ინტერვიუ

დიალოგი რედაქტორთან

„ებგურის“ ებგური

_ მკითხველმა უკვე მოასწრო და შეიყვარა თქვენი გამოცემა. რა ნიადაგზე ამოიზარდა ჟურნალი „ებგური“?

რედაქტორი: _ მე-8 წელია, რაც „ებგური“ გამოიცემა რეგიონში, სადაც პერიოდული სალიტერატურო ჟურნალი არ არსებობდა. მაგრამ ისტორიულად მუდამ არსებობდა ლიტერატურის სიყვარული, წყურვილი წონადი მხატვრული სიტყვისა. აბა, შემთხვევით ხომ არ იყო, რომ ლევან მეორე დადიანმა მამუკა თავაქარაშვილს, იმერეთის მეფის კარის ყოფილ მდივანს, რომელიც ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, უბრძანა ჩვენი უპირველესი საუნჯის, „ვეფხისტყაოსნის”, გადაწერა და ილუსტრირება, რაც კალიგრაფმა აღასრულა 1646 წელს და მინიატურებითაც შეამკო. ეს ხელნაწერი უმნიშვნელოვანესია ამ პოემის ხელნაწერთა შორის. შემთხვევითი ამბავი ხომ არ იყო, რომ დადიანთა ოჯახის უმდიდრესი ბიბლიოთეკა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლიერებით ჩაიბარა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ (169 ხელნაწერი და მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი)? შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სტუმრები, ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე არტურ ზუტნერი, მთელი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ზუგდიდში, ითვლებოდნენ დადიანთა სასურველ სტუმრებად, იონა მეუნარგიასთან ერთად ფრანგულად თარგმნიდნენ „ვეფხისტყაოსანს?!“ რა საუბრები იქნებოდა, რა შთაბეჭდილებები, რა დაკვირვებები!.. საბჭოთა პერიოდში იბეჭდებოდა ალმანახები: „ენგური”, „ეგრისი“. და აი 2017 წელს დღის სინათლე იხილა სალიტერატურო ჟურნალმა „ებგურმა“. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ საჟურნალო საქმიანობა დიდ ენთუზიაზმს, უანგარო შრომასა და უწყვეტ განვითარებას მოითხოვდა. დღემდე 20 ნომერია გამოცემული (დაცულია თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში) და რაც გაკეთდა, ვფიქრობთ, კარგი საძირკველია მომავალი წარმატებებისთვის.

_ რას ეტყოდით მკითხველებს ჟურნალის სახელწოდების შესახებ?

რედაქტორი: _ ჟურნალს „ებგური“ ჰქვია. „ებგური“ ძველქართული სიტყვაა და მაღლით მოდარაჯეს ნიშნავს. „ებგური“ _ დარაჯად მაღლით ადგილით მჯდომარე”, _ გვეუბნება სულხან-საბას „სიტყვის კონა“. „ებგური“ _ შორიდან მზვერავი, ყარაული, მეთვალყურე მტერთა მოძრაობისა საზღვარზედ”, _ ასე გვიხსნის ამ სიტყვის მნიშვნელობას იოსებ გრიშაშვილის ქალაქური ლექსიკონი. აქვე მახსენდება „დარილი“ (გიორგი შატბერაშვილის „თვალადური ქართულის ჭაშნიკიდან“), რაც ნიშნავს თვალთვალს, ყურისგდებას, ზვერვას, დარაჯობას, მაგრამ, ებგურისგან განსხვავებით, „დარილი“ რაღაც ფარულ განზრახვას გულისხმობს, მეტწილად ცუდს. „დარილი“ საბასთან „ჟამთა ძიებაა”, დ. ჩუბინაშვილთან _ დროის შერჩევა. ეს ფარული განზრახვით თვალთვალი რაღაც სამაგიეროს მიგების სურვილს გულისხმობს და სიტყვას მღვრიე შეფერილობას აძლევს. ვინც უდარიალებს, ის ვიღაცას ჯავრიანად უთვალთვალებს. ქიზიყურ მეტყველებაშიღა შერჩენია ამ ლექსიკურ ერთეულს უბრალოდ დარაჯობის მნიშვნელობა. სულ სხვა შუქით არის სავსე სიტყვა „ებგური“. იგი მოიცავს საკუთარის ერთგულად დაცვას, ავი ზრახვით მოსულთა ძალადობისგან ხსნას. მზით გასხივოსნებული სიტყვა დავარქვით ჩვენს ჟურნალს.


_ რა ხასიათის ჟურნალია „ებგური“?

რედაქტორი: _ პირველი ღირსება, რაც იმთავითვე დაჰყვა ჟურნალს, ესაა საბჭოური ესთეტიკის დაძლევა. არ იფიქროთ, რომ ეს სათვალავში არცაა ჩასაგდები. საბჭოთა კავშირის დაშლა ავტომატურად საბჭოთა ესთეტიკის გაქრობას არ ნიშნავს. სამწუხაროდ, დღესაც გამოდის ჟურნალები საბჭოური ინერციით. ამას შესაშურად დააღწია თავი „არილმა“. რა
იგულისხმება საბჭოურ ესთეტიკაში? მხატვრულად ღარიბი კონიუნქტურული გამოხმაურება ცხოვრებისეულ მოვლენებზე; სწორხაზოვანი, ბრტყელი ტექსტები, რომელთაც მხოლოდ ერთი შრე აქვთ; შაბლონებისადმი მომაბეზრებელი ერთგულება…
ჩვენს ჟურნალს აქვს ზემოქმედების თავისი ტრაექტორია და იზიდავს შემოქმედებს, რომელთაც თვითმყოფადობა უღიარებიათ უპირველეს ღირებულებად. ბუნებრივია, ასეთ ჟურნალს მკითხველიც განსხვავებული ჰყავს, თანაშემოქმედებისკენ მიდრეკილი, ამოცნობა- გაშიფრვა-მიხვედრების მოყვარული, ლიტერატურულ ღირსებებში გათვითცნობიერებული… არაიშვიათად „ებგურს“ თავიანთ უპრიმიტიულეს ტექსტებს უგზავნიან ავტორები, რომელთაც მათი დაუბეჭდაობა ცენზურა ჰგონიათ. დასანანია, რომ რედაქციის კორექტულ მინიშნებებს ვერ ხვდებიან (ასედაც ხდება)…
თარგმანები დედნიდან უნდა იყოს შესრულებული და ითვალისწინებდეს შინაარსს, ასევე, ფორმას, სტილს, მკითხველზე ზემოქმედების ძალას… თუ ორიგინალში ზედაქტილური რითმებია, ესე იგი, ავტორი მუსიკალურ ჟღერადობას ააქტიურებს და მთარგმნელმა ასეთი ლექსი თუ ქორეული რითმებით თარგმნა, ხომ დაუკარგა ის, რაც ავტორმა გაააქტიურა?!
„ებგური“ ნიჭიერი ავტორების მხარეზეა.


_ ვინ აფინანსებს „ებგურს“?


რედაქტორი: _ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. საკონკურსო თანხიდან წინა წლებში გამოგვიყვეს 15 000 ლარი, ხოლო წელს _ 14 000 ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანხის ნახევარი ავტორთა ჰონორარებშია გასაცემი, დარჩენილით სამ ნომერზე მეტის გამოცემა ვერ ხერხდება. რასაკვირველია, მაინც კარგია, რომ ცოცხლობს „ებგური“ და ლიტერატურულ პროცესს ააქტიურებს რეგიონში. რომ არა ეს თანადგომა, იგი ვერ იარსებებდა.
ჟურნალის რედაქცია მუდმივად განახლებადია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცემა ღიაა ყველასთვის. თუ ავტორი ღირებულ ლიტერატურულ ტექსტს ქმნის, ის აუცილებლად დაიბეჭდება, რომელ ჯგუფშიც უნდა იყოს. „შემოქმედებითი გაერთიანება „ებგური“ აღიარებს ნიჭს.

_ ჟურნალთან არსებობს გრანელის პრემია. გვითხარით ორიოდე სიტყვა ამაზეც.


რედაქტორი:
_ დიახ, ბატონ თემურ ჩალაბაშვილის აქტიური მხარდაჭერით მწერალთა კავშირიდან წამოვიღეთ ეს პრემია და გავაცოცხლეთ ჟურნალ „ებგურთან“. უპატრონეთ და გააძლიერეთო, მოგვყვება უკეთილშობილესი ადამიანის კეთილმოსურნე დარიგება. 2019 წელს ეს პრემია კომპანია „ზეარისმა“ დაგვიფინანსა (2000 ლარი), შემდეგ _ მწერალთა სახლმა. მწერალთა სახლის რეორგანიზაციასთან ერთად გაგვიუჩინარდა ეს თანხაც, მაგრამ „ებგურის“ რედაქცია საკუთარი ძალისხმევით ინარჩუნებს მას.
გაგაცნობთ ჩვენს ლაურეატებს:

  1. რენე კალანდია _ თვითმყოფადი პოეზიისათვის (2019 წ.);
  2. ზურაბ ცხონდია _ გრანელზე დაწერილი სამეცნიერო მონოგრაფიისათვის (2019 წ.);
  3. ლერი ალიმონაკი (კონკურსგარეშე) _ გრანელის ცხოვრების კვლევისთვის (2020 წ.);
  4. ნიკა ბაძაღუა _ აფხაზურად თარგმნილი გრანელის ლექსთა ციკლისთვის (2020 წ.);
  5. ზაურ გერგედავა _ ორიგინალური პოეზიისათვის (2021 წ.);
  6. ზაალ ჯალაღონია _ თვითმყოფადი პოეზიისათვის (2023 წ.).

ვნახოთ, როგორი მომავალი ექნება ჩვენს მონდომებას: შევძლებთ თუ არა ამ პრემიის გაძლიერებას და პრესტიჟულ ჯილდოდ გადაქცევას არა მხოლოდ ლიტერატურული მნიშვნელობით, არამედ ფინანსურადაც.
ესაუბრა ლაურა ციკოლია

Leave a Reply