე მიცინის ამ ფანჯრიდან,
კიდევ მითხრა, მამა, რომ _
მე მიგალობს ნაცარჩიტა,
ისიც მითხრა, მამა, რომ _
ჩემი ხათრით გადაჩითა
დანარჩენი სამყარო
ყვავილების სამყარომ,
მერე _ მითხრა, მამა, რომ _
ქვებიც ნაყოფს მოისხამენ,
რაკი _ მითხრა, მამა, რომ _
აქ მზიანი მოდის ღამე...
ესე იგი _ მამა, რომ _
კარგ ადგილზე მომიყვანე,
შენ, ყველაზე კარგო და
შენ, ყველაზე მაგარო.
მგონი, გინდა, მეგონოს, რომ ეს სასტუმრო საოჯახო
იმად გინდა _ შენი არა _ ჩემი ბედი გამოჩარხო,
და საერთოდ _ იმის გამო _ მომიტყუე აი, აქ რომ _
თავი ასე იმართლო და იმართლო და გაიმართლო.
და მიყვები, მამა, რომ _
მზე მიცინის ამ ფანჯრიდან,
და მიყვები, მამა, რომ _
მე მიგალობს ნაცარჩიტა,
და მიყვები, მამა, რომ _
ჩემი ხათრით გადაჩითა
დანარჩენი სამყარო
ყვავილების სამყარომ,
უფრო მეტიც _ მამა, რომ _
ქვებიც ნაყოფს მოისხამენ,
ეგ კი არა _ მამა, რომ _
აქ მზიანი მოდის ღამე,
ესე იგი _ მამა, რომ _
კარგ ადგილზე მომიყვანე,
შენ, ყველაზე კარგო და
შენ, ყველაზე მაგარო!
ეგ სიტყვები მეშაქრა და მეთაფლა და მეკომპოტა,
თუმცა გითხრა რომ სიმართლე _ მე სიმართლეც მეყოფოდა,
ანუ ტკბილო მამილო და მამიკო და მამიკონა,
მეყოფოდა, მაგის ნაცვლად, თუნდაც ეს რომ გამეგონა:
_ ჩემთან გიხმე ამიტომ,
შენგან ამის მნდომი ვარო:
სიჭაბუკე გამირთო,
სიბერეში მომიარო,
შენი ძარღვი დამითმო _
დაწრეტილმაც რომ ვიარო,
სხვა სიცოცხლე ამინთო,
სხვა ლეველი ჩამირთო,
გამიგრძელო გვარი და
გამიმრავლო ნათესავი,
არ დადუმდეს კარი და
არასოდეს დაცხრეს ალი,
ჩემი მონაგარი და
ნაქნარი და ნამწყემსარი
რომ არ წიწკნოს ხვალიდან
ვინმე ჩხიკვის მამიდამ...
ანდა იქნებ სულ სხვა რამე მიზანი ან მიზეზია,
რა მიზნით ან მიზეზითაც ჩემი თესლი გითესია _
გულის ლოდზე მიბმული რომ, შიშობ, ენამ არ აუშვას _
მაშინ, როცა მერე რა და რა მოხდა და არა უშავს _
სულაც თუ არ გინდა, რომ _
სულის მარაგს სანამ დალევ,
არყოფნასთან იდავო _
მაინც მისმა სანადავლემ _
და უბრალოდ _ წინდაუ-
ხედავად თუ დაამთავრე
მიმოქცევა წინ და უ-
კან და ისევ წინ და უ...
სამყაროსთვის _ გინდა თუ
არა _ შენც ხომ პატარა ხარ? _
მერე რა, რომ წმინდა რუ
შენმა წვიმამ ატალახა! _
აკი ეგრე _ წინ და უ-
კან რუების გადალახვა
შეუძლია მამალსაც,
გინდა _ მამალ ინდაურს...
რა ქნა _ იქნებ არავინ გყავს, ვინც დიდურად მოგივლიდა,
შეგასმენდა, რაც შენ თვითონ აზრადაც არ მოგივიდა...
აბა, გულშიც ვინ გაივლოს ამისთანა შეფარდება _
რომ აზრად კი მოგივიდა, მაგრამ სულ არ გედარდება _
რომ მიყვები, მამა, რომ _
მზეც ჩემია ამ ცაში და
რომ მიყვები, მამა, რომ _
მე მიგალობს ნაცარჩიტა,
რომ მიყვები, მამა, რომ _
ჩემი ხათრით გადაჩითა
დანარჩენი სამყარო
ყვავილების სამყარომ _
მერე თუ ვითავცემებ _
თუკი ახლა დავიჯერებ _
სიკეთისთვის გამცემენ,
სიმართლისთვის დამიჭერენ,
ქვაფენილზე დამცემენ,
ყელში ბაწარს წამიჭერენ,
გულში დანას ჩამცემენ,
ანდა _ ზურგში ჩამცემენ...
რომ არასდროს მელოდება ან გათელვა, ან გარიყვა _
რაკი გმირის მაგვარი ხარ და იმაზეც მაგარი ხარ;
რომ თვითონვე ნამიწარი, მიწიერი, სამიწევე
ყოველთვის აქ დამტოვებ და არასოდეს დამიტევებ;
როგორც ქსელი პროფილების, ქავერების თუ ნიკების _
რომ სავსეა სინამდვილეც კოცნებით და გულიკებით,
არსად _ ქატო, არსად _ ჭირი, არსად _ ჩაგვრა-ბულინგები...
_ ნუ მიყვები ამას, მამა _ მამა, ზღაპრებს ნუ მიყვები!
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
მზეც ჩემია ამ ცაში და
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
მე მიგალობს ნაცარჩიტა,
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
ჩემი ხათრით გადაჩითა
დანარჩენი სამყარო
ყვავილების სამყარომ!
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
ქვებიც ნაყოფს მოისხამენ,
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
აქ მზიანი მოდის ღამე,
ნუ მატყუებ, მამა, რომ _
კარგ ადგილზე მომიყვანე,
შენ, ყველაზე ალალო,
შენ, ყველაზე მართალო!..
ოღონდ ჩემო კენწერო და მთავ და ზეცის კაბადონო,
სანამ რამეს შეგაგონებ, ჯერ ხომ უნდა გაგაგონო.
მაგრამ ენად ღვედი მქონდეს, სიტყვა _ წონად ერთი ტონაც _
როგორ გითხრა, ჯერჯერობით რაც არ ვიცი მე თვითონაც _
ვთქვათ, თუ ჩემკენ რამე იძვრის დოლაბების მთა-გორებად _
და ვინ იცის, რისიც ახლა არც კი მინდა გაგონება,
და ვინ იცის, ამჯობინებ _ არც იცოდეს, ვინც არ იცის,
და მაგონებ მხოლოდ იმას, გაგონება მინდა რისიც _
და მიყვები, მამა, რომ _
მე მიცინის ცხრათვალჭიტა,
ჰო, მიყვები, მამა, რომ _
მე მიგალობს ნაცარჩიტა,
კი მიყვები, მამა, რომ _
ჩემი ხათრით გადაჩითა
დანარჩენი სამყარო
ყვავილების სამყარომ,
და მიყვები, მამა, რომ _
ქვები ნაყოფს მოისხამენ,
და მიყვები, მამა, რომ _
აქ მზიანი მოდის ღამე,
და მიყვები, მამა, რომ _
კარგ ადგილზე მომიყვანე,
შენ, ყველაზე კარგო და
შენ, ყველაზე მაგარო.