Uncategorized

დავით  შემოქმედელი – ლექსები

. . .

ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,
სოფლის ბილიკო,
სასაფლაოსკენ რომ გარბიხარ…

. . .

დედინაცვალი არა ნყოლია,
იქნებ, ამიტომ ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე დედა.

. . .

რა დაბლა ხარ, ცაო,
ხელით გეხები,
როცა ამბობენ ჩემზე:
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი ა.

სადღეგრძელო

გაუმარჯოს, რაც ჩვენთვის
ყველაფერია,
ხოლო სხვისთვის კი –
არაფერი.

. . .

გუშინ თვალებში ჩავხედე ნაგაზა,
და როცა მიხვდა, რომ შემეშინდა,
მხოლოდ მაშინ აყეფდა იგი.

. . .

(დონ-ჟუანის შეგონება)

ქალი ის არის,
ვინც სხეულით უკეთესად ლაპარაკობს,
ვიდრე ენით.

. . .

მადლობა სიტყვებს,
ჩემზე შური რომ არ იძიეს.

. . .

“მოკლეს პოეტი!”
არც  დუელში გაუყვანიათ,
არც გილიოტინა გაუმზადებიათ,
არც სახრჩობელის ყულფი გაუნასკვავთ
მისთვის საგულდაგულოდ,
არც ჟდანოვის “ტროიკა” დამსხდარა
სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად…
უბრალოდ, მეფის გვერდით მიუჩოჩეს
საბრალოს სკამი.

. . .

ლექსი ის არის,
წაიკითხავ და
თავს არ განებებს.

. . .

მცენარეებსაც თავის ბედი აქვთ:
აკვნები კაკლის, კუბო  მუხების.

. . .

პოლიტიკოსები, ბოზები, კილერები –
აი ძვირფასი ტრიადის
ჰარმონიული ერთარსება –
წმინდა სამების
სატანური ვარიანტი.

. . .
მავნე ჩვევად მექცა სიკეთე…

. . .
ყველაზე მთავარს –
დაბადებასა და გარდაცვალებას
რომ არვინ გკითხავს,
გამოდის, რომ ბითური ხარ
ამ საწუთროში.

Leave a Reply