თარგმანი

გიორგი ხულორდავა – სპარსული კლასიკური პოეზიის ნიმუშები

საადი შირაზელი (მე-13 ს) 

მსოფლიოში სახელგანთქმული ირანელი პოეტი, სპარსული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. დაიბადა ქალაქ შირაზში. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ადრე დაობლებულ მომავალ მგოსანზე ფარსის ათაბაგმა იზრუნა და სასწავლებლად ბაღდადში გააგზავნა. საადიმ განათლება მიიღო ცნობილ მუსლიმურ სასწავლებელ „ნეზამიეში“.  იგი მომსწრე გახდა მონღოლთა შემოსევებისა, რომელმაც ირანი გააპარტახა. მწერალი უცხოეთში გადაიხვეწა და სამი ათეული წლის მანძილზე მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში. 1256 წელს უკვე ჭარმაგი საადი დაუბრუნდა მშობლიურ შირაზას და მოკლე ხანებში შექმნა სპარსული ლიტერატურის ორი შედევრი „გოლესთანი“ და „ბუსთანი“. ორივე ნაწარმოები დიდაქტიკური ჟანრის მშვენებად მიიჩნევა და მათ უზომო პოპულარობა ხვდათ წილად მსოფლიო მასშტაბით.  ამ ნაწარმოებთა გვერდით საადის კალამს ეკუთვნის მაღალმხატვრული ლირიკული ლექსების კრებული, რომელიც ასევე უზომო პოპულარობით სარგებლობს. საადის შეგონებანი და აფორიზმები სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.

რობაიები * * *

ასჯერ ვუთხარი შენს ფარეშებს, გულს რაც ენება,
არ მოისურვოს ვინმემ შენთვის სარკის ჩვენება,
ვაჰთუ, საკუთარ ელვარე ღაწვს მოჰკრა თვალი და
შენს თვალში ფასი დაეკარგოს სხვათა მშვენებას.

* * *
ამაღამ, როცა სატრფოს მოსვლა გადუწყვეტია,
მტერსაც დავჯაბნი, მოვეშვები გან-გან ხეტიალს,
დაე, სანთელი ჩაიწვას და მინავლდეს მთვარე,
ის ღამე, როცა ჩემს გვერდით ხარ, დღეზე მეტია.

* * *
ღამით თუ მოხვალ, დღე იქნება ჩემთვის მთლიანად,
დღისით თუ მოხვალ,-ნოურუზი სხივებკრიალა,
,,გუშინ'' წავიდა, ნუ იქნები ,,ხვალის'' იმედად,
,,დღეს'' აქვს ცხოვრებას რაღაც აზრი, მერე კი არა.


ფრაგმენტები „ბუსთანიდან“.

* * * 
როს ალფ-არსლანმა მიაბარა შემოქმედს სული,
მემკვიდრეს მისას ეწილხვედრა სამკვიდრო სრული.
მეფის ცხედარი აკლდამაში მონებმა დაფლეს,
წავიდა ის დრო, ზეზეულად რომ შლიდა აფრებს.
თქვა ერთმა ბრძენმა, წრფელი გულის პატრონმა დიდად,
ცხენით მომსრბოლავ არსლანის ძეს თვალი რომ ჰკიდა:
ნუ გეგონება ეს ქვეყანა სადგომი თბილი,
მამა წავიდა და უკანვე მიჰყვება შვილი. 
ასე სჩვევია ამ საწუთროს ბრუნვა მედგარი,
არის უპირო, არამყარი, დაუდეგარი. 
როცა დანისლავს მოხუცის სვეს ჟამთა ბინდება,
აკვნიდან მყისვე სხვა მნათობი ამობრწყინდება. 
ნუ მიენდობი და უწყოდე, ყრმაო, აწ უფრო,
მოხეტიალე მუტრიბსა ჰგავს ჩვენი საწუთრო.
იმ ქალის ტრფობა სირცხვილია და უღმერთობა,
ვინც ყოველ დილით ახალ-ახალ ქმართან ერთობა.
წელს შენ ხარ სოფლის თავკაცი და სიკეთე ქენი,
სოფლისთავობა არ იქნება გაისად შენი.

* * * 
ვინც გიყვარს, შენებრ წყლის და თიხის არის ნაზავი,
სიმშვიდეს გტაცებს, გეწვეთება სამსალასავით. 
გღვიძავს და მისი ხალი გხიბლავს-ღაწვის მშვენება,
გძინავს და მაინც შენს ხსოვნაში ჩაესვენება. 
თავი მის ფერხთით დაგიხრია, დგახარ ეული,
ჭვრეტ და სამყარო გავიწყდება არაფრეული.
თუ სატრფოს შენი ოქრო თვალში დაუჯდა მრუდად,
ერთი ფასი აქვს ოქროსა და ტალახის გუნდას.
სხვა არ გიზიდავს, სხვაზე ოხვრა არსაით ისმის,
რადგან მის გვერდით აღარ რჩება ადგილი სხვისთვის. 
შენს თვალში ბუდობს, ესართება ნაღველს კირთება,
თვალს თუ დახუჭავ, მყისვე გულში ჩაგეზვირთება. 
არვის ანაღვლებს რა გწყენია, რა სევდა გეძმო,
აღარც ძალა გაქვს გასალკლდევდე, მოთმენა შეძლო. 
სული მოგთხოვა? -დაუფინე ბაგეზე კრძალვით,
თუკი მახვილი მოგიღერა, დახარე თავი.

* * * 
მახსოვს, ერთ ღამეს ვერ მოვხუჭე ვერაფრით თვალი,
მომესმა, სანთელს შესჩიოდა ფარვანა კრძალვით:
-მე მიჯნური ვარ, და თუ ვკვნესი, ჩემი წესია,
შენ რა გატირებს, მწარედ რატომ დაგიკვნესია?
მიუგო: ჩემთვის დათუთქულო, ვდნები და ვიწვი,
თაფლივით ტკბილი გულის ერთა დამშორდა სიმწრით. 
გაქრა შირინი, გაბასრულა გული ავგულად,
და როგორც ფარჰადს, ბედმა ტრფობის ცეცხლი მარგუნა. 
თან ასე ბჭობდა, ეს სახმილი მარად მენთება,
თან ყვითელ ღაწვზე მოწვეთავდა ცრემლი ღვენთებად. 
შენ კი სიყვარულს რას ენუკვი, რა ხელყრი ტრფობას,
თუ არც მოთმენა შეგიძლია, არც მყარად დგომა.
შენ ერთ ნაპერწკალს გაურბიხარ, თუკი იალა,
მე ვდგავარ, რათა დავიბუგო ცეცხლში მთლიანად. 
თუ ტრფობის ცეცხლმა ფრთა დაგიწვა, ჩემკენ რხეული,
მე შემომხედე, როგორ ვიწვი მთელი სხეულით. 
ღამის პირველი სახმილავი არც კი გასულა,
სანთელი უცებ რომ ჩააქრო ზეცის ასულმა. 
ლაპარაკობდა და ხრჩოლავდა გაბმით მკვნესარი,
უწყოდე, ყრმაო, სიყვარულის ბოლო ეს არი. 
თუ აჰყოლიხარ სიყვარულის სწავლის ხვაშიადს,
თავს ნუ დაიხსნი ცეცხლისაგან, შვება წვაშია. 
ნუღარ დასტირი სატრფოს საფლავს, დარდს ნუ იკარებ,
გალაღდი, ღმერთმა შეიწყალა მოსხივცისკარე. 
ტრფობა სამიზნედ ვინც დასახა განუსხვისარი,
მას ვერც ქვის ცვენა შეაშინებს, ვეღარც-ისარი.
ნუ შეხვალ ზღვაში, ფრთხილად, თორემ ღელვით გვარისხებს
და თუ შედიხარ, შენი თავი ანდე ქარიშხლებს. 

* * * 
ერთხელ, ყრმობის ჟამს, როცა წლებთან არ ვიყავ უბრად,
არიფთა წრეში სანადიმოდ ვუსხედით სუფრას. 
ხმით-ბულბულები, პირისახით-ვარდის კოკრები,
ქუჩას მოედო ჟრიამული დაუოკები.
გვერდით ბერიკაცს ვკიდეთ თვალი თეთრად დაპენტილს,
ჟამთასვლას მისთვის დღედ ექცია თმის კუნაპეტი.
პირი თხილივით შეეკუმა, დროისგან ნაგვემს,
ჩვენ კი ფსტასავით გადაგვშლოდა მღიმარი ბაგე.
ერთი ჩვენგანი მივიდა და ჰკითხა ღიმილით:
აქ რას უზიხარ, მოკართული ზღვა სიმძიმილით?
სევდას საყელო დაუფლითე, ადრეა ჯერაც,
ჭაბუკთა შორის იშვებდეო, ვითარცა ჯერ არს.
თავი ასწია ბერიკაცმა და სხვების წინვე,
დახეთ, რა ბრძნულად უპასუხა ნებიერ ნინველს:
როცა ზეფირი წამოქოჩრავს მწვანე მტილოვანს,
მაშინ შეჰფერის ხეთა მორჩებს მოხდენილობა. 
ჯეჯილი ხარობს, სანამ მწვანე ზარ-ზეიმს მართავს,
სთველზე, სიყვითლეშეპარული ჩამოყრის თავთავს. 
გაზაფხულობით, როცა სურნელს მოაფრქვევს ძეწნა,
დიდრონი ხენი გამხმარ ფოთოლს აფენენ ზეწრად. 
აღარ შემფერის ყრმათა შორის ხტომა და ბუქნა,
რადგან სიბერის დილამ ლოყებს თავისი უქნა. 
სულის მიმინო ტყვეობაში ისე მომკივის, 
სურს წამისწამად დაამსხვრიოს ყველა ბორკილი. 
თქვენი ჯერია ამ ნადიმზე ზმისა და დავლის,
ჩემს აქ ყოფნას კი, რა ხანია, გასვლია ყავლი.
სიბერის მტვერი დამაფერთხეს რახან უკლებლივ,
არა ხამს აწი ყრმასავით თუ გავცუნდრუკდები.
ჩამოიპენტა ყორნის ფრთებზე თოვლი მარადი,
აღარ შემფერის ბულბულივით ბაღში ნავარდი.
წაიკეკლუცებს ფარშევანგი ცხადზე ცხადია,
ფრთამოსხეპილი ქორისგან კი რაღა გწადიათ. 
არ ემეტება ამ ხოდაბუნს ჩემთვის თაველი,
აწი თქვენია საყანური  და ეს მთა-ველი. 
ჩემს საბაღნაროს ფერი მისდის, ჭირხლი ერევა,
დამჭკნარმა ვარდმა როგორ შეძლოს ყელის ღერება?
ჯოხს დავეყრდნობი, სანამ წლებმა სულ უფრო მძლიეს,
ვინც ამ ცხოვრებას დაეყრდნობა, შეცდება ძლიერ. 
უთუოდ ფეხზე წამოხტება ჭაბუკი ყველა,
თუკი ბერიკაცს რაიმეში დასჭირდა შველა. 
სახის ყირმიზ ვარდს ზაფრანისფრად ხურავს მანტია,
ჩამავალი მზეც მიმწუხრისკენ ყვითლად ანთია.
ის, რაც უბრალო სიგიჟმაჟედ ეთვლება ყმაწვილს. 
დასაძრახია მოხუცისთვის ორწილ თუ ასწილ.
ცოდვათა გამო, სანამ ჟამი წარსულს გაღობავს,
მმართებს ბავშვივით ტირილი და არა-ლაღობა.
დიდმა ლოყმანმა ასე განბჭო, ბრძნულად და სწორად:
ცოდვილ სიცოცხლეს გერჩიოსო საფლავში წოლა. 
სჯობს დილიდანვე კარი დახშო, უხმო გონებას,
ვიდრე ხელიდან წაგივიდეს მთელი ქონება. 
სანამდე ჭაბუკს ალიონი ჩაენამქრება,
მოხუცის გვამი სამარეში ნელა გაქრება. 

* * * 
ხანმოთეული ბერიკაცი ეახლა მკურნალს 
და სიკვდილისგან ზარგანხდილმა ბედს უწყო კრულვა. 
ექიმს შესთხოვა, მინახეო საჩქაროდ მაჯა, 
- არ მერჩის მუხლიც, - მოუმატა ხვეწნას და აჯას-. 
ისეთ ძილში ვარ მთელი არსით გამოხვეული, 
თითქოს, თიხაში ჩაფლულიყოს ჩემი სხეული. 
ექიმმა უთხრა: ხელი ჰკარი წლების ფიალას,
განკითხვის დღეს კი მოგშორდება თიხა მთლიანად. 
ბერთან ნუ ეძებ ყრმობის ნიშატს, ოცნების ბაღნარს, 
ჩავლილი წყალი როდის იყო დიოდა აღმა. 
ჭაბუკობისას თუ ლაღობდი მთელი არსებით, 
ხამს სიბერის ჟამს დაგულდინჯდე, დაცხრე სავსებით. 
ორმოცი წელი გაგისხლტა და ირჯები კიდევ,
ნუღარ დაშვრები, წინ ორი დღის სავალი გიდევს. 
უნდა გაფერთხო გონებიდან ვნების მისხალი, 
რადგან განქარდა გზნების დრო და მიწყდა ისხარი. 
ეს მწვანე მოლი გულის ვარამს საიდან გასხლავს,
თუკი ხვალ და ზეგ ჩემს საფლავზე აპირებს ხასხასს. 
სეირნობისას ავყოლილვართ წადილს თავნებას, 
სხვათა საფლავი გაგვითელავს დაუნანებლად. 
სხვებიც ასევე აჰყვებიან ქარსა და ნიავს,
ჩვენს სამაროვანს გათელავენ ადრე თუ გვიან. 
ვაგლახ! განქარდა ზეზეულად ყრმობის ფურცელი, 
არც ლხენის ჟამი დაგვრჩენია ფერშეუცვლელი. 
ვაგლახ! რა მოკლე დღე ჰქონია ჭაბუკურ განცდას, 
ჩაუკუნეთდა მთიებივით, კაბადონს გასცდა. 
სმასა და ჭამას გადავყევით, ბრჭყვიალა სამოსს, 
არ გვიდარდია ღვთის მცნებათა დარღვევის გამო.
უარაფრობას შევეთვისეთ, ვაგლახ, ამაოდ, 
ვერც რა სიმართლე გვიცვნია და ვწარამარაობთ. 
ერთმა მოძღვარმა შეგირდს უთხრა დინჯად, ნელიად : 
უქმად ვისხედით, დრო კი უცებ გამოგველია. 


სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ხულორდავამ