(ერნესი)
ბრბო
მე დავიკარგე ბრბოში, როგორც პატარა ბავშვი დიდ ქალაქში,
ის ეძებს დედას, მე კი – ჩემს თავს.
ბრბო დაუნდობელია და უცნაურიც –
ხან მცემს, ხან მეფერება, ხან მშვიდია, ხან ღელავს…
ვისწავლე ლოცვა, მოთმენა, დაღლა,
ზოგჯერ ადგილიდან ვერ ვიძვრი,
ვიცინი ან ვტირი, თითქოს აქაური არ ვარ.
ზოგჯერ ტკივილებს ვმალავ, მიზანი არ არის მარტივი,
უნდა იარო წინ, ისე, რომ არავის დაადგა ფეხი,
არავის ატკინო, მაგრამ უნდა შესძლო,
მერე რაა, რომ არ იცი, სად არის საწყისი ან ბოლო –
ეს ცხოვრებაა და შენც ცხოვრობ.
ვაშლის ხე
ის ვაშლის ხე საოცარია,
მაგრამ ადამიანი ყველაფერზე ფიქრობ,
იმ ვაშლის ხეზეც, რომლის ნაყოფმაც კაცობრიობა შეცვალა.
და მერე ამ ფიქრებსაც, როგორც კომპში არასაჭირო საბუთებს,
სანაგვე ყუთში ყრი და ისევ ისე აგრძელებ ცხოვრებას,
როგორც უნდა გააგრძელო, ვერაფერს ცვლი,
ჩარჩოში იკეტები და თუ მოგეცა საშუალება,
ამ ფიქრებს ხატავ, ან წერ, ან თან ატარებ,
როგორც საკუთარ მრწამსში აღმოჩენილ განძს.
დრო კი გადის და ნელ-ნელა უახლოვდები ფიქრს დასასრულზე.
მე ჯერ საკუთარ ბავშვობას ვიხსენებ:
მძულს ბელადებისადმი თაყვანისცემა,
სკოლაში ლენინის ბიუსტი ჩამოვაგდე,
ლამის სკოლის შენობაც დაინგრა, მაგრამ ისევ ბელადომანია,
ისევ პოლიტიკური ლიდერის გაფანატება,
ისევ ომი და ჩემი ოთხმოცდაათიანელობა,
შავ-თეთრი სურათი და ეს პოეტური გულისთქმა.
ის ვაშლის ხე დაჭკნა თუ გაქრა, არავინ იცის,
სავარაუდოდ, გაქრა…
არადა იხარა, შეასრულა თავისი მისია.
რას არ წერენ, ხატავენ, ოცნებობენ, ბჭობენ,
ძერწავენ, ფილოსოფოსობენ და ა.შ.,
მაგრამ ცხოვრება მაინც ფულის, დიდი ფულის შოვნის ინტერესია,
ფულიანისთვის ამაოება ბედნიერების სივრცეა,
ფულის გამო ხდება მკვლელობები, უბედურებები, საშინელებები,
მოკლედ, მე არ მიყვარს ფული.
იმ ვაშლის ხეს მაინც უნდა ეცოცხლა, რეალურად უნდა ეცოცხლა…
მეგობრები მყავს ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან,
რომლებმაც პოეტური სისასტიკით დაამსხვრიეს ტაბუ, რუტინა, შიში.
ორმა მათგან თავი მოიკლა, პოეტები იყვნენ და იმიტომ.
ოთხმოცდაათიანები, ისევ ომი, დამარცხება, სირცხვილი…
მახსენდება ისევ ვაშლის ხის ირგვლივ მოცეკვავე ეშმაკები
და სისხლისფერ მიწაზე ფულის შოვნით ყველაფერზე წამსვლელი `ნიჭიერები”,
ელიტარული საზოგადოება და პატრიოტიზმს ამოფარებული
ბობოლა კლეპტომანების შთამომავალნი, აწ უკვე წურბელებად გადაქცეულნი.
იმ ვაშლის ხეს წყალი უნდა მოასხა საღამოობით,
ეს ამ წურბელებსაც გაუხარდებათ, მაგათ ესეც ეზარებათ.
გული არა აქვთო, – ვამბობთ ჩვენ და უდედოდ გაზრდილი ლეკვებივით წკმუტუნით ვესაუბრებით ხან საიდან, ხან საიდან…
ისინი კი სიმაღლიდან გვიცქერენ და არ ესმით, არ უნდათ გაიგონ.
ჩვენც ვწკმუტუნებთ და მეტი არაფერი…
ის ვაშლის ხე მაინც მთავარი გმირია და უნდა გავუგოთ მას.
პოეტი გავიცანი, ამათი არაფერი მინდა, არც კონკურსი, არც ტელევიზია,
რადიო, სოციალური ქსელი… ლექსი დავწერე და წაგიკითხავო,
მართლა მაგარი იყო, გულში ვბეჭდავ და მერე ღმერთს წავუკითხავო.
ასეთი მეგობარი ხომ უამრავი მყავს და
რატომ უნდა გადავაჯიშოთ ის ვაშლის ხე –
ის მშვიდია…
ისევ ნაჭუჭში ვბრუნდები,
მახარებს თუ მაშინებს ამდენი `სულელი”,
მხატვრები თვრებიან სიშიშვლით, ირყვნება თაობა პრინციპის,
მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ვდიდდებით და ამ ვაშლის ხესთან ვიზრდებით.
დაბადება
პოეზიაში რომ დავიწყე დაბადება,
მიზანი იყო უცნობი,
როცა ვწერდი ლექსებს,
სიგარეტს ვეწეოდი ძალიან ბევრს.
მერე მეგონა, რომ უბრალოდ ვერთობოდი,
ბევრს ვსვამდი და ვთვრებოდი,
ვამბობდი, რომ არ დავწერ და ფიქრები გავყინე,
ამით კი საკუთარ თავს გული ვატკინე.
ლექსებიც დავხიე, შევეშვი სიგარეტს,
შევეშვი დალევას, პოეტი მეგობრები გავიჩინე,
პოეზია მიყვარს, ვერ გადავიყვარე – მაინც ვურჩობდი.
პოეზიაში რომ დავიწყე დაბადება,
სამყარო მაშინ იყო უცნობი,
ვეღარ დავივიწყე სიზმრის დასაწყისი,
ახლა მარტო მე ვარ, ალბათ, არეული.
ცხოვრება ნისლია, ჩემი გზა – არ ვიცი,
მივყვები პოეზიას თვალახვეული,
შევწყვიტე წერა, უბრალოდ, გავჩერდი,
არ მინდა, დრომ დამამარცხოს ან წამაქციოს.
მე უკვე მოვრჩი პოეზიაში დაბადებას
და მინდა, ჩემი თავი დავამშვიდო…
***
ვწერ და ვეფერები სიტყვებს ცრემლიანებს,
ახლა უცნაურად ისევ დაქრის ქარი,
რა ვქნა, ვერ ვემსგავსე ფსევდოსევდიანებს,
ზეცას დავაწერე სულის ნაფიქრალი.
დღეებს ვეამბორე, გრძნობით ანაშენებს,
ვეღარ გავექეცი უხეშ რეალობას,
ვიღაც ყალბი გულით სივრცეს დაამშვენებს,
მე კი კვლავ უარვყოფ ლექსად ასეთ ყოფას.
მერე შეშლილივით, ვიცი, ფრთებს ვინატრებ,
ისევ ჩავიხუტებ ქუჩებს ნაწვიმარებს,
დილით მეეზოვე ფოთლებს მიამატებს
წუხელ კვლავ გადაყრილ სულის ნაფიქრალებს.
***
რატომღაც მინდა ხეტიალი და
ფიქრების გაფანტვა აგვისტოს ღამეში,
რაღაცა შეცდომა დავუშვი და ვიცი, ამას უნდა გავცე პასუხი.
მე უნდა გავცე პასუხი საკუთარ გულს და არავის სხვას,
არავის ესმის, რა არის ფრთების ხმა, ან მე სხვა ფონი დამსდევს,
ვიღაცამ ვერ გაუგო შეყვარებულს, თურმე, არაქალიშვილს,
მე ეს ხმაური დუმილს ვერ დამიშლის,
ზოგჯერ რითმია ამ ლექსის ნაკლი,
ზოგჯერ ურითმოდ გავდივარ ნაპირს.
საერთოდ, ვერ ვიტან არაპატრიოტს,
ბოროტი ანგრევს ჩემს კუთვნილ დროს,
ბრბოს არ უნდა, რომ მაპატიოს,
იცის, ვერ ვიტან ამ უხეშ სამყაროს,
იქნებ, ყველაფერს დაესვას წერტილი,
მე პოეზიით დავფერფლო აღსარება,
თუმცა, ეს ჩემი სულის ნატვრაა,
ამით არაფერი არ დამთავრდება.
კაფეში შევდივარ ამ ურცხვი თემებით,
მისხამენ ვისკის და გავდივარ ღამიდან,
გავდივარ, ვფერხდები,
ქუჩაში უამრავ პოეტსაც შევხვდები,
ო, როგორ მინდა, ვიღაცას მივენდო
და თეთრმა ფერმა ჩემს გულშიც იმეფოს…
Leave a Reply