პოეზია

გიორგი შონია – ლექსები


ჩემი გზა

სიდს
ჩემს გოგოს დიდი ძუძუები და კეთილი გული აქვს,
მას არ უყვარს ორალური სექსი და თანამედროვე ქართული ლიტერატურა,
მას არც ჩემი ლექსები მოსწონს,
მაგრამ მოსწონს ჩემი კოცნა.
უნდა ვაღიარო, რომ კოცნა ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე წერა
და ის ამბობს, რომ როცა ისე წერას ვისწავლი,
როგორც ვკოცნი,
ანუ ვისწავლი გამოვხატო ბოლომდე საკუთარი თავი
ისე, რომ ამით სხვებს მივანიჭო სიამოვნება,
ნობელს მომცემენ. 
მე მჯერა მისი
და მისი დიდი ძუძუების,
რომლებიც ღმერთის არსებობაზე მაფიქრებენ
და ეს მშვენიერია.
მისი კოცნისას სულიწმინდა გადმოდის ჩემში
და პოლიეთილენის ნაზი ფრთებით იგერიებს ყოველდღიურ ნერვიულ შეტევებს
და ჩემი ნევროზიც უკვალოდ ქრება
და მე ვხვდები კეთილი
და ტელევიზორის ეკრანიდან კოცნას ვუგზავნი ზედმეტად გაუნათლებელ პარლამენტარებს
და ასავალ-დასავალის ნეო-ფაშისტ ჟურნალისტებს
და ჩემი ბიზნესის ფაკულტეტის კურსელებს,
რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის მცემენ
ჩემი კონტექსტებიდან ამოვარდნილი ფრაზების გამო.
მაგრამ მე ძლიერი ვარ,
მიუხედავავად იმისა, რომ 63 კილოს ვიწონი,
თვალები ჩაცვენილი 
და მკერდი ჩავარდნილი მაქვს.
მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანს გული გადავუშალო,
(მე ვიცი, რომ ისინი სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან.
მათ არ აძლევენ შეყვარებულები და საზოგადოებაში თავს ვერ იმკვიდრებენ.
მათ უმრავლესობას არც ორიენტირი აქვს
და არც რამე ცხოვრებისეული რაციონი),
მათ, ვისაც არაფერი სმენიათ ბუნებრივი გადარჩევის,
ტრისტან ცარასა 
და ტონი კეის შესახებ
და ვუთხრა, რომ ყველა ეს ჩემი გამოხტომა,
რომლებიც მათ სიმშვიდეს ურღვევს,
ჩემივე უსუსურობისა და შერყეული თვითრწმენის ბრალია
და მათ სრულებით არაფერს ვერჩი
და რომ გულის სიღრმეში ისეთივე მშვიდი და უკონფლიქტო ვარ,
როგორც საქართველოს პრეზიდენტი
და არც ეპატაჟები მიტაცებს.
უბრალოდ, მინდა, რომ ხანდახან მაინც უფრო მეტი ვიყო,
ვიდრე გიორგი შონია.
ეს ყველაფერი კარგად იცის ჩემმა გოგომ,
რომელსაც დიდი ძუძუები და კეთილი გული აქვს,
მან ისიც იცის, რატომ მიცემს გული გამალებით,
როცა ფანჯრიდან ვუყურებთ მორიგ გათენებას,
დღეს, რომელიც ახალს არაფერს გვპირდება,
გარდა ჭიქა ყავისა და ერთმანეთისა
და ჩვენც ერთმანეთით სავსენი
ფანჯრიდან ვუყურებთ, როგორ მიიზლაზნებიან ყვითელი ავტობუსები
სააკაძის მოედანზე,
როგორ გამოდიან ადამიანები კორპუსებიდან
და როგორ მიათრევენ უძინარ სხეულებს,
რათა კიდევ ერთხელ გაამაგრონ ყოველდღიურობის რუტინული კედლები,
რომლებიც ჯიუტად არ აპირებს ჩამონგრევას,
ჩვენ ვართ ორი ცოცხალი მოწმე იმისა,
თუ როგორ იღვიძებს მკვდრების ქალაქი.


ფენიქსის ეფექტი
„არამზადებს უნდა ელაპარაკო პირდაპირ, ენისმოჩლექვის გარეშე.“
ალექსანდრ ბრენერი

/ლუკა ეხვაიას/

ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ჩვენ მოგვბეზრდა მათთან ცხოვრება.
ფართოდ გავახილეთ თვალები
და დავინახეთ მათი სახეები,
ხარხარებდნენ
და მათი ამაზრზენი ხარხარი მოედო ჩვენს
ლეთარგიულ ძილში გახვეულ სხეულებს
და გამოგვაფხიზლა.
გამოფხიზლება იყო სასიამოვნო
და ოდნავ მტკივნეული.
როგორც პირველი სექსი
და ჩვენ მივხვდით,
რომ ისინი უნდა მომკვდარიყვნენ,
რომ ისინი უნდა მოგვეკლა
და ლექსების წერა დავიწყეთ.
II
ეს არ ჰგავდა არაფერს,
უფრო სწორედ, აქამდე განცდილ განცდათაგან არც ერთს.
მე საკუთარი სხეული გადამცდა
და ახლა ვცდილობ, ლექსებად ამოვახველო.
„საშველი არ არის, არ არის,
არ არის!“
არც უნდა იყოს
და არც იქნება, _
ვამბობ მე,
კალამს ვდებ
და ირონიული მზერით ავყურებ ზეცას.
„მკრეხელობაა“, _ ამბობს დედაჩემი,
„სისულელეა“, _ ამბობს მამა,
მე ვამბობ _
_ კმარა!
მე მიყვარს ადამიანები,
რომლებიც დაიკარგნენ;
ადამიანები, რომლებიც ყეფენ;
ადამიანები, რომლებიც ყმუიან
და მათ შიშჩამდგარ თვალებში გარდაუვალი
გამარჯვება იწინასწარმეტყველება.
მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც ელოდებიან;
ადამიანები, რომლებიც ელოდებიან
ღიმილების დაბრუნებას თბილი ქვეყნებიდან,
რადგან ლოდინი ერთადერთი რაციონალური
გადაწყვეტილებაა,
როცა არ გაქვს გზა,
უფრო სწორად, იმდენი გზა გაქვს,
რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი ხდება.
მე მიყვარს ადამიანები,
რომლებიც ამბობენ მოკლედ და კონკრეტულად, _
ეი, `თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, 
თქვენი დედა მოვტყან!~.
ჩვენ ვიგინებით, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ლექსებს ვწერთ,
არაფერი პირადული,
ჩვენ, უბრალოდ, თავს ვიცავთ.



დაკარგულები
სად წახვალ შენ,
როცა გზები არსად მიდის,
ალბათ, იქ, სადაც
იხვები მიფრინავენ ტბების გაყინვის შემდეგ.
სად შეიძლება მიდიოდეს
გზა იმისა,
ვინც დაკარგა გზა,
ვინც გზამ დაკარგა,
ვინც თავად იქცა გზად,
ვინც იქცა დიდ გამოცანად
საკუთარი თავისთვის,
ვინც მიხვდა, რომ ამერიკული ოცნება
მარტივია,
როგორც ერთუცნობიანი განტოლება,
და X _ ყველაფერი იმის კეთებაა,
რაც სიამოვნებას განიჭებს
და მოსაბეზრებელ ყოველდღიურობაზე მაღლა
გაყენებს,
რადგან ხანდახან მაინც
ვიგრძნოთ,
რომ ადამიანად ყოფნა ბედნიერებაა.
ჩვენ, ერთმანეთში დაკარგულები,
და ჩვენ, სამყაროში დაკარგულები
და ჩვენ, მანჰეტენზე დაკარგულები,
ჩვენ, ვინც ვეძებთ სიმშვიდის ნაპირებს,
სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ჩვენ, ვინც აუხდენელ ოცნებებზე ვწუხვართ,
რადგან ვგრძნობთ, რომ ყოველთვის რაღაც გვაკლია,
რადგან შეგუება რთულია,
რადგან შეგუება შეუძლებელია.
სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ.



აუცილებელი წინაპირობა
ქალაქის აურა მებრძვის,
ქალაქის აურა მკლავს,
ქალაქის აურა _ ნეხვი
და ჩემი ბურჟუაზიული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი ხმა,
რომელიც იბრძვის ჩემი სხეულიდან
და რომელიც ისმის ჩემი სხეულიდან,
უნდა მოედოს ქალაქს,
რომელიც ლეთარგიულ ძილშია გახვეული.
ჩვენ ვიზრდებით საკუთარ სხეულებში,
რადგან არ მოგვცეს საშვი ცხოვრებისკენ,
რადგან არ მოგვცემენ საშვს ცხოვრებისაკენ,
რადგან ბრბო და საზოგადოება ლატენტურად სინონიმური მნიშვნელობის სიტყვები გვგონია,
რადგან არ გვაქვს გეგმები მომავლისთვის,
რადგან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიწვით.
რადგან გავახილეთ თვალები დახუჭვის პერსპექტივის გარეშე,
რადგან ღმერთი გასულია მომსახურების ზონიდან,
რადგან მამებმა ღორებივით შესანსლეს ყველაფერი
და საკუთარი თავის ამარა დაგვტოვეს
და დაგვიტოვეს უენო ზარი და ბლანტი სიჩუმე,
რომელიც იღვრება გასავათებული დედების თვალებიდან,
რომლებიც ეძებენ ხსნას
ქალაქში,
რომელიც ლეთარგიულ ძილშია გახვეული..