პოეზია

ზაალ ჯალაღონია – ლექსები

* * *

მას ვუყვარდი.

მეც მინდოდა მყვარებოდა.

მერე ქალაქმა გაიწია,

მხარმოქცეული წვეთი დაეცა ქვაფენილს.

თითქოს ყველაფერმა გზა დაგვითმო,

მაგრამ

ჩვენ ვერ გავინძერით.

იმედის ულტრაბგერითი ფონოფორეზი

ცდილობდა გაეღვიძებინა  ცნობიერებისა თუ სხეულის

წერტილები

და ქარსაც დიდი ამბით დაჰქონდა თავისი

თავი ერთი მხრიდან მეორეში.

მას ვუყვარდი.

მე მინდოდა მყვარებოდა.

ძალიან უიღბლო იყო ჩემი სურვილი,

ქალაქში გაკრული არასასურველი

პროკლამაციის ქაღალდივით

ფრიალებდა გვერდებმოფხრეწილი.

იყო და იყო.

მე სიყვარულის კარებზე არ ვაკაკუნებდი,

უფრო მართალი იყო დღე  და უფრო თანაბარი

ღამე.

თითქოს დიდი ზარი მეჭირა ხელში, რომელიც

არ რეკდა.

ქალაქი უკვე იმდენად იყო გაწეული,

რომ ადამიანების არხზე უყურადღებობის

ნავებს ვერ დავაცურებდით,

და რაღაც, მკაფიოდ ამოუცნობი და ყვავილივით

გაშლილი,

მემშვიდობებოდა.

და ეს არ იყო მხოლოდ ქალი,

და ეს არ იყო მხოლოდ სქესი,

ეს მეტი იყო,

რადგან სიწყნარეს,  ბედნიერებას, გულწრფელობას

არ აქვს გენდერი.

მე მას ვუყვარდი,

მე მინდოდა მყვარებოდა.

მაცახცახებდა მოგონილი გრძნობა,

რომელიც თავს დავაძალე.

მე მსაჯულად ღმერთიც არ მყოლია,

სრულიად ახალბედას,

მაგრამ ნაადრევად დამწიფებულს ფუტკარი

მწუწნიდა.

თეთრი კვადრატი ქალაქის ბოლოს სულ

ვიწროვდებოდა.

მე ვარჯების შუაგულში გავჩერდი

და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე

საყოველთაო პულსი მოვისინჯე.

  ***

ნუ მკითხავ, ვინ ვარ.

ვერაფერს ვამბობ.

ორივე თვალზე მაფარია

მოგონებები…

ნუ მკითხავ, ვინ ვარ.

თურმე ვარსკვლავებმაც

გადამივიწყეს…

მე კი უნებლიედ მეღვიძება

ამ ცათა შორის,

ამ დროთა მიღმა

და ძებნას ვიწყებ…

ჩემივე უშენობის მე ქარივით

გადამტანი ვარ.

დედამიწაზე შეხვედრის დროა.

ნუ მკითხავ, ვისთან?!

  ***

ჰქონდა უფლება, ევლო,

ჰქონდა უფლება, ეფრინა.

ჰქონდა იმედი, არ ენახათ,

ყოფილიყო მხოლოდ დროებითი ჩრდილი…

არც ვარსკვლავი ჩამოეხსნა ზეციდან,

არც ხმა ჩამოეღვარა.

*

როცა ხილული გენატრება

და უხილავიც არ არის,

პოულობ სიზმარს.

*

დაიტბორა ნაბიჯებით ჩემი ცხოვრება.

ჩამოახია ქარმა ამ დროებს

თეთრი ფურცელი

და ასე მიაქვს დაუწერელი,

ალაგ- ალაგ რომ ჩაიხედოს!

*

,,საინტერესო ჟამი”

იქ მოგვიწევს ყველას ცხოვრება.

მკერდი დაგვაქვს გულის გარეშე…

*

მკვდარი მუსიკოსის დაუდუმებელ

ვიოლინოს

აქაურები არ ენატრება…

*

ისწავლეთ ცრემლში

 სუნთქვა,

რათა ამღერდეს ცრემლი!

*

დროში ჩაბნეული

თავს წამოვკრეფ,

 გასწრაფებული ნაბიჯებით

ხმას დავეწევი.

– სადა ვარ მე?

 მესმის ჩურჩული.

,,ჩემს თვალებს არ გამოპარვიხარ

შენ იმყოფები

შენს ფიქრებს ზემოთ”-

*

ჩემი მაგიდა ფხვიერი მიწაა.

მთელს ზედაპირზე ყვავილები ამოსდის…

*

 გარემო იფარება ხმაურით.

უხილავმა ამ თვალებამდე მომიყვანა.

დუმს ფიქრი.

შემდეგ მზესავით წამოდგება,

 ნაზ სიგრილეს დატოვებს…

***

როცა ამთავრებ ლექსის წერას,

სახლიდან გასულს დაბრუნებაც

აღარ გინდება,

ქუჩაში დგახარ და

  ღიმილს არიგებ…

*

შენი რეალური მეგობრები,

გეცეკვებიან ჩრდილები და ანარეკლები.

გაიწიეთ, კედლებო!-

კიდევ გაიწიეთ.

*

ეს ყველაფერი

გამოღვიძების შემდეგ

თავიდანვე შორს…

შებრუნებულ ცხოვრებაში

*

მხოლოდ ტანსაცმლები

რომ გამოვიდნენ ფართო ქუჩებზე

და უჩვეულო რიტმით აცეკვდნენ,

როდის მოიფიქრებენ ისინი

თავიანთ სხეულებს?!

ან ამ დროს ეს სხეულები სად არიან,

უახლოეს მომავალში,

თუ შემდგომ წარსულში?!

გამოუთქმელიც ქვეყანაა.

აღთქმის გარეშე.

*

 ეს  სადგური,

აქ დაელოდებიან არაერთ მატარებელს თავისიანებს ჩამორჩენილი

მგზავრები…

მერე ყველანი წავლენ.

დარჩება მხოლოდ ყრუ ადგილი

უსაშველო ლოდინით

გადაქანცული…

*

დაივიწყე არ არის

არ გახსოვდეს.

მიდიხარ შენ და საუბრობს ლექსი.

მიდის ლექსი და საუბრობს შენზე…

 ანთებული ხმა ნაბიჯების.

Leave a Reply