პოეზია

დიტო ხუფენია – ლექსები





მკვდრების აჯანყება
პოეზია მოკვდა!
მისი ცხედარი ღუზად ჩაუშვეს მღვრიე მიწაში
ყოფიერების კრეისერიდან
და დასცქერიან გაშეშებულნი,
როგორც ქუჩაში გულწასულ გამვლელს.

კონტურწაშლილი ადამიანი გადის ქალაქში.
მისი აქყოფნა არამწეველთა ოთახში მოკიდებული სიგარეტივით უადგილოა.
მის წინ მეძავი ზანტად შლის ფეხებს,
როგორც დაღლილი ბიუროკრატი შარშანდელ საბუთს.
დროდადრო გვერდზე ვიღაც შეჰყვირებს
(დაკარგა ბავშვი, თუ ბორში უნდა - კარგად არ ისმის).
კონტურწაშლილი ადამიანი ცდილობს გაფრინდეს თბილ დღეებში და
ფრთებად კალენდრებს იქნევს. 
მშვიდობით! - ამბობს და თვალებს ხუჭავს.

და როგორც იქნა, კონტურწაშლილი ადამიანი
ისევ  აქ არის.
მის გვერდით, ისევ.
ის ეფერება მის ტუჩებს, თითქოს
ლოცვას კითხულობს ბრაილის შრიფტით.
არ დამივიწყო! - დაიღრიალა კონტურწაშლილმა ადამიანმა
და მის კისერზე იფეთქა ძარღვმა, 
ვით ღამის ცაზე ელვის კლაკნილმა.
მისი ღრიალი შორეულ ხმათა ტალღებს ჩაება.
მე მხოლოდ შენი სიწმინდის მწამდა,
ვით მეკუბოვეს გარდაუვლობის....
მშვიდობით! - ამბობს  კონტურწაშლილი ადამიანი 
და თვალებს ახელს.
ისევ აქ არის.
ქალაქში ისევ.
სევდიანი და მიტოვებული, როგორც ბორდელი გამთენიისას...
და ყველაფერი იდეალურად უიმედოა,
თითქოს, ქალაქის დაგეგმარება მორგებულია მძიმე დღეებზე.
კონტურწაშლილი ადამიანი მიდის სახლისკენ,
სადაც ხატავდა მზეს და იშრობდა ცრემლებს,
ხუჭავდა თვალებს და ახელდა სიზმრებს
უკეთესი დღეების შესახებ.

დიდი ხანია, რაც მის ძარღვებში აღარ მარშირებს
მდუღარე სისხლი.
დიდი ხანია, რაც მასსა და იმედებს შორის,
როგორც ორ ფურცელს შორის სანიშნე, ისე ჩამოწვა
რაღაც მესამე.
დიდი ხანია, რაც შეეგუა შეუძლებლობის შესაძლებლობას.
და ის აქ დარჩა, საფლავებს შორის - მარმარილოს და გლოვის ტყეებში.

ის იმეორებს - "ჩემი ცხოვრება ორგვაროვანი და საშიშია,
როგორც ცხედარი თვალახელილი...
ჩემი ცხოვრება ორგვაროვანი და საშიშია..."
და თან მიათრევს გაფერმკრთალებულ ოცნებას,
როგორც პარალიზებულ კიდურს.
მისი ცხოვრება ორგვაროვანი და საშიშია.

"როდის ვიქეცით სატელეფონო ზარებად?
როდის დავიწყეთ პარფიუმერიით 
ხრწნის სუნი მალვა?
როდის შევწყვიტეთ გულწრფელად ცეკვა?" 
-ამბობს ჩურჩულით კონტურწაშლილი ადამიანი
და თვალებს ხუჭავს. 
მისი სხეული უმოძრაოა, როგორც უკანასკნელ კენჭამდე
გაყინული მდინარე.

პოეზია მოვკდა!
მისი სხეული ღუზად ჩაუშვეს ყოფიერების კრეისერიდან
მღვრიე მიწაში
და დასცქერიან გაშეშებულნი,
როგორც ქუჩაში გულწასულ გამვლელს.



ცნობა გადარჩენის შესახებ

როცა ბოლო მზემ გამოიტყორცნა
სინათლის ბოლო ნაწილაკები,
როცა ბოზებმა თავი მოუკრეს
ღირსების ბოლო ნამცეცებს,
როცა სამყაროს ყველა ტირანმა
ცრემლის სადენად ერთი მოტივი
აღმოაჩინა,
მე პოეზია დავაორსულე.
და განსხეულდა მასში ყოველი,
ვინც დაამუნჯეს,
ვინც იძულებით იღიმის ხალხში,
ვინც მიატოვა ბედნიერების შესაძლებლობა,
ვინც მარტო დარჩა მშობლის ცხედართან,
ვინც კატაფალკებს დოღის ცხენებად
წარმოიდგენდა.
ის ვინც ვალებს და ცხოვრების დღეებს
აღარ ითვლიდა,
ვინც კედლებიდან ამოსულ სულებს
შიზოფრენიას აწერდა, ჩუმად.
ვინც გენეტიკამ გაწირა, ანდაც
ვინც გენეტიკა გაწირა, რადგან
იყო "რადგანაც", " სადაც", " როდესაც",
"ასეთ წრეებში"  და ასე შემდეგ.
ვინც კუბოები დათესა
და მარმარილო მოიმკო.
ვინც ჯვარს გააკრეს და გააცოცხლეს.
ვისაც გაარტყეს და საპასუხოდ
შემოითეთრა მეორე ლოყა.
ვინც ცხედრად იშვა, ან უნაყოფო
დედის სხეულში ჰპოვა აკლდამა.

მე პოეზია დავაორსულე.
ის        
                      დაიბადა
და მან გაიძრო დედის ცხედარი
ნაქირავები ტანსაცმელივით,
მაკიაჟივით ჩამოირეცხა
სახიდან მარცხის შესაძლებობა
და მან წარმოთქვა:
მიყურეთ სანამ დამიჩოქბდეთ
მე კაცზე მეტად ღვთის მაქვს იერი
და ღმერთზე მეტი უნარი შექმნის.
მე სიახლეთა კოლექტორი ვარ.
მე ვარ პირველი ვინც ყველა პირველ
თოვლზე გაივლის.
მე ვარ ახალი დროის საწყისი
და ეშაფოტი მათთვის ვინც წარსულს
ებღაუჭება.
მზე ვარ, რომელიც ცრემლებს დაგიშრობთ
და ვარსკვლავი ვარ ბნელ უდაბნოში 
დაკარგულთათვის.
ხმა ვარ უდროოდ დაბადებული გენიოსების,
სვავების მიერ მონელებული ჯარისკაცების ხმა ვარ.
მე ვარ რწმენა და იმედი 
ყველა
წმინდანის ლეშთან მდგარი მლოცველის.
ამ ეპოქაში მე ვარ ეპოქა!
და მე ვარ ცნობა გადარჩენისა!
 


ხმა სიჩუმეში

ის შენთან მოვა, მოულოდნელად, 
ვით უბედური შემთხვევა.
ის მოვა - მკაცრი, ტირანული ხმითა და სახით.
სხვა კონტინენტზე გაჩაღებული ომისნაირად,
საინტერესო და დამთრგუნველი-
ის მოვა შენთან.
ის მოვა შენთან და დაგიძახებს
"მომყევი უკან!
ჩვენ ერთი გზა გვაქვს, ვიაროთ ერთად!"
შენ კი მორჩილი, როგორც კოცონი ნიავის მიმართ,
მიიღებ ყველა გზასა და ფორმას, 
რათა გადარჩეთ ან შენ, 
ან აზრი გადარჩენისა.


ფრაგმენტი 

მახსოვს, მითხარი-
შენ რამდენ ლექსსაც დამიწერ იმდენ
მწვანეთვალება შვილს მოგიძღვნიო...
და ჩემი მზერით გაჟღენთილი თმა ჩამოიწურე.

შენ ზუსტად იცი როდის წახვიდე,
მატადორივით, ბოლო წამს მაცლი ხელიდან იმედს.
და არ მჭირდება ქირომანტია,
რათა გავიგო, რომ ვეღარასდროს ვეღარ შევავსებთ
ჩვენ ერთმანეთის ხელებს ხელებით.

შენი დუმილი ღონეგამოხდილ ქალს დაემსგავსა:
ხელკავგაყრილი მთელი თავისი წონით მეყრდნობა
და მივჩანჩალებთ გზებზე, რომლითაც შენ არ გაივლი.



უმწეობა

სამართებელი და ვენებია
ჩვენი ხელთუქმნელი კონტრაბასი.
და მასზე უკრავს ჩემი თაობა კონტრასიჩუმეს 
ცხადად,
ან ზოგჯერ, ძილის წინ ფიქრში.
ნაიარევი - სულზე,
სხეულზე,
თითქოს, კომეტებს მოპარეს კუდი
და ინახავენ, როგორც უტყუარ
ალიბის, რათა
შვილებს აჩვენონ უსუსურობის გასამართლებლად.


უიმედობა

ჩვენ ისევ  აქ ვართ. 
ჩვენი ატროფირებული სულები,
როგორც ფანჯრიდან შემოპარული ნიავისაკენ,
იშვერენ სახეს პოეზიისკენ.


სტუმარ-მასპინძელი
 
არავის სჭირდება ჩვენნაირი სტუმარი.
ჩვენნაირი სტუმრები სახლში შესვლისთანავე
ერთხმად, ჩურჩულით, როგორც წირვაზე "ამინ"-ს,
ისე წარმოთქვამენ:
"აი, თურმე როგორ ცხოვრობენ ისინი,
ვინც ჩვენ არა ვართ."
ჩვენნაირ სტუმრებს თქვენი ცხოვრების მოპარვა უნდათ,
თქვენი ავეჯის, 
თქვენი ტექნიკის,
თქვენი ღიმილის,
ჯანსაღი ორგანოების,
აივნიდან გადაშლილი ხედის, რომელშიც 
საკუთარ ქალაქს ვერ ცნობენ.
ისინი თქვენს სკამებზე სხდებიან
თავისი გამხდარი სხეულებით, 
იმდენად ტლანქად, რომ თითქოს ვერ ეტევიან.
ეწევიან, სვამენ და მიდიან.
მათ მიაქვთ ყველაფერი,
თქვენი სიცოცხლე, 
თქვენი ღიმილი,
თქვენი ტექნიკა,ავეჯი 
და მთელი ცხოვრება დაატარებენ.
ხოლო თქვენ...
თქვენ გრჩებათ გამოშიგნული დღეები
გამოშიგნულ ბინაში
და ხედი ქალაქზე, რომელიც არ არსებობს.



რეაქტიული ანგელოზი

გლეხები ტკბებიან, 
როცა ირაოს ვერტმფრენი ხაზავს 
ქერად შეღებილ ხორბლის ყანებზე.
როცა  წმინდა ელმოს ცეცხლის გვირგვინით შემკული,
რეაქტიული ანგელოზი 
პლანეტის ქანებს მის ქნარზე ჭიმავს
და მიწისძვრათა მედიატორით კრისტალიზებულ სულთათვის უკრავს.
ახლა  სხვა დროა, ამხანაგო!
დანამულ მინდვრებს ტყუილად ნუ უცქერ,
ისინი მხოლოდ ნაკელის სუნს და ნესტს გიქადიან!
ჩვენი ნაბიჯები აღემატება აეროდინამიკისა
და კატაფალკების სიჩქარეს.
ახლა  სხვა დროა, ამხანაგო!
ადექი და შენი ოცნებების ყალიბით ხელში
მიუახლოვდი მას,
მიუახლოვდი რეაქტიულ ანგელოზს.
 

***
 
მე ჩავეხუტე ვერშემდგარ ძახილს,
ვევედრებოდი გარდაცვალების გადაფიქრებას,
როგორც იესო -  ლაზარეს ცხედარს
და საავადმყოფოს მოსაცდელივით
მოლოდინებით ავივსე, მაგრამ
ძახილი დუმდა, ისევე როგორც 
შვილმკვდარი ცოლ-ქმრის სადილი.